საქმე № ბს-862-844 (კს-12) 04 აპრილი, 2013 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე.
კერძო საჩივრის ავტორი – ო. კ-ია.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ააიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დავის საგანი – უფლებამონაცვლეობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.12 წ. საოქმო განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
11.08.11 წ. ო. და ა. კ-იებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.
დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეებმა მოითხოვეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს 06.07.11წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 20.07.11წ. წერილის ბათილად ცნობა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 16.05.08წ. დადებულ უზუფრუქტის ხელშეკრულებასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 21.04.08წ. №1-1/635 ბრძანებაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, დაბა აბასთუმანი, ... №4-ში და დაბა აბასთუმანი, ... მდებარე საცხოვრებელ სახლებში განმცხადებლებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომების უზუფრუქტის ხელშეკრულებით სარგებლობაში გადაცემული ქონების ნუსხიდან ამოღება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროსთვის დაბრუნება; საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 16.05.08წ. დადებულ უზუფრუქტის ხელშეკრულებაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების საფუძველზე „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის საბინაო ფონდის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.07.1994წ. №501 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულების (განმხცადებლების საცხოვრებელი სადგომებით დაკმაყოფილების შესახებ) შესასრულებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულება; ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს მთავრობის 30.08.11წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 09.09.11წ. ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ №08-0-11/11085 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
დაზუსტებულ სარჩელში მოპასუხეებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დასახელდა აგრეთვე საქართველოს მთავრობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
18.11.11 წ. მოსარჩელეების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე გამოიხმო ა. კ-იას სარჩელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.11წ. განჩინებით მოსარჩელე ა. კ-იას უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, სარჩელის წარმოებაში მიღებამდე მისი გამოხმობის გამო. ამავე სასამართლოს 22.11.11 წ. განჩინებით ო. კ-იას სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.12 წ. განჩინებით ო. კ-იას სარჩელზე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს 06.07.11წ. გადაწყვეტილების, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 20.07.11წ. წერილის, საქართველოს მთავრობის 30.08.11 წ. გადაწყვეტილების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 09.09.11 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.12 წ. განჩინებით ო. კ-იას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.12 წ. განჩინება (საქმე №3/4184-11) ო. კ-იას სარჩელზე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს 06.07.11წ. გადაწყვეტილების, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 20.07.11წ. წერილის, საქართველოს მთავრობის 30.08.11 წ. გადაწყვეტილების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 09.09.11 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუშველობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 14.06.12 წ. კერძო საჩივრით გასაჩივრდა ო. კ-იას მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.12 წ. განჩინება ო.კ-იას სასარჩელო განცხადების არდაკმაყოფილების შესახებ 14.06.12 წ. ო. კ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
04.10.12 წ. საოქმო განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ადგილზე თათბირით მიიღო განჩინება ო. კ-იას სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმეში (საქმე №3/ბ-819-12) მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ ააიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩაბმის თაობაზე.
09.10.12 წ. ო. კ-იას მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.12 წ. საოქმო განჩინება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული განჩინება გამოტანილია სსსკ-ს 393.2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და 394-ე მუხლის „ე1“, 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტების დარღვევით. საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის №203 დადგენილება სსიპ ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ მიღებულია 08.06.12 წ., რომელიც სააპელაციო სასამართლოში 09.07.12წ. იქნა წარდგენილი. იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილია 09.07.12 წ., ხოლო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა მხოლოდ 04.10.12წ. სხდომაზე, საქმეზე რამოდენიმე სასამართლო სხდომის ჩატარების შემდეგ, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სასამართლო შემადგენლობას საერთოდ არ აქვს შესწავლილი საქმის მასალები, რის გამოც ეჭვქვეშ უნდა დადგეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული როგორც 04.10.12 წ. საოქმო განჩინება, ისე არსებითი განხილვის შედეგად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.12 წ. განჩინების (საქმე №3/ბ-819-12) გაუქმება; ო. კ-იას სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო შემადგენლობის აცილება.
სააპელაციო სასამართლოს 01.11.12 წ. საოქმო განჩინებით საქმე გადაგზავნილ იქნა უზენაეს სასამართლოში უფლებამონაცვლეობის შესახებ ო. კ-იას კერძო საჩივრის განხილვისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.02.13 წ. განჩინებით ო. კ-იას კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. კ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 08.06.12 წ. №203 დადგენილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რეორგანიზებულ იქნა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტად, უკანასკნელი განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 92.1 მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებულიც იყო საქმის განხილვის მსვლელობისას ემსჯელა მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ ა(ა)იპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმეში ჩაბმის თაობაზე.
04.10.12 წ. სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ თავად კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის გამო უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენის საჭიროებას. ო. კ-ია კერძო საჩივარში მიუთითებს სსკ-ის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. ხსენებული მუხლის თანახმად, უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტა დასაშვებია პროცესის ყოველ სტადიაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.12 წ. საოქმო განჩინების გაუქმებას საფუძვლად უნდა დაედოს ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატამ უფლებამონაცვლეობის საკითხზე მსჯელობა იქონია არა რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 08.06.12წ. №203 დადგენილების სააპელაციო სასამართლოში წარდგენისთანავე, არამედ მოგვიანებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენა ააიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სააპელაციო შესაგებლის წარდგენისთანავე, გავლენას ვერ მოახდენს სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე გამოტანილ საბოლოო გადაწყვეტილების შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის კანონიერი უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, უფლებამონაცვლეობის საკითხი სწორად არის გადაწყვეტილი, შესაბამისად არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.12 წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი
სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული აგრეთვე კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სასამართლო შემადგენლობის აცილების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 414-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სსკ-ის 36-ე მუხლი აცილების შესახებ სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ითვალისწინებს, გამოტანილი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად აპელაციის ან კასაციის წესით. ამასთანავე, მართალია, სსკ-ის 404.2 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს ის განჩინებებიც, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და რომელთა მიმართაც კერძო საჩივარი არ დაიშვება, მაგრამ საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე განცხადება საერთოდ არ ჰქონია წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, შესაბამისად, არ არსებობს განჩინება, რომლითაც ო. კ-იას უარი ეთქვა მოცემულ მოთხოვნაზე, აღნიშნული საკითხი არ გადაწყვეტილა 04.10.12წ. საოქმო განჩინებით, რომელზედაც ო. კ-იამ შეიტანა კერძო საჩივარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.12 წ. საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-e, 285-e, 399-e, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. კ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.12 წ. საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ.ვაჩაძე