Facebook Twitter
№ბს-417-406(კ-13) 25 თებერვალი, 2014 წელი ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური; წარმომადგენელი - ა. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,...“ დირექტორი - მ. გ-ი; წარმომადგენელი - ტ. კ-ე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელე: შპს ,,...“ დირექტორი - მ. გ-ი

მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

სარჩელის საგანი:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 იანვრის საგადასახადო სამართალდარღვევის №0030092 და №030093 ოქმების ბათილად ცნობა;

2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის №5013 ბრძანების ბათილად ცნობა.

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი: მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისში, ... ქ. №...-ის, №1-ლი კორპუსის ბინა №23-ში რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს შპს ,,...“, რომელიც სავაჭრო ობიექტზე აღრიცხვას ახორციელებდა ორი საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით კანონის მოთხოვნათა სრული შესაბამისობითა და დაცვით.

2011 წლის ბოლოს ობიექტზე მივიდნენ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები და მოითხოვეს, რომ მოქმედი საკონტროლო-სალარო აპარატები შეეცვალათ ახალი ტიპის, თანამედროვე აპარატებით, საწარმომ დადგენილ ვადაში დაარეგისტრირა ახალი ტიპის ორი საკონტროლო-სალარო აპარატი. მოსარჩელის მტკიცებით, მან ვერ გაარკვია შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისგან რა უნდა ექნა ძველი სალარო აპარატებისათვის, მათ მხოლოდ აუხსნეს, რომ ვინაიდან მათ ვერაფერში ვერ გამოიყენებდა, შეეძლო გადაეგდო კიდეც, მიუხედავად ამისა ორივე საკონტროლო-სალარო აპარატი შეინახა ობიექტის საწყობში.

მოსარჩელის მითითებით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2012 წლის 12 მაისს ღამით ქ. თბილისში, ძლიერი წვიმების დროს დაიტბორა ქალაქის დიდი ნაწილი, მათ შორის, ... ქუჩაზე მდებარე შპს ,,...“ სავაჭრო ობიექტიც, რა დროსაც კომპანიას მიადგა საკმაოდ დიდი ზიანი. დაუძლეველი ძალის ლიკვიდაციის ღონისძიებებში ჩაერთო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური და სხვა. სავაჭრო ობიექტში თითქმის ყველაფერი განადგურდა. ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებებში, რომელიც რამოდენიმე დღე გაგრძელდა, ბუნებრივია, ბევრი უცხო ადამიანიც მონაწილეობდა.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დაკარგა ორივე ძველი ტიპის (ELVES MIKRO-F საქარხნო №... და ELVES MIKRO-F №...) საკონტროლო-სალარო აპარატები, აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობა, როგორც პოლიციას, ასევე შემოსავლების სამსახურს.

მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვა გამოწვეული არ იყო მისი ბრალით, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 იანვრის სამართალდარღვევის №0030092 და №030093 ოქმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281.7 ნაწილის საფუძველზე, სალარო-აპარატების დაკარგვისათვის დააჯარიმეს 3000-3000 ლარით.

აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 11 თებერვლის №5013 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სამართლებრივი: მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული სამართლებრივი აქტები არაკანონიერია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის: ა)სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა). ამასთან, საგადასახადო კოდექსში 2012 წლის 28 დეკემბერს №189 კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად და 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით ,,281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება“, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნორმა ამოქმედდა 2013 წლის 1 იანვრიდან შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა 2013 წლის 11 იანვარს შეადგინეს ორი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (№0030092 და №030093) და ორივე შემთხვევაში საგადასახადო სანქციის სახით გამოიყენეს ფულადი ჯარიმა, ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონდარღვევით, კერძოდ, ოქმები შედგენილია არა სამართალდარღვევის ადგილას, არამედ შემოსავლების სამსახურში.

მოსარჩელის მტკიცებით, ასევე უკანონოა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის №5013 ბრძანება, ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა თავისი გადაწყვეტილება, როგორც საგადასახადო სანქციის შეფარდებისას ასევე, საჩივრის მოთხოვნის არ დაკმაყოფილების თაობაზე დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც არ ყოფილა სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი. აქეტები გამოცემულია დასაბუთების გარეშე, მოქმედი კანონმდებლობის უხეში უგულებელყოფით (იხ.ს.ფ. 1-12; ტ.1).

მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის შესაგებელი:
შემოსავლების სამსახურმა საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,...“ ჩაიდინა საგადასახადო სამართალდარღვევა, კერძოდ, გადამხდელმა - შპს ,,...“ ვერ უზრუნველყო რეგისტრირებული სალარო აპარატების შენახვა. ასევე საქმეში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის ბრალეულობის გამომრიცხავი საკმარისი მტკიცებულებები, მათ შორის, საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვის (მოპარვის) ფაქტზე არ ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიმართ 2013 წლის 22 იანვრის საგადასახადო სამართალდარღვევის №030092 და №030093 ოქმებით, სსკ-ის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი (იხ. ს.ფ. 38-45; ტ.1).

საქმის გარემოებები:

2012 წლის 12 მაისს ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა ქ. თბილისში, ... ქ. №5-ის №1 კორპუსში მდებარე, შპს ,,...“ კუთვნილი კომერციული ფართი. ამოტუმბვითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა საწარმოს კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატები (ELVES MIKRO-F საქარხნო №... და ELVES MIKRO-F საქარხნო №...). მიუხედავად იმისა, რომ სალარო აპარატების დაკარგვა შპს ,,...“ დირექტორის განმარტებით, არ მომხდარა მისი ბრალით, საგადასახადო ორგანომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 იანვრის საგადასახადო სამართალდარღვევის №0030092 და №030093 ოქმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281.7 მუხლის საფუძველზე დააჯარიმა 3000-3000 ლარით.

შპს ,,...“ დირექტორმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, რომლის 2013 წლის 19 თებერვლის №5013 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ საქმის მასალებით დადგენილი არ იყო ის გარემოება, რომ საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა გამოწვეული იყო სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, შესაბამისად, სამართალდარღვევის ოქმი შეესაბამებოდა საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობდა მეწარმის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 იანვრის საგადასახადო სამართალდარღვევის №030092 და №030093 ოქმები და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 თებერვლის №5013 ბრძანება (იხ.ს .ფ. 65-72; ტ.1).

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები:

2013 წლის 3 იანვარს შპს ,,...“ დირექტორმა მ. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს და აცნობა, რომ 2012 წლის გაზაფხულზე ძლიერი წვიმის დროს დაიტბორა მისი კუთვნილი კომერციული ფართი. წყლის ამოტუმბვის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა შპს ,,...“ კუთვნილი ორი საკონტროლო-სალარო აპარატი.

2013 წლის 11 იანვრის სსიპ შემოსავლების სამსახურის ინსპექტორების მიერ შპს ,,...“ მიმართ საკონტროლო-სალარო აპარატების (ELVES MIKRO-F საქარხნო №... და ELVES MIKRO-F საქარხნო №...) დაკარგვის ფაქტზე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №030092 და №030093, რომელთა შესაბამისად საწარმო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 3 000-3 000 ლარით.

2013 წლის 14 იანვარს შპს ,,...“ დირექტორმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ამავე სამსახურის 2013 წლის 11 იანვრის სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანებით შპს ,,...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა გასაჩივრებული აქტების კანონიერების საკითხი, კერძოდ, ის გარემოება, რომ საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვა გამოწვეული არ იყო მოსარჩელის ბრალით, არამედ სალარო აპარატების დაკარგვა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ 2012 წლის 12 მაისს ძლიერი წვიმების დროს დაიტბორა ქ. თბილისში, ... ქ. №...-ის №1-ლი კორპუსის კომერციული ფართი, რა დროსაც მოხდა ფართების დანაგვიანება და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა შპს ,,...“ კუთვნილი 2 ცალი საკონტროლო-სალარო აპარატი.

სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლო სარჩელის განხილვის, საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული გარემოებების შეფასება:

საქალაქო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ საკონტროლო-სალარო აპარატების (ELVES MIKRO-F საქარხნო №... და ELVES MIKRO-F საქარხნო №...) დაკარგვაში არ იკვეთება მოსარჩელის არათუ განზრახვა, არამედ გაუფრთხილებლობაც კი და არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე, ვინაიდან, ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 11 იანვრის წერილით №11/1502-7 დასტურდებოდა, რომ 2012 წლის 14 მაისს ქ. თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, ქ. თბილისში, ... ქ. №...-ის №1-ლი კორპუსის დატბორვის შესახებ, რაც დასტურდება ასევე ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს 2013 წლის 20 თებერვლის №01/01/119 წერილითაც. ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2013 წლის 20 თებერვალს გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ 2012 წლის 12 მაისს ძლიერი წვიმების დროს დაიტბორა ქ. თბილისში, ... ქ. №...-ის კორპ. №1-ში მდებარე კომერციული ფართი, რა დროსაც მოხდა ფართების დანაგვიანება და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა შპს ,,...“ კუთვნილი 2 ცალი საკონტრლო-სალარო აპარატი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილი არ გულისხმობს პირისათვის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრებას. საგადასახადო კოდექსის 269-ე და სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 და მე-11 მუხლების დებულებებით ცალსახად არის დადგენილი ადმინისტრაციული (მათ შორის, საგადასახადო) სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესების საფუძვლები, რომლის მიხედვითაც, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებისათვის. ამდენად, დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაკისრება მაშინ, როდესაც პირს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არ დაურღვევია კანონმდებლობით განმტკიცებული მართლწესრიგი, მასზე დაკისრებული მოვალეობები, არ შეულახავს სხვისი უფლებები და განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით არ გამოუწვევია მართლსაწინააღმდეგო შედეგი. საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილში მითითებული დათქმა სხვა პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაზე არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს თუ სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედება არ არის დადგენილი, ნებისმიერ შემთხვევაში სალარო აპარატის დაკარგვისათვის პასუხი უნდა აგოს გადასახადის გადამხდელმა.
,,საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესების და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 9 მარტის №186 ბრძანებით განსაზღვრული დებულებით (ძალადაკარგულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით, რომელიც მოქმედებდა შპს ,,...“ მიერ სალარო აპარატის დაკარგვის მომენტი), არ არის დადგენილი საკონტროლო-სალარო აპარატების შენახვის რაიმე სპეციალური წესი, რაც სავალდებულოდ უნდა დაიცვას მეწარმემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადასახადის გადამხდელს არ მოეთხოვება რაიმე განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება, სალარო აპარატის დაკარგვის თავიდან აცილების გამო, არამედ იგი ვალდებულია, მეწარმისათვის დამახასიათებელი გულისხმიერებით გაუფრთხილდეს საკონტროლო-სალარო აპარატს და შეინახოს იგი ისეთ პირობებში, რომელიც გამორიცხავს სხვა პირთა უნებართვოდ დაშვებას მასთან, დაუფლებას ან სხვა გზით აპარატის გასვლას გადასახადის გადამხდელის მფლობელობიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, გამოიწვია თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა პირის, სულ მცირე, გაუფრთხილებელმა ქმედებამ, რაც შეიძლება გამოიხატოს აპარატის არასათანადო შენახვაში, უყურადღებოდ დატოვებაში და ა.შ., რასაც სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, გარდა ზემოაღნიშნულისა, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის შესაბამისად, პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა); ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება; გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა. კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებით დადგენილია, საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის - ძლიერი წვიმის შედეგად შპს ,,...“ კუთვნილი კომერციული ფართის დატბორვის ლიკვიდაციის სამუშაოების ჩატარების დროს ნივთების დაკარგვის გამო.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1, 281.7 მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებით, ,,საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესების და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 9 მარტის №186 ბრძანებით (იხ. ს.ფ. 60-67).

აპელანტი: სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,...“

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: აპელანტის მითითებით, საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ძლიერი წვიმის დროს მისი სათავსო დაიტბორა 2012 წლის 14 მაისს, აღნიშნული დასტურდება ქ. თბილისის მერიის მიერ გაცემული ცნობითაც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2013 წლის 20 თებერვლის ცნობაში მითითებულია, რომ სათავსო დაიტბორა 2012 წლის 12 მაისს რა ინფორმაციასაც ეყრდნობა სასამართლო და სარჩელშიც მითითებულია, რომ სათავსო დაიტბორა 2012 წლის 12 მაისს და სასამართლომ სწორედ ეს ინფორმაცია ჩათვალა მტკიცებულებად და არა საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს 2013 წლის 20 თებერვლის №01/01/113 წერილი, ამდენად აღნიშნული წერილებიც ურთიერთგამომრიცხავია და ისინი არ უნდა ჩაითვალოს მტკიცებულებად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ამასთან, მოსარჩელე თავის საჩივარში განმარტავს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვის შესახებ მან 2012 წლის მაისში გაიგო, ხოლო შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციით მიმართა 2013 წლის 3 იანვარს. ფაქტსა და ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებას შორის დროის ინტერვალი თითქმის 7 თვეა.

აპელანტის მტკიცებით, კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურებული არ არის სხვა პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჰქონდა თუ არა ადგილი, რაც საგადასახადო კოდექსის 281.7 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებაა.

სამართლებრივი: აპელანტის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 9 მარტის №186 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესების და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების შესახებ’’ დებულებაზე და მისი განმარტება იმგვარად, რომ გადასახადის გადამხდელისათვის არ არის დადგენილი რაიმე სპეციალური წესი, რომელიც მას დაავალდებულებდა გაეტარებინა სპეციალური ღონისძიებები, რათა თავიდან აერიდებინა სალარო აპარატის დაკარგვა ან სხვაგვარი სახის დაზიანება, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია პასუხისმგებლობა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისათვის და მითითებულია პასუხისმგებლობის ზომა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვის ან სხვაგვარი დაზიანების თავიდან აცილება. აპელანტის მტკიცებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. აპელატის განმარტებით, სასამართლო აფასებს მხოლოდ პირის ვალდებულებას ქმედებასთან დაკავშირებით, მას არ აქვს შეფასებული გადასახადის გადამხდელის უმოქმედობა, შეესრულებინა მისთვის დაკისრებული მოვალეობა დაეცვა საკონტროლო-სალარო აპარატები დაკარგვისაგან ან სხვა სახის დაზიანებისაგან. ამასთან, სასამართლო უთითებს, აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილზეც, რომლის თანახმად, პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა); ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება; გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა. სასამართლოს მოსაზრებით, დაუძლეველ ძალად მიჩნეულია ძლიერი წვიმის შედეგად შპს ,,...“ კუთვნილი კომერციული ფართის დატბორვის ლიკვიდაციის სამუშაოების ჩატარება. აპელანტის მითითებით, იგი ეთანხმება სასამართლოს ამგვარ შეფასებას, მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში, სადაც სასამართლო წვიმას დაუძლეველ ძალად მიიჩნევს, მაგრამ გაუგებარია, რატომ შეიძლება მომდევნო დღეების განმავლობაში ჩატარებული სალიკვიდაციო სამუშაოები შეფასდეს დაუძლეველ ძალად. აპელანტის მტკიცებით, ამგვარი შეფასება ეწინააღმდეგება ამ მუხლით დადგენილ დანაწესს, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა ჰქონდა აეცილებინა დამდგარი შედეგი თავიდან გულისხმიერების გამოჩენით, ამავდროულად ის არ იყო მოკლებული ამ ქმედების განხორციელების შესაძლებლობას (იხ ს.ფ. 78-89; ტ.1).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია იმ გარემოების შეფასება მოსარჩელის მიერ ჩადენილია თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა, რაც გამორიცხავს მის მიმართ მითითებული ნორმით განსაზღვრული სანქციის გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, გამოიწვია თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა პირის, სულ მცირე, გაუფრთხილებელმა ქმედებამ, რაც შეიძლება გამოიხატოს აპარატის არასათანადო შენახვაში, უყურადღებოდ დატოვებაში. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის საგადასახადო კოდექსის 281. 7 მუხლის იმგვარ განმარტებას, რომ იგი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად ადგენს მხოლოდ შემთხვევას, როცა საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 და მე-11 მუხლების დებულებებით ცალსახად არის დადგენილი ადმინისტრაციული (მათ შორის, საგადასახადო) სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესების საფუძვლები, რომლის მიხედვითაც, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებისათვის. ამდენად, დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაკისრება მაშინ, როდესაც პირს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არ დაურღვევია კანონმდებლობით განმტკიცებული მართლწესრიგი, მასზე დაკისრებული მოვალეობები, არ შეულახავს სხვისი უფლებები და განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით არ გამოუწვევია მართლსაწინააღმდეგო შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281.7 მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, გამოიწვია თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა სხვა პირის განზრახ ან გაუფთხილებელმა ქმედებამ, რაც შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად, აპარატის არასათანადოდ შენახავაში ან უყურადღებოდ დატოვებაში.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ სალარო-აპარატების დაკარგვაში არ იკვეთება მოსარჩელის როგორც განზრახი, ასევე გაუფრთხილებელი ბრალი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს ქმნის.

ზემოაღნიშნულთან მიმართებაში სააპელაციო პალატა მიუთითებს, ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 11 იანვრის №11/1502-7 და ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს 2013 წლის 20 თებერვლის №01/01/119 წერილებზე, რომლებიც ადასტურებენ ქ. თბილისში, ... ქ. №...-ის №1-ლ კორპუსში მდებარე კომერციული ფართის დატბორვის ფაქტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2013 წლის 20 თებერვალს გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ 2012 წლის 12 მაისს ძლიერი წვიმების დროს დაიტბორა ქ. თბილისში, ... ქ. №...-ის №1-ლი კორპუსის კომერციული ფართი, რა დროსაც დანაგვიანდა ფართები და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა შპს ,,...“ კუთვნილი 2 ცალი საკონტროლო-სალარო აპარატი. სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არარსებობის გამომრიცხავი მტკიცებულება ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი.

სააპელაციო პალატის შეფასებით, ასევე მართებულია საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითება, ვინაიდან დადგენილია, რომ საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის - ძლიერი წვიმის შედეგად შპს ,,...“ კუთვნილი კომერციული ფართის დატბორვისა ლიკვიდაციის სამუშაოების ჩატარებისას (იხ. ს.ფ. 38-49; ტ.2).

კასატორი: სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,...“

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასაციის მოტივები/სამართლებრივი/:

პროცესუალური: კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე ,,ე“ და ,,ე1“ ქვეპუნქტები, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომლის შესრულებასაც ავალდებულებს მას საგადასახადო კოდექსი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნტის შესაბამისად, უზრუნველყოს იმ დოკუმენტის შენახვა 6 წლის ვადით, რომლის საფუძველზეც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლის/მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დადასტურება, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად კი, ,, სააღრიცხვო დოკუმენტაცია ეს არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები“. კასატორის განმარტებით, სალარო-აპარატის მოხსნის თარიღიდან გადამხდელის სახელზე მისი რეგისტრაციის წინა 6 წლის მონაცემებზე სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ჩანაწერები შემოსავლების სამსახურისა და გადამხდელებისათვის წარმოადგენს სააღიცხვო დოკუმენტაციას. შესაბამისად, სალარო აპარატის მოხსნის თარიღიდან წინა 6 წლის საგადასახადო პერიოდებზე შემოწმების ჩატარების შემთხვევაში გადამხდელს შესაძლოა წარმოშობოდა ამ აპარატების ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, შესაბამისად, ის ვალდებული იყო მეწარმისათვის სათანადო გულისხმიერებით უზრუნველეყო და არ დაეკარგა საკონტროლო-სალარო აპარატები. სასამართლოს არგუმენტაცია, მასზედ, რომ გადასახადის გადამხდელისათვის ასეთი სპეციალური წესი არ არის დადგენილი, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვის ან სხვაგვარი დაზიანების თავიდან აცილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით“. კასატორის განმარტებით, სასამართლო აფასებს მხოლოდ პირის ვალდებულებას ქმედებასთან დაკავშირებით, მას არ აქვს შეფასებული გადასახადის გადამხდელის უმოქმედობა, შეესრულებინა მისთვის დაკისრებული მოვალეობა უზრუნველეყო საკონტროლო-სალარო აპარატების დაცვა დაკარგვისაგან ან სხვა სახის დაზიანებისაგან. ამის გარდა სასამართლო უთითებს, აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილზეც, რომლის შესაბამისად, პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა); ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება; გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა. სასამართლოს განმარტებით, დაუძლეველ ძალად უნდა შეფასდეს ძლიერი წვიმის შედეგად შპს ,,...“ კუთვნილი კომერციული ფართის დატბორვის ლიკვიდაციის სამუშაოების ჩატარება. კასატორი ეთანხმება სასამართლოს ამგვარ შეფასებას, მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში სადაც იგი წვიმას დაუძლეველ ძალად მიიჩნევს, მაგრამ გაუგებარია რატომ შეიძლება მომდევნო დღეების განმავლობაში ჩატარებული სალიკვიდაციო სამუშაოები შეფასდეს დაუძლეველ ძალად.

კასატორის მითითებით, საქმის განხილვის დროს მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი იყო მტკიცებულება, რომ ძლიერი წვიმის დროს მისი სათავსო დაიტბორა 2012 წლის 14 მაისს, მერიის მიერ გაცემული ცნობაც აღნიშნულს ადასტურებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2013 წლის 20 თებერვლის ცნობაში მითითებულია, რომ სათავსო დაიტბორა 2012 წლის 12 მაისს რა ინფორმაციასაც ეყრდნობა სასამართლო და სარჩელშიც მითითებულია, რომ სათავსო დაიტბორა 2012 წლის 12 მაისს და სასამართლომ სწორედ ეს ინფორმაცია ჩათვალა მტკიცებულებად და არა საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს 2013 წლის 20 თებერვლის №01/01/113 წერილი, ამდენად, აღნიშნული წერილები ურთიერთგამომრიცხავია და ისინი არ უნდა ჩაითვალოს მტკიცებულებად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ამასთან, მოსარჩელე თავის ადმინისტრაციულ საჩივარში განმარტავს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვის ფაქტი მან 2012 წლის მაისში აღმოაჩინა, ხოლო შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციით მიმართა 2013 წლის 3 იანვარს.

კასატორის განმარტებით, გარემოებების დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 26 აპრილს მიმართა ქ. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს, 2013 წლის 2 მაისის წერილით ირკვევა, რომ მეპატრონის მიერ გაუქმდა გამოძახება და მათ ... ქ. №... კორპ.№1-ში არავითარი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების თაობაზე, წერილი წარდგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა, ვინაიდან სასამართლო ძირითადად დაეყრდნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის ცნობას.

კასატორის მითითებით, შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 24 ივნისს №21-04/48921 წერილით მიმართა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებასაც, იმის თაობაზე, თუ როდის აცნობა გადამხდელმა პოლიციის განყოფილებას საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვის შესახებ. 2013 წლის 9 ივლისის პასუხიდან ირკვევა, რომ გადამხდელმა შპს ,,...“ დირექტორმა მ. გ-მა პოლიციას განცხადებით მიმართა 2012 წლის 25 დეკემბერს და აღნიშნულ განცხადებაში მიუთითა, რომ მაისის თვეში წვიმის დროს დაიტბორა სავაჭრო ობიექტი და სამაშველო რაზმის მიერ გათავისუფლების დროს დაიკარგა ორი ცალი სალარო აპარატი და ითხოვა ცნობის გაცემა, საქმეში არსებული პოლიციის ცნობა გაიცა 2013 წლის 20 თებერვალს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2012 წლის 12 მაისს ძლიერი წვიმის დროს დაიტბორა კომერციული ფართი და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა სალარო აპარატები, ხოლო კასატორის მითითებით, ქ. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წერილის თანახმად, მათ საერთოდ არ ჩაუტარებიათ არანაირი სამუშაოები. კასატორის განმარტებით, ვინაიდან წერილი საინფორმაციო ხასიათისაა, იგი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად და სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება.

კასატორის განმარტებით, ასევე არასწორია სასამართლოს მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება, ვინაიდან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებული არიან ბაჟის გადახდისაგან (იხ. ს.ფ. 54-64; ტ.2)

შპს ,,...“ დირექტორმა წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებით არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის არცერთი წინაპირობა.(იხ. ს.ფ. 81).

სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 82-85).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც აბსოლუტური კასაცია (იხ. ს.ფ. 54-57; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2 და 394 ,,ე” მუხლების მოთხოვნები; სასამართლომ დავა გადაწყვიტა ისე, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოუყენებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილება და ოფიციალობის პრინციპის უგულებელყოფით დაადგინა საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის მოტივი განსახილველ საქმეში, რამაც შექმნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, არის საგულისხმო და განსაკუთრებული სამართლებრივი თვალსაზრისით, რამაც მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი, კერძოდ, სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცეს:
1. სასამართლო ორგანოების მიერ პირის საჯარო სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობისას პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების დამადასტურებელი ფაქტების გამოკვლევისა და დადგენის კანონიერებას;
2. საგადასახადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული საკონტროლო-სალარო აპარატის იურიდიულ სტატუსს და მისი გამოყენება-შენახვის ადმინისტრირების კანონიერების საკითხს.

3. საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვის შემთხვევაში - მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემადგენლობის განსაზღვრას, შემთხვევის სამართალდარღვევად მიჩნევას და სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემისას ქმედების განზრახი ან გაუფრთხილებელი ხასიათის გათვალისწინებას.


საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასებები და სასამართლო დასკვნები სასარგებლო იქნება, როგორც საგადასახადო ორგანოების მოხელეებისათვის და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების (საგადასახადო კოდექსის 49.6 მუხლით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საქართველოს საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო კონტროლის ცალკეული სახეები შესაძლებელია, განახორციელოს სხვა პირმა) მმართველობითი საქმიანობისათვის, ასევე საგადასახადო სამართალურთიერთობათა მონაწილეთათვის, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილი - საგადასახადო სამართალი აწესრიგებს გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამდენად, საგადასახადო სამართლის აღნიშნული ინსტიტუტების სწორი გაგება-გამოყენება უშუალოდ განაპირობებს ადამიანთა ყოფას, საზოგადოებრივი წესრიგის ხარისხსა და კულტურას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა სახელმძღვანელო გახდება სახელმწიფოში არსებული ადმინისტრაციული ორგანოებისათვის და მათი პრაქტიკისათვის, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში შესაბამისი სასამართლო განმარტება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ სასამართლოებს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ და გადაწყვეტილ იქნა საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, სასამართლო აქტი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოსაზრებები, ისე არის მიჩნეული დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აბსოლუტური კასაციის შემთხვევაში კონკრეტული საქმე მოიცავს საპროცესო საფუძველს, რომელზედაც შესაძლებელია მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დებულებათა ზოგადი პრინციპების ჩამოყალიბება ან კანონის ხარვეზის აღმოფხვრა.

აგრეთვე, ისეთ შემთხვევაშიც, როცა თავიდან უნდა იქნას აცილებული სასამართლო პრაქტიკაში მკვეთრი, უხეში განსხვავების დანერგვა, თუმცა გადამწყვეტია ისიც, თუ რა მნიშვნელობა აქვს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ერთიანი სასამართლო პრაქტიკისთვის. აღიარებულია, რომ სამართლის ნორმის განმარტებისას ან გამოყენებისას დაშვებული მატერიალური და ფორმალური შეცდომა მაშინ სცილდება ცალკეული შემთხვევების ფარგლებს და სერიოზულად ვნებს საზოგადო ინტერესებს, როდესაც ეს შეცდომა მასშტაბურია და არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მის საფუძველზე შეირყეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3. მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით ხელმძღვანელობით სტანდარტთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე №ბს-52-52(კ-08) მ. ხ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, 2008 წლის 25 მარტის საკასაციო სასამართლომ იმსჯელა სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული საპროცესო ნორმით მინიჭებული კომპეტენციის კვალიფიციური გამოყენების შესახებ, კერძოდ:

,,სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის მიხედვით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად რჩება გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც აგებულია მხარეთა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს აკუთვნებს მხარის უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, ამასთან, სწორედ მხარის ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია თანაზომიერია მხარისავე საპროცესო ვალდებულებასთან _ დაასაბუთოს საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) და ვ) ქვეპუნქტებში მითითებულია თუ რა უნდა იყოს ასახული სააპელაციო საჩივრის შინაარსში. მხარის ამგვარი პროცესუალური ვალდებულება შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას, ზემდგომმა სასამართლომ შეაფასოს მისი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაიზიაროს ან უარყოს, გააქარწყლოს ისინი იურიდიულად არგუმენტირებული სახით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენება ზემომითითებული საპროცესო ნორმების ობიექტური შინაარსის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, სააპელაციო სამართალწარმოების გახდის ზედაპირულს და განაპირობებს მის უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებთან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო ნორმა შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს მხარის პროცესუალური უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს, რათა არ მოხდეს მხარის საპროცესო უფლების იგნორირება, უკიდურეს შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული საპროცესო ზედამხედველობა განუხორციელებელი დარჩება.“

ამდენად, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ თითოეული საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია:
შპს ,,...“ რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ... ქ. №... კორპ.1 ბინა 23-ში და ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.

შპს ,,...“ 2011 წელს ძველი საკონტროლო-სალარო აპარატები (ELVES MIKRO-F საქარხნო №... და ELVES MIKRO-F საქარხნო №...) შეცვალა ახალი ტიპის საკონტროლო-სალარო აპარატებით, ძველი სალარო აპარატები შეინახეს ობიექტში.

2012 წლის მაისის თვეში ქ. თბილისში მოსული ძლიერი წვიმების დროს დაიტბორა ქალაქის დიდი ნაწილი, მათ შორის, ... ქუჩაზე მდებარე შპს ,,...“, ჩატარდა ამოტუმბვითი სამუშაოები.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დაიკარგა ორივე ძველი ტიპის (ELVES MIKRO-F საქარხნო №... და ELVES MIKRO-F №...) სალარო აპარატები, აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობა, როგორც პოლიციას, ასევე შემოსავლების სამსახურს.

შპს ,,...“ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 11 იანვრის სამართალდარღვევის №0030092 და №030093 ოქმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281.7 ნაწილის საფუძველზე, სალარო-აპარატების დაკარგვისათვის, დაჯარიმდა 3000-3000 ლარით.

საწარმომ აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 11 თებერვლის №5013 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალების შესაბამისად: ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წერილის თანახმად, ,,ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში 2012 წლის 14 მაისს ქ. თბილისის მერიის ცხელი ხაზის ოპერატორის მიერ შემოსულია ინფორმაცია ქ. თბილისში, ... ქ. №... კორპ.№1-ში დატბორილი კომერციული ფართის ამოტუმბვასთან დაკავშირებით“ (იხ. ს.ფ. 17; ტ.1; სტილი დაცულია).

ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 11 იანვრის წერილის შესაბამისად: ,,2013 წლის 10 იანვრის №11/1502-7 განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდით საჯარო ინფორმაციას გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2012 წლის 14 მაისს, დაფიქსირებულია ზარი, რომელიც განხორციელდა სატელეფონო ნომრიდან 599 74 97 79. მოქალაქემ განაცხადა, რომ მის სავაჭრო ფართში, რომელიც მდებარეობს მისამართზე ქ. თბილისში, ... ქ. №..., კორპ. №1, დგას წყალი და ესაჭიროება დახმარება მის ამოტუმბვასთან დაკვშირებით. აღნიშნული ინფორმაცია, ქ. თბილისის მერიის ცხელი ხაზის ოპერატორის მიერ, გადაეცა ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სააგენტოს მორიგე ოპერატორს“ (იხ. ს.ფ. 18; ტ.1; სტილი დაცულია).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობის შესაბამისად, 2012 წლის 12 მაისს, ძლიერი წვიმების დროს დაიტბორა ქ. თბილისში, ... ქ. №..., კორპ.1 კომერციული ფართები, რა დროსაც მოხდა ფართების დანაგვიანება და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა შპს ,,...“ კუთვნილი 2 ცალი საკონტროლო- სალარო აპარატი (იხ. ს.ფ. 19).

2013 წლის 2 მაისის ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წერილიდან ირკვევა, რომ: ,,ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გადამოწმებულ იქნა ინფორმაცია 2012 წლის 14 მაისს მერიის ცხელი ხაზიდან შემოსული ... ქ. №..., კორპ. №1-ში დატბორილი კომერციული ფართის ამოტუმბვასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მეპატრონის მიერ გაუქმებულ იქნა გამოძახება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ ვერ შევძლებთ განვსაზღვროთ შპს ,,...“ მიყენებული ზარალი (იხ. ს.ფ. 8; ტ.2; სტილი დაცულია).

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე შპს ,,...“ სადავოდ გახადა სამართალდარღვევის საერთოდ ჩადენის ფაქტი, მიაჩნია რა, რომ საკონტროლო -სალარო აპარატის დაკარგვა გამოწვეული არ იყო მისი ბრალით, არამედ ეს გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის, კერძოდ, ძლიერი წვიმების შედეგად ობიექტის დატბორვის გამო.

სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია საგადასახადო სამართალდარღვევათა სფეროში, გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამარათალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, რომლის მიხედვით საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. მართლსაწინააღმდეგოა ქმედება, რომელიც არღვევს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს. საგადასახადო კოდექსი ასევე ითვალისწინებს საგადასახადო პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებსაც, კერძოდ, ზემოაღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად.

საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების მიღებისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე ბს-138-132(4კ-10) შპს ,,...“ სარჩელისა გამო მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ამავე სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ, 2010 წლის 29 ივნისის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სასამართლო დასკვნებს. აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ იმსჯელა დაუძლეველი ძალის, როგორც საჯარო სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებასთან დაკავშირებით, კერძოდ: ,,საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში დაუძლეველი ძალა ძირითადად განიხილება, როგორც სხვადასხვა სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებებში მხარეთა მხრიდან თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან გამომრიცხველი გარემოება. აღნიშნულის გათვალისწინებით ამ მოვლენის გაგება მოცემულია სხვადასხვა ლექსიკონებსა და ნორმატიულ დოკუმენტებში შესაბამისი სახით.

თავად დაუძლეველი ძალის ცნება (vis major, forse majeure, act of god) უკვე ათასწლეულია არსებობს და ნიშნავს ზეძალას ,,ღვთის ჩანაფიქრს“, ბედს, შემთხვევას, თავისი ძალით ადამიანურ ძალებს აღმატებულს, რომელიც მას წინ უნდა აღუდგეს, ამიტომაც ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ეს ცნება ცნობილი იყო კლასიკური პერიოდის რომაული კერძო სამართლისთვის, კონტინენტური ევროპის ქვეყნების სამოქალაქო სამართლისთვის, ანგლო-ამერიკული სამოქალაქო სამართლისთვის (ფორს-მაჟორული დათქმები ხელშეკრულებაში).

საერთაშორისო კერძო სამართლის ფარგლებში დაუძლეველი ძალის გაგება მოცემულია ,,საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1980 წლის 11 აპრილის ვენის კონვენციის 79-ე მუხლში, სადაც მითითებულია: ,,მხარე არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი თავისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ დაამტკიცებს, რომ ეს გამოწვეული იყო მის კონტროლს მიღმა მყოფი შემთხვევით და რომ მისგან შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას ამგვარის გონივრული მოლოდინი“.

საერთაშორისო საჯარო სამართალში ფორს-მაჟორის ქვეშ (იურიდიულ პრაქტიკაში ტრადიციულად ეს ორი გაგება ერთიანდება) იგულისხმება სიტუაცია, რომლის დროსაც სუბიექტი იძულებულია იმოქმედოს საერთაშორისო ვალდებულებების გვერდის ავლით დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგების ან კონტროლს ვერდაქვემდებარებული გაუთვალისწინებელი მოვლენის გამო.

საკასაციო სასამართლო ფორს-მაჟორულ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: დაუძლეველი ძალის შედეგად ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე მისდაუნებურად ხდება ზიანის მიმყენებელი მეორე მხარისათვის.

დაუძლეველი ძალის განსაზღვრების საერთო პრინციპს განეკუთვნება გარემოებათა ობიექტური და სუბიექტური ხასიათი - ფაქტორების ზემოქმედება, რომელიც ვალდებულებათა შესრულების დაბრკოლება ხდება, უნდა იყოს ობიექტური და აბსოლუტური, ანუ უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ ზიანის მიმყენებელს, არამედ იგი უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე. შესრულების შეუძლებლობა უნდა იყოს აბსოლუტური და არა მხოლოდ ვალდებული პირის შემაფერხებელი.

კანონმდებლობასა და პრაქტიკაში დაუძლეველ ძალას განაკუთვნებენ სტიქიურ უბედურებებს (მიწისძვრა, წყალდიდობა) ან სხვა გარემოებებს, რომლებიც შეუძლებელია გაითვალისწინო ან აღკვეთო (ან შესაძლებელია გათვალისწინება, მაგრამ შეუძლებელია მისი აღკვეთა) ადამიანთა ცოდნისა და ტექნიკური შესაძლებლობების თანამედროვე დონის გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს: ყველა სამოქალაქო-სამართლებრივ სისტემებში დაუძლეველი ძალა ითვლება პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად.

სამოქალაქო სამართალში – საგანგებო, გაუთვალისწინებელი, შეთანხმების მონაწილეთა ნებისა და მოქმედებისგან დამოუკიდებელი გარემოებაა, რომლებიც ვერ იქნება გათვალისწინებული, აღკვეთილი ან აღმოფხვრილი, მაგ. სტიქიური უბედურება.

საერთო ჯამში, ფორს-მაჟორი შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:
1. დაუძლეველი ძალა (მოკლე ვადიანი შემთხვევა)
2. იურიდიული ფორს-მაჟორი (განგრძობადი შემთხვევა)

ფორს-მაჟორად არ მიიჩნევა გარემოებები, რომლებიც თავისი არსით არის კომერციული რისკი, მაგ. სიძნელეები არახელსაყრელ კონიუნქტურასთან, ფასების ცვალებადობასთან და ა.შ. დაკავშირებით.

ფორს-მაჟორული გარემოებები ათავისუფლებენ კონტრაჰენტს მატერიალური პასუხისმგებლობისაგან სახელშეკრულებო ვალდებულებების დაუცველობისას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ აცნობებს პარტნიორს დაუძლეველი გარემოებების დადგომის შესახებ და განაახლებს ვალდებულებათა შესრულებას მათი ზემოქმედების შეწყვეტისთანავე.

იურიდიულ ფორს-მაჟორს განეკუთვნება უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გადაწყვეტილებები (იმპორტ-ექსპორტის აკრძალვები, სავალუტო შეზღუდვები და სხვ.) გაფიცვები, ომები, რევოლუციები და მსგავსი შემთხვევები.

იურიდიული ფორს-მაჟორის ცნებას არ გააჩნია ზუსტი განსაზღვრება. როგორც წესი, კონტრაჰენტები ხელშეკრულებაში ითვალისწინებენ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს და მათი სამართლებრივი შედეგების პირობებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფორს-მაჟორული გარემოებები ასევე იჩენენ თავს საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში და აქაც იგი განიხილება, როგორც საჯარო სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობისას პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება“.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილით ფორს-მაჟორი განიხილება, როგორც საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:
ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);
ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;
გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გარემოება ჩაითვლება საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად, თუ მოცემულ პირობებში მისი გადალახვა შეუძლებელი იყო და ადგილი ჰქონდა საგანგებო ან განსაკუთრებულ გარემოებას. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისას აუცილებლად უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი დაუძლეველი ძალის მოქმედებასა და საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას შორის.

საგადასახადო კოდექსი ასევე აწესებს პასუხისმგებლობის ზომებს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის, კერძოდ, 281-ე მუხლის მე-7 ნაწილი აწესებს პასუხისმგებლობის ზომას, გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის (გარდა GPRS-ის და CRYPTO-ს მოდულის ფისკა-ლური სა¬კო¬ნტროლო-სალარო აპარატებისა) დაკარგვისათვის: ,,გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის (გარდა GPRS-ის და CRYPTO-ს მოდულის ფისკა¬ლური სა¬კო¬ნტროლო-სალარო აპარატებისა) დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვის გამო პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სალარო-აპარატის დაკარგვა გამოწვეული იყო სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ანუ საკანონმდებლო ნორმა ცალსახად ადგენს, რომ სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი და დადასტურებული ფაქტი, რომ მეწარმეს საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვაში ბრალი არ მიუძღვის, მისი დაკარგვა არ გამოუწვევია მის დაუდევარ ქმედებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი სათანადო პასუხისმგებლობით არ მოეკიდა საკონტროლო-სალარო აპარატის შენახვას, არამედ მისი დაკარგვა გამოწვეულია სხვა პირის ბრალეული ქმედებით ან დაუძლეველი ძალის არსებობით. ამგვარი ფაქტის დაუდგენლობის შემთხვევაში ქმედების/უმოქმედობის კვალიფიკაციისათვის საგადასახადო კოდექსის 281.7 ნაწილის გამოყენება კანონსაწინააღმდეგოა, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ნორმათშეფარდებას წინ უსწრებს ფაქტების გამოკვლევა-დადგენა-შეფასების სტადია, რაც ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კანონით აღწერილ შემთხვევას. ადმინისტრაციული წარმოების მიზანი კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაა, რომლის უზრუნველსაყოფად იგი ორ მნიშვნელოვან საფეხურს შეიცავს:
1. საქმის ირგვლივ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება და
2. დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე ქმედების კვალიფიკაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეროვნული სასამართლო ორგანოების მიერ პირის საჯარო სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობისას პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების დამადასტურებელი ფაქტების გამოკვლევისა და დადგენის კანონიერება უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების ობიექტურ შეფასებასთან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა ისე დაადგინეს სამართალდარღვევის - სალარო აპარატების დაკარგვა, ჩადენა დაუძლეველი ძალის გამო, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევიათ და არ დაუდგენიათ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად საქმეზე დაადგინეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რითაც უხეშად დაარღვიეს ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპული მოთხოვნები, სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის ვალდებულების თაობაზე.


საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი _ ოფიციალობის პრინციპი განსაზღვრავს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან სასამართლო პროცესუალური აქტივობის ცენტრში იმყოფება, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში სასამართლოს აკისრებს საპროცესო სამართალურთიერთობაში მხარეთა საპროცესო უფლებებში ბალანსის მიღწევისთვის აუცილებელ საპროცესო მოქმედებების შესრულებას.

ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 4); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 19).

ადმინისტრაციული სასამართლოს ეს უფლებამოსილება კანონმდებლის მიერ განმტკიცებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლში ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულების დადგენით, წარუდგინოს სასამართლოს საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია.

სასამართლოს უფლებამოსილება _ თავისი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები ან ინფორმაცია, ნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც საფრთხე ემუქრება მართლმსაჯულების ძირითად პრინციპს _ მხარეთა თანასწორობის /ანუ თანაბარი შესაძლებლობა _ დაიცვან თავიანთი უფლებები/ რეალიზაციას საჯარო სამართლებრივი დავების მონაწილეთა სუბორდინაციული მდგომარეობიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად /ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით/ განმხილველი სასამართლოების მიერ ოფიციალობის პრინციპის მეშვეობით საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება სახელმწიფოში დღეისათვის არსებული სამართლებრივი კულტურის პირობებში არის უპირობო აუცილებლობა, ადმინისტრაციულ დავათა კანონიერად გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაზე სრულფასოვანი სასამართლო კონტროლის განხორციელებისათვის, რის გარეშეც სამართლებრივი სახელმწიფოს, როგორც ღირებულებითი სიკეთით სარგებლობა შესაძლებელია ვერ მიიღწეს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებული დასკვნები არ გამომდინარეობს საქმის მასალების საფუძვლიანი გამოკვლევისა და შესწავლიდან.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას დაუძლეველი ძალის გამო გადასახადის გადამხდელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა და დასკვნები ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, როგორც საქმის მასალებითა და საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, 2012 წლის 12-13 მაისს ღამეს მართლაც დედაქალაქში მოვიდა უხვი ატმოსფერული ნალექები, რის შედეგადაც დაიტბორა დედაქალაქის დიდი ნაწილი. ქვემდგომმა სასამართლოებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ამ დროს დაიტბორა შპს ,,...“ სავაჭრო ობიექტიც, და გაიზიარეს მეწარმის ზეპირი განმარტება, ობიექტის დატბორვის მომენტში სალარო აპარატების დაკარგვის თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სხვა მტკიცებულება საქმეში დაცული არ არის.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის XV-XX თავების საფუძველზე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცებულებათა სახეები: წერილობითი, ზეპირი და ნივთიერი სახის მტკიცებულებები. სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (ნაწილი 1). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის კრიტიკას ქვემდგომი სასამართლოების მიერ საქმის გარემოებების არასათანადო გამოკვლევა-შეფასებისა და შედეგად, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების გამოტანის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: გაუგებარია რას ეყრდნობიან სასამართლო ორგანოები, როცა დადგენილ ფაქტად მიიჩნევენ ობიექტის დატბორვის მომენტში სალარო აპარატების დაკარგვას, ვინაიდან სამართალწარმოების კანონისმიერი სტანდარტით ამგვარი დასკვნა უნდა გამომდინარეობდეს საქმეში დაცული დოკუმენტებიდან. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს წერილობითი სახის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს:

1.მოსარჩელის ობიექტი ნამდვილად დაიტბორა 12-13 მაისის წვიმის დროს;
2. ობიექტზე არ მისულა არცერთი ადმინისტრაციული ორგანოს სამაშველო ან დამხმარე სამსახური;
3. არ არსებობს თუნდაც ერთი ადმინისტრაციული ორგანოს სამაშველო სამსახურის მიერ შედგენილი ობიექტის დატბორვის შედეგად დაზიანებული ან დაკარგული ნივთების ადგილზე აღწერის ნუსხა;
4. შესაბამისად, არ არსებობს ობიექტის დატბორვის შედეგად დაზიანებული ან დაკარგული ნივთების აღწერის ნუსხის ჩამონათვალში სალარო აპარატები.

ამავდროულად, საქმეში დაცულ მტკიცებულებებს - ქ. თბილისის მერიის წერილს, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,,...“ დირექტორმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დახმარებისათვის მიმართა 2 დღის შემდეგ - 2012 წლის 14 მაისს, ასევე, ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წერილს (რომლიდანაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №...-ში, კორპ. 1-ში დატბორილი ფართის ამოტუმბვასთან დაკავშირებით მეპატრონემ გააუქმა გამოძახება), სასამართლომ საერთოდ აუარა გვერდი, არ შეამოწმა მათი უტყუარობა, გამორიცხავდა თუ არა მათი შინაარსი სხვა მტკიცებულებათა სანდოობას და ა. შ.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა საქმეში დაცულ წერილობით მტკიცებულებებზე, არ გაუქარწყლებია მათი სანდოობა სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არ მისცა სამართლებრივი შეფასება, რითაც უხეშად დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ზეპირი სახის მტკიცებულება - მხარის ახსნა-განმარტება არ არის შეჯერებული სხვა არცერთი სახის, თუნდაც, ასევე, ზეპირი სახის მტკიცებულებასთან. სასამართლოს არ დაუკითხია არცერთი მოწმე, დატბორვის თვითმხილველი, ან მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ამ ობიექტზე სალარო აპარატების შენახვის ფაქტს. ამგვარი მიდგომით, ასეთივე წარმატებით შეიძლება დადგენილად იქნას მიჩნეული ნებისმიერი ნივთის დაკარგვის ფაქტი, რაც სრულიად შეუსაბამოა სამართალწარმოების ამოცანებთან და მიზანთან. საკასაციო სასამართლო მტკიცებულებათა გამოკვლევა -შეფასების ამგვარი სტანდარტის დამკვიდრებას აფასებს, როგორც უკანონოს და უკიდურესად საზიანოს მართლმსაჯულების განმხორციელებელი ორგანოების ავტორიტეტისათვის, რამდენადაც სასამართლოს ყველა საპროცესო მოქმედება საპროცესო წესების ზედმიწევნით დაცვით უნდა ჩატარდეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიკვლიოს: როდის დატოვა შეტყობინება შპს ,,...“ წარმომადგენელმა ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში, ამ შეტყობინების შედეგად განხორციელდა თუ არა ამოტუმბვითი სამუშაოები; 2013 წლის 2 მაისის ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წერილიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ ჯერ დარეკა ... ქ. №..., კორპ. №1-ში დატბორილი კომერციული ფართის ამოტუმბვასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ ისევ გააუქმა გამოძახება, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს თუ რამ გამოიწვია მეწარმის ამგვარი ქმედება; სრულფასოვნად შეისწავლოს ს.ფ. 19-ზე განთავსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა, რომლის მიხედვით: „ 2012 წლის 12 მაისს, ძლიერი წვიმების დროს დაიტბორა ქ. თბილისში, ... ქ. №..., კორპ.1 კომერციული ფართები, რა დროსაც მოხდა ფართების დანაგვიანება და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა შპს ,,...“ კუთვნილი 2 ცალი საკონტროლო - სალარო აპარატი“ - და გამოარკვიოს, ცნობაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის მოწმედ დაკითხვის მეშვეობით, ვის მოწოდებულ და რომელ მონაცემებს ეყრდნობა შსს მოხელე, ობიექტის დატბორვისა და დატბორვის შედეგად 2 სალარო აპარატის დაკარგვის ფაქტის აღწერა-დაფიქსირებისას, მიცემული ჩვენების შეფასებისას კი გადაამოწმოს ფაქტები მტკიცებულებათა ერთობლიობათა საფუძველზე.

აგრეთვე, მოსარჩელის მტკიცებით, მან საკონტროლო-სალარო აპარატები დაკარგა 2012 წლის მაისის თვეში, ხოლო შემოსავლების სამსახურს კი აღნიშნულის თაობაზე აცნობა მხოლოდ 2013 წლის 14 იანვარს №194/21-11 წერილით. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, მეწარმემ რატომ არ აცნობა შემოსავლების სამსახურს სალარო აპარატების დაკარგვისთანავე, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა საკასაციო სასამართლოში შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილის მიხედვით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს 2014 წლის 18 თებერვლის №17481-21-02 ინფორმაციით დადგენილია, რომ შპს ,,...“ დაკარგული სალარო აპარატების ფისკალური მეხსიერების ბლოკები საარქივო სამმართველოში არ ინახება (იხ. ს.ფ. 126).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ უნდა გამოარკვიოს: რამ განაპირობა მოსარჩელის საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვა, არის თუ არა სახეზე მეწარმის ბრალის გამომრიცხავი გარემოებები. ზემომითითებული გარემოებების სრულფასოვანი გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მართებულად იქნას მიჩნეული სააპელაციო პალატის დასკვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრების გაზიარებასთან დაკავშირებით, რომ „ სალარო-აპარატების დაკარგვაში არ იკვეთება მოსარჩელის როგორც განზრახი, ასევე გაუფრთხილებელი ბრალი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს ქმნის“ (იხ.ს.ფ. 48, ტ.2.)

საგადასახადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული საკონტროლო-სალარო აპარატის იურიდიული სტატუსის და მისი გამოყენება-შენახვის ადმინისტრირების კანონიერებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, საკონტროლო-სალარო აპარატი წარმოადგენს სახელმწიფოს კონტროლის ინსტრუმენტს ნაღდი ფულის ბრუნვაზე და გადასახადის გადამხდელის მიერ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემების თავისდროულად აღრიცხვაზე. საკონტროლო-სალარო აპარატი განკუთვნილია მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას მიწოდებული საქონლის (მომსახურების) რეგისტრაციისათვის და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვისათვის. არსებობს ფისკალური და არაფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მეხსიერებით. ფისკალური მეხსიერების საკონტროლო-სალარო აპარატს გააჩნია ინფორმაციის მატარებელი, რაც არ იძლევა მონაცემების წაშლის საშუალებას, ასევე გააჩნია ქვეყნის ფისკალური კანონმდებლობით გათვალისწინებული კონსტრუქციის სხვა განსაკუთრებულობა. საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში გროვდება ამ საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით განხორციელებული ყველა ოპერაციის შესახებ მონაცემები.

საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია, რაც გულისხმობს მასზე ფისკალური მეხსიერების ჩართვას და მონაცემთან ერთიან კომპიუტერულ ბაზაში საკონტროლო-სალარო აპარატების სარეგისტრაციო მონაცემების ასახვას. სახელმწიფო რეესტრიდან საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელების ამოღების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნას ძველი მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატი და რეგისტრაცაში გატარდეს და გადასახადის გადამხდელის ობიექტზე დარეგისტრირდეს ახალი ტიპის საკონტროლო-სალარო აპარატი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საკონტროლო-სალარო აპარატი განეკუთვნება საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით დეფინირებულ სააღრიცხვო დოკუმენტაციას, მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ვ) ქვეპუნქტით დადგენილი გადასახადის გადამხდელის ვალდებულება - უზრუნველყოს ამ ქვეპუნქტის ჩამონათვალში მოცემული დოკუმენტების შენახვა 6 წლის ვადის განმავლობაში, მოიცავს საკონტროლო-სალარო აპარატის შენახვის ვალდებულებასაც.

სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ მისცა შეფასება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ საგადასახადო კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 09 მარტის #186 ბრძანებით არ არის დადგენილი საკონტროლო-სალარო აპარატების შენახვის რაიმე სპეციალური წესი, რაც სავალდებულოდ უნდა დაიცვას მეწარმემ. ამდენად, გადასახადის გადამხდელს არ მოეთხოვება რაიმე განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება, რათა თავიდან აიცილოს სალარო აპარატის დაკარგვა, არამედ იგი ვალდებულია, მეწარმისთვის დამახასიათებელი გულისხმიერებით გაუფრთხილდეს საკონტროლო-სალარო აპარატს და შეინახოს იგი ისეთ პირობებში, რომელიც გამორიცხავს სხვა პირთა უნებართვოდ დაშვებას მასთან, დაუფლებას და ა.შ. (იხ.. ს. ფ. 70. ტ.1.), საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გაუგებარია სასამართლოს მსჯელობის ლოგიკა, რაში მდგომარეობს გადასახადის გადამხდელისთვის საკონტროლო-სალარო აპარატის შენახვის რაიმე სპეციალური წესის დადგენის საჭიროება, ან რას გულისხმობს სასამართლო „შენახვის სპეციალურ წესში“, და ასეთის ნორმატიულად არდადგენა ათავისუფლებს თუ არა გადამხდელს საკონტროლო-სალარო აპარატის შენახვის ვალდებულებისაგან. მსჯელობა არ ატარებს დასრულებულ ხასიათს, რამდენადაც სასამართლოს იგი დასკვნის სახით არ ჩამოუყალიბებია. მეტიც, მსჯელობის მეორე ნაწილში საპირისპირო აზრია განვითარებული თუმცა, სასამართლო დასკვნის სახით შეჯამებული არც ის არ არის.
საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ნივთის შენახვის ზოგად სტანდარტს, ასე, მაგ: 170.3 მუხლი, რომლის შესაბამისად: ,,სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება ან თვითონ დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში“. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მესაკუთრეს შესაძლებელია დაევალოს მისი საკუთრების შენახვის ვალდებულებაც, თუ მისი საკუთრებაში არსებული ნივთი განსაკუთრებულ, სოციალურ, ეკონომიკურ ფასეულობას წარმოადგენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც ავღნიშნეთ, საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში გროვდება საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით განხორციელებული ყველა ოპერაციის შესახებ მონაცემები, რომელიც საგადასახადო სამსახურისათვის წარმოადგენს სააღრიცხვო დოკუმენტაციას, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე, ანუ სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, ხორციელდება მეწარმის საგადასახადო კონტროლი, ე.ი. სააღრიცხვო დოკუმენტაცია შეიცავს ნებისმიერ წერილობითი (მათ შორის, ელექტრონული) ფორმით შესრულებულ საბუთს, რომელსაც კავშირი აქვს დაბეგვრასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, საკონტროლო-სალარო აპარატი წარმოადგენს უმნიშვნელოვანესი მმართველობითი ღონისძიების - საგადასახადო ადმინისტრირების ერთ-ერთ განსაკუთრებულ სახეს, მეწარმე ვალდებულია განსაკუთრებული გულისხმიერებით შეინახოს საკონტროლო სალარო-აპარატი და ამისთვის არ არის აუცილებელი საგადასახადო კანონმდებლობით შემუშავებული შენახვის წესებისა და პირობების დადგენა.


ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებების სრულფასოვანი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე სასამართლო დავის კანონიერად და მიუკერძოებლად გადაწყვეტა, საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის განუხრელი დაცვით.

კასატორის მოტივი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების უკანონობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის საფუძველზე, თუმცა, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ხარჯები საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაანაწილოს საქმეზე გადაწყვეტილების დადგენისას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.2 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/


მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/


/პ. სილაგაძე/