ბს-1227-1213(კ-11) 01 თებერვალი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი – ქ. ლ-ე, წარმომადგენელი – მ. კ-ა;
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, წარმომადგენელი თ. ც-ე;
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინება;
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემი დავალება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ქ. ლ-მ მოპასუხე _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ¹05/01-14/1017 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დავალებოდა 1 თვის ვადაში გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მოსარჩელის დევნილის სტატუსის მაძიებელ პირად რეგისტრაციისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 31 იანვარს გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის თანახმად, ქ. ლ-ის მისამართის გრაფაში მითითებულია თბილისი, მისამართის გარეშე. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახურის მიერ 2008 წლის 30 აპრილს გაცემული ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ ქ. ლ-ე 2008 წლის 30 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ჯ. დ-თან, საქართველოს ისტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 20 აპრილის ¹06/102674 წერილი ცხადყოფს, რომ ვინაიდან ჯ. დ-ი სასჯელს იხდიდა გლდანის რაიონში მდებარე ¹8 საპყრობილეში, ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა სრს გლდანის სამსახურში.
სასაზაღვრო პოლიციის ¹10 სამმართველოს (ზემო აფხაზეთი) უფროსის მიერ 2009 წლის 16 დეკემბერს გაცემული ¹38/2/11-69 ცნობის თანახმად, ქ. ლ-ე 2007 წლიდან დღემდე მსახურობს სასაზაღვრო პოლიციის ¹10 სამმართველოში ,,ზემო აფხაზეთი” სპეციალისტად (საწყობის მენეჯერი), საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ასევე დასტურდება, რომ ქ. ლ-ე არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 29 დეკემბრის ¹01/12-09-25168 წერილის თანახმად, ქ. ლ-ე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ... ¹56, ჯ. დ-ის ოჯახი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, ქ. ლ-ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სარწმუნო დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდება 2008 წელს, ზემო აფხაზეთის სოფელ ...ში მისი მუდმივი ცხოვრების ფაქტი. ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი და მეორე მუხლების, ,,სტატუსის მინიჭების შესახებ” ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, სამმართველომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ქ. ლ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 04 მარტის ¹05/01-14/1017 გადაწყვეტილებით ქ. ლ-ს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით, რომ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, არ დასტურდება აფხაზეთში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად არ არსებობდა იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ლ-ე 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყებამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფელ ...ში. 2008 წლის 31 იანვარს გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის თანახმად, ქ. ლ-ის მისამართის გრაფაში მითითებულია თბილისი, მისამართის გარეშე, დაბადების ადგილი ზესტაფონი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 29 დეკემბრის ¹01/12-09-25168 წერილის თანახმად, ქ. ლ-ე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ... ¹56, ჯ. დ-ის ოჯახში.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ ჯ. დ-ის დევნილის მოწმობაზე, რომლის თანახმად მის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ....
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ 2005 წლიდან 2008 წლამდე იგი მუდმივად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთში უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ ქ. ლ-ე 2005 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯ. დ-თან, რომელიც დევნილია და მის დროებით საცხოვრებელ ადგილს 2008 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა .... სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით ქ. ლ-ე იგივე მისამართზეა რეგისტრირებული მისი მეუღლის ოჯახში, ხოლო მოქალაქის პირადობის მოწმობით ასევე დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქალაქი თბილისი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. ლ-ე 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყების დროისათვის არ წარმოადგენდა ზემო აფხაზეთის სოფელ ...ს მუდმივ მაცხოვრებელს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონით და განმარტა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თბილისი საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ლ-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინებით ქ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა შემდეგი: ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტომდე ის იყო ზემო აფხაზეთში სოფელ ...ში მუდმივი მაცხოვრებელი, რომ მან უშუალოდ ამ ომის შედეგად დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ლტოლვილის სტატუსის მინიჭების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონოდა ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ქ. ლ-ე მუდმივად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფელ ...ში.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ლ-მ.
კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი. კასატორის მითითებით თუკი სააპელაციო სასამართლო დაასკვნიდა, რომ თითქოს იგი არ იყო სოფ. ...ს მუდმივი მაცხოვრებელი, იქვე ისიც უნდა დაესაბუთებინა და მიეთითებინა, თუ რა ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს ემყარებოდა ამგვარი დასკვნა.
კასატორის მითითებით საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასების გამო გადაწყდა, რომ მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა სოფ. .... სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობების ნამდვილობა იმასთან მიმართებით, რომ იგი არის დევნილი ზემო აფხაზეთიდან.
კასატორი განმარტავს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 2.3 მუხლით რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. დ-ი 2007 წლიდან იმყოფებოდა პატიმრობაში, პირადობის მოწმობას გაუვიდა ვადა, მეუღლესთან ქორწინება არ ჰქონდა რეგისტრირებული და არ გააჩნდა დევნილის სტატუსი, იგი იძულებული გახდა, კოდორიდან თბილისში ერთ-ერთი მორიგი სამსახურებრივი მივლინებისას, თბილისში აეღო მოქალაქის პირადობის მოწმობა მისამართის მითითების გარეშე. საკუთრივ ის ფაქტი, რომ ქ. ლ-ე ქ. ზესტაფონშია დაბადებული და რეგისტრირებული, თბილისში ჯერ დარეგისტრირდა მისამართის გარეშე, შემდეგ კი ...ის ქუჩა ¹12-ით ჯ.ი დ-ის ოჯახში ქორწინების რეგისტრაციის საფუძველზე, ზემო აფხაზეთის სასაზღვრო პილიციაში მუშაობის ფაქტი და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ქ. ლ-ის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით გაცემული ცნობები ერთობლიობაში იმაზე მიუთითებს, რომ 2005 წლიდან ქ. ლ-ე ნამდვილად ცხოვრობდა სოფ. ...ში.
კასატორი განმარტავს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 7.1. მუხლის მიხედვით, მისი რეგისტრაცია ჯ. დ-ის მისამართით უნდა განახორციელოს სრს აფხაზეთის სამსახურმა, რომელმაც ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 9.02.2011 ¹74/1/გ გადაწყვეტილებით უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ არ გააჩნია დევნილის სტატუსი და ამჟამად არ ცხოვრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე. კასატორის მითითებით ზემოაღნიშნულმა ორგანომ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა მის მიერ წარდგენლი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 27.05.2010 ¹310 ცნობა, რომლის მიხედვითაც ქ. ლ-ე 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ...ში. ამავე დროს რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის 3.06.2010 ¹8 ბრძანებით დამტკიცებული ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე ცნობის მომზადებისა და გაცემის ერთიანი ინსტრუქციის” 1.2 ,,ბ” მუხლის შესაბამისად, ცნობა არის აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დევნილის მუდმივ და დროებით საცხოვრებელ ადგილს, მუდმივ საცხოვრებელ (აფხაზეთის ტერიტორია) ადგილზე ცხოვრების წლებს, ოჯახის შემადგენლობას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებულ სხვა გარემოებებს.
კასატორი მიუთითებს, რომ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 2.13 მუხლის შესაბამისად დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების, დევნილთა რეგისტრაციის პროცედურა განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ამავე კანონის 2.5 და 2.7 მუხლის დანაწესებით, დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის თაობაზე კასატორის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს უნდა მიეღო გადაწყვეტილება დევნილის სტატუსის მაძიებლად ქ. ლ-ის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო ერთი თვის ვადაში მისი დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა სამინისტრომ განცხადებაზე რეაგირება მოახდინა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. აღნიშნულით კი მან კასატორს შეუზღუდა ზემოაღნიშნული კანონის 3.3. მუხლით გარანტირებული უფლებების რეალიზება, კერძოდ: ესარგებლა უფასო კომუნალური მომსახურეობით და მიეღო სხვადასხვა სახის დახმარებები. კასატორი მიუთითებს, რომ ამავე კანონის იმპერატიულ ნორმათა დარღვევამ განაპირობა კანონის 2.8 და 2.13 მუხლების დებულებათა შესასრულებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 1.11.2007წ. 3124 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსისი მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის” მე-2 მუხლის 10-11-ე, 14-ე, 16-19-ე, 21-ე ,,ა”, 24-25-ე, 28-29-ე პუნქტებით რეგლამენტირებული მოთხოვნების უგულებელყოფაც.
კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 18.04.2008 ¹1398 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის 5.4 მუხლის ,,ე” ქვეპუნტის შესაბამისად, მისი საკითხის გადაწყვეტისას ჯეროვნად უნდა განხილულიყო და შეფასებულიყო აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობები, რომლებსაც გასაჩივრებული განჩინება არანაირ სამართლებრივ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუმცა ამ ნორმის მიხედვით, თუ იძულებით გადაადგილებულ პირს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი, იგი წარადგენს აფხაზეთის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის დასკვნას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე. კასატორის მითითებით აღნიშნული ცნობები შეესაბამება 3.06.2010 წ. ¹8 ბრძანებით დამტკიცებულ ნორმატიულ აქტს და სამართლებრივად მოაზრებული უნდა იქნას დასკვნად მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი 18.04.2008წ. ¹1398 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 8.8 მუხლით, უფლებამოსილი იყო რეგისტრაცია გაევლო მისამართის მითითების გარეშე თბილისში. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ გაუთვალისწინებიათ, რომ კასატორს ¹1398 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 9.1. მუხლის დარღვევით ეთქვა უარი რეგისტრაციაში გატარებაზე.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ 2005 წლიდან ჯ. დ-თან ერთად ზემო აფხაზეთში ცხოვრების ფაქტის უარმყოფელი იყო ის გარემოება, რომ 2008 წლის 18 იანვრის მდგომარეობით ჯ. დ-ის დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა თბილისი, ...ის ქ. ¹12. კასატორი მიუთითებს, რომ მის მეუღლეს, თანახმად ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლისა, დევნილის სტატუსი ვერ მიენიჭებოდა, თუ ამ კანონით განსაზღვრული მიზეზების გამო იძულებით არ ექნებოდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი ადგილი და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არ იქნებოდა გადაადგილებული. ამავე კანონის 5.3. მუხლით კი, სახელმწიფომ უზრუნველყო რა ჯ.ი დ-ი დროებითი საცხოვრებელი ფართობით და განასახლა იგი დევნილთა დროებითი განსახლებისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის ფარგლებში, მას არ ჩამორთმევია თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას – კოდორის ხეობაში, შემდეგში ზემო აფხაზეთში ცხოვრების უფლება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორმა საკასაციო საჩივრითY მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოითხოვა სარჩელის სრული მოცულობით დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ლ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და იმის გათვალიწინებით, რომ კასატორი სადაოდ ხდიდა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საკასაციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გადამოწმება, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არასრულყოფილადაა გამოკვლეული და შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო არასაკმარისად მიიჩნევს ქ. ლ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას მხოლოდ იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომ პირადობის მოწმობაში საცხოვრებელ ადგილად მისი მხრიდან მითითებულია ქ. თბილისი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა და დადასტურება უნდა მოხდეს საქმეში დაცული ყველა მტკიცებულების შეფასებისა და ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე. ამასთან არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს იმ საკანონმდებლო დანაწეს, რომელიც არეგულირებს სადაო საკითხს.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნულის გათვალისწინებით ცალსახაა, რომ სადაო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება უნდა მოხდეს მოცემული კანონის საფუძველზე და ამ კანონის ფარგლებში.
მითითებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ამომწურავად მიუთითებს იმ აუცილებელი კრიტერიუმების შესახებ, რომელთა არსებობა სავალდებულოა პირისათვის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და ადასტურებს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები ,,საცხოვრებელი ადგილი”, ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” და ,,რეგისტრაციის ადგილი”.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს. ამავე დროს პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
საკასაციო სასამართლოს თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს ,,რეგისტრაციის ადგილი” და ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახდის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალიწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი დავის შეთხვევაში აუცილებელია დადგინდეს სად იყო ქ. ლ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რისი განსაზღვრაც ვერ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ პირადობის მოწმობაში მითითებული მონაცემებით. სასამართლო არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ ქ. ლ-ის პირადობის მოწმობაში, მისამართის გრაფაში მითითებულია თბილისი, მისამართის გარეშე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 29 დეკემბრის ¹01/12-09-25168 წერილში ქ. ლ-ის რეგისტრაციის ადგილად მითითებულია მისამართი ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ... ოთახი ¹56, ჯ. დ-ის ოჯახი.
სწორედ იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, რომელიც სულაც არ წარმოადგენდეს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. ლ-ის საცხოვრებელ ადგილად თბილისში რეგისტრაცია ცალსახად არ მიუთითებს, რომ სწორედ თბილისი იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ¹8 ბრძანებას ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე ცნობის მომზადებისა და გაცემის ერთიანი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ინსტრუქცია აწესრიგებს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდეგში წარმომადგენლობა) მიერ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე – დევნილებზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობების მომზადებისა და გაცემის წესსა და პირობებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,ცნობა არის წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მუდმივ და დროებით საცხოვრებელ ადგილს, მუდმივ საცხოვრებელ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია) ადგილზე ცხოვრების წლებს, ოჯახის შემადგენლობას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში მოიპოვება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ 2011 წლის 18 მარტს გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ქ. ლ-ე ნამდვილად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფელ ...ში 2005 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2010 წლის 18 მარტს და 27 მაისს გაცემული ცნობები, რომელთა შესაბამისად ქ. ლ-ე არის დევნილი ზემო აფხაზეთიდან და იგი 2008 წლის აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში. აღნიშნულის გათვალიწინებით ცხადია, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის სააპელაციო სასამართლომ ქ. ლ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისას უნდა იხელმძღვანელოს არა მხოლოდ პირადობის მოწმობის მონაცემებით არამედ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავს ან დაადასტურებს ქ. ლ-ის ცხოვრებას სოფელ ...ში 2005 წლიდან 2008 წლამდე. ასეთი კონკრეტული გარემოებები იქნება ყველა ის მტკიცებულება რაც მიანიშნებს ან უარყოფს ქ. ლ-ის მიერ სოფელ ...ში ისეთი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას, რაც მიუთითებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის ყველა საჭირო გარემოებაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნულის მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი ასევე მოიცავს ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოელმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოებების არსებობა. ამასთან ადმინისტრაციულ პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მტკიცების ტვირთი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს. თუმცა მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს იმდაგვარად, თითქოს პროცესუალური მოწინააღმდეგე, ამ შემთხვევაში მოსარჩელე, თავისუფალი იყოს სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცნობებში მითითებულია, რომ იგი 2005 წლიდან 2008 წლამდე ნამდვილად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფელ ...ში, ხოლო მოპასუხეს კი აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.