Facebook Twitter
ბს-298-290(გ-13) 3 ივნისი, 2013 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა რ. მ-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სიღნაღის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


რ. მ-მა 2013 წლის 1 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 1 აპრილის N54498 გადაწყვეტილების, დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 14 დეკემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2013 წლის 16 იანვრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება განახორციელოს რ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა. მ-ის სახელზე სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ს/კ 52.10.32.049.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მაისის განჩინებით რ. მ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.04.13 გადაწყვეტილების, დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 14.12.12 და 16.01.13 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ა. მ-ის სახელზე სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთებზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოარჩელეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე რ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.
რ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ემ 2013 წლის 17 მაისს განცხადება-შუამდგომლობით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ რ. მ-ი არის სოციალურად დაუცველი და მას გადაადგილების მატერიალური საშუალება არ გააჩნია, მის დაცვას ახორციელებს მომსახურების საფასურის გარეშე.
ნ. გ-ემ იშუამდგომლა საქმე გაიგზავნოს რ. მ-ის მიერ არჩეულ განსჯად სასამართლოში, ვინაიდან ვერც ერთი ვერ გამოცხადდებოდნენ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში.
სიღნაღის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას და მიუთითა, რომ საქართველოს ასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებათა გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე განსჯადობის საკითხი წესრიგდება ასკ-ის მე-5, მე-6 და 26-ე მუხლების საფუძველზე. საქართველოს ასკ-ის 26-ე მუხლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. მ-ის სარჩელი წარდგენილ იქნა განსჯად სასამართლოში, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს მოცემული ადმინისტრაციული საქმე იმის მიუხედავად, სადავო ქონება იქნებოდა თუ არა დედოფლისწყაროს რაიონში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქრთველოს სსკ-ის მე-15 მუხლით მოსარჩელემ სარჩელი უნდა წარადგინოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, ამავე კოდექსის მე-16 მუხლით განსაკუთრებული განსჯადობა ადგენს წესებს კერძოდ მოსარჩელეს ფაქტობრივად აძლევს არჩევანის შესაძლებლობას წარადგინოს სარჩელი ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად მოსარჩელე მხარემ აირჩია განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლო რაც დასტურდება მის მიერ სარჩელის წარდგენით და სიღნაღის რაიონულ სასამართლოში 2013 წლის 17 მაისს შეტანილი განცხადებით, სადაც მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან უკვე არჩევანი გააკეთა სსსკ-ის 20-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე არის სოციალურად დაუცველი, იღებს შემწეობას, ცხოვრობს თბილისში და მოსარჩელისა და მისი წარმოადგენლის გამოცხადება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მოითხოვს დამატებით ხარჯებს რასაც ვერ უზრუნველყოფს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს შორის განსჯადობის თაობაზე განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალქო) სასამართლოების განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთებზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს ¹1/150/2007 გადაწყვეტილებით „რაიონული (საქალქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ განისაზღვრა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, 23-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, რაიონული (საქალქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ნივთი - საცხოვრებელი სახლი, მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ არხილოსკალოში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი წესის თანახმად, სასამართლოს მიერ იმ ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომლებიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ან სამართალურთიერთობას ეხება, შეადგენს იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა იქნეს განხილული იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში განსჯად სასამართლოს წარმოადგენს სიღნაღის რაიონული სასამართლო.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ვერ მოხდება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არაუფლებამოსილია განიხილოს სხვა სასამართლოს დაქვემდებარებული საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ საქმე რ.მ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე რ. მ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ.სხირტლაძე