№ბს-481-469 (4კ-13) 10 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი-ანა ვარდიძე
კასატორები: თ. ს-ე, მ. ჩ-ე (მოსარჩელეები), წარმომადგენელი პ. კ-ე
კასატორი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე), წარმომადგენელი მ. ბ-ი
კასატორი: ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე), წარმომადგენელი ფ. ნ-ე
კასატორი: ნ. ა-ე (მესამე პირი), წარმომადგენელი ი. ნ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 17 თებერვალს თ. ს-ემ და მ. ჩ-ემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების – ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირად მიუთითეს ნ. ა-ე და მოითხოვეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 16 სექტემბრის №221 გადაწყვეტილების, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 მარტის №187 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2010 წლის 25 მაისს გაცემული №3905 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოსარჩელეთა სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ... ქ. №2/6-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 16 სექტემბრის №221 სადავო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2010 წლის 23 მარტის №187 გადაწყვეტილება, რის თაობაზეც მოსარჩელეებს ეცნობათ ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის 2011 წლის 6 იანვრის №12/23825-7 წერილით, თუმცა კომისიის სადავო 2010 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეებს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ და მათთვის უცნობი იყო რის საფუძველზე მოხდა მათ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. კომისიის სადავო გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა გააუქმა მოსარჩელეთა სახელზე არსებული რეგისტრაცია.
მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ არ არსებობდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობა. მოსარჩელეებმა ასევე უკანონოდ მიიჩნიეს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება თ. ს-ისა და მ. ჩ-ის სახელზე არსებული რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რამდენადაც რეგისტრაციის გაუქმებამდე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იყო იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა სზაკ-ის 54-ე და 58-ე მუხლების შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 16 სექტემბრის სადავო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი. აღნიშნული ფაქტი არ დასტურდებოდა არც რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მიმართ არსებული რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად მოითხოვეს ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა ქ. თბილისში, ... ქ. №2/6-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მიმდებარე 56კვ.მ მიწის ნაკვეთის კ. ა-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ და ამავე ჩანაწერის საფუძველზე გაცემული საინვენტარიზაციო გეგმების არაკანონიერად აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერი და არაკანონიერად იქნა აღიარებული აღნიშნული ჩანაწერის საფუძველზე გაცემული საინვენტარიზაციო გეგმები; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 16 სექტემბრის №221 გადაწყვეტილება ამავე კომისიის 2010 წლის 23 მარტის №187 ოქმის 29-ე საკითხის ბათილად ცნობის ნაწილში; ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ერთი თვის ვადაში; სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 16 სექტემბრის №221 გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ძალაში იყო შესული და სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო აღნიშნული აქტის საფუძველზე განეხორციელებინა სადავო რეგისტრაცია. ტექაღრიცხვის სამსახურის საარქივო მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №2/6-ში მდებარე 55 კვ.მ მიწა კ. ა-ის სახელზე აღრიცხული იყო 1990 წელს, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში კ. ა-ეზე ... ქ. №2/6-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე მემკვიდრეობის გადაფორმებისათვის გაცემულ ცნობაში პირვანდელი ინვენტარიზაციის დროს მიწის ნაკვეთის ფართად მითითებულ 179კვ.მ-ში არ შედის 55 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 1956 წლის 11 დეკემბერს აღნიშნულ მისამართზე მდგომი დამხმარე სათავსო გადაკეთდა საცხოვრებლად, გამოეყო ... ქ. №2/6-ში მდებარე სამოსახლო ნაკვეთს და შევიდა ... ქ. №2-ში მდებარე მეზობელ სამოსახლო ნაკვეთში. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა ხსენებული დოკუმენტის (ცნობა-დახასიათების) გაცემის დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ა-ეს სადავო მიწის ნაკვეთის ტექაღრიცხვის სამსახურში მის სახელზე აღრიცხვის დროისათვის მასზე მფლობელობა შეწყვეტილი ჰქონდა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის, 9.1 მუხლის, 26.1 მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რამდენადაც სარეგისტრაციო სამსახურს სხვა დოკუმენტებთან ერთად წარედგინა ძალაში შესული სამართლებრივი აქტი - საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 16 სექტემბრის №221 გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებდა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობის ფაქტს. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში 1990 წელს კ. ა-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის აღრიცხვა, ვინაიდან აღნიშნული დროისათვის ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობაზე კ. ა-ეს შეწყვეტილი ჰქონდა მფლობელობა. შესაბამისად, უძრავი ქონების კ. ა-ის სახელზე აღრიცხვა არ ასახავდა რეალურად არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მდგომარეობას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა აღრიცხვის დროისათვის მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილზე კ. ა-ის მფლობელობის ფაქტი, რაც გამორიცხავს მის სახელზე ამ ნივთის აღრიცხვის შესაძლებლობას. სადავო ჩანაწერით პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგებათ მოსარჩელეებს. აღნიშნულის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არაკანონიერად უნდა იქნეს აღიარებული საინვენტარიზაციო გეგმები, რამდენადაც ისინი მომზადებული და გამოცემულია ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ განხორციელებული არასწორი ჩანაწერის საფუძველზე და მათში ასახული მიწის ნაკვეთის უფლებრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ამ ნივთის გრაფიკულ ნაწილს, რითაც დაირღვა „ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მუშაობის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 20 დეკემბრის №15-1 გადაწყვეტილებით დადგენილი თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მომსახურების ორგანიზების წესი, რომლის მიხედვით, საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება-გაცემა მოიაზრებდა შეკვეთის გაფორმებას, განცხადების გაცნობას, ადგილზე გასვლას, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის დათვალიერებას, ცალკეული შენობების დაგეგმარებაში კალკაზე ამოტუშვას, გეგმის ამოხაზვას. ამდენად, მოთხოვნის ამ ნაწილში სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სარჩელი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ... ქ. №2/6-ის მიმდებარე სადავო მიწის ნაკვეთის კ. ა-ის სახელზე აღრიცხვა, აღნიშნული წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ გარემოებას, რომლის გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოპასუხემ უნდა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ მიწის ნაკვეთის მოსარჩელეთა სახელზე დაკანონების თაობაზე 2010 წლის 23 მარტის №187 საოქმო გადაწყვეტილების 29-ე საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო 2010 წლის 16 სექტემბრის №221 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის მონაცემებში რეგისტრაციის აღდგენის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა ცალსახად არის დაკავშირებული და შესაძლებელია გადაწყდეს მხოლოდ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ აქტის გამოცემის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებდა აღნიშნულ მოთხოვნაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, თ. ს-ემ და მ. ჩ-ემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა და ნ. ა-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ა-ემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა და ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენეასი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება ტექნიკური ინვენტარიზაციის სასმახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის და ჩანაწერის საფუძველზე გაცემული საინვენტარიზაციო გეგმების არაკანონიერად აღიარების, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 16 სექტემბრის N221 გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობის და კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში. მითითებულ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ერევნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ 2005 წლის 29 დეკემბერს შედგენილ ბარათზე (კუთხეში არსებული მინაწერით N7086), ნაძალადევის რ-ნში, ... ქუჩაზე, N2/6 რეგისტრირებული ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში - უფლებით პირებზე (1. ა-ე კ.; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 1974 წლის 10 ოქტომბრის N29მ-264 სამემკ. მოწმობა, ნოტ. ვაშაკიძე). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გრაფაში ,,მიწის ნაკვეთის სართო ფართობი“-ჩამატებულია-,,არასას. სამეურ“ და შესწორებულია ციფრი ,,178“; ასევე ჩამატებულია -,,55მ2აღრ. 1990წ“.; მითითებულია: ,,მიწის ნაკვეთის ფართობი უფლების დამადასტურებელი საბუთით-123კვ.მ. ასევე შესწორებულია შენობა-ნაგებობის ტენიკური მაჩვენებლები, კერძოდ: გრაფა ,,დამხმარე ნაგებობა“ ციფრი ,,32,0“, ხოლო გრაფაში ,,უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე არსებული ფართობი“ ,,31“. გადახაზულია. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ,,ჩამატებებისა“ და ,,ჩასწორებების“ გაკეთებისას არ არის დაცული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. ბარათზე არსებული მონაწერის თანახმად, გაიცა ანალოგიური 2007 წლის 21 მარტს და 2007 წლის 20 ნოემბერს. საგულისხმოა, რომ ბარათს ხელს არ აწერს არქივარიუსი.
სააღრიცხვო საქმის (2108 -დედანი) მასალების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ სააღრიცხვო საქმეში (N2108) განთავსებული დოკუმენტებით არ დასტურდება კ. ა-ის სახელზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ... ქუჩა N2/6-ში 55 კვ.მ. ფართის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის 1990 წლამდე აღრიცხვა. სააღრიცხვო საქმეში (2108) განთავსებული 1986 წლის 11 მარტის წლის შეფასების ნაერთი ფართის აქტის (აკინძული საქმის ბოლო დოკუმენტი) შემდგომი მომდევნო დოკუმენტი (საქმეზე თანდართული) - ,,საინვენტარიზაციო გეგმა“ (არ არის ხელმოწერილი საამისოდ უფლებამოსილი (გეგმაზე მითითებული) პირების მიერ და არ არის დამოწმებული სამსახურის ბეჭდით), რომელშიც პირველად მიეთითა მიწის ნაკვეთის ფართი-178კვ.მ (123კვ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით და 55კვ.მ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე) შედგენილი იქნა 2003 წლის 4 მარტს თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლების გამო არ გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის მითითება სააღრიცხვო საქმის (N2108) პირველ გვერდზე განთავსებულ ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ერთერთ ქვეგრაფაში (10,14,19 N 20) არსებულ მინაწერზე ,,178 TN 90”, რადგან აღნიშნულით არ დგინდებოდა კ. ა-ის სახელზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ... ქუჩა N2/6-ში 55 კვ.მ. ფართის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის 1990 წლამდე აღრიცხვა.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №221) ნ. ა-ის (საკითხი N41) განცხადების (N12/91488) განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება - სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კერძოდ: ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 მარტის (ოქმი №187; საკითხი N29) გადაწყვეტილებით, მ. ჩ-ესა და თ. ს-ეს ... ქუჩა N2/6-ის მიმდებარედ, მდებარე 58 კვ.მ. ფართი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლება ეღიარათ, როგორც მათი საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე, მათ მიერ თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთზე. 2010 წლის 25 მაისს გაცემულ საკუთრების მოწმობაშიც (N3905) მიეთითა - ... ქ.N2/6 მიმდ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ფართობით 58კვ.მ. (იხ.ს.ფ.100-101; 106 ტ-I). ამასთანავე საქმის მასალებით დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩა N2/6 მიმდებარედ მდებარე 58კვ.მ. არსასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 1990 წლამდე ტექბიუროში აღირიცხა, ვინაიდან თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათების (მომზადების თარიღი: 13/02/2009 წ.) თანახმად, ... ქუჩა N2/6-ში მდებარე (და არა მიმდებარედ) 55 კვ.მ. არასაოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი უფლების დმადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხულია კ. ა-ეზე 1994 წლამდე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საგულისხმოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო გადაწყვეტილებით არ დგინდება მოსარჩელეები წარმოადგენენ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელებს თუ მათ ეს მიწის ნაკვეთი დაკავებული აქვთ თვითნებურად, როგორც მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა დახასიათება შესაბამის ნახაზებთან ერთად, რის გამოც მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, გამოკვლევა და მათი სამართლებრივი შეფასება წარმოადგენს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 იანვრის N21 ბრძანებულებაზე ,,ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესახებ“ (ძალადაკარგულია საქ. პრეზ. 09/08/2004 N416 ბრძანებულებით), რომლითაც ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესრულების, ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების შემდგომი სრულყოფის მიზნით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის საფუძველზე ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს დაევალათ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით სამსახურის დებულების დამტკიცება. ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 20 დეკემბრის N15-1 გადაწყვეტილებით ,,ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მუშაობის შესახებ“ მიღებული იქნა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის პროგრამა. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ,,მიუხედავად ჩატარებული მუშაობისა, ქ.თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საქმიანობა ხასიათდება მთელი რიგი ნაკლოვანებებით.“ ასევე აღინიშნა, რომ ,,განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ 1988 წლიდან დღემდე სამსახურის მიერ ქ. თბილისის ტერიტორიაზე არ არის ჩატარებული შენობა-ნაგებობების, კეთილმოწყობის ობიექტების, მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია“
ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 20 დეკემბრის N15-1 გადაწყვეტილებით განისაზღვრა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მომსახურების ორგანიზების წესი. მითითებული ,,წესის“ მე-2 მუხლით განისაზღვრა მოსახურების პირობები, საფუძველი, მოვალეობები. ამავე ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახური დებულების შესაბამისად თავისი კომპეტენციისა და დედაქალაქისათვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ქ. თბილისის ტერიტორიაზე ფიზიკურ და იურიდიულ პირების მოთხოვნით და მათ ხარჯზე მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათების, ძირითადი და მიმდინარე ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციის სამუშაოებს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, სამსახურს მთლიანობაში ეკისრება პასუხისმგებლობა გაწეული მომსახურების დოკუმენტაციის სრულყოფილებაზე, ამასთან ერთად, პერსონალურ პირებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე და მომსახურების გაწევაზე, ხოლო მე-7 ნაწილით სამსახური აწარმოებს 1997 წლის 25 ნოემბრამდე სამსახურში რეგისტრირებულ ქონების მფლობელ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმების ასლების და ტექნიკური პასპორტების, ტექნიკური ცნობა-დახასიათებების და დასკვნების, სხვადასხვა დამახასიათებელი ცნობების, პასუხების მომზადება- გაცემას. ამავე ,,წესის“ მე-4 მუხლით დადგენილი იქნა მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების, კეთილმოწყობის ობიექტების, მიწისქვეშა და მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების აღრიცხვა-დახასიათების, ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციის განხორციელებისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასაწევი მომსახურების სახეები, მათ შორის საინვენტარიზაციო გეგმის ასლის მომზადება - გაცემა (პუნქტი პირველი); მითითებული ,,წესის“ მე-5 მუხლით განისაზღვრა მომსახურების თვითეულ სახეობაში გასაწევი სამუშაოები, მათ შორის პირველი ნაწილის შესაბამისად, საინვენტარიზაციო გეგმის ასლის მომზადება - გაცემა შეკვეთის გაფორმება, განცხადების განხილვა, სააღრიცხვო ბარათის მოძებნა და არქივიდან გამოტანა, საბუთების გაცნობა, ადგილზე გასვლა, მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის დათვალიერება, ცალკეული შენობების დაგეგმარებაში ცვლილებების გამოვლენა და აღრიცხვა, კამერალური დამუშავება (შენობის გეგმის კალკაზე ამოტუშვა, გეგმის ამოხაზვა).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის N416 ბრძანებულების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების-ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაციის შესახებ“ თანახმად, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ლიკვიდირებული იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები - ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივი გადეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 იანვრის N21 ბრძანებულება ,,ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესახებ“.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის ინსტრუქციის’’ 13.5. მუხლის შესაბამისად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით მიწის ნაკვეთის ნაწილზე აღრიცხულია უფლება, ხოლო ნაწილი – როგორც თვითნებურად დაკავებული, საინვენტარიზაციო გეგმა უნდა გაიცეს მიწის ნაკვეთის უფლებააღრიცხული და თვითნებურად დაკავებული ნაწილების ფართობებისა და საზღვრების მითითებით. თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო ეყრდნობა ამ მონაცემებს, ხოლო, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით კონკრეტულად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობებს და საზღვრებს ადგენს აღნიშნული ნაწილების შეერთების წერტილების მიხედვით. ეს პრინციპი არ მოქმედებს, თუ შენობა-ნაგებობა განლაგებულია მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილზე, ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავ ნივთზე არ არის აღრიცხული სახელმწიფოს ან სხვა პირის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან უძრავ ნივთზე ინფორმაციის ან ცნობა-დახასიათების გაცემისას მიუთითოს, რომ უძრავ ნივთზე უფლება არ არის აღრიცხული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის’’ 10-ე მუხლზე, რომელიც მოიცავს საკითხის ანალოგიურ მოწესრიგებას.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააღრიცხვო საქმის (N2108) მასალებით არ დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ... ქ. N2/6-ში 2003 წლის 04 მარტით დათარიღებული საინვენტარიზაციო გეგმა შედგენილი იქნა იმ დროისათვის მოქმედი თბილისის საკრებულოს 2000 წლის 20 დეკემბრის N15-1 გადაწყვეტილებით დადგენილი წესის შესაბამისად, ამასთანავე უძრავი ნივთის შესახებ, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური არქივში დაცული სააღრიცხვო საქმის (N2108) მასალებით არ დგინდება თუ კონკრეტულად, რომელ წელს განხორციელდა კ. ა-ეზე უფლების დმადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 55 კვ. მ. მიწის ნაკვეთის აღრიცხვა. საგულისხმოა, რომ სააღრიცხვო საქმეში განთავსებული საინვენტარიზაციო გეგმები თარიღდება 13.07.1983; 04.03.2003; 19.12.2005 წლებით და შეფასების ნაერთი ფართის აქტი თარიღდება11.03.1986 წლით. ამასთანავე 1986 წლის 11 მარტიდან (შეფასების ნაერთი ფართის აქტის შედგენის თარიღი) 2003 წლის 4 მარტამდე (საინვენტარიზაციო გეგმის შედგენის თარიღი) უფლებადამდგენი დოკუმენტის გარეშე 55 კვ. მ. მიწის ნაკვეთის კ. ა-ის სახელზე აღრიცხვის დამადასტურებელი საინვენტარიზაციო გეგმა ან სხვა რაიმე დოკუმენტი სააღრიცხვო საქმეში (N2108) დაცული არ არის. შესაბამისად, ითვლება, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კ. ა-ის სახელზე ირიცხებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 55 კვ. მ. მიწის ნაკვეთი დაფიქსირებული იქნა თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003 წლის 4 მარტს შედგენილი საინვენტარიზაციო გეგმით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება (სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს აქტი. 1986 წლის 11 მარტიდან 2003 წლის 4 მარტამდე შედგენილი საინვენტარიზაციო გეგმა, ცნობა დახასიათება და ა.შ,) რომლითაც დადასტურდებოდა კ. ა-ის სახელზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ... ქუჩა N2/6-ში 55 კვ.მ. ფართის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის 1990 წლამდე აღრიცხვა. სააპელაციო პალატამ ასეთ მტკიცებად არ მიიჩნია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის მითითება სააღრიცხვო საქმის (N2108) პირველ გვერდზე განთავსებულ ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ერთერთ ქვეგრაფაში (10,14,19N20) არსებული მინაწერი ,,178 TN 90”, რადგან ჩათვალა, რომ აღნიშნულით არ დგინდება კ. ა-ის სახელზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ... ქუჩა N2/6-ში 55 კვ.მ. ფართის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის 1990 წლამდე აღრიცხვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თამარ სარდანიძემ, მ. ჩ-ემ, ნ. ა-ემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა და ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.
კასატორმა- ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მან ნ. ა-ის განცხადება განიხილა და აღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით, კერძოდ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი აღრიცხულია ტექ.ბიუროში უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე კ. ა-ეზე, მიიღო გადაწყვეტილება 2010 წლის 23 მარტის (ოქმი N187) გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, რაც წარმოადგეს კანონის მოთხოვნის შესაბამისად მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და სახეზე არ არის მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორმა- ნ. ა-ემ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო 53 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არ იყო აღრიცხული 1990 წელს და საქმეში არ არის აღრიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამ არასწორი ფაქტობრივი გარემოების დადგენის შედეგად, არასწორია გადაწყვეტილების დასაბუთება და შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
კასატორმა- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასება მისცა ისეთ არაარსებით მტკიცებულებებს, როგორიც არის 2003 წლის 4 მარტის საინვენტარიზაციო გეგმა და ცნობა-დახასიათება, რომლებიც წარმოადგენენ ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტებს და შეფასების გარეშე დატოვა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები-ტექნიკური აღრიცხვის დოკუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც ნათლადაა დაფიქსირებული ტექბიუროს 1990 წელს ჩანაწერის განხორციელება სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ. აღნიშნულ სააღრიცხვო ბარათზე წლების მიხედვით აღირიცხებოდა ქ. თბილისში, ... ქ. N2/6-ში მდებარე უძრავი ნივთის ფართობი. მასზე ცალსახად ჩანს, რომ 1990 წლის ტექნიკური ინვენტარიზაციის დროს მიწის ნაკვეთის ფართობმა შეადგინა 178 კვ.მ..
კასატორებმა- თ. ს-ემ და მ. ჩ-ემ საკასაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღიარების კომისიის სადავო აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სრულად ექვემდებარება დაკმაყოფილებას და არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით დადგენილ რეჟიმში. კასატორის მოსაზრებით, ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის სადავო ჩანაწერის არსებობა წარმოადგენდა კომისიის იმ გადაწყვეტილების საფუძველს, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი იმავე კომისიის გადაწყვეტილება თ. ს-ისა და მ. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ ტექბიუროს ზემოხსენებული ჩანაწერი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი, ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად დაედო ზემოთხსენებული ჩანაწერი, მათ შორის, კომისიის სადავო გადაწყვეტილებას, გამოეცალა კანონიერი საფუძველი, რადგან, კომისიის სადავო გადაწყვეტილება სწორედ ტექბიუროს ჩანაწერს ეფუძნებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვათ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში დაცული მასალების მიხედვით, ქ. თბილისში, ... ქ. №2/6-ში მდებარე 63,58 კვ.მ შენობა-ნაგებობა, განთავსებული 123 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 2009 წლის 10 ოქტომბერს დარეგისტრირდა თ. ს-ისა და მ. ჩ-ის თანასაკუთრებად. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.6 მუხლის შესაბამისად, თ. ს-ე და მ. ჩ-ე კ. ა-ისათვის 35900 აშშ დოლარის 25%-ის გადახდის სანაცვლოდ ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ... ქ. №2/6-ში მდებარე 62,33 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის (ლიტ. „ა“ ნაგებობის (I სართული) თანამესაკუთრეებად. 2010 წლის 9 ნოემბერს ქ. თბილისში, ... ქ. №2/6-ში არსებული 123 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა მოსაჩელეებისა და ნ. ა-ის თანასაკუთრებად, ხოლო მასზე არსებული სახლთმფლობელობები – შენობა №2-დან 1-ლი სართული ფართით 63,58 კვ.მ მოსარჩელეების, ხოლო შენობა №2-დან სარდაფის სართული ნ. ა-ის საკუთრებად. მოსარჩელეებმა – თ. ს-ემ და მ. ჩ-ემ განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული, თვითნებურად დაკავებულ 58 კვ.მ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ეზოს, რომელიც უკავშირდებოდა მათ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობას, წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს და ისინი სარგებლობდნენ და ფლობდნენ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 მარტის №187 გადაწყვეტილებით ქ. ... ქ. №2/6-ის მიმდებარე 58 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება და გაიცა საკუთრების მოწმობა. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში მოსარჩელეთა თანასაკუთრებად დარეგისტრირდა 58 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნაკვეთის მისამართად მიეთითა ქ. თბილისი, ... ქ. №2/6-ის მიმდებარე. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან კომისიის 2010 წლის 16 სექტემბრის №221 სადავო გადაწყვეტილებით მესამე პირის – ნ. ა-ის განცხადების საფუძველზე, იმ მოტივით, რომ მოსარჩელეთათვის მიკუთვნებული სადავო მიწის ნაკვეთი ტექბიუროში რეგისტრირებული იყო მესამე პირის დედის – აწ გარდაცვლილი კ. ა-ის სახელზე. აღნიშნულის შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურმა 2011 წლის 11 იანვარს სადავო გადაწყვეტილებით გააუქმა მოსარჩელეთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა სახელზე არსებული რეგისტრაციის აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, რაც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ხოლო საკასაციო საჩივარი თ. ს-ესა და მ. ჩ-ეს არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ-ის 264.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 16 სექტემბრის N221 გადაწყვეტილების (ოქმი) ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ... ქ. N2/6 -ში მდებარე შენობა-ნაგებობის მიმდებარედ 56 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კ. ა-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერის კანონიერებასა და ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერის საფუძველზე გაცემული საინვენტარიზაციო გეგმების არაკანონიერად აღიარების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ დაუდგენელია კ. ა-ის სახელზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ... ქუჩა N2/6-ში 55 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის 1990 წლამდე აღრიცხვა. აღნიშნული დასკვნა არ ემყარება საქმეში დაცული მტკიცებულებების სათანადო შესწავალსა და მათ სწორ შეფასებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ტ.1;სფ. 246-ზე არსებულ ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის ბარათზე, რომელიც წარმოადგენს ტექბიუროში განხორციელებული ინვენტარიზაციისა და აღრიცხვების დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნულ სააღრიცხვო ბარათზე წლების მიხედვით დაანგარიშებულია ქ. თბილისში, ... ქ. N2/6-ში მდებარე ფაქტობრივად და სამართლებრივად დაკავებული სახლთმფლობელობა. მინაწერი ,,178 ТИ 90’’ მსგავსად სხვა მინაწერებისა ადასტურებს ინვენტარიზაციის ჩატარების წელს და შესაბამის შედეგს, რომლის მიხედვით 178 კვ.მ. ოდენობის მიწის ნაკვეთი 1990 წელს აღირიცხა კ. ა-ის სახელზე. ტექნიკური ინვენტარიზაციის სააღრიცხვო ბარათში წარმოდგენილია ასევე უძრავი ქონების გრაფიკული მონაცემები, სადაც წლების მიხედვით დატანილია მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის კონფიგურაციული ცვლილებები, საღრიცხვო ბარათის გრაფიკულ ნაწილზე ბოლო ცვლილებების განხორციელება დადასტურებულია უფლებამოსილი პირის ხელმოწერით: ,,ცვლ. დავიტანე 14.05.90, მოდებაძ.’’ საგულისხმოა, რომ ტექბიუროში აღრიცხული გრაფიკული ნაწილი ვიზუალურად ზუსტად იგივე კონფიგურაციით არის წარმოდგენილი, რომელზეც დღეის მდგომარეობით მოსარჩელეები, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე აცხადებენ პრეტენზიას. სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ტექბიუროს სააღრიცხვო ბარათზე 1990 წელს არ ფიქსირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რაიმე ჩანაწერის განხორციელება. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასაბუთებას ასევე გაქარწყლებულია ტ.1.სფ.252-ზე წარმოდგენილი ,,ფორმა 5-ით’’, სადაც დეტალურადაა დაანგარიშებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართი, რამაც საბოლოოდ შეადგინა 178 კვ.მ., სააღრიცხვო ბარათში დაცული თითოეული დოკუმენტი ხელმოწერილია (შესრულება დადასტურებულია) ტექბიუროს თანამშრომლის მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს 1983 წლის 13 ივლისს შესრულებულ კ. ა-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების ამსახველ საინვენტარიზაციო გეგმაზეც, რომლის გრაფიკულ მონაცემებში დატანილია სადავო მიწის ნაკვეთი ფართი დაანგარიშების გარეშე, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მსგავსი კონფიგურაციით ფაქტობრივად მითითებულ მისამართზე არსებულ სახლთმფლობელობას უკავია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ 2003 წლის 4 მარტის საინვენტარიზაციო გეგმაზე დაყდნობით იმაზე მითითება, რომ 2003 წლამდე ტექბიუროში კ. ა-ის სახელზე სადავო მიწის ფართი აღრიცხული არ იყო. მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1990 წელს, როდესაც კ. ა-ის სახელზე აღირიცხა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 55 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, კ. ა-ე წარმოადგენდა მის მომიჯნავედ ქ. თბილისში, ... ქ.2/6-ში მდებარე კანონიერ სარგებლობაში არსებული სახლთმფლობელობის (მიწის ნაკვეთის ფართობია 123 კვ.მ.) მესაკუთრეს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 1990 წელს ტექნიკური ინვენტარიზაციის შედეგად, ტექბიუროს, როგორც შენობა-ნაგებობის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის ოდენობა იყო 178 კვ.მ.. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ უკანონოდ აღირიცხა ტექბიუროში კ. ა-ის სახელზე 1990 წელს სადავო მიწის ნაკვეთი, რამდენადაც მას ქ. თბილისში, ... ქ. №2/6-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე შეწყვეტილი ჰქონდა მფლობელობა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეები - მ. ჩ-ე და თ. ს-ე ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ... ქ. №2/6-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეებად და კ. ა-ისათვის თანხის გადახდის სანაცვლოდ ცნობილ იქნენ ფართის თანამესაკუთრეებად (იხ. ს.ფ. 160-166; ტ.I). ამდენად, მოსარჩელეები სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოადგენდნენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს, შესაბამისად, სადავო ფართის მესაკუთრედ ამ დრომდე რჩებოდა კ. ა-ე, რის გამოც დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომ ტექბიურო არ იყო უფლებამოსილი კ. ა-ის სახელზე აღერიცხა სადავო ფართი.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, ... ქ. 2/6-ში 2003 წლის 4 მარტით დათარიღებული საინვენტარიზაციო გეგმა შედგენილია ამ პერიოდისათვის მოქმედი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც 2003 წლის 4 მარტით დათარიღებული, ასევე შემდგომ წლებში გაცემული საინვენტარიზაციო გეგმები წარმოადგენს სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მომზადებულ საჯარო ინფორმაციას, რომლებიც ადასტურებდს მიწის ნაკვეთის ფართობსა და კონფიგურაციას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 16 სექტემბრის N221 გადაწყვეტილება (ოქმი) იმავე კომისიის 2010 წლის 23 მარტის N187 ოქმის 29-ე საკითხის ბათილად ცნობის ნაწილში კანონშესაბამისია, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 მარტის №187 გადაწყვეტილებით ქ. ... ქ. №2/6-ის მიმდებარე 58 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება და გაიცა საკუთრების მოწმობა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან კომისიის 2010 წლის 16 სექტემბრის №221 სადავო გადაწყვეტილებით მესამე პირის – ნ. ა-ის განცხადების საფუძველზე, იმ მოტივით, რომ მოსარჩელეთათვის მიკუთვნებული სადავო მიწის ნაკვეთი ტექბიუროში რეგისტრირებული იყო მესამე პირის დედის – აწ გარდაცვლილი კ. ა-ის სახელზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტზე, რომლითაც თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მე-41 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ამდენად, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, მათი შესწავლის საფუძველზე, მიიჩნია რა სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებად (საინვენტარიზაციო გეგმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 22 ივნისის N122859 წერილი), ბათილად სცნო ამავე კომისიის 2010 წლის 23 მარტის სხდომის N187 ოქმის 29-ე საკითხად მიღებული გადაწყვეტილება, რამდენადაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის პირობებში მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დადგენა გამორიცხავს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომ ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად გამოკვლეულ იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ს-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ნ. ა-ის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლოს სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გათვალისწინებით, მოსარჩელეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ-600 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საკასაციო ინსტანციაში გადახდილი 300-300 ლარის), ხოლო ნ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 750 ლარის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სააპელაციო სასამართლოში- 150 ლარის, საკასაციო სასამართლოში- 300-300 ლარის) ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ. ს-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ს-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. თ. ს-ესა და მ. ჩ-ეს სოლიდარულად დაიკისროთ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასარგებლოდ 600 ლარის, ხოლო ნ. ა-ის სასარგებლოდ -750 ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
მ. ვაჩაძე