ბს-844-828(გ-12) 4 აპრილი, 2013წ
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. გ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე ნ. გ-მა 04.06.12წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.05.12წ. ¹#68699 და 12.04.12წ. #12049112/3 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს ,,...” პარტნიორთა კრებამ 17.10.11წ. მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოების პარტნიორთა მიერ კუთვნილი წილების გასხვისების თაობაზე, შესაბამისად, 17.10.11წ. გაფორმდა წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოითხოვა საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ხარვეზი მასზედ, რომ დამატებით წარსადგენი იყო საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორის ნების დამდგენი დოკუმენტი უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი წესით შედგენილი და დამოწმებული გადაწყვეტილება ელექტრონული მისამართის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. 12.04.12წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი და შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, 04.05.12წ. გადაწყვეტილებით კი არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის ადმინისტრაციული საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.06.12წ. განჩინებით ნ. გ-ის სარჩელი განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ცვლილების შეტანა, რაც არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილება მატერიალური თვალსაზრისით შემოწმებას ექვემდებარება კერძოსამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით, კერძოდ კი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ცვლილების შეტანა რეგულირდება ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებით. სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ განსახილველ დავაში მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, ვერ შეცვლის დავის კერძოსამართლებრივ ხასიათს და ვერ განაპირობებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოცემული დავის განხილვას. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ცვლილების შეტანის საკითხთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ვერ მიიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, ვინაიდან არ გამოიცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, არამედ მას საფუძვლად უდევს კერძო სამართლის კანონმდებლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა საქმე და 30.07.12წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.07.12წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც 30.07.12წ. გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხისათვის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელების დავალდებულება მოითხოვა, კერძოდ 17.10.11წ. გაფორმებული წილის გასხვისების ხელშეკრულების საფუძველზე ე.პ-ის და ი.მ-ის კუთვნილი წილების ნაწილის გასხვისების აღრიცხვა ნ.გ-შვილზე და ი.მ-იზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.11.12წ. განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.07.12წ. გადაწყვეტილებაზე, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით, საქმის მასალებთან ერთად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. გ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არ განეკუთვნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ საქმეთა რიგს, რომლებსაც სასამართლოები განიხილავენ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ” კანონში 24.06.11წ. შეტანილ ცვლილებაზე, რომლის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტთა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ადმინისტრაციული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. ცვლილების თანახმად, ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-142 მუხლის 1-ლი პუნქტით, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ჩაითვალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და დადგინდა მისი გაუქმების შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული დავა არ უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხსენებულ პალატას და განხილულ იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ცვლილების შეტანა. სამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განეკუთვნება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობის ანუ იმის გამო, რომ მოთხოვნის ადრესატი არის ადმინისტრაციული ორგანო, არამედ აგრეთვე სადავო სამართალურთიერთობის საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობიდან წარმოშობის, სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო. განსჯადობის სუბიექტთა თეორია, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად გამოიყენება გამიჯვნის კრიტერიუმად, ფორმალურია და მოკლებულია სამართალურთიერთობის გაანალიზების, მისი არსის წვდომის უნარს. განსჯადობის საკითხში კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მის მონაწილეებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამავე კოდექსის 2.2 მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს ადმინისტრაციული დავის საგანს (ტაქსაცია). აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული (ენუმერაცია).
კანონმდებლის მითითება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში: იმ შემთხვევაში, თუ სამართალურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ან სხვა კერძო-სამართლებრივი წყაროს ნორმებით, დავა სამოქალაქო კატეგორიისაა, უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან საჯარო სამართლის სხვა წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამდენადაც სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანა რეგულირდება ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისი ნორმებით. სამეწარმეო საქმიანობა ,,მეწარმეთა შესახებ” კანონით მოწესრიგებული კერძო-სამართლებრივი საქმიანობის ფორმაა. სამეწარმეო ურთიერთობის მონაწილეებს, როგორც კერძო სამართლებრივი ბრუნვის სუბიექტებს, შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.3 მუხლის მიხედვით შპს-ს პარტნიორებს უფლება აქვთ გაასხვისონ თავიანთი წილი (მიმოქცევადი უფლება) საზოგადოების კაპიტალში. ამრიგად, შპს-ს პარტნიორთა მიერ წილების გასხვისება სამოქალაქო სამართლებრივი მოქმედებაა, რომელიც შეეხება პარტნიორთა და მესამე პირთა ინტერესებს.
დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-142 მუხლის 1-ლ პუნქტზე მითითებით, რომლის მიხედვითაც რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა დავის შინაგან, იმმანენტურ ბუნებაზე, რომლითაც დეტერმინირებულია დავის განსჯადობის საკითხი. მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით ხდება სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა, საკასაციო სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს აქტის შინაარსს და მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რამდენადაც შპს-ს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა რეგულირდება ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისი ნორმებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ისევე, როგორც კერძო სამართლის სხვა იურიდიული პირების დაფუძნება-რეგისტრაციის, პარტნიორთა უფლება-მოვალეობებისა და საზოგადოების მართვის საკითხები, სამართლებრივად წარმოადგენს კორპორაციულ ურთიერთობებს, რომლებიც კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე რეგულირდება. ამდენად სადავო სამართალურთიერთობა შეეხება კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის) პირობებს სამეწარმეო კანონმდებლობის საფუძველზე. სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის მოთხოვნას საფუძვლად უდევს სანოტარო წესით დამოწმებული 17.10.2011წ. კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება შპს ,,...“ პარტნიორების და ი.მ-ის მიერ საწესდებო კაპიტალში შპს-ს წილის გასხვისების შესახებ. სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტა უკავშირდება წილის უპირატესი შესყიდვის უფლებას, რომელიც კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის ნორმებით და საზოგადოებაში წილის დათმობის შესახებ საზოგადოების წესდების დებულებით არის მოწესრიგებული, რაც ასევე მიუთითებს დავის კერძო-სამართლებრივ ბუნებაზე.
საკასაციო სასამართლოს თვლის, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი _ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული სამოქალაქო კატეგორიის დავა.
აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე