Facebook Twitter
ბს-623-610 (კ-14) 21 იანვარი , 2016 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) _ რ.ლ-ე, წარმომადგენელი ე. ა-ე (05.11.2015წ. №151215567 მინდობილობა )

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, წარმომადგენელი შ. პ-ა (12.10.2015წ. №2240578 რწმუნებულება)

მესამე პირი _ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წარმომადგენელი შ. ტ-ე, (04.11.15წ. №177/10 რწმუნება)

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.14წ. გადაწყვეტილება.

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.ლ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 29.01.13.წ. №000351 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 13.02.13.წ. №270733 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 26.03.13.წ. ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 23.03.2007 წ. რეგისტრირებულია ინდ.მეწარმედ და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. 27.12.2012წ. მონაწილეობა მიიღო ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში. სატენდერო პირობებს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის №1 ადმინისტრაციული შენობის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის შენობის, ბოლაჯურისა და ჩორჩანის წყალსაქაჩის სადგურების შენობების დაცვის მომსახურების შესყიდვა. მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო აღნიშნულ შენობებში 24 საათიანი მომარაგების რეჟიმის განხორციელება, შენობებში არსებული ქონების დაცვა და უცხო პირების შესვლაზე კონტროლის დაწესება. მომსახურების გაწევის ვადა განსაზღვრული იყო ხელშეკრულების დადებიდან 31.12.2013წ. ჩათვლით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 16 800 ლარს. პრეტედენტს ტექნიკური დოკუმენტაციის სახით სისტემაში უნდა აეტვირთა შესაბამისი დოკუმენტები და ინფორმაცია, სატენდერო წინადადების განფასება და საბანკო რეკვიზიტები. ამასთან, პრეტენდენტს არ ჰქონდა უფლება, წარმოედგინა ალტერნატიული სატენდერო წინადადება. ტენდერში გამარჯვების შედეგად, სატენდერო წინადადების საფუძველზე, 11.01.2013წ. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსარჩელეს შორის დაიდო №3 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ადიგენის მუნიციპალიტეტის №1 ადმინისტრაციული შენობის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის შენობის, ბოლაჯურისა და ჩორჩანის წყალსაქაჩის სადგურების შენობების დაცვის მომსახურების შესყიდვა. მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო აღნიშნულ ობიექტებში 24 საათიანი მომარაგების რეჟიმის განხორციელება, შენობებში არსებული ქონების დაცვა და უცხო პირთა შესვლაზე კონტროლის დაწესება.
„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისა და დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გარეშე განხორციელების გამო, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველომ 29.01.2013.წ. შემოწმების შედეგად რ.ლ-ის მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000351, ხოლო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 13.02.13.წ. №270733 ბრძანებით, ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ინდ.მეწარმე რ.ლ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით. მოსარჩელემ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 18.02.2013წ. გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 26.03.13.წ. N217 ბრძანებით რ.ლ-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არასრული გამოკვლევით. მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 27.12.2012 წ. მონაწილეობა მიიღო ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში. შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო განცხადებაში არ მიუთითებია ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” კანონით დადგენილი საქმიანობის შესყიდვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უნდა მოეთხოვა შესაბამისი ლიცენზია, რაც არც სატენდერო განცხადებაში და არც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში არ ყოფილა მოთხოვნილი. შესყიდვის ობიექტი იყო დარაჯის საქმიანობა. აღნიშნული დასტურდება დაქირავებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებითაც, სადაც არ არის დაფიქსირებული არც იარაღი და არც ვიდეოთვალი. ამასთან, მოსარჩელე არის ფიზიკური პირი, ხოლო კერძო დაცვით საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნვებული იურიდიული პირი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.10.2013წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.13.წ. გადაწყვეტილებით, რ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 29.01.2013წ. N000351 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 13.02.2013წ. N270733 ბრძანება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 26.03.2013წ. ბრძანება.
სასამართლომ მიუთითა, რომ ლიცენზიის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელება თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის განხილვა-შეფასების პროცესში სამართელბრივი ურთიერთობის მარეგულირებელ კონკრეტულ სამართლებრივ აქტებთან ერთად, სხვა მოწესრიგების არარსებობის შემთხვევებში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგლამენტირებული ზოგადი პრინციპებით. მითითებული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზონა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო,თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, დაცვა არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია დაცვის ობიექტის შესაძლო ხელყოფის საფრთხეების აღმოჩენისა და აღმოფხვრისაკენ. ამავე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად დაცვის ობიექტია – ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უძრავი ან მოძრავი ნივთი, ცალკეული ღონისძიება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს კერძო დაცვითი ორგანიზაცია. ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება, რომ ინდ.მეწარმე რ.ლ-ესა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის 11.01.2013წ. გაფორმებული N3 ხელშეკრულებით წარმოშობილი ურთიერთობა წარმოადგენს კერძო დაცვით საქმიანობას, რომელიც მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის(მათ შორის მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების),აგრეთვე ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ, ვინაიდან ხელშეკრულებაში მითითებული ღონისძიებები არ არის მიმართული დაცვის ობიექტის,კონკრეტულ შემთხვევაში,შენობებში არსებული ქონების შესაძლო ხელყოფის საფრთხეების აღმოჩენისა და აღმოფხვრისაკენ.
სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. მოცემულ შემთხვევაში სატენდერო მოთხოვნები არ მოიცავდა კერძო დაცვითი ლიცენზიის მოთხოვნას, სამართალდარღვევა, რომლისთვისაც მოსარჩელის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი, გამოიხატა დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გარეშე განხორციელებაში. შესაბამისად სწორედ აღნიშნული მოქმედების მიმართ უნდა დადგინდეს მოსარჩელის ბრალეულობა. სასამართლომ მიიჩნია,რომ იმ პირობებში, როდესაც ტენდერი გამოცხადებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ,სადაც სატენდერო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ წარმოადგენდა დაცვის ლიცენზიის არსებობა,მოსარჩელეს არ ეკისრებოდა ვალდებულება გაეცნობიერებინა, რომ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა დაცვითი საქმიანობის განხორციელებას ლიცენზიის გარეშე.
სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის სუბიექტია კერძო დაცვითი ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენს ,,ლიცენზირების და ნებართვების შესახებ“ კანონით და ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული შესაბამის საქმიანობაზე ლიცენზიის მქონე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული, დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი სამეწარმეო იურიდიული პირი. კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის გაცემა ხდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის მიმართ, ვინაიდან ამგვარი საქმიანობა წარმოადგენს ორგანიზებულ საქმიანობას,რომელიც შეიძლება ხორციელდებოდეს ორგანიზაციული ფორმით შექმნილი და არა ფიზიკური პირის მიერ, შესაბამისად სასმართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება,რომ სამართალდარვევის სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2014წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.11.2013წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალური ლიცენზია არის უფლება, როდესაც პირს შეუძლია განახორციელოს რომელიმე ვიწრო საქმიანობა ლიცენზირებადი საქმიანობის ზოგადი სახეობიდან და ვალდებულია წარმოადგინოს მხოლოდ სპეციალური სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს სპეციალური ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა ისე, რომ არ მოიპოვოს საქმიანობათა უფრო ფართო წრის მარეგულირებელი ლიცენზია. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და პირობებს. ამასთან ეს კანონი განსაზღვრავს კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებსა და ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომებს.აღნიშნული კანონის მეორე მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, კერძო დაცვითი საქმიანობა არის ლიცენზირებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელშეკრულებო საფუძველზე და რომელიც: ა.ა) მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის (მათ შორის, მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების), აგრეთვე ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ; ა.ბ) მოიცავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა,უძრავი ან მოძრავი ნივთი,ცალკეული ღონისძიება,რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს კერძო დაცვითი ორგანიზაცია.
სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტა,რომ უძრავი ნივთის დაცვა,ისევე როგორც ადამიანის უსაფრთხოების დაცვა ორივე შემთხვევში გულისხმობს დაცვითი საქმიანობის განხორციელებას,რაზედაც აუცილებელია შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება.სააპალაციო პალატამ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული ღონისძიებები არ არის მიმართული დაცვის ობიექტის,კონკრეტულ შემთხვევაში, შენობებში არსებული ქონების შესაძლო ხელყოფის საფრთხეების აღმოჩენისა და აღმოფხვრისაკენ. სააპელაციო პალატამ მიუთითა,რომ ინდ.მეწარმე რ.ლ-ესა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის 11.01.2013წ. გაფორმდა №3 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ადიგენის მუნიციპალიტეტის №1 ადმინისტრაციული შენობის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის შენობის, ბოლაჯურისა და ჩორჩანის წყალსაქაჩის სადგურების შენობების დაცვის მომსახურების შესყიდვა. მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო აღნიშნულ ობიექტებში 24 საათიანი მომარაგების რეჟიმის განხორციელება, შენობებში არსებული ქონების დაცვა და უცხო პირთა შესვლაზე კონტროლის დაწესება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაცვითი საქმიანობის განხორციელებას, რაზედაც აუცილებელია ლიცენზიის მოპოვება.
ის გარემოება, რომ სადავო შემთხვევაში, გამოცხადებული იყო ტენდერი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სადაც სატენდერო საკვალიფიკაციო ნუსხაში არ იყო მითითებული დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის შესახებ, სააპელაციო პალატის აზრით, არ წამოადგენს ნ.ლ-ის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს. დაცვითი საქმიანობის მომსახურების განხორციელება გულისხმობს ლიცენზირებული საქმიანობის გაწევას,რაც დადგენილია „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას,რომ დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იურიდიულ პირს და მიუთითა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. პალატის მოსაზრებით, ლიცენზიის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ.ლ-ის მიერ.კასატორმა აღნიშნა,რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ 11.01.2013წ. №3 ხელშეკრულება დაიდო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე. ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის.ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო მითითებული სატენდერო განცხადებაში კერძო დაცვითი საქმიანობის საჭიროების შესახებ.კასატორი უთითებს, რომ ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების ობიექტია ადიგენის მუნიციპალიტეტის №1 ადმინისტრაციული შენობის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის შენობის, ბოლაჯურისა და ჩორჩანის წყალსაქაჩის სადგურების შენობების დაცვის მომსახურების შესყიდვა. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ქმდებას, ადგილი არ ჰქონია ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ განზრახვას. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა დავის გადასაწყვეტად ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონი, კერძოდ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ და არა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლის შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ რ.ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის დაჯარიმების საფუძველი გახდა საქართველოს კანონი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“, რომლითაც მოწესრიგებულია კერძო დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობები, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები, ორგანიზაციული ფორმები და სახეები, დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტთა უფლება-მოვალეობები. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი იძლევა კერძო დაცვითი საქმიანობის დეფინიციას, რომლის თანახმად კერძო დაცვითი საქმიანობა არის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული, ლიცენზირებადი საქმიანობა მიმართული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის, აგრეთვე ცალკეული ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ და მოიცავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას. კერძო დაცვითი საქმიანობა ლიცენზირებადი საქმიანობაა („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მე-6 მუხ. 85-ე პუნქტი). ლიცენზირებას ექვემდებარება იმგვარი საქმიანობა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს (,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მე-2 მუხ., „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხ. „ა“ ქვეპუნქტი). კერძო დაცვითი საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას იმის გამო, რომ მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უძრავი ან მოძრავი ნივთის (მათ შორის მოძრავი ნივთის ტრანსპორტირების), აგრეთვე ცალკეული ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ, მოიცავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, არ ასაბუთებს რ. ლ-ისათვის სახდელის დაკისრების მართლზომიერებას, ვინაიდან არ დასტურდება რ.ლ-ის მიერ ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. 11.01.2013წ. რ.ლ-ესა და ადიგენის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული №3 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა №1 ადმინისტრაციული შენობის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის შენობის, ბოლაჯურის და ჩორჩანის წყალსაქაჩი სადგურების შენობების მეთვალყურეობა. მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო აღნიშნულ ობიექტში 24 საათიანი მორიგეობის რეჟიმის განხორციელება, შენობაში არსებული ქონების დაცვა და უცხო პირთა შესვლაზე კონტროლის დაწესება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ექცევა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მოწესრიგების ფარგლებში, შენობის დაცვისას არ გამოიყენებოდა დაცვის ტექნიკური (სათვალთვალო ტექნიკური ან საგანგაშო სიგნალიზაციის) მოწყობილობა ან სპეციალური (ხელბორკილი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, სატრანსპორტო საშუალება, სასამსახურო ძაღლი და სხვ.) საშუალებები (მ-2 მუხ. „ვ“, „ნ“ ქვეპუნქტები, 22-ე, 23-წ მუხ. ), რომლებსაც მოიცავს დაცვითი საქმიანობის დეფინიცია (მე-2 მუხ. „ა.ბ“ ქვეპუნქტი). ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა აგრეთვე ფიზიკური იძულების, იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. ადგილი არ ჰქონია ისეთი საქმიანობის განხორციელებას, რომელიც უკავშირდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების სფეროს („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 2.1, 10.13 მუხ.). რ.ლ-ის მიერ დაქირავებული პირის საქმიანობა არის სამეთვალყურეო მოვალეობა და არა მცველის (,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი) საქმიანობა. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით ადგილი ჰქონდა ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას და აღნიშნავს, რომ სკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად. ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტებისას მხედველობაში მიიღება მხარეთა შორის წინასწარი მოლაპარაკებები, ხელშეკრულების ხასიათი და მიზანი, მხარეთა მოქმედებები ხელშეკრულების დადების შემდგომ. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ხელშეკრულების დადების მიზანი, რომელსაც ისახავდნენ მხარეები. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების არც ერთ მხარეს არ ჰქონდა კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დადების ნება, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანი არ ყოფილა პროფესიული დაცვითი მომსახურების შესყიდვა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 14.09.13წ. =389 წერილის თანახმად, გამგეობას არ ჰქონდა მიზნად პროფესიული დაცვის მომსახურების შესყიდვა, სწორედ ამიტომ ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის არ დაწესებულა სპეციალური მოთხოვნები, ხოლო მომსახურების შესყიდვის ფასი (16 800 ლ.) პროფესიული დაცვით მომსახურების ღირებულებაზე შესამჩნევად მცირეა. ასეთი ნება არც ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების მეორე მხარეს რ. ლ-ეს გამოუვლენია. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შესყიდვის საგანი იყო მოცემულ ობიექტებზე მეთვალყურეობის მომსახურება. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ =3 ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია მასში მითითებული ,,ობიექტის დაცვის მომსახურების შესყიდვა“, რაც ამავე პუნქტის 2.2 პუნქტის თანახმად, იმაში გამოიხატება, რომ ,,მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნულ ობიექტში 24 საათიანი მორიგეობის რეჟიმის განხორციელება, შენობაში არსებული ქონების დაცვა და უცხო პირების შესვლაზე კონტროლის დაწესება“. ამდენად, სახეზეა მხარეთა შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება. მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში ერთი მხარე ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, რომელსაც არ აქვს მატერიალური შედეგი, ხოლო მეორე მხარე იხდის შესაბამის ანაზღაურებას. მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი კანონით აუკრძალავი მომსახურების გაწევაზე. ფაქტიურად, მოსარჩელის მიერ განხორციელებულია მეთვალყურეობა, რაც დასტურდება დაქირავებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, რომელთა მიხედვით მათ ევალებოდათ მეთვალყურის მოვალეობის შესრულება, მეთვალყურეობა შენობაზე, შესვლა-გამოსვლის მოწესრიგება და ზედამხედველობა. ასეთი მომსახურეობა არ საჭიროებს ლიცენზირებას და არ უკავშირდება კერძო დაცვითი საქმიანობის მომწესრიგებელ კანონმდებლობას, მას რაიმე სპეციალური კანონმდებლობა არ აწესრიგებს, რაც ართულებს ამ საქმიანობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, თუმცა არ ქმნის მისი ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონით მოწესრიგებულ საქმიანობასთან გათანაბრების პირობას. მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, ფიზიკურ პირს, ინდ.მეწარმე „რ. ლ-ესა“ და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის დაიდო წერილობითი სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ერთი მხარის მიერ მეორისათვის სათანადო მომსახურების შეთავაზებას ანაზღაურების სანაცვლოდ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ხელშეკრულების იმ არსებით პირობებს, რომელთა შესრულებაც ხელშეკრულების მხარეთა ნამდვილი ნებიდან გამომდინარეობდა და რამაც განაპირობა სწორედ ამ შინაარსის ხელშეკრულების დადება. სახეზე არ არის კანონის იმპერატიული დანაწესიდან ნების გამოვლენის შეუსაბამობა (სკ-ის 54-ე მუხ.). კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება იდება დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის,რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების დამკვეთი შეიძლება იყოს ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. მოცემულ შემთხვევაში დამკვეთი არის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა. სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 10.1 მუხლის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თვითმმართველი ერთეული იყო დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავდა აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები. ლიცენზიის მაძიებელი და განმახორციელებელი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად არის კანონის თანახმად დაფუძნებული იურიდიული პირი. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულება დაიდო ინდ.მეწარმე „რ. ლ-ესთან“, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 2.3 მუხლის შესაბამისად ინდ. მეწარმე არის ფიზიკური პირი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო დაცვით საქმიანობაზე მითითებას არც კოლეგიური ორგანოს - ადიგენის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის 27.12.12წ. №2 ოქმით დამტკიცებული მომსახურების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს. შესყიდვის საგანი იყო შენობაზე მეთვალყურეობის მომსახურება, პრეტენდენტს უნდა აეტვირთა კანონით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და არ ჰქონდა უფლება ალტერნატიული სატენდერო წინადადების შეთავაზებისა. მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემი, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის, შესყიდვაში მონაწილე პრეტედენტთა საკვალიფიკაციო და დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია და ყოველი მომდევნო შესყიდვისთვის აწესებს კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტედენტები (,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-13 მუხ.). სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს არ გააჩნდა ალტერნატიული სატენდერო წინადადების წარდგენის უფლებამოსილება (ტ.1, ს.ფ. 56). „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 7.3 მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მათ შორის დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვისათვის, მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის კანონიერება, ტენდერის შედეგად გამგეობასა და რ. ლ-ეს შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება სადავო არ გამხდარა. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 121.5 მუხ.„ა“ ქვეპუნქტი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 07.04.11წ. №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 9.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია („სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 07.04.11წ. №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 12.5 მუხ.). ტენდერის საფუძველზე დადებული 11.01.13წ. ხელშეკრულების ინსპექტირება შემსყიდველის მხრიდან ევალებოდა გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის სპეციალისტს ზედამხედველობის საკითხებში (ხელშეკრულების 8.2 პ.). შემსყიდველ ორგანიზაციას არ მოუხდენია პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, ხელშეკრულების შეჩერება ან შეწყვეტა („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 7.1 მუხლის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტი). ამდენად, ადიგენის მუნიციპალიტეტს ეკისრებოდა სატენდერო დოკუმენტაციაში შესასყიდი მომსახურების გაწევაზე საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლის (ლიცენზიის) შესახებ მითითება. თუ მხარეები არ შეთანხმებულან პირობაზე (ლიცენზია), რომელიც მნიშვნელოვანია მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრისათვის, ასეთ დროს მხარეთა შეთანხმებას ემატება შემავსებელი პირობა, რასაც არც დაჯარიმებამდე და არც მის შემდეგ ადგილი არ ჰქონია. საქმეში მესამე პირად ჩაბმული ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის განმარტებით, გამგეობის წინაშე დაცვითი საქმიანობის შესყიდვის საჭიროება არ იდგა, რასაც ადასტურებს გამგეობის 14.09.13წ. №389 წერილი, შესყიდული მომსახურების მოცულობა და ღირებულება. რადგანაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში არ ყოფილა მითითებული კერძო დაცვითი საქმიანობის შესყიდვის შესახებ, დაცვის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადების მიზანი არ ყოფილა პროფესიული დაცვითი მომსახურების შესყიდვა, შესაბამისად ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის სპეციალური მოთხოვნები არ დაწესებულა.
ვინაიდან ტენდერი გამოცხადებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სადაც სატენდერო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ წარმოადგენდა დაცვის ლიცენზიის არსებობა, ხოლო ტენდერის პირობები, ტენდერში გამარჯვების შედეგად დადებული ხელშეკრულების ტექსტი არ ითვალისწინებდა დაცვითი საქმიანობისათვის დამახასიათებელ ისეთ ნიშნებს როგორიცაა შეიარაღებული დაცვა, ვიდეოთვალთავალი, ტექნიკის გამოყენება, ამასთანავე, ხელშეკრულებაში მითითებული ღონისძიებები არ იყო მიმართული დაცვის ობიექტის შესაძლო ხელყოფის საფრთხეების აღმოფხვრისაკენ, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს არ ეკისრებოდა ვალდებულება გაეცნობიერებინა, რომ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში მისი მხრიდან ადგილი ექნებოდა კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებას ლიცენზიის გარეშე. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ პრეტენდენტების მიერ წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ იყო შედგენილი (ტ.1. ს.ფ. 51-57). საკასაციო სასამართლოს აზრით სახეზეა რ. ლ-ის კანონიერი ნდობა ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ ტენდერთან დაკავშირებით წარმოებული დოკუმენტაციის მიმართ (სზაკ-ის 9.1 მუხ.). ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამოცემული წერილობითი დოკუმენტები შეიცავს დაპირების ელემენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პრეტენდენტი დააკმაყოფილებს ტენდერის შემოთავაზებულ პირობებს, მასთან კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გაფორმდება ხელშეკრულება. სახეზეა ასევე პრეტენდენტის კანონიერი ნდობა ადიგენის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 03.01.2013წ. სხდომის ოქმის (ტ.1., ს.ფ. 155-156) მიმართ, რომლითაც ინდ.მეწარმე გამარჯვებულად გამოცხადდა. აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება – შემსყიდველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდ.მეწარმესთან დადო ხელშეკრულება, რის შემდეგაც ის ასრულებდა ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს. სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება (სზაკ-ის 9.2 მუხ.), ვინაიდან რ. ლ-ემ სრულად დააკმაყოფილა ტენდერის გამოცხადებული პირობები. მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი უკეთუ არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესები, ამ უკანასკნელს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, რომელიც უპირატესად ნდობის დაცვას ნიშნავს. სტაბილურობა მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, როდესაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებები იძენს შეუცვლელ ხასიათს. კანონიერი ნდობის პრინციპი იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისაგან. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ადმინისტრაციული ხელშკრულების მონაწილე მხარე, მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით თავადვე უნდა იყოს ხელშეკრულების კანონიერების გარანტი. მოცემულ შემთხვევაში რ. ლ-ის მხრიდან კეთილსინდისიერად შესრულდა ტენდერის პირობები, ხოლო მმართველობის ორგანოს - ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სატენდერო პირობების ჩამოყალიბების სანადოობა არ შეიძლება გახდეს რ. ლ-თვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ბრალეულად (განზრახვით ან გაუფრთხილებლობით). (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხ.). რ.ლ-ესა და ადიგენის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ =3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტზე მეთვალყურეობის განხორციელებით საფრთხე არ შექმნილა მოქალაქეთა უფლებებისათვის და მმართველობითი წესრიგისათვის, რ.ლ-ის ქმედებაში არ იკვეთება ბრალეულობა, არ არსებობს სამართალდარღვევა ბრალის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება არათუ განზრახვა, არამედ გაუფრთხილებლობაც, ვინაიდან ორგანოს არ ჰქონია განზრახული კერძო დაცვითი საქმიანობის შესყიდვა და მით უფრო რ.ლ-ე ვერ ივარაუდებდა, რომ შესყიდვის საგანი იყო კანონით განსაზღვრული ლიცენზირებადი საქმიანობა, ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული საქმიანობა ობიექტურად არ თავსდება კანონით განსაზღვრული კერძო დაცვით საქმიანობაში.
,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დაცვითი საქმიანობის გაწევა არ დასტურდება აგრეთვე ი.მ. „რ. ლ-ის“ მიერ ფიზიკურ პირებთან დადებული ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებებით, რომლებიც არ ითვალისწინებდნენ მცველთა (გუშაგთა) დაცვითი სპეციალური საშუალებებით აღჭურვას (კანონის 11 მუხ., 14 მუხ. ,,დ“ ქვეპუნქტი, 22.1 მუხ.), „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებულ მცველების სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს (ვიდეო და ფოტოგადაღება, ტქნიკური საშუალებების გამოყენება, პირის გაძევება, შეპყრობა, იარაღის, ფიზიკური იძულების გამოყენება). რ. ლ-ის მიერ დადებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდნენ ხელშეკრულების ისეთ სავალდებულო კომპონენტს, როგორიცაა ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში მცველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა (12.2 მუხ. ,,დ“ ქვეპუნქტი, 14 მუხ. ,,ვ“ ქვეპუნქტი), არ შემდგარა აგრეთვე კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური დოკუმენტი - დაცვითი მომსახურების გეგმა, მცველების კარტოთეკა და ბარათი, მცველის მოწმობა, სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი და კანონით გათვალისწინებული დაცვითი საქმიანობის სხვა კომპონენტები. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ მხარეებს არ გამოუვლენიათ ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ნება.
რ.ლ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 24.2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, 25.1 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კანონის 24.2 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქი, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციების გამოყენებას როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების მიმართ. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზირების გარეშე განხორციელების დადგენა იწვევს ფიზიკური პირების - მცველების დაჯარიმებას (მცველის სამსახურებრივი ფორმის გარეშე საქმიანობის განხორციელება, მცველის მოწმობის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელება, კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობა და სხვ.). საქართველოს შსს მინისტრის 14.01.10 წ. =40 ბრძანებით დამტკიცებული ,,კერძო დაცვის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის“ 4.4 მუხლის თანახმად, ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ორი ან ორზე მეტი მოთხოვნის დარღვევისას ოქმი და ბრძანება უნდა შედგეს/გამოიცეს თითოეული დარღვევისათვის ცალ-ცალკე. მოცემულ შემთხვევაში რ.ლ-ე დაჯარიმდა მხოლოდ ულიცენზიო საქმიანობის განხორციელებისათვის. საქმის მასალების მიხედვით 11.01.13წ. დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის №000351 ოქმი უკვე 29.01.13წ. შედგა. მიუხედავად იმისა, რომ რ.ლ-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე (11.01.13წ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მომსახურების გაწევას 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ახორციელებდა გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, აგრეთვე შინაგან საქმეთა მინისტრის 14.10.10წ. =40 ბრძანებით დამტკიცებული ,,კერძო დაცვის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის“ 7.2 მუხლით გათვალისწინებული ზომები არ მიღებულა, რაც დამატებით ადასტურებს დაჯარიმების საფუძვლის არარსებობას.
დაჯარიმების მართლზომიერებას არ ადასტურებს დასაცავი ობიექტების დანიშნულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაცვის ობიექტები არ არის მოცული საქართველოს მთავრობის 17.05.13წ. =427 განკარგულებით დამტკიცებული დაცვის ობიექტთა ნუსხით, ასეთ ნუსხაში ობიექტების ყოფნის შემთხვევაში მათი დაცვა ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად (მე-5 მუხ.) უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და არა კერძო დაცვითი სამსახურის მიერ. თავის მხრივ ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონი, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის შესახებ“ კანონისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს ობიექტების და პირების ჩამონათვალს, რომლებიც სავალდებულო წესით ექვემდებარება კერძო დაცვით საქმიანობას. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დასაცავი ობიექტების დანიშნულება ქმნიდა ობიექტების სპეციალური სამსახურების მიერ დაცვის საჭიროებას საფუძველს არის მოკლებული და არ იწვევს მოსარჩელის დაჯარიმებას ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მიხედვით.
სადავო აქტი - შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის 13.02.13წ. ბრძანება არ შეიცავს მითითებას აქტის გასაჩივრების შესაძლებლობაზე, გასაჩივრების წესზე, ამდენად, აქტი არ პასუხობს სზაკ-ის 52.2 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
შს მინისტრის 23.03.05წ. №266 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის“ დებულების 4.2 მუხლის, აგრეთვე შს მინისტრის 14.01.2014წ. N40 ბრძანებით დამტკიცებული ,,კერძო დაცვის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის“ მე-2 მუხლის თანახმად, კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, მისი სტრუქტურული დანაყოფის - საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მეშვეობით. მთავარი სამმართველო უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გამოსცეს დაჯარიმების შესახებ ბრძანება (წესის 3.1 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი). სამართალდარღვევის გამოვლენისას მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (წესის 3.3 მუხლი), ოქმი და მასზე თანდართული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, დაუყოვნებლივ განსახილველად ეგზავნება მთავარი სამმართველოს იმ უფლებამოსილ პირს, რომლის კომპეტენციაშიც შედის დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემა (წესის 4.2 მუხლი). უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საქმისათვის არსებითი მნიშველობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - დაჯარიმების შესახებ ბრძანებას, რომლითაც სამათალდამრღვევს დაეკისრება ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - ჯარიმა (წესის 4.3 მუხლი). ამდენად, სამართლადარღვევის ოქმის შედგენა მიზნად ისახავს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების დაფიქსირებასა და საქმის გარემოებების აღწერას. კონკრეტული ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევას და მისი ჩადენისათვის სახდელის დაკისრებას (ჯარიმის შეფარდებას) ახდენს უფლებამოსილი პირი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. სწორედ აღნიშნული აქტი წარმოშობს პირისათვის სამართლებრივ შედეგს, მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა არ გულისხმობს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევას და სახდელის შეფარდებას. ბრძანება დაჯარიმების შესახებ გამოიცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და არა რ. ლ-ის ოქმზე შეტანილი საჩივრის განხილვის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შუალედური აქტი, მას არ მოჰყვება პირისათვის უშუალო სამართლებრივი შედეგი, შესაბამისად, ოქმი არ აკმაყოფილებს ასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილ შეცილებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობებს, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში, ასკ-ის 262 მუხლის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
რაც შეეხება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრააციულ-სამართლებრივ აქტებს, კერძოდ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველოს 13.02.13წ. =270733 ბრძანებას და შსს 26.03.13წ. =217 ბრძანებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხრაჯების გადახდისაგან. შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 262 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. რ.ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2014წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი დაჯარიმების შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველოს 13.02.2013წ. =270733 ბრძანება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 26.03.2013წ. =217 ბრძანება;
4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 29.01.2013წ. =000351 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ რ.ლ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო;
5. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ე. ი-ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და ზ. ტ-ის სასარგებლოდ - 300 ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ვ.როინიშვილი