ბს-443-436 (კ-15) 15 ოქტომბერი , 2015 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.2015წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი.კ-ემ 14.11.14წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 07.10.2014წ. =143 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ი.კ-ის გაწევრიანების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის ი.კ-ის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2014წ. გადაწყვეტილებით ი.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 07.10.2014წ. =143 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ი.კ-ის გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი.კ-ის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.2015წ. განჩინებით სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს არგუმენტაცია ეწინააღმდეგება ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონს, არის დისკრიმინაციული, ტენდენციური და ცდება სასამართლოს უფლებამოსილებას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში ასახული დასაბუთება და ყურადღება გაამახვილა ი.კ-ის იურისტად მუშაობის სტაჟზე, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ დავა ეხება პირის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას და ასოციაციაში გაწევრიანების წესი რეგულირდება ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონით. ყველა თანასწორია კანონის წინაშე, შესაბამისად ნებისმიერი ადვოკატობის მსურველი პირი, მისი წარსული საქმიანობის მიუხედავად (პროკურორი, მოსამართლე), უნდა დაემორჩილოს ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის ვადაში უნდა დაიწყოს საადვოკატო საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატთა კორპუსი აღმოჩნდება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. კასატორმა მიუთითა, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისას, სასამართლო მართალია იღებდა შედეგობრივად მსგავს გადაწყვეტილებებს, თუმცა სხვადასხვა მოტივაციით, ერთ-ერთ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადვოკატთა ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელ მოწმობაზე დადგენილი ვადა არ შეიძლება უპირობოდ გავრცელდეს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატზეც, ხოლო სხვა საქმეზე უთითებს, რომ პროკურატურის გამოცდა უვადოა. კასატორი თვლის, რომ დადგენილი სასამართლო პრაქტიკა კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების და საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საკითხის მიმართ ჩამოყალიბებულია ერთიანი სასამართლო პრაქტიკა. საკასაციო სასამართლო არაერთი განჩინებით (მაგ. სუს 16.05.2013წ. ბს-211-203(კ-13), 16.05.2013წ. ¹ბს-199-191(კ-13), 16.05.2013წ. ¹ბს-251-243(კ-13), 16.05.2013წ. ბს-174-167(კ-13), 27.05.2013წ. ბს-198-190(კ-13), 16.05.2013წ. ბს-189-182(კ-13), 27.06.2013წ. ბს-225-217(კ-13) განჩინებები) დაეთანხმა სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლითაც უქმდებოდა გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებები, ამ საკითხის ირგვლივ არ არსებობს სასამართლოს ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, კოლიზიები გადაწყვეტილებებს შორის, დავები ერთგვაროვნად არის გადაწყვეტილი, არ არის დივერგენციის, ამ კატეგორიის საქმეებზე ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევები (ასეთად არ მიიჩნევა ცალკეული სხვაობა სასამართლო გადაწყვეტილებებში მოყვანილ არგუმენტაციაში). შესაბამისად, საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვის, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაშვების, სასამართლო პრაქტიკის კორექტირების საფუძველი. არსებული სასამართლო პრაქტიკით კასატორის უკმაყოფილება თავისთავად არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველს. ახლებური განმარტების მიცემის, სასამართლო პრაქტიკის შეცვლის საჭიროებას არ ქმნის ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ 02.05.14წ. კანონი, რომლის მიღება არანაირად არ ადასტურებს მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის უსწორობას, სასამართლო ორგანოების მხრიდან დისკრიმინაციულ, ტენდენციურ დამოკიდებულებას. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის 2.8 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება განსაზღვრულ საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 07.10.14წ. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველს წარმოადგენს ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომელიც ადგენს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის აუცილებელ წინაპირობებს და ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი, რომლითაც დადგენილია ადვოკატთა სერტიფიკატის მოქმედების ვადა. ხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით საბჭომ მიუთითა, რომ ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა ძალას კარგავს თუ პირი ტესტირების გავლიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადვოკატი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ადვოკატთა ტესტირებაგავლილი პირი, არამედ აგრეთვე მოსამართლეთა, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდაჩაბარებული პირი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თუ პირის ტესტირების გავლიდან 7 წლის განმავლობაში საადვოკატო საქმიანობის დაწყების შესახებ დებულება არ გავრცელდება პროკურატურის მუშაკებზე და მოსამართლეებზე, ადვოკატები აღმოჩნდებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს არა დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, არამედ საადვოკატო, საპროკურორო, სამოსამართლო საქმიანობის სფეროს თავისებურებების გათვალისწინებას საკანონმდებლო მოწესრიგებაში, რომელიც სავალდებულოა სასამართლოსათვის დავის გადაწყვეტისას. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერება ფასდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობის და არა მიზანშეწონილობის, საადვოკატო საქმიანობის დაწყების მსურველის მენტალობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი უნდა განიმარტოს ამავე კანონის სხვა ნორმებთან და უპირველეს ყოვლისა მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტთან სისტემურ კავშირში, რომლის თანახმად საპროკურორო და სასამართლო საქმიანობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია დაიწყოს საადვოკატო საქმიანობა. ამდენად, კანონმდებელი სამივე იურიდიულ ფაქტს - ადვოკატთა ტესტირების გავლას, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ან პროკურორის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას უკავშირებს საადვოკატო საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას, რაც განპირობებულია ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის მაღალი ფუნქციური დანიშნულებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. პროკურატურის მუშაკთა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გავრცელების შესაძლებლობა საადვოკატო საქმიანობის დაწყებაზე თავისთავად ადასტურებს საპროკურორო, სამოსამართლო პრაქტიკის მნიშვნელობას საადვოკატო საქმიანობის დაწყების მაკვალიფიცირებელი მოთხოვნებისათვის, კერძოდ ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი საადვოკატო საქმიანობის დაწყების 7-წლიანი ვადისათვის. ამ ვადაში მოსარჩელემ დაიწყო საპროკურორო საქმიანობა, რომლის განხორციელების უფლებაც მას მიენიჭა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამ. პროკურატურის ორგანოებში საქმიანობის შეწყვეტიდან 7 წლის განმავლობაში ი.კ-ემ მიმართა ასოციაციას განცხადებით ასოციაციაში გაწევრიანების მოთხოვნით, რაც გამორიცხავს ხსენებული ვადის გასვლის გამო ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმას ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის, აგრეთვე 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხსენებულ ნორმებში მითითებული 7-წლიანი ვადა ასეთ შემთხვევაში აითვლება არა გამოცდის ჩაბარებიდან, არამედ პროკურატურის ორგანოებში საქმიანობის შეწყვეტიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სახეზე არ არის მოსარჩელის მხრიდან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან შვიდი წლის განმავლობაში პროფესიული საქმიანობის განუხორციელებლობა. პრაქტიკის დაწყება არა ადვოკატთა ასოციაციაში, არამედ პროკურატურის ორგანოებში არ ადასტურებს საადვოკატო საქმიანობის დაწყებაზე პრეტენდენტის არასათანადო კვალიფიკაციას, ვინაიდან პროკურატურის ორგანოებში სამსახური უკავშირდება პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის დროს გამოვლენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ინტენსიურ გამოყენებას, შესაბამისად ადგილი არ აქვს კვალიფიკაციის არაადეკვატურობას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პირთა წევრობაზე დაფუძნებული კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ატარებს ტესტირებას. საადვოკატო საქმიანობა საჯარო საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოვლინებად მიიჩნევა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.11.05წ. =1/5/323 გადაწყვეტილება). საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი გულისხმობს ადამიანის არა მხოლოდ ადვოკატით უზრუნველყოფას, არამედ კვალიფიციური და ეფექტური დაცვის განხორციელებას. ადვოკატთა ტესტირების და ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ვადის სავალდებულობის დადგენა ემსახურება ერთ კონკრეტულ მიზანს - საადვოკატო საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის მქონე იურისტების მიერ. ამასთანავე, უკეთუ ტესტირების შემდეგ 7 წლის განმავლობაში საადვოკატო საქმიანობის დაწყებით უზრუნველყოფილია საადვოკატო საქმიანობის კვალიფიციური პირის მიერ განხორციელების კანონიერი მიზნის მიღწევა, მართლმსაჯულების განხორციელებაში ადვოკატის მსგავსად პროკურორის, მოსამართლის მაღალი ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით, თავის მხრივ დისკრიმინაციული იქნებოდა იმის მტკიცება, რომ იგივე მიზანი არ მიიღწევა შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ საპროკურორო ან სამოსამართლო საქმიანობის დაწყების შემთხვევაში, მით უფრო, რომ ადვოკატის ტესტირებაგავლილი პირი თავისუფლდება პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან (,,პროკურატურის შესახებ“ კანონის 31.2 მუხლი). პროკურატურის მუშაკის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, რომელიც ასევე ტესტური მეთოდით ტარდება და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევას (საქართველოს პრეზიდენტის 01.10.02წ. =422 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამის“ 1-ლი, მე-6 მუხ.), პროკურატურის ორგანოთა სისტემაში საქმიანობის დაწყება ადასტურებს, რომ სპეციალისტი პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიურად იყენებს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის გამოვლენილ საჭირო ცოდნას, სისტემატიურად იმაღლებს კვალიფიკაციას, იძენს გამოცდილებას, სრულყოფს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, პერიოდულად გადის სავალდებულო საატესტატო პროცედურებს (,,პროკურატურის შესახებ“ კანონის 31.7 მუხ.). ამდენად, პრაქტიკული საქმიანობის კვალდაკვალ უზრუნველყოფილია პროფესიული ცოდნის და კვალიფიკაციის სტანდარტული დონის შენარჩუნება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი.კ-ის შემთხვევაში აღნიშნული მიზანი მიღწეულია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი.კ-ეს, როგორც პროკურატურის გამოცდაჩაბარებულ და ადვოკატთა ტესტირებაგავლილ, პროკურატურის ორგანოებში 5-წლიანი გამოცდილების მქონე პირს, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურში ანუ იურისტად მუშაობის სამ წელზე მეტი სტაჟის მქონე პირს აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება. აღნიშნულს არ ცვლის ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისათვის უარის თქმის პირობად ტესტირების ჩაბარებიდან 7 წლიანი ვადის გავლის მითითება. აღნიშნული ნორმა არ ადასტურებს გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ ასოციაციის სადავო აქტის კანონიერებას.
კასაციის დაკმაყოფილების პერსპექტივას არ ქმნის აგრეთვე სადავო აქტში მითითებული ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის 212 მუხლი, რადგან ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი და სხვა პირი, რომელსაც საადვოკატო საქმიანობის განხორციელება ეკრძალება, კოლიზიური საქმიანობის განხორციელების პერიოდში უფლებამოსილია და არა ვალდებული მიმართოს ადვოკატთა ასოციაციას გაწევრიანების მოთხოვნით (212.4 მუხლი). აღნიშნული ნორმა არ გამორიცავს უფლებამოსილების დასრულების შემდეგ კანონით განსაზღვრულ 7-წლიან ვადაში ასოციაციაში გაწევრიანების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო განმარტებას აქვს არა აბსტრაქტული, არამედ კაზუალური ხასიათი, იგი გაიცემა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებს ცდება კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში ასოციაციის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის უვადობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოცემულ საქმეში ხსენებული ვადა საპროკურორო საქმიანობის დასრულებიდან ი.კ-ის მიერ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დაწყების შესახებ განცხადების შეტანამდე დაცულია (საქმის მასალების მიხედვით ი.კ-ემ 2002 წელს დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 28.05.02წ. გადაწყვეტილებით ი.კ-ეს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, 2003 წელს ი.კ-ემ ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, 18.09.04წ. ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალობით, 18.09.04წ. – 25.05.09წ. მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე, 25.05.09წ.-08.11.12წ. მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, 17.12.12წ.-11.01.13წ. მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად). ამდენად, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის უვადობის საკითხი ცდება მოცემული საქმის ფარგლებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.2015წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. ქათამაძე