Facebook Twitter
საქმე №ბს-460-454 (კ-კს-14) 25 სექტემბერი, 2014 წ.
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.14წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ხ-მა სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, კერძოდ, გამგებლის მოადგილის ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.06.13წ. №23 დადგენილების 56-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 05.07.13წ. N329 ბრძანების ნაწილობრივ, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 06.11.13წ. №71 განკარგულების, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 12.11.13წ. №8 წერილით მიღებული გადაწყვეტილების, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 08.01.14წ. №154 ბრძანების ბათილად ცნობა, ნ. ხ-ის დაუყოვნებლივ აღდგენა დუშეთის მუნიციპალიტეტის ... თანამდებობაზე იმავე პირობებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ნ. ხ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება, მისი თანამდებობაზე არ ყოფნის მთელი პერიოდისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 06.03.14წ. გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.06.13 წ. №23 დადგენილების 56-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 08.01.2014 წ. №154 ბრძანება და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ნ. ხ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) ლარი. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.14წ. განჩინებით ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ნ. ხ-მა 25.06.14წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, დამატებითი განჩინების მიღებისა და განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.07.14წ. განჩინებით ნ. ხ-ს უარი ეთქვა დამატებითი განჩინების მიღებასა და განჩინებაში უსწორობის გასწორებაზე, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.07.14წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილეის მიღება მოითხოვა, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება სარჩელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.14წ. განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ლ. მურუსიძე


მ. ვაჩაძე