საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-465-458 (კ-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს პარლამენტი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ბ. ჩ-ი, ი. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ლ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი -საქართველოს ფინანასთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი -მიუღებელი ხელფასისა და ბინის ქირის დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 19 დეკემბერს ი. ლ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თავისი სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად განსაზღვრული სახელფასო დავალიანების - 738,44 ლარისა და სამი თვის ბინის ქირის - 528 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ი. ლ-ე 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. მიუღებელი დარჩა სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად განკუთვნილი თანხები: 1999 წლის - 10 დღის და 2003 წლის - სამი თვის (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი), ასევე - 2003 წლის 3 თვის (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) ბინის ქირა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გასული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სარჩელის შეტანის ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელე ითხოვდა 1999-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, სარჩელი კი სასამართლოში შეტანილი ჰქონდა 2014 წელს. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების ოდენობის შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატს გაცემული ჰქონდა ცნობა, რომელიც ატარებდა მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და არ წარმოადგენდა ვალის აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს პარლამენტს მოსარჩელე ი. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დავალიანების - 737,44 ლარის, ასევე სამი თვის ბინის ქირის - 528 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ლ-ე 1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2013 წლის 17 მაისის №16612/2-1 წერილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბუღალტერიაში ი. ლ-ის სახელზე ირიცხება სახელფასო კრედიტორული დავალიანება - 838 ლარი, საიდანაც საშემოსავლო გადასახადი შეადგენს - 100,56 ლარს. აღნიშნული დავალიანება მოიცავს სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელ თანხას, კერძოდ, 73 ლარი არის 1999 წლის 10 დღის, ხოლო 765 ლარი _ 2003 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა. ასევე გაუცემელია 2003 წლის 3 თვის (ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრის) ბინის ქირის თანხა _ 600 ლარი, საიდანაც საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 72 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 24-ე მუხლი ითვალისწინებდა დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელების მატერიალურ უზრუნველყოფას. 24-ე მუხლის პირველი პუნქტით, პარლამენტის წევრის ხელფასი განისაზღვრებოდა კანონით. პარლამენტის წევრს ეძლეოდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურებაც. იმავე მუხლის მე-2 პუნქტით, პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურება მოიცავდა ხარჯებს: საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით ქ. თბილისში სასტუმროში ცხოვრების ან საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის, სამსახურებრივი მიზნით ქ. თბილისის ფარგლებში ტრანსპორტით მგზავრობისათვის, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის (გარდა სპეციალური მივლინებებისა), სამედიცინო, სატელეფონო, საფოსტო და სატელეგრაფო მომსახურებისათვის, თანაშემწის აყვანისათვის, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და ექსპერტიზისათვის. ხელფასის გაცემა იწყებოდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდებოდა შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. პარლამენტის წევრის საბინაო უზრუნველყოფის საკითხები წყდებოდა პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2013 წლის 17 მაისის №16612/2-1 წერილით დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბუღალტერიაში ი. ლ-ის სახელზე ირიცხება სახელფასო კრედიტორული დავალიანება 838 ლარი, საიდანაც საშემოსავლო გადასახადი შეადგენს - 100,56 ლარს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ აღნიშნული წერილით პარლამენტმა ვალის არსებობა აღიარა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მითითებული დავალიანება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება იყო და 3-წლიანი ხანდაზმულობა ვრცელდებოდა. სასამართლოს განმარტებით, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე პერიოდული ვალდებულებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა არა კერძოსამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე პერიოდული ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნა, არამედ, საჯარო სამართლებრივი, კერძოდ, კანონისმიერი საქართველოს პარლამენტის წევრის (დეპუტატის) მატერიალური უზრუნველყოფის ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა, ანუ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, რაც განსხვავდება კერძოსამართლებრივი ვალდებულებითი სამართალურთიერთობისგან. პარლამენტის წევრის სტატუსი, ფუნქცია არჩევითი თანამდებობის კანონისმიერი გაგება გამორიცხავს სახელშეკრულებო შრომითი ურთიერთობის ხასიათს, შესაბამისად, არჩევითი თანამდებობის პირის სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების გავრცელება დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მითითებული ნორმების თანახმად, ფინანსთა სამინისტრო ახდენს კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და, შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანების გასტუმრებას. საქართველოს „2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2015 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს პარლამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, სადავო ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს არა ათწლიანი, არამედ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის გათვალისწინებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან გვარამაძის მოთხოვნილი თანხა არაა სახელფასო დავალიანება, არამედ სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა და ბინის ქირის თანხა. „პარლამენტის წევრის სტატუსის“ შესახებ კანონის 24-ე მუხლი კი, ეხება ხელფასს და მისი გაცემის წესს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე