Facebook Twitter
#ბს-334-324(კს-13) 9 ივლისი, 2013 წელი
ქ . თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ტ. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ზ. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


2006 წლის 6 ივნისს ზ. ბ-ამ სარჩელი აღძრა მარტვილის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ტ. ბ-ას სახელზე რეგისტრირებული საკუთრების მოწმობის ბარათის გაუქმება და მარტვილის რაიონის, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთისა და სახლ-კარის მესაკუთრედ ცნობა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 2-4).
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში ტ. ბ-ას სახელზე 2006 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათი №41/15/01/325 ფართობით - 0,651 ჰა და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს სათანადო ცვლილებები შეიტანოს რეესტრის ჩანაწერებში, კერძოდ: გახსნას ახალი მიწის /უძრავი ქონების/ სააღრიცხვო ბარათი, სადაც მესაკუთრედ მიეთითება ზ. ბ-ა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 30-33).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ბ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ტ. ბ-ამ სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა ასევე ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადავადება იმ მოტივით, რომ 2005 წლის 22 მაისიდან 2013 წლის 24 იანვრამდე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია და უსახსრობის გამო ვერ ახერხებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას. აღნიშნულის დასადასტურებლად სააპელაციო საჩივარს დაურთო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2013 წლის 23 იანვრის ცნობას №0696364 (იხ. ს.ფ. ტ. 2; ს.ფ. 2-27).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით ტ. ბ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო და აპელანტს განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად (იხ. ტ. 2; ს.ფ. 32-34).
ტ. ბ-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმ მოტივით, რომ 2005 წლის 22 მაისიდან 2013 წლის 24 იანვრამდე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია და უსახსრობის გამო ვერ ახერხებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას (იხ. ტ. 2; ს.ფ. 38).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით ტ. ბ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ტ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ. ტ. 2; ს.ფ. 39-41), შემდეგი მოტივაციით: ტ. ბ-ას არ წარუდგენია ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულება, რაც უდავოდ დაადასტურებდა მის გადახდისუუნარობას, ხოლო ის გარემოება, რომ აპელანტი უმუშევარია და ახალი გათავისუფლებულია პატიმრობიდან, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე აღძრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ბ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. დაპატიმრებამდე იღებდა ინვალიდობის პენსიას, რომლიც მიღებაც დაპატიმრებისთანავე შეუწყვიტეს. 2005 წლის 22 მაისიდან 2013 წლის 24 იანვრამდე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია და ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება, რათა აღედგინა მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსია. უსახსრობის გამო ვერ შესძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ითხოვდა სასამართლოსაგან გადახდის გადავადებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
კერძო საჩივრის ავტორმა ასევე, იშუამდგომლა კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმავე საფუძვლებზე მითჲთებით, რაზედაც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით ტ. ბ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. ტ. 2; ს.ფ. 55-56).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტ. ბ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის არასწორად განმარტების შედეგად საქმეზე არასწორი განჩინება მიიღო, რის გამოც სახეზეა მისი სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამრთლომ ობიექტურად არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულება და არ გაითვალიწინა აპელანტის მატერიალური მდგომარეობა, რითაც მას შუზღუდა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ასევე ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-11-11(კ-07) ს., ე. და ნ. თ-ების წარმომადგენლის ა. ლ-ას კერძო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, კერძოდ:
,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათ დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ყველასათვის უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რაც თავისთავად მოიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასაც.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლით საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
კონსტიტუციის მე-7 მუხლით სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ხოლო 42-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლის შესატყვისად სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება აღიარებულია საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლით. შესაბამისად, ეროვნული სასამართლოები, როგორც ამ სტანდარტის შესრულების და დაცვის უზრუნველმყოფი ორგანოები, ვალდებულნი არიან ობიექტურად და მიუკერძოებულად განიხილონ ამგვარი შემთხვევები, რათა პირებს არ შეეზღუდოთ ამ უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საპროცესო სამართლის აღიარებულ დებულებას, რომ სარჩელი წარმოადგენს დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების მატერიალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალებას.
სსსკ-ის V თავის ნორმების მიხედვით, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართალწარმოებისათვის დადგენილი ხარჯების, ოდენობის, მათი ანაზღაურების წესსა და პირობებს.
პროცესის ხარჯები, რომელიც შედგება სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან, წარმოადგენს მხარეთა მიერ მატერიალური უფლებების დასაცავად (აღსადგენად, მოსაპოვებლად) გაწეულ (გასაწევ) ხარჯებს, რაც შესაძლებელია ანაზღაურდეს სარჩელზე დამდგარი შედეგის შესაბამისად და პროპორციულად, როგორც პროცესუალური მოთხოვნა.
Yყველა სახელმწიფოს საპროცესო კანონმდებლობა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე, ითვალისწინებს სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, შემცირების ან გადავადების შესაძლებლობას მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამ შესაძლებლობას ადგენს 47-ე და 48-ე მუხლებით. კერძოდ, 47-ე მუხლი სასამართლოს უფლებას ანიჭებს მოქალაქე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებისაგან. 48-ე მუხლით კი გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მხარისათვის ბაჟის გადახდის ვალდებულების გადავადება, ანდა მათი ოდენობის შემცირება. აღნიშნული შეღავათების არსებობა ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო ბაჟის წინასწარ, რიგ შემთხვევებში კი საერთოდ გადაუხდელობამ, ანუ მატერიალურმა უსახსრობამ არ დააბრკოლოს და მხარეს არ წაართვას დარღვეული უფლების აღდგენისა და პროცესუალური საშუალებით დაცვის შესაძლებლობა’’.
საქმის მასალების თანახმად, სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია საჯარო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან. სარჩელის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენს ტ. ბ-ას სახელზე რეგისტრირებული საკუთრების მოწმობის ბარათის გაუქმება და მარტვილის რაიონის, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთისა და სახლ-კარის მესაკუთრედ ზ. ბ-ას ცნობა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 2-4).
სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით აპელანტის ტ. ბ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისა ან გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დაუდგინა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად (იხ. ტ. 2; ს.ფ.32-34).
ტ. ბ-ამ კვლავ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე (იხ. ტ. 2; ს.ფ. 38).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით ტ. ბ-ას განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ. ტ. 2; ს.ფ. 39-41).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აპელანტმა არ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. ხოლო ის გარემოება, რომ აპელანტი ახალი გათავისუფლებულია პატიმრობიდან და არ გააჩნია სამუშაო ადგილი, არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. ბ-ამ სააპელაციო სასამართლოს საკმარისი მტკიცებულებები წარუდგინა გადახდისუუნარობის შესახებ (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2013 წლის 23 იანვრის ცნობა №0696364 იმის თაობაზე, რომ ტ. ბ-ა 2005 წლის 22 მაისიდან 2013 წლის 24 იანვრამდე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში (იხ. ტ. 2; ს.ფ. 27); ასევე, კერძო საჩივარს დაურთო საპენსიო მოწმობა №547849, რომლითაც დასტურდება, რომ 2004 წლის 4 აპრილიდან 2006 წლის 1 ივნისამდე მინიჭებული ჰქონდა მეორე ჯგუფის ინვალიდობა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 48).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ არა ამგვარი შემთხვევა, მაშ რა ვითარებაში უნდა მიიჩნიონ ეროვნულმა სასამართლოებმა სსსკ-ის 48-ე მუხლით მოცემული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების გადავადება საქმის განხილვამდე. ყველა შესაძლებელ შემთხვევაში სასამართლომ უნდა მისცეს მხარეს საშუალება სასამართლო წესით დაიცვას თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რაც სააპელაციო სასამართლოს ამგვარი მიდგომის პირობებში შეუძლებელი იქნება.
სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულების, კერძო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებისა და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით სასამართლომ არ უნდა შეუზღუდოს აპელანტს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე შეფასდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსგავსი მიდგომა ევროპული კონვენციის დარღვევად და ამ გადაწყვეტილების პრეიუდიციული ძალა გააჩნია საქართველოს სასამართლოებისათვის და რაც მოცემული კონკრეტული საქმის განხილვისას აბსოლუტურად იგნორირებულია (2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე საფეხბურთო კლუბი “მრეტები” საქართველოს წინააღმდეგ)
“კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი ყველასთვის უზრუნველყოფს უფლებას ნებისმიერი საჩივრით მიმართოს სასამართლოს განმცხადებლის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებით (see Teltronic-CATV v. Poland, no. 48140/99, §§ 45 and 64, 10 January 2006; Golder v. the United Kingdom, judgment of 21 February 1975, Series A no. 18, pp. 13-18, §§ 28-36). ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ თავის იურისდიქციაში უზრუნველყონ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის კონვენციის მე-6 მუხლის ფუნდამენტური გარანტიები სააპელაციო სასამართლოებში, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოებში (see Brualla Gómez de la Torre v. Spain, judgment of 19 December 1997, Reports of Judgments and Decisions 1997 VIII, p. 2955, § 33; Tinnelly & Sons Ltd and Others and McElduff and Others v. the United Kingdom, judgment of 10 July 1998, Reports 1998-IV, p. 1660, § 72).
ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის გადამხდელუნარიანობას, ასევე განხილვების სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა (see Kreuz, cited above, §§58-60). უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის (Weissman and Others, cited above, §36).
ზემოხსენებული განხილვების გათვალისწინებით და მთლიანად საქმეზე არსებული ფაქტების შეფასებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ვერ დაიცვა შესაბამისი ბალანსი ერთის მხრივ სახელმწიფოს ინტერესებსა, რომელიც შეეხებოდა სასამართლო ბაჟის გონივრულად განსაზღვრას, ხოლო მეორეს მხრივ აპლიკანტის ინტერესებს შორის, როდესაც იგი თავის პოზიციებს იცავდა სასამართლო ინსტანციებში.
შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილის დარღვევას, რაც გამოიხატა სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე დაუსაბუთებელი უარით.
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლო ადგენს კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევას, მოპასუხე სახელმწიფოს აკისრებს კანონიერ ვალდებულებებს არა მხოლოდ გადაიხადოს ამასთან დაკავშირებული თანხა, რომელიც დაეკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების გზით, არამედ ასევე აირჩიოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ ზოგადი, და/ან შესაბამისად ინდივიდუალური ზომები, რომელიც მიღებულია ადგილობრივი სამართლებრივი სისტემის მიერ, რათა ბოლო მოეღოს სასამართლოს მიერ აღმოჩენილ დარღვევებს. მოპასუხე სახელმწიფოს ევალება მიიღოს ყველა შესაძლო რეპარაცია დარღვევით გამოწვეული შედეგების აღსაკვეთად, ისე, რომ აღდგეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დარღვევამდე არსებული სიტუაცია (see Apostol v. Georgia, no.40765/02, §71, ECHR 2006 ; Assanidze v. Georgia [GC], no. 71503/01, §198, ECHR 2004-II; Maestri v. Italy [GC], no.39748/98, §47, ECHR 2004-I). შესაბამისად, განსახილველ საქმეში არსებული დასკვნებისა და საკასაციო სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე აპლიკანტის უფლების შელახვის გამოსწორების გათვალისწინებით (see, mutatis mutandis, Papamichalopoulos and Others v. Greece (Article 50), judgment of 31 October 1995, Series A no.330-B, pp.58-59, §34), სასამართლო აღნიშნავს, რომ ანაზღაურების ყველაზე მისაღებ ფორმად ჩაითვლებოდა ის, რომ უზენაეს სასამართლოს კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად განეხილა აპლიკანტის 2004 წლის 5 იანვრის საკასაციო საჩივარი, როგორც ამას ითხოვდა განმცხადებელი (see, Mehmet and Suna Yiğit v. Turkey, no. 52658/99, § 47, 17 July 2007; mutatis mutandis, Gençel v. Turkey, no. 53431/99, §27, 23 October 2003).”
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა უზრუნველყო გადახდისუუნარობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარდგენა. დაასაბუთა აღძრული შუამდგომლობა, რა პირობებშიც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო გაეთვალისწინებინა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და აპელანტისათვის მიეცა შესაძლებლობა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაციისა.
ამავე დროს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის საფუძველზე სასამართლო თვითონაც იყო უფლებამოსილი გამოეთხოვა მტკიცებულებები, რაც მას არ განუხორციელებია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოს სააპელაციო საჩივარი მისი დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან და სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო არ დააბრკოლოს საქმის განხილვა, რათა აპელანტმა სრულფასოვნად ისარგებლოს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით.
საკასაციო სასამართლო ასევე, მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს რამდენად დასაშვებია სსსკ-ის 364-ე მუხლის შესაბამისად, მარტვილის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე ტ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად არასწორი განჩინება დაადგინა. კერძო საჩივარი შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე, 412-ე მუხლებით და





დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. ტ. ბ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან;
3. ტ. ბ-ას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე