Facebook Twitter
Nბს-484-477 (კ-15) 3 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე


სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი - მ. ქ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი -მიუღებელი პენსიის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 30 ოქტომბერს მ. ქ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 2008 წლის აგვისტოდან 2011 წლის მარტის ჩათვლით მიუღებელი პენსიის - 2240 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე მორალური ზიანის - 100000 ანაზღაურება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან სოციალური პაკეტის ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო, სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის მოქალაქეთათვის პენსიის/კომპენსაციის სოციალური დახმარების ადმინისტრირების პროცედურების განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ იყო აღძრული. მოსარჩელემ უარი განაცხადა სათანადო მოპასუხით შეცვლაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინებით არასათანადო მოპასუხე - საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით - სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტოთი.
ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ქ-ას სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. მ. ქ-ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც 2005 წლის ოქტომბრიდან აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება;
2. ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „...“ 2008 წლის 18 ივლისის №... ცნობით დადგენილია, რომ მ. ქ-ას 2008 წლის 11 ივლისს ჩაუტარდა მარჯვენა მტევნის ტრავმული ამპუტაცია;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 8 ივლისის №04/57736 წერილით იურისტ ჯ. ბ-ეს ეცნობა, რომ მ. ქ-ასათვის 2008 წელს პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლად განემარტა, რომ „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის მოქალაქეთა პენსიით უზრუნველყოფის სფეროში უფლებების გარანტიების შესახებ“ 1997 წლის 16 მაისის შეთანხმების მე-2 მუხლით, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 2012 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქციით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით პენსია საქართველოში დაენიშნებოდა იმ შემთხვევაში, თუ პენსიის დასანიშნად მომართვამდე ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, დადგენილი ჰქონდა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და წარმოდგენილი ჰქონდა ცნობა პენსიის მიუღებლობის შესახებ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ის იყო (ტ-1; ს.ფ. 16).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის პირველ მუხლზე, „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის მოქალაქეთა პენსიით უზრუნველყოფის სფეროში უფლებების გარანტიების შესახებ“ 1997 წლის 16 მაისის შეთანხმების მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ მ. ქ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ პასუხობდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, არ იყო დადასტურებული პენსიის დანიშვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმის (საქართველოში 10 წლით მუდმივად ცხოვრების ფაქტი) არსებობა, შესაბამისად, პენსიის დანიშვნის საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ქ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის მოქალაქეთა პენსიით უზრუნველყოფის სფეროში უფლებების გარანტიებზე“ 1997 წლის 16 მაისის შეთანხმების მე-4 მუხლით ერთი მხარე აძლევს მოქალაქეებს თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლებიც გადავიდნენ (ჩამოვიდნენ) მეორე მხარის სახელმწიფოდან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, იმავე უფლებებს საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში, რასაც თავის მოქალაქეებს. კასატორს 2005 წლის ოქტომბრიდან აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება. 10-წლიანი შეზღუდვის გავრცელება ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ შეთანხმებას.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერება და მიიჩნევს, რომ მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. მ. ქ-ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც 2005 წლის ოქტომბრიდან აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება;
2. ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „...“ 2008 წლის 18 ივლისის №... ცნობით დადგენილია, რომ მ. ქ-ას 2008 წლის 11 ივლისს ჩაუტარდა მარჯვენა მტევნის ტრავმული ამპუტაცია;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 8 ივლისის №04/57736 წერილით იურისტ ჯ. ბ-ეს განემარტა, რომ „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის მოქალაქეთა პენსიით უზრუნველყოფის სფეროში უფლებების გარანტიებზე“ 1997 წლის 16 მაისის შეთანხმების მე-2 მუხლით, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 2012 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი რედაქციით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით პენსია საქართველოში დაენიშნებოდა იმ შემთხვევაში, თუ პენსიის დასანიშნად მომართვამდე ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, დადგენილი ჰქონდა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და წარმოდგენილი ჰქონდა ცნობა პენსიის მიუღებლობის შესახებ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ის იყო.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს ზემოაღნიშნული ფაქტების მიმართ ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის მოქალაქეთა პენსიით უზრუნველყოფის სფეროში უფლებების გარანტიებზე“ 1997 წლის 16 მაისის შეთანხმება და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
„შეთანხმების“ მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე შეთანხმების პირველი მუხლის მიხედვით, „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ არის მუდმივი ან უპირატესი საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული ან ცნობილი, როგორც ასეთი, საქართველოს ან რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, ერთი მხარე აძლევს მოქალაქეებს თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლებიც გადავიდნენ (ჩამოვიდნენ) მეორე მხარის სახელმწიფოდან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, იმავე უფლებებს საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში, რასაც თავის მოქალაქეებს.
აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ რუსეთის მოქალაქეების, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე აქვთ მუდმივი საცხოვრბეელი ადგილი, საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, ეს პირები სარგებლობენ იმავე უფლებებით, რაც საქართველოს მოქალაქეები და მათ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს იგივე შეზღუდვები ან წინაპირობები, რაც საქართველოს მოქალაქეებზეც ვრცელდება.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა შეთანხმების მე-4 მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამავე კანონის საფუძველზე, სამართლის ნორმებს შორის წინააღმდგეობის არსებობისას, მოქმედებს უფრო ზემდგომი ნორმატიული აქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით ან სხვა საკანონმდებლო აქტით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის გათვალისწინებული განსხვავებული შეზღუდვები ამ შეთანხმებასთან მიმართებით არ გამოიყენება. კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი შეზღუდვა, დათქმა ან წინაპირობა, რომელიც არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, არ შეიძლება, ამ შეთანხმების ფარგლებში, გავრცელდეს რუსეთის მოქალაქეებზე. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება პენსიის ოდენობა, საპენსიო ასაკი, პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები, კომპეტენტური სახელმწიფო უწყება, მაგრამ დათქმა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს, ამ შეთანხნმებიდან გამომდინარე პენსიის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას, იურიდიული ძალის არმქონეა.
სააპელაციო სასამართლოს ასევე გამორჩა მხედველობიდან, რომ 2008 წელს, ანუ სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს მოქმედი რედაქციით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის პრეამბულის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა. სახელმწიფო პენსიის დაწესებით ადგენს ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვის და მარჩენალის დაკარგვის გამო პირის მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის საყოველთაო უფლებას და ამ უფლების რეალიზებას ახდენს ეტაპობრივად, არსებული რესურსების ფარგლებში. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეს კანონი ვრცელდება პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირებს აქვთ საქართველოს მოქალაქეების თანაბარი უფლებები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაბამისად, კანონის დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს, თუ საერთაშორისო შეთანხმება საკითხს განსხვავებულად არ აწესრიგებს. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ 10-წლიანი შეზღუდვის დაწესება საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზე, არ დაიშვება, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს უარი პენსიის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ მ. ქ-ას საქართველოს ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი არ დასტურდებოდა, არამართლზომიერია.
აქვე საყურადღებოა, რომ მ. ქ-ას პენსია 2011 წლის მარტიდან დაენიშნა. ვინაიდან მას ბინადრობის უფლება 2005 წლიდან აქვს მიღებული, გაუგებარია, 10-წლიანი შეზღუდვის გავრცელების შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი მოთხოვნა 2011 წელს როგორ დააკმაყოფილა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილში ასევე მითითებულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით პენსია საქართველოში დაენიშნებოდა იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენდა ცნობას პენსიის მიუღებლობის შესახებ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ის იყო.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის საჭირო დოკუმენტის წარუდგენლობა შეიძლება გახდეს ხარვეზის დადგენის და არა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ვალდებულება, განუმარტოს მხარეს, საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო რომელი დოკუმენტი არ წარადგინა, ასევე, არსებობის შემთხვევაში, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების თაობაზე და დაეხმაროს მოთხოვნის სწორად ფორმულირებაში. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში ადმინისტრაციული წარმოების მასალები წარმოდგენილი არ არის და არ ირკვევა, დაევალა თუ არა მ. ქ-ას დამატებით ამ დოკუმენტის წარდგენა. სასამართლო სხდომაზე თავად კასატორმა განმარტა, რომ ვინაიდან ის არ ითხოვდა ასაკით პენსიის დანიშვნას, ტრავმა კი საქართველოში მიიღო, ასეთი ცნობის წარდგენის აუცილებლობა არ არსებობდა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის ამ განმარტებას და აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა, ამასთან, საკასაციო სასამართლოს აზრით, ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს იმ ვარაუდს, რომ მათ აქვთ გარკვეული მნიშვნელობა საკითხის გადაწყვეტისათვის და არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ფორმალური პირობის დაკმაყოფილებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობა ადასტურებს, რომ მ. ქ-ა ... წელს დაიბადა, შესაბამისად, 2008 წელს ეს უკანასკნელი საპენსიო ასაკს მიღწეული პირი არ იყო. საქმეში წარმოდგენილი სსე აქტის ამონაწერი და ჯანმრთელობის ცნობა (ე.წ „ფორმა 100“) ასევე ადასტურებს, რომ მ. ქ-ას ტერფის ტრავმული ამპუტაცია საქართველოში ჩაუტარდა და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსიც საქართველოში დაუდგინდა, ამდენად, მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მას უნდა წარედგინა ცნობა რუსეთში პენსიის მიუღებლობის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია, თავად გამოითხოვოს და გადაამოწმოს ეს ინფორმაცია. სააპელაციო სასამართლოს კი, ეს გარემოებები საერთოდ არ შეუფასებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა ან არასწორად განმარტა კანონი.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის მოქალაქეთა პენსიით უზრუნველყოფის სფეროში უფლებების გარანტიებზე“ შეთანხმების მე-4 მუხლი, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 2008-2011 წლებში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი და არასწორად განმარტა ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ვინაიდან დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება კი არასწორი სამართლებრივი შეფასებითაა განპირობებული, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ქ-ას უკანონოდ ეთქვა უარი პენსიის დანიშვნაზე და ამ ნაწილში მისი სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია.
კასატორის მეორე სასარჩელო მოთხოვნაა მორალური ზიანის - 100 000 ლარის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
აღნიშნული ნორმის იმპერატიული დანაწესია, რომ მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ზოგადი წესების შესაბამისად, მორალური ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების (სახელი უფლება, საავტორო უფლებები და ა. შ) ან არამატერიალური სიკეთის (სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა. შ.) ხელყოფის შემთხვევაში. მორალური ზიანი არის იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომლსაც ქონებრივი შესატყვისი არ გააჩნია და განცალკევებულია პირის ეკონომიკური მხარისაგან. იგი მატერიალური ზიანის საპირისპიროა და არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზარალთან, შემოსავლების შემცირებასთან ან გამდიდრების არ არსებობასთან. მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია, არსებობოდეს დელიქტური ვალდებულებებისათვის დამახასიათებელი სქემა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის შემთხვევა, ამასთან, ბუნებრივია, მორალური ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოში დამკიცებას (დადსტურებას) საჭიროებს.
პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება კანონით გათვალისწინებული არ არის, ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარი, თავისთავად, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ შეიძლება იყოს. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობითი საქმიანობის განხორციელების ჩვეული ფორმაა. თუ არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება და პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით დადგენილი საფუძვლები (სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავი), ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეიძლება დაეკისროს მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ამგვარი გარემოებები არ იკვეთება, შესაბამისად, სოციალურო მომსახურების სააგენტოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ამასთან, მოსარჩელემ, ზოგადად, მორალური ზიანის მიყენების ფაქტიც ვერ დაადასტურა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით, სათანადოდ დასაბუთებული არ არის, ამდენად, ძალაში უნდა დარჩეს.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 410-ე მუხლებით და


გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

4. მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
5. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
6. მ. ქ-ას სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
7. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისროს 2008 წლის აგვისტოდან 2011 წლის მარტის ჩათვლით მიუღებელი პენსიის, სულ 2240 ლარის, ანაზღაურება;
8. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები ლ. მურუსიძე


მ. ვაჩაძე