Facebook Twitter
ბს-1490-1472(კ-11) 30 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი მ. ბ-ი (14.09.10წ. მინდობილობა №21/486)

მოწინააღმდეგე მახარე (მოსარჩელეები) _ გ. ს-ა, დ. ც-ი, კ. ხ-ა, ო. გ-ი, ბ. ბ-ე, ვ. ს-ა, შ. ხ-ა, წარმომადგენელი ი. წ-ა (10.09.10წ., №100907891; 20.07.10წ., №100714506; 20.07.10წ., №100714513; 30.07.10წ., №100757967; 04.08.10წ., №100773275; 17.09.10წ., №100933927; 30.07.10წ., №100759146 რწმუნებულებები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.11წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

15.11.10წ. გ. ს-ამ, შ. ხ-ამ, კ. ხ-ამ და სხვებმა (8 პირი) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის დავალიანების გადახდის დაკისრება მოითხოვეს.
მოსარჩელეები წლების განმავლობაში მუშაობდნენ საქართველოს სპეცკავშირის სამსახურის რესპუბლიკური კვანძის სამტრედიის რეგიონალურ განყოფილებაში, სპეცკავშირის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2007 წლის 20 დეკემბრიდან მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამსახურიდან, მაგრამ არ მიუღიათ შრომის ანაზღაურების თანხები, ასევე არ მომხდარა მათ მიმართ საბოლოო ანგარიშსწორება.
მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასისა და დაწესებულების ლიკვიდაციის შედეგად მათი გათავისუფლების გამო 2 თვის თანამდებობრივი სარგოს დაანგარიშებისა და გადახდის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.02.11წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკამაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 08.11.07წ. №655 განკარგულების საფუძველზე საქართველოს მთავრობის 10.09.04წ. №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს კავშირგამბულობისა და ფოსტის სამინისტროს სპეციალური კავშირის სამსახური და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა უზრუნველყო ხსენებული განკარგულების შესასრულებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობის 08.11.07წ. №655 განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20.12.07წ. №1-1/2015 ბრძანებით შეიქმნა საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სპეციალური კავშირის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც მუშაობა არ დაუსრულებია.
საქალაქო სასამართლომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 14.01.11წ. №1466 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აპარატის ბუღალტერიას მოსარჩელეების მიმართ ძველი სახელფასო დავალიანების შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვება. ამასთან, მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ უტყუარი მტკიცებულება მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ოთხი მოსარჩელის შრომის წიგნაკების ასლები, რომლებითაც დასტურდებოდა მხოლოდ აღნიშნული პირების სამსახურიდან გათავისუფლება სპეცკავშირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ხოლო დანარჩენი მოსარჩელეების მიმართ არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა, რომლებითაც დადასტურდებოდა მათი შრომითი ურთიერთობა საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სპეცკავშირის სამსახურთან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.ს-ამ და სხვებმა, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.02.11წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.06.11წ. საოქმო განჩინებით აპელანტ გ. ც-ის წარმომადგენლის _ ი. წ-ას შუამდგომლობა სარჩელის გახმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.02.11წ. გადაწყვეტილება გ. ც-ის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.06.11წ. გადაწყვეტილებით ბ. ბ-ის, ვ. ს-ას, ო. გ-ის, შ. ხ-ას, დ. ც-ის, კ. ხ-ას, გ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკამაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.11წ. გადაწყვეტილება ბ. ბ-ის, ვ. ს-ას, ო. გ-ის, შ. ხ-ას, დ. ც-ის, კ. ხ-ას, გ. ს-ას 1997-1998-1999 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სასარჩელო მოთხოვნა 1997-1998-1999 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისრა კ. ხ-ას სასარგებლოდ 821.68 ლარის, ო. გ-ის სასრგებლოდ - 848.78 ლარის, დ. ც-ის სასარგებლოდ - 1275.25 ლარის, ვ.ს-ას სასარგებლოდ - 797.53 ლარის, ბ. ბ-ის სასარგებლოდ - 832.83 ლარის, შ. ხ-ას სასარგებლოდ - 853.48 ლარისა და გ. ს-ას სასარგებლოდ _ 1714.09 ლარის ანაზღაურება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.11წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა დაწესებულების ლიკვიდაციის შედეგად განთავისუფლების გამო ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში არ გაიზიარა ამ მიმართებით მტკიცებულებათა არარსებობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სპეცკავშირის სამსახურის 26.02.08წ. ცნობის საფუძველზე დადგინდა, რომ სამინისტროს სპეციალური კავშირის სამსახურის სამტრედიის რეგიონალური განყოფილების ფელდეგერების მიმართ არსებობდა დავალიანება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე, 134.1 მუხლებსა და „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.06.11წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 17.03.99წ. №138 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სპეციალური კავშირის სამსახურის დებულების თანახმად, სპეცკავშირს აქვს უფლება დამოუკიდებლად განახორციელოს სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო პასუხს არ აგებს სპეცკავშირის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა გამო, ხოლო სპეცკავშირი პასუხს არ აგებს სამინისტროს მიერ ნაკისრი ვალდებულებების გამო, მისი ქონება წარმოიქმნება საკუთარი შემოსავლებიდან, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხს სპეცკავშირი წყვეტს დამოუკიდებლად. ამდენად, კასატორის მითითებით, სპეცკავშირი არ წარმოადგენდა დაწესებულებას, რომელიც ფინანსდებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან, შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა სახელფასო დავალიანებების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრებით.
მოწინააღმდეგე მხარემ არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შესახებ კასატორს არ წამოუყენებია საკასაციო პრეტენზია. კერძოდ, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური კავშირის სამსახურში, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს მთავრობის 08.11.07წ. №655 განკარგულებით, ამავე განკარგულებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20.12.07წ. №1-1/2012 ბრძანებით, შეიქმნა სპეცკავშირის სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებით. სპეცკავშირის სამსახურის ლიკვიდაციის გამო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20.12.07წ. №1-1/2012 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სპეცკავშირის სამსახურის 26.02.08წ. ცნობების თანახმად, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სპეციალური კავშირის სამსახურის სამტრედიის რეგიონული განყოფილების თანამშრომლების მიმართ სამსახურს ერიცხებოდა 1997-1999 წლების სახელფასო დავალიანებები, კერძოდ, კ. ხ-ას მიმართ – 821,68 ლარი, ო. გ-ის მიმართ – 848,78 ლარი, დ. ც-ის მიმართ – 1275,25 ლარი, ვ. ს-ას მიმართ _ 797,53 ლარი, ბ. ბ-ის მიმართ – 832,83 ლარი, შ. ხ-ას მიმართ – 853,48 ლარი, გ. ს-ას მიმართ _ 1714,09 ლარი. მოსარჩელეებმა დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 11.10.10წ. მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეთა მიმართ არსებული სახელფასო დავალიანებების ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. კასატორი სადავოდ არ ხდის მოსარჩელეთა მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტს, იგი არ იზიარებს აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მისთვის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ სალიკვიდაციო კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა, ამასთან, სპეცკავშირი არ ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ წარმოადგენდა ლიკვიდირებული სამსახურის უფლებამონაცვლეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის, ისევე როგორც კერძო სამართლის სუბიექტების ლიკვიდაცია არის მისი არსებობის, საქმიანობის, ფუნქციონირების შეწყვეტის სამართლებრივი ფორმა, საშუალება. ლიკვიდაცია არის სამსახურიდან მოხელის განთავისუფლების პირობა, ამასთან ამ უკანასკნელს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ლიკვიდაციის პროცესი მოიცავს ლიკვიდირებული დაწესებულების ქონების რეალიზაციის, კრედიტორების დაკმაყოფილების, დარჩენილი ქონების შესაბამისი ორგანოსათვის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის პროცედურებს, რომელთა განხორციელების მიზნითაც იქმნება სალიკვიდაციო კომისია და აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად იგი ასრულებს მუშაობას. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ სპეცკავშირის ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია, რამდენადაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგინდა სამსახურის ლიკვიდაცია, ლიკვიდაციის შედეგად მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამსახურიდან, სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება დაევალა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია და განისაზღვრა მისი შემადგენლობა. ლიკვიდაციის პროცესის დაუსრულებლობა დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან ლიკვიდაციის პროცესი და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება მოიცავს კრედიტორული დავალიანებების, მათ შორის სახელფასო დავალიანებების ანაზღაურების პროცესს და სწორედ სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების შემდეგ ასრულებს სალიკვიდაციო კომისია მუშაობას. იგივე წესია დადგენილი კერძო სამართლის სუბიექტების მიმართ, კერძოდ, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი, კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი პირი/პირები იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლიკვიდაციის პროცესის გონივრულ ვადაში დაუსრულებლობა ვერ იქნება მიჩნეული სახელფასო დავალიანებების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად.
დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლიკვიდირებული სამსახურის უფლებამონაცვლის სპეციალური აქტით განუსაზღვრელობის გამო არ არსებობს მოპასუხისათვის დავალიანების ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. საქართველოს პრეზიდენტის 07.05.04წ. ბრძანებულებით გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 04.01.02წ. №1 ბრძანებულება „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“, ამასთანავე საქართველოს მთავრობის 10.09.04წ. №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება სამინისტროს საქმიანობის ძირითად სფეროს განაკუთვნებს ელექტრონულ კომუნიკაციებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ფოსტას (2.1 მუხ.). აღნიშნული სფეროს სამართავად, მისი სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაციისათვის სამინისტროში შეიქმნა კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი (მე-4 მუხ., მე-9 მუხ. „გ“ ქვეპუნქტი). ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 08.11.07წ. №655 განკარგულება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20.12.07წ. №1-1/2012 ბრძანება, რომელთა საფუძველზეც ეკონომიკის სამინისტროსთან შეიქმნა სპეცკავშირის სალიკვიდაციო კომისია, ძალაშია და არ გაუქმებულა. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ ლიკვიდაცია არის არა ერთჯერადი აქტი, არამედ პროცესი მიმართული ლიკვიდირებული სუბიექტის ვალდებულების შესრულებისაკენ. ვალდებულებაში პირთა შეცვლის დროს იცვლება სუბიექტური შემადგენლობა, ხოლო სისტემური კავშირი უფლებამოსილებასა და ვალდებულებას შორის ნარჩუნდება. აღმასრულებელი ხელისუფლება თავისი არსით წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების ერთიან შტოს, აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის ერთიანობა ორგანულად გადადის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემის ერთიანობაში. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო არის გარკვეული მოცულობის უფლებამოსილებების მატარებელი, სამინისტრო დარგობრივი ორგანოს სახით მოქმედებს და ხელმძღვანელობს საქმიანობის გარკვეულ სფეროს, მიუხედავად ამისა, სამინისტრო არ არის წმინდა დარგობრივი ორგანო, პრობლემათა ზრდის კვალდაკვალ იგი იმთავითვე თავისი დარგის კოორდინატორის როლში გვევლინება და ფაქტიურად დარგთაშორისი რაკურსით მოქმედებს. აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტები ახორციელებენ სახელმწიფო მმართველობას დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. ინოვაციის შედეგად ორგანოს გაუქმების მიუხედავად სახელმწიფო ინარჩუნებს სახელმწიფო ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებლობას. შესაბამისად მას უნარჩუნდება არა მხოლოდ შესრულების, არამედ უზრუნველყოფის პასუხისმგებლობაც. შახელმწიფო ორგანოთა შექმნა, მათ შორის ფუნქციების განაწილება წარმოადგენს ხელისუფლების დისკრეციის სფეროს, ორგანოთა გაუქმება, ინოვაციური სიახლეები არ იწვევენ სახელმწიფო ფუნქციების და ამოცანების მთლიანად გაუქმებას, შესაბამისად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაუქმებას.
საფუძველს მოკლებულია აგრეთვე დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სპეცკავშირი არ ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მინისტრთა კაბინეტის 21.02.1995წ. დადგენილებით დამტკიცებული კავშირგაბმულობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საფელდეგერო სამსახურის სამმართველოს დებულების თანახმად სამმართველო იყო იურიდიული პირი, ჰქონდა დამოუკიდებელი ბალანსი, ამასთანავე მისი შენახვა ძირითადად ხდებოდა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯზე, სამმართველოს ქვედანაყოფების დაფინანსება რესპუბლიკურ ცენტრებში ხორციელდებოდა ცენტრალიზებული წესით (5.1 პუნქტი). საქართველოს პრეზიდენტის 17.03.1997წ. №138 ბრძანებულებით დამტკიცებული სპეციალური კავშირის დებულების თანახმად, სამსახური დამოუკიდებლად ახორციელებდა სამეურნეო-ეკონომიკურ საქმიანობას, ჰქონდა დამოუკიდებელი ბალანსი და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სპეცკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისათვის (1.3 მუხ.). ამასთანავე, სპეცკავშირი ექვემდებარებოდა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს (1.4 მუხ.), სპეცკავშირის ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და გადაცემული ჰქონდა მას ფლობისა და ოპერატიული მართვის უფლებით. სპეცკავშირის სამსახური, საქართველოს პრეზიდენტის 06.02.1998წ. №68 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულების (1.4 მუხ.) თანახმად, წარმოადგენდა სახელმწიფო საქვეუწყებო საწარმოო დაწესებულებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული შრომის წიგნაკების მიხედვით, 1995 წელს სპეცკავშირის რესპუბლიკური სამმართველო გარდაიქმნა სახაზინო საწარმოდ. აღნიშნული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს შექმნას ითვალისწინებდა „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ 25.07.1991წ. კანონი, ხოლო შემდგომ 1995 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონი. „მეწარმეთა შესახებ“ კანონში 19.02.99წ. შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდა სახაზინო საწარმოს, როგორც საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. ამდენად, მოსარჩელეთა მიმართ არსებული დავალიანებების წარმოშობის დროისათვის (1997-1999წ.წ.) სპეცკავშირი ფუნქციონირებდა როგორც სახაზინო საწარმო. ხსენებული საკანონმდებლო აქტების თანახმად, სახაზინო საწარმოები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებდნენ თავისი განცალკევებული ქონებით, თუ კრედიტორი ვერ დაიკმაყოფილებდა თავის მოთხოვნებს საწარმოს ქონებიდან, მისი მოთხოვნები კმაყოფილდებოდა შესაბამისი სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეთა მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელსაც გადაეცა სპეცკავშირის ქონება ლიკვიდაციის შედეგად და დაევალა სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.
რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას სამსახურიდან გათავისუფლების გამო ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების შესახებ, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფიზიკურ პირებს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მოთხოვნის ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.11წ. გადაწყვეტილება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე