კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-581-571(კს-12) 18 ივლისი, 2012 წელი
. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ტ. ლ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინებაზე.
2003 წლის 17 ივნისს თ. ნ-მა და ტ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ ქ. რუსთავის მთავრობის მიმართ.
მოსარჩელეებმა ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 10 მარტის ¹49, 2003 წლის 8 აპრილის ¹66, 2003 წლის 8 აპრილის ¹75 დადგენილებების და 2003 წლის 14 აპრილის ¹39/კ განკარგულების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა მოთხოვეს.
საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით ქ. რუსთავის საკრებულოს 2003 წლის 14 მარტის ¹32 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 29 სექტემბრის და 2003 წლის 21 ოქტომბრის განჩინებებით საქართველოს ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე, მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქალაქო სამსახური, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, ქვემო ქართლის სამხარეო ჯანდაცვის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 20 იანვრის განჩინებით მოსარჩელეების მიერ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიმართ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2003 წლის 29 სექტემბრის განჩინება საქმეში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მთავრობის ¹49 და ¹75 დადგენილებები და ქ. რუსთავის მერიის ¹39 განკარგულება და მოპასუხეს _ ქ. რუსთავის მთავრობას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მთავრობამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 ივლისის განჩინებით ქ. რუსთავის მთავრობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ლ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 4 თებერვლის განჩინებითYტ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის მთავარ სხდომაზე ქ. რუსთავის მერიის 2003 წლის 14 აპრილის ¹39/კ განკარგულების (რომლითაც, ქ. რუსთავის ... _ თ. ნ-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან) ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეებმა უარი თქვეს სარჩელზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის განჩინებით თ. ნ-ისა და ტ. ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ქ. რუსთავის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მერიის 2003 წლის 14 აპრილის ¹39/კ განკარგულება და მოპასუხეს ახალი აქტის გამოცემა დაევალა; შეწყდა საქმის წარმოება თ. ნ-ის და ტ. ლ-ის სარჩელზე ქ. რუსთავის მერიის 2003 წლის 14 აპრილის ¹39/კ განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ქ. რუსთავის მთავრობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ტ. ლ-მა და თ. ნ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 6 ოქტომბრის განჩინებითYტ. ლ-ის და თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2007 წლის 17 აპრილს თ. ნ-მა და ტ. ლ-მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 10 მარტის ¹49 და 2003 წლის 8 აპრილის ¹75 დადგენილებების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ამასთან, გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით ქ. რუსთავის მერის 2003 წლის 14 აპრილის ¹40/კ განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით თ. ნ-ისა და ტ. ლ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თ. ნ-მა და ტ. ლ-მა. კერძო საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათი შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით თ. ნ-ისა და ტ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის საოქმო განჩინებით ქ. რუსთავის მთავრობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქ. რუსთავის მერია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. რუსთავის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება ქ. რუსთავის მთავრობის ¹49 და ¹75 დადგენილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ახალი აქტების გამოცემის დავალდებულების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ტ. ლ-ის და თ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2012 წლის 16 თებერვალს ტ. ლ-მა და თ. ნ-მა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებლებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით თ. ნ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინებით ტ. ლ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ლ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო ტ. ლ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინების ასლი ტ. ლ-ის გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2012 წლის 6 ივნისს პირადად მას ჩაბარდა (ტ. მე-10; ს.ფ. 84). ამდენად, კერძო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა 2012 წლის 7 ივნისიდან უნდა დაიწყოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. ლ-მა გაუშვა კერძო საჩივრის წარდგენის ვადა, ვინაიდან, კერძო საჩივრის წარდგენის 12 დღიანი ვადა მას 2012 წლის 18 ივნისს (ორშაბათს) ამოეწურა, ხოლო კერძო საჩივარი მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2012 წლის 19 ივნისს ანუ ვადის დარღვევით წარადგინა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა _ ტ. ლ-მა გაუშვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადა, რის გამოც კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. ლ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე