Facebook Twitter
№ბს-93-91(კ-14) 23 სექტემბერი , 2014 წელი ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე;

კასატორი (მოსარჩელე) – ი. გ-ი;

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური;

მესამე პირები - ზ. ა-ე და ე. გ-ი;

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელე – ი. გ-ი;
წარმომადგენელი - ო. კ-ი, დ. მ-ე

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

სარჩელის საგანი:

1. ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2001 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების რეგისტრაციის შესახებ (განც.რეგ. ...) და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ...(ამჟამად ...) საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ჩანაწერების ი. გ-ის კუთვნილი უძრავი ქონების ზედდების ნაწილში, ბათილად ცნობა;

2. ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 ივნისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ჩანაწერების ბათილად ცნობა, ი. გ-ის კუთვნილი უძრავი ქონების ზედდების ნაწილში;

3. ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 ივნისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ჩანაწერების ბათილად ცნობა ი. გ-ის კუთვნილი უძრავი ქონების ზედდების ნაწილში;

4. ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 31 დეკემბრის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

5. ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი. გ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შესახებ;

6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 თებერვლის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-16; 105; ტ.1).

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი: 1994 წლის 22 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ი. გ-მა მ. ბ-ისაგან შეიძინა ავტოფარეხი მდებარე ქ. ახალციხე, ... ქ. №14, რომელსაც უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, თავის მხრივ, მოპოვებული ჰქონდა ახალციხის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება იმავე დღეს დაარეგისტრირა ქ. ახალციხის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში და მომზადდა საბინაო ფონდის ავტოფარეხის ტექნიკური პასპორტი.

1994 წლის 22 ოქტომბერს შეძენილი ავტოფარეხის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან უძრავი ქონების საჯარო რეესტრის რეგისტრაციის მიზნით, 2012 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს, რაზედაც ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 31 დეკემბრის ... გადაწყვეტილებით ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული იყო სხვა პირის, კერძოდ, ზ. ა-ის საკუთრების უფლება.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა უკანონოდ, ვინაიდან, იმ პირობებში, როცა ტექ.პასპორტისა და სახლთმფლობელობის მოკლე დახასიათების აქტის მონაცემების შესაბამისად, ე. გ-ი კუთვნილი მიწის ნაკვეთის და განაშენიანების ფართობი საერთო ჯამში შეადგენდა 343,46 კვ.მ. და იმავდროულად საჯარო რეესტრის დაქვემდებარებაშივე არსებულ ტექბიუროში ფიქსირდებოდა ი. გ-ის საკუთრების უფლება 52 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და ავტოფარეხზე. 2001 წლის 7 აგვისტოს ე. გ-ზე უძრავი ქონების რეგისტრაცია ნაცვლად არსებული 343,46 კვ.მ. განხორციელდა ი. გ-ის საკუთრების უფლების ხელყოფის შედეგად 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და ამავე მოცულობის შენობა-ნაგებობაზე. ასევე კანონსაწინააღმდეგოდ განხორციელდა ე. გ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზ. ა-ეზე გასხვისება.

ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 31 დეკემბრის ... გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის განმარტებით, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ქონების თავდაპირველ მესაკუთრეზე - ე. გ-ზე, ისევე როგორც მის შემდგომ შემძენზე, ზ. ა-ეზე განხორციელდა მისი საკუთრების უფლების აშკარა ხელყოფით, ვინაიდან, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციისას ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ გამოკვლეულა უძრავი ნივთის რეგისტრაცია გამოიწვევდა თუ არა სხვა პირის საკუთრების უფლების ხელყოფას.

სამართლებრივი: მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე, 96-ე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლებზე (იხ.ს.ფ. 2-16; ტ.1).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ზ. ა-ე და ე. გ-ი (იხ. ს.ფ. 50-52; ტ.1).
მესამე პირმა - ზ. ა-ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის 2010 წლიდან ცნობილი იყო, რომ სადავო ქონების მესაკუთრე იყო თვითონ, ხოლო 2011 წლიდან ე. გ-ი. მესამე პირის მტკიცებით, ვინაიდან მოსარჩელემ 2012 წელს მიმართა სასამართლოს სარჩელი ხანდაზმულია (იხ. ს.ფ. 56-62; ტ.1).

მესამე პირმა - ე. გ-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისი, როგორც ყოფილი მესაკუთრის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 422 კვ.მ., რაც დასტურდებოდა 1988 წლის 19 ოქტომბრის ახალციხის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის №... გადაწყვეტილებით, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, მოსარჩელის მითითებით, მან აღნიშნული ქონება მიჰყიდა ზ. ა-ეს (იხ. ს.ფ. 63-69; ტ.1).

მოპასუხე - საჯარ რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ №... მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო ზ. ა-ის საკუთრება. მოპასუხის განმარტებით, რეგისტრაცია ხორციელდება უფლებადამდგენი დოკუმენტისა და არა ტექ. პასპორტში მითითებული განაშენიანების საფუძველზე.

სამართლებრივი: მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 25-ე მუხლები (იხ. ს.ფ. 72-79; ტ.1).


საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 290-304; ტ.1).


სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები:

ახალციხის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1998 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით მ. ა-ს ასულ ბ-ს ... ქუჩაზე ... ყოფილი ტერიტორიიდან გამოეყო 30 კვმ. მიწის ნაკვეთი ავტოსადგომის მშენებლობისათვის.

1994 წლის 22 დეკემბერს ი. გ-მა შეიძინა მ. ა-ს ასულ ბ-ისგან ავტოფარეხი, მდებარე, ქ. ახალციხე, ... ქუჩა №14–ში.
1994 წლის 20 ოქტომბერს ი. გ-ის სახელზე შედგენილი ინდივიდუალური საბინაო ფონდის ავტოსადგომის ტექნიკური პასპორტით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის ფართი, რომელზეც განთავსებულია ავტოფარეხი, დოკუმენტურად შეადგენს 30 კვმ. ხოლო ფაქტობრივად 52 კვ.მ.

ცნობა–დახასიათებით დადგენილია, რომ სააღრიცხვო ბარათში არსებული გენგეგმის შესაბამისად, სადაც ზომები არ არის მითითებული, მიწის საერთო ფართი არ არის დაფიქსირებული; აღნიშნულ გენგეგმიდან გამოყოფილია ფრაგმენტი განაშენიანების ფართით 52 კვ.მ. სართულის რაოდენობა 1.

2012 წლის 26 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ი. გ-მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე მდებარე, ქ. ახალციხე, ... ქუჩა №14–ში.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 31 დეკემბრის ...გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, კერძოდ: საკადასტრო კოდი: №..., რეგისტრირებული იყო ზ. ა-ის საკუთრება, რომელიც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას.
2013 წლის 22 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჩივრით მიმართეს ი. გ-ის წარმომადგენლებმა ო. კ-მა და დ. მ-ემ და მოითხოვეს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 31 დეკემბრის №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამავე წარმოების დასრულების მიზნით ს/კ №... ფარგლებში და ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურისათვის №... წარმოების დასრულების შესახებ აქტის გამოცემა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
ახალციხის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1998 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით კოოპერატივ ,,...“ გამოეყო 420 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ... ქუჩაზე ...ყოფილი ტერიტორიიდან კოოპერატივის მშენებლობისათვის.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კოოპერატივ ,,...“ წევრთა განცხადება აღნიშნული კოოპერატივის ლიკვიდაციის შესახებ. კოოპერატივ ,,...“ ბალანსზე რიცხული შენობა და მცირეფასიანი ინვენტარი დარჩა კოოპერატივის თავჯდომარის ე. გ-ის საკუთრებაში.

ახალციხის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1998 წლის 19 ოქტომბრის ... გადაწყვეტილებისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2001 წლის 7 აგვისტოს უძრავი ქონება, მდებარე ... ქუჩა №26–ში, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ..., მიწის ფართობი 420 კვ.მ. დაუზუსტებელი და შენობა-ნაგებობა დარეგისტრირდა ე. გ-ის საკუთრებად. განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 671/01.

2010 წლის 10 ივნისს ე. გ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ახალციხეში, ... ქუჩა №26-ში და იპოთეკის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული სს ,,...“ ახალციხის სერვისცენტრის მიერ, რომლის თანახმად, ე. გ-მა სრულად შეასრულა სს ,,...“ 2008 წლის 20 თებერვალს გაფორმებული №0097/1 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გაფორმებული ვალდებულებები და სს ,,...“ ითხოვდა ე. გ-ის საკუთრებაში არსებული ქონების, გათავისუფლებას უფლებრივი დატვისრთვისაგან შემდეგი მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა: ახალციხე, კოდი ...; სექტორი ახალციხე, კოდი ...; კვარტალი ...; ნაკვეთი ...; ფართობი 420 კვ.მ. (დაუზუსტებელი); მისამართი: ახალციხე, ... ქ. №26. და წარადგინა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, იპოთეკის შეწყვეტის დამადასტურებელი ქვითარი და მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი (იხ. ს.ფ. 275-278; ტ.1).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 ივნისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა.

2010 წლის 22 ივნისს ზ.ი ა-ემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ე. გ-ისაგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ახალციხე, ... ქუჩა №26–ში, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა: ახალციხე, კოდი - ...; სექტორი ახალციხე, კოდი - ...; კვარტალი - ...; ნაკვეთი - ...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო–სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 422.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: .... შენობა–ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი 1 (...), განაშენიანების ფართი 422 კვ.მ.

2010 წლის 23 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ზ. ა-ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე გარიგების საფუძველზე მდებარე ქ. ახალციხე ... ქუჩა №26–ში.

უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ახალციხე, ... ქუჩა №26–ში გარიგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) საფუძველზე დარეგისტრირდა ზ. ა-ის საკუთრებად. განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...,

2012 წლის 29 მაისს საჯარო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ი. გ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ავტოფარეხის დარეგისტრირება ი. გ-ის საკუთრების უფლებით შემდეგ მისამართზე: ქ. ახალციხე, ... ქ. №26 (...), ზონა - ახალციხე ...; სექტორი - ...; კვრატალი - ...; ნაკვეთი - ....

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან უძრავი ქონება, კოდით ... რეგისტირებული იყო ზ. ა-ის საკუთრებაში და ი. გ-ს დაევალა წარედგინა ზ. ა-ის თანხმობა რეგისტრაციაზე, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, ახალციხე, ... ქ. №4-ისა და ... ქ. №26-ს იდენტურობა, რადგან ი. გ-ის ნასყიდობაში მითითებულია მისამართი, ახალციხე ... ქ. №4.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რადგან ი. გ-ის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იყო წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უძრავი ნივთი ე.წ. ავტოფარეხი, რომლის საკუთრებაში დარეგისტრირებას ითხოვს ი. გ-ი, წარმოადგენს არა ერთსართულიან შენობას, არამედ ორსართულიანს, რომლის მეორე სართულზე განთავსებულია ,,...“.
სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. გ-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” მე-14 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა–მდე ან 50000 კვ.მ–მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა–ზე ან 50000 კვ.მ–ზე ზევით – არა უმეტეს 0.5 პროცენტისა) ან ნაკლებია, რეგისტრაცია წარმოებს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად. ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იყო იპოთეკის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ადასტურებდა იპოთეკის შეწყვეტას, ასევე საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც აკმაყოფილებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” მე-14 მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნებს, რადგან რეგისტრირებული იყო დაუზუსტებელი ფართობი 420 კვ.მ., რის შემდეგაც დაზუსტებულ იქნა 422 კვ.მ. მიწის ფართობი, შესაბამისად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 ივნისის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ” 26-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს;

2010 წლის 22 ივნისს ზ.ი ა-ემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ე. გ-ისაგან შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ახალციხე, ... ქუჩა №26–ში, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა: ახალციხე, კოდი - ...; სექტორი ახალციხე, კოდი - ...; კვარტალი - ...; ნაკვეთი - ...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია–არასასოფლო–სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 422.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: .... შენობა–ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი 1 (,,...“), განაშენიანების ფართი 422 კვ.მ. და უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ახალციხე, ... ქუჩა №26–ში ნასყიდობის ხელშეკრულების, საფუძველზე დარეგისტრირდა ზ. ა-ის საკუთრებად. განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., შესაბამისად, საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ” 26-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, წინა რეგისტრაციები არის ძალადაკარგული, რადგან წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საკუთრების უფლების გადასვლის ფაქტს.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზ. ა-ემ ე. გ-ისაგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რაც წარმოადგენდა კანონისმიერ საფუძველს აღნიშნული უძრავი ქონების საჯარო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურში ზ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა.

ამასთან, რაიონული სასამართლოს შეფასებით, ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 ივნისის ... გადაწყვეტილების რეგისტრაციის შესახებ და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ჩანაწერების ი. გ-ის ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა გამოიწვევს ზ. ა-ის საკუთრების გაუქმებას აღნიშნულ ნაწილში, რადგან ზ. ა-ემ იყიდა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და შენობა, ნაგებობა და საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ” მეხუთე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, მხარეს არ მოუთხოვია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, შესაბამისად, რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების უფლების გაუქმება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე, 248–ე მუხლებით; სამოქალაქო კოდექსის 170–ე, 187–ე, 311–ე, 312–ე, 319–ე მუხლებით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლით.

აპელანტი: ი. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები: (მოპასუხეები) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

მესამე პირები - ზ. ა-ე და ე. გ-ი;


აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა, ის ფაქტი, რომ ჯერ ე. გ-ზე, ხოლო შემდეგ ზ. ა-ეზე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელდა კანონსაწინააღმდეგოდ, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური პასპორტისა და სახლთმფლობელობის მოკლე დახასიათების აქტის მონაცემების შესაბამისად, ე. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და განაშენიანების ფართობი საერთო ჯამში შეადგენდა 343.46 კვ.მ., აპელანტის მტკიცებით, ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურმა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის არასწორად გამოყენების შედეგად 2011 წლის 7 აგვისტოს ე. გ-ზე უძრავი ქონების რეგისტრაცია ნაცვლად არარსებული 343. 46 კვ.მ. განახორციელა 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და ამავე მოცულობის შენობა-ნაგებობაზე. სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ არსებულ 343.46 მეტრიდან 422 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა განხორციელდა სწორად, რომ ი. გ-ის კუთვნილი 52 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და ავტოფარეხის კანონსაწინააღმდეგოდ ხელყოფის ხარჯზე და რეგისტრირებული 422 კვ.მ. 343,46 არის ე. გ-ის რეალური საკუთრების საგანი, ხოლო 52 კვ.მ არის ი. გ-ის კუთვნილი ავტოფარეხი.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია ზ. ა-ე უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენად.

სამართლებრივი: აპელანტის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტების უგულებელყოფის პირობებში, მისი საკუთრების აშკარა ხელყოფის შედეგად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი აღიარებს და უზრუნველყოფს საკუთრებას და მემკვიდრეობის უფლებას, ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურმა კი ისე გამოსცა სადავო აქტები, რომ არ გამოუკვლევია გამოიწვევდა თუ არა მესამე პირებზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია სხვა პირის საკუთრების უფლების ხელყოფას, მაშინ როცა საჯარო რეესტრის სამსახურის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს მოთხოვნილი რეგისტრაციის მართებულობის დადგენისას არ შემოიფარგლოს მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოთხოვნილი რეგისტრაციის საფუძვლიანობის შემოწმება-კანონიერების შესწავლა მის უწყებაში შემავალი საჯარო რეესტრის და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში რეგისტრირებულ მონაცემებთან მიმართებაში, რაც საჯარო რეესტრს არ განუხორციელებია.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად არ გამოიყენა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ თუ უძრავ ნივთზე რეგისტირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მოცემულ შემთხვევაში კი სადავოდ ქცეული აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა შემოწმება სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე იყო თუ არა რეგისტრირებული მესამე პირის - ამ შემთხვევაში ი. გ-ის საკუთრების უფლება, რაც კანონის დარღვევაა.

სასამართლომ ასევე არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს გარემოებები, რომელთაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რომლის უგულებელყოფა ამავე კოდექსის მე-601 მუხლის მუხლის შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველია, ასევე არასწორად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები (იხ. ს.ფ. 307-318; ტ.1).
მოწინააღმდეგე მხარემ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურმა სააპელაციო შესაგებლით მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების /სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 135-157; ტ.2).

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2001 წლის 7 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაციისას ადგილი ჰქონდა აპელანტ - ი. გ-ის საკუთრების უფლების ხელყოფას (უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. ახალციხე, ... ქ. №14 ავტოფარეხი), სააპელაციო პალატის შეფასებით, ე. გ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (მდებარე ... ქუჩა №26, სარეგისტრაციო მონაცემები: ..., მიწის ფართობი 420 კვ.მ.) რეგისტრირებულია შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო ამ დოკუმენტების საფუძველზე განხორციელებული უფლების რეგისტრაციის (განც. რეგ. ...) ბათილად ცნობის საფუძვლები სახეზე არ არის.

სააპელაციო პალატის შეფასებით, უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები, იმის თაობაზე, რომ მარეგისტრირებელი ორგანოების მიერ განხორციელებული სადავო რეგისტრაციისას ე. გ-ის სახელზე 422 კვ.მ.-მდე მიწის ნაკვეთის ფართობის (მდებარე ქ. ახალციხე, ... ქ. №26) გაზრდა განხორციელდა ი. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და ავტოფარეხის (მდებარე, ქ. ახალციხე, ... ქ. №14) ხელყოფის ხარჯზე, რამდენადაც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

კასატორი: ი. გ-ი;

მოწინააღმდეგე მხარეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური;

მესამე პირები: - ე. გ-ი, ზ. ა-ე

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი საკასაციო საჩივარს ამყარებდა ძირითადად იმავე საფუძვლებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელში და სააპელაციო საჩივარში (იხ. ს.ფ. 97-105; ტ.2).

მოწინააღმდეგე მხარემ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურმა საკასაციო შესაგებლით მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას არ არის დაშვებული იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა, გამოეწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა, სასამართლომ სწორად შეუფარდა ნორმა სადავო სამართალურთიერთობას და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

პროცესუალური კასაციის წარმოდგენილი მოტივები არ ქმნის განჩინების საპროცესო დარღვევებით გამოტანილად მიჩნევის საპროცესო კანონით (სსსკ-ის 393.2. მუხლი) განსაზღვრულ შემთხვევას. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ სამართლებრივ არგუმენტაციას განჩინების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე, კერძოდ, კასატორის არგუმენტი, რომ სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური შეფასებიდან, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება შეამოწმა, როგორც სარჩელის ფაქტობრივ და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში, ასევე მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას საქმეზე არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული და დადგენილია კანონშესაბამისად, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ახალციხის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1998 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით მ. ა-ს ასულ ბ-ს ... ქუჩაზე ...ყოფილი ტერიტორიიდან გამოეყო 30 კვმ. მიწის ნაკვეთი ავტოსადგომის მშენებლობისათვის (იხ.ს.ფ. 187; ტ.1).

1994 წლის 22 ოქტომბერს ი. გ-მა შეიძინა მ. ა-ს ასულ ბ-ისგან ავტოფარეხი, მდებარე ქ. ახალციხე, ... ქუჩა №4–ში (იხ.ს.ფ. 17, ტ.1).

1994 წლის 20 ოქტომბერს ი. გ-ის სახელზე შედგენილი ინდივიდუალური საბინაო ფონდის ავტოსადგომის ტექნიკური პასპორტით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის ფართი, რომელზეც განთავსებულია ავტოფარეხი დოკუმენტით შეადგენს 30 კვმ. ხოლო ფაქტობრივად 52 კვ.მ (იხ.ს.ფ. 19-20; 188; ტ.1).

ცნობა–დახასიათებით დადგენილია, რომ სააღრიცხვო ბარათში გამოხაზულია გენგეგმა, სადაც ზომები არ არის მითითებული, მიწის საერთო ფართი არ არის დაფიქსირებული; აღნიშნულ გენგეგმიდან გამოყოფილია ფრაგმენტი განაშენიანების ფართით 52 კვ.მ. სართულის რაოდენობა 1 (იხ.ს.ფ. 21; ტ.1).

1993 წლის 25 აგვისტოს ე. გ-ის სახელზე შედგენილი ინდივიდუალური საბინაო ფონდის ტექნიკური პასპორტით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი, მდებარე, ახალციხე, ... ქ. №26-ში, დოკუმენტით შეადგენს 420 კვ.მ. კვმ. ხოლო ფაქტობრივად 343,46 კვ.მ (იხ.ს.ფ. 33-37; ტ.1).

ახალციხის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1998 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით კოოპერატივ ,,...“ გამოეყო 420 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ... ქუჩაზე ...ყოფილი ტერიტორიიდან კოოპერატივის მშენებლობისათვის.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კოოპერატივ ,,...“ წევრთა განცხადება აღნიშნული კოოპერატივის ლიკვიდაციის შესახებ. კოოპერატივ ,,...“ ბალანსზე რიცხული შენობა და მცირეფასიანი ინვენტარი დარჩა კოოპერატივის თავმჯდომარის ე. გ-ის საკუთრებაში, რომელიც დარეგისტრირდა ე. გ-ის საკუთრებად (იხ. ს.ფ. 267; ტ.1).

ახალციხის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1998 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2001 წლის 7 აგვისტოს უძრავი ქონება, მდებარე ... ქუჩა №26–ში, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ..., მიწის ფართობი 420 კვ.მ. დაუზუსტებელი და შენობა ნაგებობა დარეგისტრირდა ე. გ-ის საკუთრებად. განაცხადის რეგისტრაციის ნომერი ... (იხ. ს.ფ. 271 271; ტ.1).

2010 წლის 10 ივნისს ე. გ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ახალციხეში, ... ქუჩა №26-ში (იხ. ს.ფ. 275-278; ტ.1).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 ივნისის ... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და ე. გ-ის საკუთრება, მდებარე სარეგისტრაციო ზონა: ახალციხე, კოდი - ...; სექტორი - ახალციხე, კოდი - ...; კვარტალი - ...; ნაკვეთი - ...; ფართობი 420 კვმ. (დაუზუსტებელი); მისამართი: ახალციხე, ... ქუჩა №26, გათავისუფლდა უფლებრივი დატვირთვისაგან (იხ. ს.ფ. 274; ტ.1).

2010 წლის 22 ივნისს ზ. ა-ემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ე. გ-ისაგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ახალციხე, ... ქუჩა №26–ში, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა: ახალციხე, კოდი - ...; სექტორი ახალციხე, კოდი - ...; კვარტალი - ...; ნაკვეთი - ...; ნაკვეთის საკუთრების ტიპი საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო–სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 422.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: .... შენობა–ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი 1 (...), განაშენიანების ფართი 422 კვ.მ. (იხ. ს.ფ. 286-287; ტ.1).

ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 ივნისის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზ. ა-ის საკუთრებად დარეგისტრირდა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ახალციხე, ... ქუჩა №26–ში (იხ.ს .ფ. 281; ტ.1).

2012 წლის 26 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ი. გ-მა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე მდებარე ახალციხე, ... ქუჩა №14–ში.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 31 დეკემბრის ...გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რადგან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება, კერძოდ: საკადასტრო კოდი: ..., მესაკუთრე - ზ. ა-ე, რომელიც გამორიცხავს აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილ უფლების რეგისტრაციას.

დავის საგანთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების წარმოშობის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის - დაცვას ემსახურება.

უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკაშირებული ურთიერთობები, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი და პირობები, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები და განისაზღვრება საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესი.

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
ზემოაღნიშნული კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთად შეიძლება, მიჩნეულ იქნეს, მაგ: კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, ან სხვა სახის რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი.
როგორც აღვნიშნეთ, სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლების რეგისტრაციის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე თავით რეგულირდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, გაუქმებისა და მისი გასაჩივრების წესი და პირობები, კერძოდ, მითითებული კანონის 26-ე მუხლში ჩამოთვლილია რეგისტრაციის გაუქმების ძალადაკარგულად ან არარად აღიარების საფუძვლები, კერძოდ, 1-ლი მუხლის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, რეგისტრაცია რომ ბათილად ან არარად გამოცხადდეს ბათილად ან არარად უნდა იყოს ცნობილი ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაცია ანუ უფლების დამდგენი დოკუმენტი -რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, გასაჩივრებული 2001 წლის 7 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაციის - ე. გ-ის საკუთრებად უძრავი ნივთის დარეგისტრირების საფუძველი - უფლების დამდგენი დოკუმენტია 1988 წლის 19 ოქტომბრის ახალციხის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება №... და 1997 წლის 18 სექტემბრის ახალციხის რაიონული სასამართლოს დადგენილება, ხოლო 2010 წლის 25 ივნისის რეგისტრაციის, რომლითაც ზ. ა-ის საკუთრება დარეგისტრირდა ე. გ-სა და ზ. ა-ის შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული უფლებადამდგენი დოკუმენტები, რასაც არც თავად მოსარჩელე უარყოფს, სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, გასაჩივრებული სარეგისტრაციო ჩანაწერის უკანონობა ზემოთმითითებული ხელშეკრულებების უკანონობის დადგენის გარეშე, მოცემული სარჩელის საგნისა და საფუძვლის ფარგლებში ვერ დადასტურდება, ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია“ /სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი/ ანუ ივარაუდება, რომ რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტი სრულად და სწორად არის განხორციელებული. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც შესაძლოა, მიუთითებს რეგისტრაციის არაკანონიერებას, ვერ გამორიცხავს მითითებული ნორმით დაცულ ვარაუდს რეესტრში რეგისტრირებული უფლების მართებულობასთან დაკავშირებით, მანამ სანამ არ დადგინდება ჩანაწერის უზუსტობა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მოტივი – საკუთრების უფლების ხელყოფის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქმის მასალების შესაბამისად, ახალციხის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1998 წლის 19 ოქტომბრის ... გადაწყვეტილებით კოოპერატივ ,,...“ გამოეყო 420 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ... ქუჩაზე ...ყოფილი ტერიტორიიდან კოოპერატივის მშენებლობისათვის. ახალციხის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კოოპერატივ ,,...“ წევრთა განცხადება აღნიშნული კოოპერატივის ლიკვიდაციის შესახებ. კოოპერატივ ,,...“ ბალანსზე რიცხული შენობა და მცირეფასიანი ინვენტარი დარჩა კოოპერატივის თავმჯდომარის - ე. გ-ის საკუთრებაში, რომელიც დარეგისტრირდა ე. გ-ის საკუთრებად (იხ. ს.ფ. 267; ტ.1). ახალციხის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1998 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების და ახალციხის რაიონული სასამართლოს 1997 წლი18 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2001 წლის 7 აგვისტოს უძრავი ქონება, მდებარე ... ქუჩა 26–ში, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: ..., მიწის ფართობი 420 კვ.მ. დაუზუსტებელი და შენობა-ნაგებობა დარეგისტრირდა ე. გ-ის საკუთრებად. განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 671/01. (იხ. ს.ფ. 271 271; ტ.1) ანუ ე. გ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულია ქ. ახალციხეში, ... ქ. №26 მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ,,...“ 420 კვ.მ. ფართი, რაზეც შემდგომ ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული შენობა-ნაგებობა, რომლის საწინააღმდეგოს დამტკიცება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის საფუძველზე სწორედ მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებას - მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რაც მხარემ ვერ უზრუნველყო. ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება 1994 წლის 22 ოქტომბერს ი. გ-სა და მ. ა-ს ასულ ბ-ისგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ავტოფარეხი მდებარეობს ქ. ახალციხე, ... ქ. №14-ში, ამ მისამართების იდენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში დაცული არ არის, ამასთან, 1993 წლის 25 აგვისტოს ე. გ-ის სახელზე შედგენილი ინდივიდუალური საბინაო ფონდის ტექნიკური პასპორტით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე, ახალციხე, ... ქ. №26-ში, დოკუმენტით შეადგენს 420 კვ.მ. ხოლო ფაქტობრივად 343,46 კვ.მ (იხ.ს.ფ. 33-37; ტ.1) შესაბამისად, საჯარო რეესტრის მიერ მოხდა იმ ფართის დარეგისტრირება, რაც მითითებული იყო უფლების დამდგენ დოკუმენტებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2001 წლის 7 აგვისტოს, 2010 წლის 15 ივნისსა და შემდეგ უკვე ზ. ა-ესა და ე. გ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 25 ივნისს განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სარჩელის საფუძვლისა და საგნის ფარგლებში კანონიერების შემოწმების შედეგად, კანონშეუსაბამობა არ დასტურდება. ამასთან, საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც, სარჩელის მიზანი მიუღწეველი დარჩება, რამდენადაც რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაშიც, ძალაშია მისი საფუძველი - უფლების დამდგენი დოკუმენტები - პირველ რიგში ე. გ-სა და ზ. ა-ს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაცია ზ. ა-ის, რომლითაც ავტომატურად გაუქმდა ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2001 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება ე. გ-ის საკუთების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო შემდგომ 1988 წლის 19 ოქტომბრის ახალციხის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის №... გადაწყვეტილება, 1997 წლის 18 სექტემბრის ახალციხის რაიონული სასამართლოს დადგენილება (ე. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლებადამდგენი დოკუმენტები), ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების თაობაზე, ვინაიდან, აღნიშნულით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და სს ,,...“ სერვისცენტრის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე უძრავი ნივთი გათავისუფლდა დატვირთული უფლებისაგან.

რაც შეეხება ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 31 დეკემბრის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც უარი ეთქვა ი. გ-ს რეგისტრაციის განხორციელებაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სარჩელის ამ ნაწილშიც დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებს წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, არამედ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

ასევე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად იმ გარემოების მითითებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური რეგისტრაციის განხორციელებისას ვალდებული იყო გამოეკვლია საქმის გარემოებები და ისე მიეღო გადაწყვეტილება ე. გ-ის საკუთების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, როგორც ზემოთ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადგინდა, მარეგისტრირებელ ორგანოს არ ჰქონდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე მტკიცებულება და ასეთი ვერც დღეისთვის არის მოძიებული. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოხდა ზუსტად იმ ფართის რეგისტრაცია, რაც საკუთრებაში გადაეცა ე. გ-ს და სადავო უძრავი ქონება არ წარმოადგენდა კიდევ სხვა მესამე პირთა საკუთრებას, რომელთა თანხმობაც იყო საჭირო რეგისტრაციის განხორციელებისათვის, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებას საქმეზე №ბს-184-182(კ-12), ვინაიდან, მითითებული გადაწყვეტილება გამოტანილია სხვა დავის საგანზე, სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შედეგად, ვიდრე მოცემულ საქმეშია წარმოდგენილი და ამ სამართალურთიერთობის თაობაზე მოხდენილი სამართლებრივი შეფასებები ვერ გახდება იდენტური სასამართლო დასკვნის ჩამოყალიბების წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 თებერვლის №...გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე და განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციასა და საჩივრის განხილვა- გადაწყვეტის წესსა და პირობებს.

ადმინისტრაციული საჩივარი ეს არის სადავო აქტის ადრესატის მიერ პროცედურული უფლების რეალიზაცია, რომელიც კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ წესებს ექვემდებარება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს დადგენის საკითხი განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლით, კერძოდ, 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირი ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე კოდექსის 185-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი, რომლის შესაბამისად: ,, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი“.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში“

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80.4 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ აღნიშნული დათქმით კანონმდებელი მკვეთრად უსვამს ხაზს დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს - ხელისუფლების დანაწილების თაობაზე. სასამართლო ხელისუფლება, როგორც კონსტიტუციური ფუნქციის განმხორციელებელი მართლმსაჯულების ორგანო, გარანტირებულია სრული ავტონომიით და ჩაურევლობის პრინციპით. ადმინისტრაციული სამართალი, რომელიც ადგენს მმართველობის კანონიერების უზრუნველმყოფ ნორმებს, წესებს, პროცედურებსა და მექანიზმებს, ხოლო მმართველობით სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე კონტროლი სასამართლო ხელისუფლების ფუნქციას წარმოადგენს, სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის შემცველი განცხადების ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენისას, ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს მანდატი, გადაუგზავნოს განცხადება უფლებამოსილ სასამართლო ორგანოს, განსხვავებით ამავე კოდექსის 80.1 მუხლით დადგენილი ვალდებულებისა.

ამგვარ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება შემოიფარგლება განმცხადებლისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევით, კერძოდ, აუხსნას მხარეს, რომ საკითხი სასამართლო ორგანოთა იურისდიქციას განეკუთვნება. აღნიშნული თავის მხრივ, შეესაბამება კონსტიტუციის 42.1 მუხლით დადგენილ პრინციპს, რომ სწორედ მხოლოდ პირის უფლებას წარმოადგენს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს ანუ სარჩელის აღძვრა - სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაცია მხოლოდ პირის ნების ავტონომიას ეფუძნება.


აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს 2013 წლის 22 თებერვლის №29585 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 31 დეკემბრის №...გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით და მისი ბათილად ცნობის საკითხის განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნებოდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/