Facebook Twitter
ბს-850-842 (გ-15) 23 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ა-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ა-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეროვნული ბანკის და ლიკვიდატორ მ. ტ-ის მიმართ მატერიალური ზიანის - 693 000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იყო სს ,,...“ აქციონერი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2004 წელს ბანკს შეექმნა მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 02.04.2004წ. №165 განკარგულებით სს ,,...“ გაუუქმდა ლიცენზია და დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი. 31.12.2004წ. მდგომარეობით მოსარჩელეს სს ,,...“ გახსნილ სავალუტო ანგარიშზე ერიცხებოდა თანხა 693 000 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად მ. ა-ეს ბანკის ლიკვიდატორისგან მიღებული ჰქონდა განმარტება, რომ მოსარჩელისადმი არსებული დავალიანება დაიფარებოდა რიგითობის მიხედვით. 09.11.2012წ. სსიპ საჯარო რეესტრის მიერ განხორციელდა სს ,,...“ ლიკვიდაციის რეგისტრაცია. ლიკვიდაცია დასრულდა მოსარჩელის მიერ რაიმე თანხის მიღების გარეშე. მოსარჩელის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 05.05.2008წ. ლიკვიდატორმა მ. ტ-მა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება მ. ა-ის მოთხოვნის მე-4 რიგიდან მე-5 რიგში გადატანის შესახებ. ბანკის ლიკვიდაციის პროცესში მე-4 რიგის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო მე-5 რიგის კრედიტორებმა თანხა ვეღარ მიიღეს არასაკმარისი ფინანსების გამო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება არამართლზომიერად განხორციელდა, რადგან მ. ა-ის მოთხოვნა საქართველოს ეროვნული ბანკის 11.07.2003წ. №159 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკების ლიკვიდაციის წესის“ მე-5 მუხლის მიხედვით, თავისი შინაარსით მე-4 რიგის მოთხოვნაა და დაუშვებელი იყო ,,სხვადასხვა კრედიტორების“ მოთხოვნების რიგში მისი შეყვანა. მოსარჩელე თვლის, რომ ლიკვიდატორის თვითნებური ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, რაც სკ-ის 997-ე და 408-ე მუხლების საფუძველზე ლიკვიდატორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სოლიდარულად უნდა ანაზღაურდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შესაგებლებით მიმართეს მ.ტ-მა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. შესაგებლების ავტორებმა მ.ა-ის მოთხოვნა მიიჩნიეს უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაგებელში დამატებით მიუთითა, რომ სასკ-ის მე-2 მუხლის შესაბამისად, სარჩელი განსჯადობით უნდა გადაეცეს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.10.2015 წ. განჩინებით საქმე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. კოლეგიამ მიუთითა სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებზე, ასევე სზაკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს საქართველოს ეროვნული ბანკისგან, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სს ,,...“ ლიკვიდატორისგან, რომლის დანიშვნაზე უფლებამოსილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკი (,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 49.2 მუხლის სს ,,...“ ლიკვიდაციის პროცესში მოქმედი რედაქცია). სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს ადმინისტრაციული ორგანოსაგან და ლიკვიდატორისგან, რომელიც საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯადია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.12.2015წ. განჩინებით მ. ა-ის სასარჩელო განცხადება ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლზე, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, ასკ-ის 2.1, 26-ე მუხლებზე, სსკ-ის 11.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-3, 32-ე მუხლებზე, 49.1 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტზე, ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის 05.05.2008წ. და ამჟამად მოქმედ რედაქციებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11.07.2003წ. №159 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ (ძალადაკარგულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 03.10.2015წ. №24/24 ბრძანებით) მე-7, მე-8 მუხლებზე, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.1, 9.6, 51.1, 56.4 მუხლებზე, ზაკ-ის 207-ე მუხლზე, სკ-ის 317.1, 992-ე, 997-ე, 998.1 მუხლებზე და აღნიშნა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია საჯარო - ადმინისტრაციული კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან. დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისთვის მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას ფიზიკური პირის - მ. ტ-ისგან, როგორც სს ,,...“ ყოფილი ლიკვიდატორისგან და საქართველოს ეროვნული ბანკისგან იმ საფუძვლით, რომ ლიკვიდატორი დანიშნული იყო ეროვნული ბანკის მიერ. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,...“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იყო სააქციო საზოგადოება, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მესამე პირებთან - მათ შორის კრედიტორებთან ურთიერთობაში წარმოადგენდა ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. სს-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სწორედ ამ პირს. ამდენად, ადმინისტრაციულმა კოლეგიამ არ გაიზიარა სამოქალაქო კოლეგიის მითითება, რომ დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და სასარჩელო მოთხოვნაა ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციული ორგანოსგან, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა ამ უკანასკნელის მიერ საჯარო-სამართლებრივი ფუნქციის განხორციელების შედეგად. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა კერძო-სამართლებრივი დავა კერძო სამართლის სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირსა და ფიზიკურ პირს შორის ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რის გამოც დავა სამოქალაქო კოლეგიის განსჯადია.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მ. ა-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის შინაარსს, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამდენად, უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან სხვა საჯარო სამართლის წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება. ამავე კოდექსის 2.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოსაგან იმ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებული დავა, რომელიც წარმოშობილია ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელების შედეგად, ადმინისტრაციული კატეგორიისაა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზიანი დამდგარია ადმინისტრაციული ორგანოს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში დავა კერძო-სამართლებრივ კატეგორიათა რიგს განეკუთვნება და ამდენად, სამოქალაქო კოლეგიის განსჯად საქმეთა რიცხვს განეკუთვნება.
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 1.1 მუხლის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. თავის მხრივ, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის 2.1 მუხლისა და სზაკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირი ადმინისტრაციული ორგანოა. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ იმის გამო, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის იმანენტური ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ზიანის ანაზღაურება სსიპ საქართველოს ეროვნული ბანკისგან და ლიკვიდატორ - მ.ტ-ისგან. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ლიკვიდატორ მ. ტ-ის მიერ სს ,,...“ ლიკვიდაციის პროცესში არაკეთილსინდისიერად და თვითნებურად განხორციელდა მასზე დაკისრებული უფლებამოსილება კრედიტორთა მოთხოვნების რიგითობასთან დაკავშირებით, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება, რომლიდანაც წარმოშობილია მოთხოვნა. განსჯადობის საკითხის გასარკვევად მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესის ბუნება. საჯარო სამართალს განეკუთვნებიან ნორმატიული დებულებები, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებრივ ინტერესს, ხოლო ინდივიდუალური ინტერესების მომსახურე დებულებები კერძო სამართლის კუთვნილებაა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ ზიანი წარმოშობილია ლიკვიდატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11.07.2003წ. =159 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ (ძალადაკარგულია ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 10.03.2015წ. =24/04 ბრძანებით) მე-5 მუხლით განსაზღვრული კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის დარღვევის შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მიიჩნევს, რომ დავა სამოქალაქო კოლეგიის განსჯადია, რადგან მოთხოვნის საფუძველი სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის არამართლზომიერად განხორციელებაა, ხოლო სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის წესს ადგენს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. საკასაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სს ,,...“ ლიკვიდაცია შესაძლოა განხორციელებულიყო ორი განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლით: ერთ შემთხვევაში ბანკის ლიკვიდაციის შესახებ თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს სააქციო საზოგადოების პარტნიორთა კრება (,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი), ხოლო მეორე შემთხვევაში ბანკის ლიკვიდაცია იწყება სააქციო საზოგადოების ნების გაუთვალისწინებლად, საქართველოს ეროვნული ბანკის ცალმხრივად სავალდებულო, იმპერატიული ნების საფუძველზე, ლიცენზიის გაუქმების შედეგად, ლიკვიდაცია ასეთ შემთხვევაში ხორციელდება ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. „კომერციული ბანკების შესახებ“ კანონის 37.1 მუხლის თანახმად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. საქართველოს ეროვნული ბანკის 11.07.2003წ. =159 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესი“ ადგენდა ლიკვიდატორის დანიშვნის და უფლებამოსილების, სალიკვიდაციო პროცედურების განხორციელების წესს, მათ შორის ამონაგები თანხებით მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობას. იმისდამიხედვით, თუ ვისი გადაწყვეტილება უდევს საფუძვლად ბანკის ლიკვიდაციას, ლიკვიდაცია ხორციელდებოდა სხვადასხვა სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმების მიხედვით. უკეთუ დავა ეხება სს-ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარე ლიკვიდაციის პროცესს და მის თანამდევ შედეგებს, დავა სამოქალაქო კოლეგიის განსჯადია, რადგან იგი მომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან (,,მეწარმეთა შესახებ“ კანონიდან) და ხორციელდება მის საფუძველზე. იმ შემთხვევაში თუ დავა წარმოშობილია ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისათვის ლიცენზიის გაუქმების შედეგად, ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მიმდინარე ლიკვიდაციის პროცედურებისა და თანმდევი სამართლებრივი შედეგების საფუძველზე, ასეთ შემთხვევაში დავა ადმინისტრაციული კოლეგიის განსჯადია, რადგან დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონი, ,,კომერციული ბანკების შესახებ“ კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11.07.2003წ. =159 ბრძანებით დამტკიცებულ ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შესახებ წესი“) გამომდინარეობს, ლიკვიდაციის პროცესში იკვეთება საჯარო-სამართლებრივი ინტერესი (საბანკო სექტორის გამართული და სტაბილური საქმიანობა ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველს წარმოადგენს, სახელმწიფოს განვითარება, მოსახლეობის სოციალურ-ყოფითი პირობების დაკმაყოფილება შეუძლებელია ძლიერი საბანკო სისტემის ფუნქციონირების გარეშე), რომლის განსახორციელებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს საჯარო კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ბანკების ლიცენზირების, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობის და დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სანქციების გამოყენების, აგრეთვე კომერციული ბანკის ლიცენზიის გაუქმებისა და ამის საფუძველზე ბანკის ლიკვიდაციის პროცესის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11.07.2003წ. =159 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესი“ ითვალისწინებდა ეროვნული ბანკის მიერ ბანკისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას (1.2 მუხ.), ხსენებული წესი გამოიყენებოდა იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაუუქმა საბანკო ლიცენზია (1.1 მუხ.), რა დროსაც ეროვნული ბანკის მიერ ადმინისტრაციული აქტით დანიშნული ლიკვიდატორი (1.4 მუხ.) საქმიანობას აწარმოებდა მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად (2.1 მუხ.). ლიკვიდაციის წესი ადგენდა, რომ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ბანკი ექვემდებარებოდა ,,კომერციული ბანკის საქმიანობის შესახებ“ კანონისა და ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნებს (2.8 მუხ.). ასეთივე რეგულაციას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 10.03.2015წ. =24/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ 1-ლი და მე-2 მუხლები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11.07.2003წ. N159 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესი“ ითვალისწინებდა კომერციული ბანკის ლიკვიდატორის დანიშვნას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით (1.4, 9.8 მუხ.), ამასთანავე ლიკვიდატორი თავის ფუნქციებს ახორციელებდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით და ანგარიშვალდებული იყო მხოლოდ ეროვნული ბანკის წინაშე (3.2 მუხ.). ლიკვიდატორი არ შეიძლება იყოს კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირი (,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ 37.1 მუხ.). აღნიშნულისაგან განსხვავებით, როდესაც სააქციო საზოგადოების - კომერციული ბანკის ლიკვიდაცია იწყება სააქციო საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქმედებს ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-14 მუხლი, რომლის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ, პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს) შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები). აღნიშნული ნორმის ლიკვიდაციის დაწყების პერიოდში (2004წ.) მოქმედი რედაქციის მიხედვით, ლიკვიდაციას აწარმოებდნენ ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.1 მუხლში დასახელებული პირები (დირექტორები, პარტნიორები და სხვ.) ერთობლივი ხელმოწერით. რომელიმე მონაწილის შუამდგომლობით, თუ საამისო მნიშვნელოვანი საფუძვლები არსებობდა, შესაძლებელი იყო ლიკვიდაციის განმახორციელებელი პირების (ლიკვიდატორების) დანიშვნა იმ სასამართლოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც საზოგადოებას ჰქონდა ადგილსამყოფელი, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო ლიკვიდატორებად დაენიშნა ის პირებიც, რომლებიც არ იყვნენ დირექტორები. მიმდინარე დავაში არ დასტურდება ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით ლიკვიდაციის დაწყება ან ლიკვიდატორის დანიშვნა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ სს ,,...“ ლიკვიდაციის პროცესი უკავშირდება არა დამფუძნებელთა ნებას, არამედ საბანკო ლიცენზიის გაუქმებას. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 02.04.04წ. =165 განკარგულებით ბანკში დაინიშნა დროებითი ადმინისტრაცია და შეჩერდა სს „...“ ყველა ორგანოს უფლებამოსილება, 04.05.04წ. =206 განკარგულებით დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა გაგრძელდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 31.12.04წ. =846 განკარგულებით, ,,კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 23.12.03წ. =297 ბრძანებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 26.08.03წ. =38 დადგენილებით დამტკიცებული „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სს „...“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკში დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 04.10.06წ. =270 ბრძანებით ლიკვიდატორად დაინიშნა მ. ტ-ი. ბრძანებები გამოცემულია ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის და მათ შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში ლიკვიდაციის პროცესზე ვერ გავრცელდება ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის დებულებები, რომლებზეც უთითებს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რის საფუძველზე დავას არასწორად მიიჩნევს სამოქალაქო-სამართლებრივად. აღნიშნული მსჯელობა არ ეფუძნება განსახილველი საქმის შესაბამის სამართლებრივ და ფაქტობრივ ასპექტებს.
ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან ერთად უთითებს სამოქალაქო კოდექსის ნორმებს (სკ-ის 317, 992, 997, 998), არ ცვლის განსჯადობის საკითხს. ზაკ-ის 207-ე მუხლით განსაზღვრულია სამოქალაქო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება ადმინისტრაციულ ორგანოზე. დაუშვებელია საჯარო-სამართლებრივი დავის კერძო-სამართლებრივად მიჩნევა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელე თავის საჯარო-სამართლებრივ მოთხოვნას კერძო-სამართლებრივი ნორმებით ასაბუთებს, აღნიშნული არ ცვლის დავის შინაარსა და განსჯადობას. ამასთანავე, სასამართლო, რომელიც მის განსჯად საქმეს იხილავს, ფლობს ამ საქმის განხილვის აბსოლუტურ კომპეტენციას, მათ შორის საქმის განხილვის პროცესში შეუძლია გამოიყენოს და განმარტოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ნორმატიული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და შესაბამისად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 390-ე მუხლით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ა-ის სარჩელი საქართველოს ეროვნული ბანკის და ლიკვიდატორ მ. ტ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი