Facebook Twitter
ბს-116-115(კ-12) 22 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე


ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი _ ო. ნ-ი

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სააქტო ჩანაწერის არარად აღიარება თანმდევი შედეგებით

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - ო. ნ-ის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და სააქტო ჩანაწერის არარად აღიარება თანმდევი შედეგებით.
მოსარჩელე ნ. შ-მა აღნიშნა, რომ იგი 1994 წლიდან ო. ნ-ის ძე ნ-თან იმყოფებოდა რელიგიურ ქორწინებაში. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 2007 წლის 13 იანვარს, ხოლო მისმა დედამთილმა - ჯ. კ-მ 2007 წლის 5 თებერვალს მოსარჩელეს უანდერძა მისი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, მისი მეუღლის - ო. ნ-ის სახელზე რიცხული ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹4-ში და ¹16-ში მდებარე საცხოვრებელი ბინები. სამკვიდრო ქონების მიღების პროცესში აღმოჩნდა, რომ მითითებულ ბინებზე სამკვიდრო მოწმობები გაცემული იყო 1983 წელს დაბადებულ ვინმე ო. ო.ის ძე ნ-ის სახელზე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერი, ო. ნ-ზე გაცემულია მამობის დადგენის მოწმობა და მისი დაბადების სააქტო ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში მამად მითითებულია ო. ნ-ი, მაშინ, როცა ო. ნ-ის (პატარა) დედა - მ. თ-ე ბავშვის დაბადების მომენტში რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ. ქ-ან, რომელთაგანაც განქორწინდა 1985 წელს. ამასთან, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 7 მაისის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აღიძრა მისი განცხადების საფუძველზე, დადასტურდა ო. ნ-ის მამობის დადგენის სიყალბე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერის არარად აღიარება თანმდევი სამართლებრივი შედეგებით. ხონის სამსახურის 2011 წლის 13 მაისის ¹22/119595 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან ო. ნ-ის მამობის დადგენის აქტი და თანდართული დოკუმენტაცია სრს ხონის სამსახურში და სრს ცენტრალურ არქივში არ იძებნებოდა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა აქტის ბათილობაზე ან არარად აღიარებაზე. მოსარჩელის განმარტებით, სრს ხონის სამსახურმა არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული კოდექსის 97-ე მუხლი, არ გამოიყენა ამავე კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა», «ბ» და «დ» ქვეპუნქტები, თუმცა განცხადების დაკმაყოფილების ყველა პირობა არსებობდა. ასევე, არასწორად მიუთითა «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» კანონის 103-ე-104-ე მუხლებზე, ვინაიდან მას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორება ან შეცვლა არ მოუთხოვია. ასევე, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება დაბადების აქტის ჩანაწერიდან ბავშვის მამის ან დედის მონაცემების ამოღების შესახებ. სრს ხონის სამსახურის მითითებული გადაწყვეტილება ნ. შ-მა გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ 2001 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული აქტის არსებობა არ შეიძლება გახდეს მისი არარად აღიარების საფუძველი. მოსარჩელის მითითებით, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა.
ხონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-მა, რომელმაც მოითხოვა ხონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სამსახურის 2001 წლის 13 მაისის ¹22/119595 აქტი გამოცემულია საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სრს ხონის სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72.1 «ა» მუხლის შესაბამისად, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, განიხილა ნ. შ-ის ¹55954 განცხადება და ¹56170 დამატებითი განცხადება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად განსაზღვრა ნ. შ-ის მოთხოვნა, გამოკვეთა უდავო გარემოება, რომ ო. ნ-ის მამობის დადგენის აქტი თანდართული დოკუმენტაციით სამსახურში, არქივში არ იძებნებოდა და ამის დასტურად მოიყვანა პროკურატურის 2009 წლის 7 მაისის დადგენილება. ამდენად, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა აქტის ბათილობაზე და არარად ცნობაზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც ო. ნ-ის მამობის დადგენის აქტი და თანდართული დოკუმენტაცია არ იძებნებოდა, გაურკვეველი იყო, საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი საბუთები, ან პირიქით, არ მოხდა მისი ფიქსაცია, შენახვა, ხანდაზმულობით განადგურების აქტის შედგენა, არქივში გადაგზავნა და ა.შ. (განაჩენით ხსენებული დოკუმენტების სიყალბე დადგენილი არ არის). ამდენად, ცხადი იყო, რომ გასაჩივრებული ხონის სამსახურის ¹22/119595 გადაწყვეტილება შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას და სამართლის პრინციპებს.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 21 ივნისის ¹01/154028/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, მოცემული აქტი შემოწმდა როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით და დადასტურდა ორივე კრიტერიუმის არსებობა. ამასთან დაკავშირებით, მართებული იყო რაიონული სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სავალდებულო ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი, რამდენადაც, ზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა სრულად კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების ჯეროვანი, სრულყოფილი გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიღებულ იქნა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
რაც შეხებოდა აპელანტის მოთხოვნას, რომ სასამართლომ დაავალოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სამსახურს, «არარად აღიაროს ო. ო.ის ძე ნ-ის 1983 წლის 30 ივნისის მამობის დადგენის სააქტო ¹13 ჩანაწერი თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, რაც მოიცავდა ცვლილებების შეტანის გზით მამობის დადგენის მოწმობის, დაბადების სააქტო ჩანაწერისა და დაბადების მოწმობის მამის გრაფიდან ო. ნ-ის ძე ნ-ის ამოღებას», აღნიშნულის საფუძვლები გამომდინარეობდა წინა ორი მოთხოვნიდან. ამდენად, რამდენადაც ისინი უსაფუძვლოდ იქნა ცნობილი, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, იმავე მოტივაციის საფუძველზე, შეუძლებელი იყო, ანუ შეუძლებელი იყო სასამართლოს დაევალებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის არარად აღიარება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ თავისივე ¹01/154028/გ გადაწყვეტილებით, დაადასტურა, რომ 1983 წლის 30 ივნისის მამობის დადგენის ¹13 აქტის ჩანაწერი, რომლის არარად აღიარებასაც ითხოვდა მოსარჩელე, საერთოდ არ არსებობდა, არ იძებნებოდა, რაც იმის დადასტურებასაც ნიშნავდა, რომ მისი გამომშვები ორგანო ვერ იქნა დადგენილი და არსებობდა ასეთი აქტის არარად ცნობის ზაკ-ის მე-60 მუხლის «ა» ქვეპუნქტით დადგენილი საფუძველი.
კასატორის აღნიშვნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო თავის გადაწყვეტილებაში შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ ადმინისტრაციული აქტის არარსებობა, არ შეიძლება გახდეს მისი არარად აღიარების საფუძველი, მაგრამ კონკრეტულ კანონზე ან კანონქვემდებარე აქტზე მითითებით ვერ დაასაბუთა, თუ რატომ მივიდა აღნიშნული სახის ზოგადი ხასიათის დასკვნამდე. ამდენად, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულმა ორგანოებმა საერთოდ არ განიხილეს ნ. შ-ის საჩივარში, სარჩელში და სააპელაციო საჩივარში ასახული მოთხოვნები მის მიერ მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით.
კასატორის მითითებით, არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი მისი სასარჩელო თუ სააპელაციო მოთხოვნები, სრულიად უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მათი განხილვა მხარეთა დასწრებით, ხოლო საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით საკასაციო საჩივრის განხილვა გადაიდო ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, სსსკ-ის 105.2. მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები დასაბუთებულია.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემობებს, რომ ნ. შ-მა და ო. ნ-მა ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი /იხ. ჯვრისწერის მოწმობა/. ო. ნ-ი გარადაიცვალა 2007 წლის 13 იანვარს. ო. ნ-ის დედამ _ ჯ. კ-მ მის საკუთრებაში არსებული ქონება ნ. შ-ს უანდერძა. ჯ. კ-ე გარდაიცვალა 2009 წლის 8 აპრილს. დ. ქავთარაშვილი და მ. თ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1968-1985 წლებში. ო. ნ-მა, როგორც კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹4-ში და ...ის ქ. ¹16-ში მდებარე საცხოვრებელ ბინებზე, ო. ნ-ის სამკვიდრო ქონება. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 7 მაისის დადგენილებით, ო. ნ-ის სამკვიდრო მოწმობის გაცემისას ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, (საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით) Nნოტარიუს თამარ ონიანის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. შესაბამისად, არ დაიწყო გამოძიება და სს დევნა დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე სს კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ო. ნ-ს, რომელიც გარადაიცვალა 2007 წლის 13 იანვარს, სიცოცხლეში სადავოდ არ გაუხდია 1983 წლის 30 ივნისის ო. ნ-ის მამობის დადგენის აქტი.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლის ნაწილის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სამსასურის 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად მისი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოექცეს სამართლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო აქტი გამოცემულია საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რამდენადაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ სრს ხონის სარეგისტრაციო სამსახურის საგნობრივ კომპეტენციას განეკუთვნება მამობის დადგენის სააქტო ჩანაწერში, მამობის დადგენის მოწმობის გაუქმების, დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ანუ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად განსაზღვრა ნ. შ-ის მოთხოვნა, კერძოდ, დაადგინა უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ ო. ნ-ის მამობის დადგენის აქტი თანდართული დოკუმენტაციით სამსახურში, არქივში არ იძებნებოდა და ამის დასტურად მიუთითა მტკიცებულებაზე _ პროკურატურის 07.05.2009წ. დადგენილებაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიტანა სწორი და დასაბუთებული დასკვნა, რომ სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა აქტის ბათილად და არარად ცნობაზე. მამობის და დაბადების მოწმობების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულმა ორგანომ განუმარტა მხარეს და მიუთითა, რომ მოწმობები უქმდება მხოლოდ შესაბამისი აქტების ბათილად ცნობის მომენტიდან და შესაბამისი სააქტო ჩანაწერებში ცვლილების შეტანის მომენტიდან. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა განცხადების შინაარსზე და დაადგინა, რომ სახეზე იყო ქონებრივი დავა, რაც კავშირშია ო. ნ-ის მამობის და დაბადების სააქტო ჩანაწერთან და «სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ» კანონის 103-ე, 104-ე «თ» მუხლებზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მულხზე მითითებით გასაჩივრების წესი განუმარტა მხარეს.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სადავო აქტის მატერიალურ კანონიერებასთან დაკავშირებით, რამდენადაც იმ ვითარებაში, როცა ო. ნ-ის მამობის დადგენის აქტი და თანდართული დოკუმენტაცია არ იძებნებოდა, სარეგისტრაციო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა აქტის ბათილად ცნობაზე ან არარად აღიარებაზე, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ვ» მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობა საქმის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოსცეს აქტი. იმ ვითარებაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოში არ იძებნებოდა სადავო ინდივიდუალური აქტების გამოცემის საფუძველი (დოკუმენტაცია), მტკიცებულების არარსებობის გამო ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობა გამოეკვლია, შეესწავლა, შეეფასებინა და ემსჯელა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობაზე ან არარად აღიარებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო: დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში-ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როცა «ო. ნ-ის მამობის დადგენის აქტი და თანდართული დოკუმენტაცია» არ იძებნება, ანუ გაურკვეველია საერთოდ ამგვარი დოკუმენტაციის არსებობის ფაქტი ან შესაძლებელია ვარაუდი, რომ ამგვარი დოკუმენტაცია არსებობდა, თუმცა გარკვეული ფაქტობრივი მიზეზის გამო აღარ არსებობს (დაიკარგა, განადგურდა, არ იქნა სათანადოდ შენახული, არქივში დაცული ან განადგურებული ხანდაზმულობის გამო) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 და მე-601 მუხლების საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, მხოლოდ ვარაუდის დონეზე არსებული ან არარსებული აქტების არარად აქტად აღიარება ან ბათილად ცნობა, განხილვა და სამართლებრივი შეფასების გაკეთება, კანონიერების შემოწმების საფუძვლით სამართლებრივად შეუძლებელია. ამდენად, გასაჩივრებული, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სამსახურის 2011 წლის 13 მაისის ¹22/119595 გადაწყვეტილება, შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას მატერიალური კანონიერების დარღვევის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ვითარებაში როცა სრს ხონის სამსახურის მიერ 1983 წლის 30 ივნისის სააქტო ჩანაწერის არარად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა სახის გადაწყვეტილების მიღება, არ არსებობს ხონის სრს სამსხახურის გადწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, აპელანტის მე-2 მოთხოვნასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 21 ივნისის ¹01/154028/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. იმავე კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით კი, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. მითითებულ მუხლებში რეგლამენტირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანეს პრინციპს განეკუთვნება, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომელთა უფლებასაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პრინციპი ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.
მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების ჯეროვანი, სრულყოფილი გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიღებულ იქნა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, აპელანტის მოთხოვნა _ სასამართლომ დაავალოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სამსახურს არარად აღიაროს ო. ო.ის ძე ნ-ის (თ-ის) 1983 წლის 30 ივნისის მამობის დადგენის სააქტო ¹13 ჩანაწერი, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, რაც მოიცავს ცვლილებების შეტანის გზით მამობის დადგენის მოწმობის, დაბადების სააქტო ჩანაწერის და დაბადების მოწმობის მამის გრაფიდან ო. ნ-ის ძე ნ-ის ამოღებას _ გამომდინარეობს წინა ორი მოთხოვნებიდან, ხოლო იმ ვითარებაში, როცა კასატორის წინა ორი მოთხოვნა სამართლებრივად უსაფუძვლოა, შეუძლებელია კასატორის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაც ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ნ. შ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა:

1. ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.