Facebook Twitter
საქმე ¹ბს-242-239(კს-14) 17 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ო. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; გორის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირები - რ. თ-ი; ი. ჩ-ე; შპს ,,...“

დავის საგანი _ უფლებამონაცვლედ ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილსიის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ო. თ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების: რ. თ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და გ. მ-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 ივლისის #101910 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ ს.ფ. 3-12; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ო. თ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 98-100; ტ.1).
2011 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი, მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური, შპს ,,...“ და რ. თ-ი და საბოლოოდ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 5 ივლისის №101910 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სახლის 1/3 წილისა და მის მიმდებარე 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირება (იხ. ს.ფ. 107-108; ტ.1).
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებით ო. თ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება რ. თ-ი, ხოლო 16.1 მულის შესაბამისად, შპს ,,...“ (იხ. ს.ფ. 155; ტ.1).
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 180-186; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 212-220; ტ.1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ო. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. 67-76; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. 84-101; ტ.2).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით ო. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 286-289; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერი (№...) 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 90.40 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის №101910 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ო. თ-ს ამ ეტაპზე უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვაზე (იხ. ს.ფ. 98-108; ტ.3).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. თ-მა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, გორის სარეგისტრაციო სამსახურმა და რ. თ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ო. თ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გორის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. თ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (იხ. ს.ფ. 283-287; ტ. 3).
2013 წლის 28 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების განმარტება (იხ. ს.ფ. 1-2; ტ. 5).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 11-14; ტ. 5).
2014 წლის 6 მარტს ო. თ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ჩაიწეროს რ. თ-ის (მესაკუთრის) მაგიერ დღევანდელი მესაკუთრე ი. ჩ-ე, რათა გორის სარეგისტრაციო სამსახურმა ცალ-ცალკე აქტები გამოსცეს მასზე და ი. ჩ-ეზე, რითაც რ. თ-სა და ი. ჩ-ეს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებიდან გამოიყოფა მისი წილი 1/3 სახლი.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ 2013 წლის 18 აპრილს გორის სააღსრულებო ბიუროს მიმართა სააღსრულებო ფურცლითა და შესაბამისი დოკუმენტაციით, რათა სისრულეში მოეყვანა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. აღსრულების ბიურო უძლური აღმოჩნდა იმ მოტივით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გორის სარეგისტრაციო სამსახურის დახმარებით რ. თ-სა და მის შვილს (ი. ჩ-ეს) შორის გაფორმდა ფიქტიური ჩუქების ხელშეკრულება 2011 წლის 26 სექტემბერს. პირველი სასამართლო კი ჩატარდა 2011 წლის 28 სექტემბერს. არც გორის სარეგისტრაციო სამსახურმა, არც ეროვნულმა სააგენტომ და არც დედა-შვილმა არ გაამხილეს ამის თაობაზე. მათ იცოდნენ რომ სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ფიქტიური, თვალთმაქცური ჩუქების ხელშეკრულება გააფორმეს, რაშიც გორის სარეგისტრაციო სამსახური დაეხმარათ.
განმცხადებლის აღნიშვნით, რ. თ-მა და ი. ჩ-ემ ისარგებლეს მისი იურიდიული გამოუცდელობით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებამდე საჭირო იყო სადავო სახლზე ყადაღის დადება. მან მიმართა სარეგისტრაციო ორგანოებს ფიქტიური ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაზე და ამ ხელშეკრულებიდან მისი 1/3 წილი სახლის ფართის ცალკე გამოტანის თაობაზე, მაგრამ უარს იღებს იმ მოტივით, რომ კანონიერ გადაწყვეტილებაში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება და რ. თ-ის დღევანდელი უფლებამონაცვლის - ი. ჩ-ეზე მოხდეს სააღსრულებო ფურცლის გაცემა (იხ. ს.ფ. 1-2; ტ. 6).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით ო. თ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მითითებული მხარის შეცვლის (უფლებამონაცვლეობის დადგენის) თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 41-44; ტ. 6).
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამდენად, მითითებული ნორმა უშვებს საქმეში მონაწილე ფიზიკური პირის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით მაშინ, როდესაც ადგილი აქვს საქმეში მონაწილე ფიზიკური პირის გარდაცვალებას, მოთხოვნის დათმობას, ვალის გადაცემას.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველო კანონის 24-ე მუხლის თანხმად, საღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემული იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის უფლებამონაცვლეობა, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქმეში მონაწილე ფიზიკური პირის გარდაცვალებას, არც მოთხოვნის დათმობას და ვალის გადაცემას. საქმეში მონაწილე ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების გასხვისება თუნდაც საკუთარ შვილზე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ წარმოადგენს უფლებამონაცვლეობის დადგენის სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერი (№...) 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 90.40 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის №101910 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მას იმ ეტაპზე უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიმართვის შედეგად მიღებული პასუხის თანახმად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ რ. თ-მა ისარგებლა რა მისი გამოუცდელობით სამართლებრივ საკითხებში, სასამართლოში მიმდინარე დავის პერიოდში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლამდე, 2011 წლის 26 სექტემბერს ფიქტიური ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა ი. ჩ-ესთან და სადავო უძრავ ნივთზე 2011 წლის 3 ოქტომბრის #882011469120-03 გადაწყვეტილებით უფლება გადავიდა ი. ჩ-ეზე. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სარეგისტრაციო სამსახური უძლური აღმოჩნდა აღესრულებინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ო. თ-ი ითხოვდა სასამართლომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს რ. თ-ის ნაცვლად, ი. ჩ-ე, რათა მოხდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას საქმეში ი. ჩ-ის უფლებამონაცვლედ არ ცნობის თაობაზე, რის გამოც სახეზეა მისი სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლები.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რ. თ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ჩანაწერი (№...) 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 90.40 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის №101910 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ო. თ-ს იმ ეტაპზე უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვაზე (იხ. ს.ფ. 98-108; ტ.3).
სასამართლო დავის განმავლობაში, როდესაც ო. თ-მა 2011 წლის 26 ივლისს სადავოდ გახადა სასამართლოში რ. თ-ის სახელზე გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული საკუთრების ჩანაწერი (#66,59,06,17) 600 კვ. მ. მიწის ნაკვეთსა და 90.40 კვ. მ. შენობა-ნაგებობაზე, რ. თ-მა 2011 წლის 26 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა საკუთარ შვილზე - ი. ჩ-ეზე, რის საფუძველზეც გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 3 ოქტომბრის #88201146912-03 გადაწყვეტილებით სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება გადავიდა ი. ჩ-ეზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92.1 მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში ამომწურავი სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს და მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადო უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა, თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
კანონის ამგვარი დანაწესი გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც მოვალის უფლებამონაცვლე დგინდება სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების ჯეროვან და ეფექტურ აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას, რისი დაცვაც ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია აქტის გამოცემისას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სასამართლოსათვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული პროცესუალური უფლებამოსილების - სადაო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა დავის გადაუწყვეტლად და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემის დავალება, გამოყენება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მიზნით სრული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულებას, ყველა პროცედურული სტადიის გათვალისწინებით, რომელიც კანონით დადგენილია ამგვარი აქტის გამოსაცემად. პროცედურული სტადიების განსაზღვრა არ განეკუთვნება არც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და არც ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე პირთა შეხედულებებს. იგი კანონით მკაცრად განსაზღვრული ერთიანი პროცედურაა და დაცული უნდა იქნეს უკლებლივ ყველა აქტის მომზადების, მიღებისა და გამოცემისას.
საქმის მასალების მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა განმარტება, თუ ვის მიმართ უნდა გამოეცა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტი რ. თ-ისა თუ ი. ჩ-ის სახელზე, ვინაიდან 2011 წლის 3 ოქტომბერს სადავო უძრავ ქონებაზე 2011 წლის 26 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უფლება გადასული იყო ი. ჩ-ეზე (იხ. ტ. 5; ს.ფ. 1-2).
აღნიშნული განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებამ შესაძლებელია შეცვალოს მისი შინაარსი, რაც სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლის მიხედვით დაუშვებლად მიიჩნია (იხ. ტ. 5; ს.ფ. 11-14).
ამ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში უფლებამონაცვლის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაემყაროს მსჯელობას - ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საჯარო რეესტრის მიერ ჩასატარებელ ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომელი სუბიექტები უნდა იყვნენ წარმოების მონაწილენი, რის მიხედვითაც სასამართლომ უნდა შეადგინოს დასკვნა განცხადების დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების თაობაზე.
სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს განცხადების არდაკმაყოფილების პირობებში რამდენად შესაძლებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტის აღსრულება - ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ახალი მესაკუთრის ი. ჩ-ის მონაწილეობის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია, ამასთან არასრულად ციტირებს სსსკ-ის 92.1 მუხლის ჩამონათვალს, რის გამოც განმცხადებლის მოთხოვნა განხილულია ზედაპირულად, მოთხოვნის არსისა და საფუძვლის გაანალიზების გარეშე.
შესაბამისად, ო. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინება და განცხადების განხილვის სტადიიდან საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. ო. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 აგვისტოს განჩინება და განცხადების განხილვის სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე