Facebook Twitter
№ბს-184-183(კ-16) 14 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. ე-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 6 ოქტომბერს შ. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობაში. 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (საბურთალოს რაიონის გამგეობის ... განყოფილების წამყვანი სპეციალისტი). გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის - ლ. კ-ას 2014 წლის 11 სექტემბრის №10-47/14254159 მოხსენებითი ბარათი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99.3 მუხლი.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის - ლ. კ-ას მიერ შემთხვევითობის შერჩევის პრინციპით მის მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტების გადამოწმებისას აღმოჩენილი ხარვეზი, კერძოდ, ხშირად მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება. ამასთან, ხარვეზიანი მუშაობა წარმოებდა სხვადასხვა პერიოდში და მას ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონია. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული არის მხოლოდ საბაბი, ვინაიდან, როდესაც შესთავაზეს დაეწერა განცხადება და წასულიყო სამსახურიდან, მან განაცხადა უარი და მხოლოდ ამის შემდეგ მომზადდა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ, რითაც საჯარო მოხელის უფლებები უხეშად არის დარღვეული.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია მოქალაქის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება, რაც გულისხმობს დასაქმებულ პირთა დასაცავად გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების არსებობას, შრომის კოდექსსა თუ შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტებში დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების ასახვას. ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლის შესაბამისად, შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, ამ პაქტით მონაწილე სახელმწიფოთა ღონისძიებანი, ამ უფლების სრულად განხორციელების მიზნით შეიცავენ პროფესიულ-ტექნიკური სწავლებისა და მომზადების პროგრამებს, განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისა და სრული საწარმოო დასაქმების გზებსა და მეთოდებს ისეთ პირობებში, რომლებიც უზერუნველყოფენ ადამიანის ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებებს. ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 10.12.1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოებრივ წევრს აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისთვის. საგულისხმოა, რომ ევროპის სოციალური ქარტია 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან და/ან მოქცევიდან, ასევე დაწესებულების შინაგანაწესიდან.
მოსარჩელის მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის შეფასება, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი მისი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის ისეთ უხეშ დარღვევას, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99.3 მუხლის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშე გათავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამავე კანონის 78.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; 79.1 მუხლის მიხედვით, კი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: შენიშვნა, გაფრთხილება, არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლისა; სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. ამავე კანონის 99.2 მუხლის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა; ხოლო 99.3 მუხლის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, უფრო მეტიც, აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა.
მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაათავისუფლა იგი სამსახურიდან, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და ცალმხრივი ნების გამოვლენით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, რაც კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობით, აუცილებლად უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხე მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო გასაჩივრებული აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის დანაწესი მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სამუშაოდან დათხოვნის გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების დროს სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასებულიყო მისი მოქმედება, უნდა დადგენილიყო ის ზიანი, რაც მისი მოქმედებით მიადგა ან შესაძლოა მისდგომოდა ადმინისტრაციულ ორგანოს, მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანისადმი და ბრალეულობის ხარისხი, მიზეზშედეგობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და სხვ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანება შ. ე-ის გათავისუფლებაზე და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ე-ე 2013 წლის 2 აპრილიდან მუშაობდა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობაში ... განყოფილების წამყვან სპეციალისტად. 2014 წლის 11 სექტემბრის საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის ლ. კ-ას №10-47/14254159 მოხსენებითი ბარათის თანახმად, მის მიერ შემთხვევითობის შერჩევის პრინციპით ... განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა შ. ე-ის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
2014 წლის 11 სექტემბრის წამყვანი სპეციალისტის შ. ე-ის მოხსენებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ხარვეზიანი დოკუმენტაციის არსებობის მიზეზი იყო კომპიუტერში ქსელის გათიშვა, რის შედეგადაც ვერ მოხდა აღნიშნული ინფორმაციის სერვერზე გადამოწმება.
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტებრის №62 ბრძანებით შ. ე-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების საფუძვლად მიეთითა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის - ლ. კ-ას 2014 წლის 11 სექტემბრის №10-47/14254159 მოხსენებითი ბარათი.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99.3 მუხლის სწორად შეფარდებისა და მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის (ბრალეული ქმედება) დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და ვერ იქნა განმარტებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99.3 მუხლით გათვალისწინებული რა მოთხოვნები იქნა დარღვეული და რაში გამოიხატა აღნიშნული ქმედება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღმასრულებელი ორგანო და უმაღლესი თანამდებობის პირი არის გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი თვითმმართველ ქალაქში. გამგებელი/მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამავე კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგებელი/მერი - თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია გამგებლის/მერის ბრძანება. 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რაიონის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანებით შ. ე-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის - ლ. კ-ას 2014 წლის 11 სექტემბრის მოხსენებითი ბარათი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საჯარო მოხელის ძირითადი პრინციპები, ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. საქართველოს საჯარო სამსახურებში დაწესებულების ხელმძღვანელსა და საჯარო მოსამსახურეს შორის ურთიერთობათა ფორმები მკაცრად რეგლამენტირებულ საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცეს, კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტიდან გამომდინარეობდეს და შეესაბამებოდეს მას. საჯარო სამსახურის ხელმძღვანელის მიერ საჯარო მოსამსახურის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გამოიცეს, არამედ ეფუძნებოდეს საერთაშორისო სტანდარტს და უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ სამართლებრივ ინსტიტუტებს და სტანდარტებს.
სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.4 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა შემთხვევაში უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხას, რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი შესაძლოა მიღებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 96.1 მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით, კერძოდ, 51-52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით სადავო ბრძანება გამოიცა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლია რაში გამოიხატა მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა, რა მოთხოვნები იქნა დარღვეული, რაში გამოიხატა მისი ბრალეული ქმედება და ამ ქმედებით რა ზიანი მიადგა ადმინისტრაციულ ორგანოს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. 2. სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. 3. მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება, საჯარო სამსახურის დასახული კანონიერი მიზნის რამდენად თანაზომიერი და ქმედების პროპორციული იყო.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე; იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. აქტის დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება წარმოდგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენისა და აქტის გაუქმების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი.
სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
რაც შეეხება სამსახურში აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებს, საქალაქო სასამართლოს მითითებით, ეს უკანასკნელები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ სადავო ბრძანება ბათილად ცნო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თავად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და ამ აღდგენის თანმდევი იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე; მოპასუხე ვალდებულია, რომ გამოიკვლიოს და შეაფასოს მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებები ისე, როგორც ეს მითითებულია გადაწყვეტილებაში და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სამსახურში აღდგენის/განაცდურის ანაზღაურების ან აღდგენაზე/განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ე-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანება შ. ე-ის გათავისუფლების შესახებ; თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა შ. ე-ის აღდგენა საბურთალოს რაიონის გამგეობის ... განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე; თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა შ. ე-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 15 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, სრული მოცულობით; თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის შესაბამისად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით _ არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა_არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
სასამართლოს მითითებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ შ. ე-ის მხრიდან წარსულში რაიმე გადაცდომას და შესაბამისად, მის მიმართ დისციპლინური პასუსიმგებლობის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება სამსახურის ხელმძღვანელის დისკრეციაზე და მიუთითა, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციის ფარგლებში, სასამართლოს მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს სწორედ იმ საკითხის განსაზღვრა, მოხდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამ უფლების კანონიერების ფარგლებში გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში აქტის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლს ეძლევა ფორმალური ხასიათი, რაც გამორიცხავს თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით, ნებისმიერ შემთხვევაში დისკრეცია ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევს უფლებას, მოხელე გაათავისუფლოს თანამდებობიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცედურული წესების უარყოფით და საქმის გარემოებათა არასწორი შეფასების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არა აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან. სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვერ შეცვლის ადმინისტრაციულ მიხედულებას სასამართლოს მიხედულებით.
ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას გარკვეულწილად გაითვალისწინოს მიზანშეწონილობის, რაციონალობის ასპექტები. მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებს ადმინისტრაციას უფლებამოსილებით გაათავისუფლოს სამსახურიდან მოხელე შემცირებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. როგორც ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, უფრო მეტიც, მითითებული ნორმა ატარებს იმპერატიულ ხასიათს და დაუშვებლად მიიჩნევს აქტის მიღებას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და მტკიცებულებების შესწავლის გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, შ. ე-ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 2014 წლის 11 სექტემბრის საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის - ლ. კ-ას №10-47/14254159 მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, მის მიერ შემთხვევითობის შერჩევის პრინციპით ... განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა შ. ე-ის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე 2014 წლის 11 სექტემბრის წამყვანი სპეციალისტის - შ. ე-ის მოხსენებით ბარათზე, სადაც განმარტებულია, რომ აღნიშნული ხარვეზიანი დოკუმენტაციის არსებობის მიზეზი კომპიუტერში ქსელის გათიშვა იყო, რის შედეგადაც ვერ მოხდა აღნიშნული ინფორმაციის სერვერზე გადამოწმება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში –ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №630 და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანება, შ. ე-ის გათავისუფლების შესახებ შესაბამისად, დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებით გაცდენილი პერიოდის მისი თანამდებობიდან გადაყენების დღიდან - 2014 წლის 15 სექტებრიდან სამსახურში აღდგენამდე (სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძლაში შესვლასა და მის აღსრულებამდე) სრული მოცულობით ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გამგეობის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდგომ საქმეთა გადაბარების და შესწავლის პროცესში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ხარვეზების მქონე დოკუმენტაცია, რომელიც ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესის“ დარღვევით მიღებულ იქნა საქმისწარმოებისათვის, რის შემდეგაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და საქმეთა კონკრეტული შესწავლა, გამოვლინდა დიდი რაოდენობით დარღვევის ფაქტები, რასაც ადასტურებს ... განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათი და მასზე თანდართული კონკრეტული საქმეები. მასზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ... განყოფილების წამყვან სპეციალისტს - შ. ე-ეს, რადგან საბურთალოს რაიონის გამგებლის 2013 წლის 2 აპრილის განკარგულებით დამტკიცებული „საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილების თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ №99 განკარგულების შესაბამისად, ... განყოფილების წამყვანი სპეციალისტის - შ. ე-ის თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად, მოსარჩელის უშუალო მოვალეობებში შედიოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის კონსულტაციის გაწევა, შემოსული განცხადებების მიღება და მათი პირველადი შემოწმება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დოკუმენტაციის შემოწმება და მომზადება, მოთხოვნილი დოკუმენტაციის დამუშავება და გაცემაზე უზრუნველყოფა და ა.შ. რაც განსაზღვრულია ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესით“. რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიცემულ თავის ახსნა-განმარტებაშიც.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და რიგ შემთხვევაში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში სასამართლო ვრცლად განმარტავს როგორც დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლებს, ისე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გარკვეულ მუხლებს, თუმცა აღნიშნული განმარტებები ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტულად რა კავშირშია მოცემულ საქმესთან არ ირკვევა. მართალია, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, თუმცა კანონის ეს პუნქტი მოცემულ საქმეზე არ შეიძლება გამოყენებული ყოფილყო და ამას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებსაც სააპელაციო სასამართლო ყურადღების გარეშე ტოვებს და არანაირ განმარტებებს არ აკეთებს საქმეში წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების ფაქტს.
კასატორის მითითებით, გაუგებარია თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო მხოლოდ იმ მოსაზრებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების უფლება, მაშინ როდესაც სასამართლოში წარდგენილ იქნა მთელი რიგი წერილობითი მტკიცებულებებისა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოხდა საქმის ყოველმხრივი შესწავლა და გადაწყვეტილება გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღეს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ვინაიდან, ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ აქვს, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი და ამით ის ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით გაითვალისწინოს კანონის ნორმის მიზანი და კონკრეტული გარემოებები. როდესაც დადგენილ იქნა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი (რასაც ადასტურებს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, როგორც თავად მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, ასევე მისი უშუალო უფროსისა და გამგებლის მოადგილის მოხსენებითი ბარათები), ანუ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში ჰქონდა შესაძლებლობა აერჩია მისაღები ღონისძიება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ასევე იგნორირება გაუკეთა საქმეში არსებულ მთელ რიგ მტკიცებულებებს და მიუთითა, რომ შ. ე-ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის ლ. კ-ას მოხსენებითი ბარათი და საერთოდ არაფერს ამბობს სასამართლოში წერილობითი სახით წარდგენილ მთელ რიგ მტკიცებულებაზე, რომელიც შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს და რაც თავისთავად ამ მოხსენებითი ბარათის საფუძველი იყო, კერძოდ, შ. ე-ის უშუალო უფროსის - ნ. ა-ის მოხსენებით ბარათზე. ასევე სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შ. ე-ის მოხსენებითი ბარათის მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც მის მიერ განმარტებულია, რომ ხარვეზიანი დოკუმენტის არსებობის მიზეზი იყო კომპიუტერული ქსელის გათიშვა, რის შედეგადაც ვერ მოხდა აღნიშნული ინფორმაციის სერვერზე გადამოწმება და სააპელაციო სასამართლო იგნორირებას უკეთებს მოხსენებითი ბარათის იმ ნაწილს, სადაც შ. ე-ე თავადვე ადასტურებს მისი მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა არაერთგზის დარღვევის ფაქტს. ამასთან, შ. ე-ის უშუალო სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა მიღებული დოკუმენტაციის შემოწმება, აღნიშნული დოკუმენტაცია კი გამგეობაში შედის მატერიალური სახით ანუ ფურცლად და არა ელექტრონული ფორმით და შესაბამისად, სერვერის მუშაობა ან არ მუშაობა ვერანაირად ვერ შექმნიდა დაბრკოლებას დოკუმენტაციის მიღებისას.
სააპელაციო სასამართლო აბსოულტურად უგულებელყოფს საჯარო სამსახურის ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებს, როგორიცაა საჯარო მოხელის კეთილსინდისიერება და ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლებს, რომელიც არეგულირებენ საჯარო მოხელის ვალდებულებებს.
კასატორის განმარტებით, ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლთან მიმართებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთებიდან იკვეთება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს ინდივიდუალურად მიყენებული ზიანის განსაზღვრა, რაც ყოველ კონკრეტულ მოხელესთან შესაძლებელია განსხვავებული იყოს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც დააკმაყოფილა სარჩელი იძულებით გაცდენილი პერიოდის სრული მოცულობით ანაზღაურების თაობაზე, ისე რომ საერთოდ არ უმსჯელია რა კონკრეტული ოდენობის ზიანი მიადგა მოსარჩელეს.
ამასთან, კასატორის მითითებით, განხორციელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის რაიონული გამგეობების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობამ განიცადა სტრუქტურული ცვლილებები, გაუქმდა და შეიცვალა უმრავლესობა სტურქტურული ერთეულებისა, მათ შორის გაუქმდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილება და ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ იქნა განახლებული საშტატო ნუსხა. რეორგანიზაციის შედეგად გამგეობაში არსებული ვაკანტური თანამდებობები შეივსო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკონკურსო წესით. შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებამ შეიძლება გამოიწვიოს, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივ ჩიხში მოქცევა და მეორე მხრივ, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების, რომლებიც ამ ეტაპზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით საკონკურსო წესით უვადოდ არიან დანიშნული თანამდებობაზე, კანონიერი უფლებების შელახვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისს განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შ. ე-ე 2013 წლის 2 აპრილიდან მუშაობდა ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობაში ... განყოფილების წამყვან სპეციალისტად.
2014 წლის 11 სექტემბრის საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის - ლ. კ-ას №10-47/14254159 მოხსენებითი ბარათის თანახმად, მის მიერ შემთხვევითობის შერჩევის პრინციპით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა შ. ე-ის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
2014 წლის 11 სექტემბრის წამყვანი სპეციალისტის შ. ე-ის მოხსენებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ხარვეზიანი დოკუმენტაციის არსებობის მიზეზი იყო კომპიუტერში ქსელის გათიშვა, რის შედეგადაც ვერ მოხდა ინფორმაციის სერვერზე გადამოწმება.
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტებრის №62 ბრძანებით შ. ე-ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების უხეშად დარღვევის გამო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის ლ. კ-ას 2014 წლის 11 სექტემბრის №10-47/14254159 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
განსახილველი დავის საგანს შ. ე-ის განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტებრის №62 ბრძანების კანონიერების დადგენა, სამსახურში აღდგენა და მთელი გაცდენილი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანება შ. ე-ის გათავისუფლებაზე და მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანება შ. ე-ის გათავისუფლების შესახებ; თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა შ. ე-ის აღდგენა საბურთალოს რაიონის გამგეობის ... განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე; თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა შ. ე-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 15 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, სრული მოცულობით; თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგნად უნდა იქცეს შ. ე-ის მიმართ გამოყენებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი დისციპლინული პასუხისმგებლობის ზომის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობიდან დათხოვნის შესაბამისობა პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპთან.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო სამსახურში საქმიანობა საჯარო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს არის საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოვალეობებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. საჯარო მოსამსახურე საჯარო სამსახურში განხორციელებული საქმიანობის პროცესში ანგარიშვალდებულია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა და რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. თავის მხრივ, დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა; ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვა.
ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადეკვატურობის თვალსაზრისით ბრძანების დასაბუთების მნიშვნელობა იზრდება მით უფრო მაშინ, როდესაც პირი სამსახურიდან თავისუფლდება დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. განსახილველ შემთხვევაში, შ. ე-ის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველი გახდა 2014 წლის 11 სექტემბრის საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის - ლ. კ-ას №10-47/14254159 მოხსენებითი ბარათი (რომელიც თავის მხრივ ეფუძნება საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განყოფილების უფროსის ნ. ა-ის მოხსენებით ბარათს), რომლის თანახმად, შემთხვევითობის შერჩევის პრინციპით ... განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა შ. ე-ის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. კერძოდ, მიღებულ დოკუმენტაციაში რამოდენიმე დეფექტურ აქტზე და ხარჯთაღრიცხვაზე არ არსებობს ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერები, რაც მოცემულ დოკუმენტაციას არასრულფასოვანს ხდის. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმი მიღებულია ხარვეზებით. ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ხარვეზები დროის სხვადასხვა პერიოდში მოხდა და არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია საქმეში წარმოდგენილია ასევე შ. ე-ის 2014 წლის 9 სექტემბრის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე არ უარყოფს მის მიერ ჩადენილ დარღვევებს და აღნიშნავს, რომ 2014 წლის 2 სექტემბრის ამხანაგობის თავმჯდომარის - რ. ჩ-ის მიერ წარმოდგენილი საერთო კრების ოქმის გადამოწმება ვერ შეძლო, ვინაიდან, გათიშული იყო ქსელი და არ მუშაობდა სერვერი, რის გამოც ვერ შევიდა ბაზაში, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ დარღვევებს გამორჩა მხედველობიდან მოქალაქეთა სიმრავლის გამო (ს.ფ. 19) და აღნიშნული უდავოდ დასტურია შ. ე-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისა, მაგრამ საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმის გარემოებები, მოეწვია ადმინისტრაციულ წარმოებაში თავად მოსარჩელე და კიდევ ერთხელ მოესმინა მისი ახსნა-განმარტებისათვის, გამოეკვლია ადრეც ჰქონდა თუ არა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ადგილი. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ შ. ე-ის მიმართ ადრე არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო შ. ე-ის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდებისას დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად; დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება ძალზედ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას შ. ე-ის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან განთავისუფლების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.
ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია შ. ე-ის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ სადავო აქტის გამოცემამდე, 2014 წლის 12 სექტემბერს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელმა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის - ლ. კ-ას მეშვეობით შესთავაზა საკუთარი სურვილით სამსახურიდან წასვლა, რაზედაც მან უარი განაცხადა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შ. ე-ის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას, აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. საგულისხმოა, შ. ე-ის ქმედებამ რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და საჯარო წესრიგს; დაცულია თუ არა შ. ე-ის მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენებით თანაზომიერების პრინციპი. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოყენებული დისციპლინური სახდელის თანაზომიერება უნდა შეაფასოს იმის გათვალისწინებით, რომ შ. ე-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობიდან დათხოვნის საფუძვლად ქცეული სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რამდენად ქმნიდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს, რა სახის ზიანი მიადგა ადმინისტრაციულ ორგანოს ან სხვა პირს აღნიშნული ქმედების შედეგად.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანება შ. ე-ის განთავისუფლების შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას უნდა დაევალოს საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე გავლენას არ ახდენს ის გარემოება, რომ სასამართლოებში საქმის განხილვისას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობამ განიცადა სტრუქტურული ცვლილებები, გაუქმდა და შეიცვლა უმრავლესობა სტურქტურული ერთეულებისა, მათ შორის, გაუქმდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების განყოფილება და ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ იქნა განახლებული საშტატო ნუსხა. რეორგანიზაციის შედეგად გამგეობაში არსებული ვაკანტური თანამდებობები შეივსო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკონკურსო წესით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეორგანიზაცია არ არის მოხელის განთავისუფლების საფუძველი, მით უმეტეს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის ფუნქციას ისევ ახორციელებს.
ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127.6 მუხლზე, რომლის თანახმად, „სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება“. აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან. ვინაიდან, მოცემული გადაწყვეტილებით სადავო აქტი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და არ მომხდარა შ. ე-ის სამსახურში აღდგენა, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და


გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი შ. ე-ის განთავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №62 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი