Facebook Twitter
ბს-402-397(კ-14) 14 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე


კასატორი (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. ო-ი

მესამე პირი - სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მის მიერ შეძენილი ქონების დარეგისტრირებაზე იმ ნაწილში, რომელიც დღეისთვის არ არის გადაფარვის ქვეშ, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც უცვლელად დარჩა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება. მოსარჩელე ასევე ითხოვდა მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს სადავო მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციის განხორციელება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 25 აპრილს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდაბნის რაიონის გამგეობამ იჯარით გადასცა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი - 228,32 ჰა. 2007 წლის 14 სექტემბერს. აღნიშნული 228, 32 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რ/ნ, სოფ. ..., შეიძინა და გადაეცა საკუთრებაში, რომელიც დაარეგისტრირა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში. 2007 წლის 20 სექტემბერს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემულ საკადასტრო ამონაწერში მითითებულია მის საკუთრებაში არსებული მიწის დაუზუსტებელი ფართობი - 228,32 ჰა. 2008 წლის 30 აპრილს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განმეორებით გაცემულ ამონაწერში დაფიქსირებულია მის საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული მიწის ფართობის - 228,32 ჰა ნაცვლად უფრო ნაკლები - 1977207 კვ.მ. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 19 თებერვალს მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორება, რაზედაც 2009 წლის 26 თებერვლის წერილით ეცნობა, რომ სოფ. ... მიმდებარე ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებული 228,32 ჰა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა 2007 წელს, ამ პერიოდისათვის სამსახურს გააჩნდა საკადასტრო მონაცემები და არ მოითხოვებოდა ზუსტი აზომვითი ნახაზები. მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ფართობის დაზუსტების მოთხოვნით სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო აზომვითი ნახაზი, რის საფუძველზეც დარეგისტრირდა მის სარეგისტრაცო ზონაში მოხვედრილი 1937,207 კვ.მ. დანარჩენი ნაწილი კი - 345993 კვ.მ. მდებარეობს გარდაბნის სარეგისტრაციო ზონის გარეთ, რის გამოც სამსახური ვერ განახორციელებდა მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. 2009 წლის 27 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ასევე ეცნობა, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ფარავს 1993-1997 წლებში მიწის რეფორმის მიმდინარეობისას განაწილებული მიწის ნაკვეთის ნაწილს, რის გამოც ამ ნაკვეთის დარეგისტრიება შეუძლებელია. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი ფართობი ფარავს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დარეგისტრირებულ 38 ერთეულ - 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაბნის რაიონის გამგეობის სხდომის 2005 წლის 5 აგვისტოს №20 ოქმით, გამგეობამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კონკურსის წესით გამარჯვებულ ბ. ს-ს, დროებით სარგებლობაში იჯარით გადასცა ... საკრებულო ტერიტორიიდან 228, 32 ჰა მიწის ნაკვეთი. 2006 წლის 25 აპრილის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმებულია გარდაბნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს დ. მ-ესა და გ. ო-ს შორის, მოიჯარე - გ. ო-ს გადაეცა სასოფლო-სამეურნეო მიწა, საერთო ფართობით 228,32 ჰა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 წელი. ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა გარდაბნის რაიონის გამგეობის 2005 წლის 5 აგვისტოს №131 დადგენილება და 2006 წლის 4 აპრილის №1-1418 სანოტარო აქტი. 2008 წლის 12 თებერვალს გ. ო-მა საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა გარდაბნის რაიონის ... საკრებულოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 228, 32 ჰა მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...); 2011 წლის 27 იანვარს გ. ო-ის საკუთრებად დარეგისტრირდა გარდაბნის რაიონის ... ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 129 2256 00 კვ.მ ფართის წინა ნაკვეთის ნომერი ...; (საკადასტრო კოდი ...); 2012 წლის 13 სექტემბერს გ. ო-მა საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა გარდაბნის რაიონის ... ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 644622,00 კვ.მ. ფართის წინა ნაკვეთის ნომერი ...; (საკადასტრო კოდი ...); 2012 წლის 4 დეკემბრის ამონაწერით სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა გარდაბნის რაიონის ... ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1292256,00 კვ.მ., წინა ნაკვეთის ნომერი ...; (საკადასტრო კოდი ...). საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ო-ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ასევე დადგენილია, რომ გ. ო-ის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიით წარდგენილი მიწის ნაკვეთი ფარავს ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 1993-1997 წლებში მიწის რეფორმის მიმდინარეობისას განაწილებულ მიწის ნაკვეთებს.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობა. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა მოსარჩელის სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციამდე გამოიკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე განაწილებისა თუ ფლობის არსებობა, რითაც სარწმუნოდ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაუშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომ ვინაიდან 2006 წლის 25 აპრილის იჯარის ხელშეკრულება და 2007 წლის 14 სექტემბრის უძრავი ქონების შეძენის დოკუმენტი ძალაშია და ისინი ბათილად არ არის ცნობილი. მოპასუხემ არასწორად უთხრა მოსარჩელეს უარი უძრავი ქონების რეგისტრაციაზე, ვინაიდან სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიით წარდგენილი მიწის ნაკვეთი ფარავს ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 1993-1997 წლებში მიწის რეფორმის მიმდინარეობისას განაწილებულ მიწის ნაკვეთებს.
ასევე საქალაქო სასამართლოს განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც გ. ო-ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გარდაბნის გამგეობაში ბ. ს-ის სახელით დამზადდა ყალბი 2005 წლის 26 ივლისით დათარიღებული განცხადება, აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და 2005 წლის 5 აგვისტოს №131 დადგენილებით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ბ. ს-ი, რომელსაც ამავე დადგენილებით თითქოსდა იჯარით უნდა გადასცემოდა გარდაბნის რაიონის სოფელ ... მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 228,32 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი. 2006 წლის 3 თებერვალს ბ. ს-ის სახელით გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო მას შემდეგ რაც იგი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2006 წლის 4 აპრილს ბ. ს-ი წაიყვანეს ნოტარისუთან, სადაც ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მიაცემინეს თანხმობა იჯარის ხელშეკრულებაში ვალდებული პირის შეცვლაზე გ. ო-ის სასარგებლოდ. 2006 წლის 25 აპრილს გ. ო-მა გააფორმა გარდაბნის რაიონის გამგეობასთან საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2007 წლის 14 სექტემბერს სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში მიიღო საკუთრების უფლება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამასთან, რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, რომლის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიით წარდგენილი მიწის ნაკვეთი ფარავდა ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 1993-1997 წლებში მიწის რეფორმის მიმდინარეობისას განაწილებულ მიწის ნაკვეთებს სასამართლო მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ო-მა, რომელმაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით გ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 აპრილის №72916 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მის მიერ შეძენილი იმ ქონების დარეგისტრირებაზე, რომელიც არ არის გადაფარვის ქვეშ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მიიჩნია უსაფუძვლოდ და განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3. მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით; სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80.4 და 185–ე მუხლებზე და განმარტა, რომ გ. ო-ის ადმინისტრაციული საჩივარი ეხებოდა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას - უფლების რეგისტრაციაზე უარს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხილა აღნიშნული საჩივარი, იმდენად, რამდენადაც უფლების რეგისტრაციაზე მარეგისტირებელი ორგანოს უარის კანონიერება მოწმდება მხოლოდ სასამართლოს მიერ, ხოლო რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 აპრილის №72916 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, აღნიშნულთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო დაუსაბუთებლად, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96–ე მუხლები, რადგან არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ო-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის სრულ ზედდებაში საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან; აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 28 მაისის აქტით, რომელშიც მოცემულია იმ მიწის ნაკვეთების ჩამონათვალი და შესაბამისი საკადასტრო კოდები, რომლებიც ზედდებაშია გ. ო-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიით წარდგენილ მიწის ნაკვეთთან
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულიად დაუსაბუთებელია თუ რატომ არ განახორციელა რეგისტრაცია დანარჩენ მიწის იმ ნაკვეთზე (გარდა 2009 წლის 28 მაისის აქტში ჩამოთვლილი მიწის ნაკვეთებისა), რომელიც არ არის ზედებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი (2014 წლის 15 აპრილის №79937 წერილი) საჯარო რეესტრში დაცული გ. ო-ის სარეგისტრაციო ტერიტორიის განაწილების გეგმის ასლიდან ასევე დასტურდება, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ტერიტორია არ არის მთლიანად განაწილებლი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 აპრილის №88095 წერილიდან ასევე დასტურდება, რომ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურში დაცული მიწის ნაკვეთის განაწილების გეგმის გაცემის თარიღი და გამცემი ორგანო დაუდგენელია.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა ხელახლა უნდა იმსჯელოს გ. ო-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ ტერიტორიაზე რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობაზე იმ მიწის ნაკვეთის ნაწილში, რომელიც არ არის ზედდებაში საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან და მასთან მიმართებაში უნდა იმსჯელოს რამდენად შეიძლება წარმოადგენდეს რეგისტრაციის განხორციელებაზე ხელის შემშლელს სარეგისტრაციო სამსახურში დაცული მიწის განაწილების სია, რომლის გაცემის თარიღი და გამცემი ორგანო დაუდგენელია.
ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა გ. ო-ის მიმართ არსებულ განაჩენთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია და განმარტა, რომ 2009 წელს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული სადავო აქტის კანონიერების შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს 2011 წელს გ. ო-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, იმდენად, რამდენადაც აქტის კანონიერება უნდა შეფასდეს მხოლოდ მისი გამოცემის დროს არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების მოთხოვნები.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის 32.4 მუხლი, ვინაიდან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობა სასამართლოს შეეძლო მხოლოს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო წესით სასამართლო თავად ვერ დაადგენდა სადავო ფაქტობრივ გარემოებას. იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცულია კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენი, დგინდება გ. ო-ის მიერ დანაშაულის ჩადენა და დოკუმენტის სიყალბე. ამასთან, კასატორის განმარტებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო სამსხური მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ მიწის ნაკვეთის ფარგლებში, რომელიც არ არის გადაფარვის ქვეშ, ვინაიდან, ცალკეულ უძრავ ნივთებზე ინდივიდუალური აზომვითი ნახაზები დაინტერესებული პირის მიერ 2009 წლის მდგომარეობით (რეგისტრაციის მოთხოვნის დროს) წარმოდგენილი არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესაბამისად: გარდაბნის რაიონის გამგეობის №131 დადგენილებით გამგეობის 2005 წლის 5 აგვისტოს №20 სხდომის ოქმის საფუძველზე ბ. ს-ს დროებით სარგებლობაში იჯარით გადაეცა ... საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე 228, 32 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი; ამავე დადგენილებით განისაზღვრა მოიჯარე ბ. ს-თან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება.
2006 წლის 25 აპრილს, გარდაბნის რაიონის გამგეობის №131 დადგენილებისა და 2006 წლის 4 აპრილის №1-1418 სანოტარო აქტის ( რომლითაც ბ. ს-მა თანხმობა განაცხადა იჯარის ხელშეკრულებაში ვალდებული პირის შეცვლაზე გ. ო-ის სასარგებლოდ) საფუძველზე 20 წლის ვადით იჯარის ხელშეკრულება დაიდო გ. ო-თან, რა დროსაც მომზადდა 228,32 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთის გეგმა და ექსპლიკაცია, ასევე საიჯარო ობიექტის აღწერილობის ოქმი.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამმართველოს გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2007 წლის 14 სექტემბრის №1218 ოქმის თანახმად, „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2006 წლის 25 აპრილის №114 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, გ. ო-მა შეიძინა გარდაბნის რაიონში, სოფ. ... ტერიტორიაზე მდებარე 228, 32 ჰა მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო №... .
მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2007 წლის 14 სექტემბრის №1218 ოქმის, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე 2007 წლის 20 სექტემბერს გ. ო-ის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა გარდაბნის რაიონში, სოფ. ... ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი – ..., დაუზუსტებელი ფართი – 228, 32 ჰა; 2008 წლის 12 თებერვლის №882008031787 საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით გ. ო-ის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი – ..., დაუზუსტებელი ფართი – 228, 32 ჰა.
საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ფართობის დაზუსტების მიზნით გ. ო-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა 2009 წლის 5 მაისს განახორციელა №... საკადასტრო კოდზე 228, 32 ჰა დაუზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთიდან გარდაბნის სარეგისტრაციო ზონაში მოხვედრილი 1 937 207 კვ.მ. დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია გ. ო-ის სახელზე იმავე საკადასტრო კოდით – ... .
გარდაბნის სარეგისტრაციო ზონის გარეთ დარჩენილი და რუსთავის სარეგისტრაციო ზონაში გადასული 345 993 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით საკადასტრო ნახაზი და ელ.ვერსია გ. ო-მა წარადგინა რუსთავის სარეგისტრაცო სამახურში და მოითხოვა მისი საკუთრების რეგისტრაცია, რაზეც რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 აპრილის №72916 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ფარავს ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 1993–1997 წლებში მიწის რეფორმის მიმდინარეობისას განაწილებულ მიწის ნაკვეთებს, რომლის უმრავლესობაც უკვე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში სხვადასხვა დროს.
რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 აპრილის №72916 გადაწყვეტილებაზე გ. ო-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით განუხილველად იქნა დატოვებული.
2011 წლის 27 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით გ. ო-ის სახელზე 2007 წლის 20 სექტემბრიდან რეგისტრირებულია 1 292 256. 00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით – ... ( წინა საკადასტრო კოდი ...); ასევე 2012 წლის 13 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით გ. ო-ის სახელზე 2007 წლის 20 სექტემბრიდან რეგისტრირებულია 644 622.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით – ... ( წინა საკადასტრო კოდი ...); 2012 წლის 04 დეკემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით 1 292 256. 00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით – ... ( წინა საკადასტრო კოდი ...) 2011 წლის 11 ივნისიდან რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებაში.
2011 წლის 17 თებერვალ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგების ფორმით და გ. ო-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვით გ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; აღნიშნული განაჩენის მიხედვით, გ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაული (თაღლითობა ) გამოიხატა გარდაბნის რაიონის სოფ. ..., მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 228.38 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში.
მოსარჩელე გ. ო-ი წარმოდგენილი საჩვრით ითხოვდა რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 აპრილის №72916 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც უარი ეთქვა რუსთავის სარეგისტრაციო ზონაში გადასული 345 993 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების, რომლითაც განუხილველად დარჩა გ. ო-ის საჩივარი ბათილად ცნობას. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებზე, რომ 2006 წლის 25 აპრილს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდაბნის რაიონის გამგეობამ იჯარით გადასცა სასოფლო-სამეურნეო 228, 32 ჰა მიწის ნაკვეთი. 2007 წლის 14 სექტემბერს აღნიშნული ნაკვეთი მდებარე გარდაბნის რ/ნ, სოფ. ... ტერიტორიაზე, შეიძინა და გადაეცა საკუთრებაში რომელიც დაარეგისტრირა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში. 2007 წლის 20 სექტემბერს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემულ საკადასტრო ამონაწერში მითითებულია მის საკუთრებაში არსებული მიწის დაუზუსტებელი ფართობი - 228,32 ჰა. 2008 წლის 30 აპრილს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განმეორებით გაცემეულ ამონაწერში დაფიქსირებულია მის საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული მიწის ფართობის - 228,32 ჰა ნაცვლად უფრო ნაკლები - 1977207 კვ.მ. მოსარჩელე ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული ფართის რეგისტრაციას რაზედაც ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასამართლოსათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 აპრილის №72916 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მის მიერ შეძენილი იმ ქონების დარეგისტრირებაზე, რომელიც არ არის გადაფარვის ქვეშ და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია მოსარჩელე გ. ო-ს. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში არამართებულია სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მითითებული მუხლით რეგლამენტირებული, სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას.
მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის კასაციის ძირითად მოტივს სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და მითითებული ნორმით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
დავის საგანთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების წარმოშობის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის - დაცვას ემსახურება.
უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი და პირობები, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები და განისაზღვრება საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
ზემოაღნიშნული კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთად შეიძლება, მიჩნეულ იქნეს, მაგ: კანონის, ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, ან სხვა სახის რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი.
აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გმომდინარე, საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სავალდებულოა მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლის - უფლების დამდგენი დოკუმეტის წარდგენა, რომლის საფუძველზე და დაყრდნობითაც მარეგისტრირებელი ორგანო განახორციელებს საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ანუ სახეზე უნდა იყოს რეგისტრაციის საფუძვლი - უფლების დამდგენი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებას, რომ 2006 წლის 25 აპრილს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდაბნის რაიონის გამგეობამ იჯარით გადასცა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი - 228,32 ჰა, რომელიც შემდგომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის №1218 თანახმად, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკუთრებაში გადაეცა, სწორედ აღნიშნული დოკუმენტზე დაყრდნობით ითხოვდა მოსარჩელე სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის განხორციელებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება საქმეში წარმოდგენილია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც მოსარჩელე - გ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელის სახედ შეეფარდა ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განაჩენით დადგენილია, რომ ,,დაახლოებით 2005 წლის ივლისის-აგვისტოს თვეში, ზუსტად რიცხვი დაუდგენელია, გ. ო-მა მამასთან - პ. ო-თან ერთად განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 228,32 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელზედაც ამავე პერიოდში გარდაბნის რაიონის გამგეობას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი. თავისი დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად, ამავე გამგეობის ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა მოხელეებმა მათ დახმარება აღუთქვეს, რის შემდეგაც გარდაბნის გამგეობაში დაამზადეს მოქალაქე ბ. ს-ის სახელით ყალბი 2005 წლის 26 ივლისით დათარიღებული განცხადება, სადაც მიუთითეს, რომ თითქოსდა ამ უკანასკნელმა 2005 წლის 30 ივნისის გაზეთ ,,24 საათში“ შეიტყო აუქციონის გამოცხადების შესახებ და სურვილი გამოთქვა მასში მონაწილეობაზე. ამის შემდეგ ბ. ს-ის სახელით ასევე ყალბად დაამზადეს საკონკურსო განაცხადი და 2005 წლის 5 აგვისტოს №131 დადგენილებით კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადეს მოქალაქე ბ. ს-ი, რომელსაც ამავე დადგენილებით თითქოსდა იჯარით უნდა გადასცემოდა გარდაბნის რაიონი, სოფ. ... მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არასებული 228, 38 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ქმედებისათვის საბოლოო კანონიერი სახის მიღების მიზნით, 2006 წლის 3 თებერვალს ბ. ს-ის სახელით გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, იმავე წლის აპრილის თვეში გ. ო-მა და პ. ო-მა ბ. ს-ი წაიყვანეს ნოტარიუსთან, სადაც ზემოაღნიშნული მიწის ნავეთზე მიაცემინეს თანხმობა იჯარის ხელშეკრულებაში ვალდებული პირის შეცვლაზე გ. ო-ის სასარგებლოდ, რაზედაც შედგა 2006 წლის 4 აპრილით დათარიღებული სანოტარო აქტი №1-1418. მას შემდეგ რაც გ. ო-ს ხელთ ჰქონდა სანოტარო აქტი, 2006 წლის 25 აპრილს გარდაბნის რაიონის გამგეობასთნ გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება ზემოაღნიშნულ მიწაზე, რომლის საფუძველზეც 2007 წლის 14 სექტემბერს სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში მიიღო საკუთრების უფლება, რითაც თავისი დანაშაულებრივი განზრახვა მოიყვანა სისრულეში და სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. 2011 წლის 3 თებერვალს ბრალდებულ გ. ო-თან დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე გარიგების ფორმით“. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, სსკ-ის 106-ე მუხლში 2010 წლის 24 სექტემბრის კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ აქტს არ აქვს პრეიუდიციული ძალა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული პროცესუალური აქტების მტკიცებულებად მიღებისა და მათი სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით შესაბამისი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. სასამართლოს არ ერთმევა შესაძლებლობა იმსჯელოს განაჩენზე, როგორც წერილობით მტკიცებულებაზე და გაიზიაროს მასში ასახული გარემოებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2007 წლის 14 სექტემბერს სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს №1218 ოქმი, რომელიც საფუძვლად დაედო გ. ო-ის საკუთრებად 2007 წლის 20 სექტემბერს განხორციელებულ 1 292 256. 00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, საკადასტრო კოდით – ... ( წინა საკადასტრო კოდი ...); გ. ო-ის სახელზე 2007 წლის 20 სექტემბრის 644 622.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, საკადასტრო კოდით – ... ( წინა საკადასტრო კოდი ...) მიღებულია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, რომლებიც საქმეში არსებული სისხლის სამართლის განაჩენის შესაბამისად, გამოტანილია ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ გარემოებად არის მიჩნეული, რომ გ. ო-მა მამასთან პ. ო-თან ერთად ყალბი დოკუმენტების გზით 2005 წლის 5 აგვისტოს №131 დადგენილებით კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადეს მოქალაქე ბ. ს-ი, რომელსაც ამავე დადგენილებით თითქოსდა იჯარით უნდა გადასცემოდა გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 228,38 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი, საბოლოოდ კანონიერი სახის მიღების მიზნით 2006 წლის 3 თებერვალს ბ. ს-ის სახელით გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, 2006 წლის 4 აპრილის №1-1418 სანოტარო აქტის შესაბამისად, ბ. ს-მა გამოთქვა თანხმობა იჯარის ხელშეკრულებაში ვალდებული პირის შეცვლაზე გ. ო-ის სასარგებლოდ, ამის შემდეგ 2006 წლის 25 აპრილს გარდაბნის რაიონის გამეგობასთან გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება ზემოაღნიშნულ 228, 32 ჰა მიწაზე, რომლის საფუძველზეც 2007 წლის 14 სექტემბერს სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს №1218 ოქმით სისრულეში მოიყვანა თავისი განზრახვა, ანუ აღნიშნული ოქმის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა გარდაბნის რ/ნ-ის სოფ. ... მდებარე 228,32 ჰა მიწის ნაკვეთი. ბრალზე საპროცესო შეთანხმებით მოსარჩელე გ. ო-ი დაეთანხმა სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ გარემოებებს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აქტის კანონიერება უნდა შეფასდეს მხოლოდ მისი გამოცემის დროს არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 385.2 მუხლის შესაბამისად, სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და არ გამოყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი. სააპელაციო სასამართლომ საქმის გამოსაკვლევ გარემოებათა მითითების გარეშე დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მაშინ, როდესაც სახეზეა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და საქმის მასალებიდან გამომდინარეც, დასტურდება, რომ გ. ო-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის რეგისტრირაციის საფუძველი ანუ უფლებადამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2007 წლის 14 სექტემბრის №1218 ოქმი, რომლის თანახმადაც „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2006 წლის 25 აპრილის #114 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გ. ო-მა შეიძინა გარდაბნის რაიონში, სოფ.... ტერიტორიაზე მდებარე 228, 32 ჰა მიწის ნაკვეთი, (სარეგისტრაციო კოდი #...) საქმეში არსებული განაჩენით კი დასტურდება, რომ გ. ო-ის ბრალი ედება სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით მისაკუთრებაში და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გამოცემული სარეგისტრაციო წარმოების დროს წარდგენილი უფლებადამდეგენი დოკუმენტის გამოყენებით თავისი დანაშაულებრივი განზრახვა მოიყვანა სისრულეში.
ამდენად, ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების სახის (დავის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება) გამოყენება განსახილველ საქმეში არასწორია და ვერ პასუხობს მართლმსაჯულების ამოცანას: მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის მოგვარება - გადაწყვეტას, როდესაც საქმეში არსებობს სისხლის სამართლის განაჩენი, რომლითაც გ. ო-ი, ცნობილ იქნა დანაშავედ სწორედ სადავო მიწის ნაკვეთის მართლსაწინააღმდეგო, თაღლითური გზით მითვისებაში. ამასთან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა იმიტომ უთხრა უარი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რომ გ. ო-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთები ფარავს ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 1993-1997 წ.წ. მიწის რეფორმის მიმდინარეობისას განაწილებულ მიწის ნაკვეთებს, ხოლო რომელიც არ არის განაწილებული და თავისუფალია მასზე წარმოდგენილი არ არის ცალკე აზომვითი ნახაზები, სააპელაციო სასამართლომ ისე დაუბრუნა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმე ხელახლა განსახილველად, რომ არ გამოუკვლევია განმცხადებლის მიერ რა დოკუმენტები იქნა სარეგისტრაციოდ წარდგენილი, მით უფრო იმ პირობებში როცა საქმეში წარმოდგენილია ზემოაღნიშნული განაჩენი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი სასამართლოს განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე