№ბს-476-464(კ-13) 24 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ო. ხ-ი
წარმომადგენელი – ქ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;
2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო; 3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიცია; წარმომადგენელი – ე. ა-ი
მესამე პირი – ო. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 20 ივნისს ო. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მასსა და მოვალე ო. კ-ეს შორის დავა 2003-2004 წლებში დაიწყო. დაბა წყნეთში, ... ქ. №24-ში მდებარე კოტეჯის სარდაფისა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის თაობაზე კანონიერ ძალაშია შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც განმარტებულ იქნა 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით; ხოლო სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულია 2009 წლის 10 მარტს. თბილისის სააღსრულებო ბიუროში კი უკვე რამდენიმე წელია მიმდინაორებს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება. ამ დროის განმავლობაში მოვალისა და სააღსრულებო ბიუროს მიზეზით არაერთხელ მოხდა აღსრულების შეჩერება, გადადება და მთლიანობაში, დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულების დროში გაწელვა. მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და გადაწყვეტილების დაუყონებლივ, იძულებით აღსრულების უზრუნველყოფა მოითხოვა მოვალის ან სააღსრულებო ბიუროს რესურსით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად მან წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით, რაც ასევე რეაგირების გარეშე დარჩა.
ამდენად, მოსარჩელემ 2012 წლის 20 აპრილის ადმინისტრაციული საჩივრის #22696 დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციისათვის, სააღსრულებო ბიუროს რესურსებითა და ხარჯებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს #2ბ/138-06 საქმეზე 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ო. კ-ე.
2012 წლის 21 სექტემბერს მესამე პირმა ო. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ო. ხ-ის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე მის მიმართ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის დაბრუნების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ო. ხ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ო. კ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების დავალების შესახებ, დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს რესურსებითა და ხარჯით, აღასრულოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმეზე #2ბ/138-06, რომელიც განმარტებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქმეზე #2ბ/907-08 სააღსრულებო საქმე #01/09-15-01016; დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის №2ბ/138-06 გადაწყვეტილებით ო. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ო. კ-ეს დაევალა დაბა წყნეთში, ... ქ. №24-ში მდებარე №36 კოტეჯის სარდაფის და ეზოს აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 19 სექტემბერს და 2008 წლის 18 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ამავე სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით (საქმე №2ბ/907-08) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი - „ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ო. კ-ეს დაევალა დაბა წყნეთში, ... ქუჩა №24-ში მდებარე №36 კოტეჯის სარდაფის და ეზოს აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში“ - განიმარტა იმგვარად, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამოიხატოს შემდეგ მოქმედებებში: ა) ეზოს გამყოფი ქვის ღობის მონგრევა; ბ) ტერასის დანგრევა 100 კვ.მ. მოზაიკის იატაკითა და კიბით; გ) ო. კ-ის მიერ მოწყობილ ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკრის დატოვება; დ) ეზოს კეთილმოწყობის მოშლა; ე) სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 17 ნოემბერს და 2009 წლის 10 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსასრულებლად წარედგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გიორგი დემეტრაშვილის 2009 წლის 29 აპრილის №01/09-01/31-გ-8951 წერილით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და 28-ე მუხლების შესაბამისად, მოვალე ო. კ-ეს სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის შესასრულებლად მიეცა 7 დღის ვადა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღსრულების ხელშეწყობის მიზნით მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის „გ“, „დ“ და „ე“ პუნქტების განმარტება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განცხადება ამავე პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მითითებული განჩინების „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები განიმარტა იმგვარად, რომ ეზოს კეთილმოწყობის მოშლა და სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება გამოიხატა შემდეგ მოქმედებებში: დ.ა კეთილმოწყობის მოსაშლელად ეზოში აღებული უნდა იქნეს მონოლითური მოზაიკითა და ბაზალტის კიბით მოპირკეთებული ტერასა დაახლოებით 100 კვ.მ.-ზე. ე.ა. სარდაფის ადრე არსებულ დონემდე მოყვანა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შენარჩუნებულ იქნეს მისი ფუნქციური დატვირთვა (შესაძლებელი იყოს მისი სარდაფის სახით გამოყენება). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა მითითებული სასამართლო აქტი.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის შ. ვ-ის №01/09-15-01016-002/001 წერილით მოვალე ო. კ-ეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და 901 მუხლების თანახმად, მიეცა წინადადება გაფრთხილების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით მოეყვანა სისრულეში სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებითი აღსრულება მოხდებოდა 2010 წლის 14 დეკემბერს. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის შ. ვ-ის №01/09-15-01016-005/001 და №01/09-15-01016-008/002 წერილებით მოვალეს კვლავ მიეცა წინადადება სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის ნეყოფლობით 7 დღის ვადაში შესრულების თაობაზე, ასევე განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებითი აღსრულება მოხდებოდა 2011 წლის 20 იანვარს, შემდგომ 2011 წლის 9 თებერვალს. ამასთან, მოსარჩელეს აღმასრულებლის №01/09-15-01016-006/001 წერილით ეცნობა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იგი ვალდებული იყო დასწრებოდა აღრულებას და შეესრულებინა კრედიტორზე ნაკისრი ვალდებულებები.
2011 წლის 21 იანვარს ო. კ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია მასზედ, ესაჭიროებოდა თუ არა მშენებლობის ნებართვა შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განსახორციელებლად (რკინა-ბეტონის ნაგებობა 100 კვ.მ. 2 მ სიმაღლის, რომელიც შემოღობილია 2 კვ.მ. და 20 სმ. ქვის კედლით). სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 21 იანვრის №12/4414-13 წერილით ო. კ-ეს ეცნობა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, II კლასის შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე. ამდენად, დემონტაჟის ნებართვის აღებისათვის მიეთითა სამსახურში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2011 წლის 25 თებერვლის №167 ბრძანებით უკანონოდ იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის შ. ვ-ის მოქმედება - 2011 წლის 9 თებერვალს დაგეგმილი იძულებითი აღსრულება. თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალა სააღსრულებო ფურცელში მითითებული სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების მიზნით მოეხდინა ადგილზე დათვალიერება. ო. კ-ეს ეთხოვა სააღსრულებო ფურცელში მითითებული მონოლითური მოზაიკითა და ბაზალტის კიბით მოპირკეთებული ტერასის დემონტაჟის ნებართვის 30 კალენდარულ დღეში წარდგენა. ამავე ბრძანებით სააღსრულებო საქმეზე №01/09-15-1016 განახლდა საქმის წარმოება. აღნიშნულ ბრძანებაში მიეთითა, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული მონოლითური მოზაიკითა და ბაზალტის კიბით მოპირკეთებული ტერასის დემონტაჟი საჭიროებს ნებართვას, რაც დასტურდება ო. კ-ის მიმართვის საფუძველზე, თბილისის არქიტეტურის მიერ 2011 წლის 21 იანვრის №12/4414-13 წერილით. ამდენად, ბრძანების ავტორმა მიიჩნია, რომ სააღსრულებო მოქმედება - ტერასის დანგრევა 100 კვ.მ. მოზაიკის იატაკითა და კიბით, რაც ასევე გულისხმობს ეზოს კეთილმოწყობის მოშლას, განხორციელდეს დაუყოვნებლივ სათანადო ნებართვის წადგენის შემდეგ.
2011 წლის 10 ივნისს ო. ხ-მა განცხადებით მიმართა თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია მასზედ, რომ მიმართა თუ არა ო. კ-ემ სამსახურს განცხადებით დემონტაჟის ნებართვის გაცემის თაობაზე. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 22 ივნისის №12/7041613 წერილით ო. ხ-ს ეცნობა, რომ სამსახურს 2011 წლის 21 იანვარს განცხადებით მიმართა ო. კ-ემ და მოითხოვა ინფორმაცია საჭიროებდა თუ არა მშენებლობის ნებართვას ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, ... ქ. №24-ში მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განხორციელება. სამსახურის მიერ გაცემული იქნა ზოგადი პასუხი დემონტაჟის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის თაობაზე. 2011 წლის 21 იანვრის შემდგომ ო. კ-ეს დემონტაჟის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით სამსახურისათვის არ მიუმართავს.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს მესამე ჯგუფის უფროსის 2011 წლის 24 ივნისის №36212 წერილით ო. ხ-ს ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის №2ბ/907-08 სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2011 წლის 18 თებერვლის №134 ბრძანების საფუძველზე 2011 წლის 10 ივნისს აღსასრულებლად გადაეცა აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს - აღსრულების პოლიციის სამმართველოს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსის შ. მ-ის 2011 წლის 22 ივლისის №01/09-15-01016-013/003 წერილით კრედიტორ ო. ხ-ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება დანიშნულია 2011 წლის 25 ივლისს. ასევე ეცნობა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო დემონტაჟის ფინანსური ხარჯების დაფარვა. კრედიტორმა ო. ხ-მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის უფროსს და მოითხოვა 2011 წლის 25 ივლისს დანიშნული დემონტაჟის გადადება 2011 წლის 22 აგვისტოსათვის. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსის შ. მ-ის მიერ შედგენილი ოქმით დასტურდება, რომ აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების პოლიციელები გამოცხადნენ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე და კრედიტორის განცხადების საფუძველზე გადაიდო იძულებითი აღსრულება. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსის შ. მ-ის №01/09-15-01016-013/007 წერილით კრედიტორ ო. ხ-ს ეცნობა, რომ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება დანიშნული იყო 2011 წლის 22 აგვისტოს.
2011 წლის 19 აგვისტოს დაბა წყნეთში, ... ქუჩა №21-ში მცხოვრებმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოებს, მათ შორის აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სადაც მიუთითეს, რომ მათი საცხოვრებელი კოტეჯების მოპირდაპირე მხარეს, რამდენიმე მეტრის დაცილებით განთავსებულ №36 კოტეჯში ცხოვრობენ ო. კ-ე და ო. ხ-ის ოჯახები, რომელთაც დაგეგმილი აქვთ საკუთარი ეზოს კეთილმოწყობის მიზნით სხვადასხვა სახის კაპიტალური ხასიათის სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, რაც მოიცავს, მერიის შესაბამისი სამსახურების ნებართვისა და შესაბამისი პროექტის გარეშე, გზის საყრდენი კედლის გამოთხრას, რაც უდაოდ გამოიწვევს ნაიდაგის რყევებს და მათი ისედაც ავარიული კოტეჯებისა და კომუნიკაციების ნგრევა-დაზიანებას. ამდენად, განმცხადებლებმა მოსალოდნელი უკანონო ქმედებების აღკვეთა მოითხოვეს.
2011 წლის 30 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის განმარტება, კერძოდ, დასაშვებია თუ არა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოვალემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, იგივე ქმედება ასეთ პირობებში განახორციელოს კრედიტორმა საკუთარი ხარჯებით მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მითითებული განცხადება გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით აღნიშნული განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული. ასევე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა. ასევე დადგენილია, რომ მითითებული გადაწყვეტილება დღემდე არ აღსრულებულა.
2012 წლის 20 აპრილს ო. ხ-მა საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავმჯდომარეს, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციისათვის დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში, სააღსრულებო ბიუროს ხარჯით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების დავალება მოითხოვა. დადგენილია, რაც სადავოდ მხარეებსაც არ გაუხდიათ, რომ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს გადაწყვეტილება არ მიუღია.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. ამას გარდა, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტლებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო - აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას.
სასამართლომ მოიხმო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სასამართლო აქტები მათ შორის კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სასამართლომ ასევე მიუთითა ხსენებული კანონის მე-17 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტი ავალდებულებს აღმასრულებელს მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება განმარტებულია არაერთხელ, ასევე მკაფიოდ და ნათლადაა დადგენილი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წესი. შესაბამისად, იძულებითი აღსრულების ფარგლებში სააღსრულებო ორგანო აღჭურვილია ყველა შესაძლებლობით მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამისი ზომების მიღების გზით, რაც დღემდე არ განხორციელებულა.
სასამართლომ მოიხმო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 901 მუხლი, რომლითაც რეგლამენტირებულია მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების აღსრულების წესი. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო იწყებს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში დამრღვევმა ნებაყოფლობით არ შეასრულა ვალდებულება. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ თუ დამრღვევი არ ემორჩილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნას, აღსრულების ეროვნული ბიურო დახმარებისათვის მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან/და აღსრულების პოლიციას. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება დამრღვევ პირს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებული ნორმით დადგინდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებანი, ასევე იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლთან დაკავშირებით და განმარტა, რომ თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ აღნიშნული ნორმის საფუძველზე კრედიტორს ენიჭება უფლება, აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, თავისი ხარჯით, თვითონ შეასრულოს სასამართლო წესით მოვალისათვის დაკისრებული მოქმედება, რაც არცერთ შემთხევაში არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ აღმასრულებელმა ორგანომ თავიდან აირიდოს კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულება, მხოლოდ იმ მოტივით, რომ კრედიტორი თავისი ხარჯით ვერ უზრუნველყოფს ამ მოქმედების შესრულებას. მითითებული ნორმის დანაწესი ითვალისწინებს კრედიტორის ინტერესების ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების სწრაფი და ეფექტური აღსრულებისათვის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს და იმპერატიულად არ ადგენს კრედიტორის ვალდებულებას. ამდენად, საქალაქო სასამართლომ უმართებულოდ მიიჩნია და არ გაიზიარა მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის მითითება აღნიშნული მუხლის საფუძველზე დემონტაჟის ფინანსური ხარჯების კრედიტორის მიერ დაფარვის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია მისი რესურსებითა და ხარჯით მოახდინოს აღსულების უზრუნველყოფა, ხოლო საბოლოოდ, იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოვალეს.
გარდა ამისა, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააღსრულებო მოქმედებების შესრულების გაჭიანურება სხვა პირთა (იძულებით გადაადგილებულ პირთა) უფლების შესაძლო დარღვევის მოტივით, ვინაიდან, სააღსრულებო მოქმედების მაწარმოებელი პირი, გადაწყვეტილების კანონიერი ძალის ობიექტური ფარგლების გათვალისწინებით, თავად არის ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაწყვეტილების რაც შეიძლება ნაკლები ზიანის გამოწვევის გზით აღსრულების თაობაზე. რაც შეეხება მესამე პირის მითითებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის სამშენებლო ნებართვის მოპოვების შეუძლებლობის შესახებ, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზირებული, ვინაიდან დადასტურებულია, რომ 2011 წლის 21 იანვრის შემდგომ ო. კ-ეს დემონტაჟის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით სამსახურისათვის არ მიუმართავს. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია ო. კ-ის მიერ სარეკონტრუქციო სამუშაოების ჩატარება სათანადო ნებართვის გარეშე, რაც მისთვის №36 კოტეჯის სარდაფის და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის დავალდებულების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. ამდენად, იგი წარმოადგენდა დამკვეთს - ანუ შენობა-ნაგებობების მოსარგებლეს, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, მისი აღსრულება დამატებით ნებართვის მოპოვებას არ საჭიროებდა.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მოქმედება უკანონოა, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, რის საფუძველზეც მას უნდა დაევალოს არაუგვიანეს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადისა, იძულებით აღასრულოს სააღსრულებო ბიუროს რესურსებითა და ხარჯით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმეზე №2ბ/138-06, რომელიც განმარტებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით საქმეზე №2ბ/907-08 - სააღსრულებო საქმე №01/09-15-01016. ამას გარდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, სარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დავალდებულების თაობაზე უსაფუძვლოა. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განსახორციელებელია გარკვეული სააღსრულებო მოქმედებები, რისთვისაც გონივრულ ვადას 1 თვე წარმოადგენს. რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას იგივე ქმედების თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის დავალების შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სასამართლო დავალების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროდან წარმოდგენილი ინფორმაციით დადასტურებულია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2011 წლის 18 თებერვლის №134 ბრძანების საფუძველზე ხსენებული საქმე აღსასრულებლად გადაეცა აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს - აღსრულების პოლიციის სამმართველოს. ამდენად, სარჩელის მოთხოვნა მიმარულია არასათანადო მოპასუხის მიმართ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დანაწესის გათვალსწინებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, მიენიჭათ უფლება, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 20 აპრილს ო. ხ-მა საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციისათვის დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში, სააღსრულებო ბიუროს ხარჯით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების დავალება მოითხოვა. ასევე დადგენილია, რაც სადავოდ მხარეებსაც არ გაუხდიათ, რომ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მიიჩნევა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია სააღსრულებო ბიუროს პოლიციის ის ქმედებები, რომლითაც დაუსაბუთებლად ჭიანურდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, სასამართლომ ასევე უკანონოდ მიიჩნია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ო. კ-ემ, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ო. კ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადწყვეტილება; ო. ხ-ს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ, დავის საგნიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს იმ საკითხის დადგენა, მოცემული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება წარმოადგენს თუ არა „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ კატეგორიის საქმეს, რომლის აღსრულების პროცესშიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს „სააღსრულობო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოეშვება ვალდებულება მისი რესურსებითა და ხარჯით მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, ამ კანონის 901 მუხლით გათვალისწინებული აქტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაწეული ქონების შენახვის, ტრანსპორტირების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების ან/და დადგენის პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი დაეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად, თუ ეს ხარჯი გაიღო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და შესაძლებელია მისი დადასტურება შესაბამისი დოკუმენტაციით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 და მე-15 პუნქტებზე, რომლის თანახმად მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების მიმღები ორგანო არის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, რომლის მიერ მიღებული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 901 მუხლთან მიმართებით და მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა არ ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვალდებულებას მოცემული კატეგორიის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, თავისი რესურსებითა და ხარჯით მოახდინოს აღსულების უზრუნველყოფა. მითითებული ნორმა ეხება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილ სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების აღსრულებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებასა და იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს, შესაბამისად, მოცემული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 901 მუხლი ვერ გავრცელდება და მოსარჩელის არგუმენტები აღნიშნულის თაობაზე გაზიარებული ვერ იქნება.
ამასთან, სააპელაციო საასმართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მითითებული ნორმის დანაწესი ითვალისწინებს კრედიტორის ინტერესების ხელშეწყობის მიზნით, იმ კეტოგორიის საქმეების აღსრულების წესს, როდესაც კრედიტორს ეძლევა უფლება (და არა ვალდებულება) აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, თავისი ხარჯით, შეასრულოს მოვალისათვის დაკისრებული მოქმედება, შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ვერ იქნება გაგებული იმგვარად, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია გასწიოს ხარჯები მოცემული კატეგორიის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონის ეს ნორმა პირდაპირ უთითებს, რომ მითითებული კატეგორიის საქმეების აღსრულება ხდება კრედიტორის ხარჯით და არ ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვალდებულებას თავისი რესურსებითა და ხარჯით მოახდინოს აღსულების უზრუნველყოფა. ამდენად, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მოქმედება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის საფუძველზე დემონტაჟის ფინანსური ხარჯების კრედიტორის მიერ დაფარვის მითითების თაობაზე სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია და აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება არ წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ კატეგორიის საქმეს, რომლის აღსრულების პროცესშიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს პოლიციას „სააღსრულობო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოეშვება ვალდებულება გასწიოს ხარჯები მოცემული კატეგორიის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს პოლიციისათვის ქმედების დავალების თაობაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს რესურსებითა და ხარჯით მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსულების უზრუნველყოფა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და გაზიარებული ვერ იქნება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (სსსკ 102-ე მუხლი), რაც შეიძლება გამხდარიყო, სადავო ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 901 მუხლთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავსდება აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ „კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის აღსრულების“ შემთხვევაში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დაავიწროვა შინაარსობრივად ფართო ჩანაწერი. კასატორის მითითებით, კანონმდებლობის დარღვევებს ადგენს როგორც ადმინსტრაციული ორგანო, ასევე სასამართლო. სასამართლოს კომპეტენცია სწორედ ის არის, რომ დაადგინოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, კასატორი არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევა ითვლება.
ამასთან, კასატორის განმარტებით, სადავო ნამდვილად არ არის ის გარემოება, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლი კრედიტორისათვის გარკვეული უფლების და არა ვალდებულების მიმნიჭებელია, მაგრამ კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ აღნიშნული ნორმა აღსრულებას კრედიტორის ხარჯით ითვალისწინებს. კასატორის მითითებით, ნორმათა ამგვარი განმარტებით გაუგებარი ხდება რაში მდგომარეობს ამ ტიპის სააღსრულებო ფურცლების იძულებით აღსრულებაში სააღსრულებო ბიუროს როლი. გაურკვეველია რას ემსახურება აღსრულების საფასური (რომელიც მას თავის დროზე გადახდილი აქვს) დემონტაჟის კატეგორიის სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის, თუკი დემონტაჟი კრედიტორის ხარჯით უნდა განხორცილედეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ო. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2014 წლის 16 იანვარს, 12:30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო საკითხს; სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების წლების განმავლობაში აღუსრულებლობამ გამოიწვია. წარდგენილი სარჩელიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს ემსახურება. ამასთან, საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 10 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე კასატორმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის №2ბ/138-06 გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით აღსრულება მოითხოვა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის №2ბ/138-06 გადაწყვეტილებით ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ო. კ-ეს დაევალა დაბა წყნეთში, ... ქუჩა №24-ში მდებარე №36 კოტეჯის სარდაფის და ეზოს აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 19 სექტემბერს და 2008 წლის 18 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ამავე სასამართლოს 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი განიმარტა იმგვარად, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამოიხატოს შემდეგ მოქმედებებში: ა) ეზოს გამყოფი ქვის ღობის მონგრევა; ბ) ტერასის დანგრევა 100 კვ.მ. მოზაიკის იატაკითა და კიბით; გ) ო. კ-ის მიერ მოწყობილ ეზოში დამოუკიდებელი შესასვლელის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკრის დატოვება; დ) ეზოს კეთილმოწყობის მოშლა; ე) სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 17 ნოემბერს და 2009 წლის 10 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსასრულებლად წარედგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განცხადება ამავე პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მითითებული განჩინების „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები განიმარტა იმგვარად, რომ ეზოს კეთილმოწყობის მოშლა და სარდაფის ადრე არსებულ დონემდე ამოვსება გამოიხატა შემდეგ მოქმედებებში: დ.ა კეთილმოწყობის მოსაშლელად ეზოში აღებულ უნდა იქნეს მონოლითური მოზაიკითა და ბაზალტის კიბით მოპირკეთებული ტერასა დაახლოებით 100 კვ.მ.-ზე; ე.ა. სარდაფის ადრე არსებულ დონემდე მოყვანა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შენარჩუნებულ იქნეს მისი ფუნქციური დატვირთვა (შესაძლებელი იყოს მისი სარდაფის სახით გამოყენება).
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება განმარტებულია არაერთხელ, მკაფიოდ და ნათლადაა დადგენილი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წესი. შესაბამისად, იძულებითი აღსრულების ფარგლებში სააღსრულებო ორგანომ უნდა მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამისი ზომების მიღების გზით, რაც დღემდე არ განხორციელებულა. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, რა დროსაც გადაწყვეტილების განმარტება უნდა ემსახურებოდეს სწრაფი და ეფექტური აღსრულების განხორციელების მიზანს და არა აღსრულების გაჭიანურებას.
თავად სააღსრულებო სისტემის არსებობის მიზანი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულებას დაქვემდებრებული აქტების სისრულეში მოყვანაა. სააღსრულებო სამართლის უმთავრეს პრინციპებს კი სწრაფი, ეფექტური და რაც უმთავრესია, კანონშესაბამისი აღსრულების განხორციელება წარმოადგენს. სააღსრულებო სისტემას წაეყენება ეფექტური აღსრულების მოთხოვნა იმდენად, რამდენადაც კრედიტორმა ისედაც დიდი დრო დაკარგა უფლების აღსადგენად და მოთხოვნის აღსასრულებლად. სახელმწიფო სააღსრულებო ორგანოებს ანიჭებს უფლებამოსილებას აღასრულონ აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც სააღსრულებო წარმოება უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფოს მიერ იძულებითი აღსრულების განხორციელებას. იძულებითი სააღსრულებო სამართალი უნდა წარმოადგენდეს უფლებადაცვის მოქნილ სისტემას, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს ინტერესში შედის. აღსრულების პროცესი კი იმგვარად უნდა იქნეს წარმართული, რომ აზრი არ დაეკარგოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სააღსრულებო ბიუროს მიერ ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას. შესაბამისად, თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს; ხოლო მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება. ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთან, სააღსრულებო ფურცელი ამოიწერება და გაიცემა გადაწყვეტილების აღსრულებადობის უზრუნველსაყოფად, მისი იძულებითი აღსრულების მიზნით. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა კი თავის მხრივ დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის №2ბ/138-06 გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით სააღსრულებო ფურცელი ო. ხ-ს სააღსრულებო ბიუროში ჯერ კიდევ 2008 წელს აქვს წარდგენილი. ამასთან, დაუსრულებელი მიზეზებით აღსრულების გადადებით, აღსრულების შეჩერებით გადაწყვეტილების განმარტების, დემონტაჟის ნებართვის მოპოვების მოტივით, საქმე დღემდე აღუსრულებელი რჩება. უგულებელყოფილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი). ყოველივე აღნიშნული კი კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს სააღსრულებო ორგანოების საქმიანობის მნიშვნელობას და მათზე დაკისრებული ვალდებულების ხარისხს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 901 მუხლთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა ვერ გავრცელდება განსახილველ სამართალურთიერთობაზე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებასთან, ხოლო მითითებული ნორმა ეხება სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების და არა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს. ბუნებრივია, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება შენობა-ნაგებობების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენების ფაქტი, სასამართლო თავადვე წყვეტს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის საკითხსა და წესს. განსახილველ შემთხვევაში კი სწორედ კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი გადაწყვეტილებით დაბა წყნეთში, ... ქ. №24-ში მდებარე №36 კოტეჯის სარდაფის და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა პირდაპირ ო. კ-ეს დაევალა.
საყურადღებოა ასევე მოსარჩელის - ო. ხ-ის დამოკიდებულება სადავო საკითხის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში არაერთი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის გზით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას ცდილობდა. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელის დაუსრულებელი განცხადებები სხვადასხვა უწყებების მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
აღნიშნულის პარალელურად, სააღსრულებო ორგანო განცხადებებით მიმართავდა სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით, რასაც მხარს მოვალე - ო. კ-ეც უბამდა. სასამართლომ 28.07.2008 წლისა და 11.06.2010 წლის განჩინებებით ორჯერ მოახდინა აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება, ხოლო შემდგომი განცხადებები უსაფუძვლოდ მიიჩნია და უარი განაცხადა გადაწყვეტილების განმარტებაზე. აღნიშნულის შემდგომ, სააღსრულებო ორგანომ კრედიტორს აღსრულების ხარჯების დაფარვა მოსთხოვა და საფუძვლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლზე მიუთითა. თუმცა სააღსრულებო ბიუროს უნდა გაეთვალისწინებინა განსახილველ შემთხვევაში ო. ხ-ი წარმოადგენდა თუ არა სუბიექტს, რომელზეც აღნიშნული ნორმის გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი. საკასაციო სასამართლო სააღსრულებო ბიუროს ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით კრედიტორს უფლება აქვს, თავისი ხარჯით, რომელიც სასამართლო წესით ეკისრება მოვალეს, თვითონ შეასრულოს ეს მოქმედება. შესაბამისად, მოცემული ნორმა კრედიტორისათვის გარკვეული უფლების მიმნიჭებელია, რომლის განხორციელება კრედიტორის ნებაზევეა დამოკიდებული. თუმცა, საყურადღებოა, რომ აღნიშნული მუხლი იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც კრედიტორს შესაძლებლობა აქვს მოვალესათვის დაკისრებული ვალდებულება თავად შეასრულოს.
ამ მხრივ საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმად, დაბა წყნეთში, ... ქ. №24-ში მდებარე №36 კოტეჯის სარდაფის და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა უშუალოდ ო. კ-ეს აქვს დავალებული, რომელსაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის №57 დადგენილების 94.2 მუხლის თანახმად, არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, ხოლო ო. ხ-ს კანონმდებლობა არ ათავისუფლებს აღნიშნული ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან. ამასთან, აქვე საკითხავია, მიიღებს კი ო. ხ-ი ასეთ ნებართვას, იმ პირობებში, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ო. კ-ისკენ არის მიმართული. ამდენად, სწორედ აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა ქცეულიყო სახელმძღვანელოდ სააღსრულებო ბიუროსთვის. აღსრულების ხელშეწყობის მიზნით კრედიტორისათვის გარკვეული უფლებამოსილების მიმნიჭებელი ნორმა კი მის საზიანოდ და მისივე ინტერესების იგნორირებით არ უნდა იქნას გაგებული და გამოყენებული. გადაწყვეტილების აღსრულება უპირველესყოვლისა კრედიტორის უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ბიუროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის №2ბ/138-06 გადაწყვეტილების აღსრულებისას კანონით დადგენილი წესით არ უხელმძღვანელია, კერძოდ, სააღსრულებო ბიურომ გამოიყენა ნორმა - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ნორმა - ამავე კანონის 87-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის თანახმად, თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მოვალის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ მოვალეს შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ადმინისტარციული ორგანოების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სააღსრულებო ბიუროს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ფაქტზე პროკურატურისათვის არ მიუმართავს, ეს იმ პირობებში, როდესაც 7 წლის განმავლობაში მოვალე - ო. კ-ეს სააღსრულებო ბიურო არაერთგზის მიმართავდა გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით, რა დროსაც ო. კ-ეს სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის შესრულება ევალებოდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მას სააღსრულებო ბიურო აფრთხილებდა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და იძულებითი აღსრულების თაობაზე წინასწარი გამოძიების დაწყების მიზნით ქ. თბილისის პროკურატურისათვის მასალების გადაცემის შესახებ. თუმცა, სააღსრულებო ბიუროს აღნიშნული შესაძლებლობა 7 წლის განმავლობაში არ გამოუყენებია. აღნიშნული პერიოდი კი უდავოდ სცილდება გადაწყვეტილების აღსრულების გონივრულ ვადებს, რაც გადაწყვეტილების აღუსრულებლობას უთანაბრდება და არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას, ვინაიდან, კრედიტორისათვის მის სასარგებლოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მნიშვნელობა მხოლოდ მის აღსრულებაშია. ამასთან, მართალია აღსასრულებელ საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე კანონმდებლობა არ განსაზღვრავს სააღსრულებო პროცედურების განხორციელების კონკრეტულ ვადებს, მაგრამ თავად აღსრულების მიზნებიდან გამომდინარე, აღსრულება უნდა იყოს ეფექტური და გონივრულ დროში განხორციელებული, რა დროსაც აღსრულების კონკრეტული ვადების განუსაზღვრელობამ აღსრულების ორგანოებს არაკეთილსინდისიერებისა და საქმის გაჭიანურებისკენ არ უნდა უბიძგოს. აღსრულების ორგანოები მათი საქმიანობიდან გამომდინარე არ უნდა უგულებელყოფდნენ მათი შექმნის მიზნებს, რაც აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაში გამოიხატება.
ამასთან, აღნიშნული ქმედების განუხორციელებლობის პირობებში საინტერესოა ის გარემოება, რომ სააღსრულებო ბიურო ოფიციალურ ვებ-გვერდზე კრედიტორებს სთავაზობს მომსახურების გაწევას თუ მოვალე სააღსრულებო ფურცლით მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს არიდებს და ბიურო პირდაპირ მიუთითეს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრლებლობის შედეგებზე, რომ ასეთ შემთხვევაში არსებობს აღსასრულებელი მოთხოვნის დაცვის მექანიზმი - აღმასრულებელი უფლებამოსილია სააღსრულებო საქმე გადააგზავნოს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების განზრახ შეუსრულებლობა.
სააღსრულებო ბიუროს ფუნქცია კანონით მკაცრადაა განსაზღვრული და მან უნდა უზრუნველყოს სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოქმედებების ზუსტ შესაბამისობაში აღსრულება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა უბრალოდ გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან, არამედ თავად აღსრულების პირველი უზრუნველმყოფის - სააღსრულებო ბიუროს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით აღუსრულებლობასთან. სააღსრულებო ბიურომ მისი მიზნების, ფუნქციების უგულებელყოფით და საკითხისადმი ფორმალური მიდგომით ვერ უზრუნველყო კანონით დადგენილი წესით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მისი არსებობის მიზნების, სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობისა და ო. ხ-ის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულება, რა დროსაც სააღსრულებო ბიურომ მისთვის კანონით მინიჭებული ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ო. ხ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ო. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ო. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს უზრუნველყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე