¹ბს-281-278 (კ-11) 23 მაისი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ქ. აბესაძე
კასატორი _ გ. ა-ი, წარმომადგენელი- დ. დ-ე;
მოწინააღმდეგე მხარე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი _ თ. Bბ-შვილი;
მესამე პირები_ვ. ა-ე და დ. ა-ი-ა-ე, წარმომადგენელი- ც. ს-ი;
გასაჩივრებული განჩინება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინება;
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ა-მა მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, დ. ა-ი-ა-ისა და ვ. ა-ის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დ. ა-ი-ა-ისა და ვ. ა-ის სახელზე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო ნომრით ¹...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე განხორციელებული ჩანაწერის; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 12 ნოემბრის რეგისტრაციის წარმოების შეწყვეტის შესახებ ¹882008281302-06 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკამყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას; ასევე მოპასუხის დავალდებულებას გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლდებრივი აქტი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო ნომრით ¹721415022) დაზუსტებული რეგისტრაციის განხორცილების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინებით თავდაპირველი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება 2009 წლის 12 ოქტომბრის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მაისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1992 წლის 6 ოქტომბერს სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის მიერ გამოიცა ¹2ახვ მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც გ. ა-ს სარგებლობაში გადაეცა 0,62 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სოფ. ..., ე.წ. “...”. მიღება-ჩაბარების აქტის შემადგენელი ნაწილის – მიწის ნაკვეთის გეგმის თანახმად გ. ა-ის მიწის ნაკვეთს დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება ზ. ქ-ის მიწის ნაკვეთი, აღმოსავლეთით – დ. ა-ის მიწის ნაკვეთი, ხოლო ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან კი – გზები. მიღება-ჩაბარების აქტში ასევე მითითებულია, რომ მისი ფორმა დამტკიცებულია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის ¹503 დადგენილებით (ტ. I, ს.ფ. 28), ამდენად – 1992 წლის 6 ოქტომბერს ამ მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემა შეუძლებელი იყო.
2001 წლის 29 აგვისტოს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა გ. ა-ის საკუთრების უფლება; ფართობის გრაფაში მიეთითა “0,652 ჰა დაუზუსტებელი”; მიწის ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ¹... (ტ. I, ს.ფ. 26).
2002 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დ. ა-ის და ვ. ა-ის საკუთრების უფლება სოფ. ... მდებარე 0,21 ჰა (დაზუსტებული) მიწის ნაკვეთზე; უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ¹... (ტ. I, ს.ფ. 184).
გ. ა-ს აღძრული ჰქონდა სარჩელი, რაზედაც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 მარტის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა. ეს განჩინება დარჩა უცვლელად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით (ტ. I, ს.ფ. 13). სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ა-ის მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც მდებარეობს მე-15 კვარტალში, არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოპასუხეების კუთვნილი ¹077 მიწის ნაკვეთი, რადგან ეს უკანასკნელი მდებარეობდა 32-ე კვარტალში. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 0,652 ჰა მიწის ნაკვეთი არის დაუზუსტებელი, რაც წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებისა და საკადასტრო რუკების საფუძველზე არ იძლევა მოპასუხეების კუთვნილი მიწის ნაკვეთით მოსარჩელის კუთვნილი საკადასტრო ერთეულის გადაფარვის დადგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული რეგისტრაციით გ. ა-ს პირდაპირი და უშუალო ზიანი არ ადგება.
2008 წლის 23 სექტემბერს გ. ა-მა განცხადებით მიმართა “სააგენტოს” მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ – უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ¹... დაზუსტებული რეგისტრაციის (ფართობი – 0,62 ჰა) განხორციელება შპს “...” მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად (ტ. I, ს.ფ. 29).
მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 30 სექტემბრის ¹882008281302-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, იმ მოტივით, რომ წარსადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტის დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე – წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით ფიქსირებული საკადასტრო ერთეული მოიცავდა დ. ა-ისა და ვ. ა-ის კუთვნილ 2100 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს. განმცხადებელს დაენიშნა 30 კალენდარული დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად (ტ.I, ს.ფ. 19).
მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 12 ნოემბრის ¹882008281302-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ გ. ა-ს არ გამოუსწორებია მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ერთეულსა და უკვე რეგისტრირებულ, დ. ა-ისა და ვ. ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებში ზედდება (ტ. I, ს.ფ. 22).
2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება გ. ა-მა გაასაჩივრა “სააგენტოში”, რომლის 2008 წლის 24 დეკემბრის ¹01/11-7656/4369/ა გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ 2008 წლის 30 სექტემბრის ¹882008281302-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოება შეჩერების შესახებ გ. ა-ს არ გაუსაჩივრებია; მას, დადგენილ 30-დღიან ვადაში, არ აღმოუფხვრია დ. ა-ისა და ვ. ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთის საზღვრებში შეჭრის ხარვეზი (ტ. I, ს.ფ. 23).
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ცდილობს დაამტკიცოს, რომ მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით ¹... და ¹... – წარმოადგენენ ერთი და იგივე და მოპასუხეების კუთვნილი ¹... მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, რადგან მას სხვა მიწის ნაკვეთი სოფ. ... არ ჰქონია; საამისოდ უთითებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ: 1) სსიპ ლ. ს-ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 8 ივნისის ¹კ-1580/18 დასკვნაზე, რომლის თანახმადაც შპს “...” მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვით ნახაზზე (ტ. I, ს.ფ. 29; ს.ფ. 275) ასახული მიწის ნაკვეთი გადაფარულია მიწის ნაკვეთით, საკადასტრო კოდით ¹...; გადაფარვის ფართია 1731 კვ. მეტრი (ტ. I, ს.ფ. 272-281); პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული დასკვნა ვერ გამოდგება მითითებული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან საკადასტრო აზომვა განხორციელდა გ. ა-ის დაკვეთით, მის მიერვე მითითებულ ადგილას; შესაბამისად, თვითონ საკადასტრო აზომვითი ნახაზი ვერ მიიჩნევა ამ გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად. ექსპერტმა კი დააფიქსირა ფაქტობრივი ვითარება, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე; 2) მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 8 მაისის ¹1372 წერილზე, რომლის თანახმად გ. ა-ის სახელზე რიცხულ 0,58 ჰა მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით ¹..., დაედო ყადაღა მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართვის საფუძველზე (ტ. I, ს.ფ. 282).
საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავს მითითებული მიწის ნაკვეთების იგივეობას, კერძოდ: 1) სააღრიცხვო ბარათები, რომლებითაც ირკვევა, რომ ¹... და ¹... სხვადასხვა უძრავი ნივთებია: ¹... ნივთის მესაკუთრედ, 2001 წლის 28 აგვისტოდან დღემდე, რეგისტრირებულია გ. ა-ი; ¹... ნივთზე, მართალია, გახსნილია სააღრიცხვო ბარათი, თუმცა მის მიმართ არანაირი იურიდიული ქმედება არ განხორციელებულა, არც მისი მესაკუთრეა დაფიქსირებული (ტ. I, ს.ფ.362-365). 2007 წლის 5 ივნისს მომზადებული საკადასტრო რუკით დგინდება, რომ ¹... ნივთის ფართობია 0,58 ჰა (ტ.I, ს.ფ.84), რაც 720 კვ. მეტრით ნაკლებია გ. ა-ის საკუთრებად რეგისტრირებული ¹... მიწის ნაკვეთის ფართობზე. არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გ. ა-ის კუთვნილი ¹... საკადასტრო კოდი შეიცვალა, შემდგომ ისევ აღდგა, წარმოდგენილი არ არის; 2) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინებით (საქმე ¹ბს-1143-719(კ-05) დგინდება, რომ მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სარჩელის საფუძველზე სასამართლომ გ. ა-ის კუთვნილი ორი სადავო მიწის ნაკვეთიდან – საკადასტრო კოდებით ¹... და ¹... – მეორე მათგანი მიიჩნია უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებად და გადასცა სახელმწიფოს; ხოლო ¹... მიწის ნაკვეთის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რათა გარკვეულიყო საკითხი – აღნიშნული მიწის ნაკვეთი ხომ არ წარმოადგენდა ბაბუისაგან ანდერძით მიღებულ უძრავ ქონებას (ტ.I, ს.ფ.108). ამდენად, მოსარჩელის მტკიცება, რომ მას მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი გააჩნდა საკუთრებაში, არ შეესაბამება რეალობას; 3). საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული საკადასტრო რუკა (ორთო-ფოტოს ელემენტებით), მასზე დატანილი UთM საერთაშორისო სისტემის კოორდინატებით, რომლის თანახმად თვალსაჩინოა, რომ გ. ა-ის კუთვნილ ¹... მიწის ნაკვეთსა და მოპასუხეების კუთვნილ ¹... მიწის ნაკვეთს შორის მანძილი 5 კილომეტრია (ტ.I, ს.ფ.317); 4) საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული საკადასტრო რუკა (ორთო-ფოტოს ელემენტებით), საიდანაც ნათლად ჩანს, რომ გ. ა-ის დაკვეთით შპს “...” მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არც ერთი მხრიდან არ არის შემოსაზღვრული გზებით, როგორც ეს 1992 წლის 6 ოქტომბერს სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის მიერ გამოცემულ ¹2ახვ მიღება-ჩაბარების აქტშია აღნიშნული (ტ.II, ს.ფ.36).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის ¹206 ბრძანებულებით საქართველოს ტერიტორიაზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების შესრულების, ტოპოგრაფიული რუკების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა დონეზე შექმნის და ერთიანი სახელმწიფო გეოინფორმაციული სისტემის გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საფუძვლის ფორმირების მიზნით საქართველოში საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ გაზომვათა შედეგების პროექტირების ზედაპირად დადგინდა საერთაშორისო ელიფსოიდი (ჭGშ-84) შემდეგი ძირითადი პარამეტრებით: (დიდი ნახევარღერძი) ა=6378137მ; (პოლარული შეკუმშულობა) ა=1/298,25722. საქართველოს სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების მათემატიკურ საფუძვლად (კარტოგრაფიული პროექცია) დადგინდა მერკატორის უნივერსალური ტოლკუთხა განივცილიანდრული პროექცია (UთM);
გ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას თან უნდა დართვოდა ჭGშ-84 სისტემის UთM პროექციით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც საშუალებას მისცემდა სარეგისტრაციო სამსახურს – ზუსტად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განესაზღვრა გ. ა-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და საზღვრები. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ჭGშ-84 სისტემის UთM პროექციით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე არ მომხდარა; მოხდა რეგისტრაცია დაუზუსტებელი ფართობისა და ადგილმდებარეობის უძრავ ნივთზე;
2002 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრში განხორციელდა დ. ა-ისა და ვ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაზუსტებული ფართობისა და ადგილმდებარეობის უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი ¹.... საჯარო რეესტრის მონაცემებით, სრულად ხდება ამ ნივთის იდენტიფიცირება, დგინდება ფართობი, ლოკაცია და საკადასტრო საზღვრების კონფიგურაცია. ამ რეგისტრაციის განხორციელებისას არ არსებობდა უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი: გ. ა-ის დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობის პირობებში ვერანაირად დადგინდებოდა მისი კუთვნილი (საკადასტრო კოდით ¹...) მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა და ფართობი, შესაბამისად – ზუსტი საკადასტრო მონაცემები. დ. ა-ისა და ვ. ა-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების შეუსაბამობის განსაზღვრა გ. ა-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან შეუძლებელი იყო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32.1 მუხლებზე მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული, მოპასუხეების – დ. ა-ი-ა-ისა და ვ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერი მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ¹... გაუქმებასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა: 1) გასაჩივრებული რეგისტრაციის კანონსაწინააღმდეგობა; 2) გასაჩივრებული რეგისტრაციით გ. ა-ის კანონიერი უფლება-ინტერესების შელახვა. გასაჩივრებული რეგისტრაცია არანაირ ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, არც უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, რის გამოც არ არსებობს მითითებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
“უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის (გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მოქმედი) 24-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად – იგი ვალდებული იყო, სრულად აღმოეფხვრა მასში მითითებული და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების განმაპირობებელი გარემოებები. მოსარჩელეს, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, არ წარუდგენია მარეგისტრირებელი ორგანოსათვის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 12 ნოემბრის ¹882008281302-06 გადაწყვეტილება კანონიერია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 201.1 მუხლების შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ “სააგენტო” ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. შესაბამისად, 2008 წლის 24 დეკემბრის ¹01/11-7656/4369/ა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასარჩელო მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ, დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, უსაფუძვლო იყო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებითYგ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის არ დაკმაყოფილების შესახებ და მიიჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდებოდა და არც მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (სსსკ 102-ე მუხლი), იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადავო ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა კანონით დადგენილი მოთხოვნების ისეთი დარღვევით, რაც საფუძველი გახდებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა.
კასატორი საკასაციო საჩივარში განმარტავდა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე ,,ა”, ,,ბ “ ,,გ” და ,,დ” პუნქტები მოპასუხეების მიმართ, ვინაიდან არ არსებობდა მიწის ნაკვეთზე მოპასუხეთა საკუთრების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი, ხოლო მათ მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში არ არის მითითებული ის მიწის ნაკვეთი, რომელიც დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე ,,ბ” პუნქტი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებული რეგისტრაცია, თუნდაც დაუზუსტებელი, გამორიცხავდა იმავე მიწის ნაკვეთის ნაწილზე მოპასუხეთა უფლების რეგისტრაციას. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებენა ,,საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატორთა სისტემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის ¹206 ბრძანებულება, ვინაიდან აღნიშნული არ აწესრიგებს სადავო ურთიერთობას.
კასატორის მითითებით, სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე მიანიჭა წინასწარ დადგენილი ძალა მოპასუხე მარეგისტრირებელი ორგანოს უსაფუძვლო განმარტებასა და არასრულად წარმოდგენილ მონაცემებს იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს შეცვლილი არ აქვს საკადასტრო კოდი. წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გ. ა-ის სახელზე რიცხულ ... მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო ყადაღა. სასამართლოს მხრიდან არ მიეცა სათანადო შეფასება დადგენილად მიჩნეულ აღნიშნულ გერემოებას. მის მიწის ნაკვეთს არასწორად ჰქონდა მინიჭებული საკადასტრო კოდი ¹..., რაც მაშინდელი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ იქნა გამოსწორებული და მიენიჭა კიდეც სწორი ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ¹... საკადასტრო კოდი.
კასატორის განმარტებით, 1996 წლის 6 ოქტომბერი მიღება-ჩაბარების აქტზე სოფ. ... საეთრო კრების გადაწყვეტილების და არა მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის შევსების თარიღია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, არასრულყოფილადაა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არასწორადაა განმარტებული კანონი, რაც იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით განსაზღვრულ საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1992 წლის 6 ოქტომბრის ¹2ახვ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე კასატორ _ გ. ა-ს გადაეცა 0,62 ჰა მიწის ნაკვეთი სოფ. ..., ე.წ. ,, ...”.
2001 წლის 29 აგვისტოს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა გ. ა-ის საკუთრების უფლება, დაუზუსტებელი ფართით 0,652 ჰა, მიწის ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ¹....
2002 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დ. ა-ისა და ვ. ა-ის საკუთრების უფლება სოფ. ... 0,21 ჰა დაზუსტებულ მიწის ნაკვეთზე, უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი @¹....
2008 წლის 23 სექტემბერს გ. ა-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ¹... დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელება.
მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 30 სექტემბრის ¹882008281302-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ წარსადგენი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტის დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით ფიქსირებული საკადასტრო ერთეული მოიცავდა დ. ა-ისა და ვ. ა-ის კუთვნილ 2100 კვ/მ მიწის ნაკვეთს. განმცხადებელს განესაზღვრა 30 დღე ხარვეზის გამოსასწორებლად.
მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 12 ნოემბრის ¹882008281302-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ გ. ა-ს არ გამოუსწორებია მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ერთეულსა და უკვე რეგისტრირებულ, დ. ა-სა და ვ. ა-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებში ზედდება.
2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება გ. ა-მა გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოითხოვა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, დ. ა-ისა და ვ. ა-ის საკუთრების უფლების ბათილად ცნობა ¹... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე.
როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, მოსარჩელე (კასატორი) სარჩელის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ¹... და ¹... წარმოადგენს ერთსა და იმავე ნაკვეთს, რომელიც საჯარო რეესტრის მიერ, საკუთრების უფლებით, უკანონოდაა დარეგისტრირებული დ. ა-ისა და ვ. ა-ის სახელზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ა-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა ფაქტობრივად ერთადერთ საფუძველზე მითითებით, გ. ა-ის მიერ მოხდა დაუზუსტებელი ფართის რეგისტრაცია, რაც არ გამორიცხავს მე-3 პირებზე მიწის დაზუსტებული რეგისტრაციით განხორციელების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, მიიჩნევს, რომ სარჩელის უარყოფა მომხდარია ფორმალური ნიშნით, ისე, რომ სასამართლოს არ შეუმოწმებია მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლისა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საგულისხმოა, რომ გ. ა-ს სადავო მიწის ნაკვეთი, მართალია, დაუზუსტებელი სახით, მაგრამ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში. მიწა ასევე რეგისტრირებულია დ. ა-ისა და ვ. ა-ის სახელზე, ამდენად, რეგისტრაციის უტყუარობის პრეზუმცია არსებობს თითოეული მათგანის მიმართ, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლოს ავალდებულებს შეამოწმოს, რეგისტრირებული მონაცემებიდან რომელი ეყრდნობა სამართლებრივ საფუძველს და საკუთრების უფლების წარმოშობის კუთხით, რომელ მათგანს გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა.
საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის წამოშობილი დავის სამართლებრივ გადაწყვეტას შეუძლებლად მიიჩნევს სადავო ჩანაწერის მხოლოდ ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების გზით და თვლის, რომ აქტის ლეგიტიმაციისათვის გადამწყვეტი უნდა იყოს მისი კანონიერება მატერიალური თვალსაზრისით, რაც სასამართლოს არ შეუმოწმებია.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ეჭვქვეშ აყენებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ნაკვეთის სხვადასხვაობის თაობაზე და აღნიშნავს, იმ გარემოებას, რომ დავა შეეხება ერთი და იმავე მიწის ნაკვეთს, ადასტურებენ თავად მოდავე მხარეები და რაც მნიშვნელოვანია, გ. ა-ზე, მიღება-ჩაბარების აქტისა და თანდართული ნახაზის შესაბამისად, მიწა გაცემულია ერთ ნაკვეთად, ხოლო ის გარემოება, რომ მიწის დანარჩენ ნაწილს კასატორი ფლობს სწორედ სადავო მიწის მომიჯნავედ, მხარეთა შორის სადავო არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოების გაზიარების შესაძლებლობას, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასევე უნდა იქცეს დამატებით მსჯელობის საგნად.
,,საქართველოს რესპუბლიკაში მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993 წლის ¹503 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს მიწის რეფორმის შედეგად მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს.
საქმეში ტ.1 ს.ფ. 28 წარმოდგენილია გ. ა-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც დგინდება, რომ კასატორს სოფ. ... ე.წ. ,, ...” გადაეცა 0,62 ჰა მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია მომიჯნავე ნაკვეთები, აქტი დადასტურებულია ნაკვეთის გამცემი პირების ხელმოწერით, მიღება-ჩაბარების აქტს საფუძვლად უდევს ... მიწის რეფორმის კომისიის 1992 წლის 24 სექტემბრის ¹1 დადგენილება.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილია მიწათსარგებლობის დამდგენი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც მხარეთა შორის სადავო არ არის. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს მითითებული დოკუმენტის მნიშვნელობას და აღნიშნავს შემდეგს: ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის მართზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07 წ. ¹525 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, სხვებთან ერთად, არის ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.91 წ. ¹48 დადგენილების შესაბამისად შექმნილი დოკუმენტი.
ამდენად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს იმ სახის დოკუმენტს, რომელიც მხარეს ანიჭებს შესაძლებლობას ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზეც კი მოითხოვოს უფლების რეგისტრაცია (საგულისხმოა, რომ წინამდებარე საქმეში გ. ა-ზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელებულია.)
ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგნად უნდა იქცეს, გააჩნია თუ არა ასეთივე ან იგივე იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი საფუძველი დ. ა-ი-ა-ის სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციას.
საქმეში ტ.1 ს.ფ. 31 წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერი დ. ა-ისა და ვ. ა-ის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელშიც რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სოფ. ... საკრებულოს 2.10.2002 წლის ¹1344 და ამავე საკრებულოს 29.08.2002 წლის ¹1128 გადაწყვეტილებები. აქედან ¹1344 აქტი წარმოადგენს ცნობას იმის თაობაზე, რომ დ. ა-ს მის მფლობელობაში არსებულ ¹... მიწის ნაკვეთზე -0,21 ჰა _ დავალიანება არ ერიცხება, ხოლო, რაც შეეხება მე-2 საფუძველს, კერძოდ 29.08.2002 წლის ¹1128 გადაწყვეტილებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საქმეში ასევე დაცულია დ. ა-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც დ. ა-ის სახელზე მიწა გაცემულია სამ ნაკვეთად და არც ერთი მათგანის ადგილმდებარეობად ე.წ. ,, ...” მითითებული არ არის.
ვინაიდან არც ერთ ჩანაწერში უფლების დამდგენ დოკუმენტად მიღება-ჩაბარების აქტი მითითებული არ არის, სასამართლომ შესაძლოა გაიზიაროს დ. ა-ი-ა-ის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული აქტის არსებობის თაობაზე მათთვის ცნობილი არ ყოფილა და მისი გამოყენება არ მომხდარა, მაგრამ ამ პირობებში მხარე ვალდებულია წარმოადგინოს სადავო ნაკვეთზე უფლებადამდგენი დოკუმენტი, რაც სასამართლოს მისცემს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
,,სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹327 ბრძანებულება მიწის პირველადი რეგისტრაციისათვის სავალდებულოდ მიიჩნევდა ერთერთი ქვემოაღნიშნული დოკუმენტის არსებობას: მიწის მიღება ჩაბარების აქტი; ამ აქტის არარსებობის შემთხვევაში, სოფლის, დაბის, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის, დაბის ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწის განაწილების სია, მიწის გამოყოფის გეგმასთან ერთად. ხოლო ზემოაღნიშნული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწის განაწილების სია, რომელსაც თან ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, რა დაედო საფუძვლად დ. ა-ის სახელზე ე.წ. ,,...” განხორციელებულ რეგისტრაციას. საგულისხმოა, რომ საკომლო ჩანაწერების მიხედვით მიწა ფიქსირდება ე.წ. ,,...”, რაც არ იძლევა სადავო მიწის ნაკვეთის მითითებულ ნაკვეთთან იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ცალსახად გამორიცხავს მიწის იმ ნაკვეთებზე განხორციელებული რეგისტრაციის ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე დავის საგანს, მაგრამ მხარეთა უფლების დაცვისა და დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვნად მიიჩნევს დადგინდეს, რა ოდენობის მიწის ნაკვეთს ფლობს (ფლობდა) თითოეული მოდავე მხარე და არსებობს თუ არა თანხვედრა ამ მიწის ნაკვეთების ფართსა და სოფ. ... არსებულ ზღვრულ ნორმას შორის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე დამატებითი გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე