¹ბს-257-254 (კ-12) 18 ივლისი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი _ ა. ა-ი, წარმომადგენელი – ნ. ბ-ი;
მოწინააღმდეგე მხარეები _ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წარმომადგენელი ნ. მ-ი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი –ი. პ-ი.
გასაჩივრებული განჩინება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება.
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 1 აგვისტოს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. ა-მა მოპასუხეების სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 20 მაისის ¹994 ბრძანებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 1 ივლისის ¹31 განკარგულების ბათილად ცნობასა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის დავალდებულებას გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა. ა-ის სახელზე ქ. სიღნაღში, ... ქ. ¹...-ში მდებარე ბინის (საერთო ფართით 64.6 კვ.მ.) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 20 მაისის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ¹994 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის, ა. ა-ის მოთხოვნა, ქ. სიღნაღში, ... ქ. ¹...-ში არსებული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების მე-4 მუხლი.
სიღნაღი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 01 ივლისის ¹31 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 20 მაისის ¹994 ბრძანება.
სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. სიღნაღში, ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (საერთო ფართით 64.6. კვ.მ., საკადასტრო კოდი ¹56.14.19.033) მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ა. ა-ი რეგისტრირებულია ქ. სიღნაღი ... ქ. ¹...-ში. ის 1981 წლის 20 ივლისს ჩაწერილი იქნა ქ. სიღნაღში, ... ¹...-ში.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით განისაზღვრა კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი.
აღნიშნული ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლე წარმოადგენს ფიზიკური პირს, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე, კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით.
დასახელებული ბრძანებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და ამავე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენისას, პრეზიდენტის ¹73 ბრძანებულება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ შემთხვევაში გამგეობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით, მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ქონება, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო საბინაო ფონდის საკუთრებაში არსებული ზემოდასახელებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება არა ნებისმიერ მოსარგებლეს, არამედ მხოლოდ კანონიერ მოსარგებლეს მიენიჭა. ამასთან, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს მიეკუთვნა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა დოკუმენტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვარი ¹73 ბრძანებულებაში მითითებულ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ სხვა სახის დოკუმენტში იგულისხმება როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება, ისე უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული წესით გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც ცალსახად დგინდება უძრავ ქონებაზე მოსარგებლის მართლზომიერი მფლობელობა, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ გააჩნია. სასამართლოს მსჯელობით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ჩაწერის ბარათი, რაც ვერ მიიჩნევა უძრავ ქონებაზე მოსარგებლის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ გარემოებად. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალსიწნებულ დანაწესზე და ჩათვალა, რომ ა. ა-ის განცხადებაზე, როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგება კანონს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელე არ შეიძლება ჩაითვალოს სიღნაღში ... ქ.N...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლედ. მოსარჩელის დედას გადაეცა სიღნაღში ... ქ.N... -ში მდებარე სახლის პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, ფართით 64,6 კვ.მ. აღნიშნულ ბინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა კასატორი დედასთან და ძმასთან ერთად და მათი გარდაცვალების შემდეგ ბინის ერთადერთ კანონიერ მოსარგებლედ დარჩა იგი, რომელიც აღნიშნულ ბინას დღეის მდგომარეობითაც კანონიერად ფლობს და სარგებლობს. მისი კანონიერი სარგებლობა დასტურდება ბინაში ჩაწერის ბარათით, ვინაიდან 1972 წელს, ბინების განაწილების პერიოდში, არც მოსარჩელის დედისათვის და არც აღნიშნულ ბინაში მცხოვრებ სხვა მოქალაქეებისათვის ჩაწერის ბარათების გარდა სხვა დოკუმენტაცია არ გადაუციათ. ბინების გაცემის თაობაზე სხვა არანაირი დოკუმენტაცია რომ არ არსებობდა, ამიტომ აღნიშნული ბინების კანონიერ მოსარგებლეებად ითვლებოდნენ პირები, რომლებსაც ჰქონდათ ჩაწერის ბარათები. აქედან გამომდინარე, მისი მოსაზრებით, მოსარჩელე ითვლება ბინის კანონიერ მოსარგებლედ, ჩაწერის ბარათის საფუძველზე. აღნიშნულ ბინაში იგი დღემდე ჩაწერილია, რაც დასტურდება პირადობის მოწმობით, ფორმა 1-ით და მოსარჩელის მიერ გადახდილი გადასახადებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 20 მაისის ¹994 ბრძანების თანახმად ა. ა-ს (მცხ. ქ. სიღნაღში, ... ¹...-ში) უარი ეთქვა მის სარგებლობაში არსებული ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 ივლისის ¹31 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2011 წლის 20 მაისის ¹994 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
ა. ა-ის პირადობის მოწმობისა და პირადობის მოწმობის გაცემის ბარათით ირკვევა, რომ ა. ა-ი 1981 წლის 20 ივლისს ჩაწერილ იქნა ქ. სიღნაღში, ... ¹...-ში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი პრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების გამოყენების მართებულობას და კანონშესაბამისად მიიჩნევს ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტზე მითითებას, რომლის შესაბამისადაც: ,,კანონიერ მოსარგებლედ ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის, ბინის ორდერის, საბინაო წიგნის და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე”.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა მითითებული ნორმის ბოლო წინადადებას, მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წლის 17 აპრილს გაცემულ ¹3 ცნობაზე. აღნიშნული ცნობის თანახმად, გარდაცვლილი ა. ა-ი ჩაწერილი იყო და მუდმივად ცხოვრობდა ქალაქ სიღნაღში, ... ქ. ¹...-ში, მისი გარდაცვალებისთანავე მის ქონებას დაეუფლნენ მისი შვილები მ. და ა. ა-ები (ტ.1; სფ. 15).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბჭოური ,,ჩაწერის ინსტიტუტი” განსხვავებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულ საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციისა, ნიშნავდა საცხოვრებელი ადგილის არსებობას. იმდროინდელი კანონმდებლობის საფუძველზე ბინაში ჩაწერა წარმოადგენდა სახლის ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უტყუარ დამადასტურებელ საბუთს. ამდენად, ის გარემოება, რომ კასატორის დედა ჩაწერილი იყო მითითებულ საცხოვრებელ სადგომში, ქმნიდა საცხოვრებელ ფართზე მის კანონისმიერ უფლებებს.
მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით მოსარჩელის დედა ჩაწერილი იყო სადავო ბინაში და მოსარჩელე მისი გარდაცვალებისთანავე დაუფლებულია აღნიშნულ ბინას, მითითებული გარემოება მაინც არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ცნობის საფუძველზე უდავოდ დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. ა-ი მოსარჩელე ა. ა-თან ერთად წარმოადგენს ა. ა-ის პირველი რიგის მემკვიდრეს.
მემკვიდრეობის უფლება კონსტიტუციური უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილია, რომ საკუთრება, და მემკვიდრეობა აღიარებულია და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისებისა ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მოქალაქეს და ასევე მის მემკვიდრეებს, რომლებსაც დაკავებული აქვთ საცხოვრებელი ფართი სახელმწიფო ან მუნიციპალურ საცხოვრებელ ფონდში, უფლება აქვთ მოითხოვონ მისი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამასთან, უსასყიდლოდ გადაცემის წესი საცხოვრებელი ბინის სამკვიდროს შემადგენლობაში შესვლისათვის, მოითხოვს ერთდროულად ორი კუმულაციური პირობის არსებობას, კერძოდ, როგორც მამკვიდრებლის ასევე მემკვიდრის მიერ საცხოვრებელი ფართის კანონიერ სარგებლობასა და მფლობელობას. აღნიშნული პირობების გათვალისწინებით კი, მარიამ აფანასევა, ა. ა-თან ერთად წარმოადგენს მითითებული ბინის ერთ-ერთ კანონიერ მოსარგებლეს, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამასთან, სასამართლოსათვის უცნობია სხვა შესაძლო მემკვიდრეების არსებობის ფაქტი, თუმცა, მხარეთა ახსნა-განმარტებით, ბინას ასევე დაუფლებულები არიან კასატორის აწ. გარდაცვლილი ძმის ვ. ა-ის ოჯახის წევრები.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებულ “კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესში” 2007 წლის 5 ოქტომბრის ¹563 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ოჯახის ერთი რომელიმე წევრის სახელზე ბინის პრივატიზაციისათვის საჭიროა ოჯახის ყველა წევრის თანხმობა, კერძოდ მე-5 მუხლის 22 პუნქტის მიხედვით, თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასაგებლოდ, საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები).
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად გამგეობაში არ წარუდგენია საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ კანონიერი მოსარგებლის –მ. ა-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულ მოტივებზე მითითებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე