Facebook Twitter
#ბს-614-602(კს-12) 27 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
მარნეულის რაიონული განყოფილება

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 2 მარტს მ. ი-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონულ განყოფილებას რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ი-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის სასამართლო სხდომაზე მ. ი-მა სარჩელზე განაცხადა უარი, იმ მოტივით, რომ იგი აღიარებულია რეპრესიის მსხვერპლად და მისი მიზანია სახელმწიფო კომპენსაციის მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით მ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება; შეწყდა საქმის წარმოება მ. ი-ის სარჩელზე, მოპასუხე სსიპ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების მიმართ, რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ი-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა იმ მოტივით, რომ სასამართლომ შეცდომაში შეიყვანა, უარი ათქმევინა სააპელაციო საჩივრაზე, რის გამოც წაერთვა უფლება რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი არ ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ დარღვეულა სსსკ-ის 393.2. “ა” პუნქტისა და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისის სასამართლო სხდომაზე მ. ი-ის მიერ წარდგენილი იქნა მარნეულის რაიონული სასამართლოს 1998 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც იგი აღიარებული იქნა რეპრესიის მსხვერპლად და სხდომის თავმჯდომარის შეკითხვაზე, რომ იგი კვლავ ითხოვდა რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას თუ არა, მ. ი-მა განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღება და მ. ი-მა უარი თქვა რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სარჩელზე, რის თაობაზეც წარადგინა წერილობითი განცხადება /იხ.ს.ფ. 93-96/.
სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებულ მის პოზიციაზე მ. ი-ს შენიშვნები არ წარუდგენია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომელთა შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვისას. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ მხარე უარს ამბობს სარჩელზე, ამგვარად გამოხატავს ნებას თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარეთა ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში, ასევე უარი განაცხადონ სარჩელის მოთხოვნაზე სრულად ან ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომის ოქმში მითითებული გარემოება, რომ მ. ი-მა სასამართლოში წარადგინა მარნეულის რაიონული სასამართლოს 1998 წლის გადაწყვეტილება რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე და შესაბამისად, მოხსნა სასარჩელო მოთხოვნა, არ შეიძლება გახდეს საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ მტკიცებულებაში /სხდომის ოქმში/ ეჭვის შეტანის საფუძველი, იმ პირობებში, როცა მ. ი-ს არ უსარგებლია სსსკ-ის 291.1. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისის სხდომის ოქმზე მისი პოზიციის არასწორად ასახვის თაობაზე შენიშვნა არ წარუდგენია, ანუ მხარეს სადავოდ არ გაუხდია სასამართლო სხდომის ოქმებში მითითებული ჩანაწერი სარჩელზე უარის თქმის შესახებ, რამდენადაც აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამასთან, რამდენადაც სხდომის ოქმში დაფიქსირებული გარემოება სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, რომ ამგვარს სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია, არ დასტურდება, იძლევა საკმარის საფუძველს საკასაციო სასამართლოსათვის იმ გარემოების დასადგენად, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო სარჩელზე შეეწყვიტა წარმოება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას უფლებამოსილების ფარგლებში, ანუ განსხვავებით კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისაგან, სადაც მოქმედებს ნების ავტონომიის პრინციპი, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდულია ნების გამოხატვის თვალსაზრისით, კერძოდ, მისი გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამომდინარეობდეს მისთვის კანონით პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებიდან.
ადმინისტრაციული ორგანო სამართალწარმოებაში დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენისას შეზღუდულია კანონით მინიჭებული უფლებამოსილების და კანონიერების ფარგლებით, რამდენადაც მისი ნების გამოვლენა (სარჩელის ცნობა, მორიგება, სარჩელზე უარის თქმა) ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს კანონიერი, კანონის ჩარჩოში მოქცეული, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლის საფუძველზე შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი ნების გამოვლენა, არაუფლებამოსილია მიიღოს ამ უკანასკნელისგან იგი, იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მაშინ როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლით განსაზღვრული სასამართლო კონტროლი ფიზიკური პირის მიერ ამგვარი ნების (სარჩელის ცნობა, მორიგება, სარჩელზე უარის თქმა) გამოხატვაზე არ ვრცელდება.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოსარჩელის მიერ სარჩელზე სსსკ-ის 378.2. მუხლის თანახმად წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს განჩინების მე-3 პუნქტის გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მაია ვაჩაძე/

/პაატა სილაგაძე/