Facebook Twitter
საქმე =ბს-65-65(კს-15) 17 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი( მოსარჩელე) - ზ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

გასაჩივრებული განჩინება -თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2014 წ.განჩინება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი


ზ. ი-მა 01.05.2014 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის ზ.ი-ის 09.01.2014წ. =5273/1 განცხადება-საჩივრისა და მისი დანართების შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველისათვის საქართველოს პრეზიდენტისადმი წერილობითი მიმართვის ან მიმართვაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ პროექტის წარდგენის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.08.2014წ. განჩინებით ზ.ი-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, ზ. ი-ს დაეკისრა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ნახევრის - 50 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2014წ. განჩინებით ზ. ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა,ამავე განჩინებით ზ.ი-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით გადახდა. აღნიშნულ განჩინებაზე, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, თბილისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 25.11.2014წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალის - ზ.ი-ის მისამართად მიეთითა: თბილისი, ... ქ. =33. სააღსრულებო ფურცელი აღსრულების მიზნით გაეგზავნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
18.12.2014წ. ზ.ი-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ 25.11.2014წ. სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, მოვალის ზ.ი-ის საცხოვრებელ ადგილის მისამართად მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის: მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი, სასჯელაღსრულების დაწესებულება N15 მითითება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.11.2014 წ. განჩინებით ზ.ი-ის განცხადება სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ კანონმდებელი სააღსრულებო ფურცლის გამცემ ორგანოს არ ავალდებულებს დაადგინოს მოვალის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი და ამის შესახებ მიუთითოს სააღსრულებო ფურცელში. სააღსრულებო ფურცლის სავალდებულო რეკვიზიტად კანონმდებელი ადგენს მხოლოდ მოვალის და კრედიტორის დასახელებას, მათ პირად საიდენტიფიკაციო ან საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებას და იმ სხვა რეკვიზიტებს (მაგ: საცხოვრებელი ადგილის მისამართი,რეგისტრირებული მისამართი, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართი), რომლებიც ცნობილია სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსათვის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 25.11.2014წ. სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის დასახელება და რეკვიზიტები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და მასში დაშვებული არ არის რაიმე სახის უსწორობა. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ,,პატიმრობის კოდექსის“ მე-10 მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დაწესებულება პირის საცხოვრებელ ადგილად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც პირი ჩვეულებრივ საცხოვრებლად აირჩევს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია აგრეთვე, რომ განმცხადებელი ვერ უთითებს მისი განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივ ინტერესზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2014 წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ზ.ი-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა 25.11.2014წ. სააღსრულებო ფურცელში არსებული უსწორობის გასწორების მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს ინფორმაცია მისი ყოფილი საცხოვრებელი სახლის მისამართის შესახებ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ იგი განთავსებულია დაბა ქსანში, =15 დაწესებულებაში. სწორედ აღნიშნულ მისამართზე ეგზავნებოდა და ბარდებოდა მას სასამართლოს კორესპონდენციები. ამდენად, სააღსრულებო ფურცელში მოვალის საცხოვრებელ მისამართად უნდა მიეთითოს სასამართლოსთვის ცნობილი საცხოვრებელი მისამართი: დაბა ქსანი, მე-15 დაწესებულება. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ შეუზღუდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლება და დაუსაბუთებლად უთხრა უარი აშკარა შეცდომის გასწორებაზე.
სსკ-ის 260.2 მუხლიდან გამომდინარე,საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია ზ.ი-ის საკასაციო საჩივრის განხილვა.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ი-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ის 20.1 მუხლისა და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის 3.5 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის საცხოვრებელი ადგილის დაფუძნება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ორი კუმულატიური პირობის არსებობის შემთხვევაში: ერთი მხრივ პირი უმთავრესად, ძირითადად, ფაქტობრივად უნდა იმყოფებოდეს აღნიშნულ ადგილზე, ხოლო მეორე მხრივ სახეზე უნდა იყოს პირის ნება, განზრახვა, რომ მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. პირის გარკვეულ ადგილას მხოლოდ ფაქტობრივი ყოფნა მოცემულ ადგილს არ აქცევს საცხოვრებელ ადგილად, ასეთ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. ფაქტობრივი ყოფნა მოცემულ ადგილზე ავტომატურად, რომ წარმოშობდეს საცხვრებელ ადგილს მაშინ ყოველი პატიმრის თუ ავადმყოფის საცხოვრებელ ადგილად მისაჩნევი იქნებოდა ციხე ან საავამდყოფო, თუკი მათი იქ ყოფნა ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდებოდა. კონკრეტული ადგილის საცხოვრებელ ადგილად მიჩნევისთვის აუცილებელია არსებული გარემოებებიდან თვალსაჩინოდ ვლინდებოდეს, რომ პირი მოცემულ ადგილზე დროებით არ იმყოფება. ამასთანავე უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რომ მოცემულ ადგილზე ფაქტობრივი ყოფნა გამოწვეულია პირის ნებით და არა რომელიმე სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით. სკ-ის 20.3 მუხლის თანახმად, პირის საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება, თუ იგი იძულების წესით ან სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესასრულებლად განსაზღვრული ვადით ტოვებს ამ ადგილს.
განსახილველ შემთხვევაში ზ. ი-ს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რის საფუძველზეც განთავსებულია დაბა ქსანში, =15 დაწესებულებაში. პატიმრობის კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულების დაწესებულება. ამდენად, ზ. ი-ი =15 დაწესებულებაში განთავსებულია სახელმწიფო აქტის - კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე სასჯელის მოხდის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ზ. ი-ი =15 დაწესებულებაში იმყოფება იძულებით და არა საკუთარი ნების საფუძველზე, ამიტომ შეუძლებელია სასჯელის აღსრულების დაწესებულება მიჩნეულ იქნეს პირის საცხოვრებელ ადგილად. =15 დაწესებულებაში მსჯავრდებულის ფაქტობრივი ყოფნა, არ აქცევს დაწესებულებას საცხოვრებელ ადგილად. მსჯავრდებულის მოცემულ ადგილზე დაფუძნების ნების არარსებობის და სახელმწიფო აქტის საფუძველზე დაწესებულებაში განთავსების გამო, =15 დაწესებულება მიიჩნევა ზ. ი-ის მხოლოდ ფაქტობრივ ადგილსამყოფლად და არა მის საცხოვრებელ ადგილად.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 21.3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში მიეთითება კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ ზ.ი-ის ფაქტობრივი ადგილსამყოფელია დაბა ქსანი, =15 დაწესებულება, თუმცა საქმის მასალებით: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 18.03.2013 წ. მინდობილობით (ტ.1, ს.ფ.55) და მოვალეთა რეესტრიდან 21.08.2013 წ. ამონაწერით (ტ.1, ს.ფ. 50) დგინდებოდა, რომ ზ. ი-ის საცხოვრებელი ადგილის მისამართი მის დაპატიმრებამდე იყო: თბილისი, ... ქ. N33. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან პირის საცხოვრებელი ადგილის გაუქმებას არ იწვევს, საცხოვრებლის იძულების წესით ან სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესასრულებლად განსაზღვრული ვადით დატოვება (სკ-ის 20.3 მუხ.), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ 25.11.2014წ. სააღსრულებო ფურცელში მოვალის მისამართად მართებულად მიუთითა: ქ. თბილისი, ... ქ. 33. ამასთანავე, არ არის გამორიცხული პირს ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი (სკ-ის 20.1 მუხ.), თუმცა სასამართლოს არ ეკისრება ვალდებულება მოიძიოს ყველა მათგანი და მიუთითოს სააღსრულებო ფურცელში. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სასამართლო კორესპონდენციები იგზავნებოდა დაბა ქსანში, =15 დაწესებულებაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოებისათვის ცნობილი იყო ზ. ი-ის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ხოლო კორესპონდენციის გაგზავნის მიზანი მისი ადრესატისათვის ჩაბარება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაა, ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო თვითონ შეერჩია კორესპონდენციის გაგზავნის მისამართი, რადგან სასამართლო თავად იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს და რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება (სსკ-ის 73.1 მუხ.).
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება სააღსრულებო ფურცელში უსწორობის არსებობა, ამდენად, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული ზ. ი-ის მოთხოვნა სააპელაციო პალატის 25.12.2014წ. განჩინების გაუქმებისა და 25.11.2014წ. სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა

1.ზ.ი-ის კერძო საჩივარი არ დაკამაყოფილდეს;
2 ზ. ი-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ლ. მურუსიძე


მ. ვაჩაძე