საქმე ¹ბს-738-732(კ-11) 29 თებერვალი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელზე) – შპს ,,მ...”, წარმომადგენელი მ. პ-ი (21.06.10წ., ¹100522440 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი ს. ა-ე (25.06.10წ., ¹21/270, 24.10.11წ., ¹04/23948 მინდობილობა)
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.11წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (შემდგომში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ) 10.07.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს ,,...”-ის (შემდგომში შპს ,,მ...”) მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 31.07.97 წ. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს ,,...”-ს შორის ქ. თბილისში ... დასახლება მე-4ა მ/რ კორპ. ¹5-ში პირველ სართულზე განთავსებული 191 კვ.მ. ფართსა და სარდაფ სართულის 180 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. მოიჯარეს ქონების გამოსასყიდი თანხის 10937.4 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში 51% უნდა დაეფარა 31.07.98 წლამდე, ხოლო დარჩენილი ნაწილი უნდა გადაეხადა ყოველწლიურად იჯარით აღებული ქონების დარჩენილი ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობით. ამასთან, იჯარის ყოველწლიური ქირის ოდენობა შეადგენდა გამოსასყიდი თანხის 10%-ს _ 1093.74 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. საიჯარო ქირა მოიჯარეს უნდა გადაეხადა წელიწადში ორჯერ თანაბარწილად. 19.09.03წ. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსადმი წარდგენილი სარჩელით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებას, ასევე მოპასუხისათვის საიჯარო დავალიანების სახით 4358.5 აშშ დოლარის დაკისრებასა და შპს “...” მფლობელობიდან დაკავებული ფართის გამოთხოვას მოითხოვდა. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.01.04 წ. განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების მიხედვით მოპასუხეს საიჯარო დავალიანება უნდა დაეფარა ეტაპობრივად სამ თვეში, ხოლო გამოსასყიდი თანხა უნდა შეეტანა 2007 წლამდე ხელშეკრულებით დადგენილი წესის მიხედვით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა არც მორიგების პირობები და არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს ,,...” 1997 წლის 31 ივლისიდან 2009 წლის აპრილის ჩათვლით ერიცხებოდა საიჯარო ქირის დავალიანება 9443.5 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დავალიანების 9443.5 აშშ დოლარის დაკისრება და სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.09.09წ. განჩინებით შპს ,,...” 27.01.04 წლამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანების – 4358.5 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში, ვინაიდან სადავო საგნის ამ ნაწილზე არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება ამავე მხარეთა მორიგების დამტკიცების თაობაზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული მოპასუხისათვის საიჯარო ქირის 5085 აშშ დოლარისა და 2009 წლის აპრილის შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 91.14 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.10.09წ. განჩინებით დადგინდა, რომ შპს ,,...” ნაცვლად საქმის წარმოება უნდა გაგრძელებულიყო შპს ,,მ...” მიმართ, ვინაიდან მცხეთის რაიონული სასამართლოს 25.01.05წ. განჩინებით სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილების თანახმად შპს ,,...” ეწოდა შპს “მ...”. სასამართლოში დავის მიმდინარეობისას მოპასუხე _ შპს ,,მ...” ნაწილობრივ დაფარა საიჯარო ქირის დავალიანება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 21.09.10 წ. სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ 31.07.1997წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2009 წლის 1 აპრილამდე არსებული საიჯარო ქირის დავალიანების - 3473.37 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, აგრეთვე 2009 წლის აპრილის შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 67.75 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება და თბილისში, ... დასახლება მე-4ა მ/რ კორპ. ¹5-ში პირველ სართულზე განთავსებული 191 კვ.მ. ფართისა და სარდაფ სართულზე 180 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის შპს ,,მ...” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.
შპს ,,მ...” 28.10.09წ. აღძრა შეგებებული სარჩელი მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, რომლითაც ქონების გამოსყიდულად ცნობა, მოპასუხისათვის საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება და 31.07.97წ. საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა მოითხოვა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოიჯარის მიერ ქონების გამოსასყიდი ღირებულების 51% დაფარულ იქნა 1998 წელს. აღნიშნული გარემოება აღიარებულ იქნა მოპასუხის მიერ 19.09.03 წ. წარდგენილი სარჩელით. საიჯარო ქირა და გამოსასყიდი თანხა მის მიერ შეტანილ იქნა სს “ს...”, ხოლო ქვითრები წარედგინა ქონების მართვის დეპარტამენტს. საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას შპს ,,მ...” სარჩელი ქონების გამოსყიდულად ცნობის მიჩნევის ნაწილში დარჩა განუხილველად მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამ ნაწილში გამოხმობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.02.2010წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს ,,მ...” მიმართ დავალიანების გადახდევინების და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე შპს ,,მ...” შეგებებული სარჩელი მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებისა და ქონების გამოსასყიდად ცნობის თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.09.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს ,,მ...” მოსარჩელის სასარგებლოდ 2004 წლის 27 იანვრიდან 2009 წლის აპრილამდე საიჯარო ქირის დავალიანების სახით 3473.37 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ასევე 2009 წლის აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 67.75 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა დაევალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს ,,მ...” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ... დასახლება მე-4,,ა” მ/რ კორპ. ¹5-ში პირველ სართულზე განთავსებული 191 კვ.მ. ფართი და სარდაფ სართულზე მდებარე 180 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, შპს ,,მ...” უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.01.04 წ. განჩინებით, საქმეში არსებული სასამსახურო ბარათებითა და სპეციალისტის განმარტებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...” მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების პირობათა სისტემატურ დარღვევას. შპს ,,...” ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ გადაუხდია ქონების გამოსასყიდი თანხა. დავის მიმდინარეობისას შპს “მ...” მიერ დაფარული იქნა საიჯარო ქირის დავალიანების ნაწილი, რის გამოც დავის გადაწყვეტის მომენტისათვის საიჯარო ქირის დავალიანება იყო 3473,37 აშშ დოლარი. ასევე შემცირდა დარჩენილი გადასახდელი საიჯარო თანხის 10%, რამაც შეადგინა 67,75 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოიჯარეს შეწყვეტილი არ ჰქონდა იჯარით გადაცემული ქონებით სარგებლობა, სამინისტროს სარჩელი საიჯარო თანხის დაკისრებისა და ქონების გამოთხოვის თაობაზე იყო საფუძვლიანი. ამასთან, შეგებებული სარჩელი საკუთრების მოწმობის გაცემის დავალდებულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მოიჯარეს 1997 წლის 31 ივლისიდან 2007 წლის 31 ივნისის ჩათვლით, ე.ი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ ჰქონდა დაფარული საიჯარო თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.09.10წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შპს ,,მ...” გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.11 წ. განჩინებით შპს ,,მ...” სააპელციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.09.10წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქონების გამოსასყიდი ღირებულების გადახდა არ დასტურდებოდა არათუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, არამედ მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. საქმის მასალების მიხედვით დასტურდებოდა მხოლოდ ქონების გამოსასყიდი ღირებულების 49%-ის გადახდა. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოიჯარეს დარღვეული ჰქონდა იჯარის ქირის გადახდის ვალდებულება და 2004 წლის 27 იანვრიდან 2009 წლის აპრილამდე პერიოდისათვის იჯარის თანხის დავალიანება შეადგენდა 3473,37 აშშ დოლარს, რაც სსკ 361-ე მუხლის საფუძველზე ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების წინამძღვრებს. ასევე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.03.99 წ. ¹1-2/152 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” 5.2. მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა გადასახდელი საიჯარო ქირის 10%, რაც შეადგენდა 67,75 აშშ დოლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 02.02.11წ. განჩინება საკასაციო წესით შპს ,,მ...” გაასაჩივრა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოსაზრება თითქოს შპს ,,მ...” არ გადაუხდია ქონების გამოსასყიდი თანხის 51%, ვინაიდან ამ თანხის შპს-ს მიერ გადახდას აღიარებდა მოსარჩელე 19.09.03 წ. აღძრული სარჩელით და შპს “მ...” შეგებებულ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით. სასამართლომ ასევე არ იმსჯელა ხელშეკრულების 3.3.1. პუნქტზე, რომლის თანახმადაც მოიჯარეს უფლება ჰქონდა იჯარით აღებული ქონება გამოესყიდა ნაწილობრივ. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 559-ე მუხლი, რომლის თანახმად, საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ორი წლის განმავლობაში მეიჯარის მხრიდან მოიჯარისათვის პრეტენზიის წარუდგენლობის გამო ხელშეკრულება გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით. კასატორი ასევე არ ეთანხმდება სასამართლოს მსჯელობას საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილშიც და აღნიშნავს, რომ თუ მოიჯარეს არ ჰქონდა გამოსასყიდი თანხის გადახდის უფლება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისად არ გააჩნდა საიჯარო ქირის განსაზღვრის შესაძლებლობა 31.07.97 წ. ხელშეკრულების შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის 31.07.97 წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 10 წელს, ფართის გამოსყიდვის ღირებულება - 10937,4 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ეროვნულ ვალუტაში. ამ თანხის 51% მოიჯარეს – შპს ,,...” (შემდგომში შპს ,,მ...”) უნდა დაეფარა ერთ წელიწადში, 1998 წლის 31 ივლისამდე, ხოლო დარჩენილი 49% უნდა გადაეხადა ყოველწლიურად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,მ...” მიერ ქონების გამოსყიდვის მიზნით გადახდილ იქნა შემდეგი თანხები: 10.09.98წ. 1001.18 აშშ დოლარი, 14.04.99წ. 1801.80 აშშ დოლარი, ხოლო სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე, 15.06.10წ. – 2557 აშშ დოლარი. ამდენად არ დასტურდება კასატორის მიერ საიჯარო ქონების გამოსყიდვა, ამასთანავე 31.07.97წ. ხელშეკრულების 4.5 მუხლის მიხედვით საიჯარო ქონება მოიჯარის საკუთრებაში გადადიოდა საიჯარო ქონების სრული გამოსყიდვის შემთხვევაში. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება მის მიერ ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის განმავლობაში იჯარით გადაცემული სახელმწიფო ქონების ღირებულების 51%-ის გადახდის შესახებ. აღნიშნულის დასადასტურებლად ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (სალაროს შემოსავლის ორდერი, საგადასახადო დავალება), საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე არ შექმნილა სსკ-ის 102-ე ან 131-ე მუხლის საფუძველზე პირდაპირი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულებისაგან შპს ,,მ...” გათავისუფლების წინაპირობა. საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამოსასყიდი თანხის 51%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამმართველოს 19.09.03წ. აღძრული სარჩელი სხვა შინაარსის იქნებოდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე 19.03.03წ. სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა საიჯარო ქირის დავალიანების გადახდას, რასაც საფუძვლად ედო მეიჯარის მიერ ხელშეკრულების განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, უკანასკნელი თავისთავად გამორიცხავდა უძრავი ქონების გამოსყიდვის მიზნით ქონების ღირებულების გადახდის მოთხოვნას, სკ-ის 515-ე მუხლის შესაბამისად მყიდველს უფლება აქვს, მაგრამ არ არის ვალდებული გამოისყიდოს უძრავი ქონება, ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა იძლეოდა მხოლოდ საიჯარო ქირის დავალიანების მოთხოვნის უფლებას. მოიჯარის მიერ გამოსასყიდი თანხის 51%-ის (5578,07 აშშ დოლარის) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადახდის შემთხვევაში, შპს-ს მიერ 10.09.98წ. და 14.04.99წ. გადახდილი თანხების გათვალისწინებით (13,87 + 1001,18 + 1801,80 აშშ დოლარი), სარჩელის აღძვრის დროისათვის (19.03.03წ.) ქონების გამოსასყიდი თანხა ნაკლები იქნებოდა და ამდენად გამოსათვლელი საიჯარო ქირის დავალიანება სარჩელით მოთხოვნილ თანხაზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის განმავლობაში უძრავი ქონების ღირებულების 51%-ის გამოსყიდვის შესახებ მოსარჩელის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, კასატორის მიერ ხელშეკრულების არსებითი პირობის – უძრავი ქონების ხელშეკრულების შეწყვეტამდე, 2007 წლის 31 ივლისამდე შეუსრულებლობა. სასამსახურო ბარათის მიხედვით (ტ.1, ს.ფ. 216) ქონების ღირებულების ბოლო გამოსასყიდი გადახდა ხელშეკრულების შეწყევტის შემდეგ (15.06.10წ.) განხორციელდა. სახეზეა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდეგ თანხის ნაწილის გადახდა, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იჯარით აღებული ქონების გამოუსყიდველობა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას კასატორის მიერ ქონების გამოსასყიდი ღირებულების სრულად არათუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, არამედ მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც გადაუხდელობის შესახებ. მხარეთა შორის დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ესადაგება საჯარო კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის 20.09.94წ. ¹555-1ს დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის” დებულების მოთხოვნას, რომელიც სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის ზღვრული ვადის სახით ითვალისწინებდა ათწლიან ვადას, სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გაცემის ზღვრულ ათწლიან ვადას ითვალისწინებდა აგრეთვე შემდგომში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 08.09.97წ., 31.03.99წ. ბრძანებებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ” დებულებები. ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 30.05.97წ. კანონის 7.6 მუხლი იმპერატიულად ადგენდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთი ფორმის – იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველის მიერ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 წლის ვადაში თანხის გადახდას. შესაბამისად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელშეკრულების მოქმედების ათწლიან ვადას – 1997 წლის 31 ივლისიდან 2007 წლის 31 ივლისამდე, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლებოდა (ხელშეკრულების 5.3. პუნქტი). ამდენად, ხელშეკრულება ვერ გაითვალისწინებდა პრივატიზების ვადის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას, ასეთი დებულება საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო იქნებოდა. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელის მიერ ქონებით სარგებლობა არ ადასტურებს იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით განახლებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება გამოსყიდვის უფლების გახანგრძლივებას, იჯარა-გამოსყიდვის უფლება განეკუთვნებოდა საჯარო მოწესრიგების სფეროს, კანონმდებლობა უძრავი ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გამოსყიდვას ითვალისწინებდა მხოლოდ დროის განსაზღვრულ ვადაში, გამოსყიდვის მაქსიმალური პერიოდი შეადგენდა 10 წელს, სწორედ ეს მაქსიმალური ვადა იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებაში, მიუხედავად ამისა მხარემ დადგენილ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის – იჯარა-გამოსყიდვის ფართზე საკუთრების მოწმობის გაცემის მოთხოვნის მიმართ სასამართლოს მიერ სკ-ის 559.2 მუხლის გამოუყენებლობა არ ქმნის საკასაციო პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას, ვინაიდან იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით განახლებას არ ადასტურებს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელის მიერ ქონებით სარგებლობა (26.12.1964წ. სკ-ის 274-ე მუხ., 26.06.97წ. სკ-ის 559-ე მუხ.). შპს ,,მ...” მიერ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, 2010 წელს გადახდილი ქონების გამოსასყიდი თანხის პროპორციულად მოპასუხის მიერ მოთხოვნილი ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელი იჯარის ქირის ოდენობის შემცირება არ ქმნის ქონების გამოსყიდვილ უფლების გახანგრძლივების შესაძლებლობას. უკვე აღინიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ქონების გამოსყიდვის უფლება უპირობოდ წყდებოდა. მიუხედავად ამისა მოიჯარის მიერ იჯარის საგნით სარგებლობისათვის ქირის მოთხოვნა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, სსკ-ის 591-ე და 567-ე მუხლების თანახმად მართებულია, ვინაიდან მოიჯარეს ეკისრება დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა ზიანის ანაზღაურების სახით (სკ-ის 567-ე მუხ.), საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ მოიჯარის მიერ დათქმულ დროში საიჯარო ქონების დაუბრუნებლობა აკისრებს მოიჯარეს ვალდებულებას გადაიხადოს საიჯარო ქირა გადაცილებული დროის მიხედვით (სკ-ის 591-ე მუხ.). რაც შეეხება ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით 2009 წლის აპრილის შემდეგ გადასახდელი საიჯარო ქირის ოდენობის შემცირებას ხელშეკრულების ვადის ამოწურის შემდეგ გადახდილი გამოსასყიდი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული წინააღმდეგობაში არ მოდის სააპელაციო პალატის განჩინებაში განვითარებულ სხვა მსჯელობასთან, რომლის თანახმად საიჯარო თანხის ოდენობა შემცირდა თავდაპირველ სარჩელზე მოსარჩელის _ საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სარჩელის დაზუსტების შედეგად, სასამართლო სსკ-ის 248-ე მუხლის გათვალისწინებით არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელისათვის მიეკუთვნებია იმაზე მეტი, რაც მას არ მოუთხოვია.
რაც შეეხება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დაგროვებულ საიჯარო ქირის დავალიანებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ მიმართებითაც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი. 31.07.97წ. ხელშეკრულების თანახმად საიჯარო ქირა შეადგენდა საიჯარო ქონების ღირებულების 10%-ს ანუ 1093.74 აშშ დოლარს წელიწადში. იგი მოიჯარეს უნდა გადაეხადა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ თანაბარ წილად. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საიჯარო ქირის ყოველწლიურად კორექტირებას მოიჯარის მიერ იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის პირდაპირპროპორციულად. მოსარჩელის მიერ საიჯარო ქირის სახით სარჩელით თავდაპირველად მოთხოვნამ (9443.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) განიცადა კორექტირება, მას გამოაკლდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 27.01.04წ. განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით გათვალისწინებული საიჯარო ქირის დავალიანება (4358,5 აშშ დოლარი), შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო 5085 აშშ დოლარის ნაწილში, სასამართლოში დავის განხილვის პერიოდში შპს ,,მ...” მიერ საიჯარო ქირის დავალიანების ნაწილობრივი დაფარვის გამო, საიჯარო ქირის დავალიანება 3473,37 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი შეადგინა. საქმეში დაცული სასამსახურო ბარათებით ირკვევა, რომ შპს ,,მ...” მიერ საიჯარო ქირის სახით თავდაპირველად 14.04.99წ. გადახდილ იქნა 675 აშშ დოლარი, რომელიც თავიდანვე, სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, დაკორექტირდა. დარჩენილი თანხა შპს ,,მ...” გადაიხადა სასამართლოში საქმისწარმოებისას. აღნიშნული თანხებიდან 4359 აშშ დოლარი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ჩაითვალა 2004 წელს მორიგების აქტით გადასახდელი თანხის ანგარიშში, ხოლო დანარჩენი გამოაკლდა მორიგების აქტის შემდგომ დასაკისრებელ საიჯარო დავალიანებას და შეადგინა 3473.37 აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს შპს “მ...” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, განჩინება არსებითად სწორია, საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას არ აქვს ადგილი, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მ...” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2011წ. განჩინება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე