Facebook Twitter
ბს-1176-1165(კ-11) 6 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი – ხ. ბერიკაშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – შპს „…“, დირექტორი - ვ. რ-ა, წარმომადგენელი გ. ფ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი - ვ. ზ-ი; 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლე), წარმომადგენელი - თ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების აღიარება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 6 ოქტომბერს შპს „…“ დირექტორმა ვ. რ-ამ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2010 წლის 10 აგვისტოს №1-3/105 ბრძანების, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 19 აგვისტოს №214062 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ქ. ზუგდიდში, … გამზ. №43-ში მდებარე 260 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „…“ მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების აღიარების შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, ადგილობრივი ორგანოების მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, 1999 წლის ივნისში შპს „…“ დამფუძნებლებმა დაასრულეს სავაჭრო-საწარმოო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები და ქონება შეიტანეს საწარმოს საწესდებო კაპიტალში. 2005 წლის 19 აპრილს შპს „…“ და ზუგდიდის რაიონის გამგეობას შორის დაიდო მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით. 2007 წლის 25 სექტემბრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის №01 დადგენილებით შენობა შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო 2007 წლის 9 ნოემბერს შენობა დარეგისტრირდა შპს „…“ საკუთრებად. სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2010 წლის 10 აგვისტოს №1-3/105 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი გამგეობასა და ვ. რ-ას შორის დადებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 2005 წლის 19 აპრილის №159 იჯარის ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა შპს „…“ საკუთრებად №1 შენობის რეგისტრაციის გაუქმება, მიწის ნაკვეთზე 2005 წლის 19 აპრილის №159 ხელშეკრულების ჩანაწერის გაუქმება და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 19 აგვისტოს №214062 გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს „…“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ზუგდიდში, … გამზ. №43-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ 260 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ უძრავ ქონებაზე. რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტად წარდგენილი იყო უძრავი ქონების ექსპლუატაციაში მიღების აქტი, რაც რეგისტრაციის განხორციელებისათვის მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ითვლებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტად. მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლად ასევე მიუთითა სარეგისტრაციო წარმოების დროს საქმის გარემოებების არაჯეროვნად გამოკვლევასა და რეგისტრაციის წესის დარღვევაზე. მითითებული ადმინისტრაციული აქტები ადმინისტრაციული საჩივრებით გასაჩივრდა შპს „…“ მიერ, მაგრამ საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ დაუსაბუთებლად მიიჩნია სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2010 წლის 10 აგვისტოს №1-3/105 გასაჩივრებული ბრძანება და აღნიშნა, რომ ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის 14.4 მუხლზე, რაც მოსარჩელის მოსაზრებით განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დადებულად მიიჩნია იჯარა, ვინაიდან კერძო სამართლის პირის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი. მოსარჩელის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შენობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი, რამდენადაც საწარმო არ იყო პრივატიზებული, მიწის ნაკვეთი არ იყო დადგენილი წესით გამოყოფილი ან საწარმო არ იყო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული.
მოსარჩელის მითითებით, საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა, რამდენადაც ხელშეკრულება დადებული იყო 2005 წელს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2005 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, იგი განიხილებოდა ადმინისტრაციულ გარიგებად, ადმინისტრაციული ორგანოს კი არ გააჩნდა ადმინისტრაციული გარიგების ცალმხრივად ბათილად ცნობის უფლებამოსილება. სათანადო საფუძვლების არსებობის პირობებში ხელშეკრულების ბათილად ცნობა შესაძლებელი იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.3 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილების გადამეტებით ცნო ბათილად იჯარის ხელშეკრულება.
მოსარჩელემ ასევე უკანონოდ მიიჩნია შენობაზე საკუთრების უფლების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მიწა არ იყო გამოყოფილი შპს „…“. მოსარჩელის მოსაზრებით, შპს „…“ საკუთრების უფლების გაუქმება არ შედიოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამოსილებაში, შესაბამისად, საკუთრების უფლების გაუქმების ნაწილში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ არარა აქტს წარმოადგენდა.
მოსარჩელის მითითებით, შენობის მშენებლობა განხორციელდა შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, იგი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში, რითაც დასტურდება იურიდიული ფაქტი შპს „…“ დამფუძნებლების მიერ საკუთარი სახსრებით განხორციელებული მშენებლობის დამთავრებისა და ობიექტის დადგენილი წესით აშენების შესახებ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების 2.1 მუხლის „ა“ და „ყ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ დადგენილებით დადასტურდა შპს „…“ დამფუძნებლებისათვის გაცემული მშენებლობის ნებართვის პირობების შესრულება, რითაც დადასტურდა იურიდიული ფაქტი, რომ შენობა შპს „…“ საკუთრებას წარმოადგენდა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებით ფაქტობრივად მოთხოვნილ იქნა შპს „…“ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების გაუქმება. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2010 წლის 10 აგვისტოს №1-3/105 ბრძანება გამოიცა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ჯეროვანი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მოწვევისა და მისთვის მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობის მიცემის გარეშე. ამასთან, აქტს არ გააჩნდა დასაბუთება.
მოსარჩელემ ასევე უკანონოდ მიიჩნია სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ექსპლუატაციაში მიღების აქტი არ წარმოადგენდა უფლების დამდგენ დოკუმენტს, რამდენადაც „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 10.1 მუხლის შესაბამისად, უფლების რეგისტრაციის საფუძველია არა მხოლოდ უფლების დამდგენი დოკუმენტი, არამედ ასევე სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება იურიდიული ფაქტი.
მოსარჩელის მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, თუ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება გააჩნია შენობა-ნაგებობაზე, იგი ასევე ითვლება შენობის ქვეშ არსებული მიწის მართლზომიერ მფლობელად. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრის სამსახურში უნდა წარადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელის მოსაზრებით, ასეთ დოკუმენტად, მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ასევე ჩაითვლება ამ მიწაზე განთავსებული შენობის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურის დადგენილებით დასტურდება, რომ მშენებლობა განხორციელებულია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, რაც უნდა ჩაითვალოს სხვა დოკუმენტად, რომელიც მიუთითებს მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის კანონიერებაზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1994 წლის 6 ოქტომბრის №173 გადაწყვეტილებით სოციალური დაცვისა და დემოგრაფიულ ფონდს კომერციული ობიექტის მშენებლობისათვის გამოეყო 260 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მასვე ნება დაერთო მშენებლობა ეწარმოებინა კომერციული სტრუქტურების მონაწილეობით. 1996 წლის 12 მარტის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ზუგდიდის ფონდის დირექტორის ცნობით ვ. რ-ას მიენიჭა უფლებამოსილება ემოქმედა ფონდის სახელით. 2005 წლის 1 თებერვლის აღწერილობის ოქმის მიხედვით, გამოყოფილი ტერიტორიის დასავლეთ ნაწილი ტროტუარი და გაზონი კეთილმოსაწყობია. ოქმს ხელს აწერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამსახურის სპეციალისტი. სიტუაციური გეგმის მიხედვით, დემოგრაფიულ საზოგადოებას სადავო მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა სავაჭრო ცენტრი. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 13 ივლისის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს „…“. საწესდებო კაპიტალში ნატურის სახით შევიდა 1999 წლის 17 ივნისის აუდიტორული დასკვნის შედეგად შეფასებული სავაჭრო საწარმო კომპლექსი. 2005 წლის 19 აპრილს ზუგდიდის რაიონის გამგეობასა და ფიზიკურ პირ ვ. რ-ას შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 260 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარის №159 ხელშეკრულება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 25 სექტემბრის №01 გადაწყვეტილებით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ზუგდიდში, ... გამზ. №43-ში მდებარე შპს „...“ შენობა 168 კვ.მ ძირითადი და დამხმარე ფართით.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მიიჩნია შენობა საზოგადოების საკუთრებად. სასამართლოს 1999 წლის დადგენილებაში საზოგადოების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიეთითა აუდიტის მიერ შეფასებული ქონება. სავაჭრო ობიექტი ამ დროისათვის ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა, შესაბამისად, მისი წესდებაში შეტანა დაუშვებელი იყო, მით უფრო, იგი არც ფიზიკური პირების საკუთრებას არ წარმოადგენდა. 2007 წლის 9 ნოემბერს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელდა შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ზუგდიდში, ... გამზ. №43-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ 260 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ №1 შენობაზე.
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 149-ე, 150-ე, 158-ე, 311-ე მუხლებით, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 1996 წლის 14 ნოემბრის კანონით, „უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის შესახებ“ 2005 წლის 28 დეკემბრის კანონით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონით, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ 1997 წლის 30 მაისის კანონით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონით და აღნიშნა, რომ მართლზომიერი მფლობელობის მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობებზე წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ამდენად პირი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ან შენობა-ნაგებობის მართლზომიერი მფლობელი. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, რამდენადაც მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვერ დაასაბუთა რატომ ეწინააღმდეგებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.
