Facebook Twitter
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-748-734(კ-14) 26 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს ,,...“-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 02 სექტემბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2014 წლის 11 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს ,,...“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს - შპს ,,...“-ს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ხოლო კასატორის შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის კასატორის მიერ არ იქნა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ამასთან, კასატორს დაევალა უფლებამოსილი პირის მიერ ხემოწერილი საკასაციო საჩივრის იმდენ ასლად წარმოდგენა, რამდენი მხარეც იყო საქმეში და ასევე, საკასაციო საჩივარზე ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით შპს ,,...“-ს დაევალა ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 2737,26 ლარის 5%-ისა და 8272,31 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან იმ უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამასთან, უფლებამოსილი პირის მიერ ხემოწერილი საკასაციო საჩივრის იმდენ ასლად წარმოდგენა, რამდენი მხარეცაა საქმეში და ასევე, საკასაციო საჩივარზე ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გასწორდა 2014 წლის 11 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, ხარვეზის შესახებ განჩინებით კასატორს - შპს ,,...“-ს, სახელმწიფო ბაჟის სახით, ნაცვლად 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენისა დაევალა 2737,26 ლარის 5%-ისა და 8272,31 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან იმ უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. შესაბამისად, №ბს-748-734(კ-14) განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „შპს ,,...“-მა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოადგინოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (მიმღები - ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის 200122900, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150; გადახდის დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე; მიმღების ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22) ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ასევე, კასატორმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის იმდენ ასლად წარმოდგენა, რამდენი მხარეცაა საქმეში, ასევე, საკასაციო საჩივარზე ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, შპს ,,...“-ის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ დაიშვება.“
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინების შემცველი გზავნილი, კანონით დადგენილი წესით, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ბათუმი, ხელვაჩაურის დასახლება, … ქ. №…) გაეგზავნა შპს ,,...“-ს (დირ. ა. ა-ე).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინება 2015 წლის 23 იანვარს ჩაიბარა საწარმოს დირექტორის ოჯახის წევრმა (შვილმა) საწარმოს დირექტორის - ა. ა-ისათვის გადასაცემად, რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერით. შესაბამისად, შპს ,,...“-სათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად 2015 წლის 24 იანვარს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2015 წლის 30 იანვრის ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
საკასაციო სასამართლო კასატორს - შპს ,,...“-ს განუმარტავს, რომ მან მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,...“-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და




დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს შპს ,,...“-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 02 სექტემბრის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ლ. მურუსიძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. სხირტლაძე