Facebook Twitter
ბ-2400-17(ა-11) 1 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ა. ლ-ე, წარმომადგენელი მ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2011წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 04.02.11წ. სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ა. და ნ. ლ-ებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 20.10.09წ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში 1335 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ა. და ნ. ლ-ების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ა. და ნ. ლ-ებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციაში ორ ნაწილად გაატარეს სოფ. ...ში მდებარე 1335 კვ.მ. და 1267 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. უძრავი ქონების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 09.09.09წ. ხელვაჩაურის არქივის მიერ გაცემული ცნობა ¹31/ლ, სადაც მიწის ნაკვეთთან ერთად მითითებული არის 1984 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელის განცხადებით რეესტრში რეგისტრაციის დროს სახლი არ არის ნაჩვენები იქედან გამომდინარე, რომ 1335 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც დაირეგისტრირეს ა. და ნ. ლ-ებმა რეალურად არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა. გარდა ამისა, სოფ. ...ს კოლმეურნეობის-კომბინატის 19.05.95წ. ¹2 და 15.02.96წ. ¹1 ოქმების საფუძველზე ა. ლ-ზე რიცხული საკარმიდამოს ნაწილი, 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი გამოიყო სასაფლაო მეურნების მოსაწყობად. მოპასუხეს სანაცვლოდ ¹9 ბრიგადის ტერიტორიაზე, კერძოდ ,,...ში” 0,25 ჰა ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთი გადაეცა საკუთრებაში. მიუხედავად მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის შესახებ გადაწყვეტილებისა მოპასუხეებმა 20.10.09წ. საკუთრებაში დაირეგისტრირეს სასაფლაოსათვის გამოყოფილი 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. 19.07.10წ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ერთობლივი განცხადებით მიმართა სოფ. ...ს მოსახლეობამ და სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის აღკვეთა მოითხოვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 19.10.10წ. მიმართა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს და უძრავი ქონების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა, რაზეც 25.10.10წ. უარი ეთქვა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა კანონიერი გადაწყვეტილება და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 25.02.11წ. გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ა. და ნ. ლ-ების საკუთრებად 1335 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ა. და ნ. ლ-ები არ წარმოადგენდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 1335 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ის თემის რწმუნებულის 17.09.09წ. ¹57 ცნობის თანახმად ა. ლ-ს სარგებლობაში აწერია და სარგებლობს 2600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, სადაც აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი, მაშინ როდესაც სადავოდ გამხდარ უძრავ ქონებაზე განთავსებულია სასაფლაოები.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი, კერძოდ, მე-41 და მე-5 მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოსა და ამ უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად წარსადგენ დოკუმენტებს. სასამართლომ განმარტა, რომ მართლზომიერი მფლობელობის წესით საკუთრების უფლების აღიარება განსხვავდება საჯარო რეესტრის მიერ სხვა წესით საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან/და მასში ცვლილებების შეტანისგან. ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის და ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მოეთხოვა 1335 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ არც ერთ უფლებადამდგენ დოკუმენტში აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესახებ მითითება არ ყოფილა, მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ეყრდნობოდა მხოლოდ საკადასტრო აზომვით ნახაზს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 20.10.09წ. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უგულებელყოფილ იქნა ხსენებული დებულება. ადმინისტრაციულმა ორგანომ ზერელედ, საქმის გარემოებათა შეუსწავლელად მოახდინა ა. და ნ. ლ-ებზე საკუთრების უფლების აღიარება და შემდგომ საკუთრების რეგისტრაცია. შესაბამისად, არსებობდა ინვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ნ. ლ-ებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.11წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 25.02.11წ. გადაწყვეტილება.
ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.11წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ნ. ლ-ებმა. კასატორები აღნიშნავდნენ, რომ საქმის მასალებით და თვით მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ა. ლ-ის კომლი 1983 წლიდან (ფაქტობრივად 1962 წლიდან) ფლობდა, ხოლო 1992 წლის იანვრიდან კი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹48 დადგენილების საფუძველზე, კერძო საკუთრებაში გადაეცა 0.26 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელშიც მოქცეული იყო სადავო 1335 კვ.მ. მიწა. სასამართლოს იურიდიულად არ დაუსაბუთებია თუ რითი ოყო განპირობებული სოფ. ...ს კოლმეურნეობის კომბინატის რწმუნებულთა კრების 15.02.96წ. გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევა. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 22.09.92წ. ¹949 დადგენილებით და სახელმწიფო საბჭოს 21.10.92წ. ¹29 დეკრეტით 1993 წლიდან მოხდა კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. 15.02.96წ. არ არსებობდა კოლმეურნეობები და რწმუნებულთა კრებას არ ჰქონდა მიწის მოცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება. კრების გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნული საკითხი უნდა განეხილა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და ამის შემდგომ უნდა შემდგარიყო მიღება-ჩაბარების აქტი. გარდა ამისა, მოსარჩელეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ა. ლ-ის ოჯახს გააჩნდა 0.50 ჰა მიწის ნაკვეთი. 1962 წლიდან ოჯახს მხოლოდ 0.26 ჰა მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა და ფაქტია, რომ 0.25 ჰა მიწის ნაკვეთს ვერ მოუცვლიდნენ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს მის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ ინტერესებს. ასეთი დარღვევის არსებობის შესახებ მხარეს დასაბუთება არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, სასამართლოს ზაკ-ის მე-60.6 მუხლის მიხედვით უნდა ემსჯელა ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე, ვინაიდან ა. ლ-ის ოჯახს სადავო მიწის ნაკვეთზე გააჩნია 40 წლიანი ციტრუსოვანი ნარგავები, რომლიდანაც ოჯახი შემოსავალს ღებულობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.05.11წ. განჩინების გაუქმება და მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საკასაციო სასამართლოს 22.07.11წ. განჩინებით კასატორებს _ ა. და ნ. ლ-ებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაჰბარდათ 05.08.11წ., ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა 12.08.11წ. იყო. ა. და ნ. ლ-ების წარმომადგენელმა მ. ქ-მ განცხადება ხარვეზის შევსების მიზნით და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უზენაეს სასამართლოში 16.08.11წ. წარმოადგინა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.09.11წ. განჩინებით ა. და ნ. ლ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ა. ლ-ს დაუბრუნდა მის მიერ 12.08.11წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით.
კასატორ ა. ლ-ის წარმომადგენელმა _ მ. ქ-მ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და 13.09.11წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 12.08.2011წ., მან 12 აგვისტოს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და იმავე დღესვე წარმოადგინა საკასაციო სასამართლოში, მაგრამ განცხადება რეგისტრაციაში გატარდა 16.08.2011წ. დაგვიანებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის წარმომადგენლის _ მ. ქ-ის განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ უზენაესი სასამართლოს 22.07.11წ. განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა დადგენილ ვადაში, კერძოდ, 12.08.11წ., მაგრამ ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 16.08.11წ. იქნა წარმოდგენილი. განმცხადებლის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო ვადის გაშვების რისკის თაობაზე, შესაბამისად, ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოში წარადგინა ბაჟის გადახდის დღესვე, თუმცა კანცელარიაში განცხადება დროებით გაიბნა და დაგვიანდა მისი რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტს ხარვეზის შევსების ვადის დაცვისა და დოკუმენტების სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში წარმოდგენის შესახებ. ,,რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 27.10.2000წ. ¹466 ბრძანებულების 25-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში შემოსული კორესპონდენციის, ნივთმტკიცების მიღებას, რეგისტრაციას, მათი ადრესატისთვის გადაგზავნას უზრუნველყოფს სასამართლოს კანცელარია. აღნიშნული ბრძანებულების 27-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში შემოსული დოკუმენტების რეგისტრაციას ახდენს კანცელარიის სპეციალისტი. ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების” შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 01.07.99წ. ¹414 ბრძანებულების 38-ე მუხლის I პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტის რეგისტრაცია მათი შექმნის ან შემოსვლის ფაქტის დაფიქსირებაა, რომელიც ითვალისწინებს ინდექსის დასმას და სარეგისტრაციო ფორმებში დოკუმენტის შესახებ საჭირო ცნობების ჩაწერას. შემოსული დოკუმენტის რეგისტრაცია, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ხდება შემოსვლის დღესვე. აღნიშნული დებულების საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლო შემოსულ დოკუმენტს რეგისტრაციაში ატარებს შემოსვლის დღეს. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადება რეგისტრაციაში გატარდა 16.08.11წ. და შესაბამისად, ეს თარიღი ითვლება სასამართლოში დოკუმენტის წარდგენის თარიღად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კანცელარიაში გაიბნა და რეგისტრაციაში გატარდა დაგვიანებით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა, განმცხადებელს არ წარმოუდგენია აგრეთვე 12.08.11წ. ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოში შემოტანის დამადასტურებელი მტკიცებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას. მხარე ზოგადად უთითებს კანცელარიაში მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დაგვიანებით დარეგისტრირების ფაქტზე, სარეგისტრაციო ჟურნალის ჩანაწერიდან დგინდება, რომ დოკუმენტები წარმოდგენილ იქნა 16 აგვისტოს და არა ბაჟის გადახდის დღესვე – 12 აგვისტოს, დაუსაბუთებელია აგრეთვე განმცხადებლის მითითება, რომ კანცელარიამ არ გასცა დოკუმენტების ჩაბარების შესახებ საბუთი, რამდენადაც ამგვარი საბუთის გაცემა ხდება მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო საბუთის გაცემაზე უარის თქმისა შესახებ მხარეს არ განუცხადებია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ განცხადების წარმოდგენამდე და არანაირი რეაგირება არ მოუხდენია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ლ-ის წარმომადგენლის _ მ. ქ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ლ-ის წარმომადგენლის _ მ. ქ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.