¹ბს-115-114(კ-12) 21 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ ვ. ო-ი
წარმომადგენელი _ ნ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი _ ვ. ზ-ი; 2. იზა და ა. ჩ-ი
მესამე პირი _ წყალტუბოს არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი _ ვ. ც-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ დაზუსტებული აზომვითი ნახაზისა და საკუთრების რეგისტრაციის აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 14 ივლისს ვ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურისა და ი. და ა. ჩ-ების მიმართ.
მოსარჩელემ ი. და ა. ც-ების საკუთრებაში არსებული (წყალტუბოს რაიონი, სოფელ ... მდებარე) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ჩანაწერისა და დაზუსტებული აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2002 წლიდან წარმოადგენს წყალტუბოს რაიონის სოფელ ... მდებარე ბენზოგასამართი სადგურის მესაკუთრეს, რომელიც 1997 წელშია აშენებული. ბენზოგასამართ სადგურს დადგენილი სტანდარტების თანახმად გააჩნია შესასვლელი გზა ე.წ. ჯიბე. მოსარჩელის მითითებით, 2010 წლის 7 ივლისს მოსაზღვრე ნაკვეთის მესაკუთრეებმა - ი. და ა. ც-ებმა დაიწყეს ბენზოგასამართ სადგურთან მისასვლელი გზის შეღობვა, მასზე განალაგეს რკინის კონსტრუქციები და განაცხადეს, რომ ის წარმოადგენს მათ საკუთრებას. მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლის 25 ივნისს წყალტუბოს სასკოლო კომბინატის შენობა-ნაგებობა შეიძინა წყალტუბოს რაიონის სოფელ ... მცხოვრებმა გ. ჯ-ემ, ხოლო 1999 წლის 24 დეკემბერს ი. ც-ამ გ. ჯ-ისგან შეიძინა სასკოლო კომბინატის შენობა-ნაგებობა, სადაც არ შედიოდა მიწის ფართი.
მოსარჩელის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი. ც-ამ შეიძინა სასკოლო კომბინატის შენობა-ნაგებობა, ხოლო მიწა დაიკანონა ფაქტიური მფლობელობის საფუძველზე არსებითი დარღვევებით, რადგან ტექნიკურ პასპორტში ფაქტიური მფლობელობა აღნიშნულია მხოლოდ 2685 კვ.მ., ხოლო დანარჩენი ფართის ფაქტიური ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოპასუხეებს არ გააჩნდათ.
მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრში ი. და ა. ც-ების საბუთებში წარდგენილია 2001 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული საკადასტრო რუკა, რომელიც დაუზუსტებელია და არ გააჩნია კოორდინატთა სისტემა. მოსარჩელის მითითებით, გაურკვეველია ვის მიერ და რის საფუძველზე შეიქმნა აზომვითი ნახაზი, ვინაიდან, სასკოლო კომბინატის შენობას ფაქტიურ მფლობელობაში არ ჰქონია ამხელა ფართი და არც ამ ფორმით დაცული ნახაზი. არც ც-ები ფლობდნენ და დღესაც არ ფლობენ ამ ფორმით აღნიშნულ მიწის ფართს. მოსარჩელის მითითებით, 2001 წელს გადაღებული ორთოფოტოს მიხედვით ნათლად ჩანს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არის გზა, რომელიც მანამდე არსებობდა, ვიდრე ი. ც-ა მოსაზღვრე შენობა-ნაგებობის მესაკუთრე გახდებოდა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ წყალტუბოს არქიტექტურის სამსახური და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 აგვისტოს საოქმო განჩინებით მესამე პირი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამოირიცხა განსახილველი საქმიდან.
2010 წლის 22 სექტემბერს მოცემული ადმინისტრაციული საქმე გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; 132 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი (წყალტუბოს რაიონში, სოფელ ... მდებარე) ი. და ა. ც-ების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ჩანაწერი (ს/კ ...) და მისი საფუძველი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელექტორნული ვერსია); ი. და ა. ც-ების კუთვნილი მიწის ნაკვეთის ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მხარეს არსებული საზღვარი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ამ ქონებაზე არსებული ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემებთან და ი. და ა. ც-ების კუთვნილი უძრავი ქონების საზღვრის მიჯნა განისაზღვრა ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მხარეს გზის სავალი ნაწილის გარე კონტურის ხაზიდან 11 მ. მოშორებით (ექსპერტიზის ¹7595/15-2010 დასკვნის ¹4 დანართის შესაბამისად).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ა. ც-ებმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილბით ი. და ა. ც-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის 24 დეკემბრის ნასყიდობის (ყიდვა-გაყიდვის) ხელშეკრულებით ი. ც-ამ გ. ჯ-ისაგან შეიძინა წყალტუბოს რ-ნი, სოფ. ... მდებარე სასკოლო კომბინატის შენობა-ნაგებობა, რომელიც შვიდი დამხმარე ოთახისაგან შედგებოდა, სასარგებლო ფართობით 395.4 კვ.მ., სამეურნეო ფართობით 44.0 კვ.მ. (ტ.I; ს.ფ.20-21). მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის შესაბამისად (განცხადების რეგისტრაციის თარიღი 2000 წლის 7 ნოემბერი) წყალტუბოს რ-ნი, სოფ. ... მდებარე 3515 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ი. ც-ას საკუთრებას (ტ.I; ს.ფ. 94). 2010 წლის 26 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერით 2002 წლიდან ზემოაღნიშნულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დაზუსტებული 3515 კვ. მეტრის (ნაკვეთის ნომერია:...035, წინა ნომერი იყო .....015) მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ი., ა., თ. და ლ. ც-ების საკუთრებად (ტ.I; ს.ფ. 23). აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი 1:1000 მასშტაბით განთავსებულია ტ.I; ს.ფ. 25-ზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2002 წლიდან მოსარჩელე ვ. ო-ის საკუთრებას წარმოადგენს წყალტუბოს რ-ნი, სოფ. ... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...) (ტ.I; ს.ფ. 14).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ტ. I, ს.ფ. 17-ზე და 209-ზე განთავსებულ “სადგურის გენგეგმა”-სა და “განთავსების გენგეგმა”-ში (საქმეში წარმოდგენილია ქსეროასლების სახით, მათი დედნები მხარეებმა ვერ წარმოადგინეს) მოცემულია ე.წ. “ჯიბე”-ს (მისასვლელი გზის) ზომები (მასშტაბი 1:500).
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, 2011 წლის 27 იანვრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად: “- საქმის მასალებში ს.ფ. 15-ზე მოცემული სასკოლო კომბინატის შენობა-ნაგებობის ტექნიკური პასპორტის მიწის ნაკვეთის გეგმის მასშტაბის გათვალისწინებით, სასკოლო კომბინატის მიწის მფლობელობიდან გზის სავალი ნაწილის გარე კონტურის ხაზამდე მანძილი შეადგენს 11 მერტს. - საქმის მასალებში ს.ფ. 22-ზე მოცემული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის რეგისტრატურის მიერ მომზადებული ი. ც-ას მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკის მიხედვით, ტექნიკურად შეუძლებელია დადგინდეს ც-ების საკუთრების ზუსტი სივრცობრივი განლაგება საავტომობილო გზის მიმართ. - საქართველოს სტანდარტის სსტ 72:2009 “გზები საავტომობილო საერთო სარგებლობის, გეომეტრიული და სტრუქტურული მოთხოვნები” დანართი 4-ის მიხედვით, ც-ას ნაკვეთის გზის გასწვრივი საზღვრის მინიმალური დაშორება საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გარე კონტურიდან არ უნდა იყოს 3.5 მეტრზე ნაკლები. - საქმის მასალებში ს.ფ. 92-ზე და 93-ზე მოცემული საკადასტრო გეგმების მიხედვით, ც-ების საკუთრების გზის სავალი ნაწილის გარე კონტურიდან დაშორება შეადგენს 7 მეტრს. - ბენზოგასამართი სადგურის გენგეგმის და განთავსების გეგმის მიხედვით ც-ების ნაკვეთის გზის ღერძულა ხაზიდან დაშორების განსაზღვრა ტექნიკურად შეუძლებელია. საქართველოს სტანდარტის სსტ 72:2009 “გზები საავტომობილო საერთო სარგებლობის, გეომეტრიული და სტრუქტურული მოთხოვნები” დანართი 4-ის მიხედვით, ორზოლიანი საერთაშორისო მნიშვნელობის გზებისათვის გზის სავალი ნაწილის გარე კონტურიდან დაშორება მთლიანად გზისათვის მიკუთვნებული მიწის ზოლის გარე კონტურამდე უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3.5 მეტრს. - ი. და ა. ც-ების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ელექტრონული ვერსია შეესაბამება იგივე მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზს. საკადასტრო ნახაზისა და ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში დაცულ იგივე მიწის ნაკვეთის პირველადი ნახაზის შედარება ნაჩვენებია №4 დანართში. - ვ. ო-ის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის (ს/კ ...) ელვერსია შეესაბამება თუ არა იგივე მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზს და ტექინვენტარიზაციის ბიუროში დაცულ ნახაზს, საქმის მასალების მიხედვით ტექნიკურად შეუძლებელია. - ბენზოგასამართი სადგურის ე.წ. “ჯიბის” ც-ების ნაკვეთთან გადაფარვის სქემა მოცემულია №5 დანართზე. - დღეის მდგომარეობით ყოფილი სასკოლო კომბინატის მიწის ნაკვეთის მყარი სამიჯნე ზღვარი საავტომობილო გზის მხარეს შეინიშნება მხოლოდ საზღვრის აღმოსავლეთ კუთხიდან 11 მეტრის მონაკვეთზე და აღნიშნული მონაკვეთი ცენტრალური საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გარეკონტურის ხაზიდან დაშორებულია 9.2 მეტრით.”
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2011 წლის 22 აგვისტოს დამატებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით: “-ტექბიუროს მიერ წარმოდგენილი გეგმის (ტ.I; ს.ფ. 60) მიხედვით (თავისი მასშტაბის გათვალისწინებით) დაშორება ი. და ა. ც-ების მფლობელობიდან ცენტრალური გზის სავალი ნაწილის კიდემდე, როცა მყარ წერტილად მიღებული იქნება მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა შეადგენს 11.7 მეტრს. - ი. და ა. ც-ების საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (ტ.I; ს.ფ. 25), დაშორება მათი საკუთრებიდან გზის კიდემდე, როცა მყარ წერტილად მიღებული იქნება მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა შეადგენს 11.7 მეტრს. - ტექბიუროს გეგმისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის გეგმების და არსებული რეალური ფართის გეგმის ურთიერთშედარება ნაჩვენებია №4 დანართში. დანართში მყარ წერტილად განხილულია მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა. - ტექბიუროს გეგმაში (ტ.I; ს.ფ. 60), მითითებული მასშტაბის გათვალისწინებით, ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მარჯვენა კიდიდან 11 მეტრი ფიქსირდება ც-ების მფლობელობაში არსებულ მიწის ფართის სამხრეთ საზღვარზე. საკადასტრო აზომვით ნახაზში (ტ.I; ს.ფ. 25), მასშტაბის გათვალისწინებით, ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილი გზის მარჯვენა კიდიდან 11 მეტრი შედის ც-ების მფლობელობაში არსებულ მიწის ფართში 6.0 მეტრის შიგნით (დანართი №5)”.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. ო-ი სარჩელით ითხოვს წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მდებარე ი. და ა. ც-ების საკუთრების რეგისტრაციის აქტისა და დაზუსტებული აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ო-ისა და ი., თ., ლ., ა. ც-ების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ტექბიუროს ჩანაწერების, საჯარო რეესტრის ამონაწერების, საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ერთმანეთთან გადაფარვაში არ არის, უფრო მეტიც, მათ შორის არსებობს 9 მეტრი სიგანის ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, რომელიც “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “რ” ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამავე ორგანული კანონის 47-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ. გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, (რაც მოცემულ საქმეს არ ეხება), თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვ. ო-ის საკუთრება თავისი ფართით და საზღვრებით არ არის აპელანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების უშუალო საზღვარზე (მოსაზღვრე), რადგან მათ შორის არსებობს გზა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ვ. ო-ი აპელანტების საკუთრების მიმართ ვერ ჩაითვლება დაინტერესებულ პირად, რამეთუ დაინტერესებულია პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნიშანდობლივია, რომ არც 9 მეტრის გზა, რომელიც ვ. ო-სა და აპელანტებს შორის გადის და არც ა.გ.ს-მდე მისასვლელი გზა არც ერთი მხარის საკუთრება არ არის, ხოლო წყალტუბოს თვითმმართველი ერთეული, რომლის საკუთრებაშია ადგილობრივი მნიშვნელობის გზა და ე.წ. “ჯიბე” ავტოგასამართ სადგურამდე მისასვლელი გზის მონაკვეთი, არც თავად ასაჩივრებს ც-ების საკუთრების რეგისტრაციის აქტს და დაზუსტებულ აზომვით ნახაზს, არც მხარედ არის დასახელებული და არც სავალდებულო მესამე პირად არის ჩაბმული, რადგან დავის საგნიდან გამომდინარე მოსარჩელემ ზოგადად უალტერნატივო, ერთმნიშვნელოვანი მოტივაცია ჩამოაყალიბა აპელანტების მიმართ და უშუალოდ მათი სარეგისტრაციო მონაცემების და ერთ-ერთი საფუძვლის სრულად ბათილად ცნობა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის საფუძვლიდან გამომდინარე, რომლითაც პრეტენზია გაცხადებულია ა.გ.ს-ის ნორმალური ფუნქციონირების ხელშემშლელ გარემოებაზე, აღსანიშნავია, რომ “სადგურის გენგეგმასა” და “განთავსების გენგეგმაში” დაფიქსირებული ე.წ. “ჯიბე”, სიგრძის, სიგანისა და დაქანების კუთხის გათვალისწინებით, იმგვარად არის განთავსებული, რომ არც ვ. ო-ის და არც აპელანტების საკუთრებას, როგორც წესი, არ უნდა ფარავდეს, თუმცა ცხადია, რომ სასამართლოს კვლევის საგანი არ იყო “სადგურის გენგეგმის”, “განთავსების გენგეგმის” და რეალურად აგებული ე.წ. “ჯიბე”-ს კანონიერების საკითხები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2011 წლის 22 აგვისტოს დამატებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, როცა მყარ წერტილად მიღებული იქნება მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა, ელ. ვერსიის მონაცემებთან შედარებით “ჯიბე”-ში ვერტიკალური ხაზი შედის და გადაკვეთს 2.33 მეტრით, ხოლო გზის პარალელურად შედის 5.11 მეტრით, საბოლოოდ გარკვეულ მონაკვეთზე მიიღება სამკუთხედი ფორმის ფართი დაახლოებით 5.8 კვ. მეტრის ოდენობით (იხ. სხდ.ოქმი 04.11.2011წ.13.33.11).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საყურადღებოა, რომ მოცემულ საქმეზე არ განიხილება ე.წ. “ჯიბე”-ს მესაკუთრის - საკრებულოს პრეტენზიები საკადასტრო გადაფარვასთან დაკავშირებით, ხოლო მოსარგებლე პირმა ა.გ.ს-ის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ დაასაბუთა (აგს-ი ფუნქციონირებს). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ აღნიშნა იმ თვალსაზრისით, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, ი. და ა. ც-ების საკუთრების რეგისტრაციის აქტისა და დაზუსტებული აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის შინაარსობრივი და საგნობრივი დეფინიციიდან გამომდინარე, მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ტერიტორიალური სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია დაეყრდნოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ან ციფრული ვერსიები, არც საჯარო რეესტრის მიერ არის მიღებული რაიმე აქტი იმის შესახებ, რომელიც დაადასტურებდა ი. და ა. ც-ების მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის, მათ შორის ციფრული ვერსიის, საპირისპიროს, თუნდაც გარკვეულ ნაწილში იმ კუთხით, რომ ის ფარავს ე.წ. “ჯიბე”-ს მონაკვეთს და რომ ეს დადგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებით, რომელიც ფართობებს შორის ცდომილებას აფიქსირებს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ი. და ა. ც-ების საკუთრების რეგისტრაციის აქტისა და დაზუსტებული აზომვითი ნახაზის თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, პროცედურულ-სამართლებრივ ასპექტში, დაცულია აქტის გამოცემისათვის საჭირო საგნობრივი და ტერიტორიული კომპეტენცია, ადმინისტრაციული წარმოების სახე და გამოცემის ფორმა, ანუ აქტის ფორმალური კანონიერება. ამასთან, გასაჩივრებული აქტები: საკუთრების რეგისტრაციის აქტი და დაზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და ამ კუთხით დაცულია აქტების მატერიალური კანონიერება.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ო-ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რის გამოც გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ო-მა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივ დასაბუთებაში არასწორს გარემოებებზე უთითებს, რაც ექსპერტიზის ორივე დასკვნის საპირისპიროა. არასწორია სასამართლოს მითითება, თითქოს მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ბენზოგასამართი სადგურის “გენგეგმისა” და “განთავსების გეგმის” დედნები. კასატორის მითითებით, მან აღნიშნული მასალა დედნების სახით წარმოადგინა და საქმეში ასევე მათი ასლებიც მოიპოვება.
კასატორის განმარტებით, სადავო გზა გაკეთებულია მის მიერ მეორე ნაკვეთში მისასვლელად და იგი არ წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას. კასატორის მითითებით, გაუგებარია “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონზე მითითება, ვინაიდან სადავო ტერიტორია არ წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.
კასატორის მითითებით, ბენზოგასამართი სადგური 1995 წლიდან არსებობს და ორივე ექსპერტის დასკვნით დადასტურებულია, რომ ი. და ა. ც-ების საკუთრებაში სადავო ნაკვეთი არასდროს შედიოდა და არც ამჟამად ფლობენ ც-ები აღნიშნულ ფართს, რადგან იქ კაპიტალური გზაა მისასვლელი ჯიბე სადგურთან, რომელსაც ვ. ო-ი წლების განმავლობაში ფლობს.
კასატორი უთითებს, რომ ც-ებმა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არასწორად განახორციელეს. ც-ებმა მათი ნაკვეთი ელექტრონული ვერსიით ხელოვნურად გადაწიეს წინ, რათა სადავო გზა მათ საკუთრებაში მოქცეულიყო.
კასატორის მითითებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ვ. ო-ი დაინტერესებულ მხარეს არ წარმოადგენს. კასატორი აღნიშნავს, რომ ი. და ა. ც-ების სახელზე განხორციელებული უკანონო რეგისტრაცია პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს ვ. ო-ის კანონიერ ინტერესს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინებით ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 31 მაისს 12:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1999 წლის 24 დეკემბერს გ. ჯ-ესა და ი. ც-ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ი. ც-ამ გ. ჯ-ისაგან შეიძინა წყალტუბოს რაიონი, სოფელ ... მდებარე სასკოლო კომბინატის შენობა-ნაგებობა, რომელიც შვიდი დამხმარე ოთახისაგან შედგებოდა, სასარგებლო ფართობით - 395.4 კვ.მ., სამეურნეო ფართობით - 44.0 კვ.მ. (ტ.I; ს.ფ. 20-21). მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის შესაბამისად (განცხადების რეგისტრაციის თარიღი 2000 წლის 7 ნოემბერი) წყალტუბოს რაიონის სოფელ ... მდებარე 3515 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ი. ც-ას საკუთრებას. 2002 წლიდან ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ი., ა., თ. და ლ. ც-ების საკუთრება (ტ.I; ს.ფ. 23; 94).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2002 წლიდან მოსარჩელე ვ. ო-ის საკუთრებას წარმოადგენს წყალტუბოს რაიონი, სოფელ ... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით - 800 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №29.12.01.018) (ტ.I; ს.ფ. 14).
ამასთან, სასკოლო კომბინატის შენობა-ნაგებობის ტექნიკური პასპორტის მიწის ნაკვეთის გეგმის მასშტაბის გათვალისწინებით სასკოლო კომბინატის მიწის მფლობელობიდან გზის სავალი ნაწილის გარე კონტურის ხაზამდე მანძილი შეადგენდა 11 მეტრს. საქმის მასალებში წარმოდგენილი (ტ.I; ს.ფ. 92-93) საკადასტრო გეგმების მიხედვით, ც-ების საკუთრების გზის სავალი ნაწილის გარე კონტურიდან დაშორება შეადგენს 7 მეტრს. დღეის მდგომარეობით ყოფილი სკოლის კომბინატის მიწის ნაკვეთის მყარი სამიჯნე ზღვარი საავტომობილო გზის მხარეს შეინიშნება მხოლოდ საზღვრის აღმოსავლეთ კუთხიდან 11 მეტრის მონაკვეთზე და აღნიშნული მონაკვეთი ცენტრალური საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გარე კონტურის ხაზიდან დაშორებულია 9.2 მეტრით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ ლ. ს-ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №7595/15-2010 დასკვნაზე, რომლის თანახმად ი. და ა. ც-ების კუთვნილი მიწის ნაკვეთი (ს/კ №29.12.32.035) ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მხარეს 132 კვ. მეტრით არის გადაწეული ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებისაგან განსხვავებით, რის გამოც ი. და ა. ც-ებს საკუთრებაში აქვთ აღრიცხული საერთო სარგებლობის მიწის ფართი, რითაც ხელი ეშლება მოსარჩელე მხარეს ბენზოგასამართი სადგურით ნორმალურ ფუნქციონირებაში, კერძოდ, ი. და ა. ც-ების საკუთრებაში მოქცეულია ბენზოგასამართ სადგურთან მისასვლელი გზის „ჯიბის” გარკვეული მონაკვეთი.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსხვავებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიდგომა სადავო საკითხის მიმართ, ისევე როგორც განსხვავებულია საქმეში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიცია განსახილველ სამართალურთიერთობაზე. წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახური სარჩელს არ ცნობს, ხოლო წყალტუბოს არქიტექტურის სამსახური ეთანხმება სარჩელის მოტივებს და იზიარებს ვ. ო-ის პოზიციას. თავისხმრივ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სხვადასხვაგვარად დაადგინეს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და მათზე დაყრდნობით ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივი შეფასება მისცეს განსახილველ სამართალურთიერთობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუდგა სადავო საკითხს და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე განხილულია ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე და შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ ვ. ო-ი ი. და ა. ც-ების საკუთრების მიმართ ვერ ჩაითვლება დაინტერესებულ პირად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიუთითებს, რომ წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურმა დაზუსტებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე ი. და ა. ც-ების სახელზე საკუთრების უფლებით იმ ფართის რეგისტრაცია მოახდინა, რომელიც ვ. ო-ის კუთვნილ ბენზოგასამართ სადგურს ემიჯნება და წარმოადგენს ბენზოგასამართ სადგურთან მისასვლელ გზას – ე.წ. “ჯიბეს”. ვ. ო-სა და ც-ებს შორის დავის წარმოშობის საფუძველიც სწორედ ის გარემოება გახდა, რომ ვ. ო-ი სათანადოდ ვეღარ სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში იკვეთება სადავო ფართზე ი. და ა. ც-ების სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციით ვ. ო-ის კანონიერ ინტერესზე პირდაპირი და უშუალო გავლენა. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ სახეზეა განსახილველ დავაში ვ. ო-ის უფლებადამცავი ინტერესი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ. ო-ი მოცემულ შემთხვევაში უდავოდ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა მოპასუხე მხარის მსჯელობა ვ. ო-ის მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე, რომ სათანადო შეფასება არ მისცა სადავო მიწის ნაკვეთზე ი. და ა. ც-ების სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად არ იქცა განსახილველი საქმის სწორად გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანესი გარემოება – რის საფუძველზე აღმოჩნდა ც-ების საკუთრებაში საერთო სარგებლობის მიწის ფართი, რომელსაც ვ. ო-ი წლების განმავლობაში იყენებდა ბენზოგასამართ სადგურთან დასაკავშირებლად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომებზე წყალტუბოს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებზე, სადაც არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ როცა კეთდება ბენზოგასამართი სადგური, სტანდარტების თანახმად მას შესასვლელი “ჯიბე” უნდა ჰქონდეს, რათა უზრუნველყოფილ იყოს მოძრაობის უსაფრთხოება. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა ის გარემოება, რომ თავდაპირველად, როდესაც გაიცა ნებართვა ბენზოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის, ბენზოგასამართ სადგურს სტანდარტების შესაბამისად ორი “ჯიბე” ჰქონდა და “გენგეგმა” მოიცავდა სადავო ფართს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს თუ რამდენად სწორად იყო ბენზოგასამართი სადგურის პროექტში “ჯიბე” გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ საგულისხმოა, როგორ განხორციელდა სადავო მიწის ფართზე ი. და ა. ც-ების საკუთრების უფლების რეგისტრაცია, იმ პირობებში, როდესაც თავდაპირველად ბენზოგასამართ სადგურს სტანდარტების შესაბამისად შესასვლელი “ჯიბე” ჰქონდა, რომლის მფლობელობასაც ვ. ო-ი ახორციელებდა, ხოლო ც-ები სადავო ფართით არ სარგებლობდნენ. ასევე საგულისხმოა იმ გარემოება, რომ თუ სადავო მიწის ნაკვეთი არც ო-ის და არც ც-ების საკუთრებაში არ ირიცხებოდა, ვინ ისარგებლებდა აღნიშნული ფართის მიმართ უპირატესი უფლებით მაშინ, როდესაც მის ფაქტობრივ მფლობელობას ვ. ო-ი ახორციელებდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ გამორიცხა სარჩელის მოტივები და ვერ დაასაბუთა რა სამართლებრივი კავშირი ჰქონდათ ც-ებს სადავო ფართის მიმართ და რის საფუძველზე განხორციელდა ც-ების საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფაქტობრივ მფლობელობასაც ვ. ო-ი ახორციელებდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებს მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ვ. ო-ის მიერ სადავო ფართის ფლობის ფაქტი, გამორიცხავს ფაქტობრივი მფლობელობის საფუძვლით სადავო მიწის ნაკვეთზე ც-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ. ო-ის სასარჩელო მოთხოვნას ი. და ა. ც-ების საკუთრებაში არსებული (წყალტუბოს რაიონი, სოფელი ...) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ჩანაწერისა და დაზუსტებული აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობა წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, ვ. ო-ის სარჩელის მიზანს მისი უფლებების იმგვარი აღდგენა წარმოადგენს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ბენზოგასამართი სადგურის ნორმალური ფუნქციონირება, მას ხელი არ ეშლებოდეს სადავო ფართით სარგებლობაში და აღდგეს სადავო მიწის ნაკვეთზე ც-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობა იმგვარად, რომ ო-მა ხელშეუშლელად, ისე როგორც სადავო რეგისტრაციამდე, საერთო სარგებლობის უფლებით გამოიყენოს სადავო მიწის ფართი. ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვ. ო-ი არც ამტკიცებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მისი საკუთრებაა. უფრო მეტიც, იგი ითხოვს სადავო ფართი დარჩეს საერთო სარგებლობაში და დავობს საერთო სარგებლობის უფლების უზრუნველყოფაზე ბენზოგასამართ სადგურთან მისასვლელ გზაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა ობიექტური შეფასება, რის შედეგადაც არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ სამართალურთიერთობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ თავისმხრივ საქმის ხელახლა განხილვისას საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით საქმეზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე