საქმე #ბს-220-212 (2კ-13) 9 ივლისი , 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (თავდაპირველი მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე (თავდაპირველი მოსარჩელე) - ლ. გ-ი
თავდაპირველი მოპასუხეები: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველო
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე - ლ. გ-ი
მოპასუხეები: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველო
წარმომადგენელი - თ. ჩ-ე
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - ა. კ-ე
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
სარჩელის საგანი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 2010 წლის 7 სექტემბრის დადგენილების ბათილად ცნობა;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილების ბათილად ცნობა;
3. 2011 წლის 21 მაისის №გგ 006726 საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობა;
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 2011 წლის 11 ივლისის №20-32-7-173 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 4 აგვისტოს №20/7-973 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი:
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2011 წლის 21 მაისის საჯარიმო აქტის გამოცემამდე მისთვის უცნობი იყო 2010 წლის 07 სექტემბრის - საურავის დარიცხვისა და 2010 წლის 12 ოქტომბრის - მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილებების არსებობის ფაქტი. აღნიშნული დადგენილებები არის კანონსაწინააღმდეგო, რადგან მოსარჩელეს 2010 წლის 2 სექტემბერს უკვე გადახდილი ჰქონდა 2010 წლის 2 აგვისტოს დაკისრებული ჯარიმა, რაც გახდა საფუძველი შემდგომში სადავო დადგენილებების მიღებისა.
მოსარჩელის მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებების ობიექტური გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი: მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების მოთხოვნები, კერძოდ, სადავო აქტების აღსრულებისა და ხანდაზმულობის ვადები.
/იხ. ს.ფ. 1-13; 124-136. ტ.1/.
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს შესაგებელი:
მოპასუხის მოსაზრებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ 2011 წლის 21 მაისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულ იქნა კანონის შესაბამისად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს დადგენილების საფუძველზე. წერილი მოსარჩელეს ჩაბარდა ფოსტის საშუალებით 2011 წლის 26 ივლისს, რის შემდეგაც მას არც შსს სამინისტროში და არც სასამართლოში მისი ბათილად ცნობის საკითხი არ დაუყენებია, შესაბამისად, ლ. გ-ის სარჩელი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
/იხ. ს.ფ. 214-221. ტ.1/.
საქმის გარემოებები:
2010 წლის 2 აგვისტოს ქ. გარდაბანში ავტომანქანით გადაადგილებისას ლ. გ-ი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მოტივით გააჩერა გარდაბნის რაიონული პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად იგი დაჯარიმდა 50 ლარით. რომელიც ლ. გ-მა გადაიხადა 2010 წლის 02 სექტემბერს / იხ. ს.ფ. 31-33. ტ.1/.
2010 წლის 7 სექტემბრის № ბდ470585 შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე და 125-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საჯარიმო თანხასთან ერთად დაეკისრა საურავის 150 ლარის გადახდა / იხ. ს.ფ. 58. ტ.1/.
2010 წლის 12 ოქტომბრის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს №ბდ470585 დადგენილებით ლ. გ-ს ჩამოერთვა მართვის უფლება 2010 წლის 2 ოქტომბრიდან 1 წლის ვადით / იხ. ს.ფ.24. ტ.1/.
2011 წლის 2 მაისს ლ. გ-ი დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 20 ლარით. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მისთვის არ უცნობებიათ, რომ მას ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება და შესაბამისად არ გამოცემულა სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი) შესაბამისი ზომების გატარების მიზნით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის / იხ. ს.ფ.203. ტ.1/.
2011 წლის 21 მაისს მოსარჩელე ლ. გ-ი საკუთარი ავტომანქანით გადაადგილებისას კვლავ გააჩერა გარდაბნის რაიონის უბნის ინსპექტორმა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ლ. გ-ი დააჯარიმა 200 ლარით, მართვის უფლების არ ქონის გამო. №გგ 470585 საჯარიმო ქვითრის შესაბამისად მას 2011 წლის 10 თებერვლიდან ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება. ლ. გ-ს ადგილზე ჩამოართვეს მართვის მოწმობა, ხოლო ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმო ავტოსადგომზე / იხ. ს.ფ. 14. ტ.1/.
ლ. გ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 21 მაისს, მისი განცხადება რეგისტრაციაში გაატარეს 23 მაისის თარიღით, ხოლო ადგილზე განუმარტეს, რომ 2011 წლის 10 თებერვლიდან მას ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება / იხ. ს.ფ. 16. ტ.1/.
2011 წლის 25 მაისს საჩივარი გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. საჩივრის ავტორისათვის ახსნა-განმარტების მიცემის სტადიაზე ცნობილი გახდა, რომ მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა არა 2011 წლის 10 თებერვლიდან, არამედ 2012 წლის 02 ოქტომბრიდან - 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე / იხ. ს.ფ. 17-18. ტ.1/.
2011 წლის 2 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 27 ივნისის წერილით მოსარჩელე ლ. გ-ს ეცნობა, რომ საჩივრის განხილვის ვადა გაგრძელდა ერთი თვის ვადით / იხ. ს.ფ. 20. ტ.1/.
2011 წლის 7 ივლისს ლ. გ-ის განცხადება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან დაუბრუნდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს. 8 ივლისს ლ. გ-ს კვლავ ჩამოართვეს ახსნა-განმარტება და გადასცეს 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილება მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ / იხ. ს.ფ. 23-25. ტ.1/.
2011 წლის 11 ივლისის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ის განცხადება, ძალაში დარჩა 2 აგვისტოს საჯარიმო ქვითარზე მიღებული დადგენილება მართვის უფლების 1 წლით აკრძალვის თაობაზე. ხოლო 2011 წლის 21 მაისის ჯარიმის გასაჩივრების ნაწილში განცხადება გადაგზავნილ იქნა შსს საპატრულო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში / იხ. ს.ფ. 28. ტ.1/.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2011 წლის 19 ივლისის №862750 წერილის თანახმად, 2011 წლის 21 მაისის №გგ 006726 ადმნისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით / იხ. ს.ფ. 52. ტ.1/.
2011 წლის 18 ივლისს ლ. გ-მა ამჯერად ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჩივრით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მოითხოვა 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს ჩამოერთვა მართვის უფლება, ასევე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 2011 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა / იხ. ს.ფ. 30. ტ.1 /.
2011 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ლ. გ-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 2010 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №ბდ 470585 საჯარიმო ქვითარზე დარიცხული საურავის შესახებ, 2010 წლის 12 ოქტომბრის №ბდ470585 დადგენილება მართვის უფლების აკრძალვის შესახებ და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს № 20/32-7-173 გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად / იხ. ს.ფ. 54-56 ტ.1/.
2011 წლის 26 აგვისტოს მოსარჩელემ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილების შესაბამისად საჩივრით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. 2011 წლის 29 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით ლ. გ-ს განემარტა, რომ მას გამოყენებული ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის ერთჯერადი გასაჩივრების უფლება, რაზეც გამოცემული იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2011 წლის 4 აგვისტოს №20/7-973 გადაწყვეტილება და მას უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის /იხ. ს.ფ. 45-66. ტ.1/.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 2011 წლის 10 სექტემბრის წერილით ლ. გ-ს ეცნობა, რომ 2011 წლის 10 თებერვალს მის მიმართ მართვის უფლების აკრძალვის დადგენილება, რომელიც მითითებული იყო 2011 წლის 21 მაისის საჯარიმო აქტში, გამოტანილი არ ყოფილა / იხ. ს.ფ. 67.ტ.1/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი (რომელსაც რუსთავის საქალაქო სასამართლო საჩივრად მოიხსენიებს) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 21 მაისის ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი) №გგ 006726; არ დაკმაყოფილდა საჩივრის ავტორის მოთხოვნა: 1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 2010 წლის 7 სექტემბრის დადგენილების; 2. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილების; 3. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 2011 წლის 11 ივლისის №20/32-7-173 გადაწყვეტილებისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 4 აგვისტოს №20/7-973 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ /იხ. ს.ფ. 347. ტ.1/.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
2010 წლის 2 აგვისტოს ლ. გ-ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ბდ 070585, რომლის მიხედვით იგი დაჯარიმდა 50 ლარით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის;
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმით გამოწერილი ჯარიმა საჩივრის ავტორმა გადაიხადა 2010 წლის 2 სექტემბერს;
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მიერ 2010 წლის 7 სექტემბერს გამოიცა დადგენილება და ლ. გ-ს საჯარიმო თანხასთან ერთად დაეკისრა საურავი 150 ლარის ოდენობით;
აღნიშნული საურავის დადგენილ ერთ თვიან ვადაში გადაუხდელობის გამო 2010 წლის 12 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მიერ გამოიცა დადგენილება და ლ. გ-ს 2010 წლი 2 ოქტომბრიდან ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი წლის ვადით. ეს დადგენილება ლ. გ-ს არ ჩაბარებია;
2011 წლის 21 მაისს ლ. გ-ი დაჯარიმდა 200 ლარით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის. აღნიშნულ საჯარიმო ქვითარში მითითებულია, რომ ლ. გ-ს მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა 2011 წლის 10 თებერვლის დადგენილების საფუძველზე.
აღნიშნული საჯარიმო ქვითარი და დადგენილებები საჩივრის ავტორმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული წარმოების წესით, მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2011 წლის 2 მაისს ლ. გ-ი დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 20 ლარით. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არ უცნობებიათ ლ. გ-ისათვის, რომ მას ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება და შესაბამისად არ გამოცემულა სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი) შესაბამისი ზომების გატარების მიზნით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის;
2011 წლის 21 მაისს შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (საჯარიმო ქვითარი) №გგ 006726 მითითებული 2010 წლის 10 თებერვლის დადგენილება ლ. გ-ის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ არ გამოცემულა.
სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე სადავოდ ხდის კანონით გათვალისწინებულ ვადებში, 2010 წლის 7 სექტემბრისა და 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილებების გამოცემის წესის დარღვევის ფაქტს. კერძოდ, იგი მიუთითებს, რომ დადგენილებები გამოცემულ იქნა არა იმ დროს, რაც მითითებულია გამოცემის თარიღად, არამედ მოგვიანებით.
სასამართლოს მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება:
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გასაჩივრებული აქტების გამოცემის წესის დარღვევის შესახებ. შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - 2010 წლის 7 სექტემბრისა და 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, დადგენილებაში მითითებული თარიღების მიხედვით და საწინააღმდეგოს მტკიცებისთვის არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლოს დასკვნები _ საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 02 აგვისტოს საჯარიმო აქტით დაკისრებული ჯარიმა ლ. გ-ს უნდა გადაეხადა არა უგვიანეს 2010 წლის 1 სექტემბრის 24:00 საათისა. უდავოა, რომ ლ. გ-მა ჯარიმა გადაიხადა 2010 წლის 2 სექტემბერს.
ლ. გ-ი საჯარიმო ქვითრის მიხედვით ცნობილ იქნა ბრალეულად ამავე კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისად, მის მიერ ჯარიმის, ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მის მიმართ ამოქმედდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა საურავის დარიცხვის შესახებ.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო მისთვის ჩაებარებინა საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება და დადგენილების ჩაუბარებლობა ადრესატისათვის წარმოადგენს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.
2010 წლის 2 აგვისტოს, როდესაც ლ. გ-ი დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისათვის, ადგილზე შედგა საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი), რომელშიც განმარტებული იყო ყველა ის მოსალოდნელი შედეგი, რაც შესაძლებელია მოჰყოლოდა ჯარიმის ან საურავის დროულად გადაუხდელობას. შესაბამისად, კანონმდებელმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268- ე მუხლის მე-3 ნაწილით საურავის დამრიცხველ ორგანოს მისცა დისკრეცია საურავის დაკისრების თაობაზე მიღებული დადგენილების სამართალდარღვევისათვის ჩაბარების თაობაზე, ხოლო ასეთის შეუსრულებლობა ავტომატურად არ იწვევს ამ დადგენილების ბათილობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2010 წლის 7 სექტემბერს გამოცემული დადგენილება ლ. გ-ისათვის საურავის დარიცხვის შესახებ შეესაბამება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, ლ. გ-ს საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილებით ერთი წლის ვადით 2010 წლის 2 ოქტომბრიდან ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის 11-ლი პუნქტის შესაბამისად.
სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 303-ე მუხლის შინაარსის მიხედვით, კანონმდებელი მართვის უფლების ჩამორთმევის მომენტს უკავშირებს არა დადგენილების მხარისათვის ჩაბარებას, არამედ დადგენილების გამოტანის ფაქტს. ერთი მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით ავალდებულებს დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) 3 დღის ვადაში გაუგზავნოს დადგენილება სამართალდამრღვევს, ამასთან კონკრეტული შეზღუდვის დაწესებას კანონმდებელი უკავშირებს არა მხარეზე დადგენილების ჩაბარების ფაქტს, არამედ ობიექტურად სათანადო დადგენილების არსებობას.
მოცემულ შემთხვევაში 2010 წლის 2 აგვისტოს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით ლ. გ-ს განემარტა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, რომელსაც გამოიწვევდა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობა. სამართალდამრღვევის მხრიდან სათანადო გულისხმიერების და წინდახედულების გამოჩენის შემთხვევაში ადვილად განჭვრეტადი იყო ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც დადგა მართვის უფლების ჩამორთმევით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილების მიღების დროს არსებითად დაცული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნები და არ არსებობს მისი გაუქმების ფორმალური და მატერიალური საფუძვლები. ხოლო ის ფაქტი, რომ აღნიშნული დადგენილება ადრესატისათვის ჩაბარებული არ ყოფილა, არ იძლევა მისი გაბათილების საშუალებას.
სასამართლო ეთანხმება ლ. გ-ს, რომ 2011 წლის 21 მაისს შედგენილ საჯარიმო ქვითარში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ დადგენილია, რომ 2011 წლის 10 თებერვლის დადგენილება არ გამოცემულა უფლებამოსილი ორგანოს მიერ, იგი არ არის წარმოდგენილი საქმის მასალებში. თუმცა, სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველს.
სასამართლოს განმარტებით, საჯარო მოსამსახურეების პროფესიულ ვალდებულებას წარმოადგენს ნებისმიერი ქმედების კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შესრულება, ხოლო ასეთის განუხორციელებლობამ შესაძლოა წარმოშვას მათ მიერ განხორციელებული ქმედების თუ გამოცემული სამართლებრივი აქტის გაუქმება, მაგრამ კანონმდებელი ყველა ფორმალურ გადაცდომას საჯარო მოსამსახურის მხრიდან არ უკავშირებს ამ გადაცდომის დროს ჩადენილი ქმედების (გამოცემული აქტის) გაუქმებას. ასეთი შესაძლოა დადგეს, როდესაც გადაცდომას აქვს ისეთი ხასიათი, რომლის არ არსებობის დროს დასაშვები იყო სხვა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ პირის დაუდევრობით ან სხვა არასათანადო გულისხმიერების გამოჩენით მიღებულ იქნა სხვაგვარი, დაინტერესებული პირისათვის არასასურველი გადაწყვეტილება.
სასამართლომ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე, 300-ე, 121-ე მუხლების საფუძველზე გამოიტანა დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ ლ. გ-ს ერთი წლის ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება 2010 წლის 2 ოქტომბრიდან, 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული დადგენილება საჩივრის ავტორს არ ჩაბარებია და იგი აღსრულებული არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით და ვადაში. ამდენად, ლ. გ-ისათვის არ იყო ცნობილი იმ ფაქტის შესახებ, რომ მას აკრძალული ჰქონდა მართვის უფლება, შესაბამისად, მისი მხრიდან ჩადენილი ქმედება არ იყო ბრალეული არც განზრახ და არც გაუფრთხილებლობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 21 მაისს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნებს და არსებობს მისი ბათილად ცნობისათვის საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
/იხ. ს.ფ. 335-347. ტ.1/.
აპელანტი (მოსარჩელე): ლ. გ-ი
აპელანტი (მოპასუხე): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო
თავდაპირველი მოპასუხეეები: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველო;
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
აპელანტ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება 2011 წლის 21 მაისის №გგ 006726 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში.
აპელანტ ლ. გ-ის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და მისი სრულად დაკმაყოფილება.
ლ. გ-ის აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია შემდეგი მოტივებით: 2011 წლის 21 მაისს მისთვის მართვის უფლების ჩამორთმევა მოხდა რეალურად არ არსებული 2011 წლის 10 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ლ. გ-ს 2011 წლის 21 მაისამდე, კერძოდ, 2011 წლის 19 აპრილს და 2011 წლის 05 მაისს დაკისრებული აქვს ორი ჯარიმა, თუმცა არც ერთი მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის საფუძველზე, რაც ადასტურებს, რომ 2010 წლის 7 სექტემბრის დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ და 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილება მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ არ არსებობდა. გარდა ამისა, 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილება 2011 წლის 12 აპრილიდან აღსასრულებლად ხანდაზმული იქნებოდა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილებით მას მართვის უფლება ჩამოერთვა ამავე წლის 2 ოქტომბრიდან, რასაც მიიჩნევს უკანონოდ, რადგან კანონმდებლობის თანახმად აკრძალვის ათვლა უნდა დაიწყოს დადგენილების გამოცემის თარიღიდან.
სამართლებრივი: აპელანტის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითებს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს /იხ. ს.ფ. 354-355. ტ.1/.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის მოსაზრებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არ ემყარება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივი: აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა 2011 წლის 21 მაისის საჯარიმო ოქმის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით სამართალდარღვევის სუბიექტს წარმოადგენს პირი, რომელსაც არ აქვს ან ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა და არა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი (მძღოლის მოწმობა). პირველი ინსტანციის სასამართლომ კი დადგენილად მიიჩნია რომ 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილებით ლ. გ-ს ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება 1 წლის ვადით, შესაბამისად, მისი დაჯარიმება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და ეხება ზოგადად ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე გამოცემული დადგენილების აღსრულებას. ხოლო სპეციალური უფლების ჩამორთმევის დადგენილებათა აღსრულების წესს განსაზღვრავს ამავე კოდექსის 299-303-ე მუხლები. კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები ჩაითვლებიან სპეციალურ უფლებაჩამორთმეულად ამ უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების გამოტანის მომენტიდან. ამავე კოდექსის 121-ე მუხლით დაჯარიმებისას ნორმის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს და მტკიცებულების ძალა აქვს სწორედ ამ უფლების ჩამორთმევის ფაქტს და არა მართვის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს /იხ. ს.ფ. 356-367. ტ.1/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ლ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 67. ტ.2/.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაცო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მსჯელობა, რომ დადგენილება მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ძალაში შედის მისი მიღებისთანავე და მნიშვნელობა არა აქვს იმას, ეს დადგენილება ადრესატს ჩაბარებული აქვს თუ არა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-300 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულებისათვის აუცილებელია მძღოლს ჩამოერთვას მართვის მოწმობა, ხოლო, თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება, თავს არიდებს მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, აღმასრულებელი ჩამოართმევს მოწმობას იძულების წესით. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში არა მარტო გაეგზავნა ლ. გ-ისათვის, არამედ ამავე კოდექსის მე-300 მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დადგენილება აღესრულებინა ლ. გ-ისათვის მართვის მოწმობის ჩამორთმევით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით პირი არ შეიძლება დაჯარიმდეს მართვის უფლების გარეშე ავტომანქანის მართვისათვის, თუ მან არ იცის, რომ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება და ამაზე არსებობს სათანადო დადგენილება /იხ. ს.ფ. 48-67. ტ.2/.
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - ა. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ლ. გ-ი
თავდაპირველი მოპასუხეები: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველო
კასაციის განაცხადი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმება, რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ლ. გ-ის სარჩელის დაუკმაყოფილებლობა შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს 2011 წლის 21 მაისის №გგ 006726 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში.
კასაციის მოტივები/სამართლებრივი/:
პროცესუალური: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და სამართლებრივი შეფასება არ მისცა მათ.
სამართლებრივი:
კასატორის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის, 121-ე მუხლისა და ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით პოლიციას დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ და შეუფარდოს დამრღვევს სათანადო სახდელი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს დაჯარიმებას იმ პირისა, რომელსაც მართვის უფლება არ აქვს ან ასეთი უფლება ჩამორთმეული აქვს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. გ-ს აღნიშნული უფლება ჩამორთმეული ჰქონდა 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილებით 1 წლის ვადით, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით ავტოსანტრანსპორტო საშუალების მძღოლი სპეციალურუფლებაჩამორთმეულად ითვლება დადგენილების გამოტანის დღიდან, ლ. გ-ს დადგენილების თანახმად, მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა ერთი წლის ვადით, 2010 წლის 02 ოქტომბრიდან.
შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს 2011 წლის 21 მაისის საჯარიმო ოქმს სწორედ ზემოაღნიშნული დადგენილება დაედო საფუძვლად.
კასატორი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ინსპექტორ-გამომძიებელი არაა მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, არც მართვის უფლების ჩამორთმევის დადგენილების გამომტანი ორგანო რომელმაც აღსასრულებლად უნდა მიაქციოს დადგენილება და არც სააღსრულებო ორგანო, რომელიც ვალდებულია გამოავლინოს სამართალდარღვევა და რეაგირება მოახდინოს მასზე.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე-300-ე მუხლების თანახმად ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილება, რომლის საფუძველზეც გამოიცა ოქმი, კანონიერია.
კასატორის მოსაზრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლი ზოგადი ხასიათისაა და ეხება ზოგადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე გამოცემული დადგენილებების აღსრულებას. რაც შეეხება სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესს განსაზღვრავს კოდექსის 299-ე, 303-ე მუხლები. სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ ადმინისტრაციული სახდელი თავისი შინაარსით განსხვავდება სხვა სახდელებისაგან და წარმოადგენს პირის სამოქალაქო უფლების შეზღუდვას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-300 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 303-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილება ძალაში შედის და აღსრულდება გამოტანის მომენტიდან. დადგენილებით განსაზღვრული იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია დადგენილების გამოტანიდან შეზღუდვის მოქმედების ვადით, ამ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე ზოგადი ნორმით მითითებული აღსრულების 6 თვიანი ვადა, რადგან მართვის მოწმობის ფიზიკურად ჩამორთმევა კი არ ზღუდავს პირის უფლებას, არამედ დადგენილება ამ უფლების ჩამორთმევის შესახებ რაც გარკვეული ვადითაა გამოცემული და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლით დაჯარიმების შემთხვევაში იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს და მტკიცებულების ძალა აქვს სწორედ უფლების ჩამორთმევის ფაქტის არსებობას და არა მართვის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ადგენს პირის დაჯარიმებას, რომელსაც არ აქვს ან ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება. მართვის უფლების ჩამორთმევის თაობაზე უნდა იარსებოს შესაბამისმა დადგენილებამ, რომლის ძალაში შესვლას, აღსრულებასა და გასაჩივრებას კანონმდებელი უკავშირებს მისი გამოტანის მომენტს. კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ლ. გ-მა არ იცოდა დადგენილების არსებობის შესახებ, რის გამოც იგი არ შეიძლებოდა დაჯარიმებულიყო /იხ. ს.ფ. 110-119. ტ.2/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ლ. გ-მა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო /იხ. ს.ფ.. ტ.2/.
მოწინააღმდეგე მხარეს ლ. გ-ს, ასევე თავდაპირველ მოპასუხეებს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს წერილობითი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები (სასკ 34.3 მ.):
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის - შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე, რომ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას, სასამართლოს არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა მატერიალური სამართლის ნორმა და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის ნორმების სწორი განმარტების საფუძველზე.
წინამდებარე საქმე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით საკასაციო საჩივრის მოტივი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე, 283-ე, 287-ე მე-300, 303-ე მუხლების საფუძველზე მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების ძალაში შესვლისა და აღსრულების მომენტის სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხი, რამაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით შექმნა აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, არის საგულისხმო და განსაკუთრებული, რომელთა გამოც მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს რამდენად კანონშესაბამისად ხდება საპოლიციო ორგანოების მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამოვლენისას საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, დადგენა, შემთხვევის სამართალდარღვევად მიჩნევა და ადეკვატური სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემა.
სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობიდან გამომდინარე, კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლის ფუნქციის კანონიერ გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, წინამდებარე საქმე მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით:
1.მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცეს საპოლიციო ორგანოების მმართველობითი ფუნქციის - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის როლს და მნიშვნელობას საჯარო წესრიგის კულტურის დამკვიდრებაში, ამ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებას, განსაზღვროს ანალოგიურ სამართლებრივ შემთხვევებში სამართალშეფარდების სტანდარტი, რითაც ხელი შეეწყობა მსგავსი სამართალურთიერთობების მოწესრიგების სწორი სამართლებრივი პრაქტიკის დამკვიდრებას;
2. საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების ჰარმონიზაციის საკითხზე;
3. საკასაციო სასამართლომ უნდა განმარტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ინსტიტუტი და მისი გამოყენება პრაქტიკაში;
4. საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საგზაო მოძრაობის მონაწილის, როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთ-ერთი თანაშემოქმედის მოვალეობების და პასუხისმგებლობის საკითხი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასებები და სასამართლო დასკვნები სასარგებლო იქნება, როგორც საპოლიციო ორგანოების, მოხელე პოლიციელების მმართველობითი საქმიანობისათვის, ასევე საგზაო-სატრანსპორტო ურთიერთობათა მონაწილეთათვის, რამდენადაც საპოლიციო სამართალი განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებულ ნაწილს, განსაზღვრავს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უზრუნველყოფის ინსტრუმენტებს, პროცედურებსა და წესებს, ადგენს ქმედების ხასიათის მიხედვით დიფერენცირებულ შეფასებას და განსაზღვრავს პასუხისმგებლობის სახეთა სისტემას. ამდენად, აღნიშნული სამართლის ინსტიტუტების სწორი გაგება-გამოყენება უშუალოდ განაპირობებს ადამიანთა ყოფას, საზოგადოებრივი წესრიგის ხარისხსა და კულტურას.
ამავდროულად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სწორი გამოკვლევა და კვალიფიკაცია, შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადება და მისი აღსრულება უშუალო კავშირშია ადამიანის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერებისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა სახელმძღვანელო გახდება სახელმწიფოში არსებული ადმინისტრაციული ორგანოებისათვის და მათი პრაქტიკისათვის, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში შესაბამისი სასამართლო განმარტება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ სასამართლოებს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.
1.საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფ ღონისძიებათა შორის საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის სისტემაში წესრიგის დამკვიდრება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამ მმართველობითი ფუნქციის შესრულება კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს, უპირველესად, კი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას, ვინაიდან წესრიგი საგზაო მოძრაობაში მოიცავს რამდენიმე კომპონენტს: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნას; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვის ორგანიზებას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამების შექმნას, მიღებასა და დაფინანსებას; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნების დადგენას; სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრას; საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგადი უფლებებისა და მოვალეობების დადგენას; გზის ვარგისიანობის სტანდარტის შემუშავებას საგზაო ნიშნების განთავსებას და ა. შ.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა განსაზღვრულია 1999 წლის 28 მაისის საქართველოს კანონით „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ , რომლის მე- 3 მუხლის მიხედვით სახელმწიფო პოლიტიკას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შემდეგი საშუალებებით:
ა) საავტომობილო, მიწისზედა საქალაქო ელექტროტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის რეგულირება;
ბ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება;
გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებათა მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა;
დ) პირის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების შესწავლის ორგანიზება;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება;
ვ) სატრანსპორტო საშუალების, მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის სერტიფიცირება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, კვალიფიკაცია მოითხოვს ნორმათშემფარდებელი ადმინისტრაციული ორგანოების, ასევე კონკრეტული მოხელე-პოლიციელების მხრიდან მთელი რიგი პროცედურული მოქმედებების ადეკვატურ შესრულებას, სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა-დადგენის გზით და კანონშესაბამის კვალიფიკაციას. ამგვარ ვითარებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნორმათშემფარდებელი ადმინისტრაციული ორგანოების პრაქტიკას, თუ როგორ გამოიყენებენ აღნიშნულ ნორმას მმართველობითი ღონისძიებების განხორციელებისას. ასევე, ქვეყანაში საჯარო წესრიგისა და სამართლიანი მმართველობის უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესია სრულფასოვანი სასამართლო კონტროლის განხორციელება მართლმსაჯულების განმხორციელებელი სასამართლო ორგანოების მხრიდან, რომ დაცულ იქნეს კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რათა მიღწეულ იქნეს მმართველობითი სამართლის უმთავრესი მიზანი: ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყონ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის სისტემაში კანონიერი მმართველობის სტანდარტის დამკვიდრება უშუალოდ აისახება სახელმწიფოს მასშტაბით, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, ასევე, ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანზიტო, ტურიზმისა და სხვა ფუნქციების პოტენციალის დადებით განვითარებაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ, სსსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, კერძოდ:
საქმის მასალებით დადგენილია:
2010 წლის 2 აგვისტოს ქ. გარდაბანში საკუთარი ავტომანქანით გადაადგილებისას ლ. გ-ი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მოტივით გააჩერა გარდაბნის რაიონული პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ლ. გ-ი დაჯარიმდა 50 ლარით. რომელიც მან გადაიხადა 2010 წლის 2 სექტემბერს / იხ. ს.ფ. 31-33. ტ.1/.
2010 წლის 7 სექტემბრის № ბდ470585 შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე და 125-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საჯარიმო თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო მას დაეკისრა საურავის - 150 ლარის გადახდა / იხ. ს.ფ. 58. ტ.1/.
2010 წლის 12 ოქტომბრის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს №ბდ470585 დადგენილებით ლ. გ-ს საურავის გადაუხდელობის გამო ჩამოერთვა მართვის უფლება 2010 წლის 2 ოქტომბრიდან 1 წლის ვადით, თუმცა დადგენილება ლ. გ-ს არ ჩაბარებია და მისთვის არ უცნობებიათ მართვის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტის შესახებ. / იხ. ს.ფ.24. ტ.1/.
2011 წლის 21 მაისს მოსარჩელე ლ. გ-ი საკუთარი ავტომანქანით გადაადგილებისას კვლავ გააჩერა გარდაბნის რაიონის უბნის ინსპექტორმა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ლ. გ-ი მართვის უფლების არ ქონის გამო დააჯარიმა 200 ლარით.
კასატორის მტკიცება ეფუძნება შემდეგს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 299-ე, 303-ე მუხლები, ხოლო კოდექსის 287-ე მუხლი ზოგადი ხასიათისაა და ეხება ზოგადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე გამოცემული დადგენილებების აღსრულებას. სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებ ადმინისტრაციული სახდელი თავისი შინაარსით განსხვავდება სხვა სახდელებისაგან და წარმოადგენს პირის სამოქალაქო უფლების შეზღუდვას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-300 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 303-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილება ძალაში შედის და აღსრულდება გამოტანის მომენტიდან, რის შემდეგაც შეზღუდვის ვადის შესაბამისად პირი ითვლება უფლება ჩამორთმეულად. ამ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე ზოგადი ნორმით მითითებული აღსრულების 6 თვიანი ვადა, რადგან მართვის მოწმობის ფიზიკურად ჩამორთმევა კი არ ზღუდავს პირის უფლებას, არამედ დადგენილება ამ უფლების ჩამორთმევის შესახებ, რაც გარკვეული ვადითაა გამოცემული და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლით დაჯარიმების შემთხვევაში იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში მტკიცებულების ძალა აქვს სწორედ უფლების ჩამორთმევის ფაქტის არსებობას და არა მართვის მოწმობის ჩამორთმევას /იხ. ს.ფ. 110-119. ტ.2/.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის უნდა გაანალიზდეს იმ ნორმათა დანაწესები, რომელიც კონკრეტულ სადავო სამართალდარღვევას, კერძოდ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსის 121.1, 268.2, 283.1, 283.5, 287-ე, მე-300, 303.1 მუხლების საფუძველზე აწესრიგებს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისა და აღსრულების წესს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა მართვის უფლების აკრძალვის პერიოდში. მოცემულ შემთხვევაში მართვის უფლება ლ. გ-ს ერთი წლით ჩამორთმეული ჰქონდა 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილებით იმავე წლის 2 ოქტომბრიდან, თუმცა აღნიშნული დადგენილება მას არ ჩაბარებია და არ აღსრულებულა კანონით დადგენილი წესით და ვადაში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლი გამორიცხავს დადგენილების აღსრულებას, თუ მისი გამოტანიდან გასულია 6 თვე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 21 მაისისათვის ლ. გ-ის მიმართ გამოცემული დადგენილება მართვის უფლების ჩამორთმევის თაობაზე აღსრულებული არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმდება პირი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება, ანუ, სამართლებრივი შედეგი მოჰყვება მართვის უფლების ჩამორთმევის ფაქტს და არა იმ გარემოებას ფიზიკურად მძღოლს ჩამორთმეული აქვს თუ არა მართვის მოწმობა. შესაბამისად, გამოვლინდება რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომ ავტომანქანას მართავდა პირი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში ფიქსირდება მართვის უფლების ჩამორთმევის ფაქტი, იგი ჯარიმდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის შესაბამისად, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირი ჯარიმდება სატრანსპორტო საშუალების მართვისას, როდესაც: ა) მართვის უფლება საერთოდ არ აქვს, ან ბ) მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 303- ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესით, სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები ჩაითვლებიან სპეციალურ უფლებაჩამორთმეულად ამ უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან. განსახილველ შემთხვევაში ლ. გ-ს მართვის უფლება ჩამოართვეს 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილებით. დადგენილებაში უფლების ჩამორთმევის თარიღად მიეთითა იმავე წლის 02 ოქტომბერი. საკასაციო სასამართლოს, მიუხედავად იმისა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას სამართლებრივი დასკვნა გამოიტანოს 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენლების კანონიერების თაობაზე, აღნიშნული არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის მოტივს და საკასაციო სასამართლო შებოჭილია საკასაციო საჩივრის ფარგლებით, წინამდებარე საქმის სამართლებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებლად მიაჩნია, იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოების მანკიერ პრაქტიკაზე, რომელსაც ტენდენციის სახე მიეცა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას მისი სამართლებრივი შედეგის დადგომას განსაზღვრავს უკანა თარიღით, რაც არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი, კერძოდ, აღნიშნული საკითხის შეფასებისას საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში, საქმეზე #ბს-1580-1509(კ-09) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხის ა.რ-შვილის მიმართ, დაკავშირებით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, კერძოდ,
„საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლას არაორაზროვნად და მკაფიოდ უკავშირებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობას /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლი/, რაც ნიშნავს, რომ აქტით განსაზღვრული მოწესრიგება, სამართლებრივი შედეგი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ ადრესატისათვის აქტის გადაცემის შემთხვევაში. ამდენად, სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს ადრესატის აქტის გამოცემის თარიღის შემდგომი სამართლებრივი მდგომარეობა (უფლება-მოვალეობების დადასტურება, დაწესება, შეცვლა, შეწყვეტა). განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ადრესატისათვის სამართლებრივი შედეგის დადგომის უკანა თარიღით (15 დღით ადრე) განსაზღვრა ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანს, რომელიც მდგომარეობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამი მნიშვნელოვანი ამოცანის: 1. ადამიანის უფლებების და თავისუფლებების; 2. კანონის უზენაესობის და 3. საჯარო ინტერესების თითოეულ გადაწყვეტილებასა თუ მოქმედებაში, ერთობლივად უზრუნველყოფაში.
აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპებისა და უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების დადგენა.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამრთლებრივი აქტით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისათვის უკუძალის მიცემა იმ პირობებში, როცა არათუ დასაბუთებული, აღნიშნულიც კი არ არის აღმატებული საჯარო ინტერესის თაობაზე, რის გამოც ფიზიკური პირის _ სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრა 15 დღით უკანა თარიღით. უფრო მეტიც, ვინაიდან კონტრაქტის 7.3. მუხლით განსაზღვრული ჯარიმის თანხის გადახდის ვალდებულების დაწყების ვადის დენა პირდაპირ არის მიბმული კონტრაქტის შეწყვეტის თარიღის იურიდიულ ფაქტთან, თვალსაჩინო ხდება პირის სამართლებრივი მდგომარეობის უკიდურესი სიმძიმე, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სამართლის კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს.“ ..
„საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების თანამდებობის პირების მხრიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით პირის სამართლებრივი მდგომარეობის უკანა თარიღით დაუსაბუთებელი განსაზღვრა, როგორც კანონსაწინააღმდეგო და სამართლის პრინციპების უგულებელყოფით პრაქტიკის დამკვიდრების ტენდენცია, მიუკერძოებელ და ობიექტურ სასამართლო კონტროლს ექვემდებარება, რაც განსახილველ შემთხვევაში სრულებით უზრუნველყოფილია პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ. ამდენად, იმ ვითარებაში, როცა: 1.ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კონკრეტულ საჯარო ინტერესზე მითითების დაუსაბუთებლად, პირის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრა უკანა თარიღით;
2. საქმის მასალებით მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო რა მინისტრის ბრძანების ადრესატისათვის ოფიციალური გაცნობის შესახებ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა /ასეთად ვერ ჩაითვლება 2007 წლის 2 ივლისის ე.წ. გაცნობის ფურცელი, რამდენადაც ბრძანება გამოიცა 15 დღის შემდეგ/, მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის 7.3. მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გადახდის ვადის დარღვევის ფაქტი ვერ იქნება დადგენილი.“
2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოქტრინის მიხედვით ყოველი პროცესუალური კანონმდებლობა აირეკლავს და ითვალისწინებს შესაბამისი დარგის მატერიალური კანონმდებლობის ინსტიტუტებს, პრინციპებს, მიზანს. მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონმდებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსებში ამკვიდრებს ადმინისტრაციული წარმოების განსხვავებულ სახესა და განსხვავებულ პროცედურას, მმართველობითი ფუნქციის სპეციფიკიდან გამომდინარე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემის, ძალაში შესვლისა და აღსრულებისას, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული პროცედურა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება შესაძლებელია ეწინააღმდეგებოდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ძირითად პრინციპებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალი ადმინისტრაციული სამართლის კერძო, განსაკუთრებული ნაწილია, შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენება-განმარტება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უნდა ხდებოდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპების ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე. კანონმდებლობის ,,არაწინააღმდეგობრიობის” პრინციპი კი განაპირობებს კანონმდებლობას, როგორც ჰარმონიულ ურთიერთობას, რომელიც თავისუფალი იქნება შიდა წინააღმდეგობებისაგან. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი აწესებს კანონის ნორმების ერთმანეთთან ისე შეხამების ვალდებულებას, რომ ესა თუ ის მოქალაქე არ აღმოჩნდეს დაუცველი ურთიერთსაწინააღმდეგო მოვალეობისაგან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თავისი იურიდიული ბუნებით რეპრესიული ტიპის საკანონმდებლო აქტია, აღნიშნულისაგან პრინციპულად განსხვავებული ანუ ადმინისტრაციასთან მიმართებაში მოქალაქეთა უფლებებზე დაფუძნებულ კანონმდებლობას წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს განსაზღვრულ ფორმალურ საერთო წესს ადმინისტრაციულ ორგანოთათვის, რომელიც დაცული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ჩაბარებისა და აღსრულებისას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლით განსაზღვრულია საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადების, დადგენილების ასლის ჩაბარების ან გაგზავნის წესები, კერძოდ, დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ან გაეგზავნოს ადრესატს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება ადრესატისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარების ან გაგზავნის თაობაზე, თუ საურავის დარიცხვის თაობაზე დამრღვევისათვის ან ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლი განსაზღვრავს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის პირობებს. კერძოდ, აქტის ძალაში შესვლა დაკავშირებულია დადგენილი წესით მხარისათვის გაცნობასთან ან სათანადო წესით გამოქვეყნებასთან თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური აქტის ძალაში შესვლა გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურად გაცნობამდე შესაძლებელია, როდესაც არსებითი ზიანის საფრთხე ემუქრება სახელმწიფო ან საზოგადიებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, პირის კანონიერ ინტერესს ან უფლებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-58-ე მუხლებით კი განსაზღვრულია მხარისათვის აქტის ოფიციალური გაცნობის, ფოსტით გაგზავნის, გამოქვეყნებისა და საჯაროდ გაცნობის წესები.
კანონიერი მმართველობის წინაპირობას წარმოადგენს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის აღნიშნული წესები გათვალისწინებული იყოს ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებული ნაწილის, მათ შორის, საჯარიმო სამართლის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში. მართალია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 303-ე მუხლი მართვის უფლების ჩამორთმევას უკავშირებს დადგენილების გამოტანის მომენტს, მაგრამ აღნიშნული არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს დადგენილების მხარისათვის გაგზავნის ან გაცნობის ვალდებულებისაგან, რაც დადგენილია კიდეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მეტიც, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ლ. გ-ი 2011 წლის 21 მაისამდე, 2 მაისს დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილით, დაჯარიმებისას მისთვის მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების არსებობის თაობაზე არ უცნობებიათ. რაც ცხადყოფს, რომ მოხელე პოლიციელი სრულყოფილად არ იცნობდა ლ. გ-ის სამართალდარღვევათა ისტორიას, მაშინ, როცა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მართვის უფლების ჩამორთმევის თაობაზე ფიქსირებული უნდა ყოფილიყო და მოხელე-პოლიციელი ვალდებული იყო ყველა ფაქტობრივი გარემოება გაეთვალისწინებინა, რასაც მოცემული საქმის მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე სრულიად განსხვავებული სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა. უფრო მეტიც, 2012 წლის 21 მაისის საჯარიმო ქვითრის მიხედვით ლ. გ-ისათვის მართვის უფლების ჩამორთმევის თაობაზე დადგენილების გამოცემის თარიღად მითითებულია 2011 წლის 10 თებერვალი, საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ ასეთი დადგენილება საერთოდ არ არსებობდა და საჯარიმო ქვითრის შევსებისას დაშვებული იყო ფაქტობრივი შეცდომა. აღნიშნული დარღვევები მიუთითებს, რომ როგორც 2011 წლის 2 მაისის, ასევე, 2011 წლის 21 მაისის სამართალდარღვევის გარემოებები კვალიფიციურად არ ყოფილა გამოკვლეული და მოხელე-პოლიციელებმა ვერ გამოიჩინეს სათანადო გულისხმიერება და პროფესიული კვალიფიკაცია კანონით დადგენილი მოვალეობებისადმი.
3.საკასაციო სასამართლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ინსტიტუტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობის ფორმების გამოყენება დაკავშირებულია ადმინისტრაციული წარმოების ფორმებთან და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატთა რაოდენობასთან, ასევე მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის მნიშვნელობის ხარისხთან. ოფიციალურობის თვალსაზრისით ეს სამივე ფორმა თანაბარი სამართლებრივი ძალის მატარებელია და თანაბარ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული ნორმა. კოდექსის ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იქედან, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისათვის გაცნობა არის ფინალი ადმინისტრაციული წარმოებისა და მისი შედეგი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით ((სზაკ-ის 54-ე მუხლი); ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ კანონმდებლობით შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის სხვა ვადები იყოს დადგენილი). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ზუსტი დროის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აქტის მიმართ საჩივრის და სარჩელის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადების დასაცავად. სწორედ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე იწყება მისი გასაჩივრების (სარჩელის შეტანის) ვადების ათვლა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა წარმოადგენს არა მარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმს, არამედ მისი არსებობის წინაპირობას. როგორც საკანონმდებლო აქტი მისი ოფიციალური გამოქვეყნებით შედის ძალაში, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას მისი ადრესატისათვის ოფიციალური გაცნობით.
თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიმართულია რამდენიმე ადრესატის მიმართ, აუცილებელია თითოელი მათგანისათვის მისი ოფიციალური გაცნობა. აქიდან გამომდინარე შესაძლებელია თითოეული პირის მიმართ ძალაში შესვლის სხვადასხვა ვადები გვქონდეს სახეზე. ამან შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული პრობლემები წარმოშვას, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებას ემსახურება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე მუხლში მოცემული მოწესრიგება. თუმცა ეს მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება 50-ზე მეტ პირს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე – 58-ე მუხლების და სპეციალურ კანონებში მოცემული დანაწესების თავისებურებებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის გადაცემის კანონით განსაზღვრული ფორმის დაუცველობა ყოველთვის არ აბრკოლებს მის ძალაში შესვლას, არამედ აქტს ხდის უკანონოს. ასე, მაგ., თუ წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის ზეპირი ფორმით გაცნობა მოხდა, ასეთი აქტი მისი მხარისათვის გაცნობის კანონით დადგენილი წესის დარღვევის გამო არის უკანონო, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენადაც მოხდა ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობა, ის შეიძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას. მაგრამ, თუ კანონით გათვალისწინებული აქტის მხარისათვის ინდივიდუალური გადაცემის მიუხედავად (სზაკ-ის 58-ე მუხლის შესაბამისად) მოხდება მისი საჯაროდ გამოცხადების გზით გაცნობა, ამ შემთხვევაში თვითონ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის ფორმა არის უკანონო და ამდენად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შედის ძალაში, ანუ აქტი მხარისათვის შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელი არ არის.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის გაცნობის პროცესში არსებითია შემდეგი გარემოება:
- მხარისათვის მისი გაცნობა უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს, ანუ კონკრეტულად უნდა იყოს ადრესატი მითითებული, რამდენადაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც საჭიროებს მეორე მხარის მიერ მიღებას, შესაბამისად მოქმედებს სამოქალაქო სამართლის ნორმები მისი ნამდვილობის დასადგენად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ინსტიტუტი პირდაპირ კავშირშია აქტის აღსრულების ინსტიტუტთან, ვინაიდან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის აღსრულება არის ადმინისტრაციული წარმოების მნიშვნელოვანი სტადია. ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგები ვლინდება მის აღსრულებაში. აღსრულების ცნების ქვეშ მოიაზრება მოქალაქის ან სხვა სამართლის სუბიექტების საჯარო-სამართლებრივი ვალდებულებების იძულების წესით განხორციელების შესაძლებლობა. კანონით მკაცრად განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, დაუშვებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის აღსრულების დაწყება, თუ იგი ადრესატს არ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და შესაბამისი სახდელის შეფარდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით ხორციელდება და მისი გაცნობა ადრესატისათვის განეკუთვნება ნორმატიულად გარანტირებულ უფლებას - გააჩნდეს კანონიერი მოლოდინი აქტის აღსრულების სტადიაში გადაზრდამდე დაკისრებული ვალდებულების გაცნობისა და გასაჩივრების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით.
განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ლ. გ-ისათვის არ იყო ცნობილი მართვის უფლების აკრძალვის შესახებ. მართვის უფლების თაობაზე დადგენილება არ ჩაბარებია ადრესატს და იგი არ აღსრულებულა კანონით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილება სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო არა მხოლოდ გაეგზავნა დადგენილების ასლი ლ. გ-ისათვის, არამედ მე-300 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აღესრულებინა კიდეც დადგენილება მართვის მოწმობის ჩამორთმევით. ფაქტობრივად ლ. გ-ისათვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდა 2011 წლის 21 მაისს. ამ მომენტისათვის კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლით გასაზღვრული დადგენილების აღსრულების ექვს თვიანი ვადა უკვე გასული, ხოლო 2010 წლის 12 ოქტომბრის დადგენილება აღსასრულებლად ხანდაზმული იყო .
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე ზოგადი ნორმით განსაზღვრული დადგენილების აღსრულების ექვს თვიანი ვადა, რადგან მართვის მოწმობის ფიზიკურად ჩამორთმევა კი არ ზღუდავს პირის უფლებას, არამედ დადგენილება ამ უფლების ჩამორთმევის შესახებ, ამასთანავე, კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოქმედი კანონმდებლობა მძღოლს მართვის მოწმობის ტარებას აღარ ავალდებულებს.
აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლში რეგლამენტირებული ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების კანონის ფარგლებში განხორციელების სავალდებულო პრინციპი, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება ხორციელდება კანონის მკაცრი დაცვის საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების, მათ შორის, მართვის უფლების ჩამორთმევის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღზრდა კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 283.1 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სახდელების დადების შესახებ დადგენილების აღსრულებას მისი გამოტანის მომენტიდან, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით დადგენილების გამომტანი ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს - აღასრულოს მის მიერ გამოცემული აქტი. ამასთანავე, მე-300 მუხლით განსაზღვრულია როგორ უნდა აღსრულდეს დადგენილება, რომლითაც პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა მართვის უფლების ჩამორთმევა და იმპერატიულად არის დადგენილი, რომ დადგენილება სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით, უფრო მეტიც, ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულია იძულებითი წესით მოწმობის ჩამორთმევა, როცა მძღოლი, რომელსაც უკვე ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება, თავს არიდებს მოწმობის ჩაბარებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 303-ე მუხლით დადგენილი სპეციალური უფლების - სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებისათვის უფლების ჩამორთმევის ვადის გამოანგარიშებისათვის დადგენილი წესი არ აქარწყლებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მოახდინოს მის მიერ გამოცემული დადგენილების აღსრულება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადას. სადავო არ არის ფაქტი, რომ რეალურად ლ. გ-ისათვის, როგორც დადგენილების არსებობის შესახებ შეტყობინება, აგრეთვე მართვის მოწმობის ჩამორთმევა განხორციელდა 2011 წლის 21 მაისს, მაშინ როდესაც დადგენილების გამოტანიდან გასული იყო ექვს თვეზე მეტი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლის თანახმად კი დადგენილება აღსასრულებლად იყო ხანდაზმული და აღარ ექვემდებარებოდა აღსრულებას.
ის, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მძღოლის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარ არის, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამედროვე ადმინისტრირება გულისხმობს უფლებამოსილებათა განხორციელებისას ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვა-გამოყენებას, შესაბამისად შსს სპეციალური ელექტრონულ მონაცემთა ბაზების შექმნით და მართვის მოწმობის ტარების ვალდებულების მოხსნით კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მძღოლების გათავისუფლება ზედმეტი ბიუროკრატიული წნეხისაგან, მმართველობის ეფექტიანი და სწრაფი განხორციელება და არა ფიზიკურად მართვის უფლების მოწმობის ტარებასთან რაიმე სამართლებრივი შედეგის დაკავშირება. ის ფაქტი, რომ კანონმდებლობით მოწმობის ფიზიკურად ტარება არ არის სავალდებულო მძღოლებისათვის, არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გათავისუფლებულია კანონის მოთხოვნების შესაბამისად მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების (მართვის მოწმობის ჩამორთმევა) ვალდებულებისაგან. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის არ გამოყენების წინაპირობად ვერ მიიჩნევა მძღოლის მართვის მოწმობის გარეშე მოძრაობის დაშვების შესაძლებლობა. ეს ორი საკითხი ვერ იქნება ურთიერთდაკავშირებული და ვერ გამოდგება ხანდაზმულობის ვადის გაქარწყლების არგუმენტად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის საჯაროსამართლებრივი ვალდებულების განსაზღვრისას კანონმდებლის მიერ გასათვალისწინებელია ნორმატიული, სოციალური და სხვა ხასიათის შეზღუდვები, მათ შორის ქვეყანაში არსებული კონკრეტული სამართლებრივი რეალობა. მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილება თავის ბუნებით მიეკუთვნება შემზღუდველი (ამკრძალავი) აქტების სახეს, რომელიც პირის სამართლებრივ მდგომარეობას ამძიმებს კონკრეტული უფლებით სარგებლობის აკრძალვით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება ემსახურებოდეს კერძო ინტერესის _ ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი _ კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. კანონიერი მართველობა, უპირველეს ყოვლისა ორიენტირებული უნდა იყოს პირის სუბიექტური უფლებების დაცვაზე. ხოლო კანონდარღვევის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოფდეს პირისათვის მისი სასამართლოს წესით გასაჩივრების შესაძლებლობას. ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მატერიალური და პროცესუალური ნორმების სწორი გაგება-გამოყენება უშუალო კავშირშია ადამიანის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერებისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართვის უფლების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას წარმოადგენს კანონით დადგენილ ვადაში და წესით გააცნოს ადრესატს უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილება და აღასრულოს იგი. კერძოდ :
• ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დადგენილების გამომტანი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩააბაროს ან გაუგზავნოს ადრესატს;
• ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 283-ე მუხლის პირველი და მე-5 მუხლების თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დადგენილება მიაქციოს აღსასრულებლად;
• ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად დადგენილება უნდა აღსრულდეს მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით.
ამდენად, სადავო ურთიერთობაში კანონით დადგენილი ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ შესრულებულა.
4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალი აწესრიგებს მოქალაქისა და მმართველობის ორგანოს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს. ადმინისტრაციული კანონმდებლობით განისაზღვრება არა მხოლოდ მოქალაქის უფლებები, აგრეთვე ვალდებულებები მმართველობის ორგანოებთან მიმართებით. ადმინისტრაციულ სამართალში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, მოქმედებს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული კეთილსინდისიერების პრინციპი, რომელიც თანაბრად ვრცელდება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მოქალაქეებზე და ავალდებულებს მათ ჯეროვანი ყურადღებით მოეკიდონ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს. ყოველი პირი ვალდებულია გაითვალისწინოს გარემოებები, რომლებიც მისთვის ცნობილია ან უნდა ყოფილიყო ცნობილი, სათანადო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, ლ. გ-ისათვის ცნობილი იყო ჯარიმით დაკისრებული თანხის კანონით დადგენილ - 30 დღის ვადაში გადახდის ვალდებულების შესახებ, შესაბამისად, როდესაც მან ჯარიმის გადახდის ვადას გადააცილა, უნდა ჰქონოდა ვარაუდი იმისა, რომ ვადის გადაცილებას შედეგად მოჰყვებოდა ადმინისტრაციულ ორგანოთა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს აგრეთვე კანონიერი ნდობის პრინციპი, რომელიც კრძალავს ისეთ მმართველობით საქმიანობას, რომელიც თავის მხრივ კანონიერია, მაგრამ იწვევს მისი ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების იგნორირებას. ამ შემთხვევაში თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით მოქალაქის ნდობა მმართველობის ორგანოს ქმედებაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.
კანონით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის, კერძოდ, 45-ე მუხლის მიხედვით: საქართველოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა იწვევს დისციპლინურ, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული საკანონმდებლო აქტით კანონმდებელი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლს, ავალებს რა საგზაო მოძრაობის კანონით დადგენილი წესების დაცვას და ითვალისწინებს ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომებს, განიხილავს მას, როგორც საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის კანონიერების უზრუნველყოფის კეთილსინდისიერ თანამონაწილედ, რაც საპოლიციო ორგანოების საქმიანობისა და საჯარო წესრიგისა და კანონიერების დაცვაში ხელშეწყობას გულისხმობს.
საკასაციო სასამართლო მითითებული ნორმატიული აქტის ანალიზიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის მონაწილე მძღოლის მიერ წესების იგნორირების სამართალდარღვევად მიჩნევის და მისი სანქცირების დადგენით, კანონმდებელი პასუხობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 1-ლი მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანებს, რომლის მიხედვით ასეთს წარმოადგენს: ,,მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით“.
საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის მონაწილე მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა სწორედ რომ ეწინააღმდეგება ქვეყანაში საჯარო წესრიგს, წარმოადგენს საერთო ცხოვრების წესების უპატივცემულობას, ხელს უშლის კანონიერების დაცვასა და განმტკიცებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამართლებრივი სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შეუძლებელია მოქალაქეთა საჯარო წესრიგისადმი, კანონისადმი არასწორი დამოკიდებულების, მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობის პირობებში, ხოლო, სწორი მიდგომებისა და ტრადიციის ჩამოყალიბება საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუტების ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორი შეფასება მისცეს საქმის მასალებს, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმატიულ ბაზას და კანონიერად და ობიექტურად გადაწყვიტეს დავა, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.
ამასთან, სსსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარ სამმართვლოს უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 257-
ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/