საქმე №ბს-32-31(გ-14) 4 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბათუმის რაიონული სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 24 აპრილს ი. ღ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 14 თებერვლის №TT2013006439-03 გადაწყვეტილების რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 მარტის №48902 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და ქ. ბათუმში, ... ქ. 66-ში მდებარე უძრავ ნივთზე, კერძოდ, ,,კ“ ლიტერზე მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება (ს.ფ. 1-11).
2013 წლის 27 მაისს ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა ი. ღ-ის წარმომადგენელმა გ. მ-ემ და მოპასუხედ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურთან ერთად მიუთითა ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა არ შეუცვლია (იხ. ს.ფ. 30).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ იშუამდგომლა საქმის განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნა იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომლის მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის ქ. 2. ამავე დროს მოსარჩელე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას ითხოვს უშუალოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან, ხოლო ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ რაიმე დამოუკიდებელი მოთხოვნა მოსარჩელeს არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ შუამდგომლობას მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ და მიუთითეს, რომ საქმე შეიძლება განხილულ იქნეს სტრუქტურული ერთეულის ადგილსამყოფელის მიხედვით ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვინაიდან, მოსარჩელე ითხოვს ცნობა-დახასიათების გაცემას უძრავ ნივთზე, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, ... ქ. №66 (იხ. ს.ფ. 59-62).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ი. ღ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.
მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოდ მოსარჩელე მიუთითებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 14 თებერვლის №TT2013006439-03 გადაწყვეტილების რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 მარტის №48902 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და ქ. ბათუმში, ... ქ. 66-ში მდებარე უძრავ ნივთზე, კერძოდ, ,,კ“ ლიტერზე მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ი. ღ-ის მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება. რა დროსაც განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად, მით უფრო მაშინ, როდესაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედებების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ასევე მოსარჩელე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ითხოვს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან, შესაბამისად, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფელის მიხედვით ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის ქ. №2 - ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მართალია, მოპასუხედ ასევე მითითებულია ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, მაგრამ აღნიშნული გარემოება განსჯადობის საკითხს ვერ ცვლის, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ი. ღ-ის მიერ აღძრულ დავაში ბათუმის სარეგისტრაციო სამასახური წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რამეთუ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არაა გამოცემული და მოსარჩელეს რაიმე დამოუკიდებელი მოთხოვნა უშუალოდ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ არ გააჩნია (იხ. 63-69).
თბილისის საქალაქო სასამართლო 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინებით არ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, არამედ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური კანონიერების შეფასებას. შესაბამისად, პროცესში მოპასუხის სტატუსით ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მონაწილეობა განპირობებულია სწორედ იმ გარემოებით, რომ იგი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ერთ-ერთი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლო, ისე თბილისის საქალაქო სასამართლო. შესაბამისად, ამავე კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს. 2013 წლის 24 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმით კი დგინდება, რომ ი. ღ-ე და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ მოპასუხეთა შუამდგომლობას საქმის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფელის მიხედვით გადაგზავნის შესახებ და ითხოვდნენ საქმის განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებით, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 83-85).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ი. ღ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახულია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობაში.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 “ა” მუხლის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან, საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, შეამოწმოს, განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს:
1) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 14 თებერვლის №TT2013006439-03 გადაწყვეტილების რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ ბათილად ცნობა;
2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 მარტის №48902 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა;
3) ქ. ბათუმში, ... ქ. 66-ში მდებარე უძრავ ნივთზე, კერძოდ, ,,კ“ ლიტერზე მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 მარტის №48902 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობისა და ქ. ბათუმში, ... ქ. 66-ში მდებარე უძრავ ნივთზე, კერძოდ, ,,კ“ ლიტერზე მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში;
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათილად ცნობის ნაწილში (იხ. ს.ფ. 12), რაც დასტურდება ს.ფ. 13-ზე წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 მარტის №48902 გადაწყვეტილებით, რომლითაც როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე შემოწმდა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 14 თებერვლის №TT2013006439-03 გადაწყვეტილების რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ ადმინისტრაციული აქტის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოებმა სადავო აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ რას ეხება განხორციელებული რეგისტრაცია და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გამოარკვიონ, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასკვნა საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის თაობაზე არ ეფუძნება სასამართლოს მიერ ადეკვატური საპროცესო მოქმედებების განხორციელებას, კერძოდ, იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით აღჭურვილია საპროცესო უფლებით - თავად განსაზღვროს თუ ვინ არის მის მოთხოვნაზე მოპასუხე, მოპასუხედ მიუთითა საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური. თავის მხრივ, სასამართლოს საპროცესო მოვალეობას წარმოადგენს შეამოწმოს - არის თუ არა მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული პირი ის, ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. შემოწმების შედეგად, თუ სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სარჩელი არძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ, მან უნდა განახორციელოს სსსკ-ის 85-ე მუხლის გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები.
ბათუმის საქალაქო სასამართლო უთითებს, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ არ არის აღძრული მოთხოვნა, თუმცა, შესაბამისი საპროცესო მოქმედება და სასამართლო აქტები (პირის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევა, მოსარჩელისათვის შეთავაზება შეცვალოს არასათანადო სათანადო მოპასუხით) არ განუხორციელებია და არ გამოუცია. ამდენად, მოცემულ ვითარებაში, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური კვლავ ინარჩუნებს მოპასუხის სტატუსს, რის გამოც ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის თანახმად რამდენიმე მოპასუხის მიმართ აღძრული სარჩელის შემთხვევაში, განსჯადი სასამართლოს არჩევის პრიორიტეტი მოსარჩელის პროცესუალური პრივილეგიაა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას, რომ სარჩელის დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების, არამედ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური კანონიერების შეფასებას და პროცესში მოპასუხის სტატუსით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მონაწილეობა განპირობებულია სწორედ იმ გარემოებით, რომ იგი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ერთ-ერთი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლო, ისე თბილისის საქალაქო სასამართლო. ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ი. ღ-ე და მისი წარმომადგენელი გ. მ-ე არ დაეთანხმნენ მოპასუხის შუამდგომლობას საქმის განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ და ითხოვდნენ საქმის ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვას (იხ. ს.ფ. 59-62), შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია განსჯად სასამართლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, კი სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ი. ღ-ის სარჩელი განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ღ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე