Facebook Twitter
№ბს-477-471(2კ-12) 20 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ლევან მურუსიძე



საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორები _ 1. ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახური;

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო


მოწინააღმდეგე მხარე _ თ. კ-ი


გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება


სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 23 ივნისს თ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურისა და ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო გამწვევი კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურიდან მიიღო უწყება სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, 2011 წლის 31 იანვარს განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურს და იეჰოვას მოწმის სტატუსის გამო სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან განთავისუფლება მოითხოვა და საჭიროების შემთხვევაში თანხმობა გამოთქვა ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე. განცხადებას თან ერთვოდა ცნობა, რომ მოსარჩელე ნამდვილად იეჰოვას მოწმეა. მოსარჩელე ასევე ითხოვდა, რომ მისთვის წერილობით ეცნობებინათ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ 2011 წლის 8 თებერვლის¹№09-01-07/144 წერილით არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, რაც მის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ამის შემდგომ მან რამოდენიმეჯერ განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს რათა განეხილათ მისი საჩივარი, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს, 2011 წლის 28 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და კიდევ ერთხელ ითხოვა მისი განცხადების მისი თანდასწრებით განხილვა ან სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება ეცნობებინათ მისთვის წერილობითი სახით. აღნიშნულის შემდგომ, ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურმა 2011 წლის 4 მაისის¹№09-01-07/390 წერილით თ. კ-ს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, იგი 2004 წლის 12 ივნისიდან რელიგიური ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეების მიმდევარია და მისი სინდისისა და მრწამსის გამო უარს აცხადებს ნებისმიერი სახის სამხედრო სამსახურზე. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ხელისუფლებისადმი მორჩილი პიროვნებაა, მზადაა გაიაროს სამხედრო სარეზერვო სამსახურთან გათანაბრებული არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, როგორც ეს გათვალისწინებულია „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
ამდენად, მოსარჩელემ სამხედრო სარეზერვო სამსახურისაგან განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 თებერვლის¹№09-01-07/144 წერილისა და ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის (გამწვევი კომისიის) 2011 წლის 4 მაისის¹№09-01-07/390 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლებაზე და მის ნაცვლად ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება; თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 თებერვლის¹№09-01-07/144 წერილი და ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის 2011 წლის 4 მაისის¹№09-01-07/390 წერილი და ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ თ. კ-ის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თ. კ-ს გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური და იგი 2004 წლის 12 ივნისიდან არის იეჰოვას მოწმე. თ. კ-მა ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურიდან მიიღო უწყება სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით იგი 2011 წლის 1 თებერვალს უნდა გამოცხადებულიყო შემკრებ პუნქტზე მე-3 ქვეით ბრიგადაში შესაბამისი კომისიის გასავლელად და მის მიმართ შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2011 წლის 31 იანვარს თ. კ-მა განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სარეზერვო სამსახურს სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლების მოთხოვნით, რაზეც მოსარჩელეს 2011 წლის 8 თებერვლის №09-01-07/144 წერილით განემარტა, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდებოდნენ მხოლოდ სასულიერო პირები, ამდენად, იგი ამა წლის 1 თებერვალს უნდა გამოცხადებულიყო შემკრებ პუნქტზე წარსადგენად მის მიმართ შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. 2011 წლის 2 მარტს თ. კ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის უფროსს 2011 წლის 8 თებერვლის №09-01-07/144 და 2011 წლის 23 თებერვლის წერილების ბათილობის მოთხოვნით, რომელიც მოპასუხეს ჩაბარდა 2011 წლის 2 მარტს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს პასუხი არ გაუცია, რის გამოც 2011 წლის 28 აპრილს თ. კ-მა განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ან უფლებამოსილ უწყებაში გადაგზავნის მოთხოვნით, რაზეც 2011 წლის 4 მაისს გაეგზავნა №09-01-07/390 წერილი, რომლითაც „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით ეცნობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური ახორციელებდა მხოლოდ რეზერვისტთა გამოძახებას და შემკრებ პუნქტში წარდგენას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პატრულის სამმართველოს მე-4 განყოფილების მიერ თ. კ-ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №52, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1973-ე მუხლის (სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით) პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე, რის საფუძველზეც თ. კ-ი დაჯარიმდა 500 ლარით. აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. კ-მა გაასაჩივრა კანონით დადგენილი წესით; ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 6 ივნისის დადგენილება და იმავე დეპარტამენტის სამხედრო პატრულის სამმართველოს მე-4 განყოფილების 2011 წლის 30 მარტის დადგენილება; ბათილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედება შეწყდა მათი ძალაში შესვლის დღიდან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. 24-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია. 25-ე მუხლის პირველი ნაწილით კომისიას ეკისრება თავისი კომპეტენციის ფარგლებში წვევამდელის მიმართ ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღება: ა)სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, ბ)სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ; გ)სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების შესახებ; დ)სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ; ე)სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის ვარგისიანობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო სარეზერვო სამსახურის ორგანიზებას, კატეგორიებს, ფორმირებისა და გავლის წესს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო ძალების რეზერვი იქმნება მობილიზაციის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო ძალების მხარდასაჭერად. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის („ამ კანონით განსაზღვრული წესით სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა“), ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენს იმ პირთა მიმართ, ვინც რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22.12.2011წ. №1/1/477 გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლება განეკუთვნება ძირითად უფლებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლებას, ხოლო მეორე პუნქტი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს ამ უფლების მიმართ. ეს შეზღუდვები უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და ისინი შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი კანონიერი მიზნის მისაღწევად, როგორებიცაა: საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები, საზოგადოებრივი წესრიგი, ჯანმრთელობა, მორალი ან სხვა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ევროპული კონვენციის მე-15 მუხლი უშვებს აზრის, სინდისის და რელიგიური თავისუფლების უფლების შეზღუდვას საომარი ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს. აქედან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ აზრის, სინდისის და რელიგიური თავისუფლების უფლება წარმოადგენს არააბსოლუტურ, თუმცა ძირითად უფლებას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლება, გარანტირებულია ყველასთვის თანაბრად. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით: ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-9 მუხლი განიხილება ამავე კონვენციის მე-4 მუხლის მე-3(ბ) პუნქტთან ერთობლიობაში, რომლის თანახმადაც, იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოდ არ არის მიჩნეული სამხედრო ხასიათის ნებისმიერი სამსახურის ან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად დაკისრებული სხვა სახის სამსახურის გავლა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოიძახებს და შემკრებ პუნქტში მიიყვანს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისია წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ კოლეგიური ორგანოს, შესაბამისად, იგი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოსათვის დადგენილი წესებით. გადაწყვეტილებაში მოიაზრება როგორც დადებითი გადაწყვეტილება, ასევე, აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხი გადაწყვეტილი უნდა იქნეს კომისიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით. მისი კომპეტენცია კი განსაზღვრულია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით, რაც უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ წვევამდელების, არამედ რეზერვისტების მიმართაც.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად და ამ თავში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიურ ორგანოში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო. გამონაკლისს წარმოადგენს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის უფლება – გადაგზავნოს განცხადება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ან დაუბრუნოს იგი განმცხადებელს, თუ მასში დასმული საკითხების გადაწყვეტა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. ზემოაღნიშნული ნორმების განმარტების თანახმად, კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კოლეგიური ორგანო სხდომაზე, ხოლო კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უფლებამოსილია განცხადება გადაგზავნოს განსჯად ადმინისტრაციულ ორგანოში, თუ საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციაში არ შედის, ხოლო თუ საკითხი სასამართლოს განსჯადია - დაუბრუნოს განმცხადებელს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, ხოლო ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ერთის მხრივ, ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო გამწვევი კომისიის უარის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოს თ. კ-ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით მას არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, უნდა მიეთითებინა, თუ ვის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა მოცემული საკითხის გადაწყვეტა და გადაეგზავნა განცხადება უფლებამოსილ ორგანოში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე და აღნიშნა: სარჩელის უარყოფა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა თ. კ-ის განცხადებზე, რომლითაც იგი ითხოვდა სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლებას, ეწინააღმდგება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც პასუხი უნდა ეგო სარჩელზე, მას შეეძლო მოსარჩელის თანხმობით შეეცვალა თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით, ხოლო თუ მოსარჩელე არ დაეთანახმებოდა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას, შეიძლებოდა არასათანადო მოპასუხის მიმართ აღძრული სარჩელის უარყოფა (სამოქალქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი).
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დაღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 თებერვლის №09-01-07/144 და 2011 წლის 4 მაისის 09-01-07/390 წერილები და ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად თ. კ-ის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მართალია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი გამწვევ კომისიას აკისრებს ვალდებულებას გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ წვევამდელის მიმართ ა)სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ; ბ)სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ; გ)სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების შესახებ; დ)სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ; ე)სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის ვარგისიანობის შესახებ, თუმცა სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება მუნიციპალიტეტის, ხოლო ქ. თბილისში - რაიონის გამწვევი კომისია. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი. ხოლო 25-ე მუხლი გამწვევ კომისიას ავალებს ზემოთმითითებული გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ წვევამდელის მიმართ, აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი კი იძლევა წვევამდელის განმარტებას, კერძოდ, პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ მოქალაქეს (17 წლის ასაკიდან) ეწოდება წვევამდელი, ხოლო 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში ხაზგასმით არის მითითებული, რომ 27 წლის ასაკს მიღწეული მოქალაქე არ გაიწვევა სამხედრო სამსახურში და ჩაირიცხება რეზერვში. რაც შეეხება „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს რეზერვისტთა გასაწყვევად რაიონებში გამწვევი კომისიის შექმნას, ამასთან, აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკს 27 წლიდან 40 წლის ჩათვლით. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს სამხედრო სარეზერვო სამსახურში რეზერვისტთა გასაწვევად არა გამწვევი კომისიის შექმნას, არამედ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს ავალდებულებს უზრუნველყოს სარეზერვო სამსახურში გასაწვევად რეზერვისტთა გამოძახება და შემკრებ პუნქტში მიყვანა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ანალოგიით გამოიყენა რა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენდა საჯარო სამართლებრივს და კანონის ანალოგიის გამოყენება პირდაპირ კანონით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, ასევე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს რა სპეციალურ ნორმას, არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ანალოგია. უფრო მეტიც, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. განსახილველ შემთხვევაში „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 1997 წელს, ხოლო „სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი - 2006 წელს.
ამასთან, კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული - ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 თებერვლის¹09-01-07/144 წერილი და ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის 2011 წლის 4 მაისის¹09-01-07/390 წერილი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; განსახილველ შემთხვევაში სამხედრო სამსახურმა აღნიშნული წერილებით რაიმე გადაწყვეტილება კი არ მიიღო, არამედ, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით (4.2 და 5.1 მუხლები) უკვე მიღებული გადაწყვეტილება აღასრულა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება თ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს სარეზერვო სამსახურის ჩანაცვლებას ალტერნატიული შრომითი სამსახურით. კასატორი მიუთითებს, რომ ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ პირებს ანუ წვევამდელებს, როგორც ეს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული.
კასატორის განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არ გაუქმებულა „სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი. აღნიშნული მუხლი დღესაც ძალაშია და მიუთითებს სარეზერვო სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლებზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, სარეზერვო სამსახურიდან თავისუფლდებიან სასულიერო პირები და პირები ვინც გაიარეს არასამხედრო ალტერნატიული, შრომითი სამსახური.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე თ. კ-ს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მას გავლილი აქვს ალტერნატიული შრომითი სამსახური ან რომ ის სასულიერო პირია. შესამამისად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიმართ არ არსებობს სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლების კანონისმიერი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ივნისისა და 8 ივნისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ივნისის განჩინებით ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თ. კ-მა ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურიდან მიიღო უწყება სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით იგი 2011 წლის 1 თებერვალს უნდა გამოცხადებულიყო შემკრებ პუნქტზე მე-3 ქვეით ბრიგადაში შესაბამისი კომისიის გასავლელად და მის მიმართ შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად (ტ. I; ს.ფ. 17-19; 20; 24). 2011 წლის 31 იანვარს თ. კ-მა განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სარეზერვო სამსახურს სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების მოთხოვნით, რაზეც 2011 წლის 8 თებერვლის №09-01-07/144 წერილით განემარტა, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდებოდნენ მხოლოდ სასულიერო პირები, ამდენად, იგი ამა წლის 1 თებერვალს უნდა გამოცხადებულიყო შემკრებ პუნქტზე წარსადგენად, მის მიმართ შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად (ტ. I; ს.ფ. 16; 24). 2011 წლის 15 თებერვლას თ. კ-მა კვლავ განცხადებით მიმართა იმავე სამხედრო განყოფილებას და ამჯერად, სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა და მისი განცხადების სათანადო ორგანოში გადაგზავნა (მისი შემდგომი გაწვევისათვის) მოითხოვა (ტ. I; ს.ფ. 21). აღნიშნული განცხადების პასუხად, ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის 2011 წლის 23 თებერვლის №09-01-07/191 წერილით არ დაკმაყოფილდა თ. კ-ის მოთხოვნა ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის თაობაზე და მოსარჩელეს ეცნობა, რომ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირს სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოიძახებს და შემკრებ პუნქტში წარადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური. აქედან გამომდინარე, თ. კ-ი მ/წლის თებერვალს პირადად უნდა გამოცხადებულიყო მე-3 ქვეით ბრიგადაში შესაბამისი კომისიის გასავლელად, მის მიმართ შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად (ტ. I; ს. ფ. 20).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2011 წლის 2 მარტს თ. კ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსს, რომლითაც 2011 წლის 8 თებერვლის №09-01-07/144 და 2011 წლის 23 თებერვლის №09-01-07/191 წერილების ბათილად ცნობა, სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლება და მის ნაცვლად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა მოითხოვა. აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივარი მოპასუხეს 2011 წლის 2 მარტს ჩაბარდა. თ. კ-ის საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პასუხი გაცემული არ ყოფილა, რის გამოც 2011 წლის 28 აპრილს მოსარჩელემ კვლავ განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს მისი საჩივრის განხილვის ან უფლებამოსილ უწყებაში გადაგზავნის მოთხოვნით, რაზეც მოსარჩელეს გაეგზავნა 2011 წლის 4 მაისის №09-01-07/390 წერილი, რომლითაც ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით თ. კ-ს ეცნობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური ახორციელებდა მხოლოდ რეზერვისტთა გამოძახებას და შემკრებ პუნქტში წარდგენას (ტ. I; ს.ფ. 17-19; 22; 23).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პატრულის სამმართველოს მე-4 განყოფილების მიერ თ. კ-ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №52, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 1973-ე მუხლის (სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით) პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე, რის საფუძველზეც თ. კ-ი 2011 წლის 30 მარტის დადგენილებით დაჯარიმდა 500 ლარით, მასზედ, რომ იგი 2011 წლის 1 თებერვალს არ გამოცხადდა სამხედრო სარეზერვო სამსახურში. მითითებული დადგენილება უცვლელად დარჩა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 6 ივნისის დადგენილებით. თ. კ-მა აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაასაჩივრა კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 6 ივნისის დადგენილება და იმავე დეპარტამენტის სამხედრო პატრულის სამმართველოს მე-4 განყოფილების 2011 წლის 30 მარტის დადგენილება. ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედება შეწყდა მათი ძალაში შესვლის დღიდან.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაცია საქართველოში“ ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიერ 2011 წლის 31 იანვარს გაცემულ რ№02/11 ცნობის ასლზე, რომლის თანახმად, თ. კ-ი 2004 წლის 12 ივნისიდან წარმოადგენს იეჰოვას მოწმეს (ტ. I; ს.ფ. 15).
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული - ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 თებერვლის¹№09-01-07/144 წერილი და ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის 2011 წლის 4 მაისის¹№09-01-07/390 წერილი წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს უარად, ვინაიდან, თ. კ-ს მისი მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული წერილებით არც სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლება მიუღია და არც ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის თაობაზე დაკმაყოფილებულა მისი მოთხოვნა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თ. კ-მა მის მიერ 2011 წლის 2 მარტს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის (რომლითაც იგი ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 თებერვლის¹№09-01-07/144 წერილისა და 2011 წლის 23 თებერვლის №09-01-07/191 წერილის ბათილად ცნობას ითხოვდა) განხილვის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, თ. კ-ს შეეძლო, ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის 2011 წლის 4 მაისის¹№09-01-07/390 წერილის არარსებობის პირობებშიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაეთვალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გაესაჩივრებინა კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე მოსარჩელეს მინიჭებული აქვს თავისუფლება საკუთარი სურვილისამებრ განკარგოს მისთვის მინიჭებული მატერიალური და საპროცესო უფლებები. სწორედ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მხოლოდ მოსარჩელეა უფლებამოსილი განსაზღვროს დავის საგანი და მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნის რა ფარგლებით მიმართავს იგი საქმის განმხილველ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. კ-ი სარჩელში დავის საგნად სამხედრო სარეზერვო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩანაცვლებაზე მიუთითებს. ფაქტობრივად, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე ასაჩივრებს ადმინისტრაციული ორგანოს უარს სამხედრო სარეზერვო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩანაცვლებაზე და უარს აცხადებს ნებისმიერი სახის სამხედრო სამსახურზე. მოსარჩელის მიზანია სინდისისა და მრწამსის გამო განთავისუფლდეს იგი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისაგან და ნება დაერთოს მას სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად სარჩელის შინაარსისა და დავის საგნისა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ადმინისტრაციული ორგანოს უარს სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე და თანხმობას გამოთქვამდა ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე, მან სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა იმგვარად, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 თებერვლის¹№09-01-07/144 წერილისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლებაზე და მის ნაცვლად ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე უარის თქმის შესახებ ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის 2011 წლის 4 მაისის¹№09-01-07/390 წერილის ბათილად ცნობაზე მიუთითა; ხოლო სარჩელის შინაარსისა და მისი მიზნის მიუხედავად, თ. კ-მა სასარჩელო მოთხოვნაში პირდაპირ არ მიუთითა ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის 2011 წლის 23 თებერვლის №09-01-07/191 წერილის ბათილად ცნობაზე, რომლითაც მას უარი ეთქვა ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობას ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ და დავის საგანი არსებითი განხილვის გარეშე დატოვეს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გამორიცხა და არ დაასაბუთა, შეესაბამებოდა თუ არა თ. კ-ის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა საკუთარი უფლებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად მიმართულ საშუალებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული მოთხოვნის ფორმულირებით და შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის დაზუსტებაში. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მაშინ როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსამართლემ სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი მოსარჩელის გამოუცდელობის გამო, არამედ მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის დაზუსტებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თ. კ-ი საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში (15.02.2012წ. წერილი; 02.03.2012წ. ადმინისტრაციული საჩივარი), ასევე, სასამართლოში სადავოდ ხდიდა სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლებაზე და მის ნაცვლად ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე უარის თქმის კანონიერების საკითხს. იგი სინდისისა და მრწამსის გამო უარს აცხადებს ნებისმიერი სახის სამხედრო სამსახურზე და თანხმობას გამოთქვამს ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე. ამდენად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სარჩელის შინაარსი, მოსარჩელის მოთხოვნის მიზანი, ის სამართლებრივი შედეგი, რისი დადგომაც სურდა მას და სასამართლოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოსარჩელისათვის უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესაძლებლობა და ამის შემდეგ, ემსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. ამდენად, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სარჩელის შინაარსსა და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს _ რა იყო მისი ინტერესი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. კ-ის მოთხოვნა - არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე უარის თქმის თაობაზე არ უნდა შეიზღუდოს ხანდაზმულობის ვადით, ვინაიდან, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელის მიზანს სწორედ სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა წარმოადგენს. ხოლო გასაჩივრებული ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის 2011 წლის 4 მაისის¹09-01-07/390 წერილით არ დაკმაყოფილდა თ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი 2011 წლის 8 თებერვლის №09-01-07/144 წერილთან ერთად (რომლითაც მას უარი ეთქვა სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლებაზე) სწორედ 2011 წლის 23 თებერვლის №09-01-07/191 წერილს ხდიდა სადავოდ (რომლითაც მას უარი ეთქვა ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე) და ადმინისტრაციული საჩივრით მის ბათილად ცნობასა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლას ითხოვდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არამხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი არსებითი განხილვის გარეშე დატოვა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინააღმდეგობრივია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეესაბამება და არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი განმარტებებიდან. უფრო მეტიც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ პასუხობს სასარჩელო მოთხოვნის მიზნებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც თ. კ-ი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლას ითხოვს, სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცეს თ. კ-ის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე ცნო ბათილად სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 თებერვლის¹№09-01-07/144 წერილი, რომ არ უმსჯელია აღნიშნულ ნაწილში თ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, კერძოდ, თ. კ-ი წარმოადგენს თუ არა სუბიექტს, რომელიც კანონის საფუძველზე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის ვალდებულებისგან თავისუფლდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართევლოს კანონის მე-8 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც თავისუფლდებიან სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდებიან სასულიერო პირები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რიგით მორწმუნეებს არ აქვთ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველზე სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლების მოთხოვნის უფლება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ცნობაზე, რომლის მიხედვით, თ. კ-ი 2004 წლის 12 ივნისიდან არის იეჰოვას მოწმე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. კ-ი არ მიეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომელიც კანონის საფუძველზე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის ვალდებულებისგან თავისუფლდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ-ს კანონი არ ათავისუფლებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის ვალდებულებისგან, შესაბამისად, არ არსებობს ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის 2011 წლის 8 თებერვლის¹№09-01-07/144 წერილის ბათილად ცნობისა და აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არც იმ საკითხისთვის მიუცია სათანადო სამართლებრივი შეფასება თ. კ-ი წარმოადგენს თუ არა სუბიექტს, რომელსაც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველზე სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მოთხოვნის უფლება აქვს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილებაზე, საქმე - საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №477) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენს იმ პირთა მიმართ, ვინც რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური განიხილებოდა მხოლოდ სამხედრო სამსახურის ალტერნატივად. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირს, წვევამდელებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობა არ აძლევდა შესაძლებლობას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა მოეთხოვა. კანონმდებელი არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოთხოვნის უფლებას მხოლოდ წვევამდელს უკავშირებდა და ასეთ შესაძლებლობას არ აძლევდა სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევ (ან რეზერვში მყოფ) პირებს. ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22.12.2011წ. №1/1/477 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენს იმ პირთა მიმართ, ვინც რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე. შესაბამისად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირს სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 22.12.2011წ. №1/1/477 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ რწმენის თავისუფლება ადამიანის თვითგამორკვევის საწყისი და საფუძველია. ყველა სხვა უფლების მსგავსად, ეს თავისუფლებაც ადამიანის ღირსების პატივისცემის გამოხატულებაა. ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ეს უფლება, სასიცოცხლოდ აუცილებელია და არსებითად განმსაზღვრელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობის, განვითარებისა და თვითრეალიზაციისათვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული რწმენის თავისუფლება, თავისი ყველაზე საწყისი გაგებით, გულისხმობს, სახელმწიფოსგან ჩარევის გარეშე, ამა თუ იმ რწმენის გაზიარებას, არჩევას, საკუთარი თავის მისდამი მიკუთვნებას (პოზიტიური თავისუფლება), ან უარყოფას, შეცვლას (ნეგატიური თავისუფლება), ანუ ადამიანის აზროვნების შინაგანი სფეროს დაცვას. ამავდროულად, რწმენის თავისუფლება მოიცავს მისი გამოვლენის – რწმენის შესაბამისად ცხოვრების წარმართვის უფლებასაც (მოქმედების სფერო). რწმენის თავისუფლება არარეალური და არარეალიზებადი იქნება, მის შესაბამისად ადამიანების კომუნიკაციის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. უფლებას შინაარსი გამოეცლება, თუკი მისი ნაწილი არ იქნება კონკრეტული რწმენის საფუძველზე და მის შესაბამისად ქმედება, ეს პრაქტიკულად ამ უფლების უარყოფამდე მიგვიყვანს, რადგან რწმენის მხოლოდ ქონა არაფერს იძლევა თავად ამ უფლებით სრულყოფილად სარგებლობის თვალსაზრისით. თუ არ არის გარანტიები რწმენის შესაბამისად ცხოვრების წესის წარმართვისა და განვითარებისათვის, აზრი ეკარგება საერთოდ ამ უფლების აღიარებას. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირთა გაწვევა წარმოადგენს რწმენის თავისუფლებაში გაუმართლებლად მძიმე ჩარევას, ჩარევის ყველაზე მძიმე ფორმას, რომელიც პრაქტიკულად უფლებით სარგებლობის შეუძლებლობას უტოლდება.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის“ წარმოშობის საფუძველია ადამიანის რწმენა, რომელიც მას უკრძალავს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. შესაბამისად, კეთილსინდისიერი წინაღმდეგობის მქონე პირები, როგორც წესი, უარყოფენ იარაღით ხელში სამსახურს ომისა და მშვიდობის დროს, რადგან ომი გარდაუვლად გულისხმობს ძალის გამოყენებას, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. ხოლო სამხედრო სამსახური ემსახურება რა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, პოტენციურად თავდაცვითი ომისთვის მზადებასაც ნიშნავს. მაშასადამე, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა გულისხმობს არა მხოლოდ საომარ მოქმედებებზე, არამედ მშვიდობიანობის პერიოდში სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის თქმასაც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პრეამბულაში მიუთითებს რა კანონის დანიშნულებასა და მისი რეგულირების საგანზე, აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.Aაღნიშნული კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს კანონის მიზანს, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის საფუძველზე ეს კანონი განსაზღვრავს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, როგორც აზრის თავისუფლად გამოხატვის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლებასა და სამხედრო ვალდებულებას შორის გონივრულ და ჰუმანურ კომპრომისს; ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას: საქართველოს კანონმდებელი სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდის შესაძლებლობას (კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას) უკავშირებს და აფუძნებს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზის საფუძველზე მიუთითებს, რომ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს სამოქალაქო სამსახურს, არის გონივრული კომპრომისის მიღწევის გზა კონსტიტუციურ უფლებასა და ქვეყნის დაცვის კონსტიტუციურ ვალდებულებას შორის.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის 2011 წლის 4 მაისის¹09-01-07/390 წერილის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლი მე-3 ნაწილის მიხდევით, ადმინისტრაციული საჩივრის ობიექტი - ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი უნდა შეამოწმოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ანუ ადმიისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს ადამიანის ძირითადი უფლებები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაცია საქართველოში“ ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიერ 2011 წლის 31 იანვარს გაცემული რ№02/11 ცნობის ასლი, რომლის თანახმად, თ. კ-ი 2004 წლის 12 ივნისიდან წარმოადგენს იეჰოვას მოწმეს (ტ. I; ს.ფ. 15). საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს მიუთითებს, რომ სადავო საკითხის განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო შეფასება უნდა მისცეს რამდენად წარმოადგენს თ. კ-ი „კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის“ მქონე სუბიექტს, რომელსაც სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მოთხოვნის უფლება აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის 2011 წლის 4 მაისის¹№09-01-07/390 წერილი და ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურს უნდა დაევალოს თ. კ-ის მიმართ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის 2011 წლის 4 მაისის¹№09-01-07/390 წერილი და ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურს დაევალოს, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, თ. კ-ის მიმართ სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე


ლ. მურუსიძე