Facebook Twitter
საქმე #ბს-427-422(კ-14) 16 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე


სხდომის მდივანი - ა.ვარდიძე

კასატორი - ლ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, წარმომადგენელი ს.ბ-ი (16.01.15წ., =04/133 მინდობილობა)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2014წ. განჩინება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.08.13წ. =04/71976 წერილით ლ.გ-ის განცხადება 2013 წლის 1 აპრილიდან დანიშნული კომპენსაციის გადაანგარიშების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააგენტომ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით დადგენილი ნამსახურების ვადის ამოწურვის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციების დანიშვნა-გადაანგარიშების საკითხები რეგულირდება კანონის მე-8 მუხლით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული გადაანგარიშება ეხებათ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობებს, რომლის თანახმად ამ კანონის 1-ელ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ შორის სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან დათხოვნილ მოსამსახურეებს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობათ თუ მათ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს გააჩნიათ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, ხოლო ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. სააგენტომ მიუთითა, რომ განმცხადებელს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული აქვს სახელმწიფო უშიშროების ხაზით სამხედრო სამსახურში 15 კალენდარული წლის ნამსახურობის საფუძვლით, საქართველოს რესპუბლიკის 06.10.1992წ. =973 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულებით, რომელიც ძალადაკარგულია 1997 წლის 1 იანვრიდან ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის ამოქმედების დღიდან, ხოლო სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან დათხოვნილია სამსახურებრივი შეუფერებლობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი არ აკმაყოფილებდა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით და ,,სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1.2 მუხლით დადგენილ პირობებს, რის გამოც არ არსებობს კომპენსაციის გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძველი.
ლ.გ-მა 13.09.13წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 06.08.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1994 წლიდან იღებს სახელმწიფო კომპენსაციას წლების ნამსახურობის მიხედვით, უშიშროების სამინისტროს ხაზით. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში 22.03.13წ. შეტანილი ცვლილებების მიხედვით შეიცვალა სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ კანონშეუსაბამოდ არ მოახდინა მისი კომპენსაციის გადაანგარიშება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2013წ. გადაწყვეტილებით ლ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 27.06.2007წ. =190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველ პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლზე, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტზე, ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმიწფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. =46/ნ ბრძანების მე-2 დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერი ვალდებულებაა კომპენსაციის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა, გადაანგარიშება, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლში 22.03.2013წ. შეტანილი ცვლილებების თანახმად (ამოქმედდა 01.04.2013წ.) კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშებას დაექვემდებარნენ ამ კანონის მე-8 და მე-151 მუხლებით, აგრეთვე მე-17 მუხლის მე-4 და მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული პირების კომპენსაციები. სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლზე, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლზე და აღნიშნა, რომ დანიშნული კომპენსაციის გაანგარიშების აუცილებელ პირობად განისაზღვრება 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წლის ნამსახურების აუცილებლობა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.გ-ს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული აქვს 1994 წლიდან, უშიშროების სამინისტროს ხაზით, 15 კალენდარული წლის ნამსახურობის საფუძვლით, 143,76 ლარის ოდენობით, საქართველოს რესპუბლიკის 06.10.1992წ. =973 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების საფუძველზე, რომელიც ძალადაკარგულია 1997 წლის 01 იანვრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ აქვს ნამსახურების 20 კალენდარული წელი, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც არ არსებობს დანინშული სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ არ გაიზიარა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.08.2013წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ლ.გ-ი სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან დათხოვნილია სამსახურებრივი შეუფერებლობისათვის და მიუთითა, რომ საქართველოს შსს 30.09.2013წ. ცნობის თანახმად, ლ.გ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შსს კადრების მთავარი სამმართველოს მოქმედ და საარქივო კარტოთეკაში, ასევე პირად საქმეში დაცული არ არის. ამასთანავე, მოპასუხის წარმომადგენელმა 08.11.2013წ. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოხდა ტექნიკური უზუსტობა, სააგენტოს მხრიდან კომპენსაციის გადაანგარიშებაზე უარი განაპირობა მხოლოდ იმ გარემოებამ, რომ მოსარჩელე ლ.გ-ს არ ჰქონდა ნამსახურების 20 კალენდარული წელი (08.11.2013წ. სხდომი ოქმი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ.გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 29.05.2014წ. განჩინებით ლ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მიხედვით კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშებას ექვემდებარებიან კანონის მე-8 და სხვა მუხლებით გათვალისწინებული პირები. მე-8 მუხლის შესაბამისად გადაანგარიშება ეხებათ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობებს. მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად კანონის 1-ელ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ შორის სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან დთხოვნილ მოსამსახურეებს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობათ, თუ მათ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს გააჩნიათ წელთა ნამსახურების 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წეილი. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის როგორც დანიშვნის, ისე მისი გადაანგარიშების უფლება აქვთ იმ მოსამსახურეებს, რომელთაც აქვთ წელთა ნამსახურობის 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ.გ-ის მიერ. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ კანონის მე-8.2 მუხლი. კასატორი აღნიშნავს, რომ იყო სახელმწიფო უშიშროების უფროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობის პირი, შესაბამისად - სამხედრო მოსამსახურე, მაშასადამე არის ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის სუბიექტი. დაენიშნა და იღებს სახელმწიფო კომპენსაციას კანონით დადგენილი ნამსახურების ვადის ამოწურვის გამო, ე.ი. აკმაყოფილებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის პირობას. კომპენსაცია დაენიშნა ,,საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების მიხედვით, რომელიც იმ დროისთვის ერთადერთ ნორმატიულ აქტს წარმოადგენდა და ნამსახურების ვადად 15 წელს ადგენდა (დანიშვნის დროს გააჩნდა 18 წლის და 6 თვის ნამსახურების ვადა). კომპენსაციის გადაანგარიშება ხდებოდა სისტემატურად, რისი დასტურიცაა პენსიის გადაანგარიშების ფურცელი, რომელზეც არცერთ ინსტანციას არ უმსჯელია. კასატორი თვლის, რომ მასზე ვრცელდება როგორც ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის პირობების შესაბამისად დანიშნულად და მასზე ვრცელდება როგორც ამ კანონის მე-11 მუხლი, ისე ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 28-ე და მე-8 მუხლები. გადაანგარიშებაზე უარით დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, რაც არის დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19.2 მუხლის თანახმად ან შეეჩერებინა საქმის განხილვა და წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, ან ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 7.4 მუხლის შესაბამისად თვითონ გამოეტანა გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრების საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.


სამოტივაციო ნაწილი:


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.08.13წ. =04/71976 გადაწყვეტილებით ლ.გ-ს უარი ეთქვა ,,სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული პენსიის გაანგარიშებაზე. უარის თქმის საფუძვლად სააგენტომ მიუთითა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის პირს ნამსახურები უნდა ჰქონდეს 20 ან 20 წელზე მეტი, ხოლო ლ.გ-ს ნამსახურები ჰქონდა 15 წელი. უარის თქმის საფუძვლად ასევე მიეთითა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო უფლება არ წარმოიშობა თუ პირი თანამდებობიდან დაითხოვეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა, რომ ლ.გ-ს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა სამსახურის პროფესიული შეუსაბამობის გამო.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ.გ-ს პენსია დაენიშნა 1994 წლის აპრილიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 06.10.92წ. =973 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ დროებითი დებულების საფუძველზე, რომლის მე-10 მუხლის მიხედვით ოფიცრებს წელთა ნამსახურების მიხედვით პენსიის დანიშვნაზე უფლება წარმოეშობათ თუ სამსახურიდან დათხოვნის დღისთვის მათ ნამსახურები ჰქონდა 15 წელი და მეტი. ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით ყოფილი სსრ კავშირის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის წლები პენსიაზე გასვლისას ითვლებოდა საერთო წელთა ნამსახურობაში. დროებითი დებულებით დადგენილი საპენსიო უზრუნველყოფის პირობები, ნორმები და წესები, დებულების მე-3 მუხლის თანახმად, ვრცელდებოდა სამხედრო წოდების მქონე უშიშროების ორგანოების მოსამსახურეებზე. ამდენად, 15-წლიანი ნამსახურების ვადა წარმოადგენდა იურიდიულად მნიშვნელოვან პირობას ნამსახურების გამო სოციალური უზრუნველყოფის უფლებაზე, რაც რეალიზებულ იქნა მოსარჩელის მიერ, მასზე ნამსახურობის გამო სოც.უზრუნველყოფა გაიცემა 1994 წლიდან. შემდგომში მიღებული წელთა ნამსახურობის პენსიის გაცემის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტი, კერძოდ, ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ 16.10.1996წ. კანონი, რომელიც სახელმწიფო უშიშროების ორგანოს სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზეც ვრცელდება (1-ლი, მე-16, 59-ე მუხ.), ითვალისწინებს წელთა ნამსახურობისათვის პენსიის მიღების უფლების რეგლამენტაციას (მე-2, მე11 მუხ.). ხსენებული კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით პენსიის დანიშვნისათვის საჭირო ნამსახურებ წელთა რაოდენობა გაიზარდა 20 წლამდე. მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა, რომ ლ.გ-ზე გაიცემა სახელმწიფო კომპენსაცია წელთა ნამსახურების მიხედვით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.05.10წ. =07/07-10009, აგრეთვე 25.09.13წ. =04/86288 ცნობების თანახმად, თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი ლ.გ-ი იღებს კომპენსაციას უშიშროების სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურებით. ამდენად, სააგენტო უდასტურებს ლ.გ-ს წელთა ნამსახურებით კომპენსაციის მიღებას. აღნსანიშნავია, რომ ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 16.10.1996წ. კანონის და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ 27.12.05წ. კანონის გარდამავალი დებულებები ამ კანონების მიღებამდე წარმოშობილ საპენსიო უფლებებთან დაკავშირებით რაიმე დებულებებს არ შეიცავენ. ამდენად, პირებს, რომლებსაც დაენიშნათ კომპენსაცია 15-წლიანი ნამსახურები სტაჟის საფუძველზე, მოპოვებული უფლება შემდგომი კანონმდებლობით არ გაუუქმებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ნამსახურები წლების მინიმალური ოდენობა 15 წლიდან გაიზარდა 20 წლამდე, მანამდე მოქმედი კანონმდებლობით ნამსახურების წლების მიხედვით დანიშნული წელთა ნამსახურებობის პენსიების მიღების უფლება, როგორც უკვე პირის მიერ მოპოვებული უფლება, არ გაუქმებულა, მოსარჩელე დღემდე იღებს წელთა ნამსახურობისათვის სოციალური უზრუნველყოფის თანხას, რომლის მიღება სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს მიერ სადავოდ არ გამხდარა, ამ ხნის განმავლობაში არაერთგზის მომხდარა ლ.გ-ზე გასაცემი თანხის გადაანგარიშება. საქმეში დაცულია ლ.გ-ზე გასაცემი თანხების გადაანგარიშების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, არაერთხელ მოხდა კასატორზე გასაცემი თანხის გადაანგარიშება, გადაანგარიშების საფუძველთა შორის მითითებულია ფინანსთა მინისტრის წერილები, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის 21.07.04წ. =280 ბრძანებულება და სხვა. საქმეზე არ არის შესწავლილი ადრეულ პერიოდებში კომპენსაციის გადაანგარიშების საფუძვლები. კომპენსაციის გადაანგარიშებას ითვალისწინებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი, რომლის თავდაპირველი და ყველა შემდეგი რედაქცია (მე-8 მუხლში ცვლილებები შეტანილ იქნა 29.12.06წ, 11.03.11წ., 22.03.13წ., 16.04.14წ., 02.05.14წ. და სხვ. კანონებით) ითვალისწინებს მითითებას ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 8.2 მუხლის დანაწესის თანახმად, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურების 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისათვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურების წლებად განესაზღვრათ 20 წელი. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი ეფუძნებოდა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა ხსენებულ ნორმაზე მსჯელობის გარეშე. ამასთანავე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. =46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 22.3 მუხლის თანახმად, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მიზნებისათვის, ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებაში პირის მიერ ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა ჩაითვლება საერთო შრომის სტაჟად, ამასთან საერთო შრომის სტაჟში ჩაითვლება აგრეთვე სწავლის პერიოდი იმ შემთხვევაში, თუ პირი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე ეწეოდა შრომით საქმიანობას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი. სააპელაციო სასამართლოს ზუსტად უნდა დაედგინა ნამსახურების წლების კომპონენტები (ვადიანი და უვადო სამსახური, სწავლის პერიოდი), გაერკვია სთაჟის შეღავათიანი გაანგარიშების შესაძლებლობა და ზუსტად დაედგინა წელთა ნამსახურობა, როგორც კომპენსაციის გაანგარიშების უფლებისწარმომქმნელი საბაზო ფაქტი. სასამართლოს არ უმსჯელია ლ.გ-ის კალენდარული და საშეღავათო გაანგარიშებით წელთა ნამსახურობის ოდენობაზე მაშინ, როდესაც საქმეში დაცული ,,სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შესახებ მონაცემებში“ მიწერილი გაანგარიშებით (ტ.1, ს.ფ.46) - სწავლის (04.09.25), სავალდებულო სამხედრო სამსახურში (01.11.21) და უშიშროების ორგანოებში (13.05.18) სამსახურის საერთი სტაჟი, შეღავათიანი გაანგარიშების კოეფიციენტის გამოყენებით 20 წელს აღემატება. აღნიშნული სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა.
რაც შეეხება კომპენსაციის გადაანგარიშებაზე უარის თქმის მეორე საფუძველს, სააგენტოს სადავო აქტში მითითებულია ლ.გ-ის სამსახურიდან განთავისუფება სამსახურებრივი პროფესიული შეუსაბამობის გამო. აღნიშნული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიჩნია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.2 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე უარის თქმის პირობად. ხსენებული ნორმის თანახმად, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა,თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. სააგენტომ 06.08.13წ. =04/71976 სადავო აქტში მიუთითა, რომ ლ.გ-ის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან იგი სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან დათხოვნილი იყო სამსახურებრივი შეუფერებლობისათვის. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში შემოიფარგლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მიცემული განმარტებით, სადავო აქტის ამ ნაწილის ტექნიკური უზუსტობის შესახებ. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ იმსჯელა და შეფასება არ მისცა აღნიშნულ განმარტებას. საყურადღებოა, რომ საქმეში დაცული მინდობილობის თანახმად (ს.ფ. 25, ტ.1) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს არ გააჩნდა თუნდაც ნაწილობრივ სარჩელის ცნობის უფლება. საქართველოს შსს 11.03.15წ. წერილით ირკვევა, რომ ლ.გ-ი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის 25.04.94წ. =438-პშ ბრძანებით 1994 წლის 15 აპრილიდან დათხოვნილ იქნა ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან შეიარაღებული ძალების რეზერვში იმჟამად მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 05.08.1992წ. =972 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დროებითი დებულების 42-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სამსახურებრივი შეუფერებლობისათვის). სამსახურებრივი შეუფერებლობა არ ადასტურებს სამსახურიდან დათხოვნას შტატების შემცირების გამო, ვინაიდან ,,სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 42-ე მუხლში ზემოაღნიშნული ორი პირობა სამსახურიდან დათხოვნის ცალ-ცალკე საფუძვლად არიან დასახელებულნი. აღნიშნულთან ერთად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შს სამინისტროს 04.03.15წ., =475883 ცნობის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის 14.07.1994წ. =0123 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის 25.04.1994წ. =438-პშ ბრძანებაში და ლ. გ-ი ჩაითვალა დათხოვნილად ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 06.10.1992წ. =973 დადგენილების 42-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შტატების შემცირების გამო). სააპელაციო პალატას აღნიშნული გარემოება არ შეუსწავლია, არ დაუდგენია ლ.გ-ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი და შემოიფარგლა მხოლოდ მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ამ ნაწილში შეცდომის დაშვების შესახებ მაშინ, როდესაც მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობა აღნიშნული საგანმკარგულებო უფლებამოსილების შესახებ, სსკ-ის 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნის თანახმად, სპეციალურ მითითებას არ შეიცავს. ამდენად, სააპელაციო პალატამ საქმის ხელახალი განხილვისას სათანადო შეფასება უნდა მისცეს გასაჩივრებულ აქტში მითითებულ გადაანგარიშებაზე უარის თქმის ყველა საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლოს სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასაამრთლოსათვის დაბრუნების პირობაა.
სასკ-ის 9.1 მუხლის თანახმად, სოციალური დავები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, რაც არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში საქმის განხილვის პროცესში დავასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტის საჭიროებას. შესაბამისად, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

სარეზოლუციო ნაწილი


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და




დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.2014წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ლ. მურუსიძე


მ. ვაჩაძე