#ბს-816-800(4კ-12) 31 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ლ-ის, ს. ლ-ის, შპს „ა...“ და კომპანია „ე...“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 5 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების _ შპს „ა...“, კომპანია „ე...“, ა. ლ-ის, ს. ლ-ის, თ. მ-ის, ა. ი-ის, კ. ა-ის, ო. ჩ-ის, ვ. ც-ის, ი. გ-ის, ვ. ბ-ის, ჯ. დ-ის, ჰ. გ-ის, მ. ა-ის, მ. ზ-ის, ქ. ს-ას, ამხანაგობა „ქ...“, შპს „ავ...“, ი/მ „ზ. ს-ის“, შპს „ას...“, შპს „აგ...“., „ო...“ და კ. გ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხეებად მითითებული პირების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები ცნობილ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ლ-მა, ჰ. გ-მა, მ. ა-ემ, შპს „ას...“, თ. მ-ემ, ზ. ს-მა, შპს „ა...“ და სხვებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სარჩელის აღძვრამდე მიღებული განჩინებების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოება შეწყდა შემოსავლების სამსახურის სარჩელზე მოპასუხეების - შპს „აგ...“, შპს „ას...“, შპს „ავ...“, თ. მ-ის, მ. ა-ის, მ. ზ-ის, ა. ი-ის, კ. ა-ის, ო. ჩ-ის, ვ. ც-ის, ი. გ-ის, ვ. ბ-ის, ჯ. დ-ის, ჰ. გ-ის, ქ. ს-ას, ამხანაგობა „ქ...“, ი/მ „ზ. ს-ის“, კ. გ-ის, „ო...“ ნაწილში; ასევე, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მითითებული მოპასუხეების ნაწილში და ყადაღა მოეხსნა მათ საკუთრებაში რიცხულ მოძრავ, უძრავ, მატერიალურ და არამატერიალურ ქონებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „ა...“, ა. ლ-ის, ს. ლ-ის, კომპანია „ე...“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ლ-მა, ს. ლ-მა, კომპანია „ე...“, შპს „ა...“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორებმა ასევე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის, 2012 წლის 24 თებერვლისა და 31 მაისის განჩინებების გაუქმება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ლ-ის, ს. ლ-ის, კომპანია „ე...“, შპს „ა...“ საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის, ს. ლ-ის, კომპანია „ე...“, შპს „ა...“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი თითოეულზე 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი თითოეულს. საქმის მასალების მიხედვით, ა. ლ-ს საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 24 ოქტომბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ს. ლ-ს - 2012 წლის 26 ოქტომბერს – 300 ლარი, კომპანია „ე...“ სახელით სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი 2012 წლის 25 ოქტომბერს გადახდილია მისი წარმომადგენლის - ნ. ყ-ის მიერ, შპს „ა...“ – 2012 წლის 24 ოქტომბერს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ლ-ის, ს. ლ-ის, კომპანია „ე...“, შპს „ა...“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება;
3. კასატორებს – ა. ლ-ს, ს. ლ-ს, კომპანია „ე...“ წარმომადგენელს ნ. ყ-ს და შპს „ა...“ დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი თითოეულს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ლ. მურუსიძე