რაიონული სასამართლოს მითითებით, ზემოთ აღნიშნული კანონების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულება დადებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ, იჯარის ხელშეკრულების დადების საფუძვლად მითითებულია ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1994 წლის 6 ოქტომბრის №173 გადაწყვეტილება, რომლითაც მიწა გამოეყო სახელმწიფო სტრუქტურას – სოციალური დაცვისა ცდა დემოგრაფიულ ფონდს და არა ფიზიკურ პირს - ვ. რ-ას. სადავო შენობისათვის მიწის ნაკვეთი გამოიყო დემოგრაფიული ფონდის სახელზე, ნებართვა მშენებლობაზე და პროექტი გაიცა ამავე ფონდის სახელით. ამდენად, შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 2007 წლის 25 სექტემბრის №01 გადაწყვეტილება არ იყო კანონიერი საფუძველი საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე საზოგადოების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, რის გამოც რეგისტრაცია კანონის დარღვევით განხორციელდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“ დირექტორმა ვ. რ-ამ, რომელმაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2010 წლის 10 აგვისტოს №1-3/105 ბრძანება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არსებითად არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის წესი, შესაბამისად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იჯარის ხელშეკრულება, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი მითითებული აქტით, ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, რის გამოც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2, 651.2 მუხლების შესაბამისად, სახეზე იყო მისი ბათილად ცნობის საფუძველი. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის 3.4 მუხლით სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგებოდა კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. ამავე კანონის 3.10 მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთით სარგებლობის ან საკუთრების უფლება რეგისტრირდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2005 წლის 19 აპრილს ზუგდიდის რაიონის გამგეობასა და ვ. რ-ას შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის“ მოთხოვნათა დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ შპს „...“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელდა 2007 წლის 9 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1994 წლის 6 ოქტომბრის №173 გადაწყვეტილებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 25 სექტემბრის №01 დადგენილების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით და აღნიშნა, რომ ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1994 წლის 6 ოქტომბრის №173 გადაწყვეტილება ეხებოდა ზუგდიდის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული ფონდისათვის კომერციული ობიექტის მშენებლობის მიზნით 260 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფას. აღნიშნული გადაწყვეტილება რაიმე სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობდა შპს „...“ მიმართ, შესაბამისად, აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია კანონსაწინააღმდეგოდ განხორციელდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 13.1 მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ დგინდება. შპს „...“ კანონით დადგენილი წესით მშენებლობის წარმოების მიზნით მიწის ნაკვეთი არ გამოყოფია. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები არ ადასტურებდა საწარმოს სახელზე მიწის გამოყოფის ფაქტს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“ დირექტორმა ვ. რ-ამ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ გაუქარწყლებია მხარის არგუმენტები. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ დაუდგენია სადავო უძრავი ქონების მშენებლობის დაფინანსების წყაროები, მშენებლობის წარმოების ვადები და დემოგრაფიული ფონდის არსებობა მშენებლობის წარმოების პერიოდში. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ შენობის საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა დაუშვებელი იყო, რამდენადაც იმ პერიოდში არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული და არც კერძო პირების საკუთრებას წარმოადგენდა. კასატორის მითითებით, მართალია სავაჭრო ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა შპს-ს დაფუძნებისას, მაგრამ შპს-ს დამფუძნებლების გარდა ობიექტს სხვა მესაკუთრე არ ჰყავდა, იგი აშენებული იყო დამფუძნებელთა სახსრებით. ამ პერიოდში დემოგრაფიული ფონდი არ არსებობდა. შპს-ს რეგისტრაციაში გატარებით სასამართლომ დაადასტურა ქონების დამფუძნებელთა საკუთრებაში არსებობა და ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის მართლზომიერება.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქმის მასალების თანახმად, ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1994 წლის 6 ოქტომბრის №173 გადაწყვეტილებით კომერციული ობიექტის მშენებლობისათვის ქ. ზუგდიდში მდებარე 260 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო სოციალური დაცვისა და დემოგრაფიულ ზუგდიდის ფონდს. სიტუაციური გეგმის მიხედვით, გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე დემოგრაფიულ საზოგადოებას უნდა ეწარმოებინა სავაჭრო ობიექტის მშენებლობა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 13 ივლისის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...“, რომლის საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა მითითებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული სავაჭრო ობიექტი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 25 სექტემბრის №01 დადგენილებით ექსპლუატაციაში შევიდა ქ. ზუგდიდში, ... გამზ. №43-ში მდებარე, 168 კვ.მ ფართის შპს „...“ შენობა. 2005 წლის 19 აპრილს ზუგდიდის რაიონის გამგეობასა და ვ. რ-ას შორის გაფორმდა ქ. ზუგდიდში, ... გამზ. №43-ში მდებარე, 260 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით. 2007 წლის 9 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა ქ. ზუგდიდში, ... გამზ. №43-ში მდებარე, 260 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაზე შპს „...“ საკუთრების უფლება. რეგისტრაციის საფუძვლად მიეთითა შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 2007 წლის 25 სექტემბრის №01 დადგენილება. 2010 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ №1-3/105 ბრძანებით ბათილად ცნო ზუგდიდის რაიონის გამგეობასა და ვ. რ-ას შორის 2005 წლის 19 აპრილს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ბათილად ეცნო შენობაზე შპს „...“ საკუთრების უფლება და გაეუქმებინა იჯარის ხელშეკრულების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერი. სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 19 აგვისტოს №214062 გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს „...“ საკუთრების უფლება შენობაზე, ხოლო მიწის ნაკვეთი დარჩა სახელმწიფო საკუთრებად.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის მიზანს წარმოადგენს შპს „...“ საკუთრების უფლების აღდგენა სადავო შენობაზე, რაც ფაქტობრივად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 10 აგვისტოს №1-3/105 ბრძანების საფუძველზე გაუქმდა, სარჩელის მიზანია, ასევე, შენობის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთზე უფლების მოპოვება.
რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 10 აგვისტოს №1-3/105 ბრძანებისა და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 19 აგვისტოს №214062 გადაწყვეტილების კანონიერების დასასაბუთებლად მიუთითეს იმ სამართლებრივი აქტების უკანონობაზე, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და კანონიერ ძალაშია. კერძოდ, სასამართლოებმა უკანონოდ მიიჩნიეს შპს „...“ საწესდებო კაპიტალში სავაჭრო ობიექტის შენობის შეტანა იმ პირობებში, როდესაც შენობა კომერციული ფართის მოსაწყობად გამოეყო დემოგრაფიულ ფონდს და არა შპს „...“, ამასთან შენობის მშენებლობის დასრულების დროისათვის ფონდი აღარ ფუნქციონირებდა და შპს-ს დაფუძნებისას შენობა ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...“ მიერ მშენებლობის წარმოება-დასრულება, შენობის საწესდებო კაპიტალში შეტანა და ექსპლუატაციაში მიღება სადავოდ არავის გაუხდია, მითითებული აქტები კანონიერ ძალაშია, შენობა შეტანილ იქნა შპს „...“ საწესდებო კაპიტალში, რაც დასტურდება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 13 ივლისის დადგენილებებით, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 25 სექტემბრის №01 დადგენილებით მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში, რაც გულისხმობს წარმოებული მშენებლობის შესაბამისობის დადგენას სამშენებლო დოკუმენტაციასა და სამშენებლო ნორმებთან, ფაქტობრივად იგი განხორციელებული მშენებლობის კანონიერების აღიარება და შენობის შპს „...“ კუთვნილების დადასტურებაა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მითითებული აქტები არ გასაჩივრებულა მათი გამოცემის მომენტიდან დღემდე, მათ კანონიერებაზე მსჯელობა მოცემული დავის ფარგლებში სცილდება სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული სამართლებრივი აქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უნდა ემსჯელა სარჩელის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობაზე და შეეფასებინა არსებობდა თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით შპს „...“ საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 10 აგვისტოს №1-3/105 ბრძანებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ბათილად ცნო შპს „...“ გაფორმებული მიწის იჯარის ხელშეკრულება, როდესაც ხელშეკრულების ვადა ამოწურული იყო და იგი მხარეებს არ გაუგრძელებიათ. ხელშეკრულების ბათილად ცნობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ შპს „...“ სურდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ანდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაამოწმა გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერება. იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად სადავო №1-3/105 ბრძანებაში მითითებულია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის 14.4 მუხლი და „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი. ფაქტობრივად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი, თუმცა დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე, რამდენადაც იმ პირობებში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევდა, რომ მიწის შპს „...“ იჯარით გაცემით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ჯერ კიდევ ხელშეკრულების მოქმედების დროს შეეძლო გაეუქმებინა იჯარის ხელშეკრულება ამ საფუძვლით, რისი უფლებამოსილებასაც ხელშეკრულების 8.2 მუხლი ანიჭებდა მეიჯარეს. ასეთ პირობებში გაურკვეველია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია გაუქმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, რაც მას მიღებული საიჯარო ქირის დაბრუნების ვალდებულებას წარმოუშობდა.
სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმებისას მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ იჯარის ხელშეკრულების დადებით დაირღვა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის 3.4 მუხლით გათვალისწინებული მიწის განკარგვის წესი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არ უმსჯელია და შეუფასებია, რომ მითითებული კანონის 2.1 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება და მათ მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევით სახელმწიფო ქონების განკარგვა რამდენად წარმოადგენს დაინტერესებული მხარის უფლების უპირობოდ გაუქმების საფუძველს, მით უფრო, რომ მოქმედი კანონმდებლობა იცავს დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის უფლებას ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მიმართ.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 10 აგვისტოს №1-3/105 სადავო ბრძანებით სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა შენობაზე შპს „...“ საკუთრების უფლების გაუქმება. ამ ნაწილში სადავო აქტი სრულიად დაუსაბუთებელია, ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, არ მიუთითებია რის საფუძველზე ითხოვდა რეგისტრაციის გაუქმებას მით უფრო, როდესაც საქმე ეხებოდა საკუთრების უფლების გაუქმებას, სარეგისტრაციო სამსახურმა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე გააუქმა მის მიერვე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ დასაბუთებით, რომ შპს „...“ საკუთრებად შენობის აღრიცხვის საფუძვლად წარდგენილი შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ დადგენილება არ წარმოადგენდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით განსაზღვრულ უფლების დამდგენ დოკუმენტს, იგი არ ადასტურებდა შენობა-ნაგებობაზე შპს „...“ საკუთრების უფლებას, შესაბამისად, რეგისტრაცია განხორციელდა უკანონოდ, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთება და უკანონოდ მიიჩნია შპს „...“ სახელზე შენობის საკუთრების უფლებით აღრიცხვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, ამასთან აღნიშნა, რომ შპს „...“ მიწის ნაკვეთი არ გამოყოფია მშენებლობის მიზნით, ხოლო შენობის ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაცია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევად ჩათვალა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო აქტების კანონიერების შემოწმებისას არ გამოუკვლევია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლო მხოლოდ გასაჩივრებულ აქტებში ჩამოყალიბებულ დასაბუთებაზე დაყრდნობით უარყოფს სარჩელს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ კანონიერებაზე.
საქმის მასალების მიხედვით, ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1994 წლის 6 ოქტომბრის №173 გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი გამოეყო სოციალური დაცვისა და დემოგრაფიულ ფონდს, რომელიც 1993 წლის 10 თებერვლამდე ფუნქციონირებდა საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან არსებულ დამოუკიდებელ იურიდიულ პირად, ხოლო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 თებერვლის №70 დადგენილების მიხედვით, 1993 წლის 10 თებერვლიდან ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ერთეულად. საქმეში წარმოდგენილია სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ზუგდიდის ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაცემულის 1996 წლის 12 მარტის ცნობა, რომლის მიხედვით ფონდი ანიჭებდა ვ. რ-ას უფლებამოსილებას ემოქმედა ფონდის სახელით. სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „...“ დამფუძნებლები მუშაობდნენ სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ზუგდიდის ფონდში. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 ნოემბრის №729 ბრძანებულებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 აპრილის №338 დადგენილება. შესაბამისად, 1996 წლიდან ფონდმა შეწყვიტა ფუნქციონირება, მაგრამ საქმის მასალებით არ დგინდება ფონდის ლიკვიდაციის შედეგად ქონება დაუბრუნდა სახელმწიფოს თუ ფაქტობრივად მის ბაზაზე განაგრძეს საქმიანობა შპს „...“ დამფუძნებლებმა და დაასრულეს ფონდისათვის გამოყოფილ მიწაზე მშენებლობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოებები და იმსჯელოს არსებობდა თუ არა სადავო მიწაზე შპს „...“ კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევის საფუძველი და სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოხდა თუ არა შპს „...“ დამფუძნებლების მიერ წარმოებული მშენებლობის კანონიერების აღიარება.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გამოცემისას დაცულ იქნა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. სადავო რეგისტრაციით შპს „...“ წარმოეშვა საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობაზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია თუნდაც კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მითითებული ნორმა დაუშვებლად მიიჩნევს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ამ აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობისას. კანონიერი ნდობის უფლება არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებულმა მხარემ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. მისი ნდობა ამ ადმინისტრაციული აქტისადმი არის დაცვის ღირსი და აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამგვარი აქტის ბათილად ცნობას კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ აქტის არსებობით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესების დარღვევის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია არსებობდა თუ არა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მის მიერვე მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შპს „...“ სახელზე შენობის საკუთრების უფლების უკანონოდ დარეგისტრირების პირობებშიც კი მისი ბათილად ცნობისას დაცული იყო თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, სასამართლომ ისე გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოების დასაბუთება, რომ არ შეუმოწმებია გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ფორმალური და მატერიალური კანონიერება. ამდენად, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დასადგენად.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ლ. მურუსიძე


პ. სილაგაძე