Facebook Twitter
ბს-1544-1523(კ-11) 26 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ი. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

თავდაპირველი მოსარჩელეები - ზ. გ-ი, მ. ა-ი, ვ. ა-ი

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 აგვისტოს განჩინება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მ. ა-მა, ვ. ა-მა, ზ. გ-მა და ი. მ-მა მოპასუხის–საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ მოპასუხისათვის საკომპენსაციო თანხის- 10000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარებში) გადახდის დაკისრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის `ე~ ქვეპუნქტის საფუძველზე ვ. ა-ის სარჩელი საკომპენსაციო თანხის 10 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, დარჩა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის, ზ. გ-ისა და ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში წარმოდგენილი ი. მ-ის პირადობის მოწმობით, ასევე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობით და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით დგინდება და არც მოპასუხე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ი. მ-ი 2008 წლამდე ცხოვრობდა კოდორში.
ი. მ-ის სახელზე გაცემული დევნილის მოწმობის თანახმად, იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს გულრიფში, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს - კოდორი.
ზ. გ-ის სახელზე გაცემული დევნილის მოწმობის თანახმად, იგი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის სოხუმი, დროებითი საცხოვრებელი ადგილი კი - დიდუბე, დიღმის მასივი, კვ. ..., კორ...., ბინა.
მ. ა-ის სახელზე გაცემული დევნილის მოწმობით დგინდება ასევე, რომ მ. ა-ი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის გულრიფში, ..., ხოლო კოდორი, ... მისი დროებით საცხოვრებელი ადგილია.
მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომლითაც საკომპენსაციო თანხის - 10 000 აშშ დოლარის მათთვის ჩარიცხვა მოითხოვეს.
მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარის მიერ მათ მიმართ მოხდა შეთავაზება სოფელ წინწყაროში საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებისას აღნიშნა, რომ მოსარჩელეები თავიანთი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებენ „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის №915 განკარგულებაზე და „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის №534 განკარგულებასა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ 2010 წლის 3 ივლისის საქართველოს მთავრობის №856 განკარგულებაზე, რომლითაც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიებები. კერძოდ, 915-ე განკარგულების პირველი მუხლით განისაზღვრა, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უნდა განახორციელოს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლ-კაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა განისაზღვრა ერთ ოჯახზე 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.
სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები გამოცემულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილის უფლებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილს დროებითი საცხოვრებელი ფართობით. სამინისტრო ახორციელებს დევნილთა განსახლებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ, დევნილთა დროებითი განსახლებისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის ფარგლებში.
ამდენად, ზემოაღნიშნული განკარგულებების ადრესატებს წარმოადგენენ 2008 წლის რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დევნილი პირები, ვინაიდან მოცემული ნორმატიული აქტებით „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულებაა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, უნდა შეაფასოს მოსარჩელეთა სტატუსი _ წარმოადგენენ თუ არა ისინი 2008 წლის რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დევნილ პირებს.
„იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
„იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, დევნილის მოწმობა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ იძულებით გადაადგილებულ პირზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის დევნილად ცნობას და დევნილის სტატუსის მინიჭებას;
აღნიშნული ნორმების განმარტების თანახმად, დევნილის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კომპეტენციას, ხოლო პირის დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს დევნილის მოწმობა.
იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი რეგლამენტირებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანებით.
აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი (შემდგომში - წესი) გამომდინარეობს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დევნილის სტატუსი ენიჭება პირს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობისას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ამასთან, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ე“ და „ვ“ პუნქტებით დადგენილია დევნილის სტატუსის მქონე პირის მუდმივი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის ცნებები. კერძოდ, „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო; ვ) დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი) კი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი დროებით იქნა განსახლებული;
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის შესაბამისად სასამართლომ განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ის ადგილი, საიდანაც იგი იძულებით გადაადგილდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლში ჩამოთვლილ გარემოებათა გამო და მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე მიენიჭა დევნილის სტატუსი, ხოლო დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი დროებით იქნა განსახლებული, წარმოადგენს მის დროებით საცხოვრებელ ადგილს.
მოსარჩელეებზე გაცემული დევნილის მოწმობებით დადგენილია, რომ ისინი წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - აფხაზეთის ომის შედეგად დევნილებს, მათ მუდმივ საცხოვრებლად მითითებულია ერთ შემთხვევაში სოხუმი, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში - გულრიფში.
სასამართლომ, მართლია, გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია, რომ ისინი ნამდვილად გახდნენ იძულებულები რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორია, თუმცა არ გაიზიარა მათი პოზიცია, რომ მათ დატოვეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. სასამართლომ განმარტა, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც მოსარჩელეები ვერ ჩაითვლებიან 2008 წლის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დევნილ პირებად, არის ის გარემოება, რომ ისინი იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ არა მუდმივი, არამედ დროებითი საცხოვრებელი ადგილი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭება არ ხდება ავტომატურად, ამაზე ნება უნდა გამოხატოს თავად პირმა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად აირჩიოს ადგილი, სადაც გადავიდა იძულებით, ან დევნილის სტატუსის მინიჭებით განსაზღვროს, რომ მის მიერ იძულებით დატოვებული ადგილი არის მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ნებისმიერი ადგილი, სადაც იგი იცხოვრებს დევნილობის პერიოდში, იქნება მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა იმით, რომ მათ 1990-იანი წლების მოვლენების გამო მიიღეს დევნილის სტატუსი, ფაქტობრივად თავადვე განსაზღვრეს, რომ ნებისმიერი სხვა ადგილი მათთვის იქნებოდა დროებითი საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული განკარგულებების სუბიექტს წარმოადგენს ნებისმიერი პირი, ვინც დაზარალდა რუსეთის აგრესიის შედეგად, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება „იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს.
ამავე დროს სასამართლომ აღინიშნა, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან მოსარჩელეები არ წარმოადგენენ 2008 წლის მოვლენების გამო დევნილ პირებს, სახელმწიფო თავისუფლდება მათ მიმართ თავშესაფრით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან, აღნიშნული ვალდებულება სახელმწიფოს გააჩნია, როგორც 1990-იანი წლების მოვლენების შედეგად დევნილი პირების მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეების მიმართ განხორციელდა შეთავაზება ფართების თაობაზე, თუმცა აღნიშნულზე მათ გარკვეული მიზეზით უარი განაცხადეს.
სასამართლომ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირის შემდგომი ნებისმიერი საცხოვრებელი ადგილი არის მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, მოსარჩელეები, რომლებსაც 1990-იანი წლების მოვლენების გამო მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი, ვერ ჩაითვლებიან 2008 წლის რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებად, ვინაიდან ისინი იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ არა მუდმივი, არამედ დროებითი საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც, მათ ზემოაღნიშნული განკარგულებებით საკომპენსაციო თანხის _ 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტის მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნიათ, ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლებელია.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-მა, ზ. გ-მა და ი. მ-მა.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მათი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 აგვისტოს საოქმო განჩინებით აპელანტ ზ. გ-ის წარმომადგენლის რ. მ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება ზ. გ-ის ნაწილში და ზ. გ-ის სარჩელი დარჩა განუხილველი, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 აგვისტოს განჩინებით მ. ა-ისა და ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტებზე გაცემული დევნილის მოწმობებით დადგენილია, რომ ისინი წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს - 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის შედეგად დევნილებს, მათ მუდმივ საცხოვრებლად მითითებულია გულრიფშის რაიონი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტების, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ის ადგილი, საიდანაც ისინი იძულებით გადაადგილდნენ ,, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ გარემოებათა გამო და მათ სამინისტროს მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე მიენიჭათ დევნილის სტატუსი, ხოლო დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც ისინი დროებით იქნენ განსახლებულნი, წარმოადგენს მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და აღნიშნა, რომ აპელანტებისათვის გულრიფშის რაიონი წარმოადგენდა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა კოდორის ხეობა, ვინაიდან დევნილობის პერიოდში, აპელანტები, მითითებულ მისამართზე იქნენ რეგისტრირებულნი სამინისტროს მიერ და 2008 წლის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ არა მუდმივი, არამედ დროებითი საცხოვრებელი ადგილი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2008 წელს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული პირთა სოციალური დახმარების გაწევის მიზნით არაერთი სამართლებრივი აქტი იქნა გამოცემული საქართველოს მთავრობის მიერ. „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის №915 განკარგულება; „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის №534 განკარგულება და რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ 2010 წლის 3 ივლისის საქართველოს მთავრობის №856 განკარგულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური დახმარების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის #915 განკარგულების პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინის-ტროს დაევალა 2008 წლის 6 აგვისტოდან რუ¬სეთის ფედე¬რაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლ¬კაროდ დარჩე¬ნილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნ¬ველ-ყოფა, რომ¬ლე¬ბ¬მაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდუ¬ლი, რეაბი¬ლი¬ტი¬რებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მი¬ღებაზე. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის¬წი¬ნებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა განისაზღვრა ერთ ოჯახზე 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-მა და ი. მ-მა.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მათი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლოს 26.09.12წ. განჩინებით დამტკიცდა კასატორ მ. ა-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის 26.09.12წ. გაფორმებული მორიგების აქტი.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მორიგების აქტი წარმოადგინეს ასევე კასატორმა - ი. მ-მა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რის საფუძველზეც მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის წარმოებული დავა დასრულებულიყო მორიგებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო ი. მ-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებულ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მორიგება უნდა დამტკიცდეს აღნიშნული აქტის მიხედვით და საქმის წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე და აღნიშნავს შემდეგს, მითითებული მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე შეამოწმა ი. მ-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის 2012 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის - და მეორე მხრივ, მოსარჩელის (კასატორის) ი. მ-ის მიერ და მიაჩნია, რომ ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოებით შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს, ი. მ-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის 2012 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
ა) წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების შემდეგ, არაუგვიანეს 2013 წლის მარტის თვის დასრულებამდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იღებს ვალდებულებას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უზრუნველყოს ი. მ-ის ოჯახი: თვითონ - ი. მ-ი (პირადი №...) და მისი შვილი - მ. ჩ-ი (პირადი №...) საცხოვრებელი ფართით. საცხოვრებელი ფართი მდებარეობს ქალაქ გორში, წარმოადგენს ახლადრეაბილიტირებულ შენობას და შესაბამისობაშია „დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტებთან“. გადასაცემი საცხოვრებელი ბინა იქნება 1 ოთახიანი და მისი საერთო ფართობი შესაბამისობაში იქნება ზემოხსენებული სტანდარტებით გათვალისწინებულ, 1-2 წევრიანი ოჯახისათვის განსაზღვრულ ფართთან (25-35 მ2).
ბ) წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების და საცხოვრებელი ფართის მოსარჩელის ოჯახისათვის ფაქტიურ მფლობელობაში გადაცემის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რათა, ი. მ-ის ოჯახისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართი, მათ დაუკანონდეთ საკუთრების უფლებით – დევნილთა ხანგრძლივვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში.
3.2 ი. მ-ი (მოსარჩელე, კასატორი) ამ მორიგების აქტის 3.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული უძრავი ქონების მიმართ იღებს შემდეგ ვალდებულებებს:
ა) საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემამდე, გამოიყენოს იგი თავის და თავისი ოჯახის წევრების საცხოვრებლად, არ დააზიანოს, სათანადოდ მოუაროს მას და მოუვლელობით არ გააუარესოს მისი მდგომარეობა და არ შეამციროს მისი ღირებულება;
ბ) ქონების მის საკუთრებად აღრიცხვამდე, აღნიშნული ქონება არანაირად არ დატვირთოს და არანაირი ფორმით სარგებლობაში არ გადასცეს სხვა პირებს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 აგვისტოს განჩინება ი. მ-ის სარჩელის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;
4. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
5. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, მორიგების აქტის იძულებითი აღსრულებით);
6. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე