Facebook Twitter
საქმე №ბს-351-341(კ-13) 2 ოქტომბერი, 2013 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – თ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მახარეები (მოპასუხეები) _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; ქ. თბილისის მერია

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ბ-მა 2012 წლის 21 ავისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 03 მაისის №001714 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 17 ივლისის №1997 განკარგულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 03 მაისის №001714 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 03 მაისის №001714 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა (10 000 ) ლარი თ. ბ-ის მიმართ შემცირდა და განისაზღვრა 8 000 ლარით; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
თ. ბ-ის წარმომადგენელმა ლ. ჩ-ემ 2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 25 სექტემბრის №4-1/დ502-13 დადგენილება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული თ. ბ-ის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2012 წლის 3 მაისს მიღებული №4-1/დ304-12 №001714 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ.თბილისში, ... ქ. №3 კორპუსი №5-ზე თ. ბ-მა განახორციელა კაპიტალური მიშენება ნებართვის გარეშე. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა, 2012 წლის 19 მარტს, შეადგინეს №001714 მითითება, რომლითაც მოსარჩელეს განემარტა სამშენებლო დარღვევების სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები. დარღვევების გამოსასწორებლად, კერძოდ, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად ან სათანადო დოკუმენტაციის წარსადგენად განესაზღვრა 15 დღის ვადა. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა, 2012 წლის 04 აპრილს, შეადგინეს №001714 შემოწმების აქტი. შემოწმებით დადგინდა, რომ არ შესრულდა 2012 წლის 19 მარტს გაცემული მითითება. 2012 წლის 03 მაისს, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №001714 დადგენილებით, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, თ. ბ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით საცხოვრებელ კორპუსზე უნებართვოდ კაპიტალური მიშენების განხორციელებისათვის. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 03 მაისის დადგენილება, თ. ბ-მა გაასაჩივრა ქ.თბილისის მერიაში. ქ.თბილისის მერიის 2012 წლის 17 ივლისის №1997 განკარგულებით, თ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც თ. ბ-მა მშენებლობა განახორციელა, დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანის დროს სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა განიხილა თ. ბ-ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ საქართველოს კოდექსის 1031-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად წარდგენილი განცხადება და აღნიშნულის საფუძველზე 2013 წლის 25 სექტემბერს მიიღო დადგენილება №4-1/დ502-13, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2012 წლის 3 მაისის №4-1/დ304-12 №001714 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე_179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე (მატერიალური დასაშვებობა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 10 000 ლარი ჯარიმის შესახებ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის №001714 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 17 ივლისის №1997 განკარგულების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა წარმოადგენს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი სწორედ სადავო აქტების საფუძველზე თ. ბ-ისათვის ჯარიმის სახით დარიცხული 10 000 ლარის კანონიერების დადგენაა. ამდენად, სახეზე გვაქვს შეცილებითი სარჩელი, რის გამოც, სარჩელის დასაშვებობის შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობა არის მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის სარჩელის მიზანს და მის კანონიერ ინტერესს სადავო აქტების საფუძველზე მისთვის ჯარიმის სახით დარიცხული 10 000 ლარის გაუქმება წარმოადგენს და სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 25 სექტემბრის №4-1/დ502-13 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის №4-1/დ304-12 №001714 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე (რის საფუძველზეც მოსარჩელე დაჯარიმდა 10 000 ლარით). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს აღარ აქვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზე გვაქვს სწორედ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობას მოჰყვებოდა და თ. ბ-ის სარჩელის მიზანს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აღარ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის მატერიალური დასაშვებობის სავალდებულო პირობა მხარის კანონიერი ინტერესი, რის გამოც ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თ. ბ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 262-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ბ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ლ. მურუსიძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ნ. სხირტლაძე