Facebook Twitter
#ბს-127-126(კს-16) 11 მაისი, 2016 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ი

მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 11 თებერვალს ლ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ 2014 წლის 20 აგვისტოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმის, 2014 წლის 21 აგვისტოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმის, 2014 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმის, 2014 წლის 23 აგვისტოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმის, №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 21 აგვისტოს №MCLA 01400408242 განკარგულების, №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 21 აგვისტოს №MCLA 31400409037 განკარგულების, №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 22 აგვისტოს №MCLA 91400412174 განკარგულების, №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 26 აგვისტოს №MCLA 11400419566 განკარგულებისა და №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 26 აგვისტოს №MCLA 01400419547 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 20 აგვისტოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი, 2014 წლის 21 აგვისტოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი, 2014 წლის 22 აგვისტოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი, 2014 წლის 23 აგვისტოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი, №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 21 აგვისტოს №MCLA 01400408242 განკარგულება, №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 21 აგვისტოს №MCLA 31400409037 განკარგულება, №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 22 აგვისტოს №MCLA 91400412174 განკარგულება, №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 26 აგვისტოს №MCLA 11400419566 განკარგულება და №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 26 აგვისტოს №MCLA 01400419547 განკარგულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის დავალება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და საპროცესო კოდექსები უფლებამოსილებას ანიჭებს მხარეს გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციებში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დავა ეხება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას. ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორადაა განმარტებული პატიმრობის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილი განკარგულების გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ 2014 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის - ი. გ-ისა და ინსპექტორ-კონტროლიორის - დ. ბ-ის მიერ შედგენილ იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი, მასზედ, რომ 2014 წლის 20 აგვისტოს დაახლოებით 18 საათსა და 59 წუთზე №19 საკანში განთავსებული მსჯავრდებული ლ. გ-ი თავისივე საკნიდან გადაძახილის მეშვეობით დაუკავშირდა სხვა საკანში მყოფ პატიმრებს. დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მსჯავრდებულმა გააგრძელა ხმაური და გადაძახილი. აღნიშნული ქმედებით დაარღვია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება. ზიანი მიადგა წესრიგსა და უსაფრთხოებას.
2014 წლის 21 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებულ იქნა №MCLA 0 14 00408242 განკარგულება ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ლ. გ-ის მიმართ პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 3 (სამი) თვის ვადით.
2014 წლის 21 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის - გ. ც-ასა და ინსპექტორ-კონტროლიორის - მ. ჯ-ის მიერ შედგენილ იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი მასზედ, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს დაახლოებით 20 საათსა და 29 წუთზე №19 საკანში განთავსებული მსჯავრდებული ლ. გ-ი თავისივე საკნიდან გადაძახილის მეშვეობით დაუკავშირდა სხვა საკანში მყოფ პატიმრებს. დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მსჯავრდებულმა გააგრძელა ხმაური და გადაძახილი. აღნიშნული ქმედებით დაარღვია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება. ზიანი მიადგა წესრიგსა და უსაფრთხოებას.
2014 წლის 22 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებულ იქნა №MCLA 9 14 00412174 განკარგულება ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ლ. გ-ის მიმართ პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - მომდევნო 3 (სამი) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა.
2014 წლის 22 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის - გ. გ-სა და ინსპექტორ-კონტროლიორის - დ. ბ-ის მიერ შედგენილ იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი მასზედ, რომ 2014 წლის 22 აგვისტოს დაახლოებით 18 საათსა და 35 წუთზე №19 საკანში განთავსებული მსჯავრდებული ლ. გ-ი თავისივე საკნიდან გადაძახილის მეშვეობით დაუკავშირდა სხვა საკანში მყოფ პატიმრებს. დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მსჯავრდებულმა გააგრძელა ხმაური და გადაძახილი. აღნიშნული ქმედებით დაარღვია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება. ზიანი მიადგა წესრიგსა და უსაფრთხოებას.
2014 წლის 26 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებულ იქნა №MCLA 0 14 00419566 განკარგულება ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ლ. გ-ის მიმართ პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა 3 (სამი) თვის ვადით.
2014 წლის 23 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის - გ. ც-ასა და ინსპექტორ-კონტროლიორის - მ. ჯ-ის მიერ შედგენილ იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი, მასზედ, რომ 2014 წლის 23 აგვისტოს დაახლოებით 15 საათსა და 55 წუთზე №19 საკანში განთავსებული მსჯავრდებული ლ. გ-ი თავისივე საკნიდან გადაძახილის მეშვეობით დაუკავშირდა სხვა საკანში მყოფ პატიმრებს. დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მსჯავრდებულმა გააგრძელა ხმაური და გადაძახილი. აღნიშნული ქმედებით დაარღვია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულება. ზიანი მიადგა წესრიგსა და უსაფრთხოებას.
2014 წლის 26 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებულ იქნა №MCLA 0 14 00419547 განკარგულება ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ლ. გ-ის მიმართ პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 3 (სამი) თვის ვადით.
2014 წლის 21 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ მიღებულ იქნა №MCLA 0 14 00409037 განკარგულება ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ლ. გ-ის მიმართ პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა 3 (სამი) თვის ვადით.
პატიმარმა - ლ. გ-მა სადავოდ გახადა ზემოაღნიშნული დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დაცვის უფლება გარანტირებულია. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია ნორმატიული აქტების იერარქია. აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის უზენაეს კანონს, უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. პატიმრობის კოდექსი არის საქართველოს კანონი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
დისციპლინური გადაცდომების სახეები, გადაცდომების (დარღვევების) ამომწურავი ჩამონათვალი (ანუ გადაცდომებისა, რომლებიც შესაძლებელია ჩაიდინოს საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფმა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა), აგრეთვე დისციპლინური დარღვევის თანმხლები დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები, დისციპლინური დარღვევის საქმის წარმოების, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საკითხის გადაწყვეტისა და ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურული წესები დადგენილი არის სპეციალური საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კანონით „პატიმრობის კოდექსით“.
„პატიმრობის კოდექსის“ 85-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან. ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ არის გათვალისწინებული და არც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლიდან. კონვენციის მე-7 ოქმის მე-2 მუხლის (რომელიც გასაჩივრების უფლებას განსაზღვრავს) მე-2 პუნქტი მსუბუქ დისციპლინურ დარღვევათა მიმართ გასაჩივრების უფლების რეგულირების საკითხს სახელმწიფოთა დისკრეციას განაკუთვნებს.
საქართველოს კანონმდებლობის მსგავსად ანალოგიურ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს არაერთი ქვეყნის კანონმდებლობაც, ხოლო რიგი სახელმწიფოების კანონმდებლობა ახდენს დისციპლინური დარღვევის მნიშვნელობისა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით გასაჩივრების წესის დიფერენციაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დაუშვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი