№ბს-178-177(კ-16) 14 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
სხდომის მდივანი - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 17 თებერვალს გ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წელს მან №610752 განცხადებით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გამოცხადდა 2013 წლის 23 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №147/ნ ბრძანებით და „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო პროექტების წარდგენისა და განხილვის ვადების, განაცხადების ფორმებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 27 სექტემბრის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის №53 ბრძანებით. კონკურსანტის მიერ ფონდში დასაფინანსებელი თანხა შედგება დოქტორანტურაში სწავლისა და მოწყობილობის ჯამური საფასურისაგან, კერძოდ, დოქტორანტურაში წელიწად-ნახევრის სწავლის საფასური - 3375 ლარი და ქიმიური ანალიზებისათვის საჭირო ხელსაწყოს საფასური - 4500 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 7875 ლარს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან წარადგინა შესაბამისი სადოქტორო ნაშრომის პროექტი სათაურით „მოლეკულურ-იონური სისტემების მიკრობიოლოგიური დამუშავება (სტერილიზაცია), დებარირება (Ba) - დეფტორირების (F) ნანოქიმია, მემბრანული ნანოტექნოლოგიებისა და ნანოსისტემების დამუშავება-შექმნითა და საწარმოო დანერგვით“, რომლის ძირითადი ამოცანა გულისხმობს ბორჯომის მინერალურ წყალში შემავალი ქიმიური კომპონენტების ევროსტანდარტებთან მისადაგებას, კერძოდ, ბარიუმისა და ფტორის ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებამდე დაყვანას. წარდგენილი პროექტის აქტუალობა განპირობებულია მინერალური წყლების შესახებ ევროკავშირის 2003/40/EC-ის დირექტივის მოთხოვნის თანახმად.
მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად კონკურსანტის უმაღლესი აკადემიური დონისა, მისი სამეცნიერო ნამუშევრების პრაქტიკული რეალიზაციისა და საგრანტო პროექტის უაღრესად დიდი მნიშვნელობისა (ევროკავშირის დირექტივა) სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეციერო ფონდმა პროექტის აკადემიური შეფასება არ განახორციელა სათანადოდ. ფონდმა კანონის ყველა ნორმის დარღვევით, ფაქტობრივი გარემოებების არასათანადოდ გამოკვლევის შედეგად მიიღო უკანონო ადმინისტრაციული აქტი, რომელიც მან 2013 წლის 27 დეკემბერს გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რის განხილვაზეც მიიღო უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეფასების აქტის „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში“ მონაწილე საგრანტო პროექტის „მოლეკულურ-იონური სისტემების მიკრობიოლოგიური დამუშავება (სტერილოზაცია), დაბარირება (Ba) დეფტორირების (F) ნანოქიმია, მემბრანული ნანოტექნოლოგიებისა და ნანოსისტემების დამუშავება-შექმნითა და საწარმოო დანერგვით“ შეფასების შესახებ, საგრანტო პროექტის დაფინანსებაზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის უარის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ შესწავლის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 27 სექტემბრის №53 ბრძანებით გამოცხადდა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი, დამტკიცდა საგრანტო პროექტების წარდგენისა და განხილვის ვადების, განაცხადის ფორმებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა. ამავე ბრძანებით, დამტკიცდა კონკურსში პროექტის შეფასებისათვის საჭირო ექსპერტების რაოდენობა, პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმი და თანაბარქულიან პროექტებს შორის უპირატესის გამოსავლენად, შეფასების კრიტერიუმებს შორის პრიორიტეტული კრიტერიუმები, ბრძანების №3 დანართის შესაბამისად. მითითებული დანართის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტების შეფასება უნდა განახორციელოს ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა; მეორე პუნქტის თანახმად, პროექტის საბოლოო შეფასება გამოითვლება მიღებული ორი შეფასების საშუალო არითმეტიკულით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, თანაბარქულიანი პროექტებიდან უპირატესის გამოსავლენად, პროექტის შეფასების კრიტერიუმებს შორის უპირატესობა მიენიჭება ა) პირველ რიგში - პროექტის აკადემიური შეფასების ჯამურ ქულას; ბ) მეორე რიგში - დოქტორანტის აკადემიური შეფასების ჯამურ ქულას; გ) მესამე რიგში - ბიუჯეტის მოცულობას (მცირებიუჯეტიანი პროექტი უპირატესია დიდბიუჯეტიანთან შედარებით).
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ბ-ი მონაწილეობას იღებდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წლის 27 სექტემბერს გამოცხადებულ 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში და მის მიერ წარდგენილი საგრანტო პროექტი იყო „მოლეკულურ-იონური სისტემების მიკრობიოლოგიური დამუშავება (სტერილიზაცია), დებარირება (Ba) - დეფტორირების (F) ნანოქიმია, მემბრანული ნანოტექნოლოგიებისა და ნანოსისტემების დამუშავება-შექმნითა და საწარმოო დანერგვით“. ამასთან, მოსარჩელემ კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებით დაადასტურა, რომ გაეცნო 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებას, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებას და ხელმოწერით განაცხადა თანხმობა კონკურსის პირობებზე. ასევე დაადასტურა, რომ ფონდის ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ინფორმაცია იყო ზუსტი და არ შეიცავდა ყალბ მონაცემებს.
2013 წლის 27 სექტემბერს გამოცხადებულ 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში მონაწილე გ. ბ-ის მიერ წარდგენილი საგრანტო პროექტი - „მოლეკულურ-იონური სისტემების მიკრობიოლოგიური დამუშავება (სტერილიზაცია), დებარირება (Ba) - დეფტორირების (F) ნანოქიმია, მემბრანული ნანოტექნოლოგიებისა და ნანოსისტემების დამუშავება-შექმნითა და საწარმოო დანერგვით“, შესაბამისი კრიტერიუმებით და ქულებით არის შეფასებული ორი ექსპერტის მიერ.
აღნიშნული შეფასებების ამსახველ ერთ-ერთ დოკუმენტში კომენტარის სახით მითითებულია ექსპერტის შემდეგი მოსაზრება: „..პროექტი რომ ითვალისწინებდეს რიგითი სასმელი წყლების გაწმენდას, მას ექნებოდა ხელშესახები აქტუალობა, მაგრამ ბორჯომის წყლის დეფტორირებისა და დებარირების იდეა, მისი სამომხმარებლო თვისებების გაუმჯობესების მიზნით, სრულ უაზრობად მეჩვენება. იგი ღირებულია იმ თვისებებით და შემადგენლობით, რაც მას დასაბამიდან ახასიათებს და მისი მორგება სტანდარტებზე (რაც ორდინალური სასმელი წყლებისათვის არის დადგენილი) დაუშვებელია..“; „..არსებობენ ისეთი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ქვეყნის ცნობადობას თუ მთელ მსოფლიოში არა, მის მნიშვნელოვან ნაწილში მაინც. საქართველოსათვის ასეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ფაქტორი ბორჯომის წყალია. ამდენად, მისი თვისებების შეცვლა, გადაკეთება მიუღებელი, განწირული იდეაა. მეცნიერული ინტერესით ავტორებს უფლება აქვთ აკეთონ, რაც უნდათ და როგორც უნდათ, მაგრამ არა ამ უნიკალური თვისებების წყლის კასტრირება..“.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე ასევე წარმოდგენილია აღნიშნული საგრანტო პროექტის შეფასების ამსახველი მეორე დოკუმენტიც, რომელშიც მითითებული კომენტარების შინაარსით დგინდება, რომ ექსპერტის მოსაზრებით, კონკურსში მონაწილის მიერ მითითებული მეთოდით და მიზნით მინერალური წყლის „ბორჯომისაგან“ ფტორისა და ბარიუმის მოცილება არ არის გამართლებული (მითითებულია შესაბამისი მოტივაცია მიზანშეუწონლად მიჩნევის შესახებ).
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 2 დეკემბრის №76 ბრძანებით დამტკიცდა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები დანართის შესაბამისად. ამავე წლის 3 დეკემბრის №77 ბრძანებით ცვლილება შევიდა №76 ბრძანებაში და №76 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდა №77 ბრძანების დანართის შესაბამისად. სულ გაიმარჯვა 135-მა პროექტმა. ამასთან, დადგენილია, რომ გამარჯვებულ დოქტორანტთა პროექტების დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 1 939 128 ლარი, ქულების მიხედვით კი, ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა 88.5 ქულიდან 100 ქულის შეფასების მქონე პროექტები. მოსარჩელის საგრანტო პროექტის საბოლოო შეფასება იყო 70 ქულა და მისი პროექტი ვერ მოხვდა დასაფინანსებელ პროექტთა სიაში.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ7“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების წესისა და პირობების“ მეორე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგრანტო კონკურსი არის დოქტორანტის მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის მოპოვების მიზნით ადმინისტრირებული პროცედურა. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, საგრანტო კონკურსის მიზანი არის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, მისი თანმდევი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და უცხო ენის სწავლის დაფინანსების გზით: ა) სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება; ბ) უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება; გ) სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; დ) სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირება. მე-4 მუხლის თანახმად, საგრანტო კონკურსის გამართვას, სასწავლო-კვლევითი გრანტების გაცემასა და საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ამ წესის შესაბამისად ახორციელებს ფონდი.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-151 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე სამეცნიერო კვლევების საგრანტო სისტემით, კონკურსის წესით დასაფინანსებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - სამეცნიერო ფონდებს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სამეცნიერო ფონდის საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესდებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62 ბრძანებით დამტკიცებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდება, რომლის თანახმად, ფონდი იქმნება საგრანტო სისტემით მეცნიერების დაფინანსებისათვის. აღნიშნული წესდების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრულია ფონდის მიზნები და ძირითადი ამოცანები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასახულ ამოცანათა გადასაწყვეტად, ფონდი: ბ.ბ.) ამტკიცებს საგრანტო კონკურსის ჩატარების წესს; ბ.გ.) აქვეყნებს კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების ვადების შესახებ ინფორმაციას. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფონდი კონკურსის წესით ახორციელებს: გ.ა.) სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და გრანტებით დაფინანსებას; „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფონდი ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მათი პროდუქციის წარმოებაში დანერგვის მიზნით, აგრეთვე აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო- ტექნოლოგიების მიღწევების წარმოებაში დანერგვისა და ქვეყნის საექსპერტო პოტენციალის გაზრდის მიზნით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლით განისაზღვრა საგრანტო კონკურსის ეტაპები. ესენია: ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების შეფასება ექსპერტთა მიერ; დ) ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შედგენილი ერთიანი რანჟირებული სიიდან, საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით, გამოვლენილი პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; ე) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტების ავტორ - დოქტორანტებთან და შესაბამის უნივერსიტეტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის ჩატარება უზრუნველყოფილ იქნა აღნიშნული პროცედურების დაცვით. კერძოდ, დადგენილია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 27 სექტემბრის №53 ბრძანებით გამოცხადდა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი, დამტკიცდა საგრანტო პროექტების წარდგენისა და განხილვის ვადების, განაცხადის ფორმებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა. ამავე ბრძანებით, დამტკიცდა კონკურსში პროექტის შეფასებისათვის საჭირო ექსპერტების რაოდენობა, პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმი და თანაბარქულიან პროექტებს შორის უპირატესის გამოსავლენად, შეფასების კრიტერიუმებს შორის პრიორიტეტული კრიტერიუმები, ბრძანების №3 დანართის შესაბამისად. ასევე უდავოა, რომ კონკურსის პირობების გაცნობა უზრუნველყოფილ იქნა კონკურსის მონაწილეთათვის, მათ შორის, მოსაჩელისთვისაც.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 27 სექტემბერს გამოცხადებულ 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში მონაწილე გ. ბ-ის საგრანტო პროექტი, შესაბამისი კრიტერიუმებით და ქულებით შეაფასა ორმა ექსპერტმა. აღნიშნული შეფასებების შედეგების შეჯამებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაამტკიცა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები. გამარჯვებულ დოქტორანტთა პროექტების დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 1 939 128 ლარი, ქულების მიხედვით, ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა 88.5 ქულიდან 100 ქულის შეფასების მქონე პროექტები. მოსარჩელის საგრანტო პროექტის საბოლოო შეფასება იყო 70 ქულა და შესაბამისად, მისი პროექტი ვერ მოხვდა დასაფინანსებელ პროექტთა სიაში.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგრანტო კონკურსის ერთ-ერთ სავალდებულო ეტაპს წარმოადგენდა კონკურსანტთა მიერ წარდგენილი დოქტორანტურის პროგრამების ექსპერტთა მიერ შეფასება. აღნიშნულ საკითხს შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლი. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს: ა) პროექტის შეფასებისათვის საჭირო ექსპერტების რაოდენობას და პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმს; ბ) თანაბარქულიანი პროექტებიდან უპირატესის გამოსავლენად ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პროექტის შეფასების კრიტერიუმებს შორის პრიორიტეტულ კრიტერიუმებს.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების მეორე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსპერტი არის დოქტორანტის მიერ წარდგენილი პროექტის შეფასების მიზნით სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მიწვეული დამოუკიდებელი პირი; ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროექტის შეფასების კრიტერიუმებში იგულისხმება ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტებისათვის განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიმართოს საექსპერტო დაწესებულებას ან საზოგადოებრივ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო ადმინისტრაციული ორგანოსთვის. უარი ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებაზე უნდა დასაბუთდეს. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიმართოს საზოგადოებრივ ექსპერტს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამასთან, ექსპერტის დასკვნა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ყველა სხვა შემთხვევაში ექსპერტის დასკვნას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და ადმინისტრაციული ორგანო მას აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სახელმწიფო ფონდს 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსების კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტთა შეფასებისათვის საზოგადოებრივი ექსპერტის დანიშვნის ვალდებულება დაეკისრა კანონმდებლობით, კერძოდ, ,,2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებით.
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2013 წლის 27 სექტემბრის №53 ბრძანებით გამოცხადდა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი და ამავე ბრძანების მე-15 პუნქტით დამტკიცდა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში პროექტების შეფასებისათვის საჭირო ექსპერტების რაოდენობა, პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმი და თანაბარქულიან პროექტებს შორის უპირატესის გამოსავლენად შეფასების კრიტერიუმებს შორის პრიორიტეტული კრიტერიუმები, ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2013 წლის 27 სექტემბრის №53 ბრძანების დანართი №3-ის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემოდათ დამოუკიდებელ ექსპერტებს. პროექტის შეფასება კი, უნდა განეხორციელებინა ორ ექსპერტს. ამავე დანართის მეორე პუნქტის თანახმად, პროექტის საბოლოო შეფასება გამოითვლებოდა მიღებული ორი შეფასების საშუალო არითმეტიკულით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 25-ე მუხლით დადგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოსათვის ექსპერტის შეფასება სავალდებულოა, რამდენადაც სპეციალური კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ფონდი გადაწყვეტილებას იღებდა და პროექტის საბოლოო შეფასებას ახდენდა ექსპერტთაგან მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულის გამოყვანით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებით დამტკიცებული 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების წესისა და პირობების მე-11 მუხლით განისაზღვრა პროექტის შეფასების კრიტერიუმები. კერძოდ, აღნიშნული მუხლით დადგენილია პროექტის შეფასების კრიტერიუმები ქულების დიაპაზონით, რაც შესაბამისი ქულების ზღვრული ოდენობის დადგენით, თავის მხრივ, გულისხმობს პროექტის „სუსტ“, „საშუალო“ ან „კარგ“ შეფასებას. ამასთან, შეფასება მოიცავს როგორც პროექტის აკადემიური მხარის შეფასებას, ისე დოქტორანტის აკადემიური დონის შეფასებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტთა მიერ ყოველი კრიტერიუმის შეფასება უნდა მომხდარიყო შემდეგი წესით: ექსპერტის მიერ ჯერ უნდა დადგინდეს შეესაბამება თუ არა პროექტი კონკრეტულ კრიტერიუმს, დადებითი პასუხის შემთხვევაში ექსპერტი ადგენს შესაბამისობის ხარისხს - ,,სუსტი“, „საშუალო“ ან „კარგი“, ხოლო შესაბამისობის ხარისხის დადგენის შემდეგ, განსაზღვრავს შესაბამისობის ხარისხის დონეს კონკრეტული ხარისხისთვის დადგენილი ქულების დიაპაზონიდან.
მითითებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შემდგარი რანჟირებული სიიდან გამარჯვებულს წარმოადგენენ საუკეთესო შედეგების მქონე ის პროექტები, რომელთა დასაფინანსებლადაც საკმარისი იქნება საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გამარჯვებული პროექტები მტკიცდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, აღნიშნული წესის მე-17 მუხლის თანახმად, საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 2013-2014 წლებში განისაზღვრება 2 100 000 (ორი მილიონ ასი ათასი) ლარის ოდენობით. მათ შორის, 2013 წელს - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარით, ხოლო 2014 წელს - 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარით.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა აღნიშნული წესის მე-16 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ფონდის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდეგ, ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა დასკვნების გაცნობას დაინტერესებული პირისათვის ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რაც მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა, რომ ექსპერტთა მიერ მოსარჩელის პროექტის შეფასება განხორციელდა აღნიშნული წესით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად. ამასთან, ექსპერტის მიერ პროგრამის კონკრეტული კრიტერიუმის შესაბამისად მიჩნევა არ ნიშნავს იმას, რომ მას უპირობოდ უნდა დაეწერა უმაღლესი ქულა, ვინაიდან, პროექტის კონკრეტულ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, ექსპერტი განსაზღვრავს შესაბამისობის ხარისხს, ხოლო შემდეგ ადგენს ხარისხის დონეს კონკრეტული ქულის მითითებით.
ამასთან, ორი ექსპერტის მოწვევის ვალდებულება და მათი შეფასებების გათვალისწინებიდან საშუალო არითმეტიკულის გამოყვანის საბოლოო ქულის განსაზღვრა ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ დაბალანსდეს ორი ექსპერტის სუბიექტური მოსაზრებები და უზრუნველყოფილ იქნეს მაქსიმალურად ობიექტური ქულის მიღება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ობიექტური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული წესის მე-16 მუხლით უზრუნველყოფილია ექსპერტთა დასკვნების გაცნობა დაინტერესებული პირისათვის, თუმცა ექსპერტთა ვინაობის გამხელა დაუშვებლად არის მიჩნეული. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო წარდგენილი პროექტის შემფასებელ ექსპერტთა ვინაობა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთი მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას და სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმის გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება ჰქონდა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა კი, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ იყო. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებიდან გამომდინარეობდა, რომ ექსპერტთა კომისიის მიერ კონკურსანტის პროექტის შეფასება განხორციელდა ზემოაღნიშნული წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, რაც საფუძვლად დაედო დადგენილი წესის დაცვით მიღებულ სადავო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლებოდა გამხდარიყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ მიჩნევის საფუძველი. ასევე, სარჩელი ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის ნაწილშიც სასამართლოს განმარტებით უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეფასების აქტი „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში“ მონაწილე საგრანტო პროექტის „მოლეკულურ-იონური სისტემების მიკრობიოლოგიური დამუშავება (სტერილიზაცია), დებარირება (Ba) - დეფტორირების (F) ნანოქიმია, მემბრანული ნანოტექნოლოგიებისა და ნანოსისტემების დამუშავება-შექმნითა და საწარმოო დანერგვით“ შეფასების შესახებ, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის უარი საგრანტო პროექტის დაფინანსების თაობაზე, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგრანტო კონკურსის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება; უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება; სამეცნიერო კვლევებისათვის სათანადო პირობების შექმნა; სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რამდენად პასუხობდა კონკურსანტის მიერ წარდგენილი საკონკურსო ნიმუში კონკურსის მიზნის მიღწევას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, ვალდებულია რა მოცემულ საქმეზე ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, უნდა გამოიკვლიოს საკითხი, რამდენად პასუხობს მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკონკურსო მასალა კონკურსის მოთხოვნებს, აქვთ თუ არა შესაბამისი კვალიფიკაცია ექსპერტებს, რომლებიც ადგენენ დასკვნას კონკურსანტების მუშაობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დასახელებული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 27 სექტემბრის №53 ბრძანებით გამოცხადდა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი, დამტკიცდა საგრანტო პროექტების წარდგენისა და განხილვის ვადების, განაცხადის ფორმებისა და თანდართული დოკუმენტების ნუსხა. ამავე ბრძანებით დამტკიცდა კონკურსში შეფასებისათვის საჭირო ექსპერტების რაოდენობა, პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმი და თანაბარქულიან პროექტებს შორის უპირატესის გამოსავლენად შეფასების კრიტერიუმებს შორის პრიორიტეტული კრიტერიუმები. ასევე, კონკურსის პირობების გაცნობა უზრუნველყოფილ იქნა კონკურსის მონაწილეთათვის, მათ შორის, აპელანტისათვის.
2013 წლის 27 სექტემბერს გამოცხადებულ 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში მონაწილე გ. ბ-ის საგრანტო პროექტი, შესაბამისი კრიტერიუმებითა და ქულებით შეაფასა ორმა ექსპერტმა. აღნიშნული შეფასებების შედეგების შეჯამებით, დამტკიცდა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები, გამარჯვებულ დოქტორანტთა პროექტების დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 1 939 128 ლარი, ქულების მიხედვით დაფინანსდა 88,5 ქულიდან 100 ქულის შეფასების მქონე პროექტები. აპელანტის საგრანტო პროექტის საბოლოო შეფასება იყო 70 ქულა და მისი პროექტი ვერ მოხვდა დასაფინანსებელ პროექტთა სიაში.
ამდენად, კასატორი მიუთითებს, რომ გამოსაკვლევი და სადავო არ იყო ის, თუ რამდენად პასუხობდა კონკურსანტის მიერ წარდგენილი საკონკურსო ნიმუში კონკურსის მიზნის მიღწევას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში საკონკურსო ნიმუში კი დასაშვები იყო კონკურსისათვის, მაგრამ მხოლოდ ეს კრიტერიუმი საკმარისი არ იყო გრანტის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობდნენ სხვა კონკურსანტებიც, რომელთა პროექტებმაც უფრო მაღალი შეფასება მიიღეს და სწორედ ამიტომაც დაფინანსდნენ ისინი. სხვა შემთხვევაში აზრს დაკარგავდა კონკურსის ჩატარების მიზანი. კერძოდ, თუ ყველა წარმოდგენილი პროექტი შემხებლობაში იქნებოდა კონკურსთან, მაშინ უნდა მომხდარიყო ყველა მათგანის დაფინანსება, რაც გამორიცხულია ბიუჯეტის განსაზღვრულობის გამო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირდაპირ განისაზღვრა, რომ ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ექსპერტთა შეფასების საფუძველზე. ამდენად, კასატორის აღნიშვნით, მოცემული ნორმატიული სამართლებრივი აქტი გენერალურ დირექტორს კი არ ავალებს საკითხის გამოკვლევას, არამედ აღნიშნულის განხორციელება ექპერტის კომპეტენციაა. საზოგადოებრივი ექსპერტის დანიშვნისა და მისი შეფასების მხედველობაში მიღების ვალდებულება გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით. აგრეთვე, აღნიშნული ბრძანებით უზრუნველყოფილ იქნა ექპერტთა დასკვნების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის, თუმცა ექპერტთა ვინაობის გამხელა დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ კონკურსთან მიმართებით ექპერტთა შეფასებების შედეგების შეჯამებით, დამტკიცდა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები, გამარჯვებულ დოქტორანტთა პროექტების დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 1 939 128 ლარი. მოსარჩელემ სადავოდ გახადა მისი არდაფინანსების საკითხი მაშინ, როცა კონკურსში გამარჯვებულთა ნაწილში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, კასატორის მითითებით, თუ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საკითხს, რომ კონკურსით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობა სწორად გადანაწილდა გამარჯვებულ კონკურსანტებს შორის, სამართლებრივად რამდენად შესაძლებელია, რომ ამავე თანხების (1 939 128 ლარი) ფარგლებში ასევე დაფინანსდეს მისი პროექტი, რასაც იგი სარჩელით ითხოვს საბოლოოდ.
კასატორის მითითებით, სასამართლო საქმის გარემოებების გამოკვლევას იმ შეთხვევაში ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუ ამ უკანასკნელის მიერ მიღებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის შინაარსი დამოკიდებულია იმაზე, თუ ფაქტობრივად რა დადგინდება დამატებითი გამოკვლევის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკონკურსო თანხა კვლავ უცვლელი რჩება (1 939 128 ლარი), კასატორის აზრით, საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მხოლოდ ერთი შინაარსის გადაწყვეტილება მიიღება - არ დაფინანსდება მოსარჩელის პროექტი სხვა მიზეზებთან ერთად, თუნდაც ფინანსების არარსებობის გამო (აღნიშნული კონკურსის ბიუჯეტი უკვე გადანაწილებულია სხვა გამარჯვებულ კონკურსანტებზე).
ამდენად, კასატორის მითითებით, იურიდიულად მიუღწეველია იმ მიზნის განხორციელება, რაც სურს მოსარჩელეს. კერძოდ, დაფინანსება მიიღოს იმ თანხებიდან (1 939 128 ლარი), რომელიც უკვე გადანაწილებულია და ეს უკანასკნელი სადავოდ არ არის გამხდარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 27 სექტემბრის №53 ბრძანებით გამოცხადდა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი, დამტკიცდა საგრანტო პროექტების წარდგენისა და განხილვის ვადების, განაცხადის ფორმებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა. ამავე ბრძანებით, დამტკიცდა კონკურსში პროექტის შეფასებისათვის საჭირო ექსპერტების რაოდენობა, პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმი და თანაბარქულიან პროექტებს შორის უპირატესის გამოსავლენად, შეფასების კრიტერიუმებს შორის პრიორიტეტული კრიტერიუმები, ბრძანების №3 დანართის შესაბამისად. მითითებული დანართის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტების შეფასება უნდა განახორციელოს ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა; მეორე პუნქტის თანახმად, პროექტის საბოლოო შეფასება გამოითვლება მიღებული ორი შეფასების საშუალო არითმეტიკულით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, თანაბარქულიანი პროექტებიდან უპირატესის გამოსავლენად, პროექტის შეფასების კრიტერიუმებს შორის უპირატესობა მიენიჭება: ა) პირველ რიგში - პროექტის აკადემიური შეფასების ჯამურ ქულას; ბ) მეორე რიგში - დოქტორანტის აკადემიური შეფასების ჯამურ ქულას; გ) მესამე რიგში - ბიუჯეტის მოცულობას (მცირებიუჯეტიანი პროექტი უპირატესია დიდბიუჯეტიანთან შედარებით).
დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. ბ-ი მონაწილეობას იღებდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წლის 27 სექტემბერს გამოცხადებულ 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში და მის მიერ წარდგენილი საგრანტო პროექტი იყო „მოლეკულურ-იონური სისტემების მიკრობიოლოგიური დამუშავება (სტერილიზაცია), დებარირება (Ba) - დეფტორირების (F) ნანოქიმია, მემბრანული ნანოტექნოლოგიებისა და ნანოსისტემების დამუშავება-შექმნითა და საწარმოო დანერგვით“. ამასთან, მოსარჩელემ კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადით დაადასტურა, რომ გაეცნო „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანთლებლო პროგრამების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებას, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებას და ხელმოწერით განაცხადა თანხმობა კონკურსის პირობებზე. ასევე, დაადასტურა, რომ ფონდის ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ინფორმაცია იყო ზუსტი და არ შეიცავდა ყალბ მონაცემებს.
2013 წლის 27 სექტემბერს გამოცხადებულ 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში მონაწილე გ. ბ-ის მიერ წარდგენილი საგრანტო პროექტი - „მოლეკულურ-იონური სისტემების მიკრობიოლოგიური დამუშავება (სტერილიზაცია), დებარირება (Ba) - დეფტორირების (F) ნანოქიმია, მემბრანული ნანოტექნოლოგიებისა და ნანოსისტემების დამუშავება-შექმნითა და საწარმოო დანერგვით“, შესაბამისი კრიტერიუმებით და ქულებით შეფასებულია ორი ექსპერტის მიერ.
აღნიშნული შეფასებების ამსახველ ერთ-ერთ დოკუმენტში კომენტარის სახით მითითებულია ექსპერტის შემდეგი მოსაზრება: „..პროექტი რომ ითვალისწინებდეს რიგითი სასმელი წყლების გაწმენდას, მას ექნებოდა ხელშესახები აქტუალობა, მაგრამ ბორჯომის წყლის დეფტორირებისა და დებარირების იდეა მისი სამომხმარებლო თვისებების გაუმჯობესების მიზნით, სრულ უაზრობად მეჩვენება. იგი ღირებულია იმ თვისებებით და შემადგენლობით, რაც მას დასაბამიდან ახასიათებს და მისი მორგება სტანდარტებზე (რაც ორდინალური სასმელი წყლებისათვის არის დადგენილი) დაუშვებელია..“; „..არსებობენ ისეთი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ქვეყნის ცნობადობას თუ მთელს მსოფლიოში არა, მის მნიშვნელოვან ნაწილში მაინც. საქართველოსათვის ასეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ფაქტორი ბორჯომის წყალია. ამდენად, მისი თვისებების შეცვლა, გადაკეთება მიუღებელი, განწირული იდეაა. მეცნიერული ინტერესით ავტორებს უფლება აქვთ აკეთონ, რაც უნდათ და როგორც უნდათ, მაგრამ არა ამ უნიკალური თვისებების წყლის კასტრირება..“.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 2 დეკემბრის №76 ბრძანებით დამტკიცდა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები დანართის შესაბამისად. ამავე წლის 3 დეკემბრის №77 ბრძანებით ცვლილება შევიდა №76 ბრძანებაში და №76 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდა №77 ბრძანების დანართის შესაბამისად. სულ გაიმარჯვა 135-მა პროექტმა. ამასთან, დადგენილია, რომ გამარჯვებულ დოქტორანტთა პროექტების დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 1 939 128 ლარი, ქულების მიხედვით კი, ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა 88.5 ქულიდან 100 ქულის შეფასების მქონე პროექტები. მოსარჩელის - გ. ბ-ის საგრანტო პროექტის საბოლოო შეფასება იყო 70 ქულა და შესაბამისად, მან სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეფასების აქტით მიიღო უარი დოქტორანტურის საგანმანათლებლო საგრანტო პროექტის დაფინანსებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების შესახებ და განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში არამართებულია სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება, ვინაიდან აღნიშნული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
სასამართლოს დასკვნა - ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საჭიროების შესახებ არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია კონკრეტულად რომელი გარემოებები არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ7“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62 ბრძანებით დამტკიცებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდება, რომლის თანახმად, ფონდი იქმნება საგრანტო სისტემით მეცნიერების დაფინანსებისათვის. აღნიშნული წესდების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრულია ფონდის მიზნები და ძირითადი ამოცანები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასახულ ამოცანათა გადასაწყვეტად, ფონდი: ბ.ბ.) ამტკიცებს საგრანტო კონკურსის ჩატარების წესს; ბ.გ.) აქვეყნებს კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების ვადების შესახებ ინფორმაციას. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფონდი კონკურსის წესით ახორციელებს: გ.ა.) სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და გრანტებით დაფინანსებას; „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფონდი ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მათი პროდუქციის წარმოებაში დანერგვის მიზნით, აგრეთვე აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიების მიღწევების წარმოებაში დანერგვისა და ქვეყნის საექსპერტო პოტენციალის გაზრდის მიზნით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების წესისა და პირობების“ მეორე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგრანტო კონკურსი არის დოქტორანტის მიერ სასწავლო-კვლევითი გრანტის მოპოვების მიზნით ადმინისტრირებული პროცედურა, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, საგრანტო კონკურსის მიზანი არის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, მისი თანმდევი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და უცხო ენის სწავლის დაფინანსების გზით: ა) სახელმწიფოში ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება; ბ)უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება; გ) სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; დ) სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირება. მე-4 მუხლის თანახმად, საგრანტო კონკურსის გამართვას, სასწავლო-კვლევითი გრანტების გაცემასა და საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ამ წესის შესაბამისად ახორციელებს ფონდი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლით განისაზღვრა საგრანტო კონკურსის ეტაპები. ესენია: ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების შეფასება ექსპერტთა მიერ; დ) ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შედგენილი ერთიანი რანჟირებული სიიდან, საგრანტო კონკურსის ბიუჯეტის გათვალისწინებით, გამოვლენილი პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; ე) ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროექტების ავტორ - დოქტორანტებთან და შესაბამის უნივერსიტეტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 27 სექტემბრის №53 ბრძანებით გამოცხადდა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი, დამტკიცდა საგრანტო პროექტების წარდგენისა და განხილვის ვადების, განაცხადის ფორმებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა. ამავე ბრძანებით დამტკიცდა კონკურსში პროექტის შეფასებისათვის საჭირო ექსპერტების რაოდენობა, პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმი და თანაბარქულიან პროექტებს შორის უპირატესის გამოსავლენად, შეფასების კრიტერიუმებს შორის პრიორიტეტული კრიტერიუმები, ბრძანების №3 დანართის შესაბამისად, რითაც სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსი ჩატარდა ზემოაღნიშნული პროცედურების დაცვით. ასევე, კონკურსის პირობების გაცნობა უზრუნველყოფილ იქნა კონკურსის მონაწილეთათვის, მათ შორის, მოსარჩელისათვისაც, რომელმაც ხელმოწერით განაცხადა თანხმობა კონკურსის პირობებზე.
2013 წლის 27 სექტემბერს გამოცხადებულ 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში მონაწილე გ. ბ-ის საგრანტო პროექტი შესაბამისი კრიტერიუმებით და ქულებით შეაფასა ორმა ექსპერტმა. აღნიშნული შეფასებების შედეგების შეჯამებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაამტკიცა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები, გამარჯვებულ დოქტორანტთა პროექტების დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 1 939 128 ლარი, ქულების მიხედვით, ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა 88.5 ქულიდან 100 ქულის შეფასების მქონე პროექტები. მოსარჩელის საგრანტო პროექტის საბოლოო შეფასება იყო 70 ქულა და შესაბამისად, მისი პროექტი ვერ მოხვდა დასაფინანსებელ პროექტთა სიაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ექსპერტთა შეფასების საფუძველზე და განმარტავს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსების კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტთა შეფასებისათვის საზოგადოებრივი ექსპერტის დანიშვნის ვალდებულება დაეკისრა „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებით, რომლის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს: ა) პროექტის შეფასებისათვის საჭირო ექსპერტების რაოდენობას და პროექტის საბოლოო ქულის დაანგარიშების მექანიზმს; ბ) თანაბარქულიანი პროექტებიდან უპირატესის გამოსავლენად ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პროექტის შეფასების კრიტერიუმებს შორის პრიორიტეტულ კრიტერიუმებს.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსპერტი არის დოქტორანტის მიერ წარდგენილი პროექტის შეფასების მიზნით სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მიწვეული დამოუკიდებელი პირი. ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროექტის შეფასების კრიტერიუმებში იგულისხმება ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად ექსპერტებისათვის განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2013 წლის 27 სექტემბრის №53 ბრძანების №3 დანართის პირველი პუნქტის თანახმად, კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემოდათ დამოუკიდებელ ექსპერტებს. პროექტის შეფასება კი უნდა განეხორციელებინა ორ ექსპერტს. ამავე დანართის მეორე პუნქტის თანახმად, პროექტის საბოლოო შეფასება გამოითვლებოდა მიღებული ორი შეფასების საშუალო არითმეტიკულით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიმართოს საექსპერტო დაწესებულებას ან საზოგადოებრივ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო ადმინისტრაციული ორგანოსთვის. უარი ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებაზე უნდა დასაბუთდეს. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ყველა სხვა შემთხვევაში ექსპერტის დასკვნას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და ადმინისტრაციული ორგანო მას აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფონდი გადაწყვეტილებას იღებდა და პროექტის საბოლოო შეფასებას ახდენდა ექსპერტთაგან მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულის გამოყვანით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა, რომ ექსპერტთა მიერ მოსარჩელის პროექტის შეფასება განხორცილდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 23 სექტემბრის №147/ნ ბრძანებით დამტკიცებული „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების წესისა და პირობების“ მე-11 მუხლით განსაზღვრული პროექტის შეფასებისათვის დადგენილი კრიტერიუმებით, რაც მოიცავს როგორც პროექტის აკადემიური მხარის შეფასებას, ისე დოქტორანტის აკადემიური დონის შეფასებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმის გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება ჰქონდა, რისი დარღვევაც საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს, კერძოდ, ექსპერტთა მიერ კონკურსანტის პროექტის შეფასება განხორციელდა ზემოაღნიშნული წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, რაც საფუძვლად დაედო დადგენილი წესის დაცვით მიღებულ სადავო გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე გ. ბ-ის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს დოქტორანტურის საგრანტო პროექტის დაფინანსება, მაშინ როცა კონკურსში გამარჯვებულთა ნაწილში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საკითხს, რომ კონკურსით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობა სწორად გადანაწილდა გამარჯვებულ კონკურსანტებს შორის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 2 დეკემბრის №76 ბრძანებით დამტკიცდა 2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები დანართის შესაბამისად. ამავე წლის 3 დეკემბრის №77 ბრძანებით ცვლილება შევიდა №76 ბრძანებაში და №76 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდა №77 ბრძანების დანართის შესაბამისად. სულ გაიმარჯვა 135-მა პროექტმა. ამასთან, გამარჯვებულ დოქტორანტთა პროექტების დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 1 939 128 ლარი, ქულების მიხედვით კი, ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა 88.5 ქულიდან 100 ქულის შეფასების მქონე პროექტები. მოსარჩელის საგრანტო პროექტის საბოლოო შეფასება იყო 70 ქულა და მისი პროექტი ვერ მოხვდა დასაფინანსებელ პროექტთა სიაში. ამდენად, სამართლებრივად მოსარჩელის მოთხოვნა, დოქტორანტურის საგრანტო პროექტის დაფინანსების თაობაზე იმ თანხებიდან (1 939 128 ლარი), რომელიც უკვე გადანაწილებულია და სადავოდ არ გამხდარა, ამ საფუძვლითაც მოკლებულია დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სადავო აქტი მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი