Facebook Twitter
ბს-1472-1454(კ-11) 13 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. ღ-ე; წარმომადგენელი _ ბ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; წარმომადგენელი _ ა. თ-ე

მესამე პირი _ მ. ჯ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა







ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 17 იანვარს ნ. ღ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ნ. ღ-ის სახელზე. ხსენებულ სარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა ნ. ღ-ის 2009 წლის 30 დეკემბრის მიმართვისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 15 იანვრის ¹882009436206 გადაწყვეტილების საფუძველზე. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” 2009 წლის 19 დეკემბრის ¹3 კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც, ნ. ღ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე ¹7, ¹8 და ¹9 სარდაფი.
მოსარჩელის მითითებით, რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ღ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე სარდაფზე, საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტთა შორის ამხანაგობის კრების ოქმთან ერთად მიეთითა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობაც. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 3 სექტემბრის ¹226480 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ნ. ღ-ისა და მ. ჯ-ის (შემდგომში სავალდებულო წესით ჩაბმული მესამე პირის) მიერ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ღ-ის და მ. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე სარდაფის ერთადერთ მართლზომიერ უფლების დამდგენ დოკუმენტს ამხანაგობის კრების ოქმი წარმოადგენდა, ვინაიდან, მხოლოდ ამხანაგობა იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება საცხოვრებელი სარდაფის განკარგვის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონი ცალსახად განსაზღვრავდა, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფები ამხანაგობის წევრების საერთო საკუთრებას წარმოადგენდნენ.
მოსარჩელის მითითებით, 1986 წლის 22 იანვრის სახლის საკუთრებისა და სარგებლობის ხელშეკრულების თანახმად, ა. ვ-ის (მ. ღ-ის, მ. ჭ-ისა და მოსარჩელის _ ნ. ღ-ის მამკვიდრებლის) საკუთრებას წარმოადგენდა მთლიანი საცხოვრებელი სახლის 86/772 წილი. რეალურ სარგებლობაში კი იყო სახლის პირველ სართულზე არსებული საცხოვრებელი ოთახები ¹18, ¹19, ¹23, დამხმარე სათავსოები ¹20, ¹21, ¹22 და შემინული აივანი. მოსარჩელის მოსაზრებით, 1986 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სათავსოები მიიჩნეოდნენ მობინადრეთა საერთო საკუთრების ობიექტებად. ამდენად, დამხმარე ფართზე საკუთრების უფლება ვერ შევიდოდა ა. ვ-ის სამკვიდრო ქონებაში, რადგან საკუთრება მამკვიდრებელს არ ეკუთვნოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 3 სექტემბრის ¹226480 გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 25 ნოემბრის ¹305996 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ჯ-ი (რომელსაც, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელი აქვს აღძრული, მოპასუხის _ ნ. ღ-ის მიმართ, საცხოვრებელი სადგომის (ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე ¹7, ¹8 და ¹9 სარდაფის) საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ მესაკუთრედ ცნობის თაობაზე).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ნ. ღ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე 36.31 კვ.მ სარდაფზე, საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტთა შორის ამხანაგობის კრების ოქმთან ერთად ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის მითითება წარმოადგენდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე სარდაფი ¹7 ფართით - 11,66 კვ.მ, სარდაფი ¹8 ფართით - 20,94 კვ.მ და სარდაფი ¹9 ფართით - 3,7 კვ.მ ა.წ. გარდაცვლილი ა. ს-ის ძე ვ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაში შედიოდა. ამდენად, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს ასევე წარმოადგენდა 1999 წლის 2 მარტის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” 2009 წლის 19 დეკემბრის ¹3 კრების ოქმში კი დაფიქსირებული იყო, ქ. თბილისში, ... ¹16-ში მდებარე უძრავი ნივთის 172.00/1344.00 წილობრივ ფართზე თანამესაკუთრეების მ. ჭ-ის და მ. ღ-ის თანხმობა, ¹7, ¹8 და ¹9 სარდაფის (საერთო ფართით - 36.31 კვ.მ) ნ. ღ-ის სახელზე აღრიცხვის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო აღმოჩენისთანავე შეესწორებინა მის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეული იყო დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლებოდა ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა სწორედ ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილი ტექნიკური ხარვეზის შესწორების მიზნით გამოსცა 2010 წლის 3 სექტემბრის ¹226480 გადაწყვეტილება და საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტთა შორის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” 2009 წლის 19 დეკემბრის ¹3 კრების ოქმთან ერთად მიუთითა სამკვიდრო მოწმობაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ 1986 წლის 22 იანვრის სახლის საკუთრებისა და სარგებლობის ხელშეკრულების თანახმად, ა. ვ-ის (მ. ღ-ის, მ. ჭ-ისა და მოსარჩელის _ ნ. ღ-ის მამკვიდრებლის) საკუთრებას წარმოადგენდა მთლიანი საცხოვრებელი სახლის 86/772 წილი. რეალურ სარგებლობაში კი იყო სახლის პირველ სართულზე არსებული საცხოვრებელი ოთახები ¹18, ¹19, ¹23, დამხმარე სათავსოები ¹20, ¹21, ¹22 და შემინული აივანი. 1986 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სათავსოები მიიჩნეოდნენ მობინადრეთა საერთო საკუთრების ობიექტებად. ამდენად, დამხმარე ფართზე საკუთრების უფლება ვერ შევიდოდა ა. ვ-ის სამკვიდრო ქონებაში, რადგან საკუთრება მამკვიდრებელს არ ეკუთვნოდა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მის საკუთრებაში რიცხულ სარდაფს ჰქონდა ორი უფლების დამდგენი დოკუმენტი: 1999 წლის სამკვიდრო მოწმობა და ამხანაგობის კრების ოქმი. კასატორის მოსაზრებით, ამ ორი დოკუმენტის უფლების დამდგენ საბუთად მიჩნევა ქმნიდა სამართლებრივ წინააღმდეგობას, ვინაიდან, ან ეს უძრავი ქონება იყო სამკვიდრო ქონების ნაწილი, რომელიც თანასაკუთრების უფლებით მიიღო სამმა პიროვნებამ ან/და ეს უძრავი ქონება იყო ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრება, რისი განკარგვაც მოახდინა ამხანაგობამ მისი მოსარჩელისათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის გზით. შესაბამისად, ერთი უფლების დამდგენი დოკუმენტის მართებულად მიჩნევა სრულად გამორიცხავდა მეორე დოკუმენტის უფლების დამდგენ საბუთად მიჩნევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად დასაშვებად იქნა ცნობილი ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 28 თებერვალს 11:30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ოქტომბრის აქტის თანახმად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში (ყოფილი ... ქ. ¹118) მდებარე უძრავი ნივთი, აღმასკომის მთავარი არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს 1975 წლის 10 მარტის ¹107 მიმართვისა და 1975 წლის 5 მარტის შენობის ექსპლოატაციაში მიღების შესახებ აქტის საფუძველზე აღირიცხა: ვ., ნ. და გ. ჩ-ეების, ა. ვ-ის, ი. ყ-ის, ს. ჩ-ის, თ. შ-ისა და გ. ღ-ის სახელზე. ამავე აქტის თანახმად, 1986 წლის 30 აპრილის ,,სახლის საკუთრებისა და სარგებლობის ხელშეკრულების” შესაბამისად, ა. ვ-ის საკუთრებაში შედიოდა მთელი საცხოვრებელი სახლის 86/672 წილი, რეალურ სარგებლობაში კი იყო სახლის პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ოთახი ¹18 ფართით - 41.4 კვ.მ, საცხოვრებელი ოთახი ¹19 ფართით - 20.71 კვ.მ, საცხოვრებელი ოთახი ¹23 ფართით - 23.4 კვ.მ, დამხმარე სათავსო ¹20 ფართით - 19.82 კვ.მ, დამხმარე სათავსო ¹21 ფართით - 3.44 კვ.მ, დამხმარე სათავსო ¹22 ფართით - 2.2 კვ.მ, შემინული აივანი ზომით 6.6X2.8X4.4X1.2 მეტრზე, ღია აივანი ზომით _ 1.0X4.4 მეტრზე, დერეფანი ¹24 ფართით - 8.19კვ.მ, სარდაფი ¹7 ფართით - 11.66 კვ.მ, სარდაფი ¹8 ფართით - 20.94 კვ.მ, სარდაფი ¹9 ფართით - 3.7კვ.მ, სარდაფი ¹13 ფართით - 4.2 კვ.მ (ს.ფ. 17-18; ს.ფ. 70). Aამდენად, ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე სარდაფი ¹7 ფართით - 11,66 კვ.მ, სარდაფი ¹8 ფართით - 20,94 კვ.მ და სარდაფი ¹9 ფართით - 3,7 კვ.მ შედიოდა ა.წ. გარდაცვლილი ა. ს-ის ძე ვ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაში. 1999 წლის 2 მარტის რ¹1-440 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ა. ვ-ის მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ მ. ჭ-ე, მ. ღ-ე და ნ. ღ-ე (ს.ფ. 83). 2003 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თბილისის რეგისტრატურის მიერ ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე უძრავი ნივთის 172/1344 ნაწილზე, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა მ. ჭ-ის, მ.ღ-ის და ნ. ღ-ის საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2009 წლის 30 დეკემბერს ნ. ღ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე სარდაფზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო დოკუმენტად დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” 2009 წლის 19 დეკემბრის ¹3 კრემის ოქმი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” 2009 წლის 19 დეკემბერს ¹3 კრების ოქმის ¹2 დანართის თანახმად, ამხანაგობის წევრები (მათ შორის თანამესაკუთრეები) მ. ჭ-ე და მ. ღ-ე დაეთანხმნენ ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე ¹7, ¹8 და ¹9 სარდაფის (საერთო ფართით 36.31 კვ.მ) ნ. ღ-ისათვის გადაცემის ფაქტს (ს.ფ. 111-117). 2010 წლის 15 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე უძრავი ნივთიდან (წილობრივი მონაცემები: 172.00/1344.00) 36.31 კვ.მ ფართობის სარდაფის გამოყოფისა და მასზე ნ. ღ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. მომზადებულ ამონაწერზე უფლების დამდგენ დოკუმენტად მიეთითა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” 2009 წლის 19 დეკემბრის ¹3 კრების ოქმი, ხოლო ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე (... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული) უძრავი ნივთის წილობრივი მონაცემები 172.00/1344.00 დარჩა უცვლელი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 3 სექტემბრის ¹226480 გადაწყვეტილებით შესწორდა ტექნიკური ხარვეზი ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე (... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული) უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში და აღნიშნული უძრავი ნივთის ფართობი აისახა 1986 წლის 30 აპრილის ხელშეკრულების შესაბამისად, ნ. ღ-ისათვის ინდივიდუალური საკუთრების საგნად გამოყოფილი 36.31 კვ.მ სარდაფის საერთო ფართის გამოკლებით. ასევე შესწორდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე 36.31 კვ.მ (... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული) სარდაფზე რეგისტრირებულ მონაცემებში არსებული ტექნიკური ხარვეზი და ნ. ღ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ასევე მიეთითა 1999 წლის 2 მარტის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (ს.ფ. 58-60). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 3 სექტემბრის ¹226480 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ნ. ღ-ისა და მ. ჯ-ის მიერ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 25 ნოემბრის ¹305996 გადაწყვეტილებით ნ. ღ-ის და მ. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 51-53).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის შეფასების საკითხს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის (შეცილებითი სარჩელის) დასაშვებად ცნობის ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ის, რომ გასაჩივრებული აქტი ან მისი ნაწილი, პირდაპირ და უშუალო ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამდენად, შეცილებითი სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობას მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა წარმოადგენს. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისთვის სასარგებლო შედეგი დადგება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ინტერესი ეს არის ინტერესი იმ სამართლებრივი ურთიერთობისადმი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა), რომლის შესაბამისი შედეგებიც პოზიტიურად აისახება პირის უფლებრივ მდგომარეობაზე. ამდენად, შეცილებითი სარჩელის დროს გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობამ გავლენა უნდა მოახდინოს ან/და არსებითად გააუმჯობესოს პირის სამართლებრივი მდგომარეობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტთა შორის 1999 წლის 2 მარტის ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის მითითებით ნ. ღ-ის, როგორც მესაკუთრის უფლება არ დარღვეულა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი მოსარჩელის _ ნ. ღ-ის უფლებრივი მდგომარეობა არ შეიცვლება, რადგან იგი როგორც სადავო (ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ) გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹16-ში მდებარე ¹7, ¹8 და ¹9 სარდაფის (საერთო ფართით 36.31 კვ.მ) მესაკუთრეს წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს ის გარემოება, საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული იქნება ამხანაგობა ,,...” კრების ოქმი თუ თანამესაკუთრეების მარინა ჭირაქაძისა და მაია ღამბაშიძის თანხმობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის პირდაპირ და უშუალო კანონიერ ინტერესს წარმოადგენს არა ის, უფლების დამდგენ დოკუმენტად სამკვიდრო მოწმობასთან ერთად მითითებული იყოს თანამესაკუთრეების თანხმობა და არა ამხანაგობა ,,...” კრების ოქმი, არამედ ის, რომ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტთა შორის არ მიეთითოს ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა (რადგან, ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის მითითებამ, შეიძლება გავლენა მოახდინოს კანონიერი მოსარგებლის უფლების რეალიზაციის თაობაზე, მ. ჯ-სა და ნ. ღ-ეს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნ. ღ-ის სარჩელის დაკმაყოფილება ვერც ამ კუთხით მოახდენს გავლენას მხარის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რადგან სადავო აქტების ბათილად ცნობა არ გამორიცხვას შემდგომში საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტთა შორის კვლავ შესაბამისი დოკუმენტის მითითებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტად ამხანაგობა ,,...” კრების ოქმის მითითებასთან მიმართებაში კანონიერი ინტერესი შესაძლებელია ჰქონდეთ მ.ჭ-ესა და მ. ღ-ეს (ქ. თბილისში, ... ¹16-ში მდებარე უძრავი ნივთის 172.00/1344.00 წილობრივ ფართზე თანამესაკუთრეებს).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე /ნ. წკეპლაძე/


მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/


/პ. სილაგაძე/