საქმე #ბს-782-768(კს-14) 10 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ თვითმმართველი თემი- თელავის
მუნიციპალიტეტის გამგეობა;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. კ-ა;
დავის საგანი _ უფლებამონაცვლეობის კანონიერება;
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 8 მაისს მ. კ-ამ სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 16 აპრილის N7/1-112 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე (იხ. ტ. 1; ს.ფ. 3-16).
თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 16 აპრილის N7/1-112 ბრძანება მ. კ-ას თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. კ-ას სამსახურში აღდგენის თაობაზე; მოპასუხე - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა 2014 წლის 16 აპრილიდან მ. კ-ას სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ არა უმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (იხ. ტ. 1; ს.ფ. 144-154).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 159168).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმეში მოპასუხის (აპელანტის) - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ (აპელანტად) მოწვეულ იქნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თვითმმართველი თემის - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 37-42).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტიs N515 განკარგულების 1-ლი მუხლის ,,ე’’ პუნქტის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და 152-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადებები: ქალაქ თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის გაყოფისა და თელავის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემის - „თელავის მუნიციპალიტეტის“ შექმნის შესახებ, ადმინისტრაციული ცენტრით ქალაქ თელავში.
,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 04.04.2014 წლის N2205-IIს დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-12 პუნქტისა და 151-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №515 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პარლამენტი ადგენს: ქალაქ თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტი გაიყოს, თელავის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − თელავის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თვითმმართველი ქალაქის - თელავის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა 2014 წლის 02 აგვისტოს (იხილეთ ინფორმაცია http://telavi-gov.ge/?p=7090#more-7090); ასევე, დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქის - თელავის საკრებულოს 03.08.2014 წლის N2 დადგენილებით დამტკიცდა თვითმმართველი ქალაქის - თელავის გამგეობის (მერიის) დებულება (იხილეთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თვითმმართველი თემის - თელავის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა 2014 წლის 02 აგვისტოს (იხილეთ ინფორმაცია http://telavi-temi.ge/?p=1171#more-1171, საკრებულოს 02.08.2014 წლის პირველი სხდომის ოქმი N1); ასევე, დადგენილია, რომ თვითმმართველი თემის - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2014 წლის N2 დადგენილებით დამტკიცდა თვითმმართველი თემის - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება (იხილეთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე).
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის - მ. კ-ას ადმინისტრაციული საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დასრულებიდან ამავე საქმის სააპელაციო წესით გასაჩივრებამდე დროის შუალედში, 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თვითმმართველმა ერთეულმა - თელავის მუნიციპალიტეტმა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, 2014 წლის 02 აგვისტოს მდგომარეობით შეწყვიტა არსებობა და მის ნაცვლად შეიქმნა ორი სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი (ანუ, ერთი ერთეულის ნაცვლად შეიქმნა ორი ერთეული) - თვითმმართველი ქალაქი - თელავი და თვითმმართველი თემი - თელავის მუნიციპალიტეტი; ორივე ერთეულს აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (მერია, გამგეობა) ორგანოები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არც საქართველოს ორგანულ კანონში - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, ასევე არც ,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N515 განკარგულებაში, არც ,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 04.04.2014 წლის N2205-IIს დადგენილებაში, ასევე არც თვითმმართველი ქალაქის - თელავის და თვითმმართველი თემის - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობების დებულებებში არ არსებობს რაიმე სახის ნორმატიული ჩანაწერი მასზედ, თუ რომელი უფლებებისა და მოვალეობების, რომელი ურთიერთობების ნაწილში, რომელი თვითმმართველი ერთეული (თვითმმართველი თემი თუ თვითმმართველი ქალაქი) უნდა იყოს 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე არსებული თვითმმართველი ერთეულის - თელავის მუნიციპალიტეტის უფლებამონაცვლე.
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში − თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში. მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი არის ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი. მე-3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი.
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 151-ე მუხლის (თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები - ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 2005 წლის საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული აქვთ და ამ კანონით ენიჭებათ ქალაქებს: თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს, ბათუმს, თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთასა და ახალციხეს. იმავე 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტის (გარდა თვითმმართველი ქალაქისა) ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არსებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. იმავე 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრები განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.
თვითმმართველი ქალაქის - თელავის საკრებულოს 03.08.2014 წლის N2 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის - თელავის გამგეობის (მერიის) დებულების, ასევე თვითმმართველი თემის - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2014 წლის N2 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი თემის - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ ორივე თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანობი (მერია, გამგეობა) როგორც სტრუქტურით, ისე - ფუნქციებით ერთმანეთის იდენტური ორგანოებია, ასევე ორივე ახალი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანობი (მერია, გამგეობა) თავისი სტრუქტურით და ფუნქციებით მანამდე არსებული თელავის მუნიციპალიტეტის გემგეობის იდენტურია.
სამართლებრივი აქტების - ,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N515 განკარგულების, ასევე ,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 04.04.2014 წლის N2205-IIს დადგენილების თანახმად ქალაქ თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია გაიყო ორ ნაწილად ისე, რომ თვითმმართველი ქალაქის - თელავის გამგებლობაში გადავიდა საკუთრივ ქალაქ თელავის ტერიტორია, ხოლო თვითმმართველი თემის − თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლობაში დარჩა თელავის მუნიციპალიტეტის დარჩენილი ტერიტორია ქალაქ თელავის ტერიტორიის გამოკლებით.
მანამდე არსებული სუბიექტის - სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებანი განისაზღვრებოდა იმ ტერიტორიით, ანუ მუნიციპალიტეტის საქმიანობა, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკავშირდებოდა იმ ტერიტორიას, რომლის საზღვრებშიც არსებობდა თვითმმართველი ერთეული - მუნიციპალიტეტი; დღეის მდგომარეობით თუმცა აღარ არსებობს პირვანდელი სუბიექტი - სსიპ თელავის მუნიციპალიტეტი, ამ უკანასკნელის გამგებლობას დაქვემდებარებული ტერიტორია იმავე, ანუ უცვლელი გარე საზღვრებით გაიყო და გადაეცა ორ თვითმმართველ ერთეულს; შესაბამისად, თუკი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მმართველობითი საქმიანობა, მაშასადამე, ამ ორგანოებში დასაქმებული მოხელეების შრომით-სამართლებრივი საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიასთან, იგულისხმება, რომ იმავე ტერიტორიის შიგნით შექმნილი ორივე თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში თანაბრად აგებენ პასუხს იმ ვალდებულებებისთვის და თანაბრად სარგებლობენ იმ უფლებებით, რომლებიც არსებობდა ძველი თვითმმართველი ერთეულის გაუქმებამდე, ახალი ერთეულების შექმნამდე.
სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ (მოწინააღმდეგე მხარემ) - მ. კ-ამ თავის საქმეში მოპასუხის უფლებამონაცვლედ აირჩია, დაასახელა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თვითმმართველი თემის - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა. რის გამოც, პალატამ მართებულად მიიჩნია მ. კ-ას შუამდგომლობის დაკმაყოფილება და საქმეში თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ (აპელანტად) ჩართო საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თვითმმართველი თემის - თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 151-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,მუნიციპალიტეტების გაყოფის და თვითმმართველი თემების - მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N515 განკარგულებით გათვალისწინებული წარდგინების და ,,მუნიციპალიტეტების გაყოფის და თვითმმართველი თემების - მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის N2205 დადგენილების შესაბამისად, 2014 წლის 2 აგვისტოს მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის ლიკვიდაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ორი სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში - თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში. მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი არის ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი, მე-3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი.
უკვე გაუქმებული თელავის მუნიციპალიტეტი გაიყო ორ ნაწილად, ანუ ქალაქის ტერიტორიაზე შეიქმნა თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტი და ქალაქის გარდა დარჩენილ ტერიტორიაზე - თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამართლებრივ აქტებში არსად არაა ნახსენები სამართალმემკვიდრეობის - უფლებამონაცვლეობის საკითხი, თუ რომელი მუნიციპალიტეტია უკვე გაუქმებული თელავის მუნიციპალიტეტის სამართალმემკვიდრე ან/და უფლებამონაცვლე. მათ მიერ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, ვინაიდან თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის - როგორც თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოხდა 2014 წლის 12 აგვისტოს, მიენიჭათ ახალი საიდენტიფიკაციო კოდი და ახლიდან მოხდა ბანკში ანგარიშის გახსნა, ანუ ისინი არ არიან გაუქმებული თელავის მუნიციპალიტეტის არც სამართალმემკვიდრეები და არც უფლებამონაცვლეები.
კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლომ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საქმეზე უფლებამონაცვლედ ცნობა დაასაბუთა მხოლოდ იმით, რომ თვითონ მხარემ - მ. კ-ამ აირჩია თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოპასუხედ და მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე, ,,მუნიციპალიტეტის გაყოფის და თვითმმართველი თემების - მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N515 განკარგულებით გათვალისწინებულ წარდგინებაზე და ,,მუნიციპალიტეტების გაყოფის და თვითმმართველი თემების - მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის N2205 დადგენილებაზე და აღნიშნა, რომ არც ერთ სამართლებრივ აქტში არ არის რაიმე სახის ნორმატიული ჩანაწერი მასზედ, თუ რომელი უფლებების და ვალდებულებების, რომელი ურთიერთობების ნაწილში, რომელი თვითმმართველი ერთეული (თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტი) უნდა იყოს 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარებამდე არსებული თვითმმართველი ერთეულის - თელავის მუნიციპალიტეტის უფლებამონაცვლე.
შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სასამართლოს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა კი არ უნდა ეცნო უფლებამონაცვლედ, არამედ უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება, ვინაიდან ვერ დგინდება გაუქმებული მუნიციპალიტეტის უფლებამონაცვლე (იხ. ტ. 2; ს.ფ. 48-54).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თვითმმართველი თემი-თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად დაადგინა მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ-თვითმმართველი თემის-თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ეს უკანასკნელი ჩართო საქმეში საპროცესო უფლებამონაცვლედ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო სასამართლო ცალსახად მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც დღეს, ასევე მანამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გულისხმობს საქართველოს მოქალაქეთა უფლებას და შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში − თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში, თვითმმართველი ქალაქი არის ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი, თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი. ორივე ერთეულს აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (მერის, გამგეობა) ორგანოები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N515 განკარგულებაზე, რომლითაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და 152-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადება ქალაქ თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის გაყოფისა და თელავის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემის - „თელავის მუნიციპალიტეტის“ შექმნის შესახებ, ადმინისტრაციული ცენტრით ქალაქ თელავში. ახლად შექმნილი თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტის თელავის საზღვრები ემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტების არსებულ საზღვრებს თელავის არსებული საზღვრების გამოკლებით.
,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, ქალაქ თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტი გაიყო, თელავის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნა თვითმმართველი თემი − თელავის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი თელავი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა გაუქმებული მუნიციპალიტეტის -თელავის გამგეობასთან, რომლის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით-თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 16 აპრილის N7/1-112 ბრძანების საფუძველზე განთავისუფლდა სამსახურიდან, იგი ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად ითხოვს სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №363 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულ იქნა მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესი; ამ წესმა მოაწესრიგა მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტებისთვის გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების (გადაცემა/უფლებამონაცვლის განსაზღვრა) ძირითად პრინციპები და პროცედურები. მოცემული წესის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, გარდა ძირითადი ადმინისტრაციული შენობისა/შენობებისა და შესაბამისი მიწის ნაკვეთისა, საკუთრების უფლება გადაეცა იმ ახალ მუნიციპალიტეტს - თვითმმართველ თემს/თვითმმართველ ქალაქს, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც ექცევა შესაბამისი უძრავი ნივთი, თუ ამ წესით განსხვავებული რეგულირება არ არის დადგენილი. ამავე წესმა დაარეგულირა ვალდებულებების განაწილების წესიც, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ვალდებულების უფლებამონაცვლეა ახალი მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მოექცევა შესაბამისი უძრავი ნივთი, ხოლო გასაუქმებელ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ვალდებულების უფლებამონაცვლეა ახალი მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ მოსახლეობასაც უკავშირდება/უკავშირდებოდა მომსახურების გაწევა. ამავე დადგენილებით მოწესრიგდა გაუქმებული მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებისა და ვალდებულებების განაწილების სხვადასხვა საკითხები თვითმმართველ ქალაქსა და თვითმართველ თემის მუნიციპალიტეტებს შორის. საგულისხმოა, რომ მოცემული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნტის თანახმად, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სხვა ვალდებულებების უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ახალი მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი თემი, თუ შეუძლებელია უფლებამონაცვლის განსაზღვრა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ანუ აღნიშნული ნორმის დანაწესით, თუ შეუძლებელია ტერიტორიული პრინციპით პასუხისმგებლობისა და ვალდებულების განაწილება, მაშინ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს თვითმმართველი თემი.
ამდენად, სახეზეა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ-თვითმმართველი თემის-თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიჩნევის წინაპირობა, რადგან გაუქმებული მუნიციპალიტეტის საქმიანობასა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უკავშირდება იმ ტერიტორიას, რომლის საზღვრებშიც წარმოიშვა ახალი მუნიციპალიტეტი, თუმცა საკითხის სადავოობის შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის განსაზღვრის შეუძლებლობისას, გაუქმებული მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სხვა ვალდებულებების უფლებამონაცვლედ განისაზღვრა თვითმმართველი თემი. შესაბამისად, ის გარემოება, რომ სამართლებრივი აქტები, რომლითაც განისაზღვრა ახალი მუნიციპალიტეტის შექმნა და ძველი მუნიციპალიტეტის გაუქმება, პირდაპირ არ უთითებს სამართალმემკვიდრეობას მსგავს სადავო სამართალურთიერთობებზე, არ წარმოადგენს უფლებამონაცვლეობის გამომრიცხველ ფაქტორს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. კ-ა მუშაობდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს N2 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დადგენილების თანახმად, გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების-გამგეობის სამსახურებისაგან. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას და გამგებლის დავალებით-საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას. გამგეობის სტრუქტურაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამსახური, რომელში აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე. ამდენად, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაუქმებას, ბუნებრივია, არ გამოუწვევია ადგილობრივი თვითმმართველობის განმახორციელებელი აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და ამოცანების გაუქმება, ძველი მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნილმა ორმა მუნიციპალიტეტმა საერთო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად განაგრძო მმართველობითი საქმიანობა გაუქმებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გაყოფით წარმოშობილ ახალ ტერიტორიულ საზღვრებში, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ სადავო სამართალურთიერთობაში სსიპ თვითმმართველი თემის-თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის, როგორც იგივე ფუნქციურ-მმართველობითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამართალმემკვიდრედ მიჩნევას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ მართებულად დაადგინა სსიპ თვითმმართველი თემის-თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება.
s a r e z o l u c i o n a w i l i :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
d a a d g i n a :
1. თვითმმართველი თემი- თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე