#ბს-722-707(2კ-12) 30 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ გ. გ-ი, წარმომადგენელი – შ. კ-ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): 1) ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის სამხედრო გამწვევი კომისია; 2) ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა, წარმომადგენელი – ვ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ ქმედების უკანონოდ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 6 ივნისს გ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის სამხედრო გამწვევი კომისიისა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის 10 მაისიდან არის რელიგიული ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეთა მიმდევარი. 2010 წლის 1 დეკემბერს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის შემდეგ, 2011 წლის 11 იანვარს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის სამხედრო გამწვევ კომისიას და მოითხოვა რელიგიური მრწამსის გამო სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან გათავისუფლება, ამასთან, თანხმობა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სარეზერვო სამსახურის გავლაზე. განცხადებას ერთვოდა ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გ. გ-ი იყო იეჰოვას მოწმე. განცხადებით გ. გ-ი ასევე ითხოვდა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით შეტყობინებას. აღნიშნულის მიუხედავად, მას პასუხი არ მიუღია. გ. გ-მა სამხედრო გამწვევი კომისიის უარი გაასაჩივრა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაში. 2011 წლის 29 აპრილს გ. გ-მა განმეორებით მიმართა განცხადებით ადმინისტრაციულ ორგანოს. გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2011 წლის 15 თებერვლის №გ-181 წერილით, რომელიც ადრესატს ჩაბარდა 2011 წლის 6 მაისს, გ. გ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ უკანონოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რამდენადაც „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც უარს აცხადებს სამხედრო სამსახურის რომელიმე სახეზე, ამ პირისათვის მინიჭებული უფლებების დასადგენად ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ისარგებლოს როგორც ალტერნატიული სამსახურის შესახებ კანონით, ასევე საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას რეზერვისტების უფლება მიუხედავად იმისა, ეს დეტალურად მოწესრიგებულია თუ არა კანონით, რამდენადაც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო ხელშეკრულება აღიარებს ადამიანის უფლებას უარი თქვას სამხედრო სამსახურის ნებისმიერ სახეზე თავისი სინდისისა და მრწამსის გამო. „სავალდებულო სამსახურის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, სამხედრო სამსახური მოიცავს სამხედრო სარეზერვო სამსახურსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის, ადამინის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის, საერთაშორისო ხელშეკრულების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ალტერნატიული სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, რელიგიური მრწამსისა და სინდისის გამო გ. გ-ს უფლება აქვს უარი თქვას სამხედრო სარეზერვო სამსახურზეც. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ავალდებულებს ალტერნატიული სარეზერვო სამსახურის გავლას, მოსარჩელე თანახმაა გაიაროს იგი.
გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, „ალტერნატიული სამსახურის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო დასკვნა და მისი საბოლოო განხილვისათვის საქმე უნდა გადაგზავნილიყო ალტერნატიულ სამსახურში, რაც არ განხორციელებულა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის სამხედრო გამწვევი კომისიის უარისა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2011 წლის 15 თებერვლის №გ-181 წერილის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან გათავისუფლებასა და მის ნაცვლად არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სარეზერვო სამსახურის გავლაზე.
მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის სამხედრო გამწვევი კომისიის იმ მოქმედების უკანონოდ ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან განთავისუფლებაზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ სარეზერვო სამსახურის გავლაზე და მასალები გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას, რის შედეგადაც იგი დაჯარიმდა 500 ლარით; მოსარჩელემ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2011 წლის 15 თებერვლის №გ-181 წერილის ბათილად ცნობაც მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2011 წლის 15 თებერვლის №გ-181 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრიცი აქტი; არ დაკმაყოფილდა გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის სამხედრო გამწვევი კომისიის იმ მოქმედების უკანონოდ ცნობის თაობაზე, რომლითაც მოსარჩელეს სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან განთავისუფლებაზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სარეზერვო სამსახურის გავლაზე უარი ეთქვა და მასალები გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, რომელმაც ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2011 წლის 15 თებერვლის №გ-181 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელზე წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე გ. გ-მა, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ისა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-მა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც იმავე საფუძვლებით მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. გ-ისა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, ხოლო გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებაზე, გ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2013 წლის 30 მაისის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს კასატორ – გ. გ-სა და მოწინააღმდეგე მხარეს – ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული მორიგების აქტი და მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი პირობებით:
,,ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი, ერთი მხრივ კასატორი - გ. გ-ი და მეორე მხრივ, ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი ვ. მ-ე, თანახმა ვართ მსგავს საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ჩვენს შორის არსებულ დავაზე საქმე №3ბ/406-12 გაფორმდეს მორიგების აქტი და შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი პირობებით:
1. ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა იღებს ვალდებულებას გ. გ-ს გადაუხადოს 825 (რვაას ოცდახუთი) ლარი 2013 წლის 30 ივნისის ჩათვლით შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
- ს/ს „...“
- ბანკის კოდი ...
- GE...
2. კასატორი თანახმაა, წინამდებარე მორიგების აქტის №1 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემთხვევაში შეწყდეს საქმის წარმოება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე – ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა 2013 წლის 30 ივნისის ჩათვლით არ გადაიხდის 825 ლარს სრულად, კასატორი უფლებამოსილია მიმართოს უზენაეს სასამართლოს და გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობას დაეკისრება 825 (რვაას ოცდახუთი) ლარის გადახდა გ. გ-ის სასარგებლოდ.
2. მხარეები თანახმა ვართ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებულ პირობებზე და ვადასტურებთ ხელმოწერებით.“
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს გ. გ-სა და მოწინააღმდეგე მხარეს – ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობას შორის მორიგება და გ. გ-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით უნდა მოხდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გ. გ-სა და ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობას შორის 2013 წლის 30 მაისს გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია, ერთის მხრივ, მოსარჩელის (კასატორის) _ გ. გ-ისა და მეორეს მხრივ, ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის – ვ. მ-ის მიერ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და გ. გ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს გ. გ-სა და ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული მორიგების აქტი და გ. გ-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კასატორს - გ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით მ. ც-ას მიერ 2012 წლის 22 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს გ. გ-სა და ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობას შორის 2013 წლის 30 მაისს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
,,ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი, ერთი მხრივ კასატორი - გ. გ-ი და მეორე მხრივ, ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი ვ. მ-ე, თანახმა ვართ მსგავს საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ჩვენს შორის არსებულ დავაზე საქმე №3ბ/406-12 გაფორმდეს მორიგების აქტი და შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი პირობებით:
1. ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა იღებს ვალდებულებას გ. გ-ს გადაუხადოს 825 (რვაას ოცდახუთი) ლარი 2013 წლის 30 ივნისის ჩათვლით შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
- ს/ს „...“
- ბანკის კოდი ...
- GE ...
2. კასატორი თანახმაა, წინამდებარე მორიგების აქტის №1 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემთხვევაში შეწყდეს საქმის წარმოება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე - ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა 2013 წლის 30 ივნისის ჩათვლით არ გადაიხდის 825 ლარს სრულად, კასატორი უფლებამოსილია მიმართოს უზენაეს სასამართლოს და გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობას დაეკისრება 825 (რვაას ოცდახუთი) ლარის გადახდა გ. გ-ის სასარგებლოდ.
2. მხარეები თანახმა ვართ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებულ პირობებზე და ვადასტურებთ ხელმოწერებით.“
2. გ. გ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;
3. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. კასატორს - გ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით მ. ც-ას მიერ 2012 წლის 22 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი;.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე