Facebook Twitter
№ბს-367-363(კ-14) 20 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი



ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე


საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე;

კასატორი (მესამე პირი) – ვ. ჯ-ი; წარმომადგენელი - კ. ჩ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე (სარჩელზე მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი - შ. ბ-ი;


მოწინააღმდეგე მხარე (სარჩელზე მოპასუხე) - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ. ჯ-ი; წარმომადგენელი - ხ. გ-ი;

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


მოსარჩელე: ქ. ჯ-ი;
წარმომადგენელი - ხ. გ-ი;

მოპასუხეები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - ს. შ-ა;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი - მ. უ-ი;

მესამე პირი - ვ. ჯ-ი;

წარმომადგენელი - კ. ჩ-ი;


სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

სარჩელის საგანი:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ნოემბრის №882010861247-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

2. 1984 წლის 25 ოქტომბრის დუშეთის რაიონის სოფელ ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების, რომლითაც ... მცხოვრებ ვ. ჯ-ს დაეწერა თავის დედამთილისეული საკარმიდამო ნაკვეთი - 0,25 ჰექტარი მიწის ფართობი, ბათილად ცნობა;

3. 1985 წლის 28 მარტის დუშეთის რაიონის სოფელ ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული №15 გადაწყვეტილების, რომლითაც ... მცხოვრებ ვ. ჯ-ს დაუმტკიცდა საცხოვრებელი სახლისა და გარაჟის აშენების თაობაზე მშენებლობის პროექტი, ბათილად ცნობა.


სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი: თ. ჯ-ი გარდაიცვალა 1983 წელს, იგი ფლობდა გარკვეული ოდენობის მიწის ნაკვეთს და წარმოადგენდა კომლის ბოლო წევრს. მისი გარდაცვალების შემდეგ, კანონიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთიდან - 1500 კვ/მ მიწის ნაკვეთს, სოფლის კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1991 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, ფლობდა ი. ჯ-ი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე - ქ. ჯ-ი და მისი ოჯახი. მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთს ფლობდა ი. ჯ-ის გარდაცვლილი ძმის მეუღლე - ვ. ჯ-ი.
2011 წლის 13 აპრილს მოსარჩელემ მიიღო ზოგადი მემკვიდრეობა და 2011 წლის 18 აპრილს მიმართა დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლის 2011 წლის 18 აპრილის №882011181339-03 სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებს, რის გამოც დაევალა კორექტირებული ნაკვეთის ნახაზის წარმოდგენა. კერძოდ, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოყოლილია უკვე რეგისტრირებულ ვ. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ 2524 კვ/მ მიწის ნაკვეთში (...). ვ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა საარქივო ცნობა და გასაჩივრებული აქტები - 1984 წლის 25 ოქტომბრის დუშეთის რაიონის სოფელ ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და 1985 წლის 28 მარტის დუშეთის რაიონის სოფელ ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული №15 გადაწყვეტილება.


სამართლებრივი: მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე (იხ. ს.ფ. 1-17; ტ.1).


მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განჩინებით ქ. ჯ-ის განცხადება სარჩელის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ვ. ჯ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი - ...; დანიშნულება - სასოფლო -სამეურნეო; მდებარე - დუშეთის რაიონი სოფ. ...; ზონა - დუშეთი, სექტორი - ...; დაზუსტებული - 2524 კვ.მ.) სარეგისტრაციო წარმოება (იხ.ს .ფ. 77-79; ტ.1)

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ვ. ჯ-ის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მიიჩნიეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 96-106; 131-139; ტ.1ტ.1).

მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე გაზარდა სარჩელი და ასევე მოითხოვა 1984 წლის 25 ოქტომბრის დუშეთის რაიონის, სოფ. ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების, რომლითაც ... მცხოვრებ ვ. ჯ-ს დაეწერა დედამთილისეული საკარმიდამო ნაკვეთი 0,25 ჰა მიწის ფართობი და ასევე 1985 წლის 28 მარტის დუშეთის რაიონის სოფელ ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული №15 გადაწყვეტილების, რომლითაც ... მცხოვრებ ვ. ჯ-ს დაუმტკიცდა საცხოვრებელი სახლისა და ავტოფარეხის აშენების თაობაზე მშენებლობის პროექტი, ბათილად ცნობა.


მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ქ. ჯ-ის სარჩელი 1984 წლის 25 ოქტომბრის დუშეთის რაიონის, სოფ. ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების, რომლითაც ... მცხოვრებ ვ. ჯ-ს დაეწერა დედამთილისეული საკარმიდამო ნაკვეთი 0,25 ჰა მიწის ფართობი და ასევე 1985 წლის 28 მარტის დუშეთის რაიონის სოფელ ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული №15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება (იხ. 248-252; ტ.1).


მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ნოემბრის №882010861247-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განჩინება სარჩელის ღონისძიების გამოყენების თაობაზე (იხ. ს.ფ. 253-264; ტ.1).

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე გაასაჩივრა კერძო საჩივრით ქ. ჯ-მა (იხ. ს.ფ. 283; 28-32; ტ.1).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ჯ-მა და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ.ს .ფ. 8-17; ტ.2).


თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით ქ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (იხ. ს.ფ. 12-20; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით ქ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა მცხეთის რაიონულ სასამართლოს (იხ.ს .ფ. 37-45; ტ.2).


თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქ. ჯ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. ს.ფ. 55-56; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის განჩინებით ქ. ჯ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.ს .ფ. 93-97; ტ.2).


თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ქ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ქ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შეჩერდა საქმის წარმოება ქ. ჯ-ის მიერ აღძრულ სარჩელზე 1984 წლის 25 ოქტომბრის დუშეთის რ/ნ სოფ. ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებისა და 1985 წლის 28 მარტის დუშეთის რაიონის სოფელ ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის №15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, დავის დასრულებამდე, იმ საფუძვლით, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია ქ. ჯ-ის სარჩელი იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე (1984 წლის 25 ოქტომბრის დუშეთის რაიონის, სოფ. ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №4 და 1985 წლის 28 მარტის დუშეთის რაიონის სოფელ ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული №15 გადაწყვეტილება), რომლებმაც შექმნეს საფუძველი ვ. ჯ-ის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ნოემბრის №882010861247-03 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება შეუძლებელია 1984 წლის 25 ოქტომბრის დუშეთის რაიონის, სოფ. ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №4 ოქმისა და 1985 წლის 28 მარტის დუშეთის რაიონის სოფელ
... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული №15 გადაწყვეტილების კანონიერებაზე დავის გადაწყვეტამდე (იხ.ს .ფ. 47-50; ტ.3).


საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ის სარჩელი - 1984 წლის 25 ოქტომბრის დუშეთის რაიონის სოფელ ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №4 ოქმისა და 1985 წლის 28 მარტის დუშეთის რაიონის სოფელ ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული №15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

დუშეთის არქივის 2011 წლის 18 ივლისის №AA2011022478-09 საარქივო ცნობის თანახმად, ... სასოფლო საბჭოს 1980-1982 და 1983-1985 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, სოფელ ... თ. დ. ჯ-ის კომლი შედგებოდა ერთი წევრისგან: 1980-1982 წლები - ჯ-ი თ. დ., ოჯახის უფროსი; საცხოვრებელი სახლის აგების წელი - 1930; მიწა მეურნეობის პირად სარგებლობაში - 1980 წ. 1 იანვარი - 1982 წ. 1 იანვარი, სულ მიწა - 0.32 ჰა, მათ შორის, შენობების, ბუჩქნარის, ტყის, ხევის, ხრამისა და საზოგადოებრივი გზების ქვეშ 0,01 ჰა; 1982 წ. 1 ივნისი, სულ მიწა - 0,39 ჰა, მათ შორის, შენობების, ბუჩქნარის, ტყის, ხევის, ხრამისა და საზოგადოებრივი გზების ქვეშ 0,01 ჰა; 1983-1985 წლები - ჯ-ი თ. დ., ოჯახის უფროსი (გარდაიცვალა 1983 წ. 15 მარტს); საცხოვრებელი სახლის აგების წელი - 1930; მიწა მეურნეობის პირად სარგებლობაში: 1983 წ. 1 იანვარი, სულ მიწა - 0.39 ჰა, მათ შორის, შენობების, ბუჩქნარის, ტყის, ხევის, ხრამისა და საზოგადოებრივი გზების ქვეშ 0,01 ჰა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2012 წლის 26 დეკემბრის №76/306510 წერილით სასამართლოში გადმოგზავნილი ვ. ჯ-ის სახელზე სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის დროს შევსებული განცხადება-ანკეტის ასლით დასტურდება, რომ ვ. ჯ-ი 1977 წელს ჩაწერილი იყო ქ. თბილისში, ..., მე-4 კვ, პირველი კორპუსი. ამავე წერილზე თანდართული საინფორმაციო ბარათის თანახმად ვ. ჯ-ი 1995 წლის 11 მაისს დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ... ქ. №აბ 48-ში.

... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1984 წლის 25 ოქტომბრის №4 ოქმის თანახმად, ვ. ა. ჯ-ს გადაეწერა დედამთილისეული თ. დ. ჯ-ის საკუთრების მიწის ნაკვეთიდან 0.25 ჰა მიწის ფართობი.

... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის სხდომის 1985 წლის 28 მარტის №15 გადაწყვეტილებით დამტკიცდა სოფელ ... მცხოვრებ ვ. ა. ჯ-ის საცხოვრებელი ბინის, ავტოფარეხისა და გომურის მშენებლობის პროექტი.

... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1991 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სოფელ ... მცხოვრები ი. ჯ-ის თხოვნა აწ გარდაცვლილი დედისეული თ. ჯ-ის 1500 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე.

2010 წლის 2 ნოემბერს, ვ. ჯ-ის წარმომადგენელმა მიმართა დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს №2771371 განცხადებით (განცხადების მიღების ბარათი №882010861247), რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: დუშეთი, სოფელი .... განცხადებას თან ერთვის: ვ. ჯ-ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; შპს ,,...“ მიერ შესრულებული 2524 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული მართვის ორგანოს ... თემის 2010 წლის 2 ნოემბრის №254 ცნობა, რომლის თანახმად, ვ. ჯ-ი საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით დუშეთის რაიონის ... თემის სოფ. ... აწერია 0,25 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით №882010861247-03 დაკმაყოფილდა 2010 წლის 2 ნოემბრის №882010861247 განცხადება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე (მდებარე: დუშეთი, სოფ. ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ვ. ჯ-ის საკუთრების უფლება.

მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების მიერ 1995 წლის 20 ივლისს გაცემული გარდაცვალების მოწმობის ... თანახმად, ი. ს. ჯ-ი გარდაიცვალა 1994 წლის 27 ნოემბერს. ... სასოფლო საკრებულოს 1995 წლის 10 ივლისის №288 ცნობის თანახმად, სოფელ ... მცხოვრებ აწ გარდაცვლილი ი. ჯ-ს, საკომლო წიგნების ჩანაწერების თანახმად ერიცხებოდა 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი. 2011 წლის 13 აპრილის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ქ. ჯ-მა სრულად მიიღო მამკვიდრებლის - ი. ჯ-ის სამკვიდრო ქონება, შემავალი აქტივებითა და პასივებით.


2011 წლის 18 აპრილს, ქ. ჯ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: დუშეთის რაიონი, სოფელი .... განცხადებას თან ერთვის: დაინტერესებული პირის და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის არქივის 2011 წლის 6 აპრილის №AA2011009369-03 საარქივო ცნობა; 2011 წლის 13 აპრილის სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №110377177); შპს ,,წ...“ მიერ, 2011 წლის 22 მარტს შესრულებული 1500 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.


ქ. ჯ-ის 2011 წლის 18 აპრილის განცხადებაზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2011 წლის 18 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე - ვ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, საკადასტრო კოდით: ....

მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების მიერ 1983 წლის 19 სექტემბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, თ. დ. ჯ-ი გარდაიცვალა 1983 წლის 15 მარტს. ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1984 წლის 25 ოქტომბრის №4 ოქმის თანახმად, ვ. ა. ჯ-ს გადაეწერა თავის დედამთილისეული თ. დ. ჯ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 0.25 ჰა მიწის ფართობი. აღნიშნული რწმუნებულთა კრების 1991 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სოფელ ... მცხოვრები ი. ჯ-ის მოთხოვნა აწ გარდაცვლილი დედისეული თ. ჯ-ის 1500 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების მიერ 1995 წლის 20 ივლისს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ი. ს. ჯ-ი გარდაიცვალა 1994 წლის 27 ნოემბერს. ... სასოფლო საკრებულოს 1995 წლის 10 ივლისის ცნობის თანახმად, სოფელ ... მცხოვრებ აწ გარდაცვლილი ი. ჯ-ს, საკომლო წიგნების ჩანაწერების თანახმად ერიცხებოდა 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

სადავოა 1984 წლის 25 ოქტომბრის დუშეთის რაიონის სოფელ ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №4 ოქმისა და 1985 წლის 28 მარტის დუშეთის რაიონის სოფელ ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული №15 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი.

სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ჯ-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.


დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებს, რომ ვ. ჯ-ისთვის დედამთილისეული საკარმიდამო ნაკვეთის 0,25 ჰექტარი მიწის ფართობის გადაცემის მომენტისთვის იგი არ იყო ჩაწერილი სოფელ ..., რაც საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც დასტურდება, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან აღნიშნული გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათ მიმართ ვ. ჯ-ს აქვს კანონიერი ნდობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ, ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს, ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა უსაფუძვლოა, ვინაიდან ამ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაინტერესებულმა პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება - დაირეგისტრირა უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით და ააშენა საცხოვრებელი სახლი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით (ტ. 1, გვ.46) და ფოტოსურათებით (ტ. 1, გვ. 121-122). ამასთან სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რადგან სადავო აქტები გამოცეულია უფლებამოსილების ფარგლებში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს აღმჭურველი აქტების ბათილად ცნობას და არა არარად აღიარებას, რაც ადასტურებს, რომ თავად მოსარჩელეც არ მიიჩნევდა აქტებს არარად სარჩელის სასამართლოში წარმოდგენისას.


ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - 1984 წლის 25 ოქტომბრის დუშეთის რაიონის სოფელ ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების №4 ოქმისა და 1985 წლის 28 მარტის დუშეთის რაიონის სოფელ ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული №15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები (იხ. ს.ფ. 112-119; ტ4).


აპელანტი: ქ. ჯ-ი; წარმომადგენელი - ხ. გ-ი;

მოწინააღმდეგე მხარეები - 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური;

წარმომადგენელი - არ გამოცხადდა; 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; წარმომადგენელი - არ გამოცხადდა;

მესამე პირი - ვ. ჯ-ი; წარმომადგენელი - კ. ჩ-ი;

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 208-218; ტ.2/.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: 1983-1985 წლებში, ქალაქად მცხოვრებ პირს, კანონის საფუძველზე, შეეძლო ჰქონოდა სარგებლობაში სოფლად მხოლოდ 600 კვ.მ ოდენობის მიწის ნაკვეთი, რაც სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა. სასამართლოს არ უმსჯელია, არის თუ არა ვ. ჯ-ის, როგორც თბილისში მცხოვრები პირის მიმართ, კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერი.

სასამართლომ იურიდიული მნიშვნელობის გარემოებები არ შეაფასა სწორად, სახლის აშენება, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებად ვერ ჩაითვლება, როდესაც სახლი ექსპლუატაციაში დღესაც არ არის მიღებული, ხოლო რაც შეეხება ვ. ჯ-ის სახელზე მიწის რეგისტრაციას, განხორციელდა მხოლოდ 2000 წელს. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა აქტის საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელების თაობაზე.

აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 569-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვ. ჯ-ს ვერ გადაეცემოდა თ. ჯ-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, სასამართლოს აქტის კანონიერება უნდა დაედგინა, ვ. ჯ-ის მიერ უკანონოდ მიმართვისა და თავის მხრივ, კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების მიერ კანონის დარღვევით გადაცემის ჭრილში.

აპელანტი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ვ. ჯ-ის თბილისის გარდა სხვა სადმე ჩაწერის ფაქტი, რაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს მისი ცალკე კომლად ჩაწერის ფაქტს.

აპელანტმა მიუთითა გასაჩივრებული აქტების გამოცემისას მოქმედ მიწის კოდექსის 38-ე მუხლზე და განმარტა, რომ ისე მოხდა თ. ჯ-ის მიწის გადაცემა ვ. ჯ-ისათვის, რომ არ შეწყვეტილა მისი სარგებლობის უფლება და არ ჩარიცხულა საკოლმეურნეო ფონდში. აპელანტი მიწის კოდექსის 77-ე მუხლზე დაყრდნობით ასევე განმარტავს, რომ რამდენადაც ვ. ჯ-ი არ იყო სოფლად მცხოვრები პირი ან თ. ჯ-ის მემკვიდრე, მისთვის საერთოდ მამკვიდრებლის დანატოვარი მიწის ნაკვეთის და თანაც იმ ოდენობით გამოყოფა, იყო უკანონო, რადგან თავიდანვე მემკვიდრეების სარგებლობაში დარჩა მიწის ნაკვეთი, ხოლო კოლმეურნეობას არ უმსჯელია ამ მიწის ნაკვეთის დაბრუნებაზე კოლმეურნეობისათვის და მით უმეტეს ქალაქად მცხოვრები უცხო პირისათვის მამკვიდრებლის მიერ დანატოვარი მიწის ნაკვეთის იმ ოდენობით გადაცემა, უკანონოა.
მესამე პირის - ვ. ჯ-ის წარმომადგენელმა კ. ჩ-მა
სააპელაციო შესაგებლით მოითხოვა: სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ფაქტობრივი გარემოებები: არ მიუთითებია.

სამართლებრივი დასაბუთება: სადავო საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ, სადაც ცალსახად განისაზღვრა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის გავრცელების სფერო და საფუძვლები. გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტებს, რომლებიც გამოცემულია სზაკ-ის ამოქმედებამდე და ისიც უდავოა, რომ ამ აქტების საფუძველზე ვ. ჯ-მა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები, რაც გამოიხატა საკუთრების უფლების დარეგისტრირებაში.
მოწინააღმდეგე მხარეებს სააპელაციო შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.


თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომაზე ქ. ჯ-მა დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა დუშეთის რაიონის, სოფ. ...ს კოლმეურნეობის რწმუნებულთა 1984 წლის 25 ოქტომბრის კრების №4 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მხოლოდ 1161 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში, ხოლო სოფ. ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 28 მარტის №15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე თქვა უარი (იხ. ს.ფ. 205-213; ტ.5 სასამართლო სხდომის ოქმი).



სააპელაციო სასამართლოს განჩინება /სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დუშეთის რაიონის, სოფ. ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა 1984 წლის 25 ოქტომბრის კრების №4 საოქმო გადაწყვეტილება, ვ. ჯ-ისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის 0,25 ჰა დაწესების თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი 1161 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში; ქ. ჯ-ის მოთხოვნაზე დუშეთის რაიონის სოფ. ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 28 მარტის №15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ქ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ქ. ჯ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 217-230; ტ.4).


გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების არ გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 18 აპრილს ქ. ჯ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე დუშეთის რ-ნი, სოფელი ....
დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, ქ. ჯ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება - ვ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, საკადასტრო კოდით ... (რეგისტრირებული დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ნოემბრის #882010861247-03 გადაწყვეტილებით).

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან სარჩელის უარყოფის ერთადერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას სზაკ-ის 218.2 მუხლზე და თვლის, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე დადგენილი საკანონმდებლო შეზღუდვა განსახილველ შემთხვევაში არ გამორიცხავს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისი გამოცემის მომენტისათვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის საჭიროებას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დუშეთის რ-ნის სოფელ ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1984 წლის 25 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, რომელიც უფლებრივი თვალსაზრისით სარგებლობს დაცვის იმავე ღირსი ინტერესით, როგორითაც - მე-3 პირი. ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას საქმეზე, №ბს-201-195 (კ-09), რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,სზაკ-ის 218-ე მუხლი არ ვრცელდება ისეთი აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, რომლებიც ზღუდავენ მე-3 პირების უფლებას ან კანონიერ ინტერესებს, ანუ თუ სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა შეუძლებელია მოცემული აღმჭურველი აქტის გაუქმების გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ არ დაიშვება იურისდიქციის თვითნებური გადანაწილება სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სზაკ-ის 218-ე მუხლის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა არ საჭიროებს საკანონმდებლო საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის არ ზღუდავს სხვა პირის სამართლებრივ მდგომარეობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სზაკ-ის 218-ე მუხლი ვერ იქნება მიჩნეული სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვის ნებართვად, ამგვარი მიდგომა მოკლებულია რაიმე სამართლებრივ საფუძველს, აშკარად უპირისპირებს ხსენებულ ნორმას იერარქიით ზემდგომ, კერძოდ, კონსტიტუციურ ნორმებს, ფაქტობრივად უტოლდება სასამართლოს უფლებაზე უარის თქმას, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს ყველა სხვა უფლების გარანტიას.”

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სასამართლოს მიერ სზაკ-ის 218.2 მუხლზე მითითებით სადავო აქტის კანონიერების შეფასებისაგან თავის არიდება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აშკარა წინააღმდეგობაშია სადავო აქტის გამოცემის მომენტისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელის აწ გარდაცვლილი ბებიის და შესაბამისად მე-3 პირის ვ. ჯ-ის დედამთილის - თ. ჯ-ის კომლი შედგებოდა ერთი წევრისგან. დუშეთის არქივის 2011 წლის 18 ივლისის №AA2011022478-09 საარქივო ცნობის თანახმად, საკომლო წიგნების ჩანაწერებით, სოფელ ... თ. დ. ჯ-ს, ოჯახის უფროსს, 1980-1982 წლებში ერიცხება - საცხოვრებელი სახლი, აგების წელი - 1930; მიწა მეურნეობის პირად სარგებლობაში - 1980 წ. 1 იანვარი - 1982 წ. 1 იანვარი, სულ - 0.32 ჰა, მათ შორის, შენობების, ბუჩქნარის, ტყის, ხევის, ხრამისა და საზოგადოებრივი გზების ქვეშ 0,01 ჰა; 1982 წ. 1 ივნისი, სულ მიწა - 0,39 ჰა, მათ შორის, შენობების, ბუჩქნარის, ტყის, ხევის, ხრამისა და საზოგადოებრივი გზების ქვეშ 0,01 ჰა; 1983-1985 წლები - ჯ-ი თ. დ., ოჯახის უფროსი (გარდაიცვალა 1983 წ. 15 მარტს); საცხოვრებელი სახლის აგების წელი - 1930; მიწა მეურნეობის პირად სარგებლობაში: 1983 წ. 1 იანვარი, სულ მიწა - 0.39 ჰა, მათ შორის, შენობების, ბუჩქნარის, ტყის, ხევის, ხრამისა და საზოგადოებრივი გზების ქვეშ 0,01 ჰა. საქმეში წარმოდგენილი ... კოლმეურნეობის გამგეობის №421 ცნობის საფუძველზე, თ. ჯ-ს, ... კალინინის სახ. კოლმეურნეობის ზონარგაყრილი წიგნის საფუძველზე, უკავია 3 300კვ/მ მიწის ნაკვეთი.

... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1984 წლის 25 ოქტომბრის სადავო №4 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე დაკმაყოფილდა სოფ. ... მცხოვრები ვ. ა. ჯ-ის განცხადება, რომელიც ითხოვდა დედამთილისეული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის თავისზე გადაწერას და მითითებული ოქმით დედამთილის თ. დ. ჯ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ვ. ჯ-ს გადაეწერა 0,25 ჰა.

იმავე ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1991 წლის 03 აპრილის №3 ოქმის საფუძველზე დაკმაყოფილდა მოსარჩელის მამის აწ გარდაცვლილი ი. ს. ჯ-ის განცხადება და ი. ს. ჯ-ს მიეცა დედისეული მიწიდან 1500კვ/მ. ... სასოფლო საკრებულოს 1995 წლის 10 ივლისის ცნობის თანახმად, სოფ. ... მცხოვრებ აწ გარდაცვლილ ი. ჯ-ს, საკომლო წიგნების ჩანაწერით ერიცხება 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი.

ამრიგად დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილი თ. ჯ-ის სახელზე საკომლო ჩანაწერის საფუძველზე რიცხული მიწის ნაკვეთიდან 0,25 ჰა გადაეცა მის რძალს, ხოლო 0,15 ჰა მის შვილს - ი. ჯ-ს, რომლის კანონისმიერ მემკვიდრესაც წარმოადგენს მოსარჩელე ქ. ჯ-ი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ცნობის საფუძველზე დადგენილია და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოში არ წარმოდგენილა, რომ ვ. ჯ-ი დედამთილისეული მიწის ნაკვეთის 0, 25 ჰექტარის გადაცემის მომენტში ჩაწერილი არ იყო სოფელ ... და არ წარმოადგენდა სოფლად მცხოვრებ პირს. საყურადღებოა, რომ საკომლო წიგნების ჩანაწერების საფუძველზე ვ. ჯ-ის კომლის თაობაზე ჩანაწერი, ერთი წევრის შემადგენლობით, ფიქსირდება 1986 – 2005 წლებში. ამასთან ამავე ჩანაწერების საფუძველზე 1985-1995 წლებში მის სახელზე ირიცხება 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, სახლის გარეშე, ხოლო 2001-2005 წლებში საკომლო წიგნი ჩანაწერს მიწის თაობაზე არ შეიცავს.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის მიერ წარმოდგენილ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია, რა სამართლებრივი საფუძვლით გადაეცა 0,25 ჰა ვ. ჯ-ს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო აქტის გამოცემის მომენტში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომელიც მიწათსარგებლობის საკითხებთან დაკავშირებით ადგენდა სპეციალურ მოთხოვნებს და განსაზღვრავდა მიწის ზღვრულ ოდენობას, რომლის ფლობის უფლებაც პირს კანონით ჰქონდა მინიჭებული. მიწის კოდექსის 77-ე მუხლი განსაზღვრავდა საბჭოთა მეურნეობების მუშებისა და მოსამსახურეებისათვის და სხვა მოქალაქეებისათვის სარგებლობაში მისაცემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნორმებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით:
1) საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მუდმივ მუშებს, სპეციალისტებს და მოსამსახურეებს, რომლებიც სოფლად მუშაობენ და ცხოვრობენ გამოეყოფოდათ მიწის ნაკვეთი - 0,25 ჰექტრამდე; ყოფილ კოლმეურნეებს, რომლებიც მუდმივად სამუშაოდან გადავიდნენ საბჭოთა მეურნეობაში ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, კოლმეურნეობების სახელმწიფო საწარმოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნდებათ საკარმიდამო ნაკვეთები იმ ნორმით, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ კოლმეურნეობებში;
2) სახელმწიფო და საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მუშებს, მოსამსახურეებს, აგრეთვე მასწავლებლებს, ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ და მუშაობენ სოფლად - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად გამოეყოფოდათ- 0,25 ჰექტრამდე;
3) სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოქმედება, აგრეთვე სოფელში მცხოვრებ პენსიონერებსა და ინვალიდებს - 0,15 ჰექტრამდე;

სოფლად მცხოვრებ მუშებს, მოსამსახურეებს და სხვა მოქალაქეებს დაწესებული ნორმის ზევით სარგებლობაში შეიძლება დაუტოვონ მიწათსარგებლობის მოწესრიგების შედეგად წარმოქმნილი მიწის პატარა ნაკვეთები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით, თუ მათი გამოყენება კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების ან სხვა საწარმოებისა და ორგანიზაციების საწარმოო საჭიროებისათვის ან სხვა მოქალაქეებისათვის გადაცემა შეუძლებელია.

რამდენადაც დადგენილია, რომ ვ. ჯ-ი 1984 წლის 25 ოქტომბრისათვის არ მიეკუთვნებოდა სოფლად მაცხოვრებელ პირს, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობა მისთვის 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემის შესაძლებლობას არ ადგენდა.

იგივე მიწის კოდექსის 38.5 მუხლი მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძველს უკავშირებდა კომლის ან ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალების ფაქტს. თუმცა 39-ე მუხლი განსაზღვრავდა, რომ მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტა ხდებოდა მიწის ნაკვეთის გამომყოფი ორგანოს გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილებაში უნდა აღნიშნულიყო მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის ვადა, განსაზღვრულიყო მიწის ნაკვეთის შემდგომი გამოყენების, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - მასზე განლაგებული შენობების, ნათესებისა და ნარგავების გამოყენების პირობები.

ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმეში წარმოდგენილი ვერ იქნა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თ. ჯ-ისათვის გამოყოფილი ნაკვეთის, მისი გარდაცვალების მოტივით, საკოლმეურნეო ფონდში ჩარიცხვისა და შემდგომ მისი ხელახალი განაწილების ფაქტს. თუმცა, სააპელაციო სასამართლო ამ პირობებშიც გამორიცხავს ვ. ჯ-ისათვის 0,25ჰა-ს ოდენობით მიწის ნაკვეთის გადაცემის კანონიერებას, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, მისი სტატუსი არ იძლეოდა ამ ოდენობით მიწის ნაკვეთის მასზე გადაცემის შესაძლებლობას. რაც შეეხება დედამთილისაგან მიწის ნაკვეთის მემკვიდრეობით მიღებას, სააპელაციო სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს აღნიშნულზე მსჯელობას, რამდენადაც მითითებული ეწინააღმდეგება მემკვიდრეობით-სამართლებრივ ურთიერთობებს.

მოსარჩელის მამისათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთსა და მე-3 პირის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთს შორის ბუნებრივი გამყოფი მიჯნის არსებობა, მიწის ნაკვეთის 0,25 ჰა-ს ოდენობით გადაცემის კანონშეუსაბამობა და მოსარჩელის საკუთრების უფლების რეალიზების ხელშემშლელი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ გამორიცხა სზაკ-ის 218.2 მუხლის რეგულაციების დაშვების შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ მოთხოვნა ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1984 წლის 25 ოქტომბრის №4 საოქმო გადაწყვეტილების 1161 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილობის თაობაზე საფუძვლიანია და აქტი გასაჩივრებულ ნაწილში, როგორც კანონშეუსაბამო, ბათილად ცნო.


კასატორი (მესამე პირი): ვ. ჯ-ი; წარმომადგენელი - კ. ჩ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე (სარჩელზე მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი - შ. ბ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე (სარჩელზე მოპასუხე) - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ქ. ჯ-ი;
წარმომადგენელი - ხ. გ-ი;

კასაციის საგანი და მოცულობა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასაციის მოტივები/სამართლებრივი/:
პროცესუალური: გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებისა და 394-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

მატერიალური: კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ იწვევს იმ სამართლებრივ შედეგს, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერების მიხედვით, ვ. ჯ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ამონაწერი საკომლო წიგნიდან, რაც მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა, ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ბათილად ცნო სააპელაციო სასამართლომ 1161 კვ.მ. ფართის ნაწილში, არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს და ამასთან, კანონის შესაბამისად, სადავო არ გამხდარა საკომლო ჩანაწერები და ვ. ჯ-ის კომლად არსებობა, რაც ფაქტობრივად საფუძვლად დაედო ვ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას სზაკ-ის 218-ე მუხლის მოქმედების გავრცელებასთან მიმართებაში.

კასატორის - ვ. ჯ-ის წარმომადგენლის, კ. ჩ-ის წერილობითი მოსაზრება:

სამართლებრივი საფუძველი: მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მიადგა თუ არა ზიანი ქ. ჯ-ის მამკვიდრებელ ი. ჯ-ს ვ. ჯ-ის სახელზე 1984 წელს გამოცემული ადმინისტრაციული აქტით. უდავოა, რომ ი. ჯ-ს არანაირი ზიანი არ მიდგომია 1984 წელს ვ. ჯ-ისათვის 2500 კვ.მ მიწის ფართის გამოყოფის შესახებ რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით.

მოწინააღმდეგე მხარეებს საკასაციო სასამართლოში წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენიათ.

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია.

სსსკ-ის 218-ე მუხლის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საკასაციო სასამართლოს შეთავაზება მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების თაობაზე უშედეგო აღმოჩნდა(იხ.სხდომის ოქმი, ს.ფ. 276-281; 283; ტ.5) .


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას არ არის დაშვებული იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა, გამოეწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა, სასამართლომ სწორად შეუფარდა ნორმა სადავო სამართალურთიერთობას და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

პროცესუალური კასაციის წარმოდგენილი მოტივები არ ქმნის განჩინების საპროცესო დარღვევებით გამოტანილად მიჩნევის საპროცესო კანონით (სსსკ-ის 393.2. მუხლი) განსაზღვრულ შემთხვევას. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ სამართლებრივ არგუმენტაციას გადაწყვეტილების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე, კერძოდ, კასატორის არგუმენტი, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური
შეფასებიდან, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება შეამოწმა, როგორც სარჩელის ფაქტობრივ და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში, ასევე მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას საქმეზე არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული და დადგენილია კანონშესაბამისად, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქმის მასალების შესაბამისად: ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1984 წლის 25 ოქტომბრის სადავო №4 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე დაკმაყოფილდა სოფ. ... მცხოვრები ვ. ა. ჯ-ის განცხადება, რომელიც ითხოვდა დედამთილისეული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის თავისზე გადაწერას და მითითებული ოქმით დედამთილის თ. დ. ჯ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ვ. ჯ-ს გადაეწერა 0,25 ჰა (იხ. ს.ფ. 107; ტ.1).

იმავე ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1991 წლის 3 აპრილის №3 ოქმის საფუძველზე დაკმაყოფილდა მოსარჩელის მამის აწ გარდაცვლილი ი. ს. ჯ-ის განცხადება და ი. ს. ჯ-ს მიეცა დედისეული მიწიდან 1500კვ/მ. ... სასოფლო საკრებულოს 1995 წლის 10 ივლისის ცნობის თანახმად, სოფ. ... მცხოვრებ აწ გარდაცვლილ ი. ჯ-ს, საკომლო წიგნების ჩანაწერით ერიცხება 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი (იხ. ს.ფ. 182; ტ. 5).

2010 წლის 1 ნოემბრის №AA2010019903-03 საარქივო ცნობის შესაბამისად, დუშეთის არქივში დაცული ... საკრებულოს 1986-2005 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, სოფ. ... ვ. ჯ-ი კომლში მარტოა, 1985-1995 წლებში მის სახელზე ირიცხება 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, სახლის გარეშე, ხოლო 2001-2005 წლებში საკომლო წიგნი ჩანაწერს მიწის თაობაზე არ შეიცავს (იხ. ს.ფ. 49; ტ.1).

2010 წლის 2 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ვ. ჯ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა დუშეთის რაიონში, სოფ. ... 2524,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა №1 და №2, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2010 წლის 1 ნოემბრის №AA2010019903-03 საარქივო ცნობა (იხ. ს.ფ. 56; ტ.1).

დუშეთის არქივის 2011 წლის 18 ივლისის №AA2011022478-09 საარქივო ცნობის შესაბამისად, ... სასოფლო საბჭოს 1980-1982 და 1983-1985 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, სოფელ ... თ. დ. ჯ-ის კომლი შედგებოდა ერთი წევრისგან: 1980-1982 წლები - ჯ-ი თ. დ., ოჯახის უფროსი; საცხოვრებელი სახლის აგების წელი - 1930; მიწა მეურნეობის პირად სარგებლობაში - 1980 წ. 1 იანვარი - 1982 წ. 1 იანვარი, სულ მიწა - 0.32 ჰა, მათ შორის, შენობების, ბუჩქნარის, ტყის, ხევის, ხრამისა და საზოგადოებრივი გზების ქვეშ 0,01 ჰა; 1982 წ. 1 ივნისი, სულ მიწა - 0,39 ჰა, მათ შორის, შენობების, ბუჩქნარის, ტყის, ხევის, ხრამისა და საზოგადოებრივი გზების ქვეშ 0,01 ჰა; 1983-1985 წლები - ჯ-ი თ. დ., ოჯახის უფროსი (გარდაიცვალა 1983 წ. 15 მარტს ხაზია გადასმული); საცხოვრებელი სახლის აგების წელი - 1930; მიწა მეურნეობის პირად სარგებლობაში: 1983 წ. 1 იანვარი, სულ მიწა - 0.39 ჰა, მათ შორის, შენობების, ბუჩქნარის, ტყის, ხევის, ხრამისა და საზოგადოებრივი გზების ქვეშ 0,01 ჰა, ამავე საარქივო ცნობის შესაბამისად, ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1984 წლის 25 ოქტომბრის სადავო №4 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ვ. ა. ჯ-ს გადაეწერა თავისი დედამთილისეული თ. დ. ჯ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 0,25 ჰა მიწის ფართობი და შეტანილ იქნა ზონარგაყრილ წიგნში (იხ. ს.ფ. 213; ტ.1).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2012 წლის 26 დეკემბრის №76/306510 წერილით ვ. ჯ-ის სახელზე სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის დროს შევსებული განცხადება-ანკეტის ასლით დასტურდება, რომ ვ. ჯ-ი 1977 წელს ჩაწერილი იყო ქ. თბილისში, ..., მე-4 კვ, პირველი კორპუსი. ამავე წერილზე თანდართული საინფორმაციო ბარათის თანახმად ვ. ჯ-ი 1995 წლის 11 მაისს დარეგისტრირდა ქ. თბილისში ... ქ. №აბ 48-ში (იხ. ს.ფ. 46-48; ტ.3).

დუშეთის არქივის 2012 წლის 5 დეკემბრის №AA2012041753-04 საარქივო ცნობის შესაბამისად, დუშეთის არქივში დაცული, ... სასოფლო საბჭოს 1993-1985 წ.წ. სოფელ ... საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება ვ. ა. ჯ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: საცხოვრებელი სახლი არ წერია, 1985 წელი სულ მიწა 0,25 , დამატებითი ცნობები: დაეწერა ნაკვეთი ოქმი №4 ... რწმუნებულთა კრების მერ 25 ოქტომბერი 1984 წელი 0,25 ჰა. (იხ. ს.ფ. 80; ტ.4).

მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების მიერ 1995 წლის 20 ივლისს გაცემული გარდაცვალების მოწმობის ... თანახმად, ი. ს. ჯ-ი გარდაიცვალა 1994 წლის 27 ნოემბერს. ... სასოფლო საკრებულოს 1995 წლის 10 ივლისის №288 ცნობის თანახმად, სოფელ ... მცხოვრებ აწ გარდაცვლილ ი. ჯ-ს, საკომლო წიგნების ჩანაწერების თანახმად ერიცხებოდა 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი.
2011 წლის 13 აპრილის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ქ. ჯ-მა სრულად მიიღო მამკვიდრებლის - ი. ჯ-ის სამკვიდრო ქონება, შემავალი აქტივებითა და პასივებით.

2011 წლის 18 აპრილს ქ. ჯ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე დუშეთის რ-ნი, სოფელი ... (იხ. ს.ფ. 43; ტ.1).

დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, ქ. ჯ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება - ვ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, საკადასტრო კოდით ... (რეგისტრირებული დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ნოემბრის №882010861247-03 გადაწყვეტილებით.) (იხ. ს.ფ. 44; ტ.1).

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს, წარმოადგენს დუშეთის რ-ნის სოფელ ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1984 წლის 25 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილების მხოლოდ 1161 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის არ გამოყენებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმის სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1105-1074(2კ-10) – თ. ს-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - ქ. თბილისის მერიის მიმართ, მესამე პირის - ლ. ვ-ის მონაწილეობით და განმარტა, რომ: ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: ,,არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ან დადასტურებული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.


საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის ძირითადი მიზანი და ფუნქცია მდგომარეობს იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შედეგების დაცვასა და კანონიერი სამართლებრივი აქტის სტატუსის შენარჩუნებაში, რომლებიც შეესაბამებოდა მათი გამოცემის დროს მოქმედ სამართლებრივ აქტებს, ანუ იმ პერიოდისათვის მოქმედი სამართლებრივი წესრიგის შესაბამისად იქნა გამოცემული, მაგრამ წინააღმდეგობაში მოვიდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედების შედეგად აქტის მიღების, მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი მაღალი სამართლებრივი სტანდარტის მოთხოვნებთან, ანუ სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, კანონმდებელმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მითითებული ნორმის მეშვეობით დაადგინა დამცავი მექანიზმი მის ამოქმედებამდე გამოცემული აქტებისა და მათი სამართლებრივი შედეგების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218.2 მუხლით დადგენილი ერთგვარი იურიდიული იმუნიტეტი გამოყენებულ უნდა იქნეს არა კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული ყველა აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის, არამედ იმ შემთხვევებისათვის, როდესაც 2000 წლის 1 იანვრამდე გამოცემული აქტი შეესაბამება გამოცემის მომენტისათვის არსებულ ნორმატიულ მოთხოვნებს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებით განსაზღვრულ როგორც მატერიალურ, ისე ფორმალურ (პროცედურულ) მაღალ სტანდარტებს და სწორედ, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებლის - სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპის შენარჩუნების მიზნით აღნიშნულ ნორმას აქვს ერთგვარი შემაკავებელი დატვირთვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი გარკვეულწილად უფრთხილდება აღმჭურველი აქტის ადრესატის უფლებრივ მდგომარეობას და პრიორიტეტს ანიჭებს მისი სამართლებრივი ინტერესების დაცვას, რამდენადაც ამგვარი აქტის საფუძველზე განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის ქმედების ფაქტის არსებობის ხაზგასმა, გულისხმობს სწორედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის – კანონიერი ნდობის უფლების პატივისცემას, ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმებისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოქმედების პერიოდში (2000 წლის 1 იანვრიდან) დაუშვებელია ამ კოდექსით გარანტირებული პირის კანონიერი ნდობის უფლების შელახვა სხვათა სამართლებრივი ინტერესებისა და უფლებების დაცვის სანაცვლოდ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218.2 მუხლის როგორც თავდაპირველი, ასევე ამჟამად მოქმედი რედაქცია დაუშვებლად მიიჩნევს მის გამოყენებას იმ აქტების მიმართ, რომლის შესრულება გამოიწვევს დანაშაულს; ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. კოდექსში 2005 წლის 24 ივნისს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რომლის თანახმად, ზემოთ მითითებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები განისაზღვრა როგორც აქტის არარად აღიარებისა და ძალადაკარგულად გამოცხადების წინაპირობებად, ხოლო 218.2 მუხლის რედაქციაში ადეკვატური ცვლილების შეუტანლობა განხილულ უნდა იქნეს კანონმდებლობის ტექნიკური ხასიათის ხარვეზად და არ უნდა განიმარტოს, როგორც კანონმდებლის მხრიდან საგამონაკლისო შემთხვევებზე უარის თქმად. შესაბამისად, შეუძლებელია ნორმა იმგვარად გავიგოთ, რომ იგი არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით განსაზღვრულ არარა აქტების ან მე-601 და 61-ე მუხლებით დადგენილი აქტების მიმართ“.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის გამოყენება დასაშვებია: 1. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით; 2. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედებამდე; 3. თუ ამ აქტის საფუძველზე პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, რომელითაც შეილახა სხვა პირთა საკუთრების უფლება.

მითითებული ნორმის გამოყენებისას უნდა შემოწმდეს პირის კანონიერი ნდობის უფლება, ამ ინსტიტუტებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-192-184(3კ-13) – ნ. კ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირების - მ. მ-ისა და ა. ე-ის მონაწილეობით, საკასაციო სასამართლომ დაადგინა ამ ინსტიტუტის გამოკვლევისა და შეფასების სტანდარტი, რომელშიც განმარტა: ,,თუ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, ანუ ადრესატმა დახარჯა ის ფინანსური შემოსავლები (უმუშევრობის დახმარება, სტიპენდია, ერთჯერადი სოციალური დახმარებები და ა.შ.), რომელიც მან მიიღო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელია, ან მისი ამოღების შედეგად მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება ამ სიკეთეს, არ შეიძლება ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამ საფუძვლებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, რომლის კანონიერი ნდობაც ამ აქტის მიმართ არის დაცვის ღირსი, უნდა აუნაზღაურდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით მიყენებული ქონებრივი ზიანი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მათ მიერ გამოცემული აქტების კანონიერების შემოწმებისას სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უკანონო აქტის ბათილად ცნობის დაუშვებლობის გამომრიცხავი გარემოებების ჩამონათვალიდან არის თუ არა სახეზე რომელიმე გარემოება.

აღნიშნული გარემოებების დადგენის პირობებში კანონმდებელი უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, კერძოდ, თუ მისი სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან კანონიერი ინტერესები, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს სხვა პირთა კანონიერი ნდობის უფლების დაცვას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მმართველობის კანონიერების პრინციპსა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოახდინონ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანის და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისა და საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება, ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და წარმოების სახე (წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფრო მეტ ნდობას იმსახურებს ვიდრე ზეპირი. ასევე, რაც უფრო ფორმალურია ადმინისტრაციული წარმოება, მით უფრო მეტია პირის კანონიერი ნდობის ხარისხი), მისი უკანონობის სიმძიმე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ გასული დრო. ყოველივე ამის გათვალისწინებით შესაძლებელია შეიზღუდოს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობები. განგრძობადი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემთხვევაში, რომელთა საფუძველზეც ხდება ფულადი დახმარების მიღება, შესაძლებელია უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება მისი მოქმედების შეწყვეტით ბათილად გამოცხადების დღიდან, ასევე შეიძლება ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადება მისი მოქმედების მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით, შეწყვეტით (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60¹ მუხლის 7-ე ნაწილი).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოქტრინა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ მოიცავს ორ ასპექტს. კერძოდ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორეს მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს
კანონიერი ნდობა, თუ ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება და ბ) ან, როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა“.

იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი კრძალავს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, როცა დადგენილია დაინტერესებული მხარის, იგულისხმება აქტის ადრესატი, კანონიერი ნდობის უფლება, საგამონაკლისო დათქმით, თუ ამგვარი აქტი არსებითად არღვევს მესამე პირის (სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის) კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან.

ამდენად, კანონის ნება აღნიშნული ნორმის დადგენისას გამომდინარეობს მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების დაცვის მიზნიდან. საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ ნორმის სქემატური ხასიათი ასეთია: აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება კონფლიქტშია არა მხოლოდ ერთ - კანონიერების პრინციპთან, არამედ ერთბაშად, ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპთან, კანონიერებისა და მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლებასთან, თუმცა, ამავდროულად, კანონმდებელი ამავე მუხლის მე-6 ნაწილით მაინც არ ტოვებს უკანონო აღმჭურველი აქტის კანონიერი ნდობის უფლების მქონე ადრესატს სამართლებრივი დაცვის გარეშე, მხოლოდ სხვა ფორმით, მას კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის საფუძველზე აუნაზღაურდება აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ზიანი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწესრიგებით კანონმდებელი უაღრესად სამართლიან სტანდარტს ადგენს, რაც სრულად შეესაბამება და უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით გაცხადებულ ადმინისტრაციული სამართლის მიზნის მიღწევას.

აღნიშნული სტანდარტის დაცვის გამო საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, სადავო აქტის ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1984 წლის 25 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილების გამოცემის მომენტში მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში და დამატებით, მიუთითებს, რომ სადავო აქტი გამოცემულია 1984 წელს, შესაბამისად, მისი კანონიერების შემოწმება უნდა მოხდეს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სადავო აქტის გამოცემის დროს მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდებოდა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის შესაბამისად, სოფლად მცხოვრები მუშების, მოსამსახურეებისა და სხვა მოქალაქეთა მიწათსარგებლობის წესს არეგულირებს მიწის კოდექსის XVI თავი, რომლის 75-ე მუხლის შესაბამისად, საბჭოთა მეურნეობები და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, აგრეთვე მასწავლებლებს, ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ სოფლად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ან საბოსტნეს აძლევენ ამ მიზნისათვის განკუთვნილი მიწიდან. საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და საბოსტნეს გაცემა ხდება საბჭოთა მეურნეობის, საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საფუძველზე. კოლმეურნეობა, კოლმეურნეობის საერთო კრების ან რწმუნებულთა კრების გადაწყვეტილებით საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს აძლევს მასწავლებლებს, ექიმებს და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ სოფლად. ამავე კოდექსის 77-ე მუხლი განსაზღვრავს, საბჭოთა მეურნეობების მუშებისა და მოსამსახურეებისათვის და სხვა მოქალაქეებისთვის სარგებლობაში მისაცემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნორმებს, ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, 0,25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი გამოეყოფათ, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურენო საწარმოების მუდმივ მუშებს, სპეციალისტებს და მოსამსახურეებს, რომლებიც სოფლად მუშაობენ და ცხოვრობენ; ასევე ყოფილ კოლმეურნეებს, რომლებიც მუდმივად სამუშაოდ გადავიდნენ საბჭოთა მეურნეობებში ან სხვა სახელმწიფო საწარმოებში კოლმეურნეობების სახელმწიფო საწარმოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნდებათ საკარმიდამო ნაკვეთები იმ ნორმით, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ კოლმეურნეობებში, მე-2 ნაწილის შესაბამისად, ასევე 0,25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი გამოეყოფათ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მუშებს, მოსამსახურეებს, აგრეთვე მასწავლებლებს, ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ და მუშაობენ სოფლად, მე-3 ნაწილის შესაბამისად, კი იმ სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებზეც არ ვრცელდება ზემოაღნიშნული პუნქტების მოქმედება, აგრეთვე, სოფლად მცხოვრებ პენსიონერებს გამოეყოფათ 0,15 ჰა-მდე. აღნიშნული მუხლის ანალიზიდან, გამომდინარე, 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცემოდათ მხოლოდ 1. საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მუდმივ მუშებს, სპეციალისტებს და მოსამსახურეებს, რომლებიც სოფლად მუშაობენ და ცხოვრობენ; 2. ყოფილ კოლმეურნეებს, რომლებიც მუდმივად სამუშაოდ გადავიდნენ საბჭოთა მეურნეობებში ან სხვა სახელმწიფო საწარმოებში კოლმეურნებების სახელმწიფო საწარმოებად გარდაქმნასთან დაკავშირებით და 3. სოფლად მომუშავე და მცხოვრებ მუდმივ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებზეც არ ვრცელდება ზემოაღნიშნული პუნქტების მოქმედება აგრეთვე სოფლად მცხოვრებ პენსიონრებს ანუ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოსაყოფად არსებითია, რომ პირი მუშაობდეს და ცხოვრობდეს სოფლად, საქმის მასალებით, კი დასტურდება, რომ ვ. ჯ-ს სოფლად არ უცხოვრია, შესაბამისად, იგი არ განეკუთვნება ზემოაღნიშნული კოდექსის 77-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა სუბიექტის წრეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმის მასალებში არის იმის მტკიცებულება, რომ ვ. ჯ-ი სადავო აქტის გამოცემის პერიოდში ირიცხებოდა ცალკე კომლად და აქედან გამომიდნარე, არამართებულია სადავო აქტის ბათილად ცნობა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში არსებული საარქივო ცნობები, კერძოდ: ტ.1, ს.ფ. 49-ზე, 143-ე არსებული 2010 წლის 1 ნოემბრის №AA2010019903-03 საარქივო ცნობის შესაბამისად, დუშეთის არქივში დაცული ... საკრებულოს 1986-2005 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, სოფ. ... ვ. ა. ჯ-ი კომლში მარტოა, 1985-1995 წლებში მის სახელზე ირიცხება 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, სახლის გარეშე, ხოლო 2001-2005 წლებში საკომლო წიგნი ჩანაწერს მიწისა და სახლის თაობაზე მითითებას არ შეიცავს; ასევე ტ.1-ს.ფ. 213-ზე არსებული დუშეთის არქივის 2011 წლის 18 ივლისის №AA2011022478-09 საარქივო ცნობით დასტურდება, რომ ... სასოფლო საბჭოს 1980-1982 და 1983-1985 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, სოფელ ... თ. დ. ჯ-ის კომლი შედგებოდა ერთი წევრისგან: 1980-1982 წლები - ჯ-ი თ. დ., ოჯახის უფროსი; საცხოვრებელი სახლის აგების წელი - 1930; მიწა მეურნეობის პირად სარგებლობაში - 1980 წ. 1 იანვარი - 1982 წ. 1 იანვარი, სულ მიწა - 0.32 ჰა, მათ შორის შენობების, ბუჩქნარის, ტყის, ხევის, ხრამისა და საზოგადოებრივი გზების ქვეშ 0,01 ჰა; 1982 წ. 1 ივნისი, სულ მიწა - 0,39 ჰა, მათ შორის, შენობების, ბუჩქნარის, ტყის, ხევის, ხრამისა და საზოგადოებრივი გზების ქვეშ 0,01 ჰა; 1983-1985 წლები - ჯ-ი თ. დ., ოჯახის უფროსი (ხაზია გადასმული, გარდაიცვალა 1983 წ. მარტი); საცხოვრებელი სახლის აგების წელი - 1930; მიწა მეურნეობის პირად სარგებლობაში: 1983 წ. 1 იანვარი, სულ მიწა - 0.39 ჰა, მათ შორის, შენობების, ბუჩქნარის, ტყის, ხევის, ხრამისა და საზოგადოებრივი გზების ქვეშ 0,01 ჰა, ამავე საარქივო ცნობის შესაბამისად, ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1984 წლის 25 ოქტომბრის სადავო №4 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ვ. ა. ჯ-ს გადაეწერა თავისი დედამთილისეული თ. დ. ჯ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 0,25 ჰა მიწის ფართობი და შეტანილ იქნა ზონარგაყრილ წიგნში, ხოლო ტ. 2. ს.ფ. 80-ზე განთავსებულია 2012 წლის 5 დეკემბრის №AA2012041753-04 საარქივო ცნობა, რომლის შესაბამისად, ,,დუშეთის არქივში დაცული ... სასოფლო საბჭოს 1983-1985 წ.წ. სოფელ ... საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება ვ. ა. ჯ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: საცხოვრებელი სახლი არ წერია. 1985 წელს სულ მიწა 0,25 ჰა, დამატებითი ცნობების შესაბამისად, დაეწერა ნაკვეთი ოქმი №4 ... რწმუნებულთა კრების მიერ 25 ოქტომბერი, 1984 წ. 0,25 ჰა.“ აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 5 დეკემბრის ცნობით დასტურდება, რომ ვ. ჯ-ი 1983 წლიდან იყო ცალკე კომლი, ეს გარემოება მაინც არ იყო მისთვის თ. ჯ-ის (დედამთილი) კომლის კუთვნილი 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, ვ. ჯ-ი იყო დამოუკიდებლად ცალკე კომლის წარმომადგენელი (ს.ფ. 80; ტ.2) და ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრებას არ ჰქონდა მისთვის ამ ნაკვეთის გადაცემის კანონიერი საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, სადავო აქტი გამოცემულია გამოცემის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლით განსაკუთრებული დაცვის სტატუსით ვერ სარგებლობს მესამე პირის, ქ. ჯ-ის, კანონიერი ინტერესის შელახვის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/


მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/


/პ. სილაგაძე/