საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-320-318(კ-16) 28 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი(მოწ. მხარე: მ. გ-ე).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2016წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.08.2015წ. გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
აღნიშნული განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 21.03.2016წ. პირადად ჩაჰბარდა (ტ.2, ს.ფ.70). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 11.04.2016წ. (ორშაბათი) 24 საათი. საკასაციო საჩივარი მხარემ სასამართლოში წარადგინა 12.04.2016წ. (ტ.2, ს.ფ.72), საკასაციო საჩივარს არ ახლავს კონვერტი. სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2016წ. განჩინება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი