საქმე ბს-580-570(კ-12) 26 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ო. ა-ი; წარმომადგენელი : ზ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელ - ვ. ბ-ი, რ. ა-ა; წარმომადგენელი: ნ. ბ-ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული განჩინება - ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: ო. ა-ი
მოპასუხეები: - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახური; რ. ა-ა
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება.
სარჩელის საგანი:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 ივლისის №882010687305.13 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ივლისის №882011354135439.03 გადაწყვეტილების, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა.
3. მოპასუხის დავალდებულება სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის - ო. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე.
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: მოსარჩელის განმარტებით, 1984 წელს გამოეყო მამის - ჰ. ა-ის კომლს. მამის კომლის ქონებიდან გადაეცა საცხოვრებელი სახლის ნაწილი და მიწის ნაკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. .... 2011 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართა ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა, როგორც კომლისგან განცალკევებულ წევრზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზედაც ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ივლისის №882011354139.03 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების ობიექტზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, კერძოდ, უძრავ ქონებაზე, რომლის საკუთრების უფლების რეგისტრაციაც მან მოითხოვა, რეგისტრირებული იყო რ. ა-ას (ძმის შვილი) სახელზე, რაც გამორიცხავდა მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არასწორად იყო რეგისტრირებული რ. ა-ას სახელზე, ვინაიდან საჯარო რეესტრის მიერ გარდა რ. ა-ას წილისა დარეგისტრირდა მისი წილიც. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, რ. ა-ა ერთდროულად იყო რამოდენიმე კომლის წევრი.
სამართლებრივი: მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-14).
მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის შესაგებელი:
ფაქტობრვი: სადავო ქონება 2002 წლის 2 თებერვალს დარეგისტრირდა ჰ. ა-ის კომლის საკუთრებად. აღნიშნულ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა რ. ა-ამ, განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მომსახურების საფასურის ქვითარი, ჰ. და ა. ა-ების გარდაცვალების მოწმობების დამოწმებული ასლები, ლ. ა-ას განცხადება ნოტარიულად დამოწმებული მასზედ, რომ იგი თანახმაა ჰ. ა-ის ქონება მიიღოს რ. ა-ამ, ასევე ცნობა ჰ. ა-ის კომლის შემადგენლობის შესახებ, გაცემული ბოლნისის არქივის მიერ, სადაც კომლის წევრებად აღრიცხულნი იყვნენ ჰ. ა-ი (გარდაცვლილი), ა. ა-ი (გარდაცვლილი), რ. ა-ა და ლ. ა-ა, შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
ამასთან, ო. ა-ი დღეის მდგომარეობით არ არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად შეუძლებელია იგი ამავდრულად იყოს რომელიმე კომლის წევრი.
სამართლებრივი: სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებული არ არის (იხ. ს.ფ. 33-41; ტ.1)
საქმის გარემოებები: მოსარჩელის ო. ა-ის მამა - ჰ. ა-ი, რომელიც გარდაიცვალა 1999 წლის 5 ნოემბერს, იყო საკოლმეურნეო კომლის, ოჯახის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ თავად მოსარჩელე, მოსარჩელის დედა - ს. ა-ა, რომელიც ასევე გარდაიცვალა; და - სა. ა-ა, ძმა - ა. ა-ი, რომელიც გარდაიცვალა 2001 წელს და მეორე და - ნ. ა-ა, რომელიც გარდაიცვალა 2009 წლის 1 ნოემბერს.
1984 წელს მოსარჩელე გამოეყო მამის კომლს და ცალკე კომლად დადგა აღრიცხვაზე. ბოლნისის რაიონული სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს თანამშრომელთა და მისი კომლის წევრების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შედგა გაყოფის აქტი, რაც დამტკიცდა ბოლნისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის 1985 წლის 22 თბერვლის №2 ოქმით, რომლის საფუძველზეც მამის კომლიდან გამოეყო საცხოვრებელი სახლის ნაწილი და მიწის ნაკვეთი, რაც აისახა საკომლო წიგნში ო. ა-ის კომლის სახელზე.
მამის კომლიდან ასევე ცალკე კომლად გამოეყო ო. ა-ის ძმა ა. ა-ი ოჯახთან ერთად და დარეგისტრირდა საკომლო წიგნში. 1994 წელს ა. და მისი მეუღლე, რომლებიც იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, გაშორდნენ და მისი მეუღლე ორ ქალიშვილთან - რ. და ლ. ა-ებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სოფ. ..., სადაც აღირიცხნენ ცალკე კომლად. ჰ. ა-ის კომლში ბოლო წევრი იყო ნ. ა-ა, რომელიც ასევე გარდაიცვალა 2009 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე და 1463-ე მუხლების თანახმად, ქონება უნდა გადასულიყო კანონით მემკვიდრეებზე, ვინაიდან ნ. ა-ას არ დაუტოვებია ანდერძი.
2010 წლის ივლისის თვეში მისი გარდაცვლილი ძმის - ა.-ს შვილმა - რ. ა-ამ, მიმართა ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მოთხოვნით, რაც საჯარო რეესტრის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა და იგი ცნობილ იქნა ჰ. ა-ის კომლის ქონების მესაკუთრედ.
იგი ასევე დარეგისტრირდა თავისი მამის - ა. ა-ის ქონების მესაკუთრედ და ორივე ქონებაზე მიიღო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
მოსარჩელის მტკიცებით, რ. ა-ას სახელზე კანონდარღვევით მოხდა ჰ. ა-ის ქონების აღრიცხვა, რადგან, იგი აღარ ირიცხებოდა პაპის კომლში, ვინაიდან, პაპის კომლიდან ამოწერის გარეშე ჯერ ჩაეწერა მამის კომლში, ხოლო შემდეგ დედის კომლის შემადგენლობაში სოფ. ....
მოპასუხემ რ. ა-ამ საკუთრებაში აღირიცხა არა მარტო ჰ. ა-ის ქონება, არამედ ის ქონებაც, რაც გაყოფის აქტის საფუძველზე მოსარჩელეს - ო. ა-ს ეკუთვნოდა.
მოსარჩელის განმარტებით, ბოლნისის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის დანაწესი და მხოლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დაერეგისტრირებინა მემკვიდრეებისათვის ჰ. ა-ის სამკვიდრო ქონება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 15 თბერვლის გადაწყვეტილებით ო. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
ო. ა-ის მამას - ჰ. ა-ს სარგებლობაში გამოეყო 0.28 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ბოლნისის რაიონის, სოფ. ....
მიწის ნაკვეთი, რომლის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზეც გადაეცა ჰ. ა-ს სისტემური რეგისტრაციის შედეგად დარეგისტრირდა ჰ. ა-ის კომლის საკუთრებად 2000 წლის 2 თებერვალს და მიენიჭა სარეგისტრაციო კოდი №....
ჰ. ა-ის კომლში, რომელიც წარმოადგენდა საკომლეურნეო კომლს, 1986-1995 წლის საკომლო წიგნის მონაცემებით კომლის წევრებად ირიცხებოდნენ: თავად - ჰ. ა-ი, შვილი - ა. ა-ი და შვილიშვილები - ლ. და რ. ა-ები.
ჰ. ა-ი გარდაიცვალა 1999 წლის 5 ოქტომბერს.
ა. ა-ი გარდაიცვალა 2007 წლის 21 ივნისს.
მიწის ნაკვეთზე №80/05/03/512 რ. ა-ას განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დარეგისტრირდა რ. ა-ას საკუთრების უფლება და მიწის ნაკვეთს მიენიჭა სხვა საკადასტრო კოდი.
ო. ა-ი არის ჰ. ა-ის შვილი და იგი 1985 წლიდან არ ირიცხებოდა ჰ. ა-ის კომლის წევრად. იგი მამის კომლს გამოეყო 1985 წლის 22 თებერვლიდან.
ო. ა-ი საქართველოს მოქალაქე არ არის 1987 წლიდან.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
ო. ა-ს, როგორც ცალკე კომლს, სადავო უძრავი ქონება არ ერიცხებოდა.
ჰ. ა-ს სადავო მიწის ნაკვეთი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად გადაეცა მას შემდეგ, რაც ო. ა-ი გამოეყო მამის კომლს.
ო. ა-ისთვის №882010687305 გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი გახდა 2010 წლის 2 სექტემბერს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის 31-ე პუნქტის შესაბამისად, ნივთზე კომლის საერთო საკუთრება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. თუ კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია ან გასულია კომლიდან, კომლის წევრთა საერთო უფლების რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების რეგისტრაცია წარმოებს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.
სამოქალაქო კოდექსის 1964 წლის რედაქციით კომლის ინსტიტუტი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ერთობლივად, საერთო ძალებით, აწარმოებდნენ მეურნეობას და კომლის ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას მისი წევრების თანასაკუთრებად აღიარებდა. იმავე კოდექსის 125-ე მუხლით კი, კომლის თითოეულ წევრს თანაბარი ქონება ეკუთვნოდა, განურჩევლად ასაკისა და შრომისუნარიანობის..
საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, ასევე სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან გაუქმდა კოლმეურნეობა, რამაც თვის მხრივ გამოიწვია საკოლმეურნეო კომლის არსებობის შეწყვეტა, შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრების ობიექტს წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და თანაბარ წილად არის იმ პირთა საერთო საკუთრება, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ.
რაიონული სასამართლოს მითითებით, საარქივო ცნობის თანახმად, ჰ. ა-ის კომლის წევრებად მასთან ერთად ირიცხებოდნენ ა. ა-ი, რ. და ლ. ა-ები. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების საფუძველზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №14 ბრძანების მე-14 მუხლის 31-ე პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული საარქივო დოკუმენტი მოსარჩელის მიერ სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს მისი კანონიერების საკითხი. ამდენად, კომლის ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრეს რ. ა-აც წარმოადგენს.
სასამართლოს განმარტებით, „სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების სუბიექტი (მესაკუთრე) შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, კომლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი. ასევე ამ მუხლის 11-ლი, 1 2-ლი, და 13-ლი პუნქტების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ეს ქონება მემკვიდრეობით მიიღეს. ასევე უცხოელს - იმ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე. ხოლო 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე პრეტენზიის უფლება რჩებათ კომლის სხვა წევრებს - თანამესაკუთრეობისა და მემკვიდრეობის, ხოლო მოსარჩელეს მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების საფუძვლით.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა როგორც საქართველოს მოქალაქე, ან მიიღო სამკვიდრო ქონება, როგორც მემკვიდრემ.
ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, აქტის ბათილობის შესახებ მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, ვინაიდან, დადგენილია, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღების შესახებ ო. ა-ისათვის ცნობილი გახდა ჯერ კიდევ ბოლნისის რაიონულ პროკურატურაში განცხადების წარდგენის პერიოდში, კერძოდ, 2010 წლის 2 სექტემბრამდე. მოსარჩელემ კი, აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2011 წლის 1 აგვისტოს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სასამართლოს დასკვნები:
გასაჩივრებული აქტები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება; ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურენო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება; ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ,,სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონი (იხ. ს.ფ.160-168; ტ.2).
აპელანტი : ო. ა-ი
წარმომადგენელი : ზ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახური; რ. ა-ა
სარჩელის მოცულობა და ფარგლები: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები :
ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, არასწორია რაიონული სასამართლოს მითითება ჰ. ა-ის კომლის შემადგენლობის შესახებ. კერძოდ, 2010 წლის 31 აგვისტოს საარქივო ცნობის მიხედვით აღნიშნულ პერიოდში ჰ. ა-ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა შვიდი წევრი.
არასწორია ასევე სასამართლოს მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ ო. ა-ს, როგორც ცალკე კომლს სადავო უძრავი ქონება არ ერიცხებოდა, ვინაიდან, მასალებში წარმოდგენილია ბოლნისის სახალხო საბჭოს აღმასკომის მიერ 1985 წლის 22 თებერვლის №2 ოქმით დამტკიცებული გაყოფის აქტი, რომლის საფუძველზეც მამის კომლიდან გამოეყო საცხოვრებელი სახლის ნაწილი და მიწის ნაკვეთი, რაც მისი კომლის სახელზე აღირიცხა.
სამართლებრივი: სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა კანონი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ (ასეთი კანონი არ არსებობს) და არ გამოიყენა კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის შესახებ“, ასევე არასწორად განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი (იხ. ს.ფ. 178-187; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 15 მაისის განჩინებით ო. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო პალატის განმარტებით, არ არსებობს ო. ა-ის სახელზე სადავო ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი, ვინაიდან, ო. ა-ს სარეგისტრაციო სამსახურისათვის არ წარუდგენია ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მემკვიდრეობის მოწმობა. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობის შესაბამისად, ჰ. ა-ის კომლის წევრებად ჰ. ა-თან ერთად ირიცხებოდნენ ა. ა-ი, რ. და ლ. ა-ები, ანუ ისინი წარმოადგენდენ საკომლო ქონების თანამესაკუთრეებს. ო. ა-ი აღნიშნული მუხლის შესაბამისად, არ ირიცხებოდა კომლის წევრად. სააპელაციო პალატის მითითებით, კომლის ყველა წევრი გარდაიცვალა რ. ა-ას გარდა შესაბამისად, იგი გახდა კომლის უკანასკნელი წევრი, რომელზედაც გადავიდა თანასაკუთრებაში არსებული საკომლო ქონება.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ო. ა-ის მიერ გაყოფის აქტით აპელირება, ვინაიდან, მას იურიდიული ძალა მხოლოდ აღნიშნული აქტით დამდაგარი მოვლენის რეგისტრაციით წარმოიშობა, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, არამართებულია ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ივლისის №882011354139.03 გადაწყვეტილების არამართებულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხვას იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ო. ა-ის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტებში ასახული დასარეგისტრირებელი უძრავი ქონება ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლებით უკვე აღრიცხულია რ. ა-ას სახელზე.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებ ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი (იხ. ს.ფ. 45-56; ტ.2).
კასატორი: ო. ა-ი
წარმომადგენელი: ზ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახური; რ. ა-ა
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი :
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური: კასატორის მითითებით, რ. ა-ამ საჯარო რეესტრის ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ორი განცხადებით, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა პაპის - ჰ. ა-ისა და მამის - ა. ა-ის უძრავ ქონებაზე, რისთვისაც მან სამსახურს წარუდგინა ორი ამონაწერი საკომლო წიგნიდან. ერთი იმ პერიოდის, როცა პაპის კომლის წევრად ირიცხებოდა და მეორე იმ პერიოდის როცა მამამის - ა. ა-ის კომლი ცალკე გამოეყო და აღირიცხა საადგილმამულო წიგნში. სარეგისტრაციო სამსახურმა ორივე ქონება დაარეგისტრირა ისე, რომ არ გამუკვლევია თუ რომელი კომლის წევრი იყო ქონების რეგისტრაციის პერიოდისათვის მოპასუხე - რ. ა-ა, აღნიშნული არც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებს გამოუკვლევიათ.
კასატორის განმარტებით, ბოლნისის საქალაქო საბჭოს დეპუტატების 1984 წლის 19 ნოემბრის აქტის საფუძველზე ო. ა-ის ოჯახი გამოეყო მამის კომლს და ბოლნისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის №2 ოქმის შესაბამისად, 1985 წლის 22 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი ქონების გაყოფის შესახებ. ო. ა-ის ქონება დარეგისტრიდა ცალკე საკომლო წიგნში, ადმინისტრაციულმა ორგანომ კი მოპასუხეს არამარტო ჰ. ა-ის ქონება დაურეგისტრირა, არამედ ო. ა-ის ქონებაც, რომელიც ცალკე ირიცხებოდა მის სახელზე საადგილმამულო წიგნში.
კასატორის განმარტებით, არასწორია ასევე სასამართლოების მითითება იმაზე, რომ კასატორი 1987 წლიდან აღარ იყო საქართველოს მოქალაქე, ვინაიდან, 1987 წელს საქართველოს მოქალაქის სტატუსი არ არსებობდა და ორგანული კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ მიღებულ იქნა 1993 წელს.
სასამართლოს განმარტებით, ჰ. ა-ის კომლის ბოლო წევრი - ნ. ა-ი გარდაიცვალა 2009 წელს და ამის შემდეგ კომლის დანაშთი ქონების განკარგვა უნდა მომხდარიყო სამემკვიდრეო საფუძველზე.
მოწინააღმდეგე მხარემ - რ. ა-ას წარმომადგენელმა მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და აღნიშნა, რომ კასატორი 1985 წლიდან არ ირიცხებოდა მამის ჰ. ა-ბის კომლის წევრად და იგი არ ირიცხებოდა მამის კომლში, როდესაც მის მამას მიწის ნაკვეთი გადაეცა მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
კასატორს როგორც უხო ქვეყნის მოქალაქეს არც ფაქტობრივი ფლობით და არც კანონით არ მიუღია მამისა და ძმის სამკვიდრო ქონება (იხ. ს.ფ.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის ო. ა-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
მოწინააღმდეგე მხარემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა ო. ა-ისათვის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ საფუძვლით, რომ ო. ა-ის მამას - ჰ. ა-ს სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყო №66 მიღება-ჩაბარების აქტით, მიწის რეფორმის პერიოდში და ამ დროისათვის ო. ა-ი აღარ წარმოადგენდა ჰ. ა-ის კომლის წევრს. ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი არ ადგენს თანასაკუთრების უფლებას ო. ა-ის კომლთან ან თავად ო. ა-თან, ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტი არ გასაჩივრებულა.
მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სადავო რეგისტრაციის სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის შემთხვევაში აღდგება ბათილად ცნობილი აქტით რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა, კონკრეტულ შემთხვევაში, კი სადავო რეგისტრაციის გაუქმებით აღდგება სადავო ქონებაზე ჰ. ა-ის კომლზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომელიც ასევე არ ადგენს ო. ა-თან თანასაკუთრებას.
ო. ა-ს სარეგისტრაციო სამსახურისათვის არ წარუდგენია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა რ. ა-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მის საკუთრების უფლების გაუქმებას და ო. ა-ის კომლის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ამასთან, ო. ა-ი ითხოვდა არა მხოლოდ უძრავი ნივთის ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, არამედ მთლიან საცხოვრებელ სახლზე. ო. ა-ს ასევე არ წარმოუდგენია სადავო მიწის ნაკვეთზეც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი.
მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მოსარჩელეს სარეგისტრაციო სამსახურში არ წარუდგენია კომლის გაყოფის აქტი, შესაბამისად აქტის კანონიერება უნდა შეფასდეს იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით რაც არსებობდა და ცნობილი იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, გაყოფის აქტს იურიდიული ძალა ექნებოდა ამ აქტით დამდგარი შედეგის სათანადო წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ასევე შეუსაბამოა ო. ა...ის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი 2011 წლის 14 თებერვლის საარქივო ცნობა და კომლის გაყოფის აქტი კერძოდ, პირველში მითითებულია საცხოვრებელი ფართი - 21 კვ.მ., ხოლო მეორეში - 15 კვ.მ.
მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, საყურადღებოა ასევე სარჩელის ხანდაზმულობის საკითხიც (იხ. ს.ფ 134-135; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394-ე ,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამარლოს მიერ საქმე განხილული და გადაწყვეტილია საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება სავალდებულო საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მოქმედი საპროცესო სამართლის _ სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოტივს სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონსაწინააღმდეგობის თაობაზე, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სამართლებრივი შეფასება არ მისცა მათ.
საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქმეზე №ბს-1342-1284(კ-09) ბ. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების: ნ. გ-ის, გ. ქ-ისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მონაწილეობით, განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებს და განმარტებებს, კერძოდ, ,,სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ და გადაწყვეტილ იქნა საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, სასამართლო აქტი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოსაზრებები, ისე არის მიჩნეული დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც აგებულია მხარეთა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს აკუთვნებს მხარის უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, ამასთან, სწორედ მხარის ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია თანაზომიერია მხარისავე საპროცესო ვალდებულებასთან _ დაასაბუთოს საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) და ვ) ქვეპუნქტებში მითითებულია თუ რა უნდა იყოს ასახული სააპელაციო საჩივრის შინაარსში. მხარის ამგვარი პროცესუალური ვალდებულება შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას, ზემდგომმა სასამართლომ შეაფასოს მისი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაიზიაროს ან უარყოს, გააქარწყლოს ისინი იურიდიულად არგუმენტირებული სახით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენება ზემომითითებული საპროცესო ნორმების ობიექტური შინაარსის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, სააპელაციო სამართალწარმოებას გახდის ზედაპირულს და განაპირობებს მის უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებთან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო ნორმა შეუძლებელია გამოყენებულ იქნას მხარის პროცესუალური უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს, რათა არ მოხდეს მხარის საპროცესო უფლების იგნორირება, უკიდურეს შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული საპროცესო ზედამხედველობა განუხორციელებელი დარჩება“.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკაშირებული ურთიერთობები, ორგანიზაციულ და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი და პირობები, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები და განისაზღვრება საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო სასამართლო ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის საფუძველზე განმარტავს, რომ კომლი არის სოფლად მცხოვრები ოჯახი, რომელიც ეწევა საკომლო მეურნეობას. მითითებული ნორმების თანახმად, საკომლო მეურნეობად მიჩნევისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობაზე საკუთრების უფლება, რაც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველს. ამასთან, საკომლო მეურნეობა ითვალისწინებს რეგისტრაციას საადგილმამულო წიგნში. მითითებული ნორმის იმპერატიული მოთხოვნის თანხმად, საკომლო მეურნეობის ოჯახის წევრთა საერთო საკუთრებად მიჩნევისათვის თითოეული მათგანი საადგილმამულო წიგნში უნდა იყოს საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ რეგისტრირებული.
საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებების საფუძველზე კომლმა შეწყვიტა არსებობა და კომლის ქონება თანაბარ წილში ამ პირთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს, რომლებიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის მე-14 მუხლის 31-ე პუნქტის შესაბამისად, ნივთზე კომლის საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. თუ კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია ან გასულია კომლიდან, კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო. ა-ის მამა - ჰ. ა-ი, იყო საკოლმეურნეო კომლის, ოჯახის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა თავად მოსარჩელე, მოსარჩელის დედა - ს. ა-ა; და - სა. ა-ა, ძმა - ა. ა-ი და მეორე და - ნ. ა-ა.
1984 წელს მოსარჩელე გამოეყო მამის კომლს და ცალკე კომლად დადგა აღრიცხვაზე. ბოლნისის რაიონული სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს თანამშრომელთა და მისი კომლის წევრების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შედგა გაყოფის აქტი, რაც დამტკიცდა ბოლნისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის 1985 წლის 22 თებერვლის №2 ოქმით, რომლის საფუძველზეც მამის კომლიდან გამოეყო საცხოვრებელი სახლის ნაწილი, კერძოდ, სახლის მე-2 სართულზე, 21 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახი დასავლეთის მხარეს და მიწის ნაკვეთი, რაც აისახა საკომლო წიგნში ო. ა-ის კომლის სახელზე (იხ. ს.ფ. 28; ტ.1).
მამის კომლიდან ასევე ცალკე კომლად გამოეყო ო. ა-ის ძმა ა. ა-ი ოჯახთან ერთად და დარეგისტრირდა საკომლო წიგნში.
1995 წლის 28 სექტემბრის №66 მიწის მიღება-ჩაბარების აქტით ჰ. ა-ს (მოსაჩელის მამას) სარგებლობაში გამოეყო ბოლნისის რ/ნ, სოფ. ... 0,28 ჰ მიწის ნაკვეთი (იხ. ს.ფ. 17; ტ.1).
№66 მიწის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი 2000 წლის 2 თებერვალს, დარეგისტრირდა ჰ. ა-ის ოჯახის (კომლის) საკუთრებად და მიენიჭა სარეგისტრაციო კოდი №... (იხ. ს.ფ.9; ტ.2).
1996 წლის 27 მაისის მიწის მიღება-ჩაბარების აქტით №171 ა. ა-ს გადაეცა მიწის ნაკვეთი 0.21 ჰა ბოლნისის რ/ნ, სოფ. ... (იხ. ს.ფ. 18; ტ1).
მითითებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი 2000 წლის 6 ივნისის დარეგისტრირდა ა. ა-ის ოჯახის საკუთრებად (იხ. ს.ფ. 127; ტ.2)
ჰ. ა-ი გარდაიცვალა 1999 წლის 5 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 23; ტ.1).
ა. ა-ი გარდაიცვალა 2007 წლის 21 ივნისს (იხ. ს.ფ. 22; ტ.1)
ნ. ა-ა გარდაიცვალა 2009 წლის 1 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 23; ტ.1).
2010 წლის 9 ივნისს რ. ა-ამ განცხადებით მიმართა ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 2000 წლის 2 ნოემბრის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში, რომლითაც დარეგისტრირებული იყო ჰ. ა-ის საკუთრების უფლება, ბოლნისის რ/ნ, სოფ. ..., მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი №... ცვლილებების შეტანა, განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მომსახურების საფასურის ქვითარი, ჰ. და ა. ა-ების გარდაცვალების მოწმობების დამოწმებული ასლები, ლ. ა-ას განცხადება ნოტარიულად დამოწმებული მასზედ, რომ იგი თანახმაა ჰ. ა-ის ქონება მიიღოს რ. ა-ამ, ასევე ცნობა ჰ. ა-ის კომლის შემადგენლობის შესახებ, გაცემული ბოლნისის არქივის მიერ, სადაც კომლის წევრებად აღრიცხულნი იყვნენ ჰ. ა-ი (გარდაცვლილი), ა. ა-ი (გარდაცვლილი), რ. ა-ა და ლ. ა-ა (იხ. ს.ფ. 106-112; ტ2).
აღნიშნული განცხადების საფუძველზე ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რ. ა-ას საკუთრებად დარეგისტრირდა საკუთრების უფლება ჰ. ა-ის ქონებაზე და მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი #... (იხ. ს.ფ. 122; ტ.2).
საქმის მასლებით ასევე დადგენილია, რომ ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი 2010 წლის 6 ივლისის განცხადებით რ. ა-ამ ასევე მოითხოვა მამის ა. ა-ას საკუთრების რეგისტრაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მომსახურების საფასურის ქვითარი, ცნობა ოჯახის შემადგენლობაზე, რომლის შესაბამისად, ა. ა-ის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი შედგებოდა: შვილი - რ. ა-ა, შვილი - ლ. ა-ა, ა. ა-ის გარდაცვალების მოწმობა, ლ. ა-ას განცხადება ნოტარიულად დამოწმებული მასზედ, რომ იგი თანახმაა მამის - ა. ა-ის ქონება მიიღოს რ. ა-ამ, ამონაწერი საკომლო წიგნიდან (იხ. ს.ფ. 131-137;; ტ2).
2011 წლის 22 ივლისს ო. ა-მა განცხადებით მიმართა ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა, როგორც კომლისგან გამოყოფილ წევრზე საუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზეც ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ივლისის #882011354139.03 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 51; ტ.2).
კონკრეტულ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სარჩელის საგანს წარმოადგენს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 ივლისის №882010687305-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც დაკმაყოფილდა რ. ა-ას განცხადება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, კერძოდ, ცვლილება შევიდა 2000 წლის 2 ნოემბრის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში, რომლითაც დარეგისტრირებული იყო ჰ. ა-ის საკუთრების უფლება, ბოლნისის რ/ნ, სოფ. ..., მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი№..., აღნიშნულ მიწის ნაკვეთს შეეცვლა საკადასტრო კოდი და მიენიჭა №..., მესაკუთრედ დარეგისტრირდა რ. ა-ა. ასევე ო. ა-ისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ურის თქმის შესახებ ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული რეგისტრაციით რ. ა-ას საკუთრებაში დარეგისტრირდა არა მარტო რ. ა-ას საკუთრებაში არსებული ქონება, არამედ მის საკუთრებაში არსებული ქონებაც.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ისე მიიღეს საქმეზე გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევიათ საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, რ. ა-ას სახელზე მოხდა როგორც მამის ასევე ბაბუის საკუთრების უფლებისის სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების შეტანა და მან დაირეგისტრირა, როგორც ერთის ისე მეორის ქონება, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია არ გაუქარწყლებია აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივრის მოტივები და არ გამოუკვლევია, არსებული საარქივო ცნობები, რომელთა შესაბამისად, რ. ა-ა წარმოადგენდა, როგორც ბაბუის ჰ. ა-ის კომლის წევრს (იხ. ს.ფ. 20; ტ.1), ასევე მამის ა. ა-ის კომლის წევრს (იხ. ს.ფ. 133; 134. ტ.2). საქმეში ასევე არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თემის ტერიტორიული ორგანოს 2011 წლის 28 იანვრის №142 წერილი, რომლის შესაბამისად, ... თემის საკომლო წიგნში №31, ფურცელი №33-ის შესაბამისად, ს. ტ-ას (რ. ა-ას დედა) ოჯახი შედგება: ს. ტ-ას - 1959 წელი; ქალიშვილი: რ. ა-ა - 1992 წელი და ქალიშვილი: ლ. ა-ა - 1994 წელი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, საქმეში არსებულ ბოლნისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის 1985 წლის 22 თბერვლის №2 ოქმით დამტკიცებული გაყოფის აქტზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელეს მამის - ჰ. ა-ის კომლიდან გამოეყო საცხოვრებელი სახლის ნაწილი, კერძოდ, სახლის მე-2 სართულზე, 21 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახი დასავლეთის მხარეს და მიწის ნაკვეთი, რაც აისახა საკომლო წიგნში (იხ.ს .ფ. 28; ტ.1), ვინაიდან, აღნიშნული აქტის შეფასებისას იგი აპელირებს მხოლოდ იმაზე, რომ მისთვის რაიმე უფლების წარმოშობის საფუძვლის მინიჭება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი რეგისტრაციაში იქნებოდა გატარებული შესაბამისი წესით და არ გამოუკვლევია ის გარემოება ო. ა-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო თუ არა ზემოაღნიშნული გაყოფის აქტი და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ბოლნისის არქივის 2011 წლის 14 თებერვლის ცნობა, რომლის შესაბამისადაც, კომლის პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი 1986-1987 წლებში შეადგენდა 15 კვ.მ (იხ. ს.ფ. 52; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ იმსჯელია გაყოფის აქტის არ დარეგისტრირების პირობებში რა სამართლებრივი უფლებები გააჩნია ან არ გააჩნია ო. ა-ს, მათ შორის სარჩელის დასაშვებობის კონტექსტში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის მე-14 მუხლის 32-ე პუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ეს მიწა მიიღეს მემკვიდრეობით, ასევე, თუ უცხოელი ამ მიწას მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე. მართლზომიერად პირის მიერ ფლობის ფაქტი ნიშნავს იმას, რომ იგი ამ ქონებას ფლობს მართლზომიერად, რაიმე სახის იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის საფუძველზე.
საკუთრების უფლების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის გადაცემას არეგულირებს ასევე საქართველოს კანონი ,,სასოფლო-სამეურენო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვს როგორც საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ასევე (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება N3/1/512. 26.06.2012) უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ამასთანავე, (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება N3/1/512. 26.06.2012) რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს. (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება N3/1/512. 26.06.2012) (19.06.2007 N4958)
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია საქმში არ მოიპოვება მოსარჩელის სადავო ქონებაზე სამემკვიდრეო მოწმობა, მაგრამ სააპელაციო სასამართლო საქმის ხელახალი განხილვისას ასევე უნდა გამოარკვიოს შესაძლებელია თუ არა ბოლნისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის 1985 წლის 22 თებერვლის №2 ოქმით დამტკიცებული გაყოფის აქტის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევა. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს ო. ა-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო თუ არა ბოლნისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის 1985 წლის 22 თებერვლის №2 ოქმით დამტკიცებული გაყოფის აქტი და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ბოლნისის არქივის 2011 წლის 14 თებერვლის ცნობა, რომლის შესაბამისადაც, კომლის პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი 1986-1987 წლებში შეადგენდა 15 კვ.მ (იხ. ს.ფ. 52; ტ.2). სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას შეფასება უნდა მისცეს ასევე ზემოაღნიშნულ დოკუმენტს და მათში მითითებული საცხოვრებელი ოთახის ფართობის მონაცემებს შორის სხვაობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, თუ რა კანონიერი ინტერესი გააჩნდა მოსარჩელეს - ო. ა-ს სადავო აქტების ბათილად ცნობის მიზნით და მათი ბათილად ცნობით რა შედეგი დადგებოდა მოსარჩელისათვის. მით უფრო იმ პირობებში, როცა სადავო რეგისტრაციით ცვლილება შევიდა ჰ. ა-ის საჯარო რეესტრის ჩანაწერში და სადავო რეგისტრაციით გაუქმებით აღდგება პირველადი რეგისტრაცია ანუ მოსარჩელის მამის ჰ. ა-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერი, რაც მოსარჩელეს სადავოდ, მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციამდე სადავო არ გაუხდია, გაყოფის აქტის შედეგებიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების მატერიალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალება/ შედგება ორი ელემენტისაგან - სარჩელის საგნისა და საფუძვლისაგან. სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ანუ სარჩელის საგანია მოსარჩელის უფლება, რომლის შესახებაც ის მოითხოვს გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი და არა მოთხოვნის მატერიალური ობიექტი. სარჩელის საფუძველი, თავის მხრივ, შედგება სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლისაგან, ამასთან, სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული ორგანოს - ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, კერძოდ, სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ მოხდა რ. ა-ას საკუთრებად ჰ. ა-ის საკუთრებაში არსებული ქონების დარეგისტრირება. ამასთან, მოსარჩელე ასევე ითხოვდა ადმინისტრაციული კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე ქმედების განხორციელებას, სადავო ქონების მის სახელზე აღრიცხვას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის კრიტერიუმები. სარჩელის დასაშვებობისათვის ერთ-ერთი და აუცილებელი კრიტერიუმია, რომ მოსარჩელის სარჩელით წამოყენებული მოთხოვნის მიმართ გააჩნდეს მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი. სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ ,,თავისი“ უფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. შესაძლებელია, თავად, პირს ჰგონია, რომ ასეთი ინტერესი აქვს და მიმართავს სასამართლოს, მაგრამ პირის ასეთი სუბიექტური განწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ობიექტურად იგი მართლაც დაინტერესებულია პროცესის წარმოების თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული საკითხის გამორკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ პროცესში, რომლის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ აუცილებელ საკითხებთან ერთად წინასწარ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გაირკვეს, სარჩელის აღძვრას აქვს თუ არა კანონიერი ინტერესი ანუ სარჩელის ბათილად ცნობის მოთხოვნით ფაქტობრივი მიზეზების არარსებობის გამო მის ბათილად ცნობას აქვს თუ არა მნიშვნელობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.6 მუხლის დანაწესისა, რომლის თანახმად საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძვლის გამოვლენისას საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად იმსჯელოს ამ ნაწილში სარჩელის დასაშვებობის საფუძვლებზე, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 1984 წელს მოსარჩელე გამოეყო მამის კომლს და ცალკე კომლად დადგა აღრიცხვაზე და მას ბოლნისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის 1985 წლის 22 თებერვლის №2 ოქმით, მამის კომლიდან გამოეყო საცხოვრებელი სახლის ნაწილი, კერძოდ, სახლის მე-2 სართულზე, 21 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახი დასავლეთის მხარეს და მიწის ნაკვეთი, რაც აისახა საკომლო წიგნში ო. ა-ის კომლის სახელზე (იხ. ს.ფ. 28; ტ.1), ე.ი. იგი აღარ წარმოადგენდა მამის კომლის წევრს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი ფუნქციიდან გამომდინარე სსსკ-ის 404.3. მუხლის მიხედვით გააჩნია უფლებამოსილება სარჩელის დასაშვებობის თაობაზე უწყებრივი კომპეტენციის განსაზღვრის თვალსაზრისით, რაც სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხის შემოწმებისას სასამართლო სამართლებრივი შემოწმების ფარგლებს არ გასცდება. ადმინისტრაციული სარჩელის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმების შემოწმებისას საკასაციო სასამართლო ვერ გასცდება ამ ინსტიტუტის სამართლებრივ დანიშნულებას და ინსტიტუციონალური კომპეტენციის ფარგლებს ანუ მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით სარჩელის დაუშვებლობის წინაპირობების გამოვლენის შემთხვევაშია შესაძლებელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.6 მუხლის გამოყენება.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმებთან შესაბამისობა საჭიროებს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რაც მხოლოდ ქვემდგომი სასამართლოების პროცესუალურ უფლებამოსილებას განეკუთვნება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს მოსარჩელის სარჩელის დასაშვებობის თაობაზე სწორედ ზემომითითებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის პირობების გათვალისწინებით, მათ შორის უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მიერ დაცულია თუ არა კანონმდებლობით დადგენილი ინდივიდულაურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა (სარჩელის პროცესუალური ხანდაზმულობა) ვინაიდან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სადავო სარეგისტრაციო ჩანაწერის თაობაზე ო. ა-ისთვის ცნობილი იყო 2010 წელშიც, როდესაც მან განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ პროკურატურას (იხ. ს.ფ. 91; ტ.2), თუმცა აღნიშნულზე სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ მოუხდენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/