Nბს-383-372 (კ-13) 10 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ა. ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. გ-ე, წარმომადგენელი- ხ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი- ა. თ-ე
მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი- ა. დ-ე
მესამე პირი- ვ. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. გ-ემ მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 მაისის N882012228060-03 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 ივლისის N106392 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება საჯარო რეესტრის ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის გასწორება.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 18 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვ. ქ-ისგან შეიძინა უძრავი ქონება - გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 8 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში შეძენილი უძრავი ქონება არ იყო დაყადაღებული ან უფლებრივად დატვირთული, რაც დასტურდებოდა 2006 წლის 22 ნოემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და ასევე 2006 წლის 22 ნოემბრის №3781 ცნობით ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ უძრავი ქონების შეძენის შემდეგ მის მიერ არაერთხელ იქნა განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც არ ყოფილა აღნიშნული უძრავი ქონების მიმართ მესამე პირთა, მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მხრიდან რაიმე უფლების არსებობა, მხოლოდ 2012 წლის 23 მაისს საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისას დაფიქსირდა საგადასახადო გირავნობა ვ. ქ-ის ქონებაზე რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 13 თებერვლის №318/გ შეტყობინების საფუძველზე. მოსარჩელემ აღნიშნული ხარვეზის გასწორების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა, რაზეც გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 მაისის №882012228060-03 გადაწყვეტილებით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 ივლისის №106392 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. ქ-ი, ხოლო ამავე კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით -სსიპ შემოსავლების სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 13 თებერვლის №318/გ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების თანახმად, ი/მ ,,ვ. ქ-ს” 2006 წლის 08 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, სულ - 315 738 ლარის ოდენობით, მათ შორის, ძირითადი გადასახადი- 105 440 ლარი, სანქცია-საურავი -210 298 ლარი. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილემ 2006 წლის 13 თებერვალს №1106/03 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ითხოვა საჯარო რეესტრში საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების რეგისტრაცია ი/მ ,,ვ. ქ-ის” (ს/ნ ..., სოფ. ...) მთელ ქონებაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2006 წლის 13 თებერვალს, მიღებულ იქნა №0381002344/3 გადაწყვეტილება ი/მ ,,ვ. ქ-ის” მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ.
2006 წლის 24 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვ. ქ-მა გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე 8 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა ნ. გ-ეს. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 25.03.2008) დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე მდებარე გარდაბნის რაიონის, სოფელი ..., საკადასტრო კოდი № ... . გ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2006 წლის 18 დეკემბერს.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 22 ნოემბრის №3781 ცნობის თანახმად, სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით, 2006 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით ვ. ქ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მდებარე - გარდაბნის რაიონი, ტაბახმელის საკრებულო, სოფ. ... (სარეგისტრაციო №...) ყადაღის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ იყო.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ 2006 წლის 22 ნოემბრის, 2008 წლის 25 მარტისა და 2010 წლის 29 დეკემბრის ამონაწერებში გარდაბნის რაიონის სოფელ ... (შემდგომში, ქ. თბილისი, სოფ. ...) მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით №... საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაფიქსირებული არ არის.
დადგენილია ასევე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ 2012 წლის 23 მაისის ამონაწერში ქალაქი თბილისი, სოფელ ... (გარდაბნის რაიონი, სოფ. ...) მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით №... უკვე დაფიქსირებულია რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 13 თებერვლის №318/გ შეტყობინების საფუძველზე ი/მ ,,ვ. ქ-ის” მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
2012 წლის 23 მაისს, ნ. გ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და საჯარო რეესტრის ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის გასწორება მოითხოვა, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმება უძრავ ნივთზე მდებარე - ქ. თბილისი, სოფ. ..., საკადასტრო კოდი №.... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 მაისის №882012228060-03 გადაწყვეტილებით ნ. გ-ეს უარი ეთქვა ტექნიკური ხარვეზის გასწორებაზე.
2012 წლის 13 ივნისს ნ. გ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 მაისის №882012228060-03 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 ივლისის №106392 გადაწყვეტილებით ნ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 მაისის №882012228060-03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 ივლისის №106392 გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004წ.) 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსი იძლევა განმარტებებს იმის თაობაზე, თუ რა წესით ხდება საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობა. კერძოდ, მისი 85-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ეგზავნება გადასახადის გადამხდელს, აგრეთვე მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციისათვის, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს შეტყობინების მიღების დღის მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
სასამართლომ მიუთითა ასევე სადავო პერიოდში მოქმედ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. ამავე მუხლის ,,თ” ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ რეგისტრაცია არის უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლება, უფლების შეზღუდვა, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით.’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” 3.3 მუხლის მიხედვით, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი არის ნივთსა (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის დღიდან. რეგისტრაციის დღედ ითვლება შესაბამის რეესტრში მონაცემთა აღრიცხვის დღე. ამავე ინსტრუქციის 66.2 მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის შესახებ მონაცემების აღრიცხვას შესაბამის რეესტრში.
ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შეტყობინება წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველს, სარეგისტრაციო წარმოებას კი აღნიშნული ორგანო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით ახორციელებს. ამდენად, იმისათვის, რომ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 13 თებერვლის №0381002344/3 გადაწყვეტილებით განხორციელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 13 თებერვლის №318/გ შეტყობინების რეგისტრაცია. ამდენად, ი/მ ,,ვ. ქ-ის” მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობა დაკავშირებულია ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებასთან და არა მის ასახვასთან რეესტრის ამონაწერში, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ზემოაღნიშნულ მსჯელობა და მხარის ყურადღება მიაქცია ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
მოცემული ნორმის განმარტების თანახმად, უტყუარობის პრეზუმფცია მოქმედებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ, ანუ იმ მონაცემების მიმართ, რომელზედაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულია სარეგისტრაციო წარმოება - მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ არის ცნობილი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 13 თებერვლის №0381002344/3 გადაწყვეტილებით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელმა ორგანომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაგზავნილი 2006 წლის 13 თებერვლის №318/გ შეტყობინების საფუძველზე, ი/მ ,,ვ. ქ-ის” მთელ ქონებაზე დაარეგისტრირა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ამდენად, აღნიშნული რეგისტრაციის არსებობას ვერ გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ მითითებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ამონაწერები, სადაც მითითებულია, რომ ქ. თბილისი, სოფელ ... მდებარე 8 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით №... საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ არის, ვინაიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით რეგლამენტირებული პრეზუმფცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიმართ. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ აღნიშნულ გარემოებაზე მითითება ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 22 ნოემბრის №3781 ცნობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ცნობით განმცხადებელს ეცნობა, რომ ვ. ქ-ის საკუთრებაში არსებულ გარდაბნის რაიონის სოფელ ... (სარეგისტრაციო №...) მდებარე ქონებაზე ყადაღის შესახებ ინფორმაცია 2006 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული არ იყო, რაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ვერ ჩაითვლება განმცხადებლისათვის ზემოაღნიშნულ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების საფუძვლები მოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004წ.) 85-ე მუხლით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მითითებულ მუხლში მითითებულ არც ერთ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მესამე პირის სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით ი/მ ,,ვ. ქ-ს” დღემდე ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ ,,ვ. ქ-ის” მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №0381002344/3 გადაწყვეტილებით 2006 წლის 13 თებერვალს. უძრავ ნივთზე მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფელი ..., საკადასტრო კოდით №81.02.00.766; ნ. გ-ის საკუთრების უფლება კი დარეგისტრირდა 2006 წლის 18 დეკემბერს ანუ მას შემდეგ, რაც აღნიშნულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა საგადასახადო იპოთეკა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ-ის მიერ შეძენილ ქონებაზე კანონიერი უფლების მოპოვების (2006 წლის 18 დეკემბერი) პერიოდში, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მიღებული გარდაბნის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №... უკვე დატვირთული იყო საგადასახადო იპოთეკის უფლებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,რ” ქვეპუნქტის თანახმად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არის ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004წ.) 85-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე.
აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა სხვა მფლობელისათვის ქონების გადაცემისას მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ინარჩუნებს ძალას, თუ გირავნობის უფლება გაუქმებულია, ამდენად, კანონმდებელი აღნიშნული შეზღუდვის გავრცელებას ახალი მფლობელისათვის გადაცემულ ქონებაზე არ უკავშირებს ამის თაობაზე მის ინფორმირებულობას. უფლების გაუქმებაში კი კონკრეტულ შემთხვევაში იგულისხმება რეგისტრირებული მონაცემის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. გ-ის სახელზე 2012 წლის 23 მაისს გაცემულ ამონაწერში აისახა მისი მომზადების მომენტისათვის აღნიშნულ სუბიექტზე საგადასახადო იპოთეკის შესახებ ძალაში მყოფი მონაცემები, რისი საფუძველიც გახდა ყოფილი მესაკუთრის - ი/მ ,,ვ. ქ-ის” მთელ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
სასამართლოს მოსაზრებით ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლით აღნიშნული ნორმა ტექნიკურ ხარვეზად მიიჩნევს დოკუმენტაციიდან მონაცემის უნებლიედ დაშვებული შეცდომით გადატანას რეგისტრირებულ მონაცემში და მარეგისტრირებელ ორგანოს ავალდებულებს ამგვარი ტექნიკური ხარვეზის გასწორებას. ნ. გ-ის სახელზე გაცემულ 2012 წლის 23 მაისის ამონაწერში კი აისახა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 13 თებერვლის №0381002344/3 გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული საგადასახადო იპოთეკა, რომელიც არ ყოფილა გაუქმებული კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანას ადგილი არ ჰქონია, რაც გამორიცხავს აღნიშნულ ამონაწერში ტექნიკური ხარვეზის არსებობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება;
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული სასამართლოს დასკვნები სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე. შესაბამისად, ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილი, რადგან უძრავი ქონება, რომელიც ნ. გ-ემ 2006 წლის 24 ნოემბერს შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვ. ქ-ისაგან და ა/მ წლის 18 დეკემბერს დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში მის საკუთრებად, არ იყო დაყადაღებული ან უფლებრივად დატვირთული, რაც დასტურდება 2006 წლის 22 ნოემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და ასევე 2006 წლის 22 ნოემბრის N3781 ცნობით ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მოთხოვნა, რომ რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. კასტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნა უფლების რეგისტრაციის განხორციელების შესახებ უძრავ ქონებაზე, ნ. გოგოძის საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, ანუ როდესაც უძრავი ქონება სხვა პირის საკუთრებაში იყო, რითაც დაარღვია და არ გამოიყენა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებში დაცული 2006 წლის 24 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვ. ქ-მა გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე 8 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, როგორც უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, საკუთრებაში გადასცა ნ. გ-ეს. ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით, მოცემული ხელშეკრულების სანოტარო აქტი ემყარება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2006 წლის 22 ნოემბერს გაცემულ ამონაწერს, რომლის თანახმად გარდაბნის რაიონის სოფელ ... (შემდგომში, ქ. თბილისი, სოფ. ...) მდებარე უძრავ ქონების (საკადასტრო კოდით №...) მესაკუთრეა ვ. ქ-ი, იპოთეკისა და ვალდებულების განყოფილება არ მოიცავს რაიმე ინფორმაციას საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის არსებობის შესახებ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 25.03.2008) დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე მდებარე გარდაბნის რაიონის, სოფელი ..., საკადასტრო კოდი №.... გ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2006 წლის 18 დეკემბერს. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2008 წლის 25 მარტისა და 2010 წლის 29 დეკემბრის ამონაწერები გარდაბნის რაიონის სოფელ ... (შემდგომში, ქ. თბილისი, სოფ. ...) მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით №... საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ რაიმე ინფორმაციას არ შეიცავს.
საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული 2012 წლის 23 მაისის ამონაწერით დადასტურებულია ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისი, სოფელ ... (გარდაბნის რაიონი, სოფ. ...) მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულია რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 13 თებერვლის №318/გ შეტობინების საფუძველზე ი/მ ,,ვ. ქ-ის” მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
2012 წლის 23 მაისს, ნ. გ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და საჯარო რეესტრის ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის გასწორება მოითხოვა, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმება უძრავ ნივთზე მდებარე - ქ. თბილისი, სოფ. ..., საკადასტრო კოდი №.... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 მაისის №882012228060-03 გადაწყვეტილებით ნ. გ-ეს უარი ეთქვა ტექნიკური ხარვეზის გასწორებაზე. 2012 წლის 13 ივნისს ნ. გ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 მაისის №882012228060-03 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 ივლისის №106392 გადაწყვეტილებით ნ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებში, რაც ასევე გაზიარებულ იქნა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ, აღინიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის (2006 წლის მოქმედი რედაქცია) თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდა ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს სახელმწიფოს მიერ საგადასახადო იპოთეკის/გირავნობის უფლების გაუქმების გარეშე, გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ არის გაუქმებული, ასახულ იქნა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების ამონაწერში. ამასთანავე, მოსარჩელეს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამონაწერის გაცემის დროს ხელმძღვანელობდა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 2006 წლის რედაქციით, რომელიც არ ითვალისწინებდა საჯარო რეესტრის მიერ მომზადებულ ამონაწერში რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის ასახვის ვალდებულებას. აღნიშნული დასაბუთება არ ემყარება კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ კანონის 2006 წლის მოქმედი რედაქციის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ამონაწერს საჯარო რეესტრიდან განმარტავდა, როგორც უძრავ ნივთზე გარიგების და სხვა სამართლებრივი მოქმედებისას საკუთრების ან სხვა სანივთო და ვალდებულებითი უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტს, კანონის აღნიშნული დათქმა უდავოდ მოიცავს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის თაობაზე დაინტერესებული პირის ინფორმირებულობას. ამდენად, მოსარჩელეს, რომელმაც შეიძინა უძრავი ქონება, მისი სამართლებრივი მდგომარეობის გაცნობის მიზნით ჰქონდა კანონიერი ნდობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული 2006 წლის 22 ნოემბრის ამონაწერის მიმართ, ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრების უსაფუძვლობას, რომ მოქმედი კანონმდებლობით მათ არ ეკისრებოდათ 2006 წელს ამონაწერში საგადასახადო იპოთეკის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის შეტანის ვალდებულება, ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი 2008 წლის 25 მარტსა და 2010 წლის 29 დეკემბერს მომზადებული ამონაწერებიც, სადაც ასევე ვერ ჰპოვა ასახვა გარდაბნის რაიონის სოფელ ... (შემდგომში, ქ. თბილისი, სოფ. ...) მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით №... საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ ინფორმაციამ. 2008 წლის 25 მარტს მომზადებული ამონაწერის დროს მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ კანონის მე-43 მუხლით ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან (შემდგომში – ამონაწერი) გაიცემა უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და საკუთრების უფლებების მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით. ამონაწერის ცნებისა და დანიშნულების ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს აგრეთვე ამჟამად მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის მე-10 მუხლიც, ამდენად, საჯარო რეესტრის ამონაწერით ხორციელდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საჯარო რეესტრში ყველა უფლებისა თუ ვალდებულების შესახებ რეგისტრირებული მონაცემების დაინტერესებული პირისთვის გაცნობა. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესები უზრუნველყოფენ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. შესაბამისად, არ შეიძლება შემძენს მოეთხოვოს შესაძენი უფლების შესახებ იმაზე მეტის ცოდნა, რაც კანონით არის დადგენილი. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზუმფციის აუცილებლობა ნაკარნახევია ერთ შემთხვევაში იმით, რომ უძრავი ნივთის შეძენისას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს ჰქონდეთ რეესტრის ჩანაწერების მიმართ ნდობა, ხოლო მეორე შემთხვევაში მათ არ მოეთხოვოთ ისეთი ფაქტების ცოდნა, რაც აღემატება მათ შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ მოქალაქის ნდობა მმართველობის ორგანოს ქმედებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უძრავი ქონების შეძენის მომენტისათვის მოქმედ საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-13 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლითაც ქონების გამსხვისებელთან მიმართებით საგადასახადო ორგანო ცნობას (სათანადო აღნიშვნით) გასცემს იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების გასხვისებას ახორციელებს აღიარებული საგადასახადო ვალდებულების მქონე პირი, რომლის არსებული დავალიანება აღემატება სარეალიზაციო თანხის 70 პროცენტს, და ამ პირობებში ქონებიდან ამონაგების არანაკლებ 70 პროცენტი მიიმართება საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად. ამასთანავე, აღნიშნული ოპერაციის შემდეგ გადამხდელს დარჩენილი დავალიანების დასაფარავად რჩება სხვა აქტივები, ანუ აღნიშნული ნორმით, ქონების ღირებულების 70%-ის გადახდის სანაცვლოდ გამსხვისებელი იძენს ქონების განკარგვის უფლებამოსილებას, ამასთანავე, მას სხვა აქტივების ფარგლებში ეკისრება საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი ნაწილის დაფარვა, საგადასახადო ორგანოს მიერ გამსხვისებლისათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება კი უკავშირდება ახალ მესაკუთრეზე საგადასახადო ვალდებულებით უზრუნველყოფისგან ქონების განთავისუფლების პირობით გადასვლას. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული მუხლის მე-11 ნაწილის დანაწესზეც, რომლითაც ამ მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილების გათვალისწინებით ქონებაზე (გარდა ფასიანი ქაღალდებისა) საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ქონების გამსხვისებლის, მყიდველის, ჩუქებით (მემკვიდრეობით) მიმღების მიერ ქონების გადასახადის გადახდის ან ამ გადასახადში საგადასახადო ვალდებულების არარსებობის ფაქტი. ამასთანავე, ფიზიკური პირის მიერ თავის საკუთრებაში რიცხული ქონების გადასახადით დაბეგვრის დამოუკიდებელი ობიექტის (უძრავი ქონება, მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), თვითმფრინავები, შვეულმფრენები და მიწა) რეალიზაციისას ცნობა ქონების გადასახადის გადახდის ან ამ გადასახადში საგადასახადო ვალდებულების არარსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ გაიცემა გასასხვისებელი ობიექტის მიხედვით.
საქმეში დაცული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 15 დეკემბრის N12060 ცნობის თანახმად, ვ. ქ-მა ნ. გ-ეზე გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული 0,80 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფ. .... ცნობა გაცემულია იმის გათვალისწინებით, რომ გამსხვისებლის მიერ ამონაგები თანხის 70 % გადახდილია ბიუჯეტში. როგორც ცნობაშია აღნიშნული, საგადასახადო ინსპექციამ მოცემული ცნობით დაადასტურა, რომ ამ ოპერაციის მიხედვით ვ. ქ-ის მიერ შესრულებულია საგადასახადო კოდექსის 217-ე (8-11) და 275 (11-13) მუხლების მოთხოვნები საშემოსავლო და ქონების გადასახადების კუთხით საგადასახადო ვალდებულების (აღიარების) ნაწილში.
საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 22 ნოემბრის №3781 ცნობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურმა დაადასტურა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით, 2006 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით ვ. ქ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მდებარე გარდაბნის რაიონი, ტაბახმელის საკრებულო, სოფ. ... (სარეგისტრაციო №...) ყადაღის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს გარდაბნის რაიონის, სოფ. ... მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით N...) ზემოაღნიშნული ცნობების გაცემა ხომ არ იყო განპირობებული საკუთრების განკარგვის დროს მოქმედი შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციებით, რომელიც ითვალისწინებდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისაგან კონკრეტული უძრავი ქონების განთავისუფლებას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ დაინტერესებული პირის არაინფორმირებულობა, სახეზე ხომ არ არის ქონების განკარგვის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 13 თებერვლის №318/გ შეტყობინებისა და ამ შეტყობინების რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ფაქტობრივი გარემოებები ამ კონკრეტულ ქონებასთან მიმართებაში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შესაბამის გამოკვლევასა და დასაბუთებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ განცხადების წარდგენისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 13 თებერვლის N0381002344/3 გადაწყვეტილების მიღება ემთხვევა დროის ერთი და იგივე პერიოდს, ამასთან, ისინი შესრულებულია არასამუშაო დროს- 2006 წლის 13 თებერვალს 00:00 სთ-ზე (ტ.1;სფ.117-118).
ამდენად, უძრავი ქონების გასხვისებისას მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის საფუძველზე უნდა გაირკვეს სადავო უძრავ ქონებას გასხვისებისას გადაჰყვა თუ არა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, თუ ამონაწერის მომზადების დროს დაშვებულ იქნა შეცდომა და შესაძლებელია თუ არა მიჩნეულ იქნეს იგი ტექნიკურ ხარვეზად და გასწორდეს ხარვეზის აღმოფხვრის წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
Tavmjdomare ლ. მურუსიძე
mosamarTleebi: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე