საქმე №ბს-122-115 (2კ-13) 28 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი - ლ. მ-ე; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, წარმომადგენელი - გ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „...“ დირექტორი - ი. მ-ი, წარმომადგენელი - ვ. ბ-ი, გ. ს-ი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: შპს „...“
წარმომადგენელი: დირექტორი - ი. მ-ი, გ. ს-ი
მოპასუხეები: ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
წარმომადგენლები: ლ. მ-ე, გ. კ-ე
სარჩელის სახე: – ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
სარჩელის საგანი:
1. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის № 000315/ს დადგენილება;
2. ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 27 ივნისის №1691 განკარგულება.
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: 2011 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ №1346 დადგენილების თანახმად სამშენებლო სამართალდარღვევის საფუძვლით დაჯარიმდა შპს „...“ (იხ. ს.ფ. 12-14, ტ.1).
აღნიშნული დადგენილება შპს „...“ დირექტორმა გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში (იხ.ს.ფ.16-19,ტ.1).
2011 წლის 20 დეკემბრის №12/159542-1 პასუხით შპს „...“ ეცნობა მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უარი საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე, რომელიც შპს „...“ ჩაბარდა 2011 წლის 27 დეკემბერს (იხ.ს.ფ. 20, ტ.1).
2012 წლის 6 იანვარს შპს „...“ სრულად დაფარა დაკისრებული ჯარიმა (იხ.ს.ფ.21,ტ.1).
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №4-1/დ264-12 დადგენილებით შპს „...“ ჯარიმის დროულად გადაუხდელობის გამო დაეკისრა საურავი (იხ.ს.ფ. 22-23), რომელიც გაასაჩივრა შპს „...“ დირექტორმა ქ. თბილისის მერიაში (იხ.ს.ფ.25-27, ტ.1.).
ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 27 ივნისის №1691 განკარგულებით შპს „...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ.30-32, ტ.1.).
მოსარჩელის განმარტებით, შპს „...“ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის №0001368 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა დროულად, რის გამოც საურავის დაკისრების შესახებ დადგენილება უკანონოა, ვინაიდან მოსარჩელემ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული დადგენილება ჯარიმის დაკისრების შესახებ გაასაჩივრა საჩივრით, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საფუძველია.
მოსარჩელის წარმომადგენელს ასევე უკანონოდ მიაჩნია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 27 ივნისის № 1691 განკარგულება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სამართლებრივი: მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა გაუქმდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 და 184.1 მუხლების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).
მოპასუხე - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
ფაქტობრივი: - მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გადაწყვეტილების მიღებისას არსებითად გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღო 2012 წლის 17 აპრილის №4-1/დ264-12 დადგენილება - შპს „...“ მიმართ საურავის დაკისრების თაობაზე. დადგენილება მხარეს ჩაბარდა 2011 წლის 11 ნოემბერს ჯარიმა გადაიხადა 2012 წლის 6 იანვარს, შესაბამისად, ჯარიმა ვადაში არ გადაუხდია. ამასთან, მოპასუხის აზრით, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული დადგენილების უკანონობა და და ვერ ასახელებს გარემოებას, რომლის გამოკვლევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
სამართლებრივი: მოპასუხის წარმომადგენელს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ უსაფუძვლობაზე მსჯელობა არ წარმოუდგენია (იხ. ტ. I. ს.ფ. 49-56).
მოპასუხე - ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ფაქტობრივი: სარჩელი დაუსაბუთებელია, ვინაიდან ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილია ადმინისტრაციული საჩივარი. ასეთად კი ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ მერიაში 2011წლის 24 ნოემბერს წარდგენილი №12/159542-1 დოკუმენტი, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი დასათაურებულია, როგორც საჩივარი, ვინაიდან მისი შინაარსი შეესაბამება განცხადებას. ამიტომ განცხადების წარდგენა ვერ შეაჩერებდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას, რომლითაც შპს „...“ დაეკისრა ჯარიმის გადახდა.
შპს „...“ დირექტორი მოითხოვდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას, რისი უფლებამოსილებაც მერიას, როგორც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა .
სამართლებრივი: სარჩელის იურიდიული უსაფუძვლობის დასამტკიცებლად მოპასუხემ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 61-ე მუხლი; „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლი (იხ. ტ. I. ს.ფ. 74-79).
საქმის გარემოებები: შპს „...“ ... გზატკეცილზე №25-ის მიმდებარე ტერიოტორიაზე მინიჭებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის № 001368 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 4 000 ლარით მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობის პროექტის დარღვევით მშენებლობისთვის. შპს „...“ დაეკისრა ჯარიმის გადახდა „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის № 001368 დადგენილება შპს „...“ ჩაბარდა 2011 წლის 11 ნოემბერს.
2011 წლის 24 ნოემბერს შპს „...“ დირექტორის მიერ ქ. თბილისის მერიაში შეტანილ იქნა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის № 001368 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 27 დეკემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შპს „...“ უარი ეთქვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 02 ნოემბრის № 001368 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა შპს „...“ გადაიხადა 2012 წლის 6 იანვარს.
2012 წლის 4 აპრილს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შპს „...“ მიმართ შეადგინა შემოწმების აქტი №000315 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის დადგენილებით შპს „...“ დაერიცხა საურავი 4 000 ლარის ოდენობით.
2012 წლის 7 მაისს შპს „...“ დირექტორმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მერიას და მოითხოვა 2012 წლის 17 აპრილის დადგენილების ბათილად ცნობა, რომელიც ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 27 ივნისის №1691 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა.
რაიონული/საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
შპს „...“ ... გზატკეცილზე №25-ის მიმდებარე ტერიოტორიაზე მინიჭებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის № 001368 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 4 000 ლარით მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობის პროექტის დარღვევით მშენებლობისთვის. შპს „...“ დაევალა ჯარიმის გადახდა „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში (იხ.ს.ფ.12-14,ტ.1.).
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის № 001368 დადგენილება შპს „...“ ჩაბარდა 2011 წლის 11 ნოემბერს.
2011 წლის 24 ნოემბერს შპს „...“ დირექტორმა ქ. თბილისის მერიაში შეიტანა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის № 001368 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება(იხ.ს.ფ. 16-19, ტ.1).
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 27 დეკემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შპს „...“ უარი ეთქვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე(იხ.ს.ფ. 20,ტ.1.).
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის № 001368 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა შპს „...“ გადაიხადა 2012 წლის 6 იანვარს (იხ.ს.ფ. 21, ტ.1.).
2012 წლის 04 აპრილს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შპს „...“ მიმართ შეადგინა შემოწმების აქტი №000315 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ (იხ.ს.ფ.60-62, ტ.1.).
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №4-1/დ 264-12 დადგენილებით შპს „...“ დაერიცხა საურავი 4 000 ლარის ოდენობით (იხ.ს.ფ. 22-23, ტ.1.).
2012 წლის 7 მაისს შპს „...“ დირექტორმა საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №000315/ს დადგენილების ბათილად ცნობა (იხ.ს.ფ. 25-27, ტ.1).
თბილისის მერიის 2012 წლის 27ივნისის №1691 განკარგულებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 29-32, ტ.1.).
სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა ვადის დარღვევით, შესაბამისად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება საურავის დარიცხვის თაობაზე.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე, 178-ე, 185-ე, 201-ე მუხლებით, რომელთა საფუძველზე დაასკვნა, რომ 2011 წლის 24 ნოემბერს შპს „...“ დირექტორის განცხადება (რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის № 001368 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება), ვერ იქნებოდა მიჩნეული ადმინისტრაციულ საჩივრად. ხოლო აქტის მოქმედება ჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ორგანოში წარდგენილია ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. ტ. I. ს.ფ. 144-151)
აპელანტი: შპს „...“ დირექტორი ი. მ-ი
წარმომადგენელი: ვ. ბ-ი, გ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. თბილისის მერია
წარმომადგენელი - ლ. მ-ე,
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი: ე. გ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, თითქოს 2011 წლის 24. ნოემბერს ქალაქის მერიაში შეტანილ იქნა „განცხადება“ და არა ადმინისტრაციული საჩივარი, რომ სწორედ ამ წერილობითი პრეტენზიის სამართლებრივი ბუნება წარმოადგენს მოცემული დავის საკვანძო საკითხს და რომ მერიის მიერ „განცხადებად“ კვალიფიკაცია გახდა აპელანტისთვის საურავის უსაფუძვლოდ დაკისრების და სასამართლო დავის საფუძველი. აპელანტის შეფასებით, საქმის ერთადერთი სადავო საკითხის უდავო ფაქტობრივ გარემოებებში მითითება ნათლად მეტყველებს გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე;
სასამართლო არასწორად უთითებს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობას, 100 ლარს, ნაცვლად 200 ლარისა.
სამართლებრივი: 2011 წლის 24 ნოემბერს ქალაქის მერიაში შეტანილი დოკუმენტის ბუნების გასარკვევად აპელანტი ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტს - ადმინისტრაციული საჩივრის დეფინიციას; სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა, თუ ადმინისტრაციული საჩივრის განმარტების რომელ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს მათ მიერ წარდგენილი პრეტენზია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 178-ე, მუხლების განმარტებას არ მივყავართ იმგვარ დასკვნამდე, რომ ზოგადად, საჩივრით არ შეიძლება აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნა. მითითებული ნორმები წარმოადგენს პროცესუალურ ნორმებს, შესაბამისად, მათი გამოყენება ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განსამარტავად არამიზანშეწონილია, როდესაც ამ უკანასკნელთა დეფინიციები ცალსახად არის მოცემული კოდექსში.
მათი წერილობითი პრეტენზიის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ ეს იყო არა განცხადება, რომლითაც პირი ითხოვს გარკვეული ქმედების განხორციელებას, არამედ საჩივარი, რომელიც მიზნად ისახავდა დარღვეული უფლების აღდგენას და დასაბუთებულად მიუთითებდა მერიის ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების ნაკლოვანებებზე. შედარებისთვის აპელანტი უთითებს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი მიმართულია დარღვეული უფლების აღდგენისაკენ, ხოლო განცხადება - უფლების მოპოვებისაკენ (იხ. ს.ფ.156-162, ტ.1).
მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება: ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით შესაგებელში არ ცნო აპელაცია და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოტივები:
ფაქტობრივი: ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის № 001368 დადგენილებით შპს „...“დაჯარიმდა 4 000 ლარით და დაევალა ჯარიმის გადახდა. დადგენილება შპს „...“ ჩაბარდა 2011 წლის 11 ნოემბერს, ხოლო დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა 2012 წლის 6 იანვარს. სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრის №12/159542-1 ადმინისტრაციული აქტით არ დაკმაყოფილდა შპს „...“ მოთხოვნა ამ დადგენილების ძალადაკარგულად მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც მხარეს არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში, ამდენად უდავოა, რომ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა არ მომხდარა, შესაბამისად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის № 001368 დადგენილების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და არ არსებობს დღეის მდგომარეობითაც.
სამართლებრივი: მხარეს აპელაციის იურიდიული უსაფუძვლობის ნორმატიული დასაბუთება არ წარმოუდგენია (იხ.ს.ფ.12-16, ტ.2).
მოწინააღმდეგის შეპასუხება: ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა წერილობით შესაგებელში არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოტივები:
ფაქტობრივი: ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის № 001368 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 4 000 ლარით, დადგენილება შპს „...“ ჩაბარდა 2011 წლის 11 ნოემბერს, სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრის №12/159542-1 ადმინისტრაციული აქტით არ დაკმაყოფილდა შპს „...“ მოთხოვნა ამ დადგენილების ძალადაკარგულად მოთხოვნასთან დაკავშირებით, აპელანტმა დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა 2012 წლის 6 იანვარს, ხოლო ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის საფუძვლით, 2012 წლის №000315/ს დადგენილებით დაერიცხა საურავი, რაც გასაჩივრდა მერიაში.
სამართლებრივი: აპელანტი სააპელაციო საჩივრის იურიდიული უსაფუძვლობის ნორმატიულ დასაბუთებად უთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 184-ე, მუხლებს და განმარტავს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია 2011 წლის 24 ნოემბერს შპს „...“ დირექტორის მიერ ქ. თბილისის მერიაში შეტანილი განცხადების (რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის №001368 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება) ადმინისტრაციულ საჩივრად განხილვა, რადგან ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რადგან მას ზემდგომი ორგანო ვერ განიხილავდა, ხოლო მის გამომცემ ორგანოს არ ჰქონდა მისი განხილვის უფლებამოსილება, ვინაიდან აქტი გამოცემული იყო სამსახურის უფროსის მიერ, რომელსაც ზემდგომი თანამდებობის პირი ადმინისტრაციულ ორგანოში არ ჰყავს( იხ.ს.24-25, ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მღებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №000315/ს დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 27 ივნისის №1691 განკარგულება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი:
აპელაციის მოტივების გაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა 2011 წლის 24 ნოემბერს შპს „...“ დირექტორის მიერ ქ. თბილისის მერიაში წარდგენილი საჩივარი (რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის № 001368 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება) მისი შინაარსის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის ადმინისტრაციული საჩივრის დეფინიციის საფუძველზე დაასკვნა, რომ დაინტერესებული პირის - შპს-ის მიერ უფლებამოსილ ორგანოში - ქ. თბილისის მერიაში აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში წარდგენილ იქნა წერილობითი მოთხოვნა - საჩივარი დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით. სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება, რომ რაკი საჩივარი არ შეიცავს მოთხოვნას აქტის ბათილად ცნობის შესახებ, იგი არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული საჩივრად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ განცხადების მიზანი უნდა იყოს უფლების მოპოვება, რაც დაკავშირებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან. შპს-ის 2011 წლის 24 ნოემბრის საჩივარში გაცხადებული მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს არა რაიმე უფლების მოპოვება, რომელიც დაკავშირებულია ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან, არამედ დარღვეული უფლების აღდგენა - სადავო აქტის გაუქმება, რომლის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლი. სასამართლოს შეფასებით, ის, რომ მხარემ მოითხოვა აქტის გაუქმება არა ბათილად, არამედ, ძალადაკარგულად ცნობის სახით, არ იძლევა შპს-ის საჩივრის განცხადებად მიჩნევის საფუძველს. აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, აპელანტის მიერ საჩივრის ვადაში წარდგენის გამო არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის მიხედვით, ამდენად, უკანონოა მხარისთვის საურავის დარიცხვა, ისევე როგორც მის კანონიერებასთან დაკავშირებით ზემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული განკარგულება (იხ. ს.ფ. 38-51; ტ. 2).
კასატორი: ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი: გ. კ-ე
კასატორი: ქ. თბილისის მერია
წარმომადგენელი: ლ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე: შპს „...“; დირექტორი - ი. მ-ი
წარმომადგენელი: ვ. ბ-ი, გ. ს-ი
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი:
როცესუალური: სააპელაციო სასამართლოს მიერ საკანონმდებლო ნორმების არასწორი განმარტება.
მატერიალური: სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლი. მაშინ, როცა ამ ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ აქტის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი შეიძლება იყოს რაიმე კონკრეტული პირობა, კანონისმიერი ან ფაქტობრივი, და არა ის გარემოება, რომ აქტის გამოცემის დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია კანონი და არასათანადოდ შეისწავლა საქმის გარემოებები. ამ კუთხით, როგორც მხარის წერილობითი მოთხოვნა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ დაუსაბუთებელია, არამედ მასში საერთოდ არ არის აღნიშნულზე მსჯელობა. სასამართლომ ვერ განასხვავა და ვერ დაასაბუთა აქტის „ძალადაკარგულობის“ სამართლებრივი ბუნება. აუცილებელია განვასხვავოთ ადმინისტრაციული საჩივრის ბუნება - დარღვეული უფლების აღდგენა, რასაც საფუძვლად დაედება თავად ადმინისტრაციული აქტის ხარვეზი კანონისმიერი ან ფაქტობრივი და აქტის ძალადაკარგულად ცნობის სამართლებრივი ბუნება - საკუთრივ ადმინისტრაციული აქტისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად მომავალში დამდგარი პირობა, კანონისმიერი ან ფაქტობრივი (იხ.ს. ფ. 58-105; ტ.2).
პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებზე: არ არის წარმოდგენილი
ქ. თბილისის მერიის კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პროცესუალური: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლი სააპელაციო სასამართლოს მიერ ნორმების განმარტება სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპებს.
მატერიალური: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე არ არსებობდა საურავის დარიცხვის შესახებ აქტის შეჩერების წინაპირობა, რადგან ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი არ ყოფილა. მხარემ წარადგინა კონკრეტული სამართლებრივი შედეგების მატარებელი მოთხოვნა „ძალადაკარგულად გამოცხადება“ და საფუძველს მოკლებული იყო, ადმინისტრაციულ ორგანოს ემსჯელა იმაზე, შემთხვევით სხვა რამეს ხომ არ გულისხმობდა განმცხადებელი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არც კი უმსჯელია, თუ რა პირობებს ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის - ადმინისტრაციული საჩივრის დეფინიცია, კანონმდებელი პირდაპირ განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, თუ რა დროს აკმაყოფილებს დოკუმენტი ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსს, რომ არც ერთ ოთხ პირობაში ნახსენები არ არის აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება, რა დროსაც სახეზე გვაქვს ადმინისტრაციული საჩივარი.
გადაწყვეტილება საერთოდ დაუსაბუთებელია, საერთოდ არ არის მსჯელობა, თუ ვის უნდა განეხილა №12/159542-7 განცხადება უწყებრივი ქვემდებარეობის თვალსაზრისით. ასეთი უწყება და უფლებამოსილი ორგანო ფიზიკურად არ არსებობს და კითხვაზე: თუ ვის უნდა განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი, სასამართლოს პასუხი იყო: „რა მნიშვნელობა აქვს“, გამოდის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად სახეზე გვაქვს ადმინისტრაციული საჩივარი და არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანო, ვინც უფლებამოსილია განიხილოს ასეთი, რასაც სრულ უტოპიამდე მივყავართ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად, ფიზიკურად შეუძლებელია № 12/159542-7 განცხადების განხილვა მომხდარიყო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო თუ №12/159542-7 განცხადებას საჩივრად განვიხილავთ, მას ვერც ზედამხედველობის სამსახური განიხილავდა, რადგან აქტი გამოცემული იყო სამსახურის უფროსის მიერ და ვერც თბილისის მერია, რადგან მას აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე მსჯელობის უფლება არა აქვს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება აგებულია იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი დასათაურებული იყო, როგორც საჩივარი. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული საჩივრის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გააჩნდეს დოკუმენტს, თუ მისი შინაარსი აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საჩივრისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ამ დროს განმსაზღვრელია არა სათაური, არამედ შინაარსი.
გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნამსჯელი გასაჩივრების ვადებზე. სამშენებლო საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონის 13.18 მუხლის თანახმად, დადგენილება უნდა გასაჩივრდეს 15 დღის ვადაში. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მიმართ კი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საერთოდ არ მოქმედებს გასაჩივრების ვადები (იხ. ს.ფ. 107-116, ტ.2).
პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებზე: არ არის წარმოდგენილი.
კასატორმა - ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა ლ. მ-ემ 2013 წლის 28 მარტს წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით და მოითხოვა კასაციის დასაშვებად ცნობა sაქართველოს aდმი-ნისტრაციული საპროცესო kოდექსის 34.3 mუხლის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც აბსოლუტური კასაცია, იმ მოტივით, რომ ქვემდგომი სასამართლოების ხედვა ფუნდამენტალურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რის გამოც სწორი სასამართლო პრაქტიკის დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანია მოცემულ საკითხზე საკასაციო სასამართლოს განმარტება (იხ.ს.ფ. 127-129, ტ. 2)
მოწინააღმდეგის შეპასუხება: შპს „...“ წარმომადგენელმა გ. ს-მა წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით და მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ კასატორებმა ვერ დაასაბუთეს sაქართველოს aდმინისტრაციული sაპროცესო kოდექსის 34.3 mუხლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საკასაციო საჩივრების დასაშვებად მიჩნევის პროცესუალური წინაპირობები (იხ.ს.ფ.130-131, ტ.2)
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული aდმინისტრაციული sაპროცესო kოდექსის 34.3 mუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც აბსოლუტური კასაცია (იხ.ს.ფ. 132-135, ტ.2)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლოს არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა მატერიალური სამართლის ნორმა და დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის ნორმების სწორი განმარტების საფუძველზე.
კასაციის დაშვების წანამძღვარის განმარტება კონკრეტულ საქმეზე: წინამდებარე საქმე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საკასაციო სასამართლომ უნდა განმარტოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რიგი მუხლები და შეაფასოს კანონის შინაარსთან რამდენად შესაბამისად იყენებს მათ თვითმმართველობის ორგანო და მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციული ორგანოები.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის მოტივი განსახილველ საქმეში, რამაც შექმნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, არის საგულისხმო და განსაკუთრებული სამართლებრივი თვალსაზრისით, რამაც მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი. სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლომ განმარტოს, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების სახეები, ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის და მისი დასაშვებობის შემოწმების საკითხი, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს რამდენად კანონშესაბამისად ხდება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პირის მიერ შეტანილი საპროცესო დოკუმენტების სამართლებრივი ხასიათის განსაზღვრა და მათი სტატუსის დადგენა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასებები და სასამართლო დასკვნები სასარგებლო იქნება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოების მმართველობითი საქმიანობისათვის, ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეთათვის, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის ზოგად ნაწილს, განსაზღვრავს კანონიერი მმართველობის მიზანსა და პრინციპებს, სახელმწიფოში არსებული ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ფორმებს, ადამიანის უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფის ინსტრუმენტებს, პროცედურებსა და წესებს, ამდენად, აღნიშნული სამართლის ინსტიტუტების სწორი გაგება-გამოყენება უშუალოდ განაპირობებს ადამიანთა ყოფას, საზოგადოებრივი წესრიგის ხარისხსა და კულტურას.
ამავდროულად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმებისა და შეფასების სფეროს. ამდენად, საჯარო მოხელეების მხრიდან პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების ზუსტი კვალიფიკაცია უშუალო კავშირშია ადამიანის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერების, თანასწორობისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როცა წარმოდგენილია, ერთის მხრივ, სახელმწიფოს დედაქალაქის თვითმმართველობის - მერიისა და მისი ერთ-ერთი სამსახურის იურიდიული ბიუროების, და მეორე მხრივ, ქვემდგომი სასამართლოების რადიკალურად განსხვავებული სამართლებრივი შეფასებები ადმინისტრაციული საჩივრის დეფინიციისა და მისი დასაშვებობის შემოწმების გაგება-განმარტებასთან დაკავშირებით, ნათელია, რომ ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტების სწორი გამოყენება - განმარტება ჯერ კიდევ პრობლემატურია, და ამდენად, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა სახელმძღვანელო გახდება სახელმწიფოში არსებული ადმინისტრაციული ორგანოებისათვის და მათი პრაქტიკისათვის, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში შესაბამისი სასამართლო განმარტება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ სასამართლოებს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.
სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია შპს „...“ და დედაქალაქის თვითმმართველობის ორგანოებს შორის, ფორმალურ-სამართლებრივ სფეროში, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია:
1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და
2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.
ადმინისტრაციული საჩივარი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით დადგენილი დეფინიციის მიხედვით რთული შემადგენლობისაა, კერძოდ,
1. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი უნდა იყოს დაინტერესებული მხარე;
2. ადმინისტრაციული საჩივარი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი;
3. ადმინისტრაციული საჩივარი უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსით დადგენილ წესს;
4. ადმინისტრაციული საჩივრის მიზანი უნდა იყოს დარღვეული უფლების აღდგენა;
5. ადმინისტრაციული საჩივრის ობიექტი უნდა იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) ადმინისტრაციული რეალაქტი.
6. ადმინისტრაციული საჩივარი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების განსაკუთრებულ სახეს და მას კოდექსში სპეციალური - XIII თავი აქვს დათმობილი, რომლის დებულებები დეტალურად აწესრიგებს დარღვეული უფლების აღდგენის ფორმებს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციასა და საჩივრის განხილვა-გადაწყვეტის საკითხებსა და პროცედურას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური თავით განსაზღვრული წესი და პროცედურა წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების იერარქიული კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას, რა დროსაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით შეამოწმოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანების გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა (უმოქმედობათა) კანონიერება და მიზანშეწონილობა, რაც დამატებითი საშუალებაა მმართველობის კანონიერების უზრუნველსაყოფად.
ადმინისტრაციული საჩივარი ეს არის სადავო აქტის ადრესატის მიერ პროცედურული უფლების რეალიზაცია, რომელიც კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ წესებს ექვემდებარება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის ,,ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება“ მიხედვით, მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება - განახორციელონ ქვემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებების კანონიერებაზე კონტროლი, გულისხმობს მათ მიუკერძოებლად, ობიექტურად და კანონიერებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით განხილვა-გადაწყვეტის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, როცა ქვემდგომ ორგანოს დამაჯერებლად არ გამოუკვლევია აქტის გამოცემისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და მათი შეფასება-დადგენის საფუძველზე კანონიერად გადაწყვიტოს დავა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 179 -ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და პასუხობდეს ამ კოდექსის მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები ჩამოყალიბებულია კოდექსის 181-ე მუხლში - ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი, რომელიც თავის მხრივ, შედგება ფორმალური და მატერიალური ხასიათის რეკვიზიტებისაგან. ამავე კოდექსის 182-ე მუხლით განსაზღვრულია წინაპირობები, რომელთა არსებობის პირობებში ადმინისტრაციული საჩივარი არ ექვემდებარება განხილვას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო, სამართლებრივ შეფასებას აძლევს რა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში, შპს „...“ დირექტორის ი. მ-ის მიერ წარდგენილ 2011 წლის 24 ნოემბრის №12/159542-7 საჩივარს, განმარტავს, რომ დოკუმენტი ცალსახად არ შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლის დანაწესს, ანუ იგი სრულყოფილად არ პასუხობს კანონით დადგენილ ადმინისტრაციული საჩივრის ფორმალურ და მატერიალურ რეკვიზიტებს შინაარსობრივი თვალსაზრისით, რაც საწარმოს დაბალი იურიდიული კულტურის მაჩვენებელია. ეს საზოგადოდ, საქართველოს ბიზნეს-სექტორისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა და თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებითაა განპირობებული.
მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილი წესით წარუდგენლობა არც ერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს მისი დასაშვებობის შემოწმების ვალდებულებისაგან.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე, 186-ე და 198-ე მუხლების მიხედვით ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მოქმედებს ნეგატიური დათქმის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ამ სახის ჩატარებისას რიგ შემთხვევებში გამოიყენება, როგორც მარტივი, ისე ფორმალური და კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოების შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული წესები და პროცედურული მოქმედებები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულებაში პირის მიერ ნებისმიერი დოკუმენტის, მით უფრო, განცხადების ან საჩივრის ფორმით წარდგენა იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს უპირობო ვალდებულებას, დაარეგისტრიროს იგი. რეგისტრაციის სტადია იწვევს შემდეგი პროცედურული მოქმედების ჩატარების ვალდებულებას -ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.
ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ორსაფეხურიანი პროცესის მეშვეობით:
განცხადების/ საჩივრის დასაშვებობის შემოწმება.
განცხადების/ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმება.
დოკუმენტის, მოცემულ შემთხვევაში, განცხადების ან საჩივრის ფორმა, დასაშვებობის შემოწმების სტადია გულისხმობს, უპირველესად, ადმინისტრაციული ორგანოს იურისდიქციის სფეროს გამორკვევას (უწყებრივი ქვემდებარეობა), რომლის წარმატებით გადალახვის პირობებში - ამ დოკუმენტისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.
საკასაციო სასამართლო წინამდებარე დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-1250-1194(კ-09) შპს „...“ სარჩელისა გამო, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ, სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, კერძოდ:
„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე _ კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას და რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების თანამედროვე მოცემულობა – დაბალი სამართლებრივი კულტურა, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, სრულფასოვანი და კვალიფიციური იურიდიული დახმარების ხელმიუწვდომელობა, პროფესიული კავშირების საქმიანობის არაეფექტიანობა და სხვ., განაპირობებს ზოგადად, საჯარო წესრიგისადმი დამოკიდებულების საერთო-ეროვნული ტრადიციის, როგორც კულტურის შემადგენელი ნაწილის, ჩამოყალიბების სირთულეს. ამ ვითარებაში საჯარო მოსამსახურე თავისი ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია მოქმედებდეს სწორედ არსებული მოცემულობის ადეკვატურად, მისი მომსახურების სტანდარტი უნდა იქმნებოდეს და ყალიბდებოდეს არა შექმნილი კლიშეს, ან კანონის დანაწესის ცალმხრივი, ფორმალისტური გაგებიდან, არამედ, მომსახურების მიმღების ინტერესების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფით. სწორედ, თანამედროვე საჯარო მოსამსახურეების კეთილსინდისიერებაზე, ნებისყოფასა და მზრუნველ დამოკიდებულებაზე არის მიბმული, თუ რამდენად მცირერიცხოვანი იქნება, ან რა მასშტაბებს მიიღებს მოქალაქეთა კონფლიქტი კანონთან. საჯარო სამსახურის არსი, ნამდვილი შინაარსი სწორედ ამგვარი შესაძლო კონფლიქტის პრევენციას გულისხმობს. თავის მხრივ, საჯარო მოსამსახურეთა კორპუსის მხრიდან მითითებული პროფესიული და მორალური ტვირთის გასიგრძეგანება, საკუთარი სტატუსის და პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გათავისება უაღრესად დადებით როლს შეასრულებს საჯარო ინსტიტუტების მიმართ ნდობის, პატივისცემის ატმოსფეროს დამკვიდრებაში, საზოგადოების პოზიტიური განვითარების ტენდენციის გამოკვეთაში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებას წარმოადგენს დაინტერესებულ პირთა სრული ინფორმირება არა მხოლოდ უფლებრივი ასპექტით, არამედ, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილია.“
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე, ასახვას ჰპოვებს ამავე კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრულ დანაწესშიც, რომლის მიხედვით იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო კატეგორიულად ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ „მხარემ წარადგინა კონკრეტული სამართლებრივი შედეგების მატარებელი მოთხოვნა „ძალადაკარგულად გამოცხადება“ და საფუძველს მოკლებული იყო, ადმინისტრაციულ ორგანოს ემსჯელა იმაზე, შემთხვევით სხვა რამეს ხომ არ გულისხმობდა განმცხადებელი“, მსჯელობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზნებსა და პრინციპებთან სრული შეუსაბამობის გამო და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა - განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, ნიშნავს ხარვეზის დადგენას, შესაბამისი მითითებებით და დაინტერესებული პირისთვის მისი გამოსწორების შესაძლებლობის მიცემას. აღსანიშნავია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები არაერთგან ამკვიდრებს ამგვარი სულისკვეთების მატარებელ წესებს, რაც სავსებით ლოგიკურია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპით ფუნქციონირებადი კანონიერი მმართველობის უზრუნველსაყოფად.
საკასაციო სასამართლო, ასევე, სამართლებრივ შეფასებას აძლევს რა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ვ. მ-ის შპს „...“ დირექტორის ი. მ-ის მიერ წარდგენილ 2011 წლის 24 ნოემბრის №12/159542-7 საჩივართან დაკავშირებულ 2011 წლის 20.12. № 12/159542-1 პასუხს, შინაარსობრივი თვალსაზრისით კი გადაწყვეტილებას (იხ.ს.ფ.20., ტ.1.), მიაჩნია, რომ იგი საერთოდ არ შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებით გათვალისწინებულ განცხადების ან საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტანდარტს.
უდავოა, რომ შპს „...“ დირექტორის ი. მ-ის მიერ წარდგენილ 2011 წლის 24 ნოემბრის № 12/159542-7 საჩივრის მიმართ საერთოდ გამოტოვებულია დასაშვებობის შემოწმების სტადია. მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს იურისდიქციის სფეროს გამორკვევა (ინსტანციური უფლებამოსილება), რომლის კვალიფიციური შესწავლის პირობებში ცალსახად დადგინდებოდა, რომ წარმოდგენილი საჩივარი, მიუხედავად, ამ დოკუმენტისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობისა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე ექვემდებარებოდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - თბილისის მერიაში, როგორც მის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ შპს „...“ დირექტორის ი. მ-ის მიერ წარდგენილი 2011 წლის 24 ნოემბრის №12/159542-7 საჩივარი, ნამდვილად შეესაბამება ადმინისტრაციული საჩივრის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით დადგენილ დეფინიციას. საჩივრის შინაარსის გაცნობა/შესწავლა ერთმნიშვნელოვნად აყალიბებს დასკვნას:
1. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორი არის დაინტერესებული მხარე;
2. ადმინისტრაციული საჩივარი წერილობითი ფორმით არის წარდგენილი;
3. ადმინისტრაციული საჩივარი არ შეესაბამება ამ კოდექსით დადგენილ წესს /178-ე მუხლს/;
4. ადმინისტრაციული საჩივრის მიზანი არის დარღვეული უფლების აღდგენა;
5. ადმინისტრაციული საჩივრის ობიექტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. ადმინისტრაციული საჩივარი არ არის წარდგენილი უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ დაშვებული ორივე სამართლებრივი უსწორობა, შეცდომა - ადმინისტრაციული საჩივარი არ შეესაბამება ამ კოდექსით დადგენილ წესს /181-ე მუხლს/, და ადმინისტრაციული საჩივარი არ არის წარდგენილი უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, ექვემდებარებოდა გამოსწორებას ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიის კვალიფიციური ჩატარების პირობებში.
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს დადგენის საკითხი განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლით, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილების განსაზღვრა ხდება სამი კრიტერიუმის გამოყენებით:
ა) განსახორციელებელი ამოცანების მიხედვით - საგნობრივი უფლებამოსილება;
ბ) უფლებამოსილებათა იერარქიის მიხედვით - ინსტანციური უფლებამოსილება;
გ) ტერიტორიული პრინციპით - ტერიტორიული უფლებამოსილება.
დადგენილია, და ამას არც კასატორი ადმინისტრაციული ორგანოები არ ხდიან სადავოდ, რომ შპს „...“ დირექტორის ი. მ-ის მიერ წარდგენილი 2011 წლის 24 ნოემბრის №12/159542-7 საჩივრის ობიექტი -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ. ამ ვითარებაში, ინსტანციური კომპეტენციის გამორკვევის შედეგად, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნდა მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილება - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - თბილისის მერიაში, როგორც მის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის თაობაზე.
მითითებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გამორიცხავს არაუფლებამოსილი ორგანოს მხრიდან საჩივრის ამ კოდექსით დადგენილ წესთან /181-ე მუხლით/ შესაბამისობის საკითხის გამოკვლევა-შემოწმებას. ამგვარი კომპეტენცია მხოლოდ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
ამდენად, კასატორების აპელირება, რომ საჩივრის მოთხოვნა - აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, არ განეკუთვნება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ეს საკითხი საერთოდ არ წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის შეფასების, როგორც მათი კომპეტენციის ფარგლებს მიღმა არსებულ საგანს. ადმინისტრაციული საჩივრის ამ კოდექსით დადგენილ წესთან /181-ე მუხლთან/ შეუსაბამობის საკითხის შეფასება მხოლოდ ზემდგომი ორგანოს - ქ. თბილისის მერიის იურისდიქციის სფეროს განეკუთვნებოდა, ხარვეზის დადგენის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის ავტორი არ გამოასწორებდა ხარვეზს და არ მოიყვანდა საჩივარს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლთან შესაბამისობაში, საჩივარი დაექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას ამავე კოდექსის 83.5. მუხლის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში. მითითებული ნორმა სრულად ვრცელდება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც ნიშნავს, რომ კანონმდებელი განცხადების/საჩივრის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადამისამართების ფუნქციას იმ ორგანოს აკისრებს, რომელშიც შეტანილი იქნა განცხადება ან საჩივარი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პროცედურული ნორმებით გარანტირებულია პირის ინტერესების უზრუნველმყოფი მექანიზმები, მათ შორისაა ადმინისტრაციული სამართლის ისეთი ინსტიტუტი, როგორიცაა „სუსპენზიური ეფექტი“, რითაც კანონმდებელი ამკვიდრებს, ანუ აღიარებს მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებების თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის მეშვეობით დავის წარმოშობის პირობებში მათი კანონიერების შემოწმებამდე უზრუნველყოს კერძო ინტერესების მაქსიმალური დაცვა. სუსპენზიური ეფექტი წარმოადგენს უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებას, რომლის მეშვეობით ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა იწვევს სამართლებრივ შედეგს - სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორთა მსჯელობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება მხოლოდ აქტის გამომცემი ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს, თუმცა, ვერ დაეთანხმება აქედან გამოტანილ სამართლებრივად მცდარ დასკვნას, რომ მას ვერ განიხილავდა თბილისის მერია, რადგან მას აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე მსჯელობის უფლება არა აქვს, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები არასწორად უკავშირებენ საჩივრის განხილვაზე კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს გამორკვევის თემას საჩივრის მოთხოვნასთან, რის შედეგადაც მცდარ სამართლებრივ შეხედულებას ავითარებენ. ის გარემოება, რომ საჩივრის ავტორი მოთხოვნას იურიდიულად არასწორად აყალიბებს, ეს არ შეიძლება გახდეს მის განხილვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს განსაზღვრის დამაბრკოლებელი ფაქტორი. საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს განსაზღვრის კრიტერიუმი არის არა მოთხოვნის ფორმულირება, რომლის ტრანსფორმაცია სამართლებრივი კონსულტაციის გზით დაძლევადია, არამედ, კანონისმიერი დათქმა - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდიულად სწორი და დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლო შეფასება, რომ მხარის მიერ საჩივრის ვადაში წარდგენის გამო არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის მიხედვით, ამდენად, უკანონოა მხარისთვის საურავის დარიცხვა, ისევე როგორც მის კანონიერებასთან დაკავშირებით ზემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული განკარგულება.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სახეზეა დედაქალაქის თვითმმართველობის - მერიისა და მისი ერთ-ერთი სამსახურის იურიდიული ბიუროების მხრიდან ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტების არასწორი, კანონსაწინააღმდეგო გამოყენება - განმარტება, რამაც გამოიწვია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის პროცედურული უფლების - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის დაუსაბუთებელი დაბრკოლება, რომელზეც დამოკიდებული იყო მისი მატერიალური უფლების დაცვის განხორციელება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამედროვე ევროპული სამართლებრივი ტენდენციის თანახმად, სახელმწიფო გარანტირებული უნდა იყოს ადმინისტრაციული აქტების კონტროლით, სრულად ემორჩილებოდეს კანონს და იმავდროულად, უზრუნველყოფდეს ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას. გათვალისწინებულია რა საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პირებს შორის არსებულ უფლებამოსილებათა დისბალანსი, შესაბამისად, ეს ურთიერთობა საჭიროებს ეფექტიან კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, რომ არ შეიძლება საუბარი კანონის უზენაესობაზე, როდესაც თავად სახელმწიფო და მისი ადმინისტრაციული ორგანოები არ ემორჩილებიან კანონს.
სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში დაცულია და უზრუნველყოფილია კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტების მეშვეობით, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთ საქმიანობაში შებოჭილნი არიან საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, სსსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე კასატორებს - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქ. თბილისის მერიას უნდა დაეკისროთ სასამართლო ხარჯების სახით 100-100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქ. თბილისის მერიას დაეკისროთ სასამართლო ხარჯების სახით 100-100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/