Facebook Twitter
ბს-214-213 (კ-16) 22 სექტემბერი, 2016 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.2016წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. მ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო - ტექნოლოგიური ფაკულტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, საკონკურსო კომისიის, მესამე პირების - ნ. დ-ის, მ. გ-ის, მ. შ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 28.01.2014წ. №01-04/10 ბრძანების, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 07.03.2014წ. #36 (13/14) დადგენილების მე-5 პუნქტის, საკონკურსო კომისიის სხდომის №3, №8 და №9 ოქმების, აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩასატარებლად შექმნილი კომისიის 23.03.2014წ. შეფასების ბათილად ცნობა, საკონკურსო სააპელაციო კომისიის 28.03.2014წ. #9 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ თ. მ-ის საკონკურსო შეფასებებში დარღვევები არ აღინიშნება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება კონკურსის ჩატარების წესებს. მოპასუხეებისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის მორალური ზიანის სახით 200 000 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.08.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თ. მ-ეს დაუბრუნდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 12.01.2016წ. გადაწყვეტილებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.08.2015 წ. გადაწყვეტილება, თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო სააპელაციო კომისიის 28.03.2014 წ. №9 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ თ. მ-ის საკონკურსო შეფასებებში დარღვევები არ აღინიშნება, დაევალა საკონკურსო სააპელაციო კომისიას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღება თ. მ-ის საჩივართან დაკავშირებით, დანარჩენ ნაწილში თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. მ-ემ და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. თ. მ-ე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება სარჩელი. სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის დადგენილ კატეგორიებთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რა დროსაც ფასდება კონკურსანტის კვალიფიციურობა და პერსპექტიულობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.2016წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი