#ბს-509-491(კს-13) 10 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. ტ-ა და ლ. ჯ-ი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინება (დაშვებულია ტექნიკური შეცდომა მითითებული უნდა იყოს 2013 წელი)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 1 აპრილს მ. ტ-ამ და ლ. ჯ-მა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 7 მარტის №38377 და ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 11 იანვრის №882013001626-04, №882013001634-03, №882013001663-03, №882013001707-03 და №882013001704-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება წარდგენილი განცხადებების საფუძველზე განახორციელოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 1-16).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ტ-ასა და ლ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 112-130).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 141-152).
ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინებით (დაშვებულია ტექნიკური შეცდომა მითიტებული უნდა იყოს 2013 წელი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დაღვევის გამო (იხ. ს.ფ. 159-161).
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა არა 2013 წლის 31 ივლისს, არამედ სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტას ჩაბარდა 2013 წლის 29 ივლისს. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა დაურთო 2013 წლის 29 ივლისს მომზადებული რეესტრი №11 საქართველოს ფოსტის ბეჭდით დამოწმებული (იხ. ს.ფ. 165-168).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინება (დაშვებულია ტექნიკური შეცდომა მითითებული უნდა იყოს 2013 წელი) და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს ჩაბაჰრდათ 2013 წლის 15 ივლისს (იხ. ს.ფ. 138; 140). მხარისათვის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 16 ივლისიდან და ამოიწურა 2013 წლის 29 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილი იქნა 2013 წლის 31 ივლისს, რითაც მხარემ გაუშვა სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა (იხ. ს.ფ. 141-156).
აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა საქართველოს ფოსტას 2013 წლის 29 ივლისს ჩააბარა სააპელაციო საჩივარი, რის დასადასტურებლად დაურთო რეესტრი №11 (იხ. ს.ფ. 172-177).
საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი რეესტრის შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა შემოწმდეს, რადგან წარმოდგენილი რეესტრით ცალსახად არ დასტურდება, რომ საქართველოს ფოსტას 2013 წლის 29 ივლისს ჩაბარდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის მ. დ-ძის მიერ 2013 წლის 29 ივლისს მომზადებული სააპელაციო საჩივარი.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და საფოსტო განყოფილებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ ნამდვილად 2013 წლის 29 ივლისს მოხდა საქართველოს ფოსტაში აღნიშნული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, როგორც თავად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების გზით, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინება (დაშვებულია ტექნიკური შეცდომა მითითებული უნდა იყოს 2013 წელი) და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინება (დაშვებულია ტექნიკური შეცდომა მითითებული უნდა იყოს 2013 წელი) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე