Nბს-182-181 (კ-16) 2 აგვისტო, 2016 წელი, ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „...“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა 2014წლის 6 თებერვლის №063587 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა; 2014 წლის 6 თებერვლის №063588 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 მაისის №24504 ბრძანების ბათილად ცნობა.
1.1. მოსარჩელის მტკიცებით, 2014 წლის 31 იანვრის №5385 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა შპს „...“ ავტოგასამართი სადგური დაათვალიერეს, რის შედეგად დადგინდა, რომ შპს „...“ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე (მისამართი: თბილისი, ..., ... საავტომობილო გზა, ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი №...) ოთხი მარიგებელი სვეტიდან ორი მარიგებელი სვეტის მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე დადებული იყო საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქი, ხოლო ორი მარიგებელი სვეტი არ იყო დალუქული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შედგა №063587 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შპს „...“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დაეკისრა ჯარიმა - 1500 ლარი; ამავე დღეს შემოწმდა შპს „...“ კუთვნილი მეორე ავტოგასამართი სადგური, რის შედეგად დადგინდა, რომ სამი მარიგებელი სვეტიდან ორი მარიგებელი სვეტის მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე დადებული იყო საგადასახადო ორგანოს ლუქი, ხოლო ერთი მარიგებელი სვეტი არ იყო დალუქული საგადასახადო ორგანოს ლუქით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგა №063588 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შპს „...“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დაეკისრა ჯარიმა - 1500 ლარი. აღნიშნული სვეტები არ იყო განკუთვნილი ექსპლუატაციისათვის, არ იყო მიერთებული ქსელთან და, ფაქტობრივად, დიზაინის თვალსაზრისით, ცარიელი ადგილების შესავსებად იყო განკუთვნილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 6 თებერვლის №063587 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 2014 წლის 6 თებერვლის №063588 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 8 მაისის №24504 ბრძანება.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
5.1. 2014 წლის 31 იანვრის №5385 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა შპს „...“ ავტოგასამართი სადგური დაათვალიერეს, რის შედეგად დადგინდა, რომ შპს „...“ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე (მისამართი: თბილისი, ..., ... საავტომობილო გზა, ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი №...) ოთხი მარიგებელი სვეტიდან ორი მარიგებელი სვეტის მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე დადებული იყო საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქი, ხოლო ორი მარიგებელი სვეტი არ იყო დალუქული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგა №063587 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შპს „...“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დაეკისრა ჯარიმა - 1500 ლარი;
5.2. 2014 წლის 31 იანვრის №5385 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა შპს „...“ კუთვნილი ავტოგასამართი სადგური დაათვალიერეს, რის შედეგად დადგინდა, რომ შპს „...“ კუთვნილ ობიექტზე (მისამართი: თბილისი, ... 54ა, ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი №...) სამი მარიგებელი სვეტიდან ორი მარიგებელი სვეტის მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე დადებული იყო საგადასახადო ორგანოს ლუქი, ხოლო ერთი მარიგებელი სვეტი არ იყო დალუქული საგადასახადო ორგანოს ლუქით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგა №063588 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შპს „...“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დაეკისრა ჯარიმა - 1500 ლარი;
5.3. 2014 წლის 20 თებერვალს შპს „...“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის შეცვლა ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით (ს.ფ. 17-18).
5.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 08 მაისის №24504 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ( ს.ფ. 17-18).
5.5. შპს „...“ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურებში რამდენიმე მარიგებელი სვეტი (თბილისში, ..., ... საავტომობილო გზაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე - ორი მარიგებელი სვეტი, ხოლო თბილისი, ... 54ა-ში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე - ერთი მარიგებელი სვეტი) საგადასახადო ორგანოს ლუქით არ იყო დალუქული. ეს სვეტები საწვავის მისაწოდებლად არ გამოიყენებოდა.
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქმედება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად რომ დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს ავტოგასამართ სადგურში დაულუქავი მარიგებელი სვეტით საწვავის გაცემის დადასტურებული ფაქტები, ანუ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ იმაზე კი არ უნდა გააკეთოს მითითება, რომ ასეთი სვეტი სადგურში განთავსებულია, არამედ უნდა დაადასტუროს, რომ სუბიექტი ასეთი მარიგებელი სვეტით ეწევა საქმიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ დაულუქავი მარიგებელი სვეტიდან საწვავის გაცემა უნდა ხდებოდეს.
7. სასამართლოს მითითებით, როგორც სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოირკვა, არ განხორციელებულა საკონტროლო შესყიდვა, რომლითაც დადასტურდებოდა ასეთი სვეტიდან საქმიანობა (საწვავის გაცემა), ამასთან, არ შემოწმებულა, ეს სვეტები მიერთებული იყო თუ არა საწვავის წყაროს და არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ მათგან, იმ მომენტში თუ არა, სხვა დროს შესაძლოა, განხორციელებულიყო საწვავის გაცემა, ანუ ადგილი ჰქონდა საქმიანობას, რაც მოგვცემდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაციას.
8. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
8.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ლუქებით დალუქვას ექვემდებარება ყველა მარიგებელი სვეტი, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს სვეტი საწვავის მისაწოდებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. „დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია“ გულისხმობს მხარის მითითებას საპროცესო-სამართლებრივ დარღვევებზე, რასაც შედეგად ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა მოჰყვა. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი შედავება წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
12.1. შპს „...“ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურებში რამდენიმე მარიგებელი სვეტი (თბილისში, ..., ... საავტომობილო გზაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე - ორი მარიგებელი სვეტი, ხოლო თბილისში, ... 54ა-ში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე - ერთი მარიგებელი სვეტი) საგადასახადო ორგანოს ლუქით არ იყო დალუქული. ეს სვეტები საწვავის მისაწოდებლად არ გამოიყენებოდა.
12.2. 2014 წლის 31 იანვრის №5385 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა შპს „...“ ავტოგასამართი სადგური დაათვალიერეს, რის შედეგად დადგინდა, რომ შპს „...“ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე (მისამართი: თბილისი, ..., ... საავტომობილო გზა, ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი №...) ოთხი მარიგებელი სვეტიდან ორი მარიგებელი სვეტის მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე დადებული იყო საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქი, ხოლო ორი მარიგებელი სვეტი არ იყო დალუქული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგა №063587 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შპს „...“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დაეკისრა ჯარიმა - 1500 ლარი;
12.3. 2014 წლის 31 იანვრის №5385 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა შპს „...“ კუთვნილი ავტოგასამართი სადგური დაათვალიერეს, რის შედეგად დადგინდა, რომ შპს „...“ კუთვნილ ობიექტზე (მისამართი: თბილისი, ... 54ა, ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი №...) სამი მარიგებელი სვეტიდან ორი მარიგებელი სვეტის მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე დადებული იყო საგადასახადო ორგანოს ლუქი, ხოლო ერთი მარიგებელი სვეტი არ იყო დალუქული საგადასახადო ორგანოს ლუქით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგა №063588 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შპს „...“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დაეკისრა ჯარიმა - 1500 ლარი.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-9 ნაწილი.
14. აღნიშნული ნორმის თანახმად, ავტოგასამართ ან/და აირგასამართ ან/და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში მადოზირებელ ან/და მრიცხველ მექანიზმზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა ან დაზიანებული ლუქის ქონა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
15. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ ამ მუხლით განსაზღვრული საგადასახადო სამართალდარღვევის შემადგენლობა არსებობს, თუ დაულუქავი მექანიზმიდან ხდება საწვავის გაცემა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მითითებული ნორმის საფუძველზე, სამართალდარღვევას წარმოადგენს თავისთავად მადოზირებელ სვეტზე ლუქის არქონა, ანუ, დაულუქავი მექანიზმიდან საწვავის გაცემის რისკის შექმნა. სააპელაციო სასამართლოს მითითების საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანო არ არის ვალდებული, განხორციელოს საკონტროლო შესყიდვა, რომლითაც დადასტურდებოდა ასეთი სვეტიდან საქმიანობა (საწვავის გაცემა), ან საგანგებოდ შეამოწმოს, ეს სვეტები მიერთებული იყო თუ არა საწვავის წყაროსთან. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ, როცა დაადგინა, რომ სადავო სვეტებიდან საწვავი არ გაიცემოდა, გამოიყენა მტკიცებულებები, რომლებიც 2014 წლის მდგომარეობას არ ასახავდა.
16. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს ლუქებით დალუქვას ექვემდებარება ყველა მარიგებელი სვეტი, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს სვეტი საწვავის მისაწოდებლად.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 281.9 მუხლი სწორედ ამ ნორმასთან ერთობლივად უნდა განიმარტოს. აღნიშნული წესის საფუძველზე, სავალდებულოა ლუქის დადება იმ მარიგებელ სვეტებზეც, რომლებიც საწვავის გასაცემად არ გამოიყენება და შესაძლოა, მომავალშიც არ იქნეს გამოყენებული.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. ეს გარემოება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 6 თებერვლის №063587 და №063588 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები კანონიერია.
21. რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას, რომ ჯარიმის სახით 100 ლარი უნდა დაჰკისრებოდა და არა 1500, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მითითებას, რომ სახეზე არ იყო ამავე კოდექსის 291-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, რომელიც ითვალისწინებს ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირის 100 ლარით დაჯარიმების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის კონკრეტული ოდენობა. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საგადასახადო კოდექსის 281.9 მუხლის მოთხოვნების დარღვევა, რომელიც კონკრეტულ ჯარიმას ითვალისწინებს.
22. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების თაობაზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, ერთი და იმავე საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს არ შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა პასუხისმგებლობა ან განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა. სააკსაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 6 თებერვლის №063587 და №063588 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით ირკვევა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევები შპს „...“ ორ სხვადასხვა ობიექტზე არის გამოვლენილი, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ ადგილი აქვს ორ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენას.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